სიახლეები

”კარმენი” ბათუმში და იუბილარი რეჟისორი

12.10.2014 •
”კარმენი” ბათუმში და იუბილარი რეჟისორი

 

ბათუმში “კარმენი” პირველად იდგმება და მასში ახალგაზრდა სოლისტები – ინგა ჯახუტაშვილი, ირაკლი კახიძე, ბაჩო ნაკაშიძე, სულხან ჯაიანი, მამუკა ლომიძე, ზაზა ხამათაშვილი, არმაზ დარაშვილი, ნანა ძიძიგური, ლევან მაკარიძე, ნონა კორიფაძე და ირმა ჟღენტი მონაწილეობენ.

სამხატვრო ხელმძღვანელის მარინა ჯახუტაშვილის თქმით, გაზაფხულზე დასი ამ სპექტაკლით თბილისის მაყურებლის წინაშე წარსდგება.

პრემიერაზე ბათუმში, სტუმრის სტატუსით მოწვეულები არიან საოპერო სცენის ოსტატები ცისანა ტატიშვილი, მედეა ამირანაშვილი, თენგიზ მუშკუდიანი, თამარ გურგენიძე და მზია ნიორაძე.

“საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი, მარინა ჯახუტაშვილი ჟ. ბიზეს ამ ცნობილი ოპერით ერთი წლის წინ დაინტერესდა. მან ბათუმში ლეგენდარული რეჟისორი ბატონი გიზო ჟორდანია, თბილისის საოპერო თეატრის საპატიო დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი, კოსტიუმების მხატვარი ანკა კალატოზიშვილი და ქორეოგრაფი გია მარღანია მიიწვია, საზღვარგარეთ გაფანტული თეატრის სოლისტი-მომღერლები სამშობლოში დააბრუნა და ერთობლივი ძალებით დაიწყეს პრემიერისთვის მზადება” – ამბობს მუსიკათმცოდნე კახი ლაზარიშვილი – “ბათუმში შესანიშნავი დასია. თანამედროვედ მოაზროვნე ნიჭიერი და შრომისმოყვარე სოლისტები, სამხატვრო ხელმძღვანელის, ქალბატონ მარინა ჯახუტაშვილის მიერ წამოწყებულ ყველა საინტერესო შემოქმედებით ინიციატივას ადექვატურად პასუხობენ. სწორედ ამის შედეგია ის, რომ  ყოველწლიურად მდიდრდება მათი რეპერტუარი სხვადასხვა კომპოზიტორების საოპერო შედევრებით. მე, ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ ამ დასის, ამიტომ მუდამ ინტერესით ვაკვირდები მათ შემოქმედებით ცხოვრებას და მიხარია, როცა ვხედავ, რომ ყოველი ახალი საპრემიერო სპექტაკლის პარტიტურა გაცილებით რთული და საპასუხისმგებლოა წინასთან შედარებით” – ამბობს ის.

 

გადაბეჭდვის წესი