კვირის ამბები

გარემოს დაცვის 25 წელი

22.12.2014 • 2582
გარემოს დაცვის 25 წელი

 

ნინო ჩხობაძე. ფოტო: radio1.ge
ნინო ჩხობაძე. ფოტო: radio1.ge

ქალბატონო ნინო, როგორ იწყებდით 25 წლის წინ მწვანე მოძრაობას საქართველოში?

 

გარემოს დაცვის კუთხით 1988 წელს დავიწყეთ პირველი მოძრაობა, მაგრამ მაშინ არ ერქვა მწვანეთა მოძრაობა. „რუსთაველის საზოგადოებასთან“ არსებული ეკოლოგიური ასოციაცია იყო. ახალგაზრდების ჯგუფი შეიკრიბა, რომლებმაც გადავწყვიტეთ, რომ იყო მძიმე პრობლემები გარემოს დაცვის კუთხით. მაშინ ეკოლოგიას ვეძახდით ამას. რეალურად ორი მძიმე თემა იყო. ერთი _ ხუდონჰესი, მეორე _  ტრანსკავკასიის რკინიგზა. ორივე თემა აღმოჩნდა ის, რამაც შეგვკრიბა ძალიან ბევრი ადამიანი. ამას მოჰყვა ის, რაც მოჰყვა ანუ 25 წლის წინ ჩატარდა პირველი სადამფუძნებლო კრება და საბჭოთა კავშირში პირველად შეიქმნა საზოგადოებრივ პოლიტიკური ორგანიზაცია გარემოს დაცვის კუთხით. მთავარი სლოგანი, რომელიც მაშინ პირველად გამოჩნდა, იყო _ „ეკოლოგია, დემოკრატია, არა ძალადობა~. ეს იყო ის სლოგანი, რაც დღემდე მოჰყვება მწვანე მოძრაობას. ჩვენი ამოცანა მარტო გარემოსდაცვითი ნამდვილად არ არის. მეორე კუთხე არის საზოგადოების ჩამოყალიბების მცდელობა. საღი აზრის გამოჩენა არა ძალადობის, არამედ კონსტრუქციული ოპოზიციის კუთხით.

 

როგორ ფიქრობთ, რა შეცვალეთ 25 წლის განმავლობაში ქვეყანაში?

 

ბევრი რამ მოხდა ამ წლების მანძილზე. მთავარი არსი იყო მდგრადი განვითარება, ანუ ორგანულად იყოს შეთავსებული როგორც ბუნების ინტერესი, ასევე ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური ინტერესი.

 

რას მივაღწიეთ? – დავიწყოთ იქიდან, რომ კანონმდებლობა არ არსებობდა. დაცული ტერიტორიები კი არსებობდა, მაგრამ მაშინ ჩვენ ნაკრძალებს ვეძახდით ყველაფერს. მაშინ დაიგეგმა პირველად 7 ეროვნული პარკის იდეა. პირველი ეროვნული პარკი გაიხსნა _ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი. შეიქმნა გარემოსდაცვითი კანონმდებლობა, რომელიც 29 კანონისგან შედგება. მართალია, მთლად პირვანდელი სახით არ არის შემორჩენილი, მაგრამ ეს იყო პირველი ნაბიჯები – კანონმდებლობაში მდგრადი განვითარების პრინციპები შემოვიდა გარემოსდაცვითი პრინციპების სახით. გარემოს დაცვის ჩარჩო კანონი მიიღეს 1996 წელს. ეს იყო პირველი ნაბიჯები, რაც მწვანეების ეგიდით განხორციელდა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სახელმწიფო იყო მობილიზებული და მწვანეების ფრთა პარლამენტში ბევრ საქმეს აკეთებდა. ჩავთვალოთ თუნდაც ის აქციები მიღწევად, რომელიც ნარჩენებს ეხებოდა. 1991 წელს ძალიან დიდი აქცია გაიმართა თბილისის ნარჩენებისგან გასაწმენდად. ნაგავი ეყარა ყველგან. თუნდაც აქცია „მშვიდობით იარაღო~ _ აფხაზეთის ომის შემდეგ. ეს ყველაფერი იყო მიმართული იქითკენ, რომ გაგვემთლიანებინა სახელმწიფო და ერთიანი ძალით შეგვეხედა საზოგადოებისთვის. არასდროს არ დამავიწყდება ჩვენი პირველი განცხადებები 1997 წელს, როდესაც მე გახლდით ევროპის მწვანეების პარტიების კონგრესზე და როგორც მინისტრმა განვაცხადე – „ჩვენ გვინდა ევროპულ ოჯახში“.

 

ამ განცხადებამდე დიდი კონსულტაციები გვქონდა ბატონ ზურაბ ჟვანიასთან, რა უნდა გვეთქვა. პირველი განცხადება იყო, რომ ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სახელმწიფოს მდგრადი განვითარებისთვის. მეორე მხრივ შევინარჩუნოთ ის, რაც დღეს გვაქვს. სამწუხაროდ, ვერ გავცილდით იმ პრობლემებს, რაც მაშინ იდგა _ ისევ იქ ვართ, ისევ გვიდგას საკითხი სუფთა წყლის, ბუნებრივ რესურსებთან ხელმისაწვდომობის, ისევ დგას საკითხი ტყეების დაცვის.

 

თქვენ წლების მანძილზე იყავით გადაწყვეტილების მიმღები პირი. როგორ ფიქრობთ,  თქვენ მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა რამდენად შეუწყო ხელი თუნდაც ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას მოსახლეობაში?

 

ძნელია პერსონალურად შევაფასო ჩემი მოღვაწეობა. ეს მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილებები არ იყო. ორგანიზაციის გადაწყვეტილებებს ვასრულებდი. მე ვიყავი პატარა ჭანჭიკი, რომელსაც ქმედებები უნდა დაეწყო. ზოგ შემთხვევაში ძნელი იყო გადაწყვეტილების მიღება, ზოგ შემთხვევაში – არა. ზოგ შემთხვევაში იძულებული ვიყავი, როგორც სახელმწიფო მოხელე, კომპრომისული გადაწყვეტილებებისკენ წავსულიყავი, ეს ნებისმიერ სახელმწიფო მოხელეს წინ უდგას.

 

ყველაზე დიდი მიღწევა, რაც იყო, არის ის, რომ დაგვენახა „გარემოს დაცვა“ მხოლოდ აბრა არ იყო. გარემოს დაცვა არის კონკრეტული ქმედების მატარებელი დარგი, რომლის არგათვალისწინება ყოველთვის ცუდ შედეგამდე მიიყვანს სახელმწიფოს. ამიტომ ყველა ჩემი ქმედება იყო აქეთკენ, აღსრულების მექანიზმი სახელმწიფოს ჰქონოდა გარემოს დაცვის კუთხით. გარემოს დაცვას ერთი უწყება არ ახორციელებს, გარემოს დაცვას ახორციელებს სახელმწიფო. ეს არის მთავარი არსი მწვანეების. მივაღწიეთ თუ არა ამას, მოდი, თაობებმა შეაფასონ.

 

 

25 წლის წინ საუბრობდნენ, რომ დიდი კაშხლები არ უნდა აშენდეს. დღეს, როცა ეკოლოგიური ცნობიერება ოდნავ უფრო მაღალია, ვიდრე მაშინ, ვაშენებთ დიდ კაშხლებს. როგორ ფიქრობთ, რა წვლილი მიუძღვის მწვანე ორგანიზაციებს ამ საკითხში? ხომ არ იყო უფრო მეტი აქტიურობა საჭირო, უფრო მეტად დანახვა იმის, თუ რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ ბუნებისადმი მომხმარებლური დამოკიდებულების გამო?

 

ალბათ, უფრო მეტი უნდა გაკეთდეს. არასამთავრობო სექტორი და, ზოგადად, საზოგადოება, უნდა იყოს უფრო მეტად მობილიზებული, რომ ქვეყნისთვის სასიკეთო  ნაბიჯები გადადგას და ეკონომიკა არ იყოს მთავარი ამოსავალი წერტილი. უბრალოდ,  ჩვენ შემთხვევაში არასწორ ეკონომიკურ ხედვას უფრო ვუწოდებ მე ამას. მთელი მსოფლიო არის მდგრადი განვითარებისკენ მომართული და ჩვენ რატომღაც სხვა მიმართულება დავიჭირეთ. ტექნოკრატული დამოკიდებულება, როგორც მაშინ იყო, ჩვენთვის მიუღებელია, თუმცა არ მინდა ნიშნის მოგებით ვილაპარაკო. ჩვენ არაფერზე არ ვამბობთ უარს. არც თუნდაც ძალიან ტექნოკრატულ პროექტზე, თუ იქნება დასაბუთებული, რომ ის არ იქნება წამლეკავი და პრობლემის შემქმნელი საქართველოსთვის. რეალურად უნდა ვიცოდეთ, რომ მიყენებული ზიანი იქნება არა მხოლოდ კომპენსირებული, არამედ ნულამდე დაყვანილი. და არა ის, რომ რაღაცის ხარჯზე უცებ ავაშენოთ დიდი ჰიდროელექტროსადგური, დავტბოროთ სოფელი, ეკოსისტემისთვის შეუქცევადი პროცესი დავიწყოთ და საბოლოო ჯამში საცხოვრებელი გარემო აღარ გვქონდეს. მთვარი არსი ეს არის და არა ის, რომ ყველაფერზე ვიძახოთ – არა. არას ძახილი არაფერს გვაძლევს. მწვანე ეკონომიკა არ ნიშნავს იმას, რომ ყველამ უცებ დაიკრას აბრა – „მწვანე“ და თქვას, რომ ის მწვანე ეკონომიკას ემსახურება. არ არის ეს ასე. მწვანე ეკონომიკა არსით ნიშნავს ამას… ნამდვილად გვჭირდება უფრო მეტი ძალისხმევა და უფრო მეტი საზოგადოების მხარდაჭერა. მარტო დღევანდელით არ უნდა ვიმსჯელოთ, მომავლისკენაც უნდა გავიხედოთ. არ მოხდეს ისე, რომ საერთოდ უკაცრიელი გავხადოთ საქართველო.

 

მწვანე მოძრაობის დასაწყისში მისი ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჟვანია წერდა  ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოში შევქმნათ ეკოლოგიური სახელმწიფო“. 25 წლის შემდეგ  ეს მიზანი რამდენადაა მიღწეული?

 

ჯერ არ არის. ეკოლოგიური სახელმწიფო ჯერ ნამდვილად არ მიგვიღია. თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ ეს შეუძლებელია. რეალურად მსოფლიოში უკვე არსებობს სახელმწიფოები, რომლებიც მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით მუშაობენ, მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნები, ისლანდია, ახალი ზელანდია. რომლებმაც სასწაულ პროგრესს მიაღწიეს ამ მიმართულებით და ეკონომიკურად ძალიან მდგრადი სახელმწიფოები არიან. ჩვენც აქეთკენ უნდა წავიდეთ, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ აქეთკენ დიდი ნაბიჯები არ გვაქვს. მაინც მჯერა, რომ მივაღწევთ ამას, მწვანეთა მოძრაობის 30 წლისთავზე იქნება, თუ 50 წლის შემდეგ. ვიცი, რომ ჩვენს საუკუნეში გვექნება საშუალება ვთქვათ, რომ ჩვენ შევქმენით მდგრადი სახელმწიფო. ნამდვილად არ ვაპირებ უკან დახევას. ჩვენ მოვედით იდეით და ეს იდეა უნდა განხორციელდეს.

 

ვფიქრობ, რომ სახელმწიფოში რაღაც პერიოდის მერე იქნებიან გადაწყვეტილების მიმღები პირები, რომლებიც იფიქრებენ – „ეკონომიურია ის, რაც ეკოლოგიურია“. ჩვენ რომც არ მოვინდომოთ ამის გაკეთება, ევროკავშირი სხვანაირად ვერ მიგვიღებს თავის ოჯახში. ევროკავშირის მოთხოვნები, განსაკუთრებით გარემოსდაცვითი მოთხოვნები, ზუსტად აქეთკენ არის მიმართული. ჩვენ თავის დროზე ვაცხადებდით, რომ ევროპელები ვართ, წავედით ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისკენ და მე მიმაჩნია, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: