კვირის ამბები

როგორ მივიღოთ მემკვიდრეობა და სამკვიდრო მოწმობა

11.10.2014 • 14925
როგორ მივიღოთ მემკვიდრეობა და სამკვიდრო მოწმობა


ხათუნა კალანდარიშვილი, ნოტარიუსი
ხათუნა კალანდარიშვილი, ნოტარიუსი

მემკვიდრეობის მიღების ორი გზა არსებობს – ქონების ფაქტობრივი დაუფლება და სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანა, მემკვიდრეობის მისაღებად. მემკვიდრეობა ანუ სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების მომენტიდან, როცა პირი გარდაიცვლება, იმ დღიდან სამკვიდრო ითვლება გახსნილად. გარდაცვლილის მემკვიდრეებს შეუძლიათ მიმართონ ნებისმიერ სანოტარო ბიუროს, განაცხადონ თავიანთი უფლებების შესახებ და მოითხოვონ სანოტარო მოწმობა ქონებაზე, ოღონდ გარკვეული ვადის დაცვით, პირის გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში. ექვსი თვის შემდეგ მემკვიდრემ თუ ის არაა თანმყოფი და თუ ის ფაქტობრივი ფლობით და მართვით არ არის დაუფლებული სამკვიდრო ქონებას, უნდა მიმართოს სასამართლოს მემკვიდრეობის გადასაფორმებლად.

ვინ შეიძლება იყოს მემკვიდრეობის პრეტენდენტი


ამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს, თუ ვინ შეიძლება იყვნენ მემკვიდრეები. განსაზღვრულია მემკვიდრეთა ხუთი რიგი. კანონით თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში: შვილები, მეუღლე, მშობლები (შვილიშვილები).


მეორე რიგის მემკვიდრეები არიან: გარდაცვლილის დები და ძმები. მამკვიდრებლის დისწულები და ძმისწულები და მათი შვილები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა. ისინი თანასწორად იღებენ სამკვიდროს იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობლებს ერგებოდა.


მესამე რიგის მემკვიდრეებად განსაზღვრული არიან – ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან. ისინი მამკვიდრებლად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისთვის ბებია და პაპა ცოცხლები აღარ არიან.


მეოთხე რიგში არიან: ბიძები, დეიდები, მამიდები, ხოლო მეხუთე რიგში – ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები, თუ ეს უკანასკნელნი არ არიან, მაშინ მათი შვილები. მემკვიდრეობის მიღების დროს ყველა პირველი რიგის მემკვიდრე გამორიცხავს მეორე რიგს. მემკვიდრეობის ფაქტობრივი დაუფლება ხდება იმ შემთხვევაში, მაგალითად, თუკი დედა და შვილი რეგისტრირებულნი არიან ერთ მისამართზე და შვილი მოიხმარს ნივთებს, შედის საცხოვრებელში პერიოდულად, ამუშავებს მიწას, იხდის გადასახადებს და ასე შემდეგ. მაგრამ თუ კი მემკვიდრე და მამკვიდრებელი არ ცხოვრობენ ერთად, არ აქვთ საერთო მეურნეობა, ის უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს ნებისმიერ ნოტარიუსს განცხადებით პირის გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრეობის მისაღებად. დღეს არსებული კანონმდებლობის მიხედვით, პირველი რიგის მემკვიდრეები მემკვიდრეობის თავიანთ წილს იღებენ თანასწორი უფლებით.

ანდერძის არსებობის შემთხვევაში მხოლოდ პირველი რიგის მემკვიდრეები იღებენ სავალდებულო წილს ამ ქონებიდან, სავალდებულო წილი არის იმ წილის ნახევარი, ანდერძი რომ არ ყოფილიყო, მათ რომ უნდა რგებოდათ. სავალდებულო წილის მიღების უფლება გამორიცხავს იმას, რომ ოჯახი, შვილები, მეუღლე, მშობლები დარჩნენ მემკვიდრეობის (წილის) გარეშე. მაგალითად, თუ მოანდერძემ მთელი ქონება უანდერძა არამემკვიდრეს, სავალდებულო წილს მაინც მიიღებენ მისი პირველი რიგის მემკვიდრეები. თუმცა მან პრეტენზია უნდა განაცხადოს დროულად. ვადის დარღვევის შემთხვევაში, ანუ გარდაცვალებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ, საჭიროა ვადების აღდგენა სასამართლო წესით. მაგრამ თუკი რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტით დაადასტურებს პრეტენდენტი, რომ არსებული ქონება მას ეკუთვნის, მას სასამართლოსთვის მიმართვა აღარ სჭირდება, თუკი ვერ დაადასტურებს, მაშინ აუცილებელია მან მიმართოს სასამართლოს, რათა აღიდგინოს ხანდაზმულობის ვადა, რომლის შემდეგაც დაიწყება გამარტივებული წარმოება სასამართლოს წესით.

  

როგორც წესი, ბევრი მოქალაქე მიმართავს სასამართლოს მაშინ, როცა ეს არ არის აუცილებელი, ამის მიზეზი კი ის არის, რომ მოქალაქეებმა არ იციან არსებული წესები. პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეები ქონების გადაფორმების ანუ დარეგისტრირების შემთხვევაში კანონით გათავისუფლებული არიან ყოველგვარი გადასახადისგან, მხოლოდ იხდიან რეგისტრაციისთვის აუცილებელ თანხას.

ანდერძის ფორმა

ანდერძი უნდა შედგეს წერილობითი ფორმით. ის შეიძლება შედგეს შინაურულად და ასევე დამოწმდეს სანოტარო წესით. ე.წ. შინაურული ანდერძი შესაძლებელია შედგეს სახლში, რომელსაც არ სჭირდება დამოწმება, მაგრამ შინაურულად დამოწმებული ანდერძის შემთხვევაში მისი ნამდვილობის დასადგენად ნოტარიუსი დოკუმენტს აგზავნის ექსპერტიზაზე. შინაურულად დაწერილი ანდერძი უნდა შეიცავდეს გარკვეულ რეკვიზიტებს, რომლითაც შესაძლებელი იქნება მოანდერძის დადგენა, ასევე უნდა შეიცავდეს, შედგენის თარიღს, მემკვიდრის სახელს, გვარს და ასე შემდეგ. შინაურულად შედგენილ ანდერძსაც იგივე ძალა აქვს, რაც სანოტარო წესით დამოწმებულს. ორივეს არსებობის შემთხვევაში კი უპირატესობა ენიჭება სანოტარო წესით დამოწმებულს. ნოტარიულად ანდერძი შეიძლება შედგეს ნოტარიუსთან, მაგრამ თუკი ადამიანი არის ავად, არ შეუძლია გადაადგილება, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ნოტარიუსი მას ეწვიოს სახლში და იქ დაამოწმოს ანდერძი. ხოლო იქ, სადაც ნოტარიუსი არ არის, ანდერძი შეიძლება დადასტურებულ იქნეს თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ. ანდერძის დამოწმების უფლება აქვთ ასევე ნოტარიუსთან გათანაბრებულ სხვა პირებსაც: ექიმებს, გემის კაპიტანს ან საჰაერო ხომალდის მეთაურს, პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს და ასე შემდეგ. თუ ანდერძი შედგება სანოტარო ფორმით, აუცილებელია მისი დადასტურება ორი მოწმის თანდასწრებით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: