სიახლეები

ვაზაგაშვილების ტრაგედია – სოლიდარობის აქცია ბათუმში

21.01.2015
ვაზაგაშვილების ტრაგედია – სოლიდარობის აქცია ბათუმში

 ლილი მორჩაძე: „ საშინელი ფაქტი მოხდა, აუცილებლად უნდაგამოიძიონ ეს ფაქტი. ჩვენი აქ დგომა არის პროტესტი იმ საშინელი ტრაგედიების  მიმართ, რაც ქვეყანაში ხდება“

ნინო ბარამიძე:  „ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, რომ აქ ვიდგეთ. ამაზე საშინელი აღარ ვიცი რა უნდა დაგვემართოს. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ახლა  სახლში ზიან“.

ნარგიზ გიორგაძე: „ის რაც მოხდა, ორივე ხელისუფლების სირცხვილია, ყოფილისაც და მოქმედისაც. ორივეს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება. ვაზაგაშვილის ტრაგედია ყველა ოჯახის ტრაგედიაა. დაუცველობს განცდა გამიჩნდა უკვე“.   

ბადრი ცინცქილაძე:  „აქ ვდგავარ როგორც მოქალაქე და გამოვხატავ სოლიდარობას ვაზაგაშვილის ოჯახის მიმართ. ეს არის ცინიზმი. გვინდა საკუთარი შვილის საფლავებზე დაგაკლავთ და ისე მოგექცევით, როგორც გვინდაო. ეს არის ხელისუფლების გამოწვევა და თუ ხელისუფლება ამ ყველაფერს სათანადოდ არ უპასუხებს, მისთვის ძალიან ცუდი იქნება.  ეს არის შედეგი იმ არაპროფესიონალური და არასამართლებრივი მიდგომისა, რასაც ხელისუფლება ავლენს ყველაფრის მიმართ. ადამიანებმა ვერ დაიბრუნეს დაკარგული ქონება, ვერ აღადგინეს სამართლიანობა. ყველა ის მოლოდინი, რაც ჰქონდათ ადამიანებს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, გაქრა. სამართალდამცავებში ის ხალხი დარჩა, ვინც გუშინ დანაშაული ჩაიდინა.  ყველამ პასუხი უნდა აგოს ამ ტრაგედიაზე“.

თემურ კახიძე: „ეს არის უსამართლობა და ცინიზმის მწვერვალი. ვფიქრობ, ეს ყველა ჩვენგანის ბრალია, რადგან ხელისუფლება იქამდე მივა, სადამდეც საზოგადოება მიუშვებს. სამოქალაქო საზოგადოება თავის ადგილზე უნდა დადგეს“.

დავით ჩხარტიშვილი: „ჩვენც ამ შოკირებული საზოგადოების ნაწილი ვართ, რომელსაც სურს, რომ არ განმეორდეს მომავალში მსგავსი რამ“.  

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას დაიღუპა. ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით [რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში] დაიწყო.

 იური ვაზაგაშვილი შვილის, 2006 წლის 2 მაისს თბილისში, ”დინამოს” ყოფილი კორტების ტერიტორიაზე, სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის ფაქტის ხელახალ გამოძიებას ითხოვდა.  

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: