კვირის ამბები

ჰობიტის დიდი მოგზაურობა

19.12.2014 • 3040
ჰობიტის დიდი მოგზაურობა

 

 „ბეჭდების მბრძანებელი“ არ არის მარტივად საკითხავი ფენტეზი. ტოლკინის სამყარო ძალიან რთული, ჩახლართული და მრავალშრიანია. რასები, ამ რასების ისტორია, ლეგენდები, უცნობი სამყარო, უცნობი ენები… აი, „ჰობიტზე“ კი რთული საკითხავი ნამდვილად არ ითქმის, მიუხედავად იმისა, რომ ბეჭდებში მოთხრობილი, დიდი და იდუმალებით მოცული თავგადასავლის დასაწყისი სწორედ „ჰობიტია“. „ჰობიტი“ ყველა ასაკის მკითხველზეა გათვლილი – ბავშვებიც და დიდებიც აუცილებლად იპოვნიან აქ რაღაც, მათთვის საინტერესოს.

 

„ბეჭდების მბრძანებლის“  დაწყება „ჰობიტის“ წაუკითხავად ალბათ არც ისე გონივრული საქციელია. რასაკვირველია, ჰობიტი მასშტაბურობითა და მრავალფეროვნებით ბეჭდებს ძალიან ჩამოუვარდება, მაგრამ ის არის ყველაფრის დასაწყისი – მშვიდი და კარგი ცხოვრების მოყვარული ჰობიტის, ბილბოს ამბავი, იმ ბილბოს თავგადასავალი, რომელმაც გაბედა და სამყაროს გადასარჩენად საშიშ მოგზაურობაში გაემართა.

 

„ჰობიტი“ არ არის მხოლოდ სათავგადასავლო წიგნი. აქ ძალიან ბევრია მეგობრობა, თავგანწირვა, ყველაფრის გადადება იმისთვის, რაც გვიყვარს –  ახლობლებისთვის, მშვიდობისთვის, ჩვენი პატარა, წყნარი კუთხეებისთვის… ბილბო ხომ თავის დიდ მოგზაურობაში, დრაკონის დასამარცხებლად, მხოლოდ თავგადასავლების წყურვილს არ წაუყვანია – პატარა ჰობიტი, ალბათ, თავისი მხარის უსაფრთხოებამაც წაიყვანა, იმ სურვილმა, რომ ჰობიტონში ყოველთვის ჰყვარებოდათ გემრიელად ჭამა, მხიარული ამბების მოყოლა, მშვიდად ცხოვრება, ყოველთვის ჰქონოდათ ერთმანეთის და გამვლელ-გამომვლელის ნდობა… მთელი წიგნის განმავლობაში ბილბო ჭიანჭველასავითაა – იმაზე ბევრად მეტ ტვირთს ეზიდება, რისი ზიდვაც, ერთი შეხედვით, შეუძლია. თუმცა, საბოლოოდ, არაფერია შეუძლებელი. საბოლოოდ, არსებობს რაღაცები, რასაც ყველაფრის დამარცხება შეუძლია, მათ შორის, უზარმაზარი ურჩხულებისა.

 

პიტერ ჯექსონის ფილმი ძალიან განსხვავდება წიგნ  „ჰობიტისგან“ –  აქ ბევრი ამბავია ჩართული, რომელიც მთლიანად რეჟისორის ხედვას ეკუთვნის, ასევე ბევრი ამბავია „ბეჭდებიდან“, რამაც ამ პატარა, მოკრძალებულ წიგნს მასშტაბურობა და ეპიკურობა შესძინა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: