კვირის ამბები

ჰოსპიტალის 28 წლის სამედიცინო დირექტორი

14.10.2014 • 2064
ჰოსპიტალის 28 წლის სამედიცინო დირექტორი

 

 

ექიმობა თხუთმეტი წლისამ გადაწყვიტა, მაშინ მეტისმეტად პატარა იყო თავის სურვილებში სრულად გარკვევისთვის. დღეს ამბობს, რომ მაშინ არ იცოდა რა სურდა რეალურად: „სახლში მიდიოდა მსჯელობა – იქნებ ეს?! ან იქნებ ეს?! დედაჩემს მოჰქონდა სხვადასხვა წიგნები, რომ არჩევანი იოლად გამეკეთებინა. ჩემი ოჯახის წევრების უმეტესობა ექიმები არიან, ამან მიბიძგა აქითკენ, მამის უეცარმა გარდაცვალებამ კი დააჩქარა ეს პროცესი, გადავწყვიტე, რომ კარდიოლოგი უნდა გავმხდარიყავი. იყო პერიოდი, როცა მოდელობაზე ვოცნებობდი, პირველკურსელი სააგენტოშიც კი დავდიოდი, თუმცა მალე გადამიარა ამ სურვილმა და ისევ ნეიროანატომიის წიგნები ვამჯობინე” – იხსენებს თამარი.

 

ამბობს, რომ სამი წელი მერყეობდა სამედიცინო პრაქტიკასა და ჯანდაცვას შორის, ბოლოს არჩევანი ჯანდაცვის სასიკეთოდ გააკეთა: „კარდიოექსპრესში, სასწრაფო დახმარების ექიმად ვიმუშავე დაახლოებით სამი წელი, ამის შედეგად მქონდა საშუალება ურთიერთობა მქონოდა განსხვავებული საჭიროების მქონე პაციენტებთან, პარალელურად ვმუშაობდი არასამთავრობო სექტორში ჯანდაცვის მიმართულებით, სწორედ მაშინ მივხვდი, ჯანდაცვის სფეროში მუშაობით ბევრად მეტის გაკეთება შემეძლო იმ ექიმებისთვის, რომლებსაც ნამდვილად სურთ ექიმობა ” – ამბობს თამარი.

 

თამარი მაგისტრანტია, ის საქართველოს უნივერსიტეტში საზოგადოებრივ ჯამრთელობასა და ჯანდაცვის პოლიტიკას სწავლობს: „არასამთავრობო სექტორში მოხვედრის შემდეგ მივხვდი, რა მიმართულებით უნდა გამეგრძელებინა სწავლა. მომავალი სექტემბრიდან კი დოქტორანტურაზე სწავლის გაგრძელებას ჰოლანდიაში ვგეგმავ, გლობალური ან საერთაშორისო ჯანმრთელობის კუთხით.”

 

ზუსტად ერთი წლის წინ თამარი ბათუმში გადმოსახლდა. ამბობს, რომ აქ ცხოვრება მისთვის საინტერესოცაა და უცნაურიც: „მთავარი ისაა, რომ გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ. ჩემი აქაური ცხოვრება ძალიან განსხვავებულია, თბილისში ჩემი ცხოვრება იყო აქტიური, სამსახურის კუთხითაც და გართობითაც. აქ კი მხოლოდ საქმეა. ალბათ უფრო იმის გამო, რომ მეგობრები აქ არ მყავს, მთელ დღეს სამსახურში ვატარებ, სამსახურის მერე თუ ძალიან დაღლილი არ ვარ, ფიტნესდარბაზში მივდივარ, ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი განტვირთვა, თან როცა კარიერა მნიშვნელოვანია, აუცილებელია კარგად გამოიყურებოდა.” – ამბობს თამარი.

 

დირექტორის ამპლუაში თავს კომფორტულად გრძნობს. იმის მიუხედავად, რომ 28 წლისაა, ამ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, არის „კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის“ თანადამფუძნებელი: „ამ ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ვიყავი ერთი წელი, აქედან გამომდინარე, ეს პოზიცია ჩემთვის ახალი არ ყოფილა, სპეციფიკაა მხოლოდ განსხვავებული და შტატის რაოდენობა გაზრდილი” – ამბობს თამარი.

 

საქმიან ამპლუაში ყოფნა მისთვის ჩვეულებრივი მომენტია, ერთადერთი რაც უჭირს, ამ ყველაფრის პირად ურთიერთობებთან შეთავსებაა: „თუნდაც ის, რომ ბათუმში ვარ, ართულებს ბევრ რაღაცას. გენდერულ საკითხებზე შეხება არ მიყვარს, მაგრამ ვფიქრობ, იმავე პოზიციაზე, იმავე ასაკში, კაცისთვის ბევრად მარტივი იქნებოდა საქმის წინ წაყვანა, ვიდრე ჩემს შემთხვევაში, რადგან ხალხს მენტალიტეტში უზის, კაცის ნათქვამზე სწრაფად რეაგირებენ, ქალისაზე უფრო ზოზინებენ, თუმცა ეგ, ვიდრე თავს დაიმკვიდრებ, საერთო ჯამში კი, ქალს კარიერული ზრდისთვის უფრო მეტი შრომის გაწევა გიწევს, ვიდრე კაცს, მაგრამ აზარტულია ესეც.”

 

თამარი ამბობს, რომ ყოველთვის სიტუაციის შესაბამისად მოქმედებს, მომთხოვნია და საჭიროების შემთხვევაში მკაცრიც, მისი სამუშაო კაბინეტის კარი კი ნებისმიერ დროს ღიაა თანამშრომლებისთვის: „ადამიანს რაც არ ევალება, იმას არ მოვთხოვ, რაც ევალება, იმას კი – 100 პროცენტით. მიყვარს პუნქტუალობა, ვერ ვიტან, რომ რაღაცას აგვიანებენ. შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებ, ჩემი ამ დამოკიდებულებით ბევრი რამ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და პერსონალთან ურთიერთობაც მხოლოდ დადებით დინამიკას აჩვენებს. მთლიანობაში ალბათ კარგი მენეჯერი ვარ, თუმცა მიმაჩნია, რომ ბევრი საკითხის დახვეწა და სწავლა მეც მჭირდება. ჩემი აზრით, იმისთვის, რომ კარგი მენეჯერი იყო, კომუნიკაციის კარგი უნარი უნდა გაგაჩნდეს, ბევრი სწავლა და საკუთარ თავზე მუშაობაა საჭირო, ლიდერის თვისებები გჭირდება. ვფიქრობ, მენეჯერისთვის უმნიშვნელოვანესია იყო შტატზე ორიენტირებული ლიდერი, უნდა მოუსმინო მათ, ვინაიდან მათ ყველაზე კარგად იციან იმ კონკრეტული საქმის შესახებ, ვიდრე მენეჯერმა. თუ რამე მეშლება, ბოდიშსაც ვიხდი, მერე რა? ადამიანები ვართ, ყველას გვეშლება, მთავარია, დროულად მიხვდე შეცდომას.

 

თუმცა ეს არის ერთი ეტაპი ჩემი ცხოვრების, რომელიც უნდა გავიარო, მთელი ცხოვრება სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტში ყოფნას არ ვგეგმავ, მე მინდა ჯანდაცვის პოლიტიკაზე მუშაობა” – ამბობს თამარი, რომელსაც კითხვაზე – ათი წლის შემდეგ სად ხედავს თავს, ფიქრი არ სჭირდება: „ათი წლის შემდეგ მე შემეძლება ჩემი საქმით შევიტანო რეალური წვლილი ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკის შექმნასა და განვითარებაში” – ასე პასუხობს კითხვას.

 

მისი ჩაცმის სტილი სამუშაო დღის განრიგზეა დამოკიდებული, ურჩევნია კომფორტულად ეცვას. თავს შოპოჰოლიკს უწოდებს, ყველაზე მეტ ფულს კი ფეხსაცმელში ხარჯავს. როცა შესაძლებლობა აქვს, საყიდლად დადის, სხვა შემთხვევაში კი ონლაინშოპინგს მიმართავს: „გარეგნობა ახდენს ყველაზე დიდ გავლენას, ამიტომაც ის, თუ როგორ გამოვიყურები, მნიშვნელოვანია, ვცდილობ კვირაში ერთხელ მაინც სალონში სტაბილურად ვიარო” – ამბობს თამარი.

 


ამბობს, რომ ბოლო პერიოდში „ამოვარდნილია რიტმიდან~, დიდი ხანია ვეღარც კლუბებში სიარულს ახერხებს და ვეღარც თეატრში: „აქ ყველაზე მეტად მაკლია მარჯანიშვილის თეატრი, თბილისში დაგეგმილი ვიზიტის დროს ბათუმიდანვე ვყიდულობ ბილეთებს, ეს აუცილებლობაა ჩემთვის, კლუბებში კი ვერ დავდივარ, ამ ზაფხულს ბათუმშიც არ წავსულვარ კლუბში, იმდენი ხალხი იყო, არსად წასვლის სურვილი არ მქონდა. განცდა მაქვს, თითქოს ბათუმში მყუდროება დამერღვა, ერთი სული მაქვს, სეზონი დასრულდეს და ზღვის პირას სეირნობა შევძლო” – ამბობს თამარი.

 

ხანდახან გული წყდება, როცა სამუშაო კაბინეტის ფანჯრიდან ხედავს, სხვები როგორ ერთობიან: „ზაფხულში განსაკუთრებით მწყდება გული იმაზე, რომ დრო არ მყოფნის, მეც მინდა ხანდახან გარეთ სეირნობა, თუნდაც ზოგიერთივით უსაქმურად ხეტიალი. ხანდახან მინდა პასუხისმგებლობის გრძნობა სადმე ჩავკუჭო, გვერდით”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: