ნეტგაზეთი • RU

გაიცემა თუ არა 200 ლარის მედიკამენტები? – ბრიფინგი და მერიის პასუხი

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მონიტორინგის“ თავმჯდომარემ, დავით ბერიძემ დღეს, 22 იანვარს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის პროგრამა, რომელიც 200 ლარის ფარგლებში  მედიკამენტების გაცემას ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი, შშმ და სხვა პირებისათვის, შეჩერებულია.  მერიაში კი აცხადებენ, რომ პროგრამა არ შეფერხებულა და  2015 წლის ბიუჯეტში ამ ღონისძიებისთვის თანხა გათვალისწინებულია.  

 დავით ბერიძე

„აღნიშნულ პროგრამა შეჩერებულია და ასევე, პროგრამაში არის ცვლილებები. მაგალითისათვის, თუ გასულ წელს ოჯახიდან რამდენიმე წევრს შეეძლო აღნიშნული პროგრამით სარგებლობა, წელს მხოლოდ ერთ წევრს შეუძლია. 2015 წელს ამ პროგრამით არც ერთ ბენეფიციარს არ უსარგებლია იმ მიზეზის გამო, რომ გადავიდნენ ელექტრონულ სისტემაზე.  პასუხები, რომელიც მე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისგან მივიღე, არ არის დამაკმაყოფილებელი. მათ მე განმიცხადეს, რომ 20 იანვარს აღნიშნული პროგრამა განახლდებოდა, იმიტომ, რომ ელექტრონულ სისტემაზე გადადიან, მაგრამ აქვე არის კითხვები: თუ კი ეს პროგრამა არ შეჩერებულა, მაშინ შეუძლიათ გასცენ საგარანტიო წერილი ელექტრონულ სისტემაზე გადასავლამდე, რომლის საფუძველზე აფთიაქს არა აქვს პრობლემა, რომ მიაწოდოს ბენეფიციარს მედიკამენტები. გუშინ როცა მოვიკითხე, პასუხიც ვერ მივიღე კონკრეტულად როდის განახლდებოდა.

მინდა მივმართო ბათუმის მერს, გიორგი ერმაკოვს, მერი, რომელიც სოციალური თემების მიმართ არის ყურადღებიანი. ვთხოვ მას, რომ უახლოეს დღეებში მოხდეს აღნიშნული პროგრამის განახლება“ – განაცხადა დავით ბერიძემ.

ბათუმის მერიაში კი ამბობენ, რომ მედიკამენტები წელსაც გაიცემა და შეფერხება არ არის.

„ეს არის სამედიცინო დახმარების პროგრამის მხოლოდ ერთი ღონისძიება, რომელიც ბიუჯეტში გათვალისწინებულია და მუშაობს. გაიცემა საგარანტიო წერილი, მოქალაქეები ჩვეულებრივად მიიღებენ 200 ლარის ღირებულების მედიკამენტებით დახმარებას, არავითარი შეფერხება არ არის“  – განაცხადა „ბათუმელებთან“ სოფიო მიქელაძემ, ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა. 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.