კვირის ამბები

მოითხოვე ხელშეკრულების გაფორმება „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“

13.10.2014 • 2383
მოითხოვე ხელშეკრულების გაფორმება „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“

 

 

 

არჩილ ხახუტაიშვილი

 

 

აჭარის ენერგომომარაგებას „ენერგო-პრო ჯორჯია“ უზრუნველყოფს. ყველა აბონენტი, რომელიც ელექტროენერგიით სარგებლობს, საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, დროულად გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური, წინააღმდეგ შეთხვევაში კომპანია მას ელექტროენერგიას არ მიაწოდებს.
ვინ აგებს პასუხს იმ შემთხვევაში, თუ არასტაბილური ძაბვა ოჯახში საყოფაცხოვრებო ტექნიკას დააზიანებს? „ენერგო-პრო ჯორჯია“ ამ პასუხისმგებლობას, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ის არის ელექტროენერგიის მომწოდებელი, საკუთარ თავზე არ იღებს. მეტიც, კომპანია ხელშეკრულებას არ უფორმებს თავის აბონენტებს.

 

სწორედ ეს გარემოება გახდა იმის მიზეზი, რომ „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ და რამდენიმე ფიზიკურმა პირმა ენერგოკომპანიას ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით გასულ წელს მიმართეს, რაზეც უარი მიიღეს. ამის შემდგომ განცხადებები გადაიგზავნა საქართველოს მარეგულირებელ კომისიაში, „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ კი სასამართლოს მიმართა. სააპელაციო სასამართლომ ორგანიზაციის მოთხოვნა დააკმაყოფილა და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომხმარებელთან წერილობითი ხელშეკრულების გაფორმება დაავალდებულა.

 

„სწორედ ეს გვაძლევს საფუძველს, რომ ყველა სხვა შემთხვევაში ენერგოკომპანია ხელშეკრულების წერილობით გაფორმებაზე ვერც სხვა მომხმარებელს ეტყვის უარს. ვერც სასამართლო მიიღებს განსხვავებულ გადაწყვეტილებებს, რადგან გარემოებები და დავის საგანი ერთი იქნება“, – ამბობს „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი არჩილ ხახუტაიშვილი.

 

რა შეიცვლება იმ შემთხვევაში, თუ ენერგოკომპანია მომხმარებლებს ხელშეკრულებას გაუფორმებს? – ხელშეკრულების წერილობით გაფორმება, როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, შეცვლის აბონენტის ინფორმაციულობის ხარისხს, რადგან მასში დეტალურად იქნება გაწერილი ორივე მხარის უფლებები და პასუხისმგებლობები.

 

არჩილ ხახუტაიშვილის თქმით, მოქალაქეები ენერგოკომპანიის პოლიტიკის შეცვლას ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაშიც ნაკლებად ელოდებიან. „რა უპირატესობა მექნება ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, ამინაზღაურებენ, ვთქვათ, დაზიანებულ ტელევიზორს?“ – გვეუბნებიან ისინი. ასეთ შემთხვევაში პრობლემა მაინც იქმნება, რადგან თუ ძაბვის ვარდნის გამო გარკვეული ერთეული ტექნიკა დაზიანდა, ეს ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. კონტრაქტის არსებობის შემთხვევაში ზარალის დადგენის პროცედურა არის იგივე“, – განმარტავს არჩილ ხახუტაიშვილი.

 

მიუხედავად იმისა, რომ ენერგოკომპანიის მუშაობით ბევრი აბონენტია უკმაყოფილო, მოქალაქეები კამპანიით ნაკლებად ინტერესდებიან. არჩილ ხახუტაიშვილის აზრით, მოქალაქეების პასიურობა სამოქალაქო შეგნებას უკავშირდება: „ადამიანები მხოლოდ მაშინ აქტიურობენ, როცა კონკრეტული პრობლემის წინაშე დადგებიან. სულ არის საუბარი იმაზე, რომ „ენერგო-პრო ჯორჯია“ მათ უკანონოდ აჯარიმებს, აქვთ პრეტენზიები დენის ხარისხთან დაკავშირებითაც, მაგრამ როცა ვეუბნებით, რომ ახლა შეუძლიათ გააკეთონ განაცხადი და მოსთხოვონ კომპანიას ხელშეკრულების გაფორმება, პასიურ მდგომარეობაში არიან. დაბალია ინტერნეტით ურთიერთობის მაჩვენებელიც, თუმცა ჩვენთვის მთავარი ჯერ მაინც სასამართლოს გადაწყვეტილება იყო, რადგან ეს გადაწყვეტილება პრეცედენტის სახით უკვე არსებობს“, – აცხადებს არჩილ ხახუტაიშვილი.

 

არსებული რეგულაციების მიხედვით, აბონენტებთან ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება აქვთ სხვა კომპანიებსაც, მათ შორის, „ბათუმის წყალს“, „სოკარს“ და ა.შ.

 

„დემოკრატიის ინსტიტუტმა“ უკვე დაასრულა კომპანიასა და მომხმარებელს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ახალ ფორმაზე მუშაობა და ახლა კამპანიის კიდევ უფრო გააქტიურებაზე აპირებს ზრუნვას: „ვაპირებთ უფრო გავააქტიუროთ მუშაობა მოქალაქეებთან, რათა მათი აქტივობა იყოს მაღალი. ზარმაცი მოქალაქე აზარმაცებს კომპანიასაც, საკუთარი უფლებების დაცვის შემთხვევაში კომპანია იძულებული იქნება გააუმჯობესოს მენეჯმენტი მომსახურების ხარისხის მიმართულებით“, – ამბობს არჩილ ხახუტაიშვილი.

 

კამპანიას – „გააფორმეთ ხელშეკრულება ენერგო-პრო ჯორჯიასთან“, მოქალაქეს შეუძლია სახლიდან გაუსვლელად, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ვებგვერდზე: iod.ge-ზე შეუერთდეს. ამ ვებგვერდიდან განცხადების ფორმის შევსება და ინტერნეტით გაგზავნა არის შესაძლებელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: