სიახლეები

სტუდენტი პარლამენტის წინააღმდეგ

18.12.2014
სტუდენტი პარლამენტის წინააღმდეგ

 

 

გიორგი კეკენაძე
გიორგი კეკენაძე

„ვითხოვ, რომ სამხედრო აღრიცხვაზე მხოლოდ ის მამაკაცები აიყვანონ, რომლებიც   სამხედრო სპეციალიზაციის მქონე პირები არიან. ეს ასე ხდება ქალების შემთხვევაში, ამიტომაც, ჩემი აზრით, მამაკაცების შემთხვევაში ეს კანონი დისკრიმინაციულია“, – ამბობს „ბათუმელებთან“ სტუდენტი გიორგი კეკენაძე, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის ავტორი. მისი აზრით, ამ კანონით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი, თითოეული ადამიანისთვის გარანტირებული თანასწორობის უფლება.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, #580 კონსტიტუციური სარჩელით სადავოა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება, რომელიც სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არ მქონე მამაკაცებს სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ვალდებულებას აკისრებს. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება ადგენს, რომ ყოველი მოქალაქე ვალდებულია, იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე. ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ~ ქვეპუნქტის მიხედვით, სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება ქალი, რომელსაც არ გააჩნია სამხედრო – სააღრიცხვო სპეციალობა. გიორგი კეკენაძე ამბობს, რომ იგი წარმოადგენს პირს, რომელსაც არ აქვს სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა, თუმცა 2009 წლიდან იმყოფება სამხედრო აღრიცხვაზე.  

 

 

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სამხედრო ვალდებულების მოხდა (საქართველოს კონსტიტუციის 101-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები) ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურება _ ქვეყნის დაცვა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის ვალია, რის გამოც სამხედრო აღრიცხვა და სამხედრო ვალდებულების მოხდის დაკისრება, თუნდაც სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე პირებისთვის კონსტიტუციურია. თუმცა, გიორგი მიიჩნევს, რომ სქესი არ შეიძლება ჩაითვალოს რაციონალურ საფუძვლად, რომელიც გაამართლებდა სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე მამაკაცთათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნასა და სამხედრო ვალდებულების მოხდის დაკისრებას იმ პირობებში, როდესაც ამავე კატეგორიის ქალები გათავისუფლებული არიან ამ ვალდებულებისგან. 

 

მოსარჩელე მხარის მტკიცებით, მამაკაცად ყოფნის ფაქტი სამხედრო ვალდებულების არაპროპორციული ძალისხმევის გარეშე შესრულების შესაძლებლობას თავისთავად ვერ განაპირობებს ისევე, როგორც ქალად ყოფნის ფაქტი ამგვარ შესაძლებლობას თავისთავად ვერ გამორიცხავს.

 

გიორგი კეკენაძე სადავო ნორმის დისკრიმინაციულ ხასიათზე საუბრისას აღნიშნავს, რომ არის სტუდენტი, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ეწურება სამხედრო სამსახურის გადავადების ვადა და ექვემდებარება სამხედრო სამსახურში გაწვევას. ამიტომაც განსხვავებით ქალებისაგან, როგორც მოსარჩელე, ისე, ზოგადად, ამავე კატეგორიის მამაკაცები, ერთი წლის განმავლობაში მოკლებულნი იქნებიან პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.  

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ #580 კონსტიტუციურ სარჩელზე არსებითად განსახილველად უარის თქმის რაიმე საფუძველი არ არსებობს, ამიტომაც სტუდენტის, გიორგი კეკენაძის სარჩელი  განსახილველად მიიღეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.