ალექსანდრე ჭიკაიძე თანამდებობას ტოვებს

 

”მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას.

 

იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ.

 

გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.”

კონკურსი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში

 

 ორი ეკონომიკური ექსპერტი (შტატგარეშე) და ერთი ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი (შტატგარეშე).

 

სამინისტრო თანამშრომლებს სამ თვიანი გამოსაცდელი ვადით აიყვანენ. ეკონომიკური ექსპერტების ხელფასი 1250 ლარი, ხოლო ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელის ხელფასი 1500 ლარი იქნება.

 

ეკონომიკური ობსერვატორიის მთავარი მიზანი ეკონომიკური კვლევებისა და ანალიზის წარმოება, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების საფუძველზე, რეგიონის მთავრობისთვის ეფექტური ექსპერტულ-ანალიტიკური დახმარების გაწევაა.

 

აჭარის ეკონომიკური ობსერვატორის ვებ-გვერდის საშუალებით, დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მიიღონ ანალიტიკური ინფორმაცია სხვა და სხვა წყაროებიდან,  ასევე გაეცნონ აჭარის რეგიონის ეკონომიკისა და შრომის ბაზრის საკითხებთან დაკავშირებით, კვლევებისა და ანალიზის საფუძველზე დამუშავებულ და დახარისხებულ ინფორმაციას.

 

განცხადებების წარდგენის ბოლო ვადა 2015 წლის 31 იანვარია.

 

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლო ,,C“ ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის აქციას უერთდება

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თანამშრომლეები

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო გამოწვევას უგზავნის ოზურგეთის, ხელვაჩაურისა და ახალციხის რაიონულ სასამართლოებს. საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით 2015 წელი C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად გამოცხადდა. კამპანიის ძირითად გზავნილს ატარებს:

1. ცხოვრება C ჰეპატიტის გარეშე

2. დროული დიაგნოსტიკა, განკურნების გარანტიაა.

 

აჭარა სტამბოლის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

 

 

ახალი სარეკლამო – საინფორმაციო მასალების გაცნობასთან ერთად, აჭარის სტენდში მისულ სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნება და რეგიონის ფოლკლორული სიმღერების მოსმენა შეეძლებათ.

 

“EMITT-2015” 18 წელია იმართება და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენად ითვლება რეგიონში.

 

მასში 70-მდე ქვეყანა მონაწილეობს, გამოფენას კი 130 000-მდე ტურიზმის სფეროს პროფესიონალი თუ მოგზაურობით დაინტერესებული ვიზიტორი სტუმრობს.

 

გამოფენის ოფიციალურ გახსნას გუშინ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ესწრებოდა.

 „ემითი“-ს ტურიზმის გამოფენა „ტუიაპი“-ის საგამოფენო ცენტრში 25 იანვრამდე გაგრძელდება.

აქცია – რას აპროტესტებენ ქედაში

 


მერაბ ხალვაში ერთ-ერთი მათგანია, ვინც ამ აქციაში მიიღებს მონაწილეობას. ის ამბობს, რომ კომპენსაციები, რომელიც შარშან ქედის მოსახლეობამ მიიღო სახელმწიფოსგან, ძირითადად თანამდებობის პირების ოჯახებსა და მათ ნათესავებზე გაიცა. მერაბ ხალვაში ასახელებს გამგეობის მაღალი თანამდებობის პირების ოჯახების მიერ აღებული კომპენსაციის ოდენობას, მაგრამ ითხოვს, რომ მათი გვარები არ დავწეროთ, რადგანაც მას არ სურს „თანამდებობის პირებს თუ სხვებს ზიანი მიაყენოს“. 

დასეტყვილი ვენახი ქედაში. კადრი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან
დასეტყვილი ვენახი ქედაში. კადრი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან

 

მერაბ ხალვაში: „გამგეობის მიერ შექმნილ კომისიას ხელმძღვანელობდა გურამ ლომინაძე. ეს კაცი ამბობს, რომ სიები, რომლებიც კომისიამ შეადგინა, გათავისუფლების შემდეგ გამგეობაში დატოვა. როგორც აღმოჩნდა, გურამ ლომინაძის წასვლის შემდეგ სიები ჩაასწორეს. ზუსტად რაც ვიცი, კომპენსაცია მიიღო დეპუტატ იაშა შერვაშიძის ძმამ და დედამ. ასევე გამგებლის ერთ-ერთი მოადგილის ოჯახმა“.

 

მერაბ ხალვაშის თქმით, გასული წლის გაზაფხულზე, 31 მარტს მოსულმა თოვლმა ოთხი თემის – ზვარეს, წონიარისის, დანდალოსა და ცხმორისის  მოსახლეობას მიაყენა ზიანი. „ორი თემი იმიტომ ვერ გამოდის დღეს აქციაზე, რომ ჩვენ უმუშევარი ხალხი ვართ და ვერ მოვახერხეთ ყველასთან დაკავშირება“, – ამბობს მერაბ ხალვაში.

 

მერაბ ხალვაშის თქმით, სახელმწიფოს განცხადება, რომ მხოლოდ სეტყვის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას აუნაზღაურეს ზიანი და არა თოვლისგან დაზარალებულებს, არის ტყუილი, რადგან 2014 წლის 31 მარტის  თოვლისა და ღამის ყინვების შემდეგ, ვაზს მხოლოდ ფოთლები შერჩა და ერთი თვის შემდეგ მოსული სეტყვა ამ ფოთლებს თუ დააზიანებდა.

 

მერაბ ხალვაში ამბობს, რომ მას 31 მარტს მოსულმა თოვლმა 2 ტონა ჩხავერი დაუზიანა, მაგრამ კომპენსაცია საერთოდ არ მიუღია. მისივე თქმით, მას 2013 წლის 9 დეკემბრის თოვლმაც დიდი ზარალი მიაყენა – სათბური გაუნადგურა, მაგრამ გამგეობიდან დახმარების მისაღებად დაწერილი თხოვნის პასუხად აცნობეს, რომ თუ უნდა კომპენსაცია მიიღოს, მეურნეობა უნდა დააზღვიოს.

 

მერაბ ხალვაშის აზრით,  შარშან კომპენსაციები პოლიტიკური ნიშნით განაწილდა – „რომელმა თემმაც მისცა „ქართულ ოცნებას“ ხმა, იმ თემებში დაანაწილეს კომპენსაცია,  თუ ასე გააგრძელებენ მუშაობას, შემდეგ არჩევნებში ორი თემის მოსახლეობა, რომელბიც დღეს აქციაში მიიღებენ მონაწილეობას, საარჩევნო კომისიის კარებს აჭედავენ და ამ გზით გააპროტესტებენ შარშანდელ „უსამართლოდ განაწილებული კომპენსაციების“.

 

მერაბ ხალვაში ქედის საკრებულოს თავმჯდომარე იყო 2004-2008 წლებში.

 

კომპენსაციების გაცემის შესახებ პირველად ინფორმაცია ქედაში ჩასულმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაავრცელა. კომპენსაციების გაცემა ქედაში ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ სტუმრობის დღეს დაემთხვა. 

 

ბათუმის აეროპორტში თურქეთის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს

 

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი

ანკარას ინტერპოლის მიერ ჰალის აიდოგანი, მისი დაკავების და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით, საერთაშორისო ძებნაში 2010 წლის 16 აპრილს გამოცხადდა. მას ბრალად ედება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 146/3-ე, 59/2-ე, 31-ე და 33-ე მუხლებით და თურქეთის ანტიტერორისტული კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც ჯგუფის მიერ ძალის გამოყენებით კონსტიტუციური წყობილების შეცვლის მცდელობაში მონაწილეობას გულისხმობს.

 

შს სამინისტროს ცნობით დაკავებული გადაყვანილია აჭარა-გურიის დროებითი მოთავსების იზოლატორში. მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინა საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. 

აჭარის მთავრობის დელეგაცია თურქ ბიზნესმენებს შეხვდა

 

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბიზნესმენებს რეგიონის საინვესტიციო, ტურისტული პოტენციალი და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფრაგლებში ამოქმედებული რეგულაციები გააცნო. მოეწყო პრეზენტაციაც.

„თურქეთი ჩვენი რეგიონის ყველაზე მსხვილ პარტნიორად რჩება სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებში. მათი ინტერესი კვლავ დიდია, დღევანდელმა შეხვედრამ ეს კარგად დაადასტურა. ინვესტორები დაინტერესებული არიან არა მხოლოდ სასტუმრო და ტურისტული ბიზნესით, არამედ ლოჯისტიკით, სატრანპორტო და სამრეწველო მიმართულებებით. შეხვედრა დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა, ჩვენ ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ მათ და უკვე კონკრეტული წინადადებებით აჭარის რეგიონში ველოდებით“ -აღნიშნა არჩილ ხაბაძემ ბიზნესმენებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

შეხვედრას აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, სტამბოლში საქართველოს კონსული ირაკლი ასაიშვილი და ბათუმში თურქეთის გენერალური კონსული იასინ თემისქანი ესწრებოდნენ. 


„DEIK“-ის ბიზნესცენტრში აჭარის მთავრობის წევრებისა და თურქი ბიზნესმენების შეხვედრაზე, რომელიც 3 საათს გაგრძელდა გადაწყდა, რომ 2015 წლის გაზაფხულზე ბათუმში საქართველო-თურქეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება.

 

თავდამსხმელმა 50 წლის ქალს ჩანთა წაართვა და დანით დაჭრა

 

უბანში, სადაც  თავდასხმის ფაქტი დაფიქსირდა, ამბობენ, რომ ქალს თავდამსხმელმა ჩანთა გასტაცა, რადგან ჩანთაში აფთიაქის დღის ნავაჭრი თანხა ეგულებოდა. იმავე წყაროს ინფორმაციით, დაზარალებულ ქალს ჩანთაში თანხა არ ჰქონდა. 

 

შემთხვევა ინასარიძის ქუჩაზე გუშინ საღამოს 10 საათზე, საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს მოხდა. 


ამ წუთებში ლ.ტ. ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული. „ბათუმელების“ ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. 


დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით [ყაჩაღობა] მიმდინარეობს.   

არჩილ ხაბაძის ვიზიტი თურქეთში

 

არჩილ ხაბაძის ვიზიტი თურქეთში
არჩილ ხაბაძის ვიზიტი თურქეთში

ვიზიტის პირველ დღეს მთავრობის თავმჯდომარე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად „ემითის“ ტურისტული გამოფენის ოფიციალურ გახსნას დაესწრო.

გამოფენაზე საქართველოსა და აჭარის ტურისტულ პოტენციალს საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი წარადგენენ. ქართულ სტენდზე სამთავრობო უწყებებთან ერთად წარმოდგენილია საქართველოს კერძო ტურისტული კომპანიები.
ქართულმა დელეგაციამ ქართულ სტენდთან თურქეთის სამთავრობო უწყებების ოფიციალურ პირებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და სხვადასხვა ქვეყნის ვიზიტორებს უმასპინძლა. გამოფენაზე ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა.

„ემითი“ თურქეთში ყველაზე დიდი ტურისტული გამოფენაა, წელს იგი მე-19 იმართება. გამოფენაში მონაწილეობს 70-მდე ქვეყანა, რომელსაც 150 ათასი პროფესიონალი ვიზიტორი სტუმრობს. „ემითი“-ს ტურიზმის გამოფენა „ტუიაპი“-ის საგამოფენო ცენტრში 25 იანვრამდე გაგრძელდება – აღნიშნულია აჭარის მთავრობის ვებგვერდზე. 

შსს-მ ბათუმში ავტომანქანის დაწვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2015 წლის 22 იანვარს, გვიან ღამით, ბათუმში, იმედაშვილის ქუჩის 27 ნომერში გაჩერებულ „ბე ემ ვე“-ს მარკის ავტომობილს ბენზინი გადაასხა, ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნული ავტომანქანა მოქალაქე დავით მანჯავიძის საკუთრებას წარმოადგენს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაკავებულსა და დავით მანჯავიძეს შორის ფინანსური დავა არსებობდა. დაზარალებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში ზაზა გ–ს კუთვნილ ბინაში ცხოვრობდა, თუმცა მას წინასწარ შეთანხმებული საფასური არ გადაუხადა, რაც მათ შორის უთანხმოების მიზეზი გახდა.

 

შსს–ს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ზაზა გ. იმავე დღეს დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.


გამოძიება მიმდინარეობს ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ–ის 187–ე მუხლის ნაწილით).

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე ქალი დაჭრეს

 

შემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი

“გავიგეთ კივილის ხმა და გადავიხედეთ აივნიდან. დავინახეთ როგორ მოვიდა სასწრაფო დახმარების მანქანა და ქალი გადაიყვანეს, ადგილზე კი პოლიციელები იყვნენ” – უთხრა “ბათუმელებს” ინასარიძის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.  

 

 დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლით [ყაჩაღობა] მიმდინარეობს.  

 

 

 

 

 

“წიგნები ბათუმში” თებერვალში შვიდ წიგნს გამოსცემს

 


გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“  მუშაობას სერიით – „ფანტასტიკური ბიბლიოთეკა“ – იწყებს. „კაცი მაღალ კოშკში“, „ყვავილები ელჯერნონისათვის“, „ძნელია ღმერთობა“ და კიდევ ერთი წიგნი, რომლის დასახელებასაც გამომცემლობაში სიურპრიზად ინახავენ, სწორედ ამ სერიით გამოვა.

 

გამომცემლობის დირექტორი ირაკლი ბაკურიძე ამბობს, რომ სერია საკმაოდ დიდი იქნება: „იმედი გვაქვს მკითხველი ძალიან კარგად მიიღებს, რადგან აქამდე ამ წიგნების წაკითხვა შეიძლებოდა ძირითადად ინგლისურად და რუსულად. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ვყოფილიყავით პიონერები. ნაყიდი გვაქვს უფლებები და ვმუშაობთ სხვა წიგნებზეც.“

 

თებერვალში „წიგნები ბათუმში“ ბავშვებისათვისაც გამოსცემს წიგნს – როალდ დალის „არაჩვეულებრივი ბატონი ფოქსი“, ხოლო მოზარდებისა და უფროსებისათვის –  კეტრინ პეტერსონის „ხიდი ტერაბითიაში“.

 


„ამ წიგნების გარდა უკვე 22 წიგნზე ვმუშაობთ, რომელიც მაისში გამოვა და კიდევ რამდენიმე წიგნის გამოცემის უფლების მოპოვებას ვცდილობთ. ორი წელია ვსწავლობთ წიგნის ბაზარზე მოთხოვნებს, ვიცით რა უნდა მკითხველს, რისი მოლოდინი აქვს, ვიცით  რა არაა ნათარგმნი, აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ შეგვერჩია სერია, რომელსაც ერქმევა „ფანტასტიკური ბიბლიოთეკა“, თუმცა სერიის გარეთ გვექნება უამრავი წიგნი, მხატვრული ლიტერატურა და არამხოლოდ.  სამეცნიერო ლიტერატურის გამოცემასაც ვფიქრობთ და გვექნება საბავშვო ხაზიც. უახლოეს თვეებში იგეგმება მონტესკიეს „კანონთა გონის“ გამოცემა“ – ამბობს ირაკლი ბაკურიძე.  

 

მისი თქმით, გამომცემლობისთვის ბათუმში ექვსი, მთლიანად კი 30 ადამიანი მუშაობს – მთარგმნელები, რედაქტორები, დიზაინერები და ასე შემდეგ.

 

გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ ამავე სახელწოდების წიგნების მაღაზიის მფლობელებმა ირაკლი ბაკურიძემ და მარი კორინთელმა დაარსეს. ირაკლი ბაკურიძე ამბობს, რომ მათთვის მთავარი ამ საქმის სიყვარული და ის უკმარისობა იყო, რომელიც საქართველოში წიგნის ბაზარზეა: „ეს იყო მთავარი მოტივაცია, რომ დაგვეწყო საქმე. მეორეს მხრივ, ბიზნესის კუთხითაც შესწავლილი გვაქვს ეს სეგმენტი და ვფიქრობთ, რომ წამგებიანი არ იქნება, პირიქით, მოგებაზე არის გათვლილი. ჩვენ გვჯერა, რომ ეს გამომცემლობა თავსაც შეინახავს და უახლოეს მომავალში  აუცილებლად გაფართოვდება. არ ვაპირებთ მცირე გამომცემლობად დარჩენას“. 



ძალიან საშიში მისტერ მერსედესი

 

„მისტერ მერსედესს“, კინგის სხვა რომანებიდან, ერთი ძირითადი მახასიათებელი გამოარჩევს – ეს დიდი მწერლის ექსპერიმენტია. „მისტერ მერსედესი“, არც მეტი, არც ნაკლები, დეტექტივია, კლასიკური დეტექტივი, რაც სრულიად ახალი შემოთავაზებაა საშინელებათა ჟანრის მეფისგან.


მიუხედავად სრულიად ექსპერიმენტული ხასიათისა, წიგნში ბევრი დეტალია, რაც  ხელმოუწერლადაც მიგახვედრებთ, რომ ეს ნაწარმოები სტივენ კინგმა დაწერა. ყოფითი ჟანრი, ყოველდღიური დეტალების სკრუპულოზური აღწერა, კოლას ქილები, ჭუჭყიანი საცვლები, ნამცეცები მაგიდაზე – ეს ყველაფერი ისევ „კინგურია“, ხერხები, რომლებიც საშუალებას იძლევა, პირველივე ფურცლებიდან დასახლდე წიგნში და გეგონოს, რომ მაცივარს გამოაღებ და იქ პეპსის ბითლები დაგხვდება, ან ფანჯრიდან გადაიხედავ და დაინახავ, როგორ კრეჭს შენს საკუთარ გაზონს აფროამერიკელი ბიჭუნა. თუნდაც საერთოდ არ გქონდეს გაზონი.


კიდევ ერთი რამაა უცვლელი ამ წიგნში – უსაზღვრო შეიძლება იყოს ადამიანთა ბოროტება. და ყოველი ჩვენგანის თავსი ერთ მსვენიერ დღეს მომწიფდეს შემზარავი, ბნელი, საზიზღარი სურვილები და ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ ამ სურვილების ასასრულებლად.


ჰოჯიზი გადამდგარი პოლიციელია, რომელიც არაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რომ  დაუსრულებლად უყურებს ტელევიზორს და უზომოდ სუქდება. ამ საქმიანობების გარდა, ტელევიზორის წინ ჯდომისას, მუხლებზე ყოველთვის უდევს იარაღი და ვერ გადაუწყვეტია, თავი მოიკლას თუ ცოტა ხნით კიდევ მოიცადოს. თავის მოკვლის სურვილი სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ გაუჩნდა – ახლა ის უკვე ერთი მსუქანი მოხუცია, რომელსაც აღარ შეუძლია, სამყარო უკეთესობისგან შეცვალოს.


საბედნიეროდ, ჰოჯიზი მოიცდის და ერთ მშვენიერ დღეს მის საფოსტო ყუთში წერილი ჩავარდება, რომელიც საკუთარ საჭიროებას ისევ აგრძნობინებს. წერილის ავტორი მისტერ მერსედესია, დაუნდობელი მკვლელი, რომელიც სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომზე წინასწარი განზრახვით შევარდა და 8 ადამიანი გაჭყლიტა, მათ შორის ერთი ჩვილი.


მისტერ მერსედესის საქმე ჰოჯიზის უკანასკნელი საქმე იყო. იგი ისე გავიდა პენსიაზე, რომ საქმე გაუხსნელი დარჩა და აი, მკვლელი თავად გამოვიდა კონტაქტზე. იმიტომ, რომ აუდიტორია მოაკლდა. იმიტომ, რომ ჩვენ ყველას გვინდა, ჩვენს დიდ საქმეებს დამნახავ – დამფასებლები ჰყავდეს და აპლოდისმენტები არ მოგვაკლონ. ჩვენი წილი ტაში აუცილებლად უნდა მივიღოთ. „მისტერ მერსედესი“ ჰოჯიზს იწვევს ჩატში სასაუბროდ.


ამის შემდეგ წიგნი უკვე ერთი დიდი ნადირობაა, ოღონდ ბოლომდე გაურკვეველია, რომელი მონადირეა და რომელი – მსხვერპლი. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, რომელიც ფინალამდე უპასუხოდ რჩება – როგორც უკვე ვთქვით, „მისტერ მერსედესი“ კლასიკური დეტექტივია, ჟანრის კანონების სრული დაცვით.


ეს წიგნი კინგის ყველა მოყვარულმა უნდა წაიკითხოს, მიუხედავად იმისა, უყვარს თუ არა დეტექტივები. იმიტომ, რომ მთავარი აქაც ისაა, რაც კინგის სხვა წიგნებში – ვიწრო ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის, ადამიანთა სულების ზალიან ბნელი კუთხეები და მორალური დილემები.  


მაღაზია „წიგნები ბათუმში.“ მისამართი: აბაშიძის (ყოფილი სტალინის) #60 

გაიცემა თუ არა 200 ლარის მედიკამენტები? – ბრიფინგი და მერიის პასუხი

 დავით ბერიძე

„აღნიშნულ პროგრამა შეჩერებულია და ასევე, პროგრამაში არის ცვლილებები. მაგალითისათვის, თუ გასულ წელს ოჯახიდან რამდენიმე წევრს შეეძლო აღნიშნული პროგრამით სარგებლობა, წელს მხოლოდ ერთ წევრს შეუძლია. 2015 წელს ამ პროგრამით არც ერთ ბენეფიციარს არ უსარგებლია იმ მიზეზის გამო, რომ გადავიდნენ ელექტრონულ სისტემაზე.  პასუხები, რომელიც მე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისგან მივიღე, არ არის დამაკმაყოფილებელი. მათ მე განმიცხადეს, რომ 20 იანვარს აღნიშნული პროგრამა განახლდებოდა, იმიტომ, რომ ელექტრონულ სისტემაზე გადადიან, მაგრამ აქვე არის კითხვები: თუ კი ეს პროგრამა არ შეჩერებულა, მაშინ შეუძლიათ გასცენ საგარანტიო წერილი ელექტრონულ სისტემაზე გადასავლამდე, რომლის საფუძველზე აფთიაქს არა აქვს პრობლემა, რომ მიაწოდოს ბენეფიციარს მედიკამენტები. გუშინ როცა მოვიკითხე, პასუხიც ვერ მივიღე კონკრეტულად როდის განახლდებოდა.

მინდა მივმართო ბათუმის მერს, გიორგი ერმაკოვს, მერი, რომელიც სოციალური თემების მიმართ არის ყურადღებიანი. ვთხოვ მას, რომ უახლოეს დღეებში მოხდეს აღნიშნული პროგრამის განახლება“ – განაცხადა დავით ბერიძემ.

ბათუმის მერიაში კი ამბობენ, რომ მედიკამენტები წელსაც გაიცემა და შეფერხება არ არის.

„ეს არის სამედიცინო დახმარების პროგრამის მხოლოდ ერთი ღონისძიება, რომელიც ბიუჯეტში გათვალისწინებულია და მუშაობს. გაიცემა საგარანტიო წერილი, მოქალაქეები ჩვეულებრივად მიიღებენ 200 ლარის ღირებულების მედიკამენტებით დახმარებას, არავითარი შეფერხება არ არის“  – განაცხადა „ბათუმელებთან“ სოფიო მიქელაძემ, ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა. 

მოტობლოკები და ურიკები 1,6 მილიონად

 

 

 

სამინისტრო, მიმდინარე წელს შეისყიდის 340 მრავალფუნქციურ მოტობლოკს, რომელიც დაკომპლექტებულია ფრეზი-კულტივატორით, ნიადაგჩამჭიდი თვლებით, მიწის შემომყრელით და კარტოფილის ამომთხრელი აგრეგატით; ასევე, ანალოგიურ 32 მოტობლოკს, ოღონდ სეგმენტურთათებიანი საცელით, 39 ცალ მოტობლოკს –  კარტოფილის სარგავი აგრეგატით და 77 ცალ მოტობლოკის მისაბმელ ურიკას.

 

სამინისტროს ინფორმაციით, 2008-2014 წლებში ფერმერებზე გაცემული იქნა 1200 ერთეული მრავალფუნქციური მოტობლოკი. „იმის გათვალისწინებით, რომ დღეისათვის რეგიონში ირიცხება 55 ათასი ფერმერი, მცირე სამექანიზაციო საშუალებებზე მზარდი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია მხოლოდ 2,18 %–ით“.

 

ტექნიკის განაწილების წესის შემუშავებასა და ბენეფიციართა შერჩევას მათი განცხადებებისა და წარმოდგენილი სიების (მუნიციპალიტეტის გამგეობები, ბათუმის მერია) საფუძველზე, განახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი კომისია.

 

ტექნიკა ფერმერებსა და აგრომეწარმეებზე გაიცემა თანაგადახდის პრინციპით, პროგრამის ფარგლებში შესყიდული საქონელის ღირებულების 30 %–ის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე გადახდის შემდეგ.

 

აჭარის მთვრობის მიერ დამტკიცებულ პროგრამაში აღნიშნულია, რომ „2014 წელს მოსახლეობაზე მიწოდებული იქნა 360 ერთეული სხვადასხვა აგრეგატებით დაკომპლექტებული მოტობლოკი. მისი მეშვეობით მოსახლეობამ აგროვადებში დაამუშავა 540 ჰა-ზე მეტი სავარგული. ცოცხალი გამწევი ძალის შემცირების გამო მოსახლეობის ინტერესი აღნიშნული მოტობლოკებისადმი ძალზე დიდია, ამასთან ფერმერებმა მოტობლოკებს ნიადაგის დამუშავებასთან ერთად მცირე სასოფლო-სამეურნეო ტვირთების ტრანსპორტირების ფუნქციაც დააკისრა და აქედან გამომდინარე გაჩნდა მოთხოვნილება მოტობლოკის მისაბმელ ურიკებზე. რაც გათვალისწინებული იქნა 2015 წლის ქვეპროგრამაში“.

 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროგრამის მომდევნო წლებში გაგრძელებასაც გეგმავს. 2015–2018 წლებისათვის რეგიონის ფერმერებზე მიწოდებული იქნება 1600 მოტობლოკი და 250-მდე ტვირთსაზიდი ურიკა, რასაც აჭარის ბიუჯეტიდან 6 700 000  ლარი დასჭირდება.

აჭარის სტენდი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე სტამბოლში

 

ტურიზმის საერთაშორისო გამოფენის ოფიციალურ გახსნას სტამბოლში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  არჩილ ხაბაძე დაესწრო. ახალ სარეკლამო- საინფორმაციო მასალების გაცნობასთან ერთად აჭარის სტენდთან მისულ სტუმრებს შეუძლიათ ქართული ღვინის დაგემოვნება და რეგიონის ფოლკლორული სიმღერების მოსმენა.   

„EMITT-2015“ უკვე 18 წელია იმართება და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურისტული გამოფენაა რეგიონში. გამოფენაზე წარმოდგენილია 60-მდე ქვეყანა და მას 130 000-მდე ტურიზმის სფეროს პროფესიონალი თუ მოგზაურობით დაინტერესებული ვიზიტორი სტუმრობს. აღნიშნულ გამოფენაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ყოველწლიურად მონაწილეობს.  

სამი ვაკანსია აჭარის ფინანსთა სამინისტროში

 

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ეკონომიკური ექსპერტის ორი შტატგარეშე თანამშრომელსა და ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელის (ერთი შტატგარეშე) ვაკანსიაზე აცხადებს კონკურსს.

 

 ეკონომიკური ობსერვატორიის მთავარი მიზანი ეკონომიკური კვლევებისა და ანალიზის წარმოება, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების საფუძველზე, რეგიონის მთავრობისთვის ეფექტური ექსპერტულ-ანალიტიკური დახმარების გაწევაა.

 

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე. 

სად და რა ფასად სრულდება ავიარეისები ბათუმის აეროპორტიდან


ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი

კვირაში ორჯერ, პარასკევსა და კვირას სრულდება ავიარეისი მოსკოვის მიმართულებით. ბილეთის ფასი, 22 იანვრის სავალუტო კურსის მდგომარეობით, 537, 90 ლარია. რეისს ავიაკომპანია „აირზენა“ ასრულებს.  

 

ასევე კვირაში ორჯერ, პარასკევსა და კვირას ასრულებს „აირზენა“ ავიარეისს თბილისის მიმართულებით. ბილეთის ფასი 131 ლარია.

 

ბათუმის აეროპორტიდან სრულდება კიდევ ერთი, ღამის რეისი მინსკის მიმართულებით, ოთხშაბათსა და პარასკევს. რეისს ავიაკომპანია „ბელავია“ ასრულებს. ბილეთის საწყისი ფასი 447 ლარია, თუმცა ბათუმის აეროპორტის საინფორმაციო სამსახურის წარმომადგენლის, ირმა გოგიტიძის განმარტებით, ბათუმიდან მინსკის მიმართულებით პირველ თებერვალს ბოლო რეისი შესრულდება, შემდეგ კი ფრენა მაისიდან განახლდება. 

 

რა მიმართულებით დაემატება ავიარეისები ზაფხულში, ამის შესახებ აეროპორტში დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ არ აქვთ.

 

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, ერთი წლის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი გასულ წელთან შედარებით 2,15%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა, ამ მონაცემში შედის როგორც უცხოელი, ისე ქართველი მგზავრები.

 

2014 წელს ბათუმის აეროპორტში შემოსული უცხოელი ტურისტების სტატისტიკა შემდეგნაირად ნაწილდება: რუსეთი, უკრაინა, თურქეთი, პოლონეთი და ისრაელი, ბელორუსია.

 

 

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას ირაკლი ბარამიძე შეასრულებს

ირაკლი ბარამიძე

16 მარტამდე ალიოშა ბაკურიძე თანამდებობაზე რჩება, თუმცა იგი ამჟამად ბიულეტენზე იმყოფება, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას კი მისი მოადგილე სასწავლო დარგში, ირაკლი ბარამიძე შეასრულებს.

ალიოშა ბაკურიძე ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორია 2008 წლიდან. მან აკადემიურ საბჭოს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით 20 იანვარს მიმართა და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. 

ბათუმის განგსტერული ქრონიკა – ბრიფინგი ნაციონალურ მოძრაობაში

 ომარ მეგრელიძე

„გვახსოვს ყველას დიასამიძის ბავშვის უგზო-უკვლოდ გაქრობა, რომელიც დღემდე გამოუძიებელია, ახლა ერთი კვირის განმავლობაში ერთმანეთის მსგავსი ორი დანაშაული მოხდა: დაუწვეს მანქანა ბიზნესმენ ფარცვანიას, გუშინ კიდევ  მანქანა დაუწვეს მანჯავიძეს. კრიმინალს არა აქვს პარტიულობა,  ეს ეხება ყველას.  ჩვენ როცა წავედით ხელისუფლებიდან, დავტოვეთ ქალაქი აღჭურვილი იმ ვიდეოსაშუალებებით, რომლითაც ძალიან იოლად შეიძლება გაიხსნას ესა თუ ის დანაშაული, მაგრამ სამწუხაროდ ამას ვერ ვხდავთ. ეს არ არის 90-იანი წლები, უკან ვერ დავბრუნდებით. მე ვერ დავდებ სამართალდამცავებს ბრალს, მაგრამ ბევრი საკითხი ეჭვს ბადებს, შეიძლება გარკვეულ დამნაშავეებს ჰყავთ მფარველები რაღაც დონეზე, ამას პასუხი უნდა გასცენ კომპეტენტურმა პირებმა“ – განაცხადა ომარ მეგრელიძემ.

კითხვაზე, რა არის მისთვის ცნობილი დათო მანჯავიძის მანქანის დაწვასთან და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის კავშირზე [დათო მანჯავიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მომხდარს გივი თარგამაძესთან მეგობრობას უკავშირებს], ომარ მეგრელიძემ განაცხადა, რომ ამ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს:

„მე ტელევიიზით მოვისმინე ეს ინფორმაცია, ამას ვერც უარვყოფ,  ვერც დავადასტურებ, შეიძლება ასეც იყოს, რადგან ამ ადამიანმა ასე თქვა, მაგრამ ეჭვის დონეზე მე ვერ ვიტყვი ვერაფერს“ – აღნიშნა მან.  

 

ბათუმის უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები დანიშნეს

 

„უკვე გამოცხადდა კონკურსი, რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 23 თებერვლიდან. რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ, 16 მარტს, ჩატარდება რექტორის არჩევნები“ – განაცხადა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ირაკლი ბარამიძემ. მისი თქმით, ალიოშა ბაკურიძე ამჟამად ბიულეტენზე იმყოფება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი ბიულეტენზე ყოფნის დროს რექტორის მოვალეობას შეასრულებს უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე  სასწავლო დარგში, მისი არყოფნის შემთხვევაში კი  – რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. 

 

უნივერსიტეტის რექტორი აირჩევა აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით.
რექტორის არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს საუნივერსიტეტო საარჩევნო კომისია.

 

უნივერსიტეტის რექტორმა ალიოშა ბაკურიძემ აკადემიურ საბჭოს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით 20 იანვარს მიმართა. 

 

 

20 მეზღვაური ხელფასისა და სახლში დაბრუნების მოლოდინში

 

 

სულიკო ქამადაძე

 

 

 

ბათუმელი  სულიკო ქამადაძე  უფროსი მექანიკოსია. ის ოთხი თვეა რაც ბერძნულ გემზე _ „ასტერისი“ _ მუშაობს, თუმცა კუთვნილი ანაზღაურება დღემდე არ მიუღია.

 

 

„გემი ბერძნულ კომპანია „ვლადიმარინის“  ეკუთვნის. წინასაახალწლოდ ვთხოვეთ გემის მფლობელს, რომ ხელფასები დაერიცხა. დაგვპირდა, თუმცა  დანაპირები არ შეასრულა. ექვს იანვარს გემზე ამოვიდა კომპანიის აგენტი ორ ადგილობრივთან ერთად და მე და ზაზა ჩუგოშვილს იარაღის მუქარით გემი დაგვატოვებინეს. ოთხი ქართველი კი ადგილზე დატოვეს და იძულების წესით ამუშავებდნენ.

 

 

გემზე   ცხრა-ათი მილიონი დოლარის ღირებულების საწვავი იყო და მისი სხვა გემზე გადატვირთვა დაიწყეს.  იარაღის მუქარით გემიდან ჩამოგვყარეს, მე ორჯერ ჩამარტყეს გულის არეში იარაღი, რის გამოც საავადმყოფოში გადაყვანა დამჭირდა. იქედან დავუკავშირდით პოლიციას და დახმარება ვთხოვეთ, თუმცა რეაგირება არ ჰქონია. პოლიციაში ვიღაც სამხედრო მოვიდა და აქეთ დაგვემუქრა“.

 

 

სულიკო ქამადაძე ამბობს, რომ პოლიციიდან ის და ზაზა ჩუგოშვილი პატარა სასტუმროს მსგავს შენობაში გადაიყვანეს და ჩაკეტეს: „დღეში ერთხელ მოჰქონდათ საკვები. ახალი წლის დღეებში კი საერთოდ არ გამოჩენილან. 19 იანვარს მოვიდნენ და პირდაპირ აეროპორტში წაგვიყვანეს“.

 

 

 ამ დროისთვის, „ვლადიმარინის“ ოთხ გემზე 20 ქართველი იმყოფება.  ერთ-ერთ მათგანს, გელა ჩოჩორაშვილს „ბათუმელები“ ტელეფონით დაუკავშირდა. ჩოჩორაშვილის თქმით, ქართველები ამ დროისთვის მიტოვებულ გემზე იმყოფებიან და სახლში დაბრუნებას ელოდებიან:

 

 

„ახლა ოთხი გემი დგას აქ და  20 ქართველი ვართ სულ. ხელფასი არც ერთს არ გვაქვს დარიცხული, რომ სამშობლოში დაბრუნება შევძლოთ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქმის კურსშია და დახმარებას გვპირდებიან.  კომპანიას რამდენიმე თვის ხელფასი აქვს ჩვენთვის გადასახდელი. თვის ბოლომდე უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა, თუ არა, მაშინ ბილეთების ფული მაინც დაგვჭირდება, რომ საქართველოში დაბრუნება შევძლოთ“ – ამბობს მეზღვაური.

 

 

სულიკო ქამადაძე  გემზე 31 წელია  მუშაობს. როგორც ის ამბობს, მსგავსი შემთხვევა დღემდე არ ჰქონია.   „ამ კომპანიასთან მანამდე არ მქონია შეხება,  თუმცა ინფორმაცია გადავამოწმე და გემის არასანდოობაზე არავის არაფერი უთქვამს“.     

 

 

ერთი კვირის მანძილზე ბათუმში ორი მანქანა დაიწვა


ამ კვირაში, 19 იანვარს, ბათუმში ბათუმელი ბიზნესმენის, ირაკლი ფარცვანიას „ტოიტას“ ჯიპი დაიწვა. შემთხვევა დემეტრე  თავდადებულისა და რუსთაველის ქუჩების კუთხეში მოხდა. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. 

 

აჭარის უმაღლესი საბჭო: ტენდერის სავარაუდო თანხა 8 ათასი ლარია და არა 124 ათასი

 

უმაღლესი საბჭოს ავტომანქანები
უმაღლესი საბჭოს ავტომანქანები

„თუ ავტომობილი ხუთ წელზე მეტი ხნისაა, მისი მომსახურება უნდა დაიდოს ტენდერზე – ამას ითვალსწინებს კანონი.  ამ ეტაპზე უმაღლეს საბჭოს ორი მანქანა აქვს ასეთი, რომლებიც, კანონის შესაბამისად, დაძველებულია.

 

პრეისკურანტს უმაღლესი საბჭო განსაზღვრავს იმ კომპანიების პრეისკურანტის მიხედვით, რაც კომპანიებს აქვთ და ეს თანხა, რა თქმა უნდა, არ არის ორი მანქანის რემონტისათვის გამოყოფილი თანხა.    

 

 8 ათასი ლარი არის თანხა, რომელიც უმაღლესმა საბჭომ სავარაუდო, შესაძლო მომსახურებისათვის დადო.  ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს თანხა შემოთავაზებების დროს შემცირდება – ეს ერთი. მეორეც – შესაძლებელია ამ თანხის დახარჯვა [რვა ათასი ლარი] არ გახდეს საჭირო ერთი წლის განმავლობაში, თუ კი ავტომობილებს ეს ნაწილები არ დასჭირდებათ, მაგრამ იმდენად რამდენადაც ძველი მანქანებია, უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა ტენდერი, კანონის შესაბამისად“ – განმარტა ბესარიონ შერვაშიძემ „ბათუმელებთან“.

 

მისი თქმით, თუ კი 2015 წლის მანძილზე მანქანების ის ნაწილები გაფუჭდება, რომელთა გარემონტება  8 ათასზე მეტი ლარი ჯდება,  უმაღლესი საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას,  ღირს ამ თანხის დახარჯვა თუ არა, ამჯერად კი ხელშეკრულება რვა ათას ლარზე მეტ თანხაზე არ დაიდება.

ტენდერი აჭარის უმაღლესმა საბჭომ 15 იანვარს გამოაცხადა. 

ვაკანსია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში

 

კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა, კანდიდატის მიერ უნდა მოხდეს ელექტრონულად, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე – www. hr.gov.ge. განცხადების მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 24 იანვარი.


კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. კონკურსში მონაწილე მსურველებმა სხვა მოთხოვნები იხილეთ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე. 

შსს: თეირანის ინტერპოლი მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებას ადასტურებს

 

მარიამ კოჩალიძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუინთან მოჰამადამინი თეირანის ინტერპოლის ძებნილი პირების მონაცემთა ბაზაში მას შემდეგ იყო შეყვანილი, რაც მის მიერ საქართველოში ჩადენილი მკვლელობის გამო ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ საქართველოში ინფორმაცია გაავრცელა. 

 

თეირანის ინტერპოლიდან მიღებული ოფიციალური წერილის თანახმად, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ირანის სასაზღვრო ჩანაწერებში რუინთან მოჰამადამინის შესვლის ფაქტი არ დაფიქსირებულა. წერილში საუბარია, რომ ბრალდებული შესაძლოა ირანში უკანონოდ შესულიყო, ამიტომ რუინთან მოჰამადამინის საქმე, დაბადების ადგილის მიხედვით, ქალაქ გამიშანის ადგილობრივ პოლიციას გადაეცა, რათა მისი იდენტიფიკაციის მიზნით ფარული ღონისძიებები განეხორციელებინათ.

 

ადგილობრივი პოლიციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რუინთან მოჰამადამინმა კიდევ ერთი, მცირეწლოვანი ბიჭის მკვლელობა ჩაიდინა. ირანელმა სამართალდამცველებმა იგი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააპატიმრეს. რუინთან მოჰამადამინი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. 

ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ საქართველოში რუინთან მოჰამადამინზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა 2013 წლის 24 ოქტომბერს გამოაცხადა, ხოლო 2013 წლის 16 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ რუინთან მოჰამადამინი მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა. 

ვიზები ევროპულ ქვეყნებში

 

ვიზები- ავტო ტურისთვის შემდეგ ქვეყნებში: გერმანია,ჰოლანდია, ლატვია, ლიტვა, ჩეხეთი
ვიზა ტურისტული-ქვეყანა: საბერძნეთი

დაგვიკავშირდით ტელ: 577 650-605

ირანის კონსული: “მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებულს სიკვდილით დასჯა ელოდება”

 

 მარიამის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულის ჩადენას აღიარებს. კონსულის ინფორმაციით კი, მას ირანში სიკვდილით დასჯა ელოდება. როგორც „ბათუმელებს“ მოგვიანებით განუმარტეს, ბრალდებულს სიკვდილით იმ შემთხვევაში დასჯიან, თუ ამას მოკლული ბავშვების ოჯახის წევრები მოითხოვენ. 

 

დღესვე გაავრცელა განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურატურამ.

 

 

 

2013 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლომ უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აკადემიური საბჭოს წევრი: უნივერსიტეტი გამოწვევის წინაშეა

 

ვაჟა ვერულიძე

 

ვაჟა ვერულიძე: გუშინ საბჭო  გეგმის გარეშე შეიკრიბა. ორი საკითხი იყო სულ, ერთი მობილობის საკითხი, მეორე – რექტორის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აღარ შეუძლია გააგრძელოს მუშაობა. მან გვითხრა, რომ მის მკურნალობას სჭირდება უფრო  მეტი დრო, ვიდრე სამი თვეა, ამიტომ რექტორმა გამორიცხა ბიულეტენის აღების შესაძლებლობა. მან აღნიშნა, რომ უნივერსიტეტს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება რექტორი, რომელიც მუდმივად იქნება აქ, რადგან უნივერსიტეტი ელოდება აკრედიტაციას. მან ასევე თქვა, რომ ასეთ დროს რექტორის ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოანი, ამიტომ გადაწყვეტილება, რომელიც  მან მიიღო და რომელზეც დიდი ხანია ფიქრობს, არის გასაზიარებელი საბჭოს მხრიდან.


თქვენთვის პირადად როგორია რექტორის არგუმენტები, თქვენ რას აპირებთ, დააკმაყოფილებთ რექტორის განცხადებას?


საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა სხდომაზე თქვა, რომ თუ ეს რექტორის საბოლოო გადაწყვეტილებაა, უპრიანი იქნება დაინიშნოს არჩევნები. მე ვკითხე ბატონ ალიოშას, ეს იყო თუ არა მისი საბოლოო გადაწყვეტილება, რადგან მესამეჯერ ხდება, როცა რექტორი ითხოვს უფლებამოსილების შეჩერებას. მან დამიდასტურა, რომ ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება. ის მაქსიმალურად ცდილობდა საბჭოს წევრების დარწმუნებას, რომ ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება.


რაზე შეთანხმდით საბჭოს წევრები?


ხვალ  შეიკრიბება საბჭო და ვიმსჯელებთ,  ანუ  პროცესი დასრულებული არ არის. საბჭოს ჯერ არც საკონკურსო პირობები გამოუცხადებია.


გუშინ რატომ არ მიიღეთ საბჭოს წევრებმა გადაწყვეტილება რექტორის განცხადებასთან დაკავშირებით?


საათზე მეტ ხანს ვისმენდით ბატონი ალიოშას მოტივაციას, თუ რატომ გადაწყვიტა ასე.  ხანგრძლივი საუბრის შემდეგ საბჭო დაიშალა და პირადად მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ შეთავაზება ყველასთვის  გასაგები გახდა. დამატებითი მსჯელობა აღარ გამართულა, ბატონი ალიოშაც გადაიღალა. ვფიქრობ, რომ ბატონმა ალიოშამ მოახერხა საბჭოს დარწმუნება მისი პოზიციის სისწორეში.


არ იქნებოდა სწორი გუშინვე მიგვეღო გადაწყვეტილება, უნივერსიტეტი ახლა დიდი გამოწვევის წინაშეა, დიდი კონკურენციაა, წელს უნივერსიტეტმა უნდა გაიაროს აკრედიტაცია, ამიტომ რექტორის კანდიდატების კრიტერიუმების განსაზღვრის, ან  როდის გამოცხადდეს და ჩატარდეს არჩევნები, ისე რომ უნივერსიტეტმა მინიმალური ზიანი მიიღოს, ამის განხილვის დრო გუშინ არ იყო.

 

გუშინ დღის პირველ ნახევარში „ბათუმელების“ ჟურნალისტი რექტორს შეუთანხმდა ინტერვიუზე, დღეს რექტორს უნდა ესაუბრა უნივერსიტეტის 2015 წლის სტრატეგიული განვითარების გეგმაზე, დღის მეორე  ნახვარში კი რიგგარეშე საბჭოს სხდომა მოიწვია და უფლებამოსილების შეჩერება ითხოვა. როგორ ფიქრობთ, როცა ინტერვიუზე დაგვთანხმდა, მას გადაწყვეტილი ჰქონდა წასვლა?


სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვისაც გაუგებარია. ამ კითხვაზე პასუხი დღეს არ მაქვს.

 

 

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებით 57 253-მა მოქალაქემ ისარგებლა

 

2014 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამით 1745-მა ადამიანმა ისარგებლა.  

გულის ქირურგიის პროგრამით მომსახურება გაეწია 387 პაციენტს;

მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევა დაუფინანსდა 2 037 პაციენტს;

 სახსრების ენდოპროთეზირება დაუფინანსდა 54 პაციენტს;

სქოლიოზის რეაბილიტაცის კურსი დაუფინანსდა 2 642 ბავშვს;

ახალშობილი ტყუპების 69 ოჯახზე გაიცა 139 000 ლარი;

100 წელს გადაცილებულ 58 მოქალაქეზე გაიცა 58 000 ლარი;

ომში დაღუპული 19 ჯარისკაცის ოჯახზე გაიცა 78 000 ლარი;

სადღეღამისო თავშესაფარში მოთავსდა 24 ბენეფიციარი (მარტოხელა დედები

შვილებთან ერთად),  გაიხარჯა 96 956 ლარი.

მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შშმ 23 ბენეფიციარს ჩაუტარდა რეაბილიტაციის 37 კურსი;

ცერებრალური დამბლით დაავადებულ 456 ბავშვს ჩაუტარდა რეაბილიტაციის 1 196 კურსი;

სავარძელ-ეტლი გაიცა 220 შშმ პირზე და ხანდაზმულზე;

300 სმენის აპარატი გაიცა 291 ბენეფიციარზე;

ავადობის აქტიური გამოვლენის მიზნით სკრინინგი ჩაუტარდა 43 206 სკოლისა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელს;

C  ჰეპატიტის დიაგნოსტირერება ჩაუტარდა 3 000 ბენეფიციარს;

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებზე გამოკვლეულ იქნა 1 314 ორსული;

კიბოსა და კიბოსწინა დაავადებების დიაგნოსტიკა ჩაუტარდა 1 707 ბენეფიციარს.

104  სოფლის ექიმს გაეზარდა შრომის ანაზღაურება, მთაში _ 300 ლარით, ბარში _ 150 ლარით;

ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის შეძენილ იქნა 21 ავტომანქანა.

მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა აჭარის 5 მუნიციპალიტეტის 17 სოფელში, 5 – ჯერ ბათუმში;

ჩატარდა სისხლის უანგარო დონაციის 8 აქცია, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად და სისხლის ბანკის შესავსებად;

თურქეთის რესპუბლიკაში სტაჟირებაზე გაიგზავნა სამედიცინო ფაკულტეტის 7 კურსდამთავრებული და 1 მოქმედი ექიმი კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსის გასავლელად.

 

2014 წელს სამინისტროს პროგრამული ბიუჯეტი  6 049 339 ლარი იყო,  საზ. ჯანდაცვის პროგრამული ბიუჯეტი – 351 548 ლარი,  დასაქმების სააგენტოს პროგრამული ბიუჯეტი – 12 400 ლარი. 

ვაზაგაშვილების ტრაგედია – სოლიდარობის აქცია ბათუმში

 ლილი მორჩაძე: „ საშინელი ფაქტი მოხდა, აუცილებლად უნდაგამოიძიონ ეს ფაქტი. ჩვენი აქ დგომა არის პროტესტი იმ საშინელი ტრაგედიების  მიმართ, რაც ქვეყანაში ხდება“

ნინო ბარამიძე:  „ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, რომ აქ ვიდგეთ. ამაზე საშინელი აღარ ვიცი რა უნდა დაგვემართოს. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ახლა  სახლში ზიან“.

ნარგიზ გიორგაძე: „ის რაც მოხდა, ორივე ხელისუფლების სირცხვილია, ყოფილისაც და მოქმედისაც. ორივეს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება. ვაზაგაშვილის ტრაგედია ყველა ოჯახის ტრაგედიაა. დაუცველობს განცდა გამიჩნდა უკვე“.   

ბადრი ცინცქილაძე:  „აქ ვდგავარ როგორც მოქალაქე და გამოვხატავ სოლიდარობას ვაზაგაშვილის ოჯახის მიმართ. ეს არის ცინიზმი. გვინდა საკუთარი შვილის საფლავებზე დაგაკლავთ და ისე მოგექცევით, როგორც გვინდაო. ეს არის ხელისუფლების გამოწვევა და თუ ხელისუფლება ამ ყველაფერს სათანადოდ არ უპასუხებს, მისთვის ძალიან ცუდი იქნება.  ეს არის შედეგი იმ არაპროფესიონალური და არასამართლებრივი მიდგომისა, რასაც ხელისუფლება ავლენს ყველაფრის მიმართ. ადამიანებმა ვერ დაიბრუნეს დაკარგული ქონება, ვერ აღადგინეს სამართლიანობა. ყველა ის მოლოდინი, რაც ჰქონდათ ადამიანებს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, გაქრა. სამართალდამცავებში ის ხალხი დარჩა, ვინც გუშინ დანაშაული ჩაიდინა.  ყველამ პასუხი უნდა აგოს ამ ტრაგედიაზე“.

თემურ კახიძე: „ეს არის უსამართლობა და ცინიზმის მწვერვალი. ვფიქრობ, ეს ყველა ჩვენგანის ბრალია, რადგან ხელისუფლება იქამდე მივა, სადამდეც საზოგადოება მიუშვებს. სამოქალაქო საზოგადოება თავის ადგილზე უნდა დადგეს“.

დავით ჩხარტიშვილი: „ჩვენც ამ შოკირებული საზოგადოების ნაწილი ვართ, რომელსაც სურს, რომ არ განმეორდეს მომავალში მსგავსი რამ“.  

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას დაიღუპა. ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით [რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში] დაიწყო.

 იური ვაზაგაშვილი შვილის, 2006 წლის 2 მაისს თბილისში, ”დინამოს” ყოფილი კორტების ტერიტორიაზე, სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის ფაქტის ხელახალ გამოძიებას ითხოვდა.  

მოქალაქეები მერობის კანდიდატის დასახელების უფლებას ითხოვენ

 

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი

დავის საგანია „საქართველოს საარჩევნო კოდექსის” ის ნორმები, რომელთა თანახმადაც, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობისა და გამგებლობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს მხოლოდ პოლიტიკურ პარტიას და საარჩევნო ბლოკს. 

 

მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ისინი  მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, იყვნენ ხუთკაციანი საინიციატივო ჯგუფის  წევრები და დაასახელონ ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი ან იყვნენ დასახელებული ასეთი საინიციატივო ჯგუფის მიერ.


მათი აზრით, საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახელებული კანდიდატის წარდგენა ამომრჩეველს აძლევს შესაძლებლობას, არჩევით თანამდებობაზე იყოლიოს პირი, რომელიც თავისუფალი იქნება პარტიული ვალდებულებებისგან. ამიტომაც საინიციატივო ჯგუფს მიაჩნია, რომ მათ უნდა ჰქონდეთ მერობის კანდიდატის დასახელების უფლება. მათი აზრით, ეს შეზღუდვა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე და 29-ე მუხლს ეწინააღმდეგება [სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება].


მოქალაქეების უფლებებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სამართლიანი არჩევნები წარმოადგენენ.



 

 

ბსუ-ს რექტორის კაბინეტი დაკეტილია

 

ფოტო გადაღებულია რექტორის მისაღებში

“ბათუმელების” ინფორმაციით, უნივერსიტეტის რექტორი გუშინ საღამოს აკადემიური საბჭოს სხდომას ესწრებოდა, მოგვიანებით კი ის თბილისში გაემგზავრა.


აკადემიური საბჭოს რიგგარეშე სხდომა გუშინ რექტორის ინიციატივით გაიმართა, სხდომა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და საბჭოს წევრების ინფორმაციით, რექტორი ამ ხნის განმავლობაში საბჭოს წევრებს უსაბუთებდა, თუ რატომ უნდა დააკმაყოფილონ მისი განცხადება გადადგომის შესახებ.

 

რექტორი უფლებამოსილების შეწყვეტას საბჭოს წევრებს სთხოვს, მიზეზად კი ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს. რექტორის პირადი მობილური ტელეფონის ნომერი, რომლითაც გუშინ სარგებლობდა, დღეს გამორთულია. “ბათუმელებმა” მასთან დაკავშირება ვერ მოახერხა. 

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პირველი მოადგილე ირაკლი ბარამიძე ამჟამად თბილისში იყოფება, ის საქართველოს პრეზიდენტს ხვდება. გიორგი მარგველაშვილს დღეს უნივერსიტეტის რექტორებთან აქვს შეხვედრა. ამ შეხვედრას ბათუმის უნივერსიტეტიდან რექტორის პირველი მოადგილე ესწრება.

 

“ბათუმელების” ინფორმაციით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო 22 ან 23 იანვარს შეიკრიბება და მიიღებს გადაწყვეტილებას, შეუჩერდება თუ არა რექტორს უფლებამოსილება. 


ალეკო ბაკურიძე ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორია 2008 წლიდან. უნივერსიტეტის რექტორმა გადადგომის შესახებ აკადემიურ საბჭოს 2014 წელსაც მიმართა, თუმცა საბჭომ რექტორის თხოვნა არ დააკმაყოფილა. 


რექტორის კაბინეტი დაკეტილია

ბათუმის უნივერსიტეტში მობილობის პროცესი დაიწყო

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დოკუმენტაცია მიიღება 2015 წლის 6 თებერვლიდან – 11 თებერვლის ჩათვლით; კრედიტების აღიარება მოხდება 2015 წლის 12-13 თებერვალს; სტუდენტებს აღიარებული კრედიტების გაცნობა 2015 წლის 16 თებერვალს შეეძლებათ.

სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან ბსუ-ში გადმოსვლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:


განცხადება; პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ; საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანების დამოწ­მე­ბული ასლი; უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საბუთების მიღება იწარმოებს 2015 წლის 6 თებერვლიდან 11 თებერვლის ჩათვლით. 


უნივერსიტეტში დაიწყო შიდა მობილობის – ფაკულტეტის შეცვლისა და აღდგენის წესით ჩარიცხვის პროცესიც.  შიდა მობილობით დანტერესებულ სტუდენტებს დოკუმენტაციის წარდგენა უნივერსიტეტის კანცელარიაში შეუძლიათ  2015 წლის 26  იანვრიდან  30 იანვრის ჩათვლით.  კრედიტების აღიარება  მოხდება 2015  წლის 2 თებერვლიდან 4 თებერვლის ჩათვლით; სტუდენტებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა  მოხდება 2015 წლის 5 თებერვალს.

ბსუში აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველმა სტატუსშეჩერებულმა/სტატუსშეწყველილმა პირებმა უნდა წარმოადგინონ  შემდეგი საბუთები:

განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; სტუდენტის სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ; სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის  ბრძანების ასლი.

ფაკულტეტის შეცვლის  მსურველმა   ბსუ–სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

განცხადება; პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; სტუდენტის სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ; ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ.

ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეწყვეტილი/სტატუსშეჩერებული პირის აღდგენის წესით ჩარიცხვა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველი სრულად დაფარავს ფინანსურ დავალიანებას – აღნიშნულია უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 


მისამართი: ნინოშვილის ქუჩა № 35, ოთახი № 1 (კანცელარია).

რატომ არ შეიძლება ჯაფარას მოკვლა

 

 ძალიან დიდი, უდიდესი, გენიალური, აუცილებლად წასაკითხი წიგნია „ნუ მოკლავ ჯაფარას“. ისეთი წიგნია, მის უდიდესობაში არავის რომ არ შეეპარება ეჭვი. ანუ გემოვნება ლიტერატურაში, ისევე, როგორც ყველაფერში, მაინც სუბიექტური რამაა, მაგრამ გვჯერა, არ არსებობს ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ „ჯაფარა“ არ არის დიდი და ღირებული წიგნი. ყოველ შემთხვევაში, ასეთ ადამიანს ჩვენ არ ვიცნობთ.

 

ამ წიგნის არსიყვარული, უბრალოდ, შეუძლებელია. არც გულგრილად დარჩენაა მთლად შესაძლებელი. „ჯაფარას“ ხალხი, პატარა ქალაქის ბინადრები  პირველივე გვერდებიდან დასახლდებიან თქვენს გულებში, გაგახსენებენ დიდი ხნის დავიწყებულ ამბებს და სამუდამოდ იქ დარჩებიან, თავიანთი სიხარულით, სირთულეებით, მორალური დილემებით…

 

„ნუ მოკლავ ჯაფარას“ მთელი ამბავი ერთი პატარა, ამერიკული ქალაქის ცხოვრების ამბებია, რომელსაც პატარა გოგონა, ჭყიტა გვიამბობს. ჭყიტა ყვება თავის ოჯახზე, მეზობლებზე, ნაცნობებზე ამბებს  ყველასთვის გასაგები, პატარა გოგოს ენით, მაგრამ უნდა იცოდეთ, ეს რა ამბებია. უნდა იცოდეთ, რა ქარიშხლები დაატრიალა ამ წიგნმა და რა გადატრიალებები მოახდინა.

 

ეს წიგნი მაშინ დაიწერა, როცა აფროამერიკელების პრობლემა ჯერ კიდევ ძალიან მწვავედ იდგა ამერიკაში. ჰარპერ ლიმ, წიგნის ავტორმა, შესანიშნავმა ქალმა კი ამ დაძაბულ ვითარებაში გვიამბო თავისი ბავშვობის ამბები და ამ გზით თქვა, რომ სამართალი, უფლებები, კანონი, წესრიგი, სახელმწიფო ყველასთვის ერთია, მიუხედავად კანის ფერისა და რასობრივი და ეთნიკური კუთვნილებისა. თქვა, რომ თეთრკანიანები იყვნენ საოცრად, განურჩევლად უსამართლოები. თქვა, რომ არავის არა აქვს უფლება, დაჩაგროს მეორე ადამიანი და გამოიყენოს მისი მძიმე მდგომარეობა. კიდევ ბევრი რამე თქვა ჭყიტამ, ბევრი ხარბად დასამახსოვრებელი რამ.

 

„ჯაფარა“ არ არის მეორე „ბიძია თომას ქოხი“. ის არ ქადაგებს მხოლოდ თანასწორობას. ეს წიგნი სიყვარულის ყველაზე კარგი სახელმძღვანელოა. და არა მხოლოდ სიყვარულის, სამართლიანობის. სამართლიანობა ისეთი საკამათო ცნებაა, ხშირად ალბათ ყველას ეპარება ეჭვი, სამართლიანად იქცევა თუ არა. საკმარისია, ჯაფარა წაიკითხოთ და ყველა კითხვაზე იპოვით პასუხს, ყველა ეჭვი გაქრება.

 

ჭყიტას მამა, ატიკუს ფინჩი კი, ყველაზე მაგარი მამაა, რომელზეც კი ოდესმე წიგნი დაწერილა. მამა, რომელიც ვერც მაგრად დარბის, ვერც კუნთებით დაიკვეხნის, დიდად არც ენის მოჩლექა უყვარს, მაგრამ იცით რატომ არ უჩლექს თავის შვილებს ენას? იმიტომ, რომ ჭყიტა და ჯემი, მიუხედავად მათი მცირე ასაკისა, ზუსტად ისეთივე სრულუფლებიანი ადამიანები არიან, როგორც თავად ადვოკატი, ყველასათვის პატივცემული ატიკუს ფინჩი. იმიტომ, რომ არ შეიძლება, ბავშვები გააჩუმო, მოატყუო, რამე დაუმალო,  ყველაფერი არ აუხსნა. ატიკუსი არის მამა, რომელზეც ყველა მშობელმა უნდა წაიკითხოს. ატიკუსი მსოფლიოში ყველაზე სამართლიანი კაცია, იმიტომ, რომ იცის – არ შეიძლება ადამიანების განსჯა. არ შეიძლება ვინმეს დამცირება. არ შეიძლება, ქვეყანაზე სიკეთემ აღარ იარსებოს. არ შეიძლება, დახმარება შეგვეძლოს და არ დავეხმაროთ. არ შეიძლება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ადამიანებს იმედი მოვუსპოთ და  ცილი დავწამოთ, არ შეიძლება, მოვკლათ უწყინარი ჯაფარა.


Exit mobile version