სიახლეები

რა აფერხებს იაფი სახლის მშენებლობას ბათუმში

22.12.2014 • 1390
რა აფერხებს იაფი სახლის მშენებლობას ბათუმში

 

„ეს თანხა იქნება შენარჩუნებული და მშენებლობა მაშინ დაიწყება, როცა სახლის პროექტი იქნება მზად“, – განაცხადა ზურაბ ბერიძემ. მისივე ინფორმაციით, მშენებლობის დაწყებამდე რამდენიმე ეტაპია გასავლელი: „როგორც იცით, იაფი სახლის მშენებლობა ბენზეში, ბარაკების ადგილზე იყო გადაწყვეტილი. ამ ტერიტორიაზე 60 ოჯახი ცხოვრობს და ჯერ მათთან მიდის მოლაპარაკება, რომ ფართობი კომპენსაციის სანაცვლოდ გაათავისუფლონ. მერიის დადგენილებით, მოსახლეობას 1 კვ.მეტრში 700 ლარს ვთავაზობთ. ამ შეთავაზებაზე თანახმაა მოსახლეობის ნახევარზე მეტი, თუმცა არიან მოწინააღმდეგეებიც. დაახლოებით ოცამდე ოჯახმა კომპენსაციის მიღებაზე წერილობით თქვა უარი, მათ 700 ლარზე მეტი მოითხოვეს“. 


ვიცე-მერის თქმით, კომპენსაციის ოდენობის გაზრდა არ განიხილება. იმ შემთხვევაში, თუკი მერია ვერ მიაღწევს მოსახლეობასთან შეთანხმებას, ზურაბ ბერიძის განცხადებით, იაფი სახლი ქალაქის სხვა ტერიტორიაზე აშენდება: „ძალადობრივი მეთოდები მოსახლეობის მიმართ არ იქნება გამოყენებული და სახლი აშენდება მერიის კუთვნილ, თავისუფალ მიწაზე. ადრე რამდენიმე ვარიანტი იყო განხილული, მათ შორის ჯავახიშვილის ქუჩაზეც და სხვაგანაც. ალბათ ამ ტერიტორიების განხილვა დაიწყება“.

 

კომპანია, რომელიც იაფი სახლის პროექტზე იმუშავებს, წლის ბოლოს ტენდერის მეშვეობით გამოვლინდება: „სანამ ტერიტორიის საკითხი არ გადაწყდება, მანამდე პროექტი ვერ გაკეთდება, რადგან პროექტი ამ ტერიტორიაზე უნდა იყოს ინტეგრირებული. გარდა ამისა, უნდა ჩატარდეს ტერიტორიის გეოლოგიური კვლევაც, უნდა დადგინდეს მიწის გრუნტის მდგომარეობა. ბენზეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე პროექტი ვერ იქნებოდა მორგებული“, – ამბობს ზურაბ ბერიძე.

ვიცე-მერი იმედოვნებს, რომ ბარაკების მფლობელი მოსახლეობისგან საბოლოო პასუხის მიღებას წლის ბოლომდე შეძლებენ: „შემდეგ უკვე მერთან შეთანხმებით გადავწყვეტთ მოლაპარაკების ვადის გაგრძელებას ექნება თუ არა აზრი, თუ ცარიელ ტერიტორიაზე დავიწყებთ მშენებლობას“.

მერიაში მიიჩნევენ, რომ ამ პროცესების მოგვარებამდე იაფი სახლის მოსარგებლეთა კატეგორიებიც განისაზღვრება. ვიცე-მერის თქმით, „იაფი სახლის მშენებლობა აუცილებლად დაიწყება გაზაფხულზე“.

იაფი სახლი არის პროექტი, რომლის ფარგლებში მერიამ უნდა ააშენოს 200-ბინიანი კორპუსი, რომლითაც უსახლკარო ოჯახები ისარგებლებენ. კერძოდ ისინი, რომლებიც შვიდი წლის განმავლობაში ცხოვრობენ ბათუმში და არ აქვთ საკუთარი საცხოვრებელი, თუმცა არიან გადამხდელუნარიანები, მერია შემდგომი გამოსყიდვის საფუძველზე მათ ბინებს თვითღირებულებაში გადასცემს. ბინის გამოსყიდვა მფლობელმა ათი წლის განმავლობაში უნდა შეძლოს. ბოლო მონაცემებით, ბათუმში 1700-მდე უსალკარო ოჯახი ცხოვრობს.

გადაბეჭდვის წესი