ნეტგაზეთი • RU

განვითარების სქემაში ჩართული მასწავლებლების პრობლემები

 

ყველა მასწავლებელი, მიუხედავად იმისა, სერტიფიცირებულია თუ არა, ჩართულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში. 2014 წლის სექტემბერში ორი პარამეტრის (დიპლომის ხარისხი და სერიფტიცირება) გათვალისწინებით მოქმედი მასწავლებლები სამ ჯგუფად გადაანაწილეს. ყველა არასერტიფიცირებული მასწავლებელი (ბაკალავრი, მაგისტრი) შევიდა პრაქტიკოსი მასწავლებელის კატეგორიაში,  ყველა სერტიფიცირებული მასწავლებელი (ბაკალავრი, მაგისტრი)  – წარჩინებული მასწავლებელის კატეგორიაში, საგნის მეცნიერებათა დოქტორი, რომელიც არის მოქმედი პედაგოგი, გახდა მკვლევარი მასწავლებელი. კიდევ ერთი კატეგორია, მენტორი მასწავლებელი დღეისათვის განათლების სისტემაში არ ჰყავთ. 


სკოლა
სკოლა

მასწავლებლები, რომლებიც უკვე სქემაში არიან ჩართული, რიგ პრობლემებს აწყდებიან, რომელთა მოგვარებაც, ჯერჯერობით, შეუძლებელია.

დალი თავართქილაძე ბათუმში, მე-17 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის სერტიფიცირებული მასწავლებელია. დალი მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული. უნდა პროფესიული განვითარების სქემაში უფრო მაღალ  საფეხურზე გადაინაცვლოს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს არც ისე მარტივია. უფრო მეტიც, ამ დროისთვის განათლების სამინისტროს არ შეუძლია დალის უთხრას, როგორ უნდა წავიდეს ის წინ.

 

„ჩემი შეფასებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მეორე საფეხურზე უნდა ვიყო, თუმცა ოფიციალურად ჩემთვის არავის უთქვამს რა და როგორ იქნება. რა დონეზეც ვარ ინფორმირებული, იმ დონეზე ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო. ვიცი, რომ მომდევნო საფეხურზე გადასასვლელად საჭიროა სამეცნიერო ჟურნალში მქონდეს სტატია გამოქვეყნებული. მაგრამ არსად არ არის გარკვევით დადებული, თუ რას უნდა შევეხოთ ამ სტატიებით. რომელ გაზეთსა თუ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია ჩაგვეთვლება და, ზოგადად, რამდენი კრედიტი გვენიჭება თითო სტატიაზე. საფეხურიდან საფეხურზე როგორ უნდა გადავიდეთ, ესეც მაინტერესებს“, – ამბობს დალი თავართქილაძე.

 

„რომელ ჟურნალებში უნდა გამოქვეყნდეს სტატიები? რა ტიპის სტატიები უნდა იყოს? რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს? სტატიების გამოქვეყნების მსურველ ყველა მასწავლებელს ექნება თუ არა საშუალება გამოაქვეყნოს სტატია? რამდენი კრედიტი ენიჭება მასწავლებელს ერთი სტატიის გამოქვეყნებით? რამდენი სტატია უნდა გამოაქვეყნოს? როდის აისახება სქემაში ჩართვა მასწავლებელთა ხელფასზე?“  – ეს იმ კითხვების ჩამონათვალია, რომლითაც „ბათუმელებმა“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა.

 

როგორც სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, ამ ეტაპზე (2014 წლის 11 დეკემბერი) ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა სამინისტროს არ შეუძლია. ამ საკითხზე ინფორმაციის მიღება მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც სპეციალური კომისია შეიქმნება, ეს კი 2015 წლის იანვარში მოხდება.

 

რაც შეეხება პედაგოგების ერთი კატეგორიიდან მეორე კატეგორიაში გადასვლას, აქამდე გაცხადებული წესების მიხედვით, მასწავლებლები შემდეგ საფეხურზე დაგროვილი კრედიტების შესაბამისად გადავლენ.

 

წარჩინებული მასწავლებლის საფეხურის მისაღწევად 2-დან 3 წელია საჭირო, მკვლევარი მასწავლებლის საფეხურის მისაღწევად 2-დან 4 წელი და მენტორი მასწავლებლის საფეხურის მისაღწევად – 2-დან 5 წელი.

 

პრაქტიკოსი მასწავლებლის საფეხურის კატეგორიის მოსაპოვებლად ან შესანარჩუნებლად საჭიროა 14 კრედიტი, წარჩინებული მასწავლებლის საფეხურის  მისაღწევად და შემდგომ შესანარჩუნებლად – 24 კრედიტი, მკვლევარი მასწავლებლის  საფეხურის მისაღწევად და შემდგომ შესანარჩუნებლად – 32 კრედიტი, მენტორი მასწავლებლის საფეხურის მისაღწევად და შემდგომ შესანარჩუნებლად კი – 40  კრედიტი.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მანანა ქველიაშვილი