სპორტი

ყოფილი მოჭიდავე რაგბის მოედანზე

19.12.2014 • 1987
ყოფილი მოჭიდავე რაგბის მოედანზე

 

არჩილ დავითაძე

 

არჩილ, როდის დაიწყო თქვენი კარიერა რაგბში?


რაგბში გასული წლის ზაფხულიდან ვარ, მანამდე ვჭიდაობდი. ბავშვობიდან ვჭიდაობ და ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებშიც ვიყავი თავისუფალ ჭიდაობაში. ერთხელ ვიყავი კადეტების ჩემპიონი, იქიდან ბაქოში სალიცენზიო ტურნირები ვიჭიდავე. დიდი მიღწევებით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ საერთაშორისო ტურნირებზე მაქვს რაღაც წარმატებები. ხარკოვში საერთაშორისო ტურნირზე ვიჭიდავე, საქართველოს პრიზიორობის შემდეგ პირველი შედეგი საერთაშორისო ტურნირზე იქ მოვიპოვე. იმის მერე მეგობრების რჩევით მოვედი რაგბში. რაგბისადმი ინტერესი ისედაც მქონდა, ვგულშემატკივრობდი ჩვენს ნაკრებს, მაგრამ მორაგბეობაზე არასდროს მიფიქრია. ერთხელ ვითამაშე და დავინტერესდი. რაგბს ახასიათებს მეგობრობა, ერთმანეთის გვერდში დგომა, რამაც შემაყვარა ეს სპორტი. ჭიდაობის გაგრძელებას აღარ ვაპირებ. ისე ჩავერთე რაგბში, ცხოვრების წესად მექცა. ჩემი მიზნები, სამომავლო გეგმები რაგბთან არის დაკავშირებული.

სამომავლოდ როგორ ხედავთ რაგბში თქვენს თავს?


ამ მცირე დროში მივაღწიე იმას, რომ ბათუმის უმაღლესი ლიგის ღირსებას ვიცავ და ბათუმის დროშისა და გერბის ქვეშ ვთამაშობ. უმაღლეს ლიგაში ასპარეზობა რომ დავიწყე, ჯერ წარმოუდგენელი მეგონა, მაგრამ ახლა უფრო მეტი მინდა _ დავიცვა საქართველოს ღირსება ეროვნული ნაკრების გერბისა და დროშის ქვეშ.

21 წლისამ დაიწყეთ „ბათუმში” თამაში, რამდენად შესაძლებელია ამ ასაკში უმაღლეს ლიგაში მოთამაშე კლუბში მოხვედრა?


რაგბის თამაშის სურვილი თუ ვინმეს გაუჩნდა, უნდა მივიდეს მოედანზე და ითამაშოს. მაგრამ ყველა ვერ უძლებს იმ ფიზიკურ დატვირთვას, შეჯახებას უმაღლეს ლიგაში, სადაც ყველა ჩამოყალიბებული და პროფესიონალი მორაგბეა.
სანამ „ბათუმში” მოვიდოდი, მანამდე საზღვაო აკადემიის გუნდ „დელფინებში” ვითამაშე ორი თვე, მერე გუნდი დაიშალა. „ბათუმში” ჯერ დუბლებში დავიწყე თამაში, სადაც თამაშობენ დამწყები მორაგბეები სხვა გუნდების დუბლებთან გამოცდილების მისაღებად. იქ თამაშობენ ასევე ისეთი სპორტსმენები, რომლებიც ტრავმების შემდეგ რეაბილიტაციას გადიან, რადგან პირდაპირ უმაღლეს ლიგაში თამაში ტრავმის მერე ძნელია.

 

რა სირთულეები შეგხვედრია სპორტულ კარიერაში?

სპორტსმენის ცხოვრებაში ყოველთვის ხდება, როცა იღებ ისეთ ტრავმას, რომ სპორტის გაგრძელებაზე ფიქრიც ზედმეტია. მქონდა ასეთი მომენტი, სპორტისთვის საერთოდ რომ ვაპირებდი თავის დანებებას, მაგრამ შინაგანად გამოვნახე მოტივაცია, დამეხმარნენ მეგობრები, რომლებმაც მირჩიეს სწორი ვარჯიშები. შედეგად დღეს აღარც მახსოვს, თუ მქონდა ტრავმა.

რატომ იფიქრეთ თავის დანებება?


წელის ტრავმა მქონდა, მიჭირდა გადაადგილება, მოძრაობა. ექიმების თქმით, ტვირთის აწევა, ზურგჩანთის მოკიდებაც კი არ შეიძლებოდა. პერიოდში გული აცრუებული მქონდა, აღარ მეგონა, სპორტს სამოყვარულო დონეზეც თუ გავაგრძელებდი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჯანმრთელობაა სპორტსმენისთვის და თუ ჯანმრთელობას არ მოუფრთხილდი, დიდ შედეგზე შეუძლებელია ფიქრი. თუ კარგად ვერ მოემზადე, პასუხისმგებლობას ვერ აიღებ გუნდში მიხვიდე და ითამაშო. ტრავმაც რომ დამალო და არ გამოაჩინო, შეიძლება შუა თამაშში შეგახსენოს თავი, ეს გუნდის დაღუპვაა. მოწინააღმდეგე მცირე შეცდომასაც არ გპატიობს, ამიტომ მზად უნდა იყო ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც. მწვრთნელების თქმით, მე შემიძლია დიდი რაგბი ვითამაშო. როცა შენი გუნდის მწვრთნელი და თან მაღალი დონის გუნდის მწვრთნელი გეუბნება ამას, ეს უკვე სტიმულს გაძლევს.

ფიზიკურ მომზადებას ერთად გადიხართ გუნდი, თუ ინდივიდუალურადაც ემზადებით?

 

მე ჯერ კიდევ დამწყები ვარ და არ ვარ იმ დონის პროფესიონალი, რომ მარტო მოედანზე ერთობლივი ვარჯიში მეყოს. ძალიან დამღლელი ვარჯიშები გვაქვს, მაგრამ ვცდილობთ დასვენების დროსაც ვიაროთ ტრენაჟორებზე, რომ არ მოვდუნდეთ. გუნდი ძირითადად ერთად ვვარჯიშობთ. გვაქვს ვარჯიშები ფიტნესკლუბებში, სადაც ფიზიკურ ძალაზე ვმუშაობთ. ტექნიკური მხარის დახვეწისთვის კი ანგისის მოედანზე ვვარჯიშობთ. ვარჯიშების დროს შეიძლება რამე არასწორად გააკეთო და თუ მწვრთნელმა არ შეგისწორა ეს, ვერ შენიშნა, ტრავმას აუცილებლად მიიღებ. ამისგან თავის დაღწევაში მწვრთნელები გვეხმარებიან. ვარჯიშების გეგმას წინასწარ გვაცნობენ. დღეს რომ დაუშვი შეცდომა, გამძლეობა, ძალა არ გეყო, ამ ყველაფერს შენ თვითონაც ხვდები და მწვრთნელისთვისაც არ რჩება შეუმჩნეველი. მთელი თამაშის განმავლობაში გაკვირდება მწვრთნელი და გაძლევს შენიშვნას. შეიძლება თამაშის დროს არაფერი თქვას, მაგრამ ვარჯიშზე ყველაფერი ითქმება.

 

 

2013-2014 წლის სეზონში თამაშობდით, „ბათუმს” არ ჰქონდა საკმარისი ქულა და უმაღლესი ლიგიდან გავარდნის წინაშე იდგა. წელს პირველი წრის შემდეგ გუნდი მესამე ადგილზე იმყოფება. “ბათუმმა” ეს როგორ მოახერხა?


ბათუმის უმაღლესი ლიგა შარშან მძიმე მდგომარეობაში იყო. ფლეი ოფში დასარჩენი ორი თამაში „ბაგრატთან~ ძირითად შემადგენლობაში ვითამაშე და უმაღლეს ლიგაში ჩემი პირველი ლელოც დავდე. ბათუმში ვითამაშეთ. ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო და დიდი ემოციით შევხვდი. როცა გაიგებ, როგორია ლელოს დადება, მით უმეტეს უმაღლეს ლიგაში, სულ გინდა, რომ იქ იყო და კიდევ არა ერთხელ დადო ლელო, გაახარო ჯერ შენი თავი, მერე შენი გულშემატკივარი, გუნდის წევრები. ამ სეზონის პირველ წრეში „ბათუმი” მყარად დადგა. ზედიზედ ორგზის საქართველოს ჩემპიონი, მეორე ადგილზე მყოფი „ლელო” ახლახან დავამარცხეთ. ვერ ვიტყვით, რომ წელს უმაღლეს ლიგაში „ბათუმზე“ გამორჩეული გუნდია რომელიმე. შარშანდელ ჩემპიონ „არმიას” და პრიზიორ გუნდებს წელს დამაჯერებელი ანგარიშებით მოვუგეთ.
ხელმძღვანელობის ცვლილებამაც დიდი როლი ითამაშა. თან წელს იმ პოზიციებზე, შარშან რომ გვიჭირდა, რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე დავამატეთ, რამაც გუნდი გააძლიერა. თამაშების შემდეგ ბიჭებმაც უფრო გავუგეთ ერთმანეთს. გუნდის შეთამაშებამ, ხელმძღვანელობის მხრიდან სწორმა მიდგომამ, ვარჯიშებმა, ფიზიკური კონდიციების განვითარებამ ეს შედეგი მოიტანა.

 

პირველი წრის შედეგიდან გამომდინარე რა შეიძლება ვთქვათ, გახდება „ბათუმი~ 2014-2015 წლის სეზონის საქართველოს ჩემპიონი?

რომ გითხრათ ჩემპიონობის ამბიცია გუნდში არ არის, არ იქნება მართალი. რა თქმა უნდა, ამისთვის ვიბრძვით და ვშრომობთ. ჩვენი მიზანია პირველი ადგილია, დანარჩენი კი, ვინც თამაშობს, ის იგებს. გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ წელს გავხდეთ ჩემპიონები.

 

 

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი