სიახლეები

როგორ ასრულებს ბათუმი მერების შეთანხმებას

12.10.2014 • 2017
როგორ ასრულებს ბათუმი მერების შეთანხმებას

ბათუმი მერების შეთანხმებას 2011 წელს შეუერთდა. როგორ ასრულებს ბათუმი ნაკისრ ვალდებულებებს, რა შესრულდა და რისი გაკეთება იგეგმება მომავალში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილეს ტიტე აროშიძეს ესაუბრა. მერების შეთანხმების შესრულებას სწორედ ბათუმის მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახური კურირებს.

ბატონო ტიტე, მერების შეთანხმებისმიხედვით რა ვალდებულება აქვს აღებული ბათუმს?

2011 წელს, როდესაც მიუერთდა ბათუმი მერების შეთანხმებას, იყო ჩამოწერილი ვალდებულებები, რომელსაც იღებს თვითმმართველობა 2020 წლამდე და რომლის მიხედვითაც ე.წ. სათბური ემისიების შემცირება უნდა უზრუნველყოს ქალაქის ტერიტორიაზე.

კიდევ ერთი ვალდებულებაა, რომ ქალაქს უნდა გააჩნდეს ენერგეტიკის მდგრადი განვითარებისა თუ მონიტორინგის განხორციელების გეგმა. ეს უნდა მოხდეს 2020 წლამდე. 2011 წლიდან აქტიურად ვმუშაობდით ინფორმაციის მოპოვებაზე, 2014 წელს უკვე გვაქვს ენერგეტიკის მდგრადი განვითარების გეგმა. შემდეგ ტენდერი გამოვაცხადეთ კონცეფციის დაწერაზე. გეგმა მოიცავს სხვადასხვა სექტორს. ყველაზე მეტი გამონაბოლქი არის ტრანსპორტის სექტორში. ასევე გვაქვს შენობების სექტორი, ნარჩენების სექტორი, გარე განათების სექტორი, გამწვანებისა და ჩამდინარე წყლების სექტორი. ეს ექვსი სექტორია, რომელზეც თვითმმართველობამ გამონაბოლქვი, ანუ ჩO2 უნდა შეამციროს. გეგმის მიხედვით ვალდებულებაში 20 პროცენტით შემცირება გვეწერა, მაგრამ როდესაც გეგმა დაზუსტდა, მოთხოვნა დაახლოებით 22 პროცენტამდე გაიზარდა.

კონკრეტულად რა ღონისძიებები განახორციელა ბათუმის მერიამ მერების შეთანხმების მიხედვით აღებული ვალდებულებების შესასრულებლად?

ჩვენ საკმაოდ მოწესრიგებული გვაქვს ჩამდინარე წყლების სექტორი, თუმცა იქიდან ამოსული მეთანი ჩO2-ის გაზრდას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ საპროექტო წინადადებით მივმართეთ ევროკავშირს. პროექტი შეეხება მეთანის შეგროვების პროცედურას ნაგავსაყრიდან და ჩამდინარე წყლებიდან, შემდგომ მისი სასარგებლოდ გამოყენებისათვის. მეთანი ჰაერში აღარ გაიფანტება. პროექტმა, რომლის ბიუჯეტი დაახლოებით მილიონ-ნახევარი ევროა, გრანტის მისაღებად პირველი ეტაპი გაიარა. ოქტომბრის ბოლოს გვეცოდინება გადალახავს თუ არა მეორე ეტაპს. ამასთან, სამოქმედო გეგმის თანახმად, მეორე პროექტი დავწერეთ და UNDP-მ დაგვაფინანსა. ბიუჯეტი 800 ათასი ევროა. პროექტი ითვალისწინებს ქალაქში სატრანსპორტო სისტემის ოპტიმიზაციას, ანუ ნაკადების გამტარუნარიანობის გაზრდას.

გამწვანებას დიდი ადგილი უჭირავს ბიუჯეტში, ახლა შენობების დათბუნვის პროექტებს განვიხილავთ. შენობების დათბუნვა გულისხმობს შეფუთვას, ან შენიღბვას, ან ისეთი ღონისძიებების გატარებას, რის შემთხვევაშიც სითბოს დანაკარგები ნაკლები იქნება. ეს არის ის გრძელვადიანი პროექტები, რომელთაც საბოლოო ჯამში გავლენა ექნება ჩO2-ის შემცირებაზე.

როდესაც მერია გასცემს ახალი მშენებლობის ნებართვას, ითხოვთ თუ არა მშენებლისგან ენერგოეფექტური შენობების აშენებას?

რაც შეეხება მერიიდან გაცემულ ნებართვებს, ამას არეგულირებს ცენტრალური  კანონი, რომელშიც გაწერილია, თუ რა უნდა იყოს მოთხოვნილი მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. მე როგორც ვიცი, ეკონომიკის სამინისტრო ინიციატივით შევიდა პარლამენტში. თუკი პარლამენტი დაამტკიცებს, ადგილობრივ თვიმმართველობებსა და მუნიციპალიტეტებს ექნებათ უფლება, მოითხოვონ   დამატებითი პირობები, რომელიც ენეგეტიკული თვალსაზრისით იქნება  ქალაქისთვის მისაღები. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად გააძვირებს მშენებლობებს. დღეს მერიიდან მინიმალურს ვითხოვთ, მაგალითად, საღებავი უნდა შეესაბამებოდეს მდგრად ენერგოსტანდარტებს, თუმცა თითოეული საღებავის შემოწმება რთულია, რადგან არ გვაქვს შემოწმების საშუალება, მაგრამ როდესაც კანონს მიიღებენ და რეგულაცია გავრცელდება თვითმმართველობებზე, ეს შესაძლებელი იქნება. ახალ საპროექტო წინადადებებში, რომლებიც მიღებული იქნება ქალაქში სამშენებლო მიმართულებით, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული როგორც გამწვანების კოეფიციენტი, ასევე ენერგოეფექტური და მდგრადი მასალების გამოყენება შემდგომი დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით.

სატრანსპორტო სფეროში რა ცვლილებები განხორციელდა და როგორ შეუწყობს ეს ხელს გამონაბოლქვის შემცირებას?

24 ახალი ავტობუსი შემოვიყვანეთ, რომლებიც ევროსტანდარტის ძრავებით არის აღჭურვილი. მათ ნაკლები გამონაბოლქვი აქვთ პირველი თაობის ავტობუსებთან შედარებით. გვაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ CO2 გარკვეული დოზით შემცირებულია.

გვაქვს 150 ავტობუსი, რომლებიც აღჭურვილია დიზელის ძრავებით. პროექტს ვამზადებთ გაზის ავტობუსების შემოყვანაზე. ვფიქრობ, რომ პირველ ეტაპზე გარკვეული ნაწილი ჩავანაცვლოთ ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსებით. ფინანსებს ნაწილის ქალაქის ბიუჯეტიდან გავიღებთ, ნაწილი იქნება გრანტი ან იაფი სესხი. ეს პროექტი რეალურია და მისი განხორციელება ფინანსურადაც და ენერგეტიკულადაც მომგებიანი იქნება ქალაქისთვის.

მართალია, ახლა გადაიდო ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება, მაგრამ იმედია 2020 წლამდე იქნება. ეს ტექნიკური დათვალიერებაც მოგვცემს საშუალებას, შევამციროთ გამონაბოლქვი.

ახლა მიდის გარე განათების საკითხზე მსჯელობა. როგორც იცით, ჩვენთან ქალაქში არის ვარვარიანი ნათურები, რომელიც CO2-ის გამოყოფას უწყობს ხელს. ახლა ვამუსავებთ სხვადასხვა პროექტს, რომ ეს შეიცვალოს ცივი განათებით. რამდენიმე პროექტია, ჯერ კონცეპტუალურ დონეზეა და მუშავდება. თუ წელს მილიონ-ნახევარს ჩავდებთ გარე განათებაში, შემდგომში, როდესაც ცივი განათება იქნება, ხარჯი ამის მესამედი გახდება. იგივე, როდესაც მეთანის შეგროვებაზე ვსაუბრობთ, მისი გარდაქმნა შეიძლება სხვადასხვა საშუალებად. მაგალითად, იგივე ბუნებრივ გაზად და გამოვიყენებთ ავტობუსების დასატუმბად. უამრავი საშუალება არსებობს იმისათვის, რომ მავნე საშუალებების ხარჯზე გავაკეთოთ ბიუჯეტის ეკონომია.

ეს ყველაფერი არის ღონისძიებათა ნაკრები, რომელიც ჩვენ მერების შეთანხმებით გვაქვს აღებული და რომელსაც გრანტებისა და ბიუჯეტის საშუალებით ვახორციელებთ. ყველა ღონისძიება ორ ეფექტთანაა დაკავშირებული, ერთია ეკონომიკური ეფექტი, მეორე კი – ენერგეტიკული და ბიოეფექტი.

გადაბეჭდვის წესი