კვირის ამბები

„უძრავ ქონებაზე ფასების მატებას უნდა ველოდოთ“

13.10.2014 • 3446
„უძრავ ქონებაზე ფასების მატებას უნდა ველოდოთ“

 

ბატონო ირაკლი, როდის დაიწყეთ ბიზნესსაქმიანობა?

ყველაფერი 2007 წელს დაიწყო. დამჭირდა რაღაც ნივთის შეძენა, რომელიც არ იშოვებოდა საქართველოში, მაშინ გამიჩნდა იდეა დამეარსებინა „Mardi World“ მანამდე კი პატარ-პატარა ბიზნესები იყო. პროფესიით იურისტი ვარ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში ვმუშაობდი: პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს აპარატში, საკონსტიტუციო სასამართლოში, საბოლოო ჯამში კი მივხვდი, რომ ბიზნესი ჩემთვის ყველაზე მიმზიდველი სფეროა.


ირაკლი თურმანიძე, ბიზნესმენი
ირაკლი თურმანიძე, ბიზნესმენი

 


მამათქვენიც ბიზნესმენია, თუ იქონია ამან გავლენა თქვენს ბიზნესსაქმიანობაზე?

ჩვენს ოჯახში ბიზნესი უცხო თემა არ არის, მამაჩემი ბიზნესშია 1991 წლიდან, მე დამოუკიდებლად დავიწყე ჩემი ბიზნესი, გადაზიდვების კომპანია დავაარსე. როდესაც დავინახე, რომ ამ სფეროში ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები, მერე ჩავერთე სამშენებლო ბიზნესში.

 

თქვენი კომპანია აერთიანებს შპს იმერს, building & developmentსა და მარდი ვორლდს“, ვინ არიან თქვენი პარტნიორები და როგორია თქვენ შორის წილობრივი გადანაწილება?

„MARDI HOLDING~ -ში გაერთიანებულია ოთხი სამშენებლო და დეველოპერული კომპანია, რომლებსაც უკვე 2 დასრულებული, 8 მიმდინარე და 4 სამომავლო სამშენებლო პროექტი აქვთ. ეს მშენებლობები არ არის ერთი შპს-ს ქვეშ მოქცეული, ეს იმას ნიშნავს, რომ რისკები გადანაწილებულია. დაახლოებით შვიდი-რვა პარტნიორი მყავს, სწორედ ამაშია „მარდი ჰოლდინგის“ წარმატება, პარტნიორებს აქვთ სტაბილური ბიზნესისტორია და რესურსი, წილობრივი გადანაწილება არის 50/50-ზე. ჩემი პარტნიორები ძირითადად საქართველოს მოქალაქეები არიან.

 

შპს „იმერი“ მამაჩემის, თამაზ თურმანიძის დაფუძნებულია ჯერ კიდევ 1991 წელს. კომპანია თავიდან ახორციელებდა იმპორტ-ექსპორტის ოპერაციებს, შემდეგ გაფართოვდა და ჩაერთო ხე-ტყის გადამამუშავებელ წარმოებაში. „იმერი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოდან ევროპის ბაზარზე კაკლის ხის ფესვებიდან დამზადებული სპორტული და სანადირო თოფების საკონდახე მასალის ექსპორტი განახორციელა. ჩვენი ბიზნესპარტნიორებია ისეთი ცნობილი  კომპანიები, როგორიცაა „ბერეტა“, „ბენელი“, „ანშუცი“ და ა.შ.

15 სახეობის სიგარას აწარმოებთ ინდონეზიელ პარტნიორებთან ერთად. საიდან შემოგაქვთ მასალები სიგარისთვის და თუ იყენებთ ქართულ პროდუქცია?

2010 წელს გადავწყვიტეთ პოპულარიზაცია გაგვეწია ქართული თამბაქოსათვის და დავიწყეთ ქართული სიგარის წარმოება. ვინაიდან სიგარის გახვევის სპეციალისტები საქართველოში არ გვყავს და ეს ძალიან შრომატევადი საქმიანობაა, პირველი ეტაპისათვის გადავწყვიტეთ გაგვეგზავნა ქართულ თამბაქო ინდონეზიაში და ინდონეზიური და კუბური თამბაქოს ნედლეულის წილობრივი გამოყენებით ახალი ქართული სიგარა დაგვემზადებინა, სადაც დომინანტი ნედლეული ქართული თამბაქო იქნებოდა.

 

მიმდინარე წელს გახვევის ტექნოლოგიის შესასწავლად ინდონეზიაში გავაგზავნეთ ჩვენი თანამშრომლები ქედის რაიონიდან. სიგარის წარმოება საკმაოდ რთული საქმეა, სამუშაოების 100 პროცენტი ხელით სრულდება. მიუხედავად ამისა, იმედი გვაქვს, რომ  რამდენიმე თვეში აჭარაში, ქედის რაიონში სრული მოცულობით შევძლებთ ქართული სიგარის წარმოებას.

 

მიმდინარეობს მოლაპარაკებები და იგეგმება, რომ 2015 წლის დასაწყისიდან  ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილში ექსპორტზე გავიტანოთ ქართული სიგარა, ხოლო წლის განმავლობაში კი, ვიმედოვნებთ, ყველა ევროპულ ქვეყანაში შევიტანთ ჩვენს პროდუქციას. ამასთან ერთად, დაგეგმილია მიმდინარე წელს ხელით გასახვევი თამბაქოს 3 ახალი სახეობის წარმოებას და ქართულ ბაზარზე გაშვებას.

 

საქართველოში თუ არის მომგებიანი სიგარის გაყიდვა?

ჩვენთან არ არის სიგარა პოპულარული, თუმცა სტატისტიკური მონაცემებით სიგარა ნაკლებად მავნებელია, ვიდრე სიგარეტი. მე არც ერთს არ ვეწევი. სიგარის წარმოება მამაჩემისთვის, თამაზ თურმანიძისთვის არ იყო ბიზნესი, ეს იყო მისთვის ალბათ უფრო ჰობი. მამაჩემი სხვადასხვა ბიზნესში იყო ჩართული, მაგრამ გადაწყვიტა ქართული თამბაქოს პოპულარიზაცია, ასე დაიწყო ეს ბიზნესი.

 

თქვენ ეწევით საჰაერო და საზღვაო გადაზიდვებს. ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს ბაზრის დარეზერვებული სეგმენტის სახით 30 კილოგრამამდე სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვებზე ექსკლუზიური უფლება მიენიჭოს მხოლოდ საქართველოს ფოსტას. თქვენთვის რა საფრთხესთან ასოცირდება ეს კანონპროექტი?

ჩვენთვის ეს კანონპროექტი საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა ნებისმიერი შეზღუდვა თავისებურად ზღუდავს კომპანიებს. მე ასეთი შეზღუდვებისას უფრო დიდი სტიმული მეძლევა, რომ მეტი გავაკეთო. ამ კანონპროექტმა შეიძლება კონკურენცია გააქროს, მაგრამ მე ჩემი კომპანიის მიმართ ამ საფრთხეს ვერ ვხედავ, შეიძლება ძალიან მცირე დოზით იმოქმედოს, იმას გავაკეთებთ, რისი უფლებაც გვექნება, რისკები ყოველთვის არსებობს.

 

რამდენი ხანია, რაც ჩაერთეთ სამშენებლო ბიზნესში?

2008 წელს დავიწყე ამაზე ფიქრი და ორი წლის მერე ავიღე პირველი ობიექტი. რთული პერიოდი იყო, მშენებლობების 90 პროცენტი იყო შეჩერებული, ყველაზე არასახარბიელო პერიოდში მომივიდა ეს იდეა, რისკი იყო, მაგრამ მე მქონდა სწორი გათვლა, ინვესტიცია ჩავდე შეჩერებულ სამშენებლო პროექტში, რომელიც  ჯერ დაწყებულიც არ იყო. ნამდვილად არ ყოფილა ადვილი, რთულად წავიდა პირველი მშენებლობა, მაგრამ საკმაოდ დიდი ბიძგი მოგვცა, რომ დაგვეწყო სხვა მშენებლობა. მერე დავიწყეთ ფიქრი გაფართოვებაზე – თბილისში ერთი ობიექტი დასრულების პირასაა, ორის მშენებლობა კი იწყება. კომპანიის იმიჯი, სწორი მენეჯმენტი და სწორი მარკეტინგი არის კომპანიის საქმიანობის წარმატების ნიწაპირობა.

 

რამდენად რთულია ბიზნესის ამ სფეროში თავის დამკვიდრება?

ძალიან რთულია ამ სფეროში დაიმკვიდრო შენი ადგილი, თუ არა გაქვს ნდობა, წარმოების ხარისხი და მომავლის ხედვა. სანამ საქმიანობას დავიწყებდი, კვლევა ჩავატარე. არც ერთი ჩვენი სამშენებლო პროექტი არ არის მასშტაბური. ერთ ან ორსადარბაზოიან, შედარებით მცირე ზომის ობიექტებს ვაშენებთ, ამიტომ ვახერხებთ  მშენებლობას შიდა ფინანსებით. აქედან გამომდინარე მშვიდად ვართ, როგორც ჩვენ, ასევე ჩვენი მომხმარებელიც.

 

დღეს რამდენი მშენებარე ობიექტი გაქვთ?

დასრულების პროცესშია ორი მშენებლობა ბათუმში და ერთიც თბილისში, 5 მიმდინარე მშენებლობა გვაქვს თბილისსა და ბათუმში, უახლოეს მომავალში ვიწყებთ 4 ობიექტის მშენებლობას. ოთხ წელიწადში ეს არ არის პატარა მაჩვენებელი, ჩვენ ამით ვამაყობთ, 2015 წელს უფრო დიდი გეგმები გვაქვს.

 

ბინებისადმი დაინტერესება კვლავ მაღალია, უცხოელები თუ ყიდულობენ ბინებს?

ბინებისადმი დაინტერესება სტაბილურად მაღალია. ჩვენი სტატისტიკით მყიდველთა 60-70 პროცენტი საქართველოს მოქალაქეა, დანარჩენი 30-40 პროცენტი მოდის „დსთ“-ეს ქვეყნების მოქალაქეებზე, ამათ შორის ერთი-ორი პროცენტია აზიის ქვეყნები, ევროპაც სამ პროცენტშია მოქცეული.

 

როდესაც ეს საქმიანობა დავიწყე გავემგზავრე საფრანგეთში კვლევებისთვის, სადაც დავინახე, რომ რეალური სეგმენტი, რომელიც ჩვენს ბაზარს აკლდა, ეს არის მცირე ინვესტიციები. ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია იყიდოს უძრავი ქონება შემდგომ მისი გაქირავებისა და შემოსავლების მიღების მიზნით. ეს სეგმენტი აჭარაში ასათვისებელია.

 

თუ ელოდებით უძრავი ქონების გაიაფებას?

რაღაც დოზით შეიძლება შემცირდეს კონკრეტულ უბნებში, უფრო მეტად გარე უბნებშია შესაძლებელი, მაგრამ ცენტრალურ უბნებში, დღევანდელი რეგულაცია უბრალოდ არ იძლევა საშუალებას ფასების შემცირების, აქ უფრო მატებას უნდა ველოდოთ.

 

ალბათ თქვენც იცით, რომ არსებობს ფობიები ირანელების მიერ საქართველოში უძრავი ქონების შეძენის გამო. თქვენი, როგორც ბიზნესმენის აზრით, საფრთხის შემცველია უცხოელების, მაგალითად, ირანელების ან რუსების მიერ საქართველოში ქონების შეძენა?

არამც და არამც. ნებისმიერი კაპიტალიზაცია, რომელიც განხორციელდება საქართველოში, მოხმარდება საქართველოს ეკონომიკას. შეძენილი პროდუქცია რჩება საქართველოში, მე ამაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ. პირიქით, რაც უფრო მეტი ინვესტიცია, თუნდაც მცირე მოცულობის, განხორციელდება, მით უკეთესი. ევროპის ქვეყნების ზღვისპირა ქალაქებში უძრავი ქონება ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხელშია და ეს არავითარ პრობლემას არ ქმნის.

 

სახელისუფლებო ცვლილებების შემდეგ როგორ შეაფასებთ ბიზნესგარემოს?

მართალი გითხრათ, ცვლილება რაღაც კონტექსტში შეინიშნება, რაღაც კონტექსტში კი ისევ ისე რჩება ყველაფერი. კერძოდ, პრობლემა, რაც სამშენებლო სექტორს ახლავს, არის ის, რომ არ არსებობს ქალაქის გენგეგმა და ქალაქის კვარტალური დაგეგმარება. თავის მხრივ, ეს იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებები ინდივიდუალურად მიიღება, ეს კი დისკომფორტია ბიზნესმენისთვის. როგორც ვიცი, მოქმედ ხელისუფლებას სურს ეს სიტუაცია მოაწესრიგოს. ყველაზე დიდი წნეხი არის ბიუროკრატია და გაურკვევლობა. გარდამავალ პერიოდში ახალი ხელისუფლების მიერ მდგომარეობის შეფასებას დიდი დრო სჭირდება, რაც  იწვევს გარკვეულ არასტაბილურობას და რყევებს ბიზნესში. ამიტომ ამ კუთხით ხელისუფლების მხრიდან მეტად ფაქიზი და ფრთხილი მიდგომებია აუცილებელი.

 

რთულია საქართველოში ბიზნესის წარმოება?

ადვილი არ არის, მაგრამ ადამიანი გამოიმუშავებს იმუნიტეტს, რომ მოერგოს ამა თუ იმ რეალობას, ჩვენ კანონმდებლობას ვერგებით. ყოველ წელს სხვადასხვა დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის მეშვეობით ვატარებთ შიდა აუდიტს, ხდება კომპანიების შეფასება და ანალიზი, ჩვენ გადავედით თვითკონტროლზე.

 

სამომავლოდ სად გეგმავთ ინვესტირებას?

ბიზნესსაქმიანობის განვითარებას ორი მიმართულებით ვგეგმავთ. მემორანდუმი გავაფორმეთ ენერგეტიკის სამინისტროსთან სამი მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე. აჭარაში, ქედის რაიონში ვგეგმავთ ამ პროექტების რეალიზებას. ახლა ვატარებთ კვლევებს და გარკვეული სამუშაოები უკვე გაწეულია. ზოგადად ჰესების მშენებლობას უკავშირდება ისეთი საკითხები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ლანდშაფტის დაზიანება და ა.შ. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ მცირე ზომის, ორ მეგავატამდე ჰესები, რაც არ აზიანებს გარემოს. ვფიქრობთ, წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია საქართველოს ბაზარზე მოვახდინოთ.

 

მეორე გეგმაა „მარდი ინვესტმენტის“ დაარსება, რითაც მოვახდენთ ამა თუ იმ საინტერესო ბიზნესიდეის დაფინანსებას, ჩვენ ინტერესებსაც ჩავდებთ ამ იდეებში, რაც გაზრდის მის შესაძლებლობებს. 

 

რას ურჩევთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ბიზნესის დაწყება სურთ?

არ არსებობს საქმიანობა, რომლის გაძღოლასაც ადამიანი ვერ შეძლებს, მთავარია, რამდენად გაქვს ამის სურვილი. პირველ რიგში მონდომებაა საჭირო, თუ შენ ამით არ ცხოვრობ, არაფერი გამოვა. ყოველი მოქმედება ამ საქმეს უნდა უკავშირდებოდეს. დანარჩენი მოხერხებულობის საქმეა, ბიზნესს რისკის გაწევა სჭირდება. მე ვახდენ რისკების შეფასებას და მხოლოდ ამის შემდეგ გადავდივარ მოქმედებაზე, რისკი უნდა იყოს გათვლილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: