სიახლეები,სპორტი

რომან დოლიძე – ბათუმელი მსოფლიო ჩემპიონი მწვრთნელის გარეშე

21.12.2014 • 9004
რომან დოლიძე – ბათუმელი მსოფლიო ჩემპიონი მწვრთნელის გარეშე

რეპლინგი სპორტული ორთაბრძოლის სახეობაა, რომელიც აერთიანებს ჭიდაობის სხვადასხვა სახეობას, მასში დაშვებულია ილეთების გამოყენება ბერძნულ-რომაული ჭიდაობიდან, ძიუდოდან, სამბოდან, თავისუფალი ჭიდაობიდან. საქართველოში გრეპლინგის ცალკე ფედერაცია არ არსებობს, თუმცა ჰყავს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი – რომან დოლიძე.

2014 წლის ნოემბერში, უნგრეთში გამართულ გრეპლინგის მსოფლიო ჩემპიონატზე რომან დოლიძემ მძიმე წონით კატეგორიაში უნგრელი მარიო ბასკო დაამარცხა. მანამდე ქართველი სპორტსმენი ამავე სახეობაში ევროპის ჩემპიონი გახდა. ასევე არის უკრაინის ექვსგზის ჩემპიონი.  რომან დოლიძე 29 წლისაა. დაიბადა ბათუმში. სწავლობდა ანდრია პირველწოდებულის სასულიერო გიმნაზიასა და რუსული გიმნაზია „XXI საუკუნეში“, რომლის დამთავარების შემდეგ 2008 წლიდან უკრაინაში, ქალაქ ოდესაში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ რომან დოლიძემ იქ ისწვლა გრეპლინგი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონობა საქართველოს სახლით მოიპოვა.

რომან დოლიძისა და ამირალ ჟოროევის შეხვედრა. კიევი, 14 დეკემბერი, 2017 წელი. 

როგორც თვითონ გვეუბნება ბათუმში წელიწადში ორჯერ საახალწლოდ და ზაფხულში თავის დაბადების დღეზე ჩამოდის.

„ბათუმელები“გრეპლინგის პირველ ქართველ  ჩემპიონს ესაუბრა

– რომან, რა ეტაპები გაირეთ გრეპლინგამდე და როგორ შეძელით გრეპლინგში  მსოფლიო ჩემპიონობის მოპოვება?

– ბავშვობიდან ვარ სპორტით დაკავებული, მაგრამ ამ სპორტში შევედი მაშინ, როდესაც სასწავლებლად წავედი ოდესაში. სანამ ოდესაში ჩავიდოდი, რამდენიმე წელი ფეხბურთს ვთმაშოდი, ვიყავი მეკარე. თავიდან დაიწყო ისე, რომ ოდესაში ფეხბურთის გუნდს ვეძებდი.  სანამ  „ჩერნომორეცი“ და სხვა გუნდები გამოჩნდებოდნენ, ძალიან ცუდი გუნდები იყო. რაღაც სპორტით უნდა დავკავებულიყავი, მაშინ ძალიან პოპულრული იყო უკრაინაში ბრძოლა წესების გარეშე, ვეძებდი სექციებს, ვნახე საბრძოლო–სამბოს სექცია, მაგრამ არ მომწონდა ტრენერი რასაც გვასწავლიდა. ჩემდა საბედნიეროდ, ერთი ბიჭი გავიცანი. ჩვენ უფრო ჭიდაობა გვაინტერესებდა, ინტერნეტში ვეძებდით რაღაც–რაღაც ილეთებს, არც კი ვიცოდით ასეთი ჭიდაობა – გრეპლინგი თუ არსებობდა, არადა ჩვენ დამოუკიდებლად მივედით გრეპლინგის შესწავლამდე. თავითან მოვიგე ოდესის რეგიონალურ ჩემპიონატი ძიუდოში, შემდეგ საბრძოლო სამბოში და შემდეგ შემთხვევით მოვხვდი გრეპლინგის უკრაინის ჩემპიონატზე. როცა პირველი უკრაინის ჩემპიონატი მოვიგე, ამის შემდეგ გრეპლინგი და მე ერთად მივდივართ.

რომან დოლიძე. ფოტო სპორტსმენის ფეისბუქგვერდიდან

– რატომ აირჩიეთ უკრაინა?

– სასწავლებლად რუსეთში, მოსკოვში უნდა წავსულიყავი, მაგრამ 2008 წელს ომი დაიწყო, ამიტომ მომიწია უკრაინაში წასვლა. გარდა ამისა, რუსული სკოლა მაქვს დამთავრებული და უფრო მარტივი იყო ამ ქვეყანაში ცხოვრება.

– ოდესაში სპორტის პარალელურად განათლებასაც იღებთ. სად სწავლობთ და რა პროფესიას?

– პირველი პროფესიით მენეჯერ–ეკონომისტი ვარ. ახლა ოდესის სამართლის აკადემიის ეროვნულ უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე იურიდიულს ვსწავლობ, რომელსაც ერთ თვეში ვამთავრებ და დავიცავ დიპლომს.

– მსოფლიოს და ევრპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით გამოხვედით. სხვა შეჯიბრებებზეც საქართველოს სახელით გამოდიხართ?

– ქვეყნის სახელით გამოსვლა დამოკიდებულია მოქალაქეობაზე. სხვა შეჯიბრებებზე კლუბის „მანგუსტის“ სახელით გამოვდივარ.

– რით გამოირჩევა გრეპლინგი სხვა სახეობებისგან, რა არის მისთვის დამახასიათებელი?

– ყველა სხვა ჭიდაობიდან თავისუფლად შეუძლია სპორტსმენს გადმოსვა გრეპლინგში. გრეპლინგი მრავალფეროვანია და ყველა ჭიდაობის სტილს ერთში აერთიანებს. ის, რაც დამეხმარება გამარჯვებაში, ყველა ილეთი შემიძლია გამოვიყენო. ამიტომ როცა ჩამოვდივარ საქრთველოში მივდივარ ბერძნულ–რომაულ, სამბოს, ძიუდოს მოჭიდავეებთან, ვჭიდაობ ბრაზილიურ ჯიუ–ჯიცუს, რადგან, რაც უფრო მეტი ილეთი იცი, მით უფრო კარგია გრეპლინგისთვის. როგორც სხვა სპორტის სახეობებში, ასევე აქაც არის სამოყვარულო და პროფესიონალური გრეპლინგი. მათ შორის განსხვავება მცირეა. პროფესიონალურში მეტი ჭიდაობაა და დაშვებულია რამდენიმე საშიში და მტკივნეილი ილეთი ფეხზე, რამაც შეიძლება სპორტსმენი  ვარჯიშიდან ამოაგდოს ნახევარი, ერთი წელი. მე ორივეში გამოვდივარ.

– თუ გაქვთ საკუთარი ილეთი?

– არა. თუმცა მე მიყვარს მტკივნეული ილეთების გამოყენება და მსოფლიო ჩემპიონატიც რომ მოვიგე, ყველა მკივნეული ილეთი გავაკეთე ფეხზე.

– რამდენად ხშირია ტრავმები?

– ტრავმები ხშირია, მაგრამ პროფესიონალურად რომ ვუდგები მზად ვარ. როცა ორგანიზმი შესაბამის კონდიციებშია, იშვიათად შეიძლება იყოს ტრავმა, თუმცა გამორიცხული არაფერია.

– შედეგის მიღწევისთვის საჭიროა გარკვეული წესების დაცვა, რომელსაც გარდა ძალისხმევისა დროც სჭირდება, როგორ უმკლავდებით მსგავს სირთულეებს?

– ჩემი ცხოვრება დიდ ნაწილად შედგება სპორტისგან. ჩემი მიღწევები მაძლევს იმის საშუალებას, რომ ბევრ რამეზე არ ვიფიქრო. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ფინანსური მხარე, რომელიც საქართველოში მყარად არ დგას. უკრაინაში თუ სახელმწიფო ვერ ეხმარება სპორტსმენს არიან ადამიანები, რომლებიც არ იშურებენ ფულს და ძალას, რომ სპორტსმენებს დაგვეხმარონ. უკრაინაში ჩემი გამართლება ის არის, რომ მე ვარ ძლიერ კლუბში და გვყავს ძლიერი ხელმძღვანელობა, კლუბის პრეზიდენტი მაგომედ მაგდიევი არის ერთ-ერთი დიდი მეცენატი სპორტში, რომელიც მხარს გვიჭერს სპორტსმენებს.

– თქვენ მსოფლიო ჩემპიონი გახდით მწვრთნელის გარეშე. უკრაინაში როგორ არის გრეპლინგი განვითრებული, პოპულარულია?

– საქართველოსთან შედარებით პოპულარულია. იქ უმეტეს წილად არის ისე, რომ არიან კარგი სპორტსმენები, ვიდრე ძლიერი მწვრთნელები. გრეპლინგი უფრო განვითარებულია ესპანეთში, პოლონეთში, ამერიკაში, იაპონიაში, ნორვეგიაში, პირველ რიგში კი ბრაზილიაში.

– თქვით, რომ იყავით მეკარე. რატომ დაანებეთ ფეხბურთს თავი?

– რვა წელი ვთამაშობდი ფეხბურთს. ვთამაშობდი „ანკარაგუჯუს“ დუბლებში და „ანკარაგუჯუსა“ და „ტრაპზონსპორის“ კლუბების სკოლებში. ბუნებით ვარ მაქსიმალისტი. ფეხბურთში ვერ მივაღწიე იმ დონეს, რაც მინდოდა, ალბათ იმიტომაც, რომ მეკარე ვიყავი, რომელსაც დიდი გამოცდილება სჭირდება. ვფიქრობ, ჩემი სპორტიც არ იყო.

– თუ აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?

– რახან ამ თემას შევეხეთ გეტყვით, რომ აჭარის მთავრობის ერთ–ერთ დეპარტამენტში ვიყავი  და შემომთავაზეს, რომ ჩამომეყალიბებინა გრეპლინგის ფედერაცია, რომელსაც სახელმწიფო ფინანსურად დაეხმარება, მაგრამ არის გარკვეული პრობლემები, მაგალითად ის, რომ სპორტის ამ სახეობაში არ არიან მწვრთნელები. რადგან მე თვითონ მოქმედი სპორტსმენი ვარ და ჩემი კლუბი გამაჩნია მუდმივად ვერ ვიქნები საქართველოში. თუმცა ვაპირებ ჩემი რამდენიმე მწვრთნელი, რომელიც ოდესაში ჩემს დაქვემდებარებაში არიან, დროებით გამოვაგზავნო საქართველოში. თუკი შესაბამისი პირობები იქნება ახლო მომავალში ვაპირებთ გავხსნათ გრეპლინგისა და MMA–ის ( შერეული ორთაბრძოლის ხელოვნება) ფედერაცია. თუ გრეპლინგში შედის მხოლოდ ჭიდაობის სახეობები, MMA-ში შედის ყველა ორთაბრძოლის სახეობა  ჭიდაობა, კარატე, ბოქსი, კიკბოქსინგი.

რომან დოლიძე. ფოტო სპორტსმენის ფეისბუქგვერდიდან

– საკუთარი კლუბი ახსენეთ, ამაზე რომ გვითრათ რა კლუბია?

– კლუბს „მანგუსტი“ ჰვია, რომელშიც გაერთიანებულია შერეული ორთაბრძოლები და ჭიდაობის სახეობები. „მანგუსტი“ ოდესის რეგიონში ყველაზე ძლირი კლუბია. გვყავს უკრაინის ბევრი ჩემპიონი, რეგიონალური ჩემპიონი. რეგიონის მასშტაბით სამი კლუბი გვაქვს. ასევე ვაპირებდით საქართველოში ჩვენი ეგიდით გაგვეხსნა კლუბი, მაგიტომ ჩამოვედი, რომ საქართველოში მენახა კლუბი, რომელიც ჩვენი ეგიდით იმუშავებდა. მაგრამ როცა ფედერაციაზე დაიწყო საუბარი, ეს მოთხოვნა გვერდზე გადავიდა; ფედერაცია თუ ჩამოვაყალიბეთ, კლუბიც გვექნება, რომელიც იმუშავებს ჩვენი სახელით. მე ვარ “მანგუსტის” მთავარი მწვრთნელი. როგორ უნდა იმუშავოს და როგორ უნდა განვითარდეს კლუბი დამოკიდებულია ჩემზე – რაშიც ეკონომისტ–მენეჯერის პროფესია მეხმარება.

– თქვენი სპორტული წინსვლა დაიწყო, როცა უკრაინაში ჩახვედით სასწავლებლად. სამომავლოდ სხვა ქვეყანაში ხომ არ აპირებთ წასვლას?

– ოდესაში საკმაოდ მყარად ვდგავარ, რაღაც გეგმები მაქვს. საქართველოში თუ გამოვა ფედერციის ჩამოყალიბება, ესეც კარგი შენაძენი იქნება და ეს იქნება საქმე, რაზეც უნდა ვიმუშაო. ჩემ თავს მუდმივად სპორტში ვერ ვხედავ,  მე მაქვს პროფესია, რომელსაც გავამაგრებ იურიდიული ცოდნით.

– რა იქნება თქვენი რჩევა?

– მიუხედავად იმისა, რომ პირველ შეჯიბრებებში სულ ცუდად ვჭიდაობდი, ბევრ გდებებს მიკეთებდნენ, ყოველთვის მჯეროდა ჩემი თავის, მქონდა ჟინი, გამოვდიოდი რთული სიტუაციებიდან და მაინც ვიგებდი იმიტომ, რომ მოგების დიდი სურვილი მქონდა. ვისაც უნდა ვარჯიში და რაღაცის მიღწევა, მთავარია, ჰქონდეს საკუთარი თავის რწმენა. თუ ხელს არ უწყობს ფედერაცია, ვარჯიშით და საკუთარი მონდომებით შესაძლებელია მიზნის მიღწევა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: