სიახლეები

მოქალაქე პოლიციას საკუთრების ხელყოფასა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

19.12.2014 • 1406
მოქალაქე პოლიციას საკუთრების ხელყოფასა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

თეიმურაზ თოდაძე, რომლის იურიდიული მისამართი საჩხერეა, ხოლო ბათუმში მუშაობს და დროებით ცხოვრობს, ამბობს, რომ პრობლემები 2012 წელს, მას შემდეგ დაეწყო, როცა მის სარგებლობაში არსებული 35 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მისმა მეზობელმა შემოსაზღვრა. მოქალაქის მტკიცებით, ასე დაიწყო სამეზობლო დავა, რომელშიც პოლიციის თანამშრომლები ჩაერთნენ. თეიმურაზ თოდაძემ სასამართლოში სცადა იმის გარკვევა, თუ ვისი საკუთრება იყო მიწის ნაკვეთი.

„პოლიციასთან შეხება სულ სამჯერ მქონდა, ერთხელ დამიძახა ჩემმა მოდავემ, გადავედი და დამახვედრა პოლიციელები, მათ შორის იყო პოლიციის მაღალჩინოსანი გია ლობჟანიძე, რომელმაც ტანსაცმელი წაიმკლავა, ჩემკენ წამოიწია, თუმცა მაშინ არ შემხებია, ჩემი შვილი – 24 წლის გოგო დაინახა და ეტყობა მოერიდა. მანქანით იყო მოსული.

მეორედ პატრულმა ქუჩაში გამაჩერა, მანქანაში ჩაჯდომა მიბრძანეს, სამმართველოს შენობაში მელაპარაკებოდნენ პოლიციის უფროსი და თანამშრომლები. ერთ-ერთს ხელი წელზე გაჩრილ იარაღზე ედო, ფსიქოლოგიურად მაშინებდნენ…

მესამედ პოლიციის განყოფილებაში გამომძიებელმა დამიბარა. შენობაში რომ შევდიოდი, სამორიგეოს ოთახიდან გამოვიდა პოლიციელი მალხაზ შარვაძე, ორივე ხელი ყელში ჩამავლო. შენ მე გიცნობო, ღრიალებდა… წინააღმდეგობა გავუწიე. სხვები ხედავდნენ ამას, არავინ ჩარეულა, ამ ძალადობის გამო მივმართე პროკურატურას“, – ყვება „ბათუმელებთან“ თეიმურაზ თოდაძე.

პოლიციელი, რომელსაც თოდაძე ძალადობაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ მისი ნათესავია: „დედაჩემი და მამამისი ბიძაშვილები არიან, მაგრამ ის კანონს არღვევს“.

თეიმურაზ თოდაძემ პროკურატურას გამოძიების დაწყება სთხოვა, რადგან მიაჩნია, რომ მის კუთვნილ ქონებას პოლიციის თანამშრომლები ხელყოფენ. თუმცა საჩხერის რაიონული პროკურორის, ილია გელბახიანის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში წერია, რომ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული  დანაშაულის არარსებობის გამო გამოძიების დაწყების გადაწყვეტილება არ მიიღეს.

რატომ მფარველობს პოლიცია მის მოდავეს? -ამ კითხვაზე თეიმურაზ თოდაძე პასუხობს, რომ მისი მოდავე „პოლიციის აგენტია“. ამ არგუმენტის გასამყარებლად კი რამდენიმე ამბავს ყვება: `ჩემმა მოდავემ დათვი მოკლა, როცა პოლიციაში მიიყვანეს, კაბინეტში სულ ოთხი კაცი დახვდა… ერთ-ერთმა პოლიციელმა თქვა, ვაპატიოთ ეს და ინფორმაციებს მოგვიტანსო. მაშინ ოთხი ათასი ლარით დააჯარიმეს, თუმცა ახლაც კლავს დათვებს და არავინ სჯის ამის გამო. სამაგიეროდ, თუ სოფელში ვინმე „სარისთვის“ ან გათბობისთვის შეშას მოჭრის, ამბავი იციან პოლიციაში, ყველაფერს პოლიციელებს უყვება, ხალხს აჭერინებს, ენა მიაქვს პოლიციაში…“

თეიმურაზ თოდაძე ამბობს, რომ წერილები გაუგზავნა ყველას: პარლამენტის თავმჯდომარეს, გუბერნატორს, გამგებელს, სახალხო დამცველს, იუსტიციის სამინისტროს, თუმცა ყველასგან მიღებულ პასუხში წერია, რომ პოლიციის თანამშრომლებისგან სავარაუდო ძალადობისა და მუქარის ფაქტების შესახებ გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართეს პროკურატურას. თოდაძე ამბობს, რომ თითქმის ორი წელია უშედეგოდ ცდილობს მისი მუნიციპალიტეტის დეპუტატთან, მანანა კობახიძესთან შეხვედრას: „ჩვენი დეპუტატი ადრე ადამიანის უფლებებს იცავდა, ხომ შეიძლება მოქალაქეს, რომელმაც ის აირჩია, მოუსმინოს. მინდა მოვუყვე, როგორ არღვევენ ჩემს უფლებებს პოლიციის თანამშრომლები და მაღალჩინოსნები…“

მანანა კობახიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მას თეიმურაზ თოდაძემ 2013 წელს მიმართა განცხადებით: „შინაარსი იყო საკმაოდ გაურკვეველი, იყო სამეზობლო დავა, რომ მეზობელმა თავისი ღობე გადმოწია და ამით ამ ბატონს მიწის დაკანონებაში ხელი შეეშალა. მე ვურჩიე, რომ სასამართლოსთვის მიემართა. ის იყო ჩემს ბიუროში, საჩხერეში, სადაც ასევე გავუწიეთ კონსულტაცია, პარლამენტშიც მოვიდა და ჩემი აპარატის იურისტს შეხვდა, რომელმაც ასევე გაუწია კონსულტაცია და აუხსნა, რომ თუ დანაშაულს ჰქონდა ადგილი, მიემართა პროკურატურისთვის. მას არ ჰქონდა რაიმე მტკიცებულება, დოკუმენტი, რის საფუძველზეც მოვახერხებდით დეტალების გარკვევას. სამწუხაროდ, შეუძლებელი იყო ეფექტური რეაგირება. პოლიციის უფროსის მხრიდან ძალადობაზე თქვენგან მესმის ახლა. ცხადია, გავარკვევ რა ხდება, პირადად შევხვდები ბატონ თეიმურაზს“.

სახალხო დამცველის პრესსამსახურის ინფორმაციით, თეიმურაზ თოდაძის მიმართ პოლიციის მხრიდან სავარაუდო დანაშაულის შესახებ სახალხო დამცველმა პროკურატურას წერილობით მიმართა. უწყებიდან მიღებულ დოკუმენტში სახალხო დამცველს სწერენ, რომ ამ განცხადებაზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს. გამოძიება არც დაწყებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ისინი მოქალაქე თოდაძის ბრალდებებზე კომენტარს ვერ გააკეთებენ. „პროკურატურამ დაადგინა, რომ ამ საქმეში გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს“, – ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია.

რაც შეეხება სამეზობლო დავას, პირველი, მეორე და მესამე ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებით, სადავო 35 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი თეიმურაზ თოდაძის მოდავეს საკუთრებაა. თეიმურაზ თოდაძე კი ირწმუნება, რომ ამ მიწის ნაკვეთით ის 22 წელი სარგებლობდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: