ეკომიგრანტებმა ჩაქვში უმაღლესი საბჭოს ეზოში შეჭრის შემდეგ გზა გადაკეტეს

 

აქცია უმაღლეს საბჭოსთან 22.12.2014

 

„დღევანდელი აქცია იყო გამოძახილი იმ განცხადებისა, რომელიც ქალბატონმა მედეა ვასაძემ ამ დღეებში გააკეთა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში, სადაც მან თქვა, რომ თვითნებურად შესახლებულთა სამი ათასი ოჯახიდან მხოლოდ 80 ოჯახს ესაჭიროება დახმარება და დანარჩენი არ საჭიროებსო. ამან გამოიწვია გარკვეული აღშფოთება და გაღიზიანება ხალხში. ეს აქცია იყო  დაგეგმილი ადრე, რამდენიმეჯერ გადაიდო, ვცდილობდით ქალბატონ მედეასთან დიალოგს, მაგრამ ის არ მოვიდა. თვითნებურად შესახლებულები და ჩვენ წავედით მასთან შესახვედრად“, – უთხრა „ბათუმელებს“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თამაზ ბაკურიძემ. ბაკურიძე თვითნებურად შესახლებულთა ინტერესებს იცავს.

 

როგორც ბაკურიძე ამბობს, აქციის მონაწილეები იყვნენ ოჯახები სოციალური პრობლემებით, რომლებიც იძულებულნი გახდნენ სხვადასხვა ობიექტზე თვითნებურად შესახლებულიყვნენ. აქციაში ასევე მონაწილეობდნენ ეკომიგრანტები  წალკიდან.

 

„მიუხედავად უამინდობისა, საკმაოდ ბევრი ადამიანი მოვიდა აქციაზე და ხალხი ითხოვდა პასუხს ქალბატონი მედეასგან. იმ მონაცემების ნახვას, რომელიც მან ააფრიალა ტელეკომპანია „იმედის“ ერთ-ერთ გადაცემაში. დაცვამ ჭიშკარი არ გაუღო, ხალხი აღელდა და შევედით ეზოში. ხალხი ითხოვდა უმაღლესი საბჭოს შენობაში შესვლას, მაგრამ მე მოვუწოდე ხალხს, რომ ასეთი რამ არ გაეკეთებინათ. ვინაიდან და რადგანაც ხელისუფლება ამ ხალხის წინააღმდეგ გამოიყენებდა ამ ფაქტს. გამოვიდნენ ბატონი დავით ბაციკაძე და ალეკო ჩიტიშვილი ხალხთან სასაუბროდ. ხალხს ამ ადამიანებთან არ ჰქონდა პრობლემა. პრობლემა ჰქონდათ მედეა ვასაძესთან ან უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან.

 

რას და როგორ აპირებს ხელისუფლება ამ ხალხთან მიმართებაში – ამის გარკვევა უნდოდა ხალხს. საუბარი ვერ შედგა. რომ არ დაძაბულიყო სიტუაცია, ვთხოვე ხალხს წამოსვლა და სამი წუთით გადავკეთეთ გზა ჩაქვში. როგორც ვიცი, მედეა აპირებს პროკურატურაში სარჩელის შეტანას. კი ბატონო, შეიტანოს და ვნახოთ ვინ არის მტყუანი და მართალი,“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე.

 

დღევანდელ აქციას სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე და მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა:

 

„მე ვიხელმძღვანელე მთვარობის შექმნილი კომისიის შედეგებით, სადაც აღნიშნულია, რომ იმ ტერიტორიაზე, რაც თვითნებურად აქვს დაკავებული მოსახლეობას, ვინც სახელმწიფოებრივ დახმარებას საჭიროებს სულ არის 60-დან 80 კაცამდე. დანარჩენები რეალურად გახლავთ აბსოლუტურად დაუსაბუთებლად მიმაგრებული ამ ტერიტორიაზე. ადგილზე არსებობს ძალიან ცუდი ვითარება. ეს გახლავთ ის, რომ სახლები, ჯიხურები, რომლებიც ჩადგეს, არის ვაჭრობის საგანი და ისინი ამას ჰყიდიან 300, 500, 1000 ლარად. იქ მიდის მთელი რიგი უკანონო მშენებლობები, კაპიტალური მშენებლობები.

 

სახელმწიფოს მიერ დაცული შენობა გახლავს აჭარის უმაღლესი საბჭო და ვთხოვ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურას ჩვენ მივაწოდებთ ვიდეო მასალას ვინ იდგა ამ კარებთან, ვინ აქტიურობდა, როგორ იქცეოდა თავად თამაზ ბაკურიძე და სამართლებრივი შეფასება მისცენ აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობაში, დაცულ ობიექტში ამ ეგზალტირებული ადამიანების შემოჭრის მცდელობას. აქვე მოვუწოდებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას დაიწყოს 25-ე სატანკო ბატალიონის ტერიტორიაზე სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარება. ჩვენი განწყობა, რომ დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვინც იქ მართლა გაჭირვების გამო არიან ჩასახლებული, ცხადია, რომ რჩება ძალაში. დანარჩენებს კი მოეთხოვოთ თვითნებობისთვის ეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლია, გატარდეს შესაბამისი ღონისძიება მათი პასუხისმგებლობისათვის,“ – განაცხადა მედეა ვასაძემ.

 

კითხვაზე, თუ რატომ არ შეხვდა დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოსთან მისულ მოქალაქეებს, მედეა ვასაძემ განაცხადა:

 

„ის ფლიგელი, სადაც მე ვზივარ შორს არის ეზოსაგან და იმ ადამიანების აქ მოსვლა არ გამიგია. შეიძლება შეგნებულადაც დამიმალეს, იმიტომ რომ როგორც მეუბნებიან ისინი იყვნენ ძალიან ეგზალტირებული და ძალიან აგრესიულები. მე გავიგე ზუსტად ორ საათზე, როდესაც მქონდა მცდელობა, რომ მიმეღო არაჩვეულებრივი ღონისძიება გვაქვს დღეს ჩვენ სხდომათა დარბაზში, ბატონი  ანზორ კუდბას ჩვენი სასიქადულო მწერლის  დაბადების 75-ე წლისთავია. როცა გავიგე ეს ვითარება, მოვბრუნდი კაბინეტში, რომ ამეღო ის მასალა, რომლითაც მე ამ განცხადების გაკეთებისას ვიხელმძღვანელე, ანუ  კასეტა, ვიდეო ჩანაწერი. როდესაც გაუკეთეს წინადადება ქალბატონი მედეა მოდისო, ისინი მყისიერად მიბრუნდნენ და დაიშალნენ,“- განაცხადა მედეა ვასაძემ.

 

 

 

 

16 ხმა ექვსის წინააღმდეგ – ქედაში ბიუჯეტი დაამტკიცეს

 

 „მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტში სოციალური ფონი მძიმეა, 232 000 ლარით შემცირდა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის დაფინასება, ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული შშმ პირებთა ხელშეწყობის  ღონისძიებების მომსახურება და ადაპტაციის პროგრამები, ინფრასტრუქტურის დაფინასება 3 მილიონ ლარზე მეტით შემცირდა, პრიორიტეტებში ნახსენები არ არის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამები,  რაც სამუშაო ადგილების ფორმირებას შეუწყობდა ხელს, აგრეთვე არ არის გათალისწინებული მიწის რეფორმის ხელშეწყობის პროგრამები, რაც ფერმერული კოოპერატივების ჩამოყალიბებას აფერხებს. თანხები გაწერილია საფეხბურთო, სარაგბო კლუბებზე, ეს კარგია, მაგრამ პერსპექტივაში მისი მიზნობრიობა გაუგებარია.

 

370 000 ლარით შემცირებულია განათლების სფეროს დაფინასება, ყოველივე აღნიშნულის გამო ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს ქედის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტს“ – განაცხადა მურმან დავითაძემ სიტყვით გამოსვლისას.

 

საკრებულოს თავმჯდომარის ამირან ცინცაძის განცხადებით, მომავალი წლის ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ორიენტირებულია. საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ 2015 წელს ახალი სოციალური პროგრამები ამოქმედდება.

 

 „ყველა პრიორიტეტი გათვალისწინებულია მომავალი წლის ბიუჯეტში. არსებულ თანხაში არ შედის ტრანსფერები და სოფლის მხარდაჭერის პროგრამები, რაც დაემატება. დაგეგმილია ქედის ცენტრამდე გაზიფიცირება, ჩატარდება ნაპირგამაგრებითი სამუშაოები, თუმცა ამ სამუშაოებისთვის თანხა ქედის ბიუჯეტიდან არ დაიხარჯება.

 

სამომავლოდ ახალი სოციალიური პროგრამა ამოქმედდება, ყოველ შეძენილ შვილზე ოჯახი ფულად დახმარებას მიიღებს, პირველ შვილზე 300 ლარს, მეორეზე – 400, მესამეზე კი 500 ლარს და ა.შ, რაც მანამდე არ იყო“ – აცხადებს ამირან ცინცაძე.

 

ქედის ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსავლების გეგმა 60 000 ლარით გაზრდილია, გამგეობის საფინასო სამსახურის უფროსის ჯემალ ტაკიძის განმარტებით ადგილობრივი შემოსავალი, მერისში ოქროს მომპოვებელი კომპანიის მიერ შეტანილი თანხით შეივსება, რისი ვალდებულებაც წინა წლებში კომპანიას ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან არ ჰქონდა.

 

 დღეს გამართულ საკრებულოს სხდომას ქედაში 24 დეპუტატიდან  21 წევრი ესწრებოდა.

ბრიფინგი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისში

 

რაულ თავართქილაძე
რაულ თავართქილაძე

„2012 წელს „გოდერძის უღელტეხილზე სამთო სათხილამურო“ ბაზა გაიხსნა, რამდენიმე დღე იმუშავა და შემდეგ გაჩერდა. დღესდღეობით აღნიშნულ ტერიტორიაზე ყველა სახის სამუშაოები შეჩერებულია. ჩვენ დავუტოვეთ პროექტები და უნდა აშენებული მაღალი ტიპის სასტუმროები, მათ შორის  ისეთი, როგორიცაა  „პიაცა ალტა“, რომელმაც დაიწყო სამუშაოები, რამდენიმე ხნის შემდეგ მიატოვა და გავიდა, ასევე სხვა ბრენდებსაც უნდა აეშენებინათ სასტუმროები, მაგრამ შეჩერებულია ყველანაირი სამუშაო და მშენებლობა,“ – განაცხადა რაულ თავართქილაძემ.

„მე მინდა მივმართო აჭარის მთავრობას, პრემიერ მინისტრს, უთხრან მოსახლეოობას როდის იფუნქციონირებს „გოდერძის უღელტეხილზე“ სამთო კურორტი,“- აცხადებს რაულ თავართქილაძე.  

„Black Sea Sound”-ის გამარჯვებულები

„Black Sea Sound” -ის ორგანიზატორი „Eredeli Art“ იყო,  ხოლო მხარდამჭერი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტი.

ფესტივალში სულ 11 ბენდი მონაწილეობდა.

ხიდის მშენებლობა დაბა ჩაქვში წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს

 

 სამუშაოებს  შპს „მშენებელი-2012“ აწარმოებს.  სამუშაოების ღირებულება ტენდერის მიხედვით შეადგენს 41 370 ლარს.  

დეპარტამენტის ცნობით, ამჯამად შესრულებულია სამუშაოთა 80 პროცენტი. წინასწარი გათვლით, სამუშაოები 2014 წლის  25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. 

არჩილ ხაბაძე: ვფიქრობ, რვაფეხა არ არის ძეგლი

 

„კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელიც ამბობდა, რომ გადასამოწმებელია ყველა ძეგლი. ყოფილი საგარეოს შენობა შაუმიანის ქუჩაზე ძეგლია, არადა ვანდალური აქტია მასზე ჩატარებული, ვერც ეროვნული ბანკის შენობა იქნება ძეგლი – გუმბათი დაადგეს. ვფიქრობ, კომისიამ ეს საკითხი უნდა შეისწავლოს“, – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

არჩილ ხაბაძის ინტერვიუ გაზეთ „ბათუმელებში“ დღეს, 22 დეკემბერს გამოქვეყნდა.

რა აფერხებს იაფი სახლის მშენებლობას ბათუმში

 

„ეს თანხა იქნება შენარჩუნებული და მშენებლობა მაშინ დაიწყება, როცა სახლის პროექტი იქნება მზად“, – განაცხადა ზურაბ ბერიძემ. მისივე ინფორმაციით, მშენებლობის დაწყებამდე რამდენიმე ეტაპია გასავლელი: „როგორც იცით, იაფი სახლის მშენებლობა ბენზეში, ბარაკების ადგილზე იყო გადაწყვეტილი. ამ ტერიტორიაზე 60 ოჯახი ცხოვრობს და ჯერ მათთან მიდის მოლაპარაკება, რომ ფართობი კომპენსაციის სანაცვლოდ გაათავისუფლონ. მერიის დადგენილებით, მოსახლეობას 1 კვ.მეტრში 700 ლარს ვთავაზობთ. ამ შეთავაზებაზე თანახმაა მოსახლეობის ნახევარზე მეტი, თუმცა არიან მოწინააღმდეგეებიც. დაახლოებით ოცამდე ოჯახმა კომპენსაციის მიღებაზე წერილობით თქვა უარი, მათ 700 ლარზე მეტი მოითხოვეს“. 


ვიცე-მერის თქმით, კომპენსაციის ოდენობის გაზრდა არ განიხილება. იმ შემთხვევაში, თუკი მერია ვერ მიაღწევს მოსახლეობასთან შეთანხმებას, ზურაბ ბერიძის განცხადებით, იაფი სახლი ქალაქის სხვა ტერიტორიაზე აშენდება: „ძალადობრივი მეთოდები მოსახლეობის მიმართ არ იქნება გამოყენებული და სახლი აშენდება მერიის კუთვნილ, თავისუფალ მიწაზე. ადრე რამდენიმე ვარიანტი იყო განხილული, მათ შორის ჯავახიშვილის ქუჩაზეც და სხვაგანაც. ალბათ ამ ტერიტორიების განხილვა დაიწყება“.

 

კომპანია, რომელიც იაფი სახლის პროექტზე იმუშავებს, წლის ბოლოს ტენდერის მეშვეობით გამოვლინდება: „სანამ ტერიტორიის საკითხი არ გადაწყდება, მანამდე პროექტი ვერ გაკეთდება, რადგან პროექტი ამ ტერიტორიაზე უნდა იყოს ინტეგრირებული. გარდა ამისა, უნდა ჩატარდეს ტერიტორიის გეოლოგიური კვლევაც, უნდა დადგინდეს მიწის გრუნტის მდგომარეობა. ბენზეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე პროექტი ვერ იქნებოდა მორგებული“, – ამბობს ზურაბ ბერიძე.

ვიცე-მერი იმედოვნებს, რომ ბარაკების მფლობელი მოსახლეობისგან საბოლოო პასუხის მიღებას წლის ბოლომდე შეძლებენ: „შემდეგ უკვე მერთან შეთანხმებით გადავწყვეტთ მოლაპარაკების ვადის გაგრძელებას ექნება თუ არა აზრი, თუ ცარიელ ტერიტორიაზე დავიწყებთ მშენებლობას“.

მერიაში მიიჩნევენ, რომ ამ პროცესების მოგვარებამდე იაფი სახლის მოსარგებლეთა კატეგორიებიც განისაზღვრება. ვიცე-მერის თქმით, „იაფი სახლის მშენებლობა აუცილებლად დაიწყება გაზაფხულზე“.

იაფი სახლი არის პროექტი, რომლის ფარგლებში მერიამ უნდა ააშენოს 200-ბინიანი კორპუსი, რომლითაც უსახლკარო ოჯახები ისარგებლებენ. კერძოდ ისინი, რომლებიც შვიდი წლის განმავლობაში ცხოვრობენ ბათუმში და არ აქვთ საკუთარი საცხოვრებელი, თუმცა არიან გადამხდელუნარიანები, მერია შემდგომი გამოსყიდვის საფუძველზე მათ ბინებს თვითღირებულებაში გადასცემს. ბინის გამოსყიდვა მფლობელმა ათი წლის განმავლობაში უნდა შეძლოს. ბოლო მონაცემებით, ბათუმში 1700-მდე უსალკარო ოჯახი ცხოვრობს.

გადასახლებაში “მოხალისეების ვაგონით“

„სამხედროები ჩვენს ოჯახშიც ღამის სამ საათზე შემოიჭრნენ. რას ვიზამდით, გარეთ ყელამდე თოვლი იყო, პატარა ბავშვები, ბებია-ბაბუა მოტეხილნი, ძლივს დადიოდნენ, ტანზე ჩაცმაც კი ვერ მოვასწარით წესიერად. ან იმ დროს რა უნდა ჩაგეცვა, ფეხსაცმელებიც კი არ ჰქონდათ ადამიანებს. საწყალი დედაჩემი, შიშველ ფეხებზე წამოიცვა კალოშები და ასე მიიკვლევდა თოვლში გზას. ჩემი დაიკო გულზე ჰყავდა მიხუტებული. ოთხი კილომეტრი ვიარეთ ფეხით. გზაში დედაჩემის დედა წამოგვეწია, კიოდა: ჩემო შვილებო, სად მიყავხართ, რას გერჩიან, ჯარისკაცებმა თოფები მიუშვირეს და ახლოს არ მოუშვეს“, – იხსენებს ფადიკო ნაგერვაძე.

ტრაგიკულ დილას სხვა, უფრო მძიმე და ტრაგიკული დღეები მოჰყვა – ეშელონებში გატარებული 16 უმძიმესი დღე და ღამე: „შეგვყარეს პირუტყვივით და მიგვიკეტეს კარები. ასე ვიარეთ მოსკოვამდე, შემდეგ მოსკოვიდან ტაშკენტამდე. ვიწვალეთ და ვეწამეთ… ვინ მოთვლის, რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ამ ეშელონმა, რამდენი ქალის, კაცისა და ბავშვის ცხედარი დარჩა თოვლზე… პატარა ფანჯრიდან ვუყურებდი დაუსრულებელ გზას, ვცდილობდი გამეგო სად ვიყავით, გარეთ რა ხდებოდა, მაგრამ დათოვლილი არე-მარეს მეტს ვერაფერს ვამჩნევდი. როგორც იქნა, დასრულდა გზაც და ჩაგვიყვანეს ტაშკენტში. ადგილს, სადაც დროებით გაგვაჩერეს, ხანძარი გაუჩნდა და ძვლივს გადავრჩით. ყველგან ბამბები იყო და ალბათ მას გაეკიდა. შემდეგ გადაგვიყვანეს სოფლებში.

სოფელში გაკვირვებული გვეკითხებოდა თურმე ხალხი, მატარებელზე ეწერა „მოხალისეები“ და რას ხალისობთ, რისთვის ჩამოდითო…“

გადასახლების მიზეზის გასარკვევად ათეულობით წერილი მიდიოდა კრემლში: `მამიდამაც გააგზავნა წერილი. სტალინს მიწერა, ჩემი შვილი ყოველდღე მეკითხება: „დედიკო რატომ გაგვასახლეს“, მე არ ვიცი პასუხი და თუ მეცოდინება ვეტყვიო. რა თქმა უნდა, არავის არაფერი მოუწერია.

დედაჩემი, რაბიე მოფინაძე, ძალიან მაგარი ქალი იყო, რამდენი ტკივილი ჰქონდა გულში, მაგრამ მაინც ახერხებდა გაღიმებას, ჩვენ რომ არ გავტეხილიყავით.

იქ, ადგილზე, ნაკლებად განვითარებული იყო ხალხი იმ დროს, ერთ ოთახში ცხოვრობდნენ და ქათმები და თხებიც იმავე ოთახში ჰყავდათ. დედამ სიმინდის დაფქვა სთხოვა ერთ კაცს: „ჯოყ“ უთხრა დედაჩემს. ასეა ყაზახურად „არა“. წამოვიდა გულდაწყვეტილი დედაჩემი. შემდეგ, როცა გაიგეს, რომ დედას საკერავი მანქანა ჰქონდა, მოადგნენ. დედაჩემმაც უთხრა- „ჯოყ“. ეფერა და ეხვეწა მერე ის ოჯახი დედას. ამ საკერავით გავიტანეთ სული“.

ფადიკო ნაგერვაძე განსაკუთრებული ემოციით იხსენებს დედას და პატარა დას: „არ ვიცი, ჩემს დას რა დაემართა, მაგრამ მახსოვს მისი პატარა, გაშვერილი თითი ქვაბისკენ, სადაც ჩვენი ახლობელი ქალი რძეს ინახავდა, „ის მინდა“ – ეტყოდა ხოლმე დედას. შიოდა ალბათ. „დავკარგე შვილიო“, სულ მოთქვამდა დედა. ერთი შვილიც მანამდე ჰყავდა დაკარგული და ორივეს ძალიან განიცდიდა.

გადასახლებაში ერთი ახლობელი ქალიც გარდაიცვალა, ნათესავად მეკუთვნოდა. იხვეწებოდა, ვიცი აქ მოვკვდები და არ დამივიწყოთ, მოინახულეთ ხოლმე ჩემი საფლავიო“.

გადასახლებაში მყოფი ფადიკოს და მისი მეგობრების გასართობი სამყურა ბალახები იყო, „ამ ბალახებით გვირგვინებს ვწნავდით და ასე ვერთობოდით. საათი არ იყო, შუა მინდორზე მაღალი ბოძი იდგა, იმ ბოძის კენწეროზე თოკით ტომარას რომ აუშვებდნენ, ესე იგი შუადღე იყო, ასე ვარკვევდით დროს… ერთხელ ყაზახურ ქორწილშიც კი მოვხვდით. მახსოვს, ქალები ერთ ოთახში ისხდნენ, გოგონებს წითელი თავსაფრები ეხურათ, დიდებს – თეთრი. შემოვიდა მამამთილი და ეუბნება სარძლოს: „დილას ჩაის აადუღებ? მამამთილს საჭმელს დაუდგამ?“ პატარძალმაც დაუქნია თავი“.

ფადიკოს ოჯახი გადასახლებიდან სამი წლის შემდეგ დაბრუნდა: „დედაჩემის დედა აფხაზი ქალი იყო, მაგარი, შვილებიც ასეთივე ჰყავდა. სოფელში საგუშაგოებს რომ აშენებდნენ, ოთხივე დეიდა ფიცრებს ზურგით ეზიდებოდა, გამომუშავებულ ფულს კი გადასახლებაში გვიგზავნიდნენ, ცოცხლები რომ გადავრჩენილიყავით. იმ დღესაც ბებიაჩემი და დეიდები ბათუმში გველოდებოდნენ, სადგურზე. ვერ გადმოვცემ იმ ემოციას, რაც ამ შეხვედრისას ვნახე.“

გარემოს დაცვის 25 წელი

 

ნინო ჩხობაძე. ფოტო: radio1.ge
ნინო ჩხობაძე. ფოტო: radio1.ge

ქალბატონო ნინო, როგორ იწყებდით 25 წლის წინ მწვანე მოძრაობას საქართველოში?

 

გარემოს დაცვის კუთხით 1988 წელს დავიწყეთ პირველი მოძრაობა, მაგრამ მაშინ არ ერქვა მწვანეთა მოძრაობა. „რუსთაველის საზოგადოებასთან“ არსებული ეკოლოგიური ასოციაცია იყო. ახალგაზრდების ჯგუფი შეიკრიბა, რომლებმაც გადავწყვიტეთ, რომ იყო მძიმე პრობლემები გარემოს დაცვის კუთხით. მაშინ ეკოლოგიას ვეძახდით ამას. რეალურად ორი მძიმე თემა იყო. ერთი _ ხუდონჰესი, მეორე _  ტრანსკავკასიის რკინიგზა. ორივე თემა აღმოჩნდა ის, რამაც შეგვკრიბა ძალიან ბევრი ადამიანი. ამას მოჰყვა ის, რაც მოჰყვა ანუ 25 წლის წინ ჩატარდა პირველი სადამფუძნებლო კრება და საბჭოთა კავშირში პირველად შეიქმნა საზოგადოებრივ პოლიტიკური ორგანიზაცია გარემოს დაცვის კუთხით. მთავარი სლოგანი, რომელიც მაშინ პირველად გამოჩნდა, იყო _ „ეკოლოგია, დემოკრატია, არა ძალადობა~. ეს იყო ის სლოგანი, რაც დღემდე მოჰყვება მწვანე მოძრაობას. ჩვენი ამოცანა მარტო გარემოსდაცვითი ნამდვილად არ არის. მეორე კუთხე არის საზოგადოების ჩამოყალიბების მცდელობა. საღი აზრის გამოჩენა არა ძალადობის, არამედ კონსტრუქციული ოპოზიციის კუთხით.

 

როგორ ფიქრობთ, რა შეცვალეთ 25 წლის განმავლობაში ქვეყანაში?

 

ბევრი რამ მოხდა ამ წლების მანძილზე. მთავარი არსი იყო მდგრადი განვითარება, ანუ ორგანულად იყოს შეთავსებული როგორც ბუნების ინტერესი, ასევე ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური ინტერესი.

 

რას მივაღწიეთ? – დავიწყოთ იქიდან, რომ კანონმდებლობა არ არსებობდა. დაცული ტერიტორიები კი არსებობდა, მაგრამ მაშინ ჩვენ ნაკრძალებს ვეძახდით ყველაფერს. მაშინ დაიგეგმა პირველად 7 ეროვნული პარკის იდეა. პირველი ეროვნული პარკი გაიხსნა _ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი. შეიქმნა გარემოსდაცვითი კანონმდებლობა, რომელიც 29 კანონისგან შედგება. მართალია, მთლად პირვანდელი სახით არ არის შემორჩენილი, მაგრამ ეს იყო პირველი ნაბიჯები – კანონმდებლობაში მდგრადი განვითარების პრინციპები შემოვიდა გარემოსდაცვითი პრინციპების სახით. გარემოს დაცვის ჩარჩო კანონი მიიღეს 1996 წელს. ეს იყო პირველი ნაბიჯები, რაც მწვანეების ეგიდით განხორციელდა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სახელმწიფო იყო მობილიზებული და მწვანეების ფრთა პარლამენტში ბევრ საქმეს აკეთებდა. ჩავთვალოთ თუნდაც ის აქციები მიღწევად, რომელიც ნარჩენებს ეხებოდა. 1991 წელს ძალიან დიდი აქცია გაიმართა თბილისის ნარჩენებისგან გასაწმენდად. ნაგავი ეყარა ყველგან. თუნდაც აქცია „მშვიდობით იარაღო~ _ აფხაზეთის ომის შემდეგ. ეს ყველაფერი იყო მიმართული იქითკენ, რომ გაგვემთლიანებინა სახელმწიფო და ერთიანი ძალით შეგვეხედა საზოგადოებისთვის. არასდროს არ დამავიწყდება ჩვენი პირველი განცხადებები 1997 წელს, როდესაც მე გახლდით ევროპის მწვანეების პარტიების კონგრესზე და როგორც მინისტრმა განვაცხადე – „ჩვენ გვინდა ევროპულ ოჯახში“.

 

ამ განცხადებამდე დიდი კონსულტაციები გვქონდა ბატონ ზურაბ ჟვანიასთან, რა უნდა გვეთქვა. პირველი განცხადება იყო, რომ ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სახელმწიფოს მდგრადი განვითარებისთვის. მეორე მხრივ შევინარჩუნოთ ის, რაც დღეს გვაქვს. სამწუხაროდ, ვერ გავცილდით იმ პრობლემებს, რაც მაშინ იდგა _ ისევ იქ ვართ, ისევ გვიდგას საკითხი სუფთა წყლის, ბუნებრივ რესურსებთან ხელმისაწვდომობის, ისევ დგას საკითხი ტყეების დაცვის.

 

თქვენ წლების მანძილზე იყავით გადაწყვეტილების მიმღები პირი. როგორ ფიქრობთ,  თქვენ მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა რამდენად შეუწყო ხელი თუნდაც ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას მოსახლეობაში?

 

ძნელია პერსონალურად შევაფასო ჩემი მოღვაწეობა. ეს მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილებები არ იყო. ორგანიზაციის გადაწყვეტილებებს ვასრულებდი. მე ვიყავი პატარა ჭანჭიკი, რომელსაც ქმედებები უნდა დაეწყო. ზოგ შემთხვევაში ძნელი იყო გადაწყვეტილების მიღება, ზოგ შემთხვევაში – არა. ზოგ შემთხვევაში იძულებული ვიყავი, როგორც სახელმწიფო მოხელე, კომპრომისული გადაწყვეტილებებისკენ წავსულიყავი, ეს ნებისმიერ სახელმწიფო მოხელეს წინ უდგას.

 

ყველაზე დიდი მიღწევა, რაც იყო, არის ის, რომ დაგვენახა „გარემოს დაცვა“ მხოლოდ აბრა არ იყო. გარემოს დაცვა არის კონკრეტული ქმედების მატარებელი დარგი, რომლის არგათვალისწინება ყოველთვის ცუდ შედეგამდე მიიყვანს სახელმწიფოს. ამიტომ ყველა ჩემი ქმედება იყო აქეთკენ, აღსრულების მექანიზმი სახელმწიფოს ჰქონოდა გარემოს დაცვის კუთხით. გარემოს დაცვას ერთი უწყება არ ახორციელებს, გარემოს დაცვას ახორციელებს სახელმწიფო. ეს არის მთავარი არსი მწვანეების. მივაღწიეთ თუ არა ამას, მოდი, თაობებმა შეაფასონ.

 

 

25 წლის წინ საუბრობდნენ, რომ დიდი კაშხლები არ უნდა აშენდეს. დღეს, როცა ეკოლოგიური ცნობიერება ოდნავ უფრო მაღალია, ვიდრე მაშინ, ვაშენებთ დიდ კაშხლებს. როგორ ფიქრობთ, რა წვლილი მიუძღვის მწვანე ორგანიზაციებს ამ საკითხში? ხომ არ იყო უფრო მეტი აქტიურობა საჭირო, უფრო მეტად დანახვა იმის, თუ რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ ბუნებისადმი მომხმარებლური დამოკიდებულების გამო?

 

ალბათ, უფრო მეტი უნდა გაკეთდეს. არასამთავრობო სექტორი და, ზოგადად, საზოგადოება, უნდა იყოს უფრო მეტად მობილიზებული, რომ ქვეყნისთვის სასიკეთო  ნაბიჯები გადადგას და ეკონომიკა არ იყოს მთავარი ამოსავალი წერტილი. უბრალოდ,  ჩვენ შემთხვევაში არასწორ ეკონომიკურ ხედვას უფრო ვუწოდებ მე ამას. მთელი მსოფლიო არის მდგრადი განვითარებისკენ მომართული და ჩვენ რატომღაც სხვა მიმართულება დავიჭირეთ. ტექნოკრატული დამოკიდებულება, როგორც მაშინ იყო, ჩვენთვის მიუღებელია, თუმცა არ მინდა ნიშნის მოგებით ვილაპარაკო. ჩვენ არაფერზე არ ვამბობთ უარს. არც თუნდაც ძალიან ტექნოკრატულ პროექტზე, თუ იქნება დასაბუთებული, რომ ის არ იქნება წამლეკავი და პრობლემის შემქმნელი საქართველოსთვის. რეალურად უნდა ვიცოდეთ, რომ მიყენებული ზიანი იქნება არა მხოლოდ კომპენსირებული, არამედ ნულამდე დაყვანილი. და არა ის, რომ რაღაცის ხარჯზე უცებ ავაშენოთ დიდი ჰიდროელექტროსადგური, დავტბოროთ სოფელი, ეკოსისტემისთვის შეუქცევადი პროცესი დავიწყოთ და საბოლოო ჯამში საცხოვრებელი გარემო აღარ გვქონდეს. მთვარი არსი ეს არის და არა ის, რომ ყველაფერზე ვიძახოთ – არა. არას ძახილი არაფერს გვაძლევს. მწვანე ეკონომიკა არ ნიშნავს იმას, რომ ყველამ უცებ დაიკრას აბრა – „მწვანე“ და თქვას, რომ ის მწვანე ეკონომიკას ემსახურება. არ არის ეს ასე. მწვანე ეკონომიკა არსით ნიშნავს ამას… ნამდვილად გვჭირდება უფრო მეტი ძალისხმევა და უფრო მეტი საზოგადოების მხარდაჭერა. მარტო დღევანდელით არ უნდა ვიმსჯელოთ, მომავლისკენაც უნდა გავიხედოთ. არ მოხდეს ისე, რომ საერთოდ უკაცრიელი გავხადოთ საქართველო.

 

მწვანე მოძრაობის დასაწყისში მისი ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჟვანია წერდა  ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოში შევქმნათ ეკოლოგიური სახელმწიფო“. 25 წლის შემდეგ  ეს მიზანი რამდენადაა მიღწეული?

 

ჯერ არ არის. ეკოლოგიური სახელმწიფო ჯერ ნამდვილად არ მიგვიღია. თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ ეს შეუძლებელია. რეალურად მსოფლიოში უკვე არსებობს სახელმწიფოები, რომლებიც მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით მუშაობენ, მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნები, ისლანდია, ახალი ზელანდია. რომლებმაც სასწაულ პროგრესს მიაღწიეს ამ მიმართულებით და ეკონომიკურად ძალიან მდგრადი სახელმწიფოები არიან. ჩვენც აქეთკენ უნდა წავიდეთ, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ აქეთკენ დიდი ნაბიჯები არ გვაქვს. მაინც მჯერა, რომ მივაღწევთ ამას, მწვანეთა მოძრაობის 30 წლისთავზე იქნება, თუ 50 წლის შემდეგ. ვიცი, რომ ჩვენს საუკუნეში გვექნება საშუალება ვთქვათ, რომ ჩვენ შევქმენით მდგრადი სახელმწიფო. ნამდვილად არ ვაპირებ უკან დახევას. ჩვენ მოვედით იდეით და ეს იდეა უნდა განხორციელდეს.

 

ვფიქრობ, რომ სახელმწიფოში რაღაც პერიოდის მერე იქნებიან გადაწყვეტილების მიმღები პირები, რომლებიც იფიქრებენ – „ეკონომიურია ის, რაც ეკოლოგიურია“. ჩვენ რომც არ მოვინდომოთ ამის გაკეთება, ევროკავშირი სხვანაირად ვერ მიგვიღებს თავის ოჯახში. ევროკავშირის მოთხოვნები, განსაკუთრებით გარემოსდაცვითი მოთხოვნები, ზუსტად აქეთკენ არის მიმართული. ჩვენ თავის დროზე ვაცხადებდით, რომ ევროპელები ვართ, წავედით ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისკენ და მე მიმაჩნია, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია. 

განვითარების სქემაში ჩართული მასწავლებლების პრობლემები


სკოლა
სკოლა

მასწავლებლები, რომლებიც უკვე სქემაში არიან ჩართული, რიგ პრობლემებს აწყდებიან, რომელთა მოგვარებაც, ჯერჯერობით, შეუძლებელია.

დალი თავართქილაძე ბათუმში, მე-17 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის სერტიფიცირებული მასწავლებელია. დალი მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული. უნდა პროფესიული განვითარების სქემაში უფრო მაღალ  საფეხურზე გადაინაცვლოს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს არც ისე მარტივია. უფრო მეტიც, ამ დროისთვის განათლების სამინისტროს არ შეუძლია დალის უთხრას, როგორ უნდა წავიდეს ის წინ.

 

„ჩემი შეფასებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მეორე საფეხურზე უნდა ვიყო, თუმცა ოფიციალურად ჩემთვის არავის უთქვამს რა და როგორ იქნება. რა დონეზეც ვარ ინფორმირებული, იმ დონეზე ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო. ვიცი, რომ მომდევნო საფეხურზე გადასასვლელად საჭიროა სამეცნიერო ჟურნალში მქონდეს სტატია გამოქვეყნებული. მაგრამ არსად არ არის გარკვევით დადებული, თუ რას უნდა შევეხოთ ამ სტატიებით. რომელ გაზეთსა თუ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია ჩაგვეთვლება და, ზოგადად, რამდენი კრედიტი გვენიჭება თითო სტატიაზე. საფეხურიდან საფეხურზე როგორ უნდა გადავიდეთ, ესეც მაინტერესებს“, – ამბობს დალი თავართქილაძე.

 

„რომელ ჟურნალებში უნდა გამოქვეყნდეს სტატიები? რა ტიპის სტატიები უნდა იყოს? რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს? სტატიების გამოქვეყნების მსურველ ყველა მასწავლებელს ექნება თუ არა საშუალება გამოაქვეყნოს სტატია? რამდენი კრედიტი ენიჭება მასწავლებელს ერთი სტატიის გამოქვეყნებით? რამდენი სტატია უნდა გამოაქვეყნოს? როდის აისახება სქემაში ჩართვა მასწავლებელთა ხელფასზე?“  – ეს იმ კითხვების ჩამონათვალია, რომლითაც „ბათუმელებმა“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა.

 

როგორც სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, ამ ეტაპზე (2014 წლის 11 დეკემბერი) ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა სამინისტროს არ შეუძლია. ამ საკითხზე ინფორმაციის მიღება მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც სპეციალური კომისია შეიქმნება, ეს კი 2015 წლის იანვარში მოხდება.

 

რაც შეეხება პედაგოგების ერთი კატეგორიიდან მეორე კატეგორიაში გადასვლას, აქამდე გაცხადებული წესების მიხედვით, მასწავლებლები შემდეგ საფეხურზე დაგროვილი კრედიტების შესაბამისად გადავლენ.

 

წარჩინებული მასწავლებლის საფეხურის მისაღწევად 2-დან 3 წელია საჭირო, მკვლევარი მასწავლებლის საფეხურის მისაღწევად 2-დან 4 წელი და მენტორი მასწავლებლის საფეხურის მისაღწევად – 2-დან 5 წელი.

 

პრაქტიკოსი მასწავლებლის საფეხურის კატეგორიის მოსაპოვებლად ან შესანარჩუნებლად საჭიროა 14 კრედიტი, წარჩინებული მასწავლებლის საფეხურის  მისაღწევად და შემდგომ შესანარჩუნებლად – 24 კრედიტი, მკვლევარი მასწავლებლის  საფეხურის მისაღწევად და შემდგომ შესანარჩუნებლად – 32 კრედიტი, მენტორი მასწავლებლის საფეხურის მისაღწევად და შემდგომ შესანარჩუნებლად კი – 40  კრედიტი.

რომან დოლიძე – ბათუმელი მსოფლიო ჩემპიონი მწვრთნელის გარეშე

რეპლინგი სპორტული ორთაბრძოლის სახეობაა, რომელიც აერთიანებს ჭიდაობის სხვადასხვა სახეობას, მასში დაშვებულია ილეთების გამოყენება ბერძნულ-რომაული ჭიდაობიდან, ძიუდოდან, სამბოდან, თავისუფალი ჭიდაობიდან. საქართველოში გრეპლინგის ცალკე ფედერაცია არ არსებობს, თუმცა ჰყავს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი – რომან დოლიძე.

2014 წლის ნოემბერში, უნგრეთში გამართულ გრეპლინგის მსოფლიო ჩემპიონატზე რომან დოლიძემ მძიმე წონით კატეგორიაში უნგრელი მარიო ბასკო დაამარცხა. მანამდე ქართველი სპორტსმენი ამავე სახეობაში ევროპის ჩემპიონი გახდა. ასევე არის უკრაინის ექვსგზის ჩემპიონი.  რომან დოლიძე 29 წლისაა. დაიბადა ბათუმში. სწავლობდა ანდრია პირველწოდებულის სასულიერო გიმნაზიასა და რუსული გიმნაზია „XXI საუკუნეში“, რომლის დამთავარების შემდეგ 2008 წლიდან უკრაინაში, ქალაქ ოდესაში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ რომან დოლიძემ იქ ისწვლა გრეპლინგი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონობა საქართველოს სახლით მოიპოვა.

რომან დოლიძისა და ამირალ ჟოროევის შეხვედრა. კიევი, 14 დეკემბერი, 2017 წელი. 

როგორც თვითონ გვეუბნება ბათუმში წელიწადში ორჯერ საახალწლოდ და ზაფხულში თავის დაბადების დღეზე ჩამოდის.

„ბათუმელები“გრეპლინგის პირველ ქართველ  ჩემპიონს ესაუბრა

– რომან, რა ეტაპები გაირეთ გრეპლინგამდე და როგორ შეძელით გრეპლინგში  მსოფლიო ჩემპიონობის მოპოვება?

– ბავშვობიდან ვარ სპორტით დაკავებული, მაგრამ ამ სპორტში შევედი მაშინ, როდესაც სასწავლებლად წავედი ოდესაში. სანამ ოდესაში ჩავიდოდი, რამდენიმე წელი ფეხბურთს ვთმაშოდი, ვიყავი მეკარე. თავიდან დაიწყო ისე, რომ ოდესაში ფეხბურთის გუნდს ვეძებდი.  სანამ  „ჩერნომორეცი“ და სხვა გუნდები გამოჩნდებოდნენ, ძალიან ცუდი გუნდები იყო. რაღაც სპორტით უნდა დავკავებულიყავი, მაშინ ძალიან პოპულრული იყო უკრაინაში ბრძოლა წესების გარეშე, ვეძებდი სექციებს, ვნახე საბრძოლო–სამბოს სექცია, მაგრამ არ მომწონდა ტრენერი რასაც გვასწავლიდა. ჩემდა საბედნიეროდ, ერთი ბიჭი გავიცანი. ჩვენ უფრო ჭიდაობა გვაინტერესებდა, ინტერნეტში ვეძებდით რაღაც–რაღაც ილეთებს, არც კი ვიცოდით ასეთი ჭიდაობა – გრეპლინგი თუ არსებობდა, არადა ჩვენ დამოუკიდებლად მივედით გრეპლინგის შესწავლამდე. თავითან მოვიგე ოდესის რეგიონალურ ჩემპიონატი ძიუდოში, შემდეგ საბრძოლო სამბოში და შემდეგ შემთხვევით მოვხვდი გრეპლინგის უკრაინის ჩემპიონატზე. როცა პირველი უკრაინის ჩემპიონატი მოვიგე, ამის შემდეგ გრეპლინგი და მე ერთად მივდივართ.

რომან დოლიძე. ფოტო სპორტსმენის ფეისბუქგვერდიდან

– რატომ აირჩიეთ უკრაინა?

– სასწავლებლად რუსეთში, მოსკოვში უნდა წავსულიყავი, მაგრამ 2008 წელს ომი დაიწყო, ამიტომ მომიწია უკრაინაში წასვლა. გარდა ამისა, რუსული სკოლა მაქვს დამთავრებული და უფრო მარტივი იყო ამ ქვეყანაში ცხოვრება.

– ოდესაში სპორტის პარალელურად განათლებასაც იღებთ. სად სწავლობთ და რა პროფესიას?

– პირველი პროფესიით მენეჯერ–ეკონომისტი ვარ. ახლა ოდესის სამართლის აკადემიის ეროვნულ უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე იურიდიულს ვსწავლობ, რომელსაც ერთ თვეში ვამთავრებ და დავიცავ დიპლომს.

– მსოფლიოს და ევრპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით გამოხვედით. სხვა შეჯიბრებებზეც საქართველოს სახელით გამოდიხართ?

– ქვეყნის სახელით გამოსვლა დამოკიდებულია მოქალაქეობაზე. სხვა შეჯიბრებებზე კლუბის „მანგუსტის“ სახელით გამოვდივარ.

– რით გამოირჩევა გრეპლინგი სხვა სახეობებისგან, რა არის მისთვის დამახასიათებელი?

– ყველა სხვა ჭიდაობიდან თავისუფლად შეუძლია სპორტსმენს გადმოსვა გრეპლინგში. გრეპლინგი მრავალფეროვანია და ყველა ჭიდაობის სტილს ერთში აერთიანებს. ის, რაც დამეხმარება გამარჯვებაში, ყველა ილეთი შემიძლია გამოვიყენო. ამიტომ როცა ჩამოვდივარ საქრთველოში მივდივარ ბერძნულ–რომაულ, სამბოს, ძიუდოს მოჭიდავეებთან, ვჭიდაობ ბრაზილიურ ჯიუ–ჯიცუს, რადგან, რაც უფრო მეტი ილეთი იცი, მით უფრო კარგია გრეპლინგისთვის. როგორც სხვა სპორტის სახეობებში, ასევე აქაც არის სამოყვარულო და პროფესიონალური გრეპლინგი. მათ შორის განსხვავება მცირეა. პროფესიონალურში მეტი ჭიდაობაა და დაშვებულია რამდენიმე საშიში და მტკივნეილი ილეთი ფეხზე, რამაც შეიძლება სპორტსმენი  ვარჯიშიდან ამოაგდოს ნახევარი, ერთი წელი. მე ორივეში გამოვდივარ.

– თუ გაქვთ საკუთარი ილეთი?

– არა. თუმცა მე მიყვარს მტკივნეული ილეთების გამოყენება და მსოფლიო ჩემპიონატიც რომ მოვიგე, ყველა მკივნეული ილეთი გავაკეთე ფეხზე.

– რამდენად ხშირია ტრავმები?

– ტრავმები ხშირია, მაგრამ პროფესიონალურად რომ ვუდგები მზად ვარ. როცა ორგანიზმი შესაბამის კონდიციებშია, იშვიათად შეიძლება იყოს ტრავმა, თუმცა გამორიცხული არაფერია.

– შედეგის მიღწევისთვის საჭიროა გარკვეული წესების დაცვა, რომელსაც გარდა ძალისხმევისა დროც სჭირდება, როგორ უმკლავდებით მსგავს სირთულეებს?

– ჩემი ცხოვრება დიდ ნაწილად შედგება სპორტისგან. ჩემი მიღწევები მაძლევს იმის საშუალებას, რომ ბევრ რამეზე არ ვიფიქრო. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ფინანსური მხარე, რომელიც საქართველოში მყარად არ დგას. უკრაინაში თუ სახელმწიფო ვერ ეხმარება სპორტსმენს არიან ადამიანები, რომლებიც არ იშურებენ ფულს და ძალას, რომ სპორტსმენებს დაგვეხმარონ. უკრაინაში ჩემი გამართლება ის არის, რომ მე ვარ ძლიერ კლუბში და გვყავს ძლიერი ხელმძღვანელობა, კლუბის პრეზიდენტი მაგომედ მაგდიევი არის ერთ-ერთი დიდი მეცენატი სპორტში, რომელიც მხარს გვიჭერს სპორტსმენებს.

– თქვენ მსოფლიო ჩემპიონი გახდით მწვრთნელის გარეშე. უკრაინაში როგორ არის გრეპლინგი განვითრებული, პოპულარულია?

– საქართველოსთან შედარებით პოპულარულია. იქ უმეტეს წილად არის ისე, რომ არიან კარგი სპორტსმენები, ვიდრე ძლიერი მწვრთნელები. გრეპლინგი უფრო განვითარებულია ესპანეთში, პოლონეთში, ამერიკაში, იაპონიაში, ნორვეგიაში, პირველ რიგში კი ბრაზილიაში.

– თქვით, რომ იყავით მეკარე. რატომ დაანებეთ ფეხბურთს თავი?

– რვა წელი ვთამაშობდი ფეხბურთს. ვთამაშობდი „ანკარაგუჯუს“ დუბლებში და „ანკარაგუჯუსა“ და „ტრაპზონსპორის“ კლუბების სკოლებში. ბუნებით ვარ მაქსიმალისტი. ფეხბურთში ვერ მივაღწიე იმ დონეს, რაც მინდოდა, ალბათ იმიტომაც, რომ მეკარე ვიყავი, რომელსაც დიდი გამოცდილება სჭირდება. ვფიქრობ, ჩემი სპორტიც არ იყო.

– თუ აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?

– რახან ამ თემას შევეხეთ გეტყვით, რომ აჭარის მთავრობის ერთ–ერთ დეპარტამენტში ვიყავი  და შემომთავაზეს, რომ ჩამომეყალიბებინა გრეპლინგის ფედერაცია, რომელსაც სახელმწიფო ფინანსურად დაეხმარება, მაგრამ არის გარკვეული პრობლემები, მაგალითად ის, რომ სპორტის ამ სახეობაში არ არიან მწვრთნელები. რადგან მე თვითონ მოქმედი სპორტსმენი ვარ და ჩემი კლუბი გამაჩნია მუდმივად ვერ ვიქნები საქართველოში. თუმცა ვაპირებ ჩემი რამდენიმე მწვრთნელი, რომელიც ოდესაში ჩემს დაქვემდებარებაში არიან, დროებით გამოვაგზავნო საქართველოში. თუკი შესაბამისი პირობები იქნება ახლო მომავალში ვაპირებთ გავხსნათ გრეპლინგისა და MMA–ის ( შერეული ორთაბრძოლის ხელოვნება) ფედერაცია. თუ გრეპლინგში შედის მხოლოდ ჭიდაობის სახეობები, MMA-ში შედის ყველა ორთაბრძოლის სახეობა  ჭიდაობა, კარატე, ბოქსი, კიკბოქსინგი.

რომან დოლიძე. ფოტო სპორტსმენის ფეისბუქგვერდიდან

– საკუთარი კლუბი ახსენეთ, ამაზე რომ გვითრათ რა კლუბია?

– კლუბს „მანგუსტი“ ჰვია, რომელშიც გაერთიანებულია შერეული ორთაბრძოლები და ჭიდაობის სახეობები. „მანგუსტი“ ოდესის რეგიონში ყველაზე ძლირი კლუბია. გვყავს უკრაინის ბევრი ჩემპიონი, რეგიონალური ჩემპიონი. რეგიონის მასშტაბით სამი კლუბი გვაქვს. ასევე ვაპირებდით საქართველოში ჩვენი ეგიდით გაგვეხსნა კლუბი, მაგიტომ ჩამოვედი, რომ საქართველოში მენახა კლუბი, რომელიც ჩვენი ეგიდით იმუშავებდა. მაგრამ როცა ფედერაციაზე დაიწყო საუბარი, ეს მოთხოვნა გვერდზე გადავიდა; ფედერაცია თუ ჩამოვაყალიბეთ, კლუბიც გვექნება, რომელიც იმუშავებს ჩვენი სახელით. მე ვარ “მანგუსტის” მთავარი მწვრთნელი. როგორ უნდა იმუშავოს და როგორ უნდა განვითარდეს კლუბი დამოკიდებულია ჩემზე – რაშიც ეკონომისტ–მენეჯერის პროფესია მეხმარება.

– თქვენი სპორტული წინსვლა დაიწყო, როცა უკრაინაში ჩახვედით სასწავლებლად. სამომავლოდ სხვა ქვეყანაში ხომ არ აპირებთ წასვლას?

– ოდესაში საკმაოდ მყარად ვდგავარ, რაღაც გეგმები მაქვს. საქართველოში თუ გამოვა ფედერციის ჩამოყალიბება, ესეც კარგი შენაძენი იქნება და ეს იქნება საქმე, რაზეც უნდა ვიმუშაო. ჩემ თავს მუდმივად სპორტში ვერ ვხედავ,  მე მაქვს პროფესია, რომელსაც გავამაგრებ იურიდიული ცოდნით.

– რა იქნება თქვენი რჩევა?

– მიუხედავად იმისა, რომ პირველ შეჯიბრებებში სულ ცუდად ვჭიდაობდი, ბევრ გდებებს მიკეთებდნენ, ყოველთვის მჯეროდა ჩემი თავის, მქონდა ჟინი, გამოვდიოდი რთული სიტუაციებიდან და მაინც ვიგებდი იმიტომ, რომ მოგების დიდი სურვილი მქონდა. ვისაც უნდა ვარჯიში და რაღაცის მიღწევა, მთავარია, ჰქონდეს საკუთარი თავის რწმენა. თუ ხელს არ უწყობს ფედერაცია, ვარჯიშით და საკუთარი მონდომებით შესაძლებელია მიზნის მიღწევა.

რატომ გაიქცა 15 წლის გოგონა მატათა მოციქულის გიმნაზია-პანსიონიდან

15 წლის ელენე საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის გიმნაზია-პანსიონიდან 30 ნოემბერს ღამის 10 საათზე გამოიქცა. გოგონას ფეხზე ეცვა ოთახის ფოსტლები, რომლებიც გზაში დაკარგა. როგორც ის ამბობს, თითქმის ორი კილომეტრი ირბინა ფეხით. ბოლოს გოგონას მანქანით დაეწიენ და უკან დააბრუნეს.

ელენე მისი პირობითი სახელია. ამბობს, რომ 30 ნოემბერს, როცა გიმნაზია-პანსიონიდან გამოიქცა, ძალიან ბნელოდა და თავსხმა წვიმაც მოდიოდა, მაგრამ მას არც სიცივე უგრძვნია და არც შიში. „გზაში ფოსტლებიც დავკარგე, მაგრამ მაინც არ მციოდა, ფერიის სასაფლაომდე ვირბინე, ორი თუ სამი კილომეტრი იქნება. მერე მანქანა დამეწია და უკან წამიყვანეს. მერჩივნა ქუჩაში გამეთია ღამე, მაგრამ ხელი მომკიდეს და შემაგდეს მანქანაში“, –  ყვება ელენე.

ეს არ არის მხოლოდ ელენეს მონათხრობი ამბავი. „ბათუმელების“ რედაქციას მოეპოვება 26-წუთიანი აუდიოჩანაწერი (ეს ჩანაწერი ელენეს არ გაუკეთებია, რისი დადასტურება ჩანაწერითაც არის შესაძლებელი), რომელიც ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის გიმნაზია-პანსიონში 30 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს ასახავს.

ჩანაწერი იწყება ყვირილით. ხმა ეკუთვნის ეთერ მახარაძეს, როგორც ელენე ამბობს,  –  ეთო ძიძას. ის ელენეს უყვირის, თუ რა უფლებით ჭორაობს ბავშვებთან მასზე. ელენე უხსნის, რომ ის არ ჭორაობს და, უბრალოდ, ბავშვებს იმის შესახებ მოუყვა, რაც მანამდე ითქვა მასსა და ძიძას შორის (ეთერ მახარაძის თქმით, რასაც ელენეც ადასტურებს, ელენეს პრობლემები ჰქონდა გახანგრძლივებულის პედაგოგთან და ძიძა მასთან დასალაპარაკებლად მხარდაჭერას დაჰპირდა). დიალოგი ოთახში მიმდინარეობს ყვირილით, მოზარდის ტირილის თანხლებით.

ეთერ მახარაძე:  კაი გითხარიიი – მაგრამ ვერ ხვდები ამ დებილ თავში… რააა გატირებს.

ელენე: გაიწიეეე, მეშინიაააა, ნუ მიბრიალებ თვალებს. გაიწიე უკან, გამიშვი, გამიშვი, ხელი გამიშვი.

ეთერ მახარაძე: გააჩერე ენა. შენ საცოდავო.

ელენე: საცოდავი ვარრრ, დამანებე თავი, ნუ მიყვირი, გამიშვი, გამატარე…

ეთერ მახარაძე: არ გახვალ გარეთ. მასე დედაშენს დაეჯღანე, დედაშენი რომ მოდის და ტირის, ჩემს შვილს მოეხმარეთო…

ელენე: დედაჩემს ნუ დასცინი, ნუ ლანძღავ, ახლა გული გამისკდება, გამიშვიიი.

ეთერ მახარაძე: ისტერიკებს ნუ აწყობბბ!

ელენე: მე ისტერიკას არ ვაწყობ, ცუდად ვარ და იმიტომ ვტირივარ. დერეფანში რატომ არ მიშვებ… ნუ მირტყამ, ხელი არ დამაკარო…

ეთერ მახარაძე: ხელს არავინ არ გაკარებს. რა გინდა, გეკითხები? ადამიანურად გექცეოდი, შენ მაინც ცუდად მოიქეცი.

ელენე: გამიშვი გარეთ, თორემ ფანჯრიდან გადავალ.

ეთერ მახარაძე: გადახტი მერე.

ელენე გარბის დერეფანში, ისმის მისი ტირილი და კიბეებზე ჩარბენის ფეხის ხმა.

  • რა უნდა ელენეს

ელენე ამბობს, რომ მათთან ბევრი კარგი მასწავლებელი მუშაობს. ზოგთან თვითონაც მეგობრობს. ძიძები კი, რომლებიც მათთან ერთად დღე-ღამის განმავლობაში მორიგეობით რჩებიან, არც თუ ისე კარგები არიან. სადამსჯელო ღონისძიებებიც ძირითადად ძიძებს უკავშირდება, ყოველ შემთხვევაში, ელენე ამბობს, რომ ასეა.

მაგალითად, ის ყვება ორი წლის წინ, დასჯის მიზნით, ოთახში როგორ გამოკეტეს და საშობაოდ მისულ სტუმრებთან გასვლის უფლება არ მისცეს. „ამის გამო ერთ გოგონას გული წაუვიდა და მერე ექიმმა ძლივს მოასულიერა“. ყვება იმას, თუ რა მოხდა, როდესაც „სუხიშვილების ანსამბლის მთავარი სოლისტი თეა დარჩია იყო მათთან ჩამოსული და რა მოხდა, როცა ის წავიდა – ერთ-ერთმა ბავშვმა იტირა და გონება დაკარგა. „ამის გამო, თუ რა მიზეზით არ ვიცი, ეს ბავშვი სამი საათის განმავლობაში მარმარილოზე დააწვინეს“. ყვება იმასაც, თუ პანსიონის მოქმედი ფსიქოლოგი როგორ ემუქრება ბავშვებს „კალამის გადაყლაპებით“, როგორ წაართვეს ნათლიის ნაჩუქარი ტელეფონი გაკვეთილზე და გადაუგდეს ნაგვის ურნაში; და იმასაც, რომ „ის და მისი მეგობრები ასევე სამი საათის განმავლობაში მუხლებზე როგორ ჰყავდათ მარმარილოზე დაჩოქილები“.

ელენეს თქმით, ის აქამდეც არაერთხელ გაუფრთხილებიათ, რომ თუ სხვანაირად არ მოიქცევა, მალე ყველას გიჟი ეგონება. „თუმცა, „30 ნოემბერი„ წელს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ყველაზე მძიმე სტრესი მივიღე“.

ელენეს მიერ ჩამოთვლილი ფაქტების ნამდვილობას – მუხლებზე დაჩოქებასა და სხვა ძალადობაზე, „ბათუმელებთან“ სხვა ბავშვებიც ადასტურებენ. ზოგი მათგანი უკვე წავიდა პანსიონიდან, ზოგი უცხოეთში წასასვლელად ემზადება, ზოგი კი ისევ პანსიონში ცხოვრობს.

„ისედაც ვოცნებობდი წამოსვლას, მაგრამ ვფიქრობდი, რომც წამოვსულიყავი, დედაო მაინც მომცემდა ინგლისურზე სიარულის უფლებას. ძალიან ვიკავებდი თავს, რომ კონფლიქტი არ მომსვლოდა აღმზრდელებთან, მაგრამ მაინც დამემართა. ახლა არ ვიცი, დედაო მომცემს თუ არა ამის უფლებას, არადა, ის ფულს ჯგუფისთვის იხდის და არა ცალკეული ბავშვისთვის“, – ამბობს ელენე, რომელიც ირწმუნება, რომ კარგად სწავლობს ინგლისურს, ცუდად – ფიზიკას, უჭირს ქიმიის გაგება, განსაკუთრებით მუსიკა უყვარს და მასწავლებელ გოგიტა ბურჭულაძის ორგანიზებით შექმნილ ბენდში მღერის: „გოგიტა მასწავლებელმა ადრე მითხრა, აქედან რომც წახვიდე, მე მაინც გამეცადინებო. ფიქრობს, რომ ნიჭი მაქვს და არ დაგაკარგვინებო. ბათუმში, მესამე სკოლასთან ამეცადინებს ბავშვებს. 14 დეკემბერს კონცერტი გვაქვს.“

თუ დედას დაითანხმებს, ელენეს ძალიან უნდა პანსიონიდან წამოსვლა: „გაზაფხულზე 16-ის ვხვდები. მოქალაქის უფლებებში ვისწავლეთ, რომ 16 წლის ბავშვს შეუძლია იმუშაოს. ჰოდა, მეც ვიმუშავებ“.

  • რას აპირებს ელენეს დედა

ელენეს დედა 60 წლისაა. მარტოხელა დედის სტატუსი და დაბალანაზღაურებადი სამუშაო აქვს, ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში, ამიტომ შიშობს, რომ ვერ შეუცვლის შვილს იმას, რასაც სკოლა-პანსიონი ელენეს სთავაზობს: „პანსიონში კაი კვებაა, კაი სწავლა… ვფიქრობდი, ბავშვს არაფერი მოაკლდება – სითბო, სიხარული, სწავლა, განათლება… ბენდი აქვთ ჩამოყალიბებული, გოგიტას ძალიან მოსწონს ჩემი შვილი, მაგრამ აი აგერ რა დღეში ჩავვარდი. რომ წამოვიყვანო, მოაკლდება მუსიკას, მოაკლდება ბრიტანულ სკოლას, სადაც ინგლისურს ასწავლიან, მეორე კლასიდან იქ სწავლობს, კლასელებს ჩამოშორდება. ესეც რომ არ იყოს, ცუდი პირობები მაქვს, ხვალ სად ვიქნები, არ ვიცი.

ჩემი შვილი რატომ უნდა წამოვიდეს პანსიონიდან, წამოვიდეს ის მსაჯული, ძიძა, ან მიიღოს მკაცრი გაფრთხილება, ან ხელწერილი ჩამოერთვას. ერთიც არის, ფარული კამერები რატომ არ აქვს დედაოს დამონტაჟებული. მე ასე მეჩვენება, რომ პანსიონში ძიძები და მასწავლებლები სრულიად უკონტროლოდ არიან“.

  • ბავშვთა გიმნაზია-პანსიონის პოზიცია

ეთერ მახარაძე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ელენე პანსიონიდან მართლაც გაიქცა ღამის საათებში. ის „ბათუმელებთან“ ირწმუნება, რომ ელენე პრობლემური ბავშვია და 30 ნოემბერსაც ერთადერთი იმაზე ელაპარაკა, რომ აუცილებლად უნდა ისწავლოს:

„მას პრობლემები შეექმნა გახანგრძლივებულის მასწავლებელთან. მე ვუთხარი, რომ გაგყვები და დაველაპარაკოთ-მეთქი. დახმარება შევთავაზე. მან არასწორად გაიგო. ზოგადად, მას პრობლემები ბევრთან აქვს. ეტყობა ეს ყველაფერი დიდ ხანს გროვდებოდა და როგორც ჩანს, ჩემთან ამოხეთქა, მე შევრჩი ხელში.

ინგლისურს არ სწავლობს, დედამისი როცა მოდის, სულ გვთხოვს, რომ ყურადღება მივაქციოთ. ურეკავდნენ მაგის გამო დედამისს, როგორც ვიცი, მაგრამ თქვა, ვმუშაობ და ვერ ამოვალო. იმას კი არ ვამბობ, მართლა ძალიან ყურადღებიანი დედა ჰყავს. ეტყობა ბავშვი იმაზეც გაღიზიანდა, რომ დედამისი არ აკითხავს და ამან ყველაფერმა ამოხეთქა და მე გადამატყდა თავზე. არადა, კარგის მეტი არაფერი გამიკეთებია მაგ ბავშვისთვის, ჩვენს ხელში გაიზარდა, სულ ვეფერებოდით და ისე გავზარდეთ“.

ელენესთან დაკავშირებული სკანდალის შესახებ ინფორმირებულია პანსიონის სასწავლო ნაწილის გამგე, მღვდელი იოანე სიჭინავა. მან „ბათუმელებს“ განუმარტა: „ეს არის დახურული დაწესებულება და ინფორმაციაც არის დახურული, ამიტომ ამის გასაჯაროებას მიზანშეწონილად არ მივიჩნევ. ჩვენ მშობელთან გვაქვს ინტენსიური ურთიერთობა და თუ რამე პრობლემა არის, დედასთან ერთად შეგვიძლია ამის გადაწყვეტა. ვფიქრობ, კომენტარს ვერ გავაკეთებ“.

ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა გიმნაზია-პანსიონის დირექტორი – სამონაზვნე სიდონია (დარჩია) საქართველოში არ იმყოფება. ის, სავარაუდოდ დღეს დაბრუნდება ბათუმში.

  • პანსიონის რეჟიმი

ელენე თავის დღის რეჟიმზე ყვება. მას ბევრი რამ არც დღის რეჟიმში მოსწონს, მაგრამ ამას განსახილველ თემად არ მიიჩნევს:

„დღის რეჟიმი ასეთი გვაქვს – 8 საათამდე ვიცვამთ, ვალაგებთ ოთახს, ლოცვას ვკითხულობთ და 9 საათზე ავდივართ გაკვეთილზე. ცალ-ცალკეც შეიძლება ლოცვა, მაგრამ რაც უფრო მეტი ლოცულობს, უფრო კარგია. ორის ნახევარზე მორჩება სკოლა, მერე ნახევარი საათი ჭამ, კბილებს გამოიხეხავ, აიღებ წიგნებს და 6 საათამდე წახვალ გახანგრძლივებულში.

გახანგრძლივებულში თითო კლასს თითო მასწავლებელი გვყავს. პატარა ბავშვებს ეხმარებიან, ჩვენ ვსწავლობთ ჩვენით, ჩავაბარებთ და მასწავლებელი მონიშნავს პლუს-მინუსს. საბოლოო ჯამში, გახანგრძლივებულის მასწავლებელს მონაცემები შეაქვს დედაოსთან და აჩვენებს მთელი წლის განმავლობაში ვინ რას აკეთებდა. ამაზეა დამოკიდებული ვინ დარჩება პანსიონში და ვინ წავა. ჩემი კლასიდან, მაგალითად, შარშან ექვსი ბავშვი გაუშვეს.

დღე მთავრდება 10:30 წუთზე, ამ დროს უკვე ლოგინებში ვართ.

რაც შეეხება დასვენების დღეებს, შაბათს ლოცვა გვაქვს ღამისთევით, – 12-ის ნახევარზე იწყება და ორ საათზე მთავრდება. იმიტომ ატარებს მამაო წირვას ღამით, რომ დილით ადგომა არ მოგვიწიოს. წირვაზე დასწრება სავალდებულოა. ერთ შაბათ-კვირას გვაქვს სახლში წასვლის უფლება, მეორე შაბათ-კვირას ლოცვაზე ვრჩებით.

სულ 50 ძიძა გვყავს, ბავშვები, მგონი 116 ვართ. ყველა ჯგუფს თავისი ძიძა ჰყავს. არიან ჩვილები, მერე ხუთწლიანები, შვიდწლამდელები, შუათანები და დიდები. ყველას ჰყავს სამ-სამი ძიძა, ისინი ერთმანეთს ენაცვლებიან – ცვლაში მუშაობენ“.

კონკურსი ქობულეთის მუნიციპალიტეტში

 

 

თითოელი კონკურსანტისთვის 60 კითხვაა გათვალისწინებული, რომლისგანაც განყოფილების უფროსობაზე ბარიერი 60 %-ია, თანაშემწეებსა და ტერიტორიულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებზე- 55%, ხოლო მთავარ და წამყვან სპეციალისტებზე – 50%.

 

ტესტირება საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით ბათუმში, რუსთაველის ქ. N53-ში მდებარე საზღვაო აკადემიის შენობაში ჩატარდება.

 

კონკურსის მე-3 ეტაპის – გასაუბრების ჩატარების თარიღისა და დროის შესახებ კონკურსანტებს 2 დღით ადრე ეცნობებათ.

ტესტირების შედეგების გაპროტესტება შესაძლებელია სსიპ იუსტიციის სასწავლოცენტრში ტესტირების ჩატარებიდან 1 დღის ვადაში.

 

 

 

მდინარე ჭოროხიდან ქვიშა-ღორღის ლიცენზიის გარეშე მოპოვებასთან დაკავშირებით, ქრთამის მიცემის ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავეს

 

 

აღნიშნულმა პირებმა, 18 დეკემბერს თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსს წინასწარ გადასცეს მოთხოვნილი თანხის 20% – 20 000 აშშ ამერიკული დოლარი.

 

გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

 

გამოძიებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

 

ჩაის მუზეუმის განუხორციელებელი იდეა

 

ლაო ჯონ ჯაოს სახლი ჩაქვში ლაო ჯონ ჯაოს სახლი ჩაქვში

“საუფლისწულო ჩაი” – ასე ეწოდებოდა ცარისტული რუსეთის დროს ჩაქვში მოყვანილ ჩაის, რომელიც ლაო ჯონ ჯაოს, ჩინელი მეწარმის სახელს უკავშირდებოდა. 23 წლის ლაო ჯონ ჯაო ჩაქვში 1893 წლის ნოებერში ჩამოვიდა რუსი ვაჭრის, პოპოვის მოწვევით, რომელიც ჩაის მოშენებას აპირებდა. იგი ჩაქვში 30 წელი ცხოვრობდა. მის სახელს უკავშირდება ჩაის ნერგების ორანჟერეისა და ჩაის გადამამუშავებელი პირველი მცირე ფაბრიკის შექმნა. ლაო ჯონ ჯაო იყო პოპოვის მამულების სრულუფლებიანი მმართველი, მოგვიანებით კი საკუთარი ჩაის ქარხანაც გახსნა.

ლაო ჯონ ჯაოს მიერ ჩაქვში მოყვანილი ჩაი საუკეთესოდ ითვლებოდა რუსეთის იმპერიაში, დავით კლდიაშვილი წერს, რომ ჩაი კარგი გემოსა და ფერის იყო და არაფრით ჩამოუვარდებოდა ჩინურ ჩაის. 1900 წელს პარიზში, მსოფლიო გამოფენაზე, ლაო ჯონ ჯაოს მიერ ჩაქვში მოყვანილ ჩაის ოქროს მედალი მიანიჭეს წარწერით – “კავკასიის ჩაი მსოფლიოში საუკეთესოა”.

ლაო ჯონ ჯაო
ლაო ჯონ ჯაო

1926 წელს ლაო ჯონ ჯაო ჩინეთში დაბრუნდა. სახლი, რომელშიც იგი მრავალსულიან ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, საბჭოთა ხელისუფლებას დარჩა. მიუხედავად იდეისა, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებულ სახლში ლაო ჯონ ჯაოს მუზეუმი, ან მისი სახელობის ჩაის მუზეუმი უნდა გახსნილიყო, სახლი ახლაც მიტოვებულია. სახლის მახლობლად მცხოვრებნი ამბობენ, რომ სახლი წლების მანძილზე იძარცვებოდა, ისე, რომ საბოლოოდ, კარის, ფანჯრის ჩარჩოებისა და კიბის გარეშეც კი დარჩა. დაბა ჩაქვის გამგებელი, გიორგი ქებულაძე ამბობს, რომ შენობა წლებია უპატრონოდაა მიტოვებული, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ აღირიცხება და, შესაბამისად, მისი მოვლა-პატრონობისთვის არც თანხაა გათვალისწინებული.

„წლების წინ საუბარი იყო, რომ ამ შენობაში ჩაის მუზეუმი გაიხსნებოდა. აქ რამდენიმე ოჯახი იყო შესახლებული და ამის გამო გამოასახლეს. შენობა ძალიან შეიცვალა. ადრე, მახსოვს, კრამიტის სახურავი ჰქონდა, გარედან ახლა ბათქაში აქვს, ადრე სხვანაირი იყო”, – ამბობს გიორგი ქებულაძე.

ლაო ჯონ ჯაოს სახლი მე-20 საუკუნის 10-იან წლებში. სერგეი პროკუდინ-გორსკის ფოტო

ლაო ჯონ ჯაოს სახლი მე-20 საუკუნის 10-იან წლებში. სერგეი პროკუდინ-გორსკის ფოტო

ლაო ჯონ ჯაოს პირადი ნივთების ნაწილი აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელწიფო მუზეუმშია დაცული. როგორც მუზეუმის ისტორიის განყოფილების მეცნიერ-მუშაკი, მაყვალა გოგუა ამბობს, მათი ნაწილი ფონდებშია დაცული, ნაწილი კი გამოფენილია: „ეს არის მისი წყვილი ქოში, ქუდი, რომელსაც ჩაიში მუშაობისას იყენებდა, ჩაის სხვადასხვა ნიმუში, ვაზები… ყველაზე ძვირფასია ის, რასთანაც მას ჰქონდა უშუალო შეხება, მისი პირადი ნივთები, რომლებიც ოჯახში ინახებოდა. ადრეც ვამბობდი და სტატიაში – „ჩაის კულტურის განვითარების ისტორიიდან აჭარაში“ (მუზეუმის მაცნე III) – მაქვს მოხსენიებული, რომ კარგი იქნება, თუ ჩაქვში ეს სახლი იქნება მისი სახლ-მუზეუმი, რადგან ამ ადამიანმა ჩაუყარა საფუძველი ჩაის კულტურის განვითარებას აჭარაში და პირველი გადამამუშავებელი ფაბრიკების შექმნას, სადაც გამოდიოდა ხარისხიანი ჩაი, რომელმაც ბევრი პრიზი აიღო საერთაშორისო გამოფენებზე”.

ლაო ჯონ ჯაოს უმცროსი შვილი ქართველ ქალზე იყო დაქორწინებული. ლაოს შვილიშვილი ლიუ ყანდარელი ამჟამად თბილისში ცხოვრობს, მედიის საშუალებით მას არა ერთხელ გამოუთქვამს ლაო ჯონ ჯაოს მუზეუმის გახსნის სურვილი.

ჩაქვში მუზეუმის გახსნის იდეის მომხრეა ბიძინა აფხაზავა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უფროსის მოადგილე. მისი თქმით, ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში აჭარას კიდევ ერთი საინტერესო მუზეუმი შეემატებოდა.

“მზაობას, როგორც მახსოვს, გამოხატავდნენ ოჯახის წევრებიც, თუმცა მუზეუმის გახსნის იდეა კულტურის სამინისტრომ უნდა დააყენოს. თანხაზეა ეს დამოკიდებული, აქვე არის მეორე თემაც – შესაძლებელი იქნება თუ არა ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმიდან ნივთების გადატანა, თუმცა მთავარია კულტურის სამინისტრომ დაძრას ეს საკითხი.”

ერთ-ერთი ოთახის იატაკი
ერთ-ერთი ოთახის იატაკი

მუზეუმის შექმნის იდეას საინტერესოდ მიიჩნევს ზვიად ელიზიანიც, საერთაშორისო ბიზნესის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი. მისი თქმით, მსგავსი მუზეუმი ტურისტული კუთხით საინტერესო იქნება: “შენობას გააჩნია საინტერესო ისტორია, წარმოადგენს ჩინელი მეწარმის სახლს, რომლის სახელსაც უკავშირდება აჭარაში ჩაის წარმოების განვითარება – შესაბამისად, შეიძლება ამ ისტორიის კარგად შეფუთვა და მიწოდება ტურისტებისთვის. შენობას გააჩნია კარგი მდებარეობა – ზღვის სანაპირო, ცენტრალურ გზისპირას, სადაც სეზონის დროს მრავალი ტურისტი გაივლის. თუ მუზეუმის გახსნა დაიგეგმება, გამოყენებული უნდა იქნეს მუზეუმების მოწყობის თანამედროვე მიდგომები. აუცილებელია, რომ მუზეუმში იყოს კაფე, ჩაის სახლი – სადაც როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ჩაის მრავალფეროვანი ასორტიმენტი იქნება წარმოდგენილი. ზღვისპირას კი შესაძლებელია ტერასის გაკეთება, რომელიც კაფეს გაგრძელება იქნება”.

ტერასა ლაო ჯონ ჯაოს სახლს უკვე აქვს, მართალია, ნახევრად მოშლილი და ბალახით დაფარული, მაგრამ ზღვის ხედით და ბილიკით, რომელიც სახლს ზღვისგან 20 მეტრით თუ აშორებს. ზვიად ელიზიანი ამბობს, რომ მსგავსი მუზეუმი შეიძლება იქცეს ტურისტული კომპანიების მარშრუტების კულტურულ-ისტორიული ტურის ნაწილად: „ტურისტულ კომპანიებს მუზეუმი შეუძლიათ გამოიყენონ როგორც ერთ-ერთი გაჩერება, სადაც გარდა მუზეუმის მონახულებისა, შესაძლებელი იქნება ლანჩის ორგანიზება და სხვადასხვა ტიპის ჩაის დაგემოვნება. მაგალითად, ღვინის სახლებში არის ღვინის დეგუსტაცია, და ჩაის მუზეუმის კაფეში შესაძლებელია ჩაის დეგუსტაცია ან ჩაის მომზადების ტრადიციული რიტუალის ორგანიზება. ესეც დამატებითი შემოსავლის წყარო იქნებოდა მუზეუმისთვის.”

ზვიად ელიზიანის აზრით, ჩაქვში ჩაის მუზეუმი შესაძლოა სახელმწიფო ან კერძო ინვესტიციით გაკეთდეს და შესაბამისი მოლაპარაკების შემთხვევაში, შესაძლებელია ჩინური მხარეც (საელჩოს მეშვეობით) დაინტერესდეს შენობის აღდგენით: „სხვა ქვეყნებში ისტორიულ, სხვადასხვა ცნობილ პიროვნებასთან ან ამბავთან დაკავშერებულ შენობებს, ტურისტული კუთხით ხშირად იყენებენ” – ამბობს ზვიად ელიზიანი.

საახალწლო წარმოდგენები ბათუმის ცირკში

 

 

 

 

 

რუსეთის, უკრაიანისა და საქართველოს თანამშრომლობით შემდგარ საცირკო წარმოდგენებს მაყურებელი დღის 3 საათზე იხილავს.

 

ბილეთის ფასი 7, 8 და 9 ლარი იქნება.

 

მისამართი: ბათუმი, ბარათაშვილის 2

ტელეფონი: 599 68 02 23

საახალწლო ღონისძიებები ბათუმში

 

 

31 დეკემბერს, ბათუმის ევროპის მოედანზე გრანდიოზული საახალწლო კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ნინო ქათამაძე, ჯგუფი ინსაითი, ნიკოლოზ რაჭველი და სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი.

გარდა ამისა ახალი წლის დღეებში, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი სპეციალურ მარკეტინგულ ღონისძიებას ახორციელებს. პროექტი სახელწოდებით – „უპრეცედენტო ფასდაკლებების სეზონი აჭარაში“ არასეზონურ პერიოდში შიდა ტურისტების მოზიდვასა და კერძო სექტორის სტიმულირებაზეა ორიენტირებული.

 

25 დეკემბრიდან 1 მარტამდე აჭარაში ჩამოსულ სტუმრებს, რეგიონის ტურისტულ ობიექტებში შეეძლებათ 30%-დან 50%-მდე ფასდაკლებებით სარგებლობა. პროექტი მოიცავს როგორც სასტუმროებს, მათ სერვისსა და პროდუქტს, ასევე სხვადასხვა ტურისტულ ობიექტებში ფასდაკლებებს, უფასო კონცერტებსა და კულტურულ ღონისძიებებს.

 

ფასდაკლებების სეზონში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ იხილონ სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდი და ინფორმაციის მიღებასთან ერთად ისარგებლონ არსებული შემოთავაზებებით.

 

ბათუმში უსახლკარო ადამიანებისათვის თბილ ტანსაცმელს აგროვებენ

 

აქციის ორგანიზატორებია  Sunshine Charity Organization & Dorotea Parkeli Charity Fund.  საკონტაქტო პირი: ედიშერ მჟავანაძე (ტელ: 557 725 775) 

 

მსგავსი აქცია ბათუმში ერთი წლის წინაც გაიმართა. აქციის ერთ-ერთი ორიგანიზატორი იყო სტუდენტი ედიშერ მჟავანაძე. 2013 წელს მოხალისეების ჯგუფი ყველაზე ცივ ამინდში, ღამით, გათენებამდე, ბათუმის ქუჩებში დარჩა, რომ უსახლკარო ადამიანებისთვის გაეწიათ დახმარება საჭიროების შემთხვევაში. 

 

“ბათუმელების” სტატია ამ თემაზე იხილეთ ბმულზე: ბათუმში ღამით მოხალისეების ჯგუფი მიუსაფარ ადამიანებს დაეხმარება

სტუდენტის საჩივარი დაკმაყოფილდა – უნივერსიტეტში დეკანის არჩევნების მეორე ტური დაინიშნა

 

ბათუმის უნივერსიტეტში დეკანის არჩევნები დეკემბერში სამ ფაკულტეტზე ჩატარდა. მათგან მხოლოდ ერთ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე იყო კონკურენცია, სადაც ორი კანდიდატი, ირაკლი მანველიძე და დეკანის მოვალეობის შემსრულებელი ქეთი ბერიძე იყო. 


ფაკულტეტზე არჩევნები ჯერ 12 დეკემბერს, განმეორებით კი 15 დეკემბერს ჩატარდა. პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, რადგან ხუთი ბიულეტინი გაბათილდა, ამის გამო ორი კანდიდატიდან ვერც ერთმა ვერ მოიპოვა საჭირო რაოდენობის ხმები, მეორე ტურში კი საფაკულტეტო საბჭოს 15-ვე წევრმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და დეკანის არჩევნებში გამარჯვებული რვა ხმით შვიდის წინააღმდეგ ირაკლი მანველიძე გახდა.


დეკანის არჩევნებში სასურველ კანდიდატს ხმას ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტები აძლევენ. ერთ-ერთი მათგანია სტუდენტი გიორგი ბოლქვაძე, რომელმაც არჩევნების დასრულების და ირაკლი მანველიძის გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მის მიმართ არჩევნების პროცესში ზეწოლა განხორციელდა  ირაკლი მანველიძის მხრიდან და საარჩევნო ბიულეტენის გაუქმება მოითხოვა. 

თავად ირაკლი მანველიძე სტუდენტის ბრალდებას აბსურდს უწოდებს. 

 

საარჩევნო კომისიაში საჩივარი დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა, ქეთი ბერიძემაც შეიტანა, თუმცა 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით, კომისიამ არ დააკმაყოფილა საჩივარში მითითებული მოთხოვნები. 

 

ბსუ-ს საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქმის მასალები სათანადო რეაგირებისთვის უნივერსიტეტის ეთიკის კომისიას და საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნებათ, დეკანის განმეორებითი არჩევნები კი 22 დეკემბერს გაიმართება. 

კონკურსი სამეცნიერო ბანაკის მონაწილეთა გამოსავლენად

 

კონკურსში მონაწილეობისთვის ასამდე მეცხრეკლასელია რეგისტრირებული, რომელთა ბოლო სამი წლის წლიური შეფასებები დამრგვალების გარეშე 10 ქულას შეადგენს.

 

კონკურსის 12 გამარჯვებული ეყოლება, რომლებიც ტესტირებაში მაქსიმალური 60 ქულიდან საუკეთესო შეფასებებს მიიღებენ.


აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის სამეცნიერო ბანაკი ერთ-ერთია მსოფლიოს ოთხ სამეცნიერო ბანაკს შორის, დანარჩენი სამი კი აშშ-ში, კანადასა და ბელგიაშია განლაგებული. ბანაკის მიზანია ახალგაზრდების მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესების ხელშეწყობა.

პრევენციის ეროვნული მექანიზმი ბათუმის ციხეში ვიზიტის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

 

  

პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ პატიმართა დისციპლინური პასუხისმგებლობის შემთხვევების რაოდენობა სექტემბერ-ოქტომბრის თვეში მკვეთრად გაიზარდა. “შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში დისციპლინური სახდელის სახით გამოყენებულია სამარტოო საკანში მოთავსება. პრევენციის ეროვნული მექანიზმის შეფასებით სამარტოო საკანში არსებული პირობები ლახავს ადამიანის ღირსებას. სამარტოო საკანში არ ფუნქციონირებს ვენტილაცია, არის წყლის მიწოდებისა და შესაბამისად სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის პრობლემა, რის გამოც საკანში დგას აუტანელი სუნი. პატიმრებს არ ეძლევათ ლეიბი და თეთრეული და პირიდაპირ უწევთ ნარებზე წოლა. დაწესებულებაში 16 საკანში ხორციელდება პატიმრების ელექტრონული მეთვალყურეობა. დაწესებულების ადმინისტრაცია ფსიქიკური აშლილობის, თვითდაზიანების ან აგრესიული ქცევის შემთხვევაში პატიმრის მიმართ იყენებს, როგორც თავად უწოდებენ, „ანტივანდალურ საკანს“.

 

კერძოდ – “დაწესებულებაში არის ვენტილაციის და წყლით მომარაგების პრობლემა, რიგ საკნებში პატიმრებს არ აქვთ ტელევიზორი და რადიო მიმღები, დაწესებულებაში არ მოქმედებს არცერთი სარეაბილიტაციო პროგრამა და დაწესებულების გახსნის დღიდან დღემდე არც რაიმე სპორტული და კულტურული ღონისძიება გამართულა, დაწესებულებაში არსებულ მაღაზიაში გასაყიდი პროდუქციის სიმწირეა. აღმოსავლეთ საქართველოდან გადმოყვანილ პატიმრებს ექმნებათ ოჯახთან და ადვოკატთან კავშირის შენარჩუნების პრობლემა.

 

მონიტორინგმა ასევე გამოავლინა, რომ დაწესებულებაში არის სამედიცინო მომსახურების მიწოდებასთან, ასევე სამედიცინო პერსონალის დამოუკიდებლობასა და კომპეტენციასთან დაკავშირებული პრობლემები. სამედიცინო პერსონალი არ ახორციელებს პატიმრების სხეულზე არსებული დაზიანებების და დაზიანების წარმოშობის მიზეზების სრულყოფილ დოკუმენტირებას. ხშირ შემთხვევაში დარღვეულია სამედიცინო შემოწმების კონფიდენციალურობა.”

 

ანგარიშის სრული ვერსიის სანახავად, გადადით ბმულზე.

ფოტოკლუბი – გორელოვკა ბათუმში

 

 

 

სოფლად ფოტოკლუბების შექმნის იდეის ავტორი ფოტოხელოვანი ნათელა გრიგალაშვილია, რომელმაც პროექტის განხორციელება ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით, ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკაში დაიწყო.

 

პროექტის „სოფლის ფოტოკლუბი – გორელოვკას“ ფარგლებში შეირჩა ფოტომოყვარულები და ჩამოყალიბდა ფოტოკლუბი, რომელშიც გაერთიანდა 15-დან 62-წლამდე ასაკის ქართველი, რუსი და სომეხი ეროვნების 12 ადამიანი. მონაწილეებს დაურიგდათ ფოტოაპარატები.


ფოტოხელოვანებმა, თეა სოსელიამ და ნათელა გრიგალაშვილმა პროექტის მონაწილეებს ვორკშოპები და სემინარები ჩაუტარათ; მოეწყო ფოტოტურები. გადაღებების დროს პროექტის მონაწილე სოფლის მოსახლეობას უწევდა ერთად მოგზაურობა მახლობელ სოფლებში, რომლის დროსაც უკეთ გაიცნეს ერთმანეთი და დაახლოვდნენ.

ფოტოკლუბის წევრების მიერ გადაღებული და შეკრებილი მასალებიდან მომზადდა და დაიბეჭდა ფოტოალბომი და ღია ბარათები ფოტოკლუბის წევრთა საუკეთესო ნამუშევრებით.


ფოტოკლუბის ჩამოყალიბების მთავარი მიზანი მოსახლეობისთვის ფოტოხელოვნების გაცნობა და ამის მეშვეობით აქ მცხოვრები სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნოების ადამიანების ერთმანეთთან დაახლოებაა.

ყოფილი მოჭიდავე რაგბის მოედანზე

 

არჩილ დავითაძე

 

არჩილ, როდის დაიწყო თქვენი კარიერა რაგბში?


რაგბში გასული წლის ზაფხულიდან ვარ, მანამდე ვჭიდაობდი. ბავშვობიდან ვჭიდაობ და ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებშიც ვიყავი თავისუფალ ჭიდაობაში. ერთხელ ვიყავი კადეტების ჩემპიონი, იქიდან ბაქოში სალიცენზიო ტურნირები ვიჭიდავე. დიდი მიღწევებით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ საერთაშორისო ტურნირებზე მაქვს რაღაც წარმატებები. ხარკოვში საერთაშორისო ტურნირზე ვიჭიდავე, საქართველოს პრიზიორობის შემდეგ პირველი შედეგი საერთაშორისო ტურნირზე იქ მოვიპოვე. იმის მერე მეგობრების რჩევით მოვედი რაგბში. რაგბისადმი ინტერესი ისედაც მქონდა, ვგულშემატკივრობდი ჩვენს ნაკრებს, მაგრამ მორაგბეობაზე არასდროს მიფიქრია. ერთხელ ვითამაშე და დავინტერესდი. რაგბს ახასიათებს მეგობრობა, ერთმანეთის გვერდში დგომა, რამაც შემაყვარა ეს სპორტი. ჭიდაობის გაგრძელებას აღარ ვაპირებ. ისე ჩავერთე რაგბში, ცხოვრების წესად მექცა. ჩემი მიზნები, სამომავლო გეგმები რაგბთან არის დაკავშირებული.

სამომავლოდ როგორ ხედავთ რაგბში თქვენს თავს?


ამ მცირე დროში მივაღწიე იმას, რომ ბათუმის უმაღლესი ლიგის ღირსებას ვიცავ და ბათუმის დროშისა და გერბის ქვეშ ვთამაშობ. უმაღლეს ლიგაში ასპარეზობა რომ დავიწყე, ჯერ წარმოუდგენელი მეგონა, მაგრამ ახლა უფრო მეტი მინდა _ დავიცვა საქართველოს ღირსება ეროვნული ნაკრების გერბისა და დროშის ქვეშ.

21 წლისამ დაიწყეთ „ბათუმში” თამაში, რამდენად შესაძლებელია ამ ასაკში უმაღლეს ლიგაში მოთამაშე კლუბში მოხვედრა?


რაგბის თამაშის სურვილი თუ ვინმეს გაუჩნდა, უნდა მივიდეს მოედანზე და ითამაშოს. მაგრამ ყველა ვერ უძლებს იმ ფიზიკურ დატვირთვას, შეჯახებას უმაღლეს ლიგაში, სადაც ყველა ჩამოყალიბებული და პროფესიონალი მორაგბეა.
სანამ „ბათუმში” მოვიდოდი, მანამდე საზღვაო აკადემიის გუნდ „დელფინებში” ვითამაშე ორი თვე, მერე გუნდი დაიშალა. „ბათუმში” ჯერ დუბლებში დავიწყე თამაში, სადაც თამაშობენ დამწყები მორაგბეები სხვა გუნდების დუბლებთან გამოცდილების მისაღებად. იქ თამაშობენ ასევე ისეთი სპორტსმენები, რომლებიც ტრავმების შემდეგ რეაბილიტაციას გადიან, რადგან პირდაპირ უმაღლეს ლიგაში თამაში ტრავმის მერე ძნელია.

 

რა სირთულეები შეგხვედრია სპორტულ კარიერაში?

სპორტსმენის ცხოვრებაში ყოველთვის ხდება, როცა იღებ ისეთ ტრავმას, რომ სპორტის გაგრძელებაზე ფიქრიც ზედმეტია. მქონდა ასეთი მომენტი, სპორტისთვის საერთოდ რომ ვაპირებდი თავის დანებებას, მაგრამ შინაგანად გამოვნახე მოტივაცია, დამეხმარნენ მეგობრები, რომლებმაც მირჩიეს სწორი ვარჯიშები. შედეგად დღეს აღარც მახსოვს, თუ მქონდა ტრავმა.

რატომ იფიქრეთ თავის დანებება?


წელის ტრავმა მქონდა, მიჭირდა გადაადგილება, მოძრაობა. ექიმების თქმით, ტვირთის აწევა, ზურგჩანთის მოკიდებაც კი არ შეიძლებოდა. პერიოდში გული აცრუებული მქონდა, აღარ მეგონა, სპორტს სამოყვარულო დონეზეც თუ გავაგრძელებდი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჯანმრთელობაა სპორტსმენისთვის და თუ ჯანმრთელობას არ მოუფრთხილდი, დიდ შედეგზე შეუძლებელია ფიქრი. თუ კარგად ვერ მოემზადე, პასუხისმგებლობას ვერ აიღებ გუნდში მიხვიდე და ითამაშო. ტრავმაც რომ დამალო და არ გამოაჩინო, შეიძლება შუა თამაშში შეგახსენოს თავი, ეს გუნდის დაღუპვაა. მოწინააღმდეგე მცირე შეცდომასაც არ გპატიობს, ამიტომ მზად უნდა იყო ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც. მწვრთნელების თქმით, მე შემიძლია დიდი რაგბი ვითამაშო. როცა შენი გუნდის მწვრთნელი და თან მაღალი დონის გუნდის მწვრთნელი გეუბნება ამას, ეს უკვე სტიმულს გაძლევს.

ფიზიკურ მომზადებას ერთად გადიხართ გუნდი, თუ ინდივიდუალურადაც ემზადებით?

 

მე ჯერ კიდევ დამწყები ვარ და არ ვარ იმ დონის პროფესიონალი, რომ მარტო მოედანზე ერთობლივი ვარჯიში მეყოს. ძალიან დამღლელი ვარჯიშები გვაქვს, მაგრამ ვცდილობთ დასვენების დროსაც ვიაროთ ტრენაჟორებზე, რომ არ მოვდუნდეთ. გუნდი ძირითადად ერთად ვვარჯიშობთ. გვაქვს ვარჯიშები ფიტნესკლუბებში, სადაც ფიზიკურ ძალაზე ვმუშაობთ. ტექნიკური მხარის დახვეწისთვის კი ანგისის მოედანზე ვვარჯიშობთ. ვარჯიშების დროს შეიძლება რამე არასწორად გააკეთო და თუ მწვრთნელმა არ შეგისწორა ეს, ვერ შენიშნა, ტრავმას აუცილებლად მიიღებ. ამისგან თავის დაღწევაში მწვრთნელები გვეხმარებიან. ვარჯიშების გეგმას წინასწარ გვაცნობენ. დღეს რომ დაუშვი შეცდომა, გამძლეობა, ძალა არ გეყო, ამ ყველაფერს შენ თვითონაც ხვდები და მწვრთნელისთვისაც არ რჩება შეუმჩნეველი. მთელი თამაშის განმავლობაში გაკვირდება მწვრთნელი და გაძლევს შენიშვნას. შეიძლება თამაშის დროს არაფერი თქვას, მაგრამ ვარჯიშზე ყველაფერი ითქმება.

 

 

2013-2014 წლის სეზონში თამაშობდით, „ბათუმს” არ ჰქონდა საკმარისი ქულა და უმაღლესი ლიგიდან გავარდნის წინაშე იდგა. წელს პირველი წრის შემდეგ გუნდი მესამე ადგილზე იმყოფება. “ბათუმმა” ეს როგორ მოახერხა?


ბათუმის უმაღლესი ლიგა შარშან მძიმე მდგომარეობაში იყო. ფლეი ოფში დასარჩენი ორი თამაში „ბაგრატთან~ ძირითად შემადგენლობაში ვითამაშე და უმაღლეს ლიგაში ჩემი პირველი ლელოც დავდე. ბათუმში ვითამაშეთ. ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო და დიდი ემოციით შევხვდი. როცა გაიგებ, როგორია ლელოს დადება, მით უმეტეს უმაღლეს ლიგაში, სულ გინდა, რომ იქ იყო და კიდევ არა ერთხელ დადო ლელო, გაახარო ჯერ შენი თავი, მერე შენი გულშემატკივარი, გუნდის წევრები. ამ სეზონის პირველ წრეში „ბათუმი” მყარად დადგა. ზედიზედ ორგზის საქართველოს ჩემპიონი, მეორე ადგილზე მყოფი „ლელო” ახლახან დავამარცხეთ. ვერ ვიტყვით, რომ წელს უმაღლეს ლიგაში „ბათუმზე“ გამორჩეული გუნდია რომელიმე. შარშანდელ ჩემპიონ „არმიას” და პრიზიორ გუნდებს წელს დამაჯერებელი ანგარიშებით მოვუგეთ.
ხელმძღვანელობის ცვლილებამაც დიდი როლი ითამაშა. თან წელს იმ პოზიციებზე, შარშან რომ გვიჭირდა, რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე დავამატეთ, რამაც გუნდი გააძლიერა. თამაშების შემდეგ ბიჭებმაც უფრო გავუგეთ ერთმანეთს. გუნდის შეთამაშებამ, ხელმძღვანელობის მხრიდან სწორმა მიდგომამ, ვარჯიშებმა, ფიზიკური კონდიციების განვითარებამ ეს შედეგი მოიტანა.

 

პირველი წრის შედეგიდან გამომდინარე რა შეიძლება ვთქვათ, გახდება „ბათუმი~ 2014-2015 წლის სეზონის საქართველოს ჩემპიონი?

რომ გითხრათ ჩემპიონობის ამბიცია გუნდში არ არის, არ იქნება მართალი. რა თქმა უნდა, ამისთვის ვიბრძვით და ვშრომობთ. ჩვენი მიზანია პირველი ადგილია, დანარჩენი კი, ვინც თამაშობს, ის იგებს. გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ წელს გავხდეთ ჩემპიონები.

 

 

 

 

 

 

 

 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა 2014 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

 

ქვეპროგამის “დაავადებათა პრევენცია და პროფილაქტიკა” ფარგლებში საანგარიშო პერიოდში განხორციელდა გადამდებ დაავადებათა 1578 კერის ეპიდკვლევა.

 

ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, აჭარის საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ჩატარდა “ჯანმრთელობის გაკვეთილები” განხორციელდა – 320 ვიზიტი, 500 შეხვედრა, რომლებიც 16 000-მდე მოსწავლემ მოისმინა.

 

რეგიონის საჯარო და კერძო სკოლებში, საბავშვო ბაღებში, ავადობის აქტიური გამოვლენის მიზნით განხორციელდა – 424 ვიზიტი, სკრინინგი გაიარა 40197-მა ბენეფიციარმა.

 

C ჰეპატიტის დიაგნოსტირების მიზნით, სწრაფი მარტივი ტესტირება ჩაუტარდა – 2875 ბენეფიციარს. 

 

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებზე გამოიკვლიეს – 1070 ადამიანი.

 

მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობაში კიბოსა და კიბოსწინა დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა ჩაუტარდა 1619 ბენეფიციარს. განხორციელად 38 ვიზიტი.

 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2015 წლის პროგრამების ფარგლებში, დაგეგმილია სმენის სკრინინგი ახალშობილებში, რომლის მიზანია ახალშობილებში სმენის თანდაყოლილი პათოლოგიების ადრეული გამოვლენა და მართვა.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბარმენებსა და მზარეულებს უფასოდ გადაამზადებს

 

გადამზადება ორი მიმართულებით ჩატარდება: მზარეულების გადამზადების კურსები (15 ადამიანი), ბარმენების გადამზადების კურსები (10 ადამიანი).

ტრენინგის ჩატარებას უზრუნველყოფს პროფესიული მომზადებისა და განათლების ცენტრი  One World

 

მოწვეული ტრენერებია: ემილ ილურიძე (მზარეულების ტრენინგი); მაია ბარნოვი (ბარმენების ტრენინგი). 

ტრენინგის განმავლობაში გათვალისწინებულია პრაქტიკული მეცადინეობაც.

ჰობიტის დიდი მოგზაურობა

 

 „ბეჭდების მბრძანებელი“ არ არის მარტივად საკითხავი ფენტეზი. ტოლკინის სამყარო ძალიან რთული, ჩახლართული და მრავალშრიანია. რასები, ამ რასების ისტორია, ლეგენდები, უცნობი სამყარო, უცნობი ენები… აი, „ჰობიტზე“ კი რთული საკითხავი ნამდვილად არ ითქმის, მიუხედავად იმისა, რომ ბეჭდებში მოთხრობილი, დიდი და იდუმალებით მოცული თავგადასავლის დასაწყისი სწორედ „ჰობიტია“. „ჰობიტი“ ყველა ასაკის მკითხველზეა გათვლილი – ბავშვებიც და დიდებიც აუცილებლად იპოვნიან აქ რაღაც, მათთვის საინტერესოს.

 

„ბეჭდების მბრძანებლის“  დაწყება „ჰობიტის“ წაუკითხავად ალბათ არც ისე გონივრული საქციელია. რასაკვირველია, ჰობიტი მასშტაბურობითა და მრავალფეროვნებით ბეჭდებს ძალიან ჩამოუვარდება, მაგრამ ის არის ყველაფრის დასაწყისი – მშვიდი და კარგი ცხოვრების მოყვარული ჰობიტის, ბილბოს ამბავი, იმ ბილბოს თავგადასავალი, რომელმაც გაბედა და სამყაროს გადასარჩენად საშიშ მოგზაურობაში გაემართა.

 

„ჰობიტი“ არ არის მხოლოდ სათავგადასავლო წიგნი. აქ ძალიან ბევრია მეგობრობა, თავგანწირვა, ყველაფრის გადადება იმისთვის, რაც გვიყვარს –  ახლობლებისთვის, მშვიდობისთვის, ჩვენი პატარა, წყნარი კუთხეებისთვის… ბილბო ხომ თავის დიდ მოგზაურობაში, დრაკონის დასამარცხებლად, მხოლოდ თავგადასავლების წყურვილს არ წაუყვანია – პატარა ჰობიტი, ალბათ, თავისი მხარის უსაფრთხოებამაც წაიყვანა, იმ სურვილმა, რომ ჰობიტონში ყოველთვის ჰყვარებოდათ გემრიელად ჭამა, მხიარული ამბების მოყოლა, მშვიდად ცხოვრება, ყოველთვის ჰქონოდათ ერთმანეთის და გამვლელ-გამომვლელის ნდობა… მთელი წიგნის განმავლობაში ბილბო ჭიანჭველასავითაა – იმაზე ბევრად მეტ ტვირთს ეზიდება, რისი ზიდვაც, ერთი შეხედვით, შეუძლია. თუმცა, საბოლოოდ, არაფერია შეუძლებელი. საბოლოოდ, არსებობს რაღაცები, რასაც ყველაფრის დამარცხება შეუძლია, მათ შორის, უზარმაზარი ურჩხულებისა.

 

პიტერ ჯექსონის ფილმი ძალიან განსხვავდება წიგნ  „ჰობიტისგან“ –  აქ ბევრი ამბავია ჩართული, რომელიც მთლიანად რეჟისორის ხედვას ეკუთვნის, ასევე ბევრი ამბავია „ბეჭდებიდან“, რამაც ამ პატარა, მოკრძალებულ წიგნს მასშტაბურობა და ეპიკურობა შესძინა.

მოქალაქე პოლიციას საკუთრების ხელყოფასა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

თეიმურაზ თოდაძე, რომლის იურიდიული მისამართი საჩხერეა, ხოლო ბათუმში მუშაობს და დროებით ცხოვრობს, ამბობს, რომ პრობლემები 2012 წელს, მას შემდეგ დაეწყო, როცა მის სარგებლობაში არსებული 35 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მისმა მეზობელმა შემოსაზღვრა. მოქალაქის მტკიცებით, ასე დაიწყო სამეზობლო დავა, რომელშიც პოლიციის თანამშრომლები ჩაერთნენ. თეიმურაზ თოდაძემ სასამართლოში სცადა იმის გარკვევა, თუ ვისი საკუთრება იყო მიწის ნაკვეთი.

„პოლიციასთან შეხება სულ სამჯერ მქონდა, ერთხელ დამიძახა ჩემმა მოდავემ, გადავედი და დამახვედრა პოლიციელები, მათ შორის იყო პოლიციის მაღალჩინოსანი გია ლობჟანიძე, რომელმაც ტანსაცმელი წაიმკლავა, ჩემკენ წამოიწია, თუმცა მაშინ არ შემხებია, ჩემი შვილი – 24 წლის გოგო დაინახა და ეტყობა მოერიდა. მანქანით იყო მოსული.

მეორედ პატრულმა ქუჩაში გამაჩერა, მანქანაში ჩაჯდომა მიბრძანეს, სამმართველოს შენობაში მელაპარაკებოდნენ პოლიციის უფროსი და თანამშრომლები. ერთ-ერთს ხელი წელზე გაჩრილ იარაღზე ედო, ფსიქოლოგიურად მაშინებდნენ…

მესამედ პოლიციის განყოფილებაში გამომძიებელმა დამიბარა. შენობაში რომ შევდიოდი, სამორიგეოს ოთახიდან გამოვიდა პოლიციელი მალხაზ შარვაძე, ორივე ხელი ყელში ჩამავლო. შენ მე გიცნობო, ღრიალებდა… წინააღმდეგობა გავუწიე. სხვები ხედავდნენ ამას, არავინ ჩარეულა, ამ ძალადობის გამო მივმართე პროკურატურას“, – ყვება „ბათუმელებთან“ თეიმურაზ თოდაძე.

პოლიციელი, რომელსაც თოდაძე ძალადობაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ მისი ნათესავია: „დედაჩემი და მამამისი ბიძაშვილები არიან, მაგრამ ის კანონს არღვევს“.

თეიმურაზ თოდაძემ პროკურატურას გამოძიების დაწყება სთხოვა, რადგან მიაჩნია, რომ მის კუთვნილ ქონებას პოლიციის თანამშრომლები ხელყოფენ. თუმცა საჩხერის რაიონული პროკურორის, ილია გელბახიანის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში წერია, რომ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული  დანაშაულის არარსებობის გამო გამოძიების დაწყების გადაწყვეტილება არ მიიღეს.

რატომ მფარველობს პოლიცია მის მოდავეს? -ამ კითხვაზე თეიმურაზ თოდაძე პასუხობს, რომ მისი მოდავე „პოლიციის აგენტია“. ამ არგუმენტის გასამყარებლად კი რამდენიმე ამბავს ყვება: `ჩემმა მოდავემ დათვი მოკლა, როცა პოლიციაში მიიყვანეს, კაბინეტში სულ ოთხი კაცი დახვდა… ერთ-ერთმა პოლიციელმა თქვა, ვაპატიოთ ეს და ინფორმაციებს მოგვიტანსო. მაშინ ოთხი ათასი ლარით დააჯარიმეს, თუმცა ახლაც კლავს დათვებს და არავინ სჯის ამის გამო. სამაგიეროდ, თუ სოფელში ვინმე „სარისთვის“ ან გათბობისთვის შეშას მოჭრის, ამბავი იციან პოლიციაში, ყველაფერს პოლიციელებს უყვება, ხალხს აჭერინებს, ენა მიაქვს პოლიციაში…“

თეიმურაზ თოდაძე ამბობს, რომ წერილები გაუგზავნა ყველას: პარლამენტის თავმჯდომარეს, გუბერნატორს, გამგებელს, სახალხო დამცველს, იუსტიციის სამინისტროს, თუმცა ყველასგან მიღებულ პასუხში წერია, რომ პოლიციის თანამშრომლებისგან სავარაუდო ძალადობისა და მუქარის ფაქტების შესახებ გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართეს პროკურატურას. თოდაძე ამბობს, რომ თითქმის ორი წელია უშედეგოდ ცდილობს მისი მუნიციპალიტეტის დეპუტატთან, მანანა კობახიძესთან შეხვედრას: „ჩვენი დეპუტატი ადრე ადამიანის უფლებებს იცავდა, ხომ შეიძლება მოქალაქეს, რომელმაც ის აირჩია, მოუსმინოს. მინდა მოვუყვე, როგორ არღვევენ ჩემს უფლებებს პოლიციის თანამშრომლები და მაღალჩინოსნები…“

მანანა კობახიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მას თეიმურაზ თოდაძემ 2013 წელს მიმართა განცხადებით: „შინაარსი იყო საკმაოდ გაურკვეველი, იყო სამეზობლო დავა, რომ მეზობელმა თავისი ღობე გადმოწია და ამით ამ ბატონს მიწის დაკანონებაში ხელი შეეშალა. მე ვურჩიე, რომ სასამართლოსთვის მიემართა. ის იყო ჩემს ბიუროში, საჩხერეში, სადაც ასევე გავუწიეთ კონსულტაცია, პარლამენტშიც მოვიდა და ჩემი აპარატის იურისტს შეხვდა, რომელმაც ასევე გაუწია კონსულტაცია და აუხსნა, რომ თუ დანაშაულს ჰქონდა ადგილი, მიემართა პროკურატურისთვის. მას არ ჰქონდა რაიმე მტკიცებულება, დოკუმენტი, რის საფუძველზეც მოვახერხებდით დეტალების გარკვევას. სამწუხაროდ, შეუძლებელი იყო ეფექტური რეაგირება. პოლიციის უფროსის მხრიდან ძალადობაზე თქვენგან მესმის ახლა. ცხადია, გავარკვევ რა ხდება, პირადად შევხვდები ბატონ თეიმურაზს“.

სახალხო დამცველის პრესსამსახურის ინფორმაციით, თეიმურაზ თოდაძის მიმართ პოლიციის მხრიდან სავარაუდო დანაშაულის შესახებ სახალხო დამცველმა პროკურატურას წერილობით მიმართა. უწყებიდან მიღებულ დოკუმენტში სახალხო დამცველს სწერენ, რომ ამ განცხადებაზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს. გამოძიება არც დაწყებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ისინი მოქალაქე თოდაძის ბრალდებებზე კომენტარს ვერ გააკეთებენ. „პროკურატურამ დაადგინა, რომ ამ საქმეში გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს“, – ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია.

რაც შეეხება სამეზობლო დავას, პირველი, მეორე და მესამე ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებით, სადავო 35 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი თეიმურაზ თოდაძის მოდავეს საკუთრებაა. თეიმურაზ თოდაძე კი ირწმუნება, რომ ამ მიწის ნაკვეთით ის 22 წელი სარგებლობდა.

ბიუჯეტის საჯარო განხილვა ქედაში

 

2015 წელს განსახორციელებელ პრიორიტეტებთან დაკავშირებულ კითხვებს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ და გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსმა ჯემალ ტაკიძემ უპასუხეს.

 

საჯაროობის მიუხედავად ბიუჯეტის პროექტის განხილვას ძირითადად მუნიციპალიტეტში მოქმედი აიპებისა და შეპესეების თანამშრომლები, გამგეობისა და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. ჯემალ ტაკიძემ დამსწრე საზოგადოებას  მომავალ წელს განსახორციელებელი სამუშაოები გააცნო.

 

ბიუჯეტის პროექტის განხილვის დაწყებიდან რამდენიმე წუთში სხდომათა დარბაზი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს, მიზეზად მომავალი წლის  ბიუჯეტში მათი შენიშვნების გაუთვალისწინებლობა დაასახელეს.

 

 

 

ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები დეპუტატებმა რამდენიმე დღის წინ დააფიქსირეს.  სულ 50 შენიშვნა შევიდა,  ბიუჯეტის არსებულ გეგმა-პროექტთან დაკავშირებით შენიშვნას არამარტო საკრებულოს ოპოზიცია, უმრავლესობაც გამოთქვამს.

 

 „წარმოდგენილი ბიუჯეტი რაც მუნიციპალიტეტის გამგეობამ მეორედ შემოიტანა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას არ ითვალისწინებს, რის გამოც მხარს ვერ დავუჭერთ. ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები გვქონდა, თუმცა გამგეობამ ჩვენი შენიშვნა არ გაითვალისწინა, ჩვენ ვითხოვდით 2012 წელს მიწის ძვრით დაზარალებულ ოჯახებისთვის, ასევე  სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახურავით დახმარებას, მრავალწლოვანი კულტურების, უნიკალური ჯიშების, თხილის, სუბტროპიკული ხურმის, მოცვის ნერგების გადაცემას გლეხებისთვის, მართალია სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნერგებთან დაკავშირებით მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს  196 000 ლარით, თუმცა მთლიანად ხუთ მუნიციპალიტეტზე და აქედან შესაძლოა ქედის მუნიციპალიტეტს მოუწიოს 1000 ძირი ნერგი, რაც ძალიან მწირია“ – აცხადებს  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვაჟა ბოლქვაძე.

 

2015 წლის ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმა-პროექტი 5 მილიონ 857 955 ლარია. აქედან 1 660 185 ლარი წარმომადგენლობით და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსებას, 364 210 ლარი თავდაცვას, საზოგადებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას, 1 250 340 ლარი ინფრასტრუქტურას, 1 283 630 ლარი განათლებას, 1 304 945  ლარი კულტურასა და სპორტს, 239 000 ლარი კი მოსახლეობის ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფას მოხმარდება.

 

მიუხედავად იმისა, რომ ქედის მოსახლეობის უმრავლეოსობის შემოსავალი სოფლის მეურნეობაზე მოდის, ამ სფეროს განვითარებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტის გეგმაში ერთი თეთრიც კი არ არის გათვალისწინებული, ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობის კუთხით მიზნობრივ პროგრამებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს და ის აქვე დასძენს, რომ საფუძვლიან შენიშვნებს ბიუჯეტის კორექტირების დროს გაითვალისწინებს.

 

„მომავალი წლის ბიუჯეტში პრიორიტეტულია სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ყველა შენიშვნა შევისწავლეთ, იყო საყურადღებო ნიუანსები და აბსურდული მოთხოვნებიც, შენიშვნებს, უმრავლესობა ბიუჯეტის პირველი კორექტირების დროს იქნება გათვალისწინებული, რაც შეეხება შენიშვნას სოფლის მეურნეობის კუთხით, არ ვითვალისწინებ, იმდენად რამდენადაც ამ კუთხით მიზნობრივ პროგრამას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს“, – აცხადებს დავით დუმბაძე.

 

სოფელ უჩხითში მცხოვრები მანუჩარ კახიძე, რომელიც ბიუჯეტის საჯარო განხილვას ესწრებოდა ამბობს, რომ სოფელი მოსახლეობისგან იცლება, ის სოფლებში არსებულ რთულ ვითარებაზე საუბრობს, მისი თქმით თუ ვითარება არ შეიცვლება, მალე სოფლები დაცარიელდება.

 

„სოფელს ყურადღების მიქცევა უნდა, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მიგრაციას განცდის, 80 კომლიან სოფელში დღეს 30 კომლი ცხოვრობს, ვინც წასასვლელი ნახა წავიდა, ვითარება უკეთესობისკენ თუ არ შეიცვლება ჩვენ არ გვექნება ქართული სოფლები, ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს, მიწის რეფორმა უნდა გატარდეს“ – აცხადებს მანუჩარ კახიძე.

უმაღლესმა საბჭომ აჭარის 2015 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

 

ბიუჯეტის დამტკიცებას აჭარის მთავრობიდან აჭარის  ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ესწრებოდა. სხდომა უმაღლეს საბჭოში კითხვა-პასუხის რეჟიმში 5 სააათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

ქედაში ნაპოვნი შველი ბათუმში ჩამოიყვანეს [ფოტო]

როგორც შსს-ს პრესსამსახურის თანამშრომელმა “ბათუმელებს” უთხრა, შველს  შესაბამისი გამოკვლევა ჩაუტარდება. მას შემდეგ რაც  სპეციალისტები საჭირო სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ, გაირკვევა შველის მომავალი ადგილსამყოფელი.

ფეხნატკენი შველი ქედიდან ბათუმში ჩამოიყვანეს ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

 

 

იურისტი: “სახელმწიფოს არ გააჩნია ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკა”

 

საქმეს მოსამართლე ლაშა თავართქილაძე განიხილავს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში  დღეს 8 თვიანი მოლოდინის დაიწყო საქმის  განხილვა, მოსარჩელის ინტერესებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები იცავენ. აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოდან თანამშრომელი რვა თვის წინ  „უღირსი საქციელისა“ და საჯარო სამსახურის მიმართ დისკრედიტაციის განხორციელების ბრალდების  გამო გაათავისუფლეს.

 

ამ გათავისუფლებას წინ უსწრებდა ის ფაქტი, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულმა ქალმა მისი ერთ-ერთი  თანამშრომელი სექსუალური ძალადობის მცდელობაში დაადანაშაულა.  ამ ფაქტის შესახებ, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსს, თანამშრომელმა იანვრის დასაწყისში წერილობით აცნობა.  ფაქტი, „ბათუმელებთან“ საუბარში მაშინ  სამმართველოს უფროსმა, ვახტანგ წულაძემ დაადასტურა.

 

„არანაირი კორპორატიული საღამო არ ყოფილა. როგორც ამას ამბობენ. იანვრის დასაწყისში შემოვიდა თანამშრომლის მოხსენებითი ბარათი,  ამ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ჩვენ არაფერს არ ვმალავთ, ჩვენ იმ დღესვე ეს ინფორმაცია გადავუგზავნეთ შესაბამის სამსახურებს“. როგორც ვახტანგ წულაძემ მაშინ განმარტა,   საჯარო მოხელემ, რომლის წინააღმდეგაც შევიდა ახსნა-განმარტებითი ბარათი, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

 

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურისტი ანი ბერძენიშვილი „ბათუმელებთან“ საუბრისას ამბობს, რომ  „დღევანდელი სასამართლო პროცესი ნათელი გამოვლინებაა, იმისა, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკა, არ აქვს გენდერული დისკრიმინაციისა და სამსახურში სექსუალური შევიწროვების ამკრძალავი ეფექტური ნორმები და მექანიზმები. ნაცვლად იმისა, რომ საჯარო სამსახურს გამოეკვლია ორსული ქალის მიმართ ძალადობის ფაქტის არსებობა, მან უკანონო ქმედებით – მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ  სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრძანების გამოცემით სცადა ამ ფაქტის დამალვა.

 

სამმართველოს უკანონო ქმედებებს, თავის მხრივ ხელი შეუწყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, რომელმაც ასევე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის  მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ადამინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების და საკადრო რესურსების მართვის განყოფილება) გააუქმა, რათა დავის მოგების შემთხვევაშიც კი მას რეალურად აღარ შეძლებოდა სამსახურში აღდგენა.“ 

 

 

საქმის განხილვა 25 დეკებერს გაგრძელდება.

 

 

სამაშველო: ნაპოვნია მამაკაცის გვამი

 

მამაკაცის ვინაობას ზუსტად ექსპერტები დაადგენენ, თუმცა მაშველების წინასწარი ინფორმაციით, ეს სწორედ ის მამაკაცია, რომელსაც ქედაში უკვე რამდენიმე დღეა ეძებენ. 

ფოტოკლუბი გორელოვკა ბათუმში

 

ფოტოკლუბი „გორელოვკა“ ჯავახეთში, ნინოწმინდის რაიონში, სოფელ გორელოვკაში ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილის ინიციატივით შეიქმნა. პროექტი  ფონდმა „ღია საზოგადოება საქართველომ“ დააფინანსა.

 

სოფელი გორელოვკა, რუსეთიდან გადმოსახლებულმა დუხობორების რელიგიურმა დაჯგუფებამ მე-19 საუკუნის შუა წლებში დააარსა. დღეს გორელოვკაში დუხობორებთან ერთად ცხოვრობენ სომხები და აჭარიდან გადასახლებული ქართველები. ფოტოკლუბის ჩამოყალიბების მთავარი მიზანი ფოტოგრაფიის ხელოვნებასთან მოსახლეობის ზიარება და ამის მეშვეობით გორელოვკაში  მცხოვრები სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნოების ადამიანების ერთმანეთთან დაახლოება იყო. კლუბში გაერთიანებულია სოფელ გორელოვკის თორმეტი ქართველი, რუსი და სომეხი ფოტომოყვარული.  

 

ბათუმში წარმოდგენილ გამოფენაზე სწორედ გორელოვკას მცხოვრებთა ფოტონამუშევრები იქნება წარმოდგენილი.

 

ფოტოკლუბის პირველი გამოფენა  2014 წლის აგვისტოში სოფელ გორელოვკაში გაიმართა.

 

სტუდენტი პარლამენტის წინააღმდეგ

 

 

გიორგი კეკენაძე
გიორგი კეკენაძე

„ვითხოვ, რომ სამხედრო აღრიცხვაზე მხოლოდ ის მამაკაცები აიყვანონ, რომლებიც   სამხედრო სპეციალიზაციის მქონე პირები არიან. ეს ასე ხდება ქალების შემთხვევაში, ამიტომაც, ჩემი აზრით, მამაკაცების შემთხვევაში ეს კანონი დისკრიმინაციულია“, – ამბობს „ბათუმელებთან“ სტუდენტი გიორგი კეკენაძე, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის ავტორი. მისი აზრით, ამ კანონით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი, თითოეული ადამიანისთვის გარანტირებული თანასწორობის უფლება.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, #580 კონსტიტუციური სარჩელით სადავოა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება, რომელიც სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არ მქონე მამაკაცებს სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ვალდებულებას აკისრებს. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება ადგენს, რომ ყოველი მოქალაქე ვალდებულია, იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე. ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ~ ქვეპუნქტის მიხედვით, სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება ქალი, რომელსაც არ გააჩნია სამხედრო – სააღრიცხვო სპეციალობა. გიორგი კეკენაძე ამბობს, რომ იგი წარმოადგენს პირს, რომელსაც არ აქვს სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა, თუმცა 2009 წლიდან იმყოფება სამხედრო აღრიცხვაზე.  

 

 

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სამხედრო ვალდებულების მოხდა (საქართველოს კონსტიტუციის 101-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები) ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურება _ ქვეყნის დაცვა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის ვალია, რის გამოც სამხედრო აღრიცხვა და სამხედრო ვალდებულების მოხდის დაკისრება, თუნდაც სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე პირებისთვის კონსტიტუციურია. თუმცა, გიორგი მიიჩნევს, რომ სქესი არ შეიძლება ჩაითვალოს რაციონალურ საფუძვლად, რომელიც გაამართლებდა სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე მამაკაცთათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნასა და სამხედრო ვალდებულების მოხდის დაკისრებას იმ პირობებში, როდესაც ამავე კატეგორიის ქალები გათავისუფლებული არიან ამ ვალდებულებისგან. 

 

მოსარჩელე მხარის მტკიცებით, მამაკაცად ყოფნის ფაქტი სამხედრო ვალდებულების არაპროპორციული ძალისხმევის გარეშე შესრულების შესაძლებლობას თავისთავად ვერ განაპირობებს ისევე, როგორც ქალად ყოფნის ფაქტი ამგვარ შესაძლებლობას თავისთავად ვერ გამორიცხავს.

 

გიორგი კეკენაძე სადავო ნორმის დისკრიმინაციულ ხასიათზე საუბრისას აღნიშნავს, რომ არის სტუდენტი, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ეწურება სამხედრო სამსახურის გადავადების ვადა და ექვემდებარება სამხედრო სამსახურში გაწვევას. ამიტომაც განსხვავებით ქალებისაგან, როგორც მოსარჩელე, ისე, ზოგადად, ამავე კატეგორიის მამაკაცები, ერთი წლის განმავლობაში მოკლებულნი იქნებიან პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.  

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ #580 კონსტიტუციურ სარჩელზე არსებითად განსახილველად უარის თქმის რაიმე საფუძველი არ არსებობს, ამიტომაც სტუდენტის, გიორგი კეკენაძის სარჩელი  განსახილველად მიიღეს.

Exit mobile version