მთიანი აჭარა

აქცია – რას აპროტესტებენ ქედაში

23.01.2015 • 1453
აქცია – რას აპროტესტებენ ქედაში

 


მერაბ ხალვაში ერთ-ერთი მათგანია, ვინც ამ აქციაში მიიღებს მონაწილეობას. ის ამბობს, რომ კომპენსაციები, რომელიც შარშან ქედის მოსახლეობამ მიიღო სახელმწიფოსგან, ძირითადად თანამდებობის პირების ოჯახებსა და მათ ნათესავებზე გაიცა. მერაბ ხალვაში ასახელებს გამგეობის მაღალი თანამდებობის პირების ოჯახების მიერ აღებული კომპენსაციის ოდენობას, მაგრამ ითხოვს, რომ მათი გვარები არ დავწეროთ, რადგანაც მას არ სურს „თანამდებობის პირებს თუ სხვებს ზიანი მიაყენოს“. 

დასეტყვილი ვენახი ქედაში. კადრი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან
დასეტყვილი ვენახი ქედაში. კადრი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან

 

მერაბ ხალვაში: „გამგეობის მიერ შექმნილ კომისიას ხელმძღვანელობდა გურამ ლომინაძე. ეს კაცი ამბობს, რომ სიები, რომლებიც კომისიამ შეადგინა, გათავისუფლების შემდეგ გამგეობაში დატოვა. როგორც აღმოჩნდა, გურამ ლომინაძის წასვლის შემდეგ სიები ჩაასწორეს. ზუსტად რაც ვიცი, კომპენსაცია მიიღო დეპუტატ იაშა შერვაშიძის ძმამ და დედამ. ასევე გამგებლის ერთ-ერთი მოადგილის ოჯახმა“.

 

მერაბ ხალვაშის თქმით, გასული წლის გაზაფხულზე, 31 მარტს მოსულმა თოვლმა ოთხი თემის – ზვარეს, წონიარისის, დანდალოსა და ცხმორისის  მოსახლეობას მიაყენა ზიანი. „ორი თემი იმიტომ ვერ გამოდის დღეს აქციაზე, რომ ჩვენ უმუშევარი ხალხი ვართ და ვერ მოვახერხეთ ყველასთან დაკავშირება“, – ამბობს მერაბ ხალვაში.

 

მერაბ ხალვაშის თქმით, სახელმწიფოს განცხადება, რომ მხოლოდ სეტყვის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას აუნაზღაურეს ზიანი და არა თოვლისგან დაზარალებულებს, არის ტყუილი, რადგან 2014 წლის 31 მარტის  თოვლისა და ღამის ყინვების შემდეგ, ვაზს მხოლოდ ფოთლები შერჩა და ერთი თვის შემდეგ მოსული სეტყვა ამ ფოთლებს თუ დააზიანებდა.

 

მერაბ ხალვაში ამბობს, რომ მას 31 მარტს მოსულმა თოვლმა 2 ტონა ჩხავერი დაუზიანა, მაგრამ კომპენსაცია საერთოდ არ მიუღია. მისივე თქმით, მას 2013 წლის 9 დეკემბრის თოვლმაც დიდი ზარალი მიაყენა – სათბური გაუნადგურა, მაგრამ გამგეობიდან დახმარების მისაღებად დაწერილი თხოვნის პასუხად აცნობეს, რომ თუ უნდა კომპენსაცია მიიღოს, მეურნეობა უნდა დააზღვიოს.

 

მერაბ ხალვაშის აზრით,  შარშან კომპენსაციები პოლიტიკური ნიშნით განაწილდა – „რომელმა თემმაც მისცა „ქართულ ოცნებას“ ხმა, იმ თემებში დაანაწილეს კომპენსაცია,  თუ ასე გააგრძელებენ მუშაობას, შემდეგ არჩევნებში ორი თემის მოსახლეობა, რომელბიც დღეს აქციაში მიიღებენ მონაწილეობას, საარჩევნო კომისიის კარებს აჭედავენ და ამ გზით გააპროტესტებენ შარშანდელ „უსამართლოდ განაწილებული კომპენსაციების“.

 

მერაბ ხალვაში ქედის საკრებულოს თავმჯდომარე იყო 2004-2008 წლებში.

 

კომპენსაციების გაცემის შესახებ პირველად ინფორმაცია ქედაში ჩასულმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაავრცელა. კომპენსაციების გაცემა ქედაში ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ სტუმრობის დღეს დაემთხვა. 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: