მთიანი აჭარა

ბიუჯეტის საჯარო განხილვა ქედაში

18.12.2014 • 1539
ბიუჯეტის საჯარო განხილვა ქედაში

 

2015 წელს განსახორციელებელ პრიორიტეტებთან დაკავშირებულ კითხვებს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ და გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსმა ჯემალ ტაკიძემ უპასუხეს.

 

საჯაროობის მიუხედავად ბიუჯეტის პროექტის განხილვას ძირითადად მუნიციპალიტეტში მოქმედი აიპებისა და შეპესეების თანამშრომლები, გამგეობისა და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. ჯემალ ტაკიძემ დამსწრე საზოგადოებას  მომავალ წელს განსახორციელებელი სამუშაოები გააცნო.

 

ბიუჯეტის პროექტის განხილვის დაწყებიდან რამდენიმე წუთში სხდომათა დარბაზი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს, მიზეზად მომავალი წლის  ბიუჯეტში მათი შენიშვნების გაუთვალისწინებლობა დაასახელეს.

 

 

 

ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები დეპუტატებმა რამდენიმე დღის წინ დააფიქსირეს.  სულ 50 შენიშვნა შევიდა,  ბიუჯეტის არსებულ გეგმა-პროექტთან დაკავშირებით შენიშვნას არამარტო საკრებულოს ოპოზიცია, უმრავლესობაც გამოთქვამს.

 

 „წარმოდგენილი ბიუჯეტი რაც მუნიციპალიტეტის გამგეობამ მეორედ შემოიტანა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას არ ითვალისწინებს, რის გამოც მხარს ვერ დავუჭერთ. ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები გვქონდა, თუმცა გამგეობამ ჩვენი შენიშვნა არ გაითვალისწინა, ჩვენ ვითხოვდით 2012 წელს მიწის ძვრით დაზარალებულ ოჯახებისთვის, ასევე  სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახურავით დახმარებას, მრავალწლოვანი კულტურების, უნიკალური ჯიშების, თხილის, სუბტროპიკული ხურმის, მოცვის ნერგების გადაცემას გლეხებისთვის, მართალია სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნერგებთან დაკავშირებით მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს  196 000 ლარით, თუმცა მთლიანად ხუთ მუნიციპალიტეტზე და აქედან შესაძლოა ქედის მუნიციპალიტეტს მოუწიოს 1000 ძირი ნერგი, რაც ძალიან მწირია“ – აცხადებს  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვაჟა ბოლქვაძე.

 

2015 წლის ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმა-პროექტი 5 მილიონ 857 955 ლარია. აქედან 1 660 185 ლარი წარმომადგენლობით და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსებას, 364 210 ლარი თავდაცვას, საზოგადებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას, 1 250 340 ლარი ინფრასტრუქტურას, 1 283 630 ლარი განათლებას, 1 304 945  ლარი კულტურასა და სპორტს, 239 000 ლარი კი მოსახლეობის ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფას მოხმარდება.

 

მიუხედავად იმისა, რომ ქედის მოსახლეობის უმრავლეოსობის შემოსავალი სოფლის მეურნეობაზე მოდის, ამ სფეროს განვითარებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტის გეგმაში ერთი თეთრიც კი არ არის გათვალისწინებული, ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობის კუთხით მიზნობრივ პროგრამებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს და ის აქვე დასძენს, რომ საფუძვლიან შენიშვნებს ბიუჯეტის კორექტირების დროს გაითვალისწინებს.

 

„მომავალი წლის ბიუჯეტში პრიორიტეტულია სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ყველა შენიშვნა შევისწავლეთ, იყო საყურადღებო ნიუანსები და აბსურდული მოთხოვნებიც, შენიშვნებს, უმრავლესობა ბიუჯეტის პირველი კორექტირების დროს იქნება გათვალისწინებული, რაც შეეხება შენიშვნას სოფლის მეურნეობის კუთხით, არ ვითვალისწინებ, იმდენად რამდენადაც ამ კუთხით მიზნობრივ პროგრამას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს“, – აცხადებს დავით დუმბაძე.

 

სოფელ უჩხითში მცხოვრები მანუჩარ კახიძე, რომელიც ბიუჯეტის საჯარო განხილვას ესწრებოდა ამბობს, რომ სოფელი მოსახლეობისგან იცლება, ის სოფლებში არსებულ რთულ ვითარებაზე საუბრობს, მისი თქმით თუ ვითარება არ შეიცვლება, მალე სოფლები დაცარიელდება.

 

„სოფელს ყურადღების მიქცევა უნდა, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მიგრაციას განცდის, 80 კომლიან სოფელში დღეს 30 კომლი ცხოვრობს, ვინც წასასვლელი ნახა წავიდა, ვითარება უკეთესობისკენ თუ არ შეიცვლება ჩვენ არ გვექნება ქართული სოფლები, ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს, მიწის რეფორმა უნდა გატარდეს“ – აცხადებს მანუჩარ კახიძე.

გადაბეჭდვის წესი