„დღევანდელი აქცია იყო გამოძახილი იმ განცხადებისა, რომელიც ქალბატონმა მედეა ვასაძემ ამ დღეებში გააკეთა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში, სადაც მან თქვა, რომ თვითნებურად შესახლებულთა სამი ათასი ოჯახიდან მხოლოდ 80 ოჯახს ესაჭიროება დახმარება და დანარჩენი არ საჭიროებსო. ამან გამოიწვია გარკვეული აღშფოთება და გაღიზიანება ხალხში. ეს აქცია იყო დაგეგმილი ადრე, რამდენიმეჯერ გადაიდო, ვცდილობდით ქალბატონ მედეასთან დიალოგს, მაგრამ ის არ მოვიდა. თვითნებურად შესახლებულები და ჩვენ წავედით მასთან შესახვედრად“, – უთხრა „ბათუმელებს“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თამაზ ბაკურიძემ. ბაკურიძე თვითნებურად შესახლებულთა ინტერესებს იცავს.
როგორც ბაკურიძე ამბობს, აქციის მონაწილეები იყვნენ ოჯახები სოციალური პრობლემებით, რომლებიც იძულებულნი გახდნენ სხვადასხვა ობიექტზე თვითნებურად შესახლებულიყვნენ. აქციაში ასევე მონაწილეობდნენ ეკომიგრანტები წალკიდან.
„მიუხედავად უამინდობისა, საკმაოდ ბევრი ადამიანი მოვიდა აქციაზე და ხალხი ითხოვდა პასუხს ქალბატონი მედეასგან. იმ მონაცემების ნახვას, რომელიც მან ააფრიალა ტელეკომპანია „იმედის“ ერთ-ერთ გადაცემაში. დაცვამ ჭიშკარი არ გაუღო, ხალხი აღელდა და შევედით ეზოში. ხალხი ითხოვდა უმაღლესი საბჭოს შენობაში შესვლას, მაგრამ მე მოვუწოდე ხალხს, რომ ასეთი რამ არ გაეკეთებინათ. ვინაიდან და რადგანაც ხელისუფლება ამ ხალხის წინააღმდეგ გამოიყენებდა ამ ფაქტს. გამოვიდნენ ბატონი დავით ბაციკაძე და ალეკო ჩიტიშვილი ხალხთან სასაუბროდ. ხალხს ამ ადამიანებთან არ ჰქონდა პრობლემა. პრობლემა ჰქონდათ მედეა ვასაძესთან ან უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან.
რას და როგორ აპირებს ხელისუფლება ამ ხალხთან მიმართებაში – ამის გარკვევა უნდოდა ხალხს. საუბარი ვერ შედგა. რომ არ დაძაბულიყო სიტუაცია, ვთხოვე ხალხს წამოსვლა და სამი წუთით გადავკეთეთ გზა ჩაქვში. როგორც ვიცი, მედეა აპირებს პროკურატურაში სარჩელის შეტანას. კი ბატონო, შეიტანოს და ვნახოთ ვინ არის მტყუანი და მართალი,“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე.
დღევანდელ აქციას სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე და მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა:
„მე ვიხელმძღვანელე მთვარობის შექმნილი კომისიის შედეგებით, სადაც აღნიშნულია, რომ იმ ტერიტორიაზე, რაც თვითნებურად აქვს დაკავებული მოსახლეობას, ვინც სახელმწიფოებრივ დახმარებას საჭიროებს სულ არის 60-დან 80 კაცამდე. დანარჩენები რეალურად გახლავთ აბსოლუტურად დაუსაბუთებლად მიმაგრებული ამ ტერიტორიაზე. ადგილზე არსებობს ძალიან ცუდი ვითარება. ეს გახლავთ ის, რომ სახლები, ჯიხურები, რომლებიც ჩადგეს, არის ვაჭრობის საგანი და ისინი ამას ჰყიდიან 300, 500, 1000 ლარად. იქ მიდის მთელი რიგი უკანონო მშენებლობები, კაპიტალური მშენებლობები.
სახელმწიფოს მიერ დაცული შენობა გახლავს აჭარის უმაღლესი საბჭო და ვთხოვ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურას ჩვენ მივაწოდებთ ვიდეო მასალას ვინ იდგა ამ კარებთან, ვინ აქტიურობდა, როგორ იქცეოდა თავად თამაზ ბაკურიძე და სამართლებრივი შეფასება მისცენ აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობაში, დაცულ ობიექტში ამ ეგზალტირებული ადამიანების შემოჭრის მცდელობას. აქვე მოვუწოდებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას დაიწყოს 25-ე სატანკო ბატალიონის ტერიტორიაზე სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარება. ჩვენი განწყობა, რომ დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვინც იქ მართლა გაჭირვების გამო არიან ჩასახლებული, ცხადია, რომ რჩება ძალაში. დანარჩენებს კი მოეთხოვოთ თვითნებობისთვის ეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლია, გატარდეს შესაბამისი ღონისძიება მათი პასუხისმგებლობისათვის,“ – განაცხადა მედეა ვასაძემ.
კითხვაზე, თუ რატომ არ შეხვდა დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოსთან მისულ მოქალაქეებს, მედეა ვასაძემ განაცხადა:
„ის ფლიგელი, სადაც მე ვზივარ შორს არის ეზოსაგან და იმ ადამიანების აქ მოსვლა არ გამიგია. შეიძლება შეგნებულადაც დამიმალეს, იმიტომ რომ როგორც მეუბნებიან ისინი იყვნენ ძალიან ეგზალტირებული და ძალიან აგრესიულები. მე გავიგე ზუსტად ორ საათზე, როდესაც მქონდა მცდელობა, რომ მიმეღო არაჩვეულებრივი ღონისძიება გვაქვს დღეს ჩვენ სხდომათა დარბაზში, ბატონი ანზორ კუდბას ჩვენი სასიქადულო მწერლის დაბადების 75-ე წლისთავია. როცა გავიგე ეს ვითარება, მოვბრუნდი კაბინეტში, რომ ამეღო ის მასალა, რომლითაც მე ამ განცხადების გაკეთებისას ვიხელმძღვანელე, ანუ კასეტა, ვიდეო ჩანაწერი. როდესაც გაუკეთეს წინადადება ქალბატონი მედეა მოდისო, ისინი მყისიერად მიბრუნდნენ და დაიშალნენ,“- განაცხადა მედეა ვასაძემ.