„მისტერ მერსედესს“, კინგის სხვა რომანებიდან, ერთი ძირითადი მახასიათებელი გამოარჩევს – ეს დიდი მწერლის ექსპერიმენტია. „მისტერ მერსედესი“, არც მეტი, არც ნაკლები, დეტექტივია, კლასიკური დეტექტივი, რაც სრულიად ახალი შემოთავაზებაა საშინელებათა ჟანრის მეფისგან.
მიუხედავად სრულიად ექსპერიმენტული ხასიათისა, წიგნში ბევრი დეტალია, რაც ხელმოუწერლადაც მიგახვედრებთ, რომ ეს ნაწარმოები სტივენ კინგმა დაწერა. ყოფითი ჟანრი, ყოველდღიური დეტალების სკრუპულოზური აღწერა, კოლას ქილები, ჭუჭყიანი საცვლები, ნამცეცები მაგიდაზე – ეს ყველაფერი ისევ „კინგურია“, ხერხები, რომლებიც საშუალებას იძლევა, პირველივე ფურცლებიდან დასახლდე წიგნში და გეგონოს, რომ მაცივარს გამოაღებ და იქ პეპსის ბითლები დაგხვდება, ან ფანჯრიდან გადაიხედავ და დაინახავ, როგორ კრეჭს შენს საკუთარ გაზონს აფროამერიკელი ბიჭუნა. თუნდაც საერთოდ არ გქონდეს გაზონი.
კიდევ ერთი რამაა უცვლელი ამ წიგნში – უსაზღვრო შეიძლება იყოს ადამიანთა ბოროტება. და ყოველი ჩვენგანის თავსი ერთ მსვენიერ დღეს მომწიფდეს შემზარავი, ბნელი, საზიზღარი სურვილები და ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ ამ სურვილების ასასრულებლად.
ჰოჯიზი გადამდგარი პოლიციელია, რომელიც არაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რომ დაუსრულებლად უყურებს ტელევიზორს და უზომოდ სუქდება. ამ საქმიანობების გარდა, ტელევიზორის წინ ჯდომისას, მუხლებზე ყოველთვის უდევს იარაღი და ვერ გადაუწყვეტია, თავი მოიკლას თუ ცოტა ხნით კიდევ მოიცადოს. თავის მოკვლის სურვილი სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ გაუჩნდა – ახლა ის უკვე ერთი მსუქანი მოხუცია, რომელსაც აღარ შეუძლია, სამყარო უკეთესობისგან შეცვალოს.
საბედნიეროდ, ჰოჯიზი მოიცდის და ერთ მშვენიერ დღეს მის საფოსტო ყუთში წერილი ჩავარდება, რომელიც საკუთარ საჭიროებას ისევ აგრძნობინებს. წერილის ავტორი მისტერ მერსედესია, დაუნდობელი მკვლელი, რომელიც სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომზე წინასწარი განზრახვით შევარდა და 8 ადამიანი გაჭყლიტა, მათ შორის ერთი ჩვილი.
მისტერ მერსედესის საქმე ჰოჯიზის უკანასკნელი საქმე იყო. იგი ისე გავიდა პენსიაზე, რომ საქმე გაუხსნელი დარჩა და აი, მკვლელი თავად გამოვიდა კონტაქტზე. იმიტომ, რომ აუდიტორია მოაკლდა. იმიტომ, რომ ჩვენ ყველას გვინდა, ჩვენს დიდ საქმეებს დამნახავ – დამფასებლები ჰყავდეს და აპლოდისმენტები არ მოგვაკლონ. ჩვენი წილი ტაში აუცილებლად უნდა მივიღოთ. „მისტერ მერსედესი“ ჰოჯიზს იწვევს ჩატში სასაუბროდ.
ამის შემდეგ წიგნი უკვე ერთი დიდი ნადირობაა, ოღონდ ბოლომდე გაურკვეველია, რომელი მონადირეა და რომელი – მსხვერპლი. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, რომელიც ფინალამდე უპასუხოდ რჩება – როგორც უკვე ვთქვით, „მისტერ მერსედესი“ კლასიკური დეტექტივია, ჟანრის კანონების სრული დაცვით.
ეს წიგნი კინგის ყველა მოყვარულმა უნდა წაიკითხოს, მიუხედავად იმისა, უყვარს თუ არა დეტექტივები. იმიტომ, რომ მთავარი აქაც ისაა, რაც კინგის სხვა წიგნებში – ვიწრო ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის, ადამიანთა სულების ზალიან ბნელი კუთხეები და მორალური დილემები.
მაღაზია „წიგნები ბათუმში.“ მისამართი: აბაშიძის (ყოფილი სტალინის) #60