სიახლეები

16 ხმა ექვსის წინააღმდეგ – ქედაში ბიუჯეტი დაამტკიცეს

22.12.2014
16 ხმა ექვსის წინააღმდეგ – ქედაში ბიუჯეტი დაამტკიცეს

 

 „მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტში სოციალური ფონი მძიმეა, 232 000 ლარით შემცირდა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის დაფინასება, ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული შშმ პირებთა ხელშეწყობის  ღონისძიებების მომსახურება და ადაპტაციის პროგრამები, ინფრასტრუქტურის დაფინასება 3 მილიონ ლარზე მეტით შემცირდა, პრიორიტეტებში ნახსენები არ არის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამები,  რაც სამუშაო ადგილების ფორმირებას შეუწყობდა ხელს, აგრეთვე არ არის გათალისწინებული მიწის რეფორმის ხელშეწყობის პროგრამები, რაც ფერმერული კოოპერატივების ჩამოყალიბებას აფერხებს. თანხები გაწერილია საფეხბურთო, სარაგბო კლუბებზე, ეს კარგია, მაგრამ პერსპექტივაში მისი მიზნობრიობა გაუგებარია.

 

370 000 ლარით შემცირებულია განათლების სფეროს დაფინასება, ყოველივე აღნიშნულის გამო ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს ქედის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტს“ – განაცხადა მურმან დავითაძემ სიტყვით გამოსვლისას.

 

საკრებულოს თავმჯდომარის ამირან ცინცაძის განცხადებით, მომავალი წლის ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ორიენტირებულია. საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ 2015 წელს ახალი სოციალური პროგრამები ამოქმედდება.

 

 „ყველა პრიორიტეტი გათვალისწინებულია მომავალი წლის ბიუჯეტში. არსებულ თანხაში არ შედის ტრანსფერები და სოფლის მხარდაჭერის პროგრამები, რაც დაემატება. დაგეგმილია ქედის ცენტრამდე გაზიფიცირება, ჩატარდება ნაპირგამაგრებითი სამუშაოები, თუმცა ამ სამუშაოებისთვის თანხა ქედის ბიუჯეტიდან არ დაიხარჯება.

 

სამომავლოდ ახალი სოციალიური პროგრამა ამოქმედდება, ყოველ შეძენილ შვილზე ოჯახი ფულად დახმარებას მიიღებს, პირველ შვილზე 300 ლარს, მეორეზე – 400, მესამეზე კი 500 ლარს და ა.შ, რაც მანამდე არ იყო“ – აცხადებს ამირან ცინცაძე.

 

ქედის ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსავლების გეგმა 60 000 ლარით გაზრდილია, გამგეობის საფინასო სამსახურის უფროსის ჯემალ ტაკიძის განმარტებით ადგილობრივი შემოსავალი, მერისში ოქროს მომპოვებელი კომპანიის მიერ შეტანილი თანხით შეივსება, რისი ვალდებულებაც წინა წლებში კომპანიას ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან არ ჰქონდა.

 

 დღეს გამართულ საკრებულოს სხდომას ქედაში 24 დეპუტატიდან  21 წევრი ესწრებოდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.