Batumelebi | რატომ არ შეიძლება ჯაფარას მოკვლა რატომ არ შეიძლება ჯაფარას მოკვლა – Batumelebi
RU | GE  

რატომ არ შეიძლება ჯაფარას მოკვლა

 

ყველაზე რთული იმ წიგნებზე წერაა, რომელიც სულის შეგუბებამდე გიყვარს და რომლებმაც მართლა რაღაც შეცვალეს შენს ცხოვრებაში.  ეს ის წიგნებია, რომლებიც სულ გახსოვს, ძილშიც, ღვიძილშიც, გასაჭირშიც და უზომოდ ბედნიერებისასაც.

 

 ძალიან დიდი, უდიდესი, გენიალური, აუცილებლად წასაკითხი წიგნია „ნუ მოკლავ ჯაფარას“. ისეთი წიგნია, მის უდიდესობაში არავის რომ არ შეეპარება ეჭვი. ანუ გემოვნება ლიტერატურაში, ისევე, როგორც ყველაფერში, მაინც სუბიექტური რამაა, მაგრამ გვჯერა, არ არსებობს ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ „ჯაფარა“ არ არის დიდი და ღირებული წიგნი. ყოველ შემთხვევაში, ასეთ ადამიანს ჩვენ არ ვიცნობთ.

 

ამ წიგნის არსიყვარული, უბრალოდ, შეუძლებელია. არც გულგრილად დარჩენაა მთლად შესაძლებელი. „ჯაფარას“ ხალხი, პატარა ქალაქის ბინადრები  პირველივე გვერდებიდან დასახლდებიან თქვენს გულებში, გაგახსენებენ დიდი ხნის დავიწყებულ ამბებს და სამუდამოდ იქ დარჩებიან, თავიანთი სიხარულით, სირთულეებით, მორალური დილემებით…

 

„ნუ მოკლავ ჯაფარას“ მთელი ამბავი ერთი პატარა, ამერიკული ქალაქის ცხოვრების ამბებია, რომელსაც პატარა გოგონა, ჭყიტა გვიამბობს. ჭყიტა ყვება თავის ოჯახზე, მეზობლებზე, ნაცნობებზე ამბებს  ყველასთვის გასაგები, პატარა გოგოს ენით, მაგრამ უნდა იცოდეთ, ეს რა ამბებია. უნდა იცოდეთ, რა ქარიშხლები დაატრიალა ამ წიგნმა და რა გადატრიალებები მოახდინა.

 

ეს წიგნი მაშინ დაიწერა, როცა აფროამერიკელების პრობლემა ჯერ კიდევ ძალიან მწვავედ იდგა ამერიკაში. ჰარპერ ლიმ, წიგნის ავტორმა, შესანიშნავმა ქალმა კი ამ დაძაბულ ვითარებაში გვიამბო თავისი ბავშვობის ამბები და ამ გზით თქვა, რომ სამართალი, უფლებები, კანონი, წესრიგი, სახელმწიფო ყველასთვის ერთია, მიუხედავად კანის ფერისა და რასობრივი და ეთნიკური კუთვნილებისა. თქვა, რომ თეთრკანიანები იყვნენ საოცრად, განურჩევლად უსამართლოები. თქვა, რომ არავის არა აქვს უფლება, დაჩაგროს მეორე ადამიანი და გამოიყენოს მისი მძიმე მდგომარეობა. კიდევ ბევრი რამე თქვა ჭყიტამ, ბევრი ხარბად დასამახსოვრებელი რამ.

 

„ჯაფარა“ არ არის მეორე „ბიძია თომას ქოხი“. ის არ ქადაგებს მხოლოდ თანასწორობას. ეს წიგნი სიყვარულის ყველაზე კარგი სახელმძღვანელოა. და არა მხოლოდ სიყვარულის, სამართლიანობის. სამართლიანობა ისეთი საკამათო ცნებაა, ხშირად ალბათ ყველას ეპარება ეჭვი, სამართლიანად იქცევა თუ არა. საკმარისია, ჯაფარა წაიკითხოთ და ყველა კითხვაზე იპოვით პასუხს, ყველა ეჭვი გაქრება.

 

ჭყიტას მამა, ატიკუს ფინჩი კი, ყველაზე მაგარი მამაა, რომელზეც კი ოდესმე წიგნი დაწერილა. მამა, რომელიც ვერც მაგრად დარბის, ვერც კუნთებით დაიკვეხნის, დიდად არც ენის მოჩლექა უყვარს, მაგრამ იცით რატომ არ უჩლექს თავის შვილებს ენას? იმიტომ, რომ ჭყიტა და ჯემი, მიუხედავად მათი მცირე ასაკისა, ზუსტად ისეთივე სრულუფლებიანი ადამიანები არიან, როგორც თავად ადვოკატი, ყველასათვის პატივცემული ატიკუს ფინჩი. იმიტომ, რომ არ შეიძლება, ბავშვები გააჩუმო, მოატყუო, რამე დაუმალო,  ყველაფერი არ აუხსნა. ატიკუსი არის მამა, რომელზეც ყველა მშობელმა უნდა წაიკითხოს. ატიკუსი მსოფლიოში ყველაზე სამართლიანი კაცია, იმიტომ, რომ იცის – არ შეიძლება ადამიანების განსჯა. არ შეიძლება ვინმეს დამცირება. არ შეიძლება, ქვეყანაზე სიკეთემ აღარ იარსებოს. არ შეიძლება, დახმარება შეგვეძლოს და არ დავეხმაროთ. არ შეიძლება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ადამიანებს იმედი მოვუსპოთ და  ცილი დავწამოთ, არ შეიძლება, მოვკლათ უწყინარი ჯაფარა.


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მარი კორინთელი ირაკლი ბაკურიძე, მაღაზია "წიგნები ბათუმში"