ბათუმში ჰაერის ხარისხს ამოწმებენ

ჰაერის ხარისხის მონიტორინგი სპეციალური პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია მონიტორინგის განხორციელების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე დროული რეაგირებისთვის შეგროვებული მასალების შესაბამის ორგანოებზე გადაცემა, მავნე ნივთიერებათა ზენორმატიული გაფრქვევის/ჩაშვების მინიმიზაციის გზით ატმოსფერული ჰაერისა და წყლის ხარისხობრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, გარემოს ხარისხის მდგომარეობის გაუარესებაზე დროული რეაგირება, საწარმოების მიერ გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვა, წყლისა და ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის გაუარესებაზე დროული რეაგირება, ტურიზმისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.

ბარაკებში მცხოვრები ოჯახები მერიას დახმარებას სთხოვენ

 

ჟუჟუნა გოგიტიძე და ეკა ბერიძე მერიას დახმარებას სთხოვენ

„მერიაში ყველამ იცის ჩვენი მდგომარეობა. ბარაკებში ცხოვრება არ შეიძლება. ჭერი ჩამომენგრა და სხვასთან ვარ შეკედლებული. მე რა ვქნა?“ – ამბობს ბარაკში მცხოვრები ჟუჟუნა გორგილაძე, რომელიც 24 თებერვალს ბათუმის საკრებულოს წევრებს შეხვდა.

ბათუმის მერია ბარაკებში მცხოვრებლებს კომპენსაციის სახით 1 კვ/მ-ზე 400 დოლარს სთავაზობდა. მერიის წარმომადგენლების განცხადებით, 60-იდან 40-მა ოჯახმა ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა, ცხრა ოჯახი კი კომპენსაციაზე თანახმაა.

„ჩვენ დავგეგმეთ წინა კომისიის სხდომაზე, რომ ამ ხალხთან გავიდოდით და პირადად გავიგებდით ყველა მათგანის პოზიციას. ითქვა ისიც, რომ ამ საკითხს არ უნდა მისცემოდა პოლიტიკური დატვირთვა, მაგრამ შემდეგ არავინ აღარ გავიდა ამ ხალხთან სასაუბროდ“-განაცხადა შეხვედრაზე საკრებულოს წევრმა  „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ჯაბა ბერიძემ.   

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თამაზ თურმანიძის თქმით, იაფი სახლის საკითხმა პოლიტიკური დატვირთვა მიიღო, რამაც მოსახლეობასთან შეთანხმება შეაფერხა: „ჩვენ მივიღეთ დამატებითი ინფორმაცია მერიიდან, რომ იმ ოჯახებთან, რომლებმაც მერიის შეთავაზებულ წინადადებაზე უარი განაცხადეს, სხვა პოლიტიკური ჯგუფები მუშაობდნენ, ამიტომ, 40-მა ოჯახმა  უარი განაცხადა კომპენსაციის მიღებაზე, მერია კი  მარტო მოსახლეობის ნაწილის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებდა“.   

საკრებულოს წევრის კობა ჩხეიძის განცხადებით, სანამ საკრებულო მერიის დადგენილების გაუქმებას მხარს დაუჭერს, აუცილებელია ბარაკებში მცხოვრები მოსახლეობის პოზიციის კიდევ ერთხელ გადამოწმება:

„ჩვენ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რა მდგომარეობაში არიან ის ოჯახები, რომლებსაც ჭერი არ აქვთ თავზე. გამოსავალი იქნება ის, რომ მერიის განკარგულება დავტოვოთ ძალაში, დეტალურად შევისწავლოთ ამ ოჯახების მდგომარეობა და მათი მოსაზრებები. შესაბამისად, ჩვენ გევქნება ადეკვატური სურათი, თუ რასთან გვაქვს საქმე“. 

11 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულის განაჩენი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სახელმწიფოს სახელით განაჩენი მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღეს, 24  თებერვალს გამოაცხადა. დარბაზში ბრალდებულის ნათესავები იმყოფებოდნენ. მოსამართლემ მსჯავრდებულს უთხრა, რომ მას აქვს უფლება, შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართოს.


ფაქტი ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ძალადობის მსხვერპლი გოგონა ბრალდებულის მეზობლად ცხოვრობს. 

 

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გოგონას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა და ნაცხის ანალიზის შედეგად ბრალდებულის სპერმა მცირეწლოვანის ორგანიზმში აღმოჩნდა. მტკიცებულებები, რომელიც საქმის ირგვლივ გამოძიებამ შეაგროვა, მოსამართლის ინფორმაციით, სადავო არც დაცვის მხარეს გაუხდია. ექსპერტიზა ჩაუტარდა ბრალდებულსაც, ის ფსიქიკურად ჯანმრთელია. ბრალდებული ადრე ნასამართლევი არ არის, მას არ ჰყავს ცოლ-შვილი, იყო უმუშევარი.


მის უფლებებს სასამართლოში ადვოკატი რამინ გვარიშვილი იცავდა, ხოლო ბრალდების მხარეს პროკურორი რამაზ შავაძე წარმოადგენდა.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-3 მუხლით მიმდინარეობდა, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით  მოქმედებას ნიშნავს.  „ჩადენილი დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით  ჩადენილი იმ პირის მიმართ, რომელსაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი.“ ეს დანაშუალი 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 


შსს-ს თანამშრომლებს ინტერპოლის მონაცემთა ბაზაზე (SMV) წვდომა მიენიჭათ

 

 საქართველოს შს სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობის დადგენილებაში – „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“, 2015 წლის 11 თებერვალს  ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ინტერპოლის მიერ FIND პროექტის მეშვეობით მოხდა ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მოპარულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მონაცემთა ბაზის (SMV) ინტეგრაცია საქართველოს ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე.

 

დღეიდან შსს-ს საპატრულო პოლიციის და ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები საზღვრის კვეთისას, ავტომატურ რეჟიმში, მსუბუქი და სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მონაცემთა გადამოწმებას ინტერპოლის მოპარულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მონაცემთა ბაზაში მოახდენენ.

 

ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მოპარულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მონაცემთა ბაზას (SMV) ინტერპოლის წევრი ქვეყნები ყოველდღიურად ანახლებენ. დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ ბაზაში განთავსებულია 6844230 ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემები.

 

აჭარის მთავრობა მშენებლობისთვის მიწას ითხოვს

„5023 კვ/მ მიწის ნაკვეთის ნაკვეთი თამარის დასახლებაში მდებარეობს, რომელიც ამჟამად წარმოადგენს  ბათუმის მერიის საკუთრებას. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე დაგეგმილია სოციალური სახლის მშენებლობა, რისთვისაც 2015 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში  ოთხი მილიონი ლარია გათვალისწინებული. ხოლო არქიტექტურის სამსახურში შემოსულია მიწის გამოყენების სამშენებლო პირობებზე განაცხადი“ – აცხადებს გოგა ლომაძე, მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსი. 

გოგა ლომაძემ მთავრობაზე მიწის გადაცემის საკითხი დღეს, 24 თებერვალს, ბათუმის საკრებულოში ინფრასტრუქტურის კომისიას წარუდგინა. საკითხს კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს. საკრებულო საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ ჩანიშნულ სხდომაზე მიიღებს.  

გოგა ლომაძის განცხადებით, ჯერ არ არის ცნობილი, თუ რამდენი კვადრატის მშენებლობა იგეგმება და რამდენი ოჯახისთვისაა ბინები გათვალისწინებული.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, მსგავსი წინადადებები მეტ კონკრეტიკას საჭიროებს:

„გვაინტერესებს როგორი იქნება პროექტის განვითარება, არის თუ არა  საბავშვო ბაღის, სპორტული მოედნების ან სხვა  ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაგეგმილი, რადგან ამხელა ფართობზე დასახლებულ მოსახლეობას შესაბამისი პირობები სჭირდება“.

ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, თუკი არ იქნება სრულყოფილი პროექტი წარმოდგენილი, შესაძლებელია ახალმა დასახლებამ ქალაქისთვის დამატებითი პრომლემები შექმნას.

„მიწის გადაცემის წინააღმდეგი არ ვართ, მთავარია დასაბუთებული ინფორმაცია შემოიტანონ“ – განაცხადეს კომისიის წევრებმა.  

კომისიაზე განაცხადეს, რომ თამარის დასახლებაში მერიამ დევნილთა და განსახლების სამინისტროსაც გადასცა მიწა, რაც საბოლოოდ, ამ ტერიტორიის ურბანული განვითარებისთვის პოლიტიკის შემუშავებას მოითხოვს. 

ირინე გივიაშვილი იშხანის რეაბილიტაციაზე, რვაფეხასა და ბათუმზე


ირინე გივიაშვილი
ირინე გივიაშვილი

ქალბატონო ირინე, რამდენი ხანია რაც ანკარაში ცხოვრობთ და რა საქმიანობით ხართ დაკავებული? თუ გაქვთ ურთიერთობა ქართულ სათვისტომოებთან, თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენი ასეთი ორგანიზაციაა, რამდენ ადამიანს აერთიანებს, თუ ემატებათ ახალი წევრები და რა საქმიანობით არიან დაკავებული ძირითადად?

ანკარაში წელიწად-ნახევარია რაც დავბრუნდით, რადგან 2006-2010 წლებშიც აქ ვცხოვრობდით მთელი ოჯახი, ირაკლის თურქეთში პირველი მისიის დროს. ჩემი თურქეთში ცხოვრების რეჟიმი ნამდვილად არ არის ერთფეროვანი. ოცი წელია თურქეთის საზღვრებში არსებული ქართული შუა საუკუნეების არქიტექტურას ვიკვლევდი, მერე კი ისე მოხდა, რომ „ჩემს“ მემკვიდრეობასთან ერთად ერთ, საერთო საზღვრებში მოვხვდი. გარდა სამეცნიერო კვლევისა, ეს წლები ვცდილობდი ამემაღლებინა საზოგადოებებისა და მთავრობების ყურადღება ამ ობიექტების დაცვასა და პოპულარიზაციის მისაღწევად.

ელჩის მეუღლის სტატუსი ცალკე დიდი ჯაფაა, თუ ამ პასუხისმგებლობას გაიაზრებ და იტვირთებ. ანკარაში საქართველოს დიდი და ლამაზი საელჩო აქვს, ასევე გვაქვს რეზიდენცია, რომელიც თავისთავად არა ელჩის კომფორტული ცხოვრებისათვის შეიქმნა, არამედ იმისთვის, რომ ქვეყნის სრულფასოვანი წარმოჩინება მოხდეს. ამიტომ ჩვენს საელჩოსა და რეზიდენციაში ხშირად ვუკეთებთ ორგანიზებას სხვადასხვა სახის მიღებას, გამოფენას, შეხვედრას, ოფიციალურ ვახშამს. ვმეგობრობთ ქართველ სტუდენტებთან, ასევე ჩვენს ისტორიულ დიასპორასთან. ასეთი გაერთიანება არაერთია და გამიჭირდება იმის თქმა, თუ რამდენ წევრს აერთიანებს. ერთი კი ცხადია, რომ სადაც არ წავალთ, ქართველთა შთამომავალი ყველგან გვხვდებიან, და დღეს ისინი ამას სიამაყით აღიარებენ, არ მალავენ.

რამდენადაც ვიცით, თვალყურს ადევნებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც ოშკსა და იშხანში მიდის. როგორც ვიცით, კომპანია „ANFORA MIMARLIK RESTORASYON“ იყო ამით დაკავებული. საქართველოში იყო გარკვეული შიში იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ვერ მოხდეს ამ ძეგლების შესაბამისი რეაბილიტაცია, რა ხდება იქ ამჟამად, როგორ მიმდინარეობს სამუშაოები და როდის უნდა დასრულდეს?

თქვენ მიერ ნახსენები ფირმა მხოლოდ პროექტირებას ახორციელებს, სარეაბილიტაციო სამუშაოებს კი თურქული კანონმდებლობით სხვა, ტენდერით გამოვლენილი ფირმა აწარმოებს. იშხანში ეს პასუხისმგებლობა იკისრა ფირმამ „OSMAN GULSUM“-მ. იშხანში პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა, მეორე ეტაპი გაზაფხულზე უნდა დაიწყოს. ვერ გეტყვით, რომ იდეალურად ჩატარდა, თავდაპირველად მუშების ამარა იყო მიშვებული. არქეოლოგია, ვფიქრობ, რომ ასევე ნაჩქარევად გაკეთდა, ყოველ შემთხვევაში სანამ მასალა არ გამომზეურდება და არ დაიბეჭდება, ეს ეჭვი იარსებებს. ასევე შეუხამებელია ქვა, რომელიც რესტავრაციის დროს იქნა გამოყენებული, სრულიად შეუფერებელია შეფერილობა, ვფიქრობ, რომ ქვის სტუქტურაც სხვაობის გამო შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს მომავალში შენობის მთლიანობას. ჩვენ ამ პროცესს ვაკვირდებოდით და ჩვენს რეკომენდაციებსაც ვუგზავნიდით ჩვენს თურქ კოლეგებს. ჩვენი ეჭვი, რომ 400 დღეში ამხელა სამუშაოების ჩატარება შეუძლებელი იყო, გამართლდა და მადლობა უნდა ვუთხრათ მათ, რომ მეორე ეტაპი დაგეგმეს და ტენდერიც ჩაატარეს. იმედია ის ხარვეზები მეტ-ნაკლებად გამოსწორდება და ახალი ეტაპის სამუშაოები მეტი სიფრთხილით დაიგეგმება და განხორციელდება.

ოშკში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, დასრულდა პროექტირება. შეძლებისდაგვარად თვალს ვადევნებდი ამ პროცესს, რომელიც დროში ორჯერ გაიწელა, ერზრუმის ძეგლთა დაცვის სამსახური დიდი პასუხისმგებლობით ექცევა ოშკის რესტავრაციის პროექტს და ასევე პროექტორი ფირმა. მომზადდა სხვადასხვა სახის კვლევა, პროექტი, მოიძებნა ის ქვის საბადო, საიდანაც ოშკის სამშენებლო ქვა იჭრებოდა თავის დროზე. საქართველოს მხარემ უანგაროდ გადასცა ყველა საარქივო ფოტო და ასევე ბატონი ივანე გრემელაშვილის ხელმძღვანელობით მომზადებული ოშკის ხარაჩოს პროექტი. მე, ჩემდათავად, უანგაროდ დავწერე სახელოვნებათმცოდნეო კვლევა, იმ იდეით, რომ ის ცოდნა, რაც საქართველოშია აკუმულირებული, თურქეთისთვისაც ხელმისაწვდომი გამეხადა. აქვე მინდა დავძინო, რომ საპროექტო ფირმის, „ANFORA MIMARLIK RESTORASYON“-ის არქიტექტორების ცოდნა ტაო-კლარჯეთის ქართული არქიტექტურისა, სამაგალითოდ მაღალია.

ზოგადად, თურქეთში არსებული შუა საუკუნეების ქართული ძეგლების მიმართ ინტერესი დიდია. სიძველეებით უმდიდრესი თურქეთისათვის იშხნისა და ოშკის სარეაბილიტაციო ძეგლთა სიაში ჩასმა ამის დასტურია. გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტის პირველი სახელმწიფო ვიზიტი ტაო-კლარჯეთში მოგზაურობით დასრულდა, ხოლო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ანკარიდან ასევე ოშკისა და იშხნის მოსალოცად გაემგზავრა. ეს უნიკალური მოვლენა იყო, რადგან პატრიარქი მუფთების თანხლებით ატარებდა პარაკლისს და ტაძრები სავსე იყო ქართველი მომლოცველებითა და ადგილობრივი თურქი მოსახლეობით. ჩემთვის დიდი პატივი იყო, როგორც ელჩის მეუღლეს და როგორც ამ მემკვიდრეობის მკვლევარს პრეზიდენტისთვის და პატრიარქისთვის ოშკსა და იშხანში მეგზურობა და გიდობა გამეწია.

სოციალურ ქსელებში კულტურულ მემკვიდრეობას აქტიურად იცავთ. ბათუმის „რვაფეხაზე“ როგორც ვიცი ვიკიპედიაში თქვენ განათავსეთ ინფორმაცია. რამდენად ხშირად ჩამოდიხართ ბათუმში და ამ თვალსაზრისით, ვგულისხობ კულტურულ მემკვიდრეობას და თანამედროვე არქიტექტურას, რა ცვლილებებია თქვენთვის ყველაზე მიუღებელი ან პირიქით, მისაღები?

ბათუმი ჩემთვის გამორჩეულად ახლობელი ქალაქია, მთელი ბავშვობა ყოველ ზაფხულს ბათუმში ვისვენებდით, ჩემი მეუღლეც ბათუმელია, ჩემი მამამთილი კი, ადერკინ კოპლატაძე ბათუმის თავი იყო 20 წელი. ბათუმს ხშირად ვსტუმრობთ ხოლმე, სულ სხვადასხვა მიზეზით, ბოლოს ანკარის ამერიკული არქეოლოგიის ინსტიტუტის წევრებისა და მეგობრების ტურის ფარგლებში ჩამოვედი.
ბათუმი ჩემს წარმოსახვაში თეთრი ქალაქი იყო, არ მომწონს, რომ ძალიან ააჭრელეს, ძალიან სასაცილოდ გამოიყურება იტალიური სკულპტურის ჩინური რეპლიკა, არ მესმის რატომ ააშენეს „იზმირის საათის კოშკი“, არ მომწონს დისნეილენდის სტილის კოშკურები ძველ სახლებზე და ოქროსფერი გუმბათები, არ მომწონს ქვაღორღითა და ფლეთილი კლდებით შემკული და გამოქვაბულებად ქცეული კვების ობიექტები (ეს ზოგადქართული მოდაა), გრანდიოზული საცხოვრებელი სახლები სანაპიროზე, ოსმალურ სტილში მიშენებული ფასადები ორთაჯამეს უბანში, ეს ყველაფერი ძალიან ხელოვნურია. მომწონს ახალი ბულვარი, შადრევნები, ველოსიპედით სასიარულო ტრასა, იუსტიციის სახლი, შუქურის არქიტექტურის მქონე შერატონი, ძალიან მომწონს კვესიტაძის `ალი და ნინო~, პირდაპირ სხეულში ატანს… საერთოდ, კი მგონია, რომ ძველი ქალაქები ღირებულია თავისი თვითმყოფადობით და ხელოვნური და უგემოვნებო კიტჩის სანახავად ტურისტები არსად არ დადიან.

რაც შეეხება „რვაფეხას“, შეიძლება ბავშვობიდან გამოყოლილი მოგონებებითაც იყო ძვირფასი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ის ძვირფასია როგორც ხელოვნების გამორჩეული ნიმუში, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. ამიტომ ნებისმიერ კულტურულ მემკვიდრეობაზე საუბრის უფლებას ჩემი პროფესია – ხელოვნების ისტორიკოსობა და პროფესიული გამოცდილება მაძლევს.

როდესაც „რვაფეხას“ საფრთხე შეექმნა, ვიფიქრე, რომ ეს ინფორმაციის არარსებობითაც იყო გამოწვეული. ამიტომ პირველი რიგის საქმედ სტატიების ისეთ მედიუმში განთავსება გადავწყვიტე, რომელზეც ყველაზე ხშირი და დიდია წვდომა. ვიკიპედიაზე სტატიები სამ ენაზე გამოვაქვეყნე, ქართულად, ინგლისურად და რუსულად. რვაფეხა მართალია საბჭოთა ეპოქის ნამუშევარია, მაგრამ თავისი ბუნებითა ეს ანტისაბჭოური ხელოვნებაა, მეტიც ეს ტიპიური ჰიპური ხელოვნების ნიმუშია, თავისი პოზიტიური არააგრესიულობით, თავისუფლების მანიფესტაციითა და სიცოცხლის სიხალასის გადმოცემით. 

გასულ წელს თურქეთში საჯარო სკოლებში, მსურველთა გარკვეული რაოდენობის შემთხვევაში, დაიშვა ქართული ენის სწავლება პროგრამით. ვიცით, რომ ერთ სკოლაში დაიწყო სწავლა, ახლა რა ხდება, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია?

დიახ, ქართული ენის სასკოლო პროგრამაში შეტანა დაშვებული იქნა თურქეთის განათლების სამინისტროს მიერ. ეს პროექტი ქართული ისტორიული დიასპორის მიერ იქნა მომზადებული და საქართველომ მადლიერების ნიშნად ამ ინიციატივის ორი ლიდერი, ქალბატონი ქევსერ რუხი და ბატონი ერდალ ქუჩუქი ოქროს საწმისის ორდენებით დააჯილდოვა. კლასი ერთ სკოლაში გაიხსნა. სოფელ ნურიოსმანიეში. კლასის გახსნა ბატონი მუსტაფა კოლატის ინიციატივით მოხდა და ის არის ამ კლასის პედაგოგიც. ბატონი მუსტაფა ღირსების ორდენით იქნა დაჯილდოვებული, რადგან მისი მცდელობით რეალობად იქცა და ხორცი შეესხა იმ დიდ პროექტს, რაც ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლობის 400-წლიანი ოცნება ყოფილა.

ირინე გივიაშვილი მეუღლესთან, ირაკლი კოპლატაძესთან ერთად
ირინე გივიაშვილი მეუღლესთან, ირაკლი კოპლატაძესთან ერთად

თქვენი, როგორც ელჩის მეუღლის აქტივობაზე მინდა გკითხოთ. რას ითვალისწინებს დიპლომატის მეუღლის საქმიანობა? არის თუ არა გარკვეული ჩარჩოები, რაც გზღუდავთ?  თუ პირიქით, ეს გეხმარებათ საქმიანობაში?

ელჩის მეუღლეობა დიდი პასუხისმგებლობა და შრომაა, თუმცა ძლიერია განცდა იმისა, რომ შენ შენს ქვეყანას, შენს კულტურას წარმოადგენ. ამდენად, სადაც არ უნდა ვიყო, იქნება ეს თურქი თუ უცხოელ დიპლომატთა საზოგადოება, კოლეგების გარემო თუ უბრალოდ მეგობარ-ნაცნობების წრე, ყოველთვის გვახსოვს, რომ შენ ხარ სახე შენი ქვეყნის. თურქეთი ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყანაა, ამიტომ აქ განსაკუთრებული პატივით გიღებენ და გხვდებიან.

ელჩის, და ზოგადად დიპლომატის მეუღლის, სტატუსი არ შეიძლება განიხილო ცალმხრივად, როგროც მედალს, მასაც ორი მხარე აქვს. რა თქმა უნდა, ის ბევრ რამეში გზღუდავს. პირველ რიგში გწყვეტს შენს მშობლიურ მხარეს, სახლს, ოჯახს, სამეგობროს, სამსახურს. ეს ადვილი ნამდვილად არ არის, მით უფრო, რომ სანაცვლოდ მეორე მხარეს ძალიან ცოტა გხვდება. სანაცვლო შენ თავად უნდა შექმნა, მოიპოვო. საკუთარი სტატუსი კეთილი და სასარგებლო საქმეების ინსტრუმენტად უნდა აქციო.

როგორც ვიცით, გიცხოვრიათ სხვა ქვეყნებშიც, სად და ყველაზე კარგად სად გრძნობდით თავს?

სამი წელი ვიცხოვრეთ ირლანდიაში, დუბლინში, ხშირად მიწევდა ჩასვლა ინგლისსშიც. კომუნიკაციებისა და ინფორმაციის გაცვლის პირობებში თვითრეალიზება შეგიძლია გააკეთო ყველგან და ყოველთვის შეგიძლია თავი საჭიროდ ჩათვალო. თავს კი კარგად იქ იგრძნობ, სადაც შენი სახლია, სახლად კი უნდა ჩათვალო ყველა ის ადგილი, სადაც შენ ნებსით თუ უნებლიეთ ცხოვრობ. სამშობლოს გარდა ყველა ადგილი უცხოა, მაგრამ ყველა ადგილი საინტერესოა, ყველგან არიან კეთილი ადამიანები, ყველგან მოდის გაზაფხული და ყველგან არის ნადვილი კულტურული მემკვიდრეობა, რომელთა ძიებაში მოგზაურობა ჩემს პროფესიასთან ერთად ჩემი და ირაკლის ერთ-ერთი დიდი გატაცებაცაა.

გონიოს მოსახლეობა არჩილ ხაბაძესთან შეხვედრას ელოდება

 

 

„ეს ის მიწებია, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს წაგვართვეს და საკუთრების უფლება გაგვიუქმეს. 250 ოჯახი ელოდება მიწის დაბრუნებას. ველოდებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას, რომ ჩვენი პრობლემა მოისმინოს და პასუხი გაგვცეს“-ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში გონიოს მაცხოვრებელი რამაზ ხიმშიაშვილი.   

 

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი პროტესტის ნიშნად, გონიოს ციხესთან  ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვასაც აპირებდნენ, რისი უფლებაც საპატრულო პოლიციამ არ მისცა. 

 

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ხელისუფლებამ მიწაზე საკუთრება მოსახლეობას 2011 წელს ჩამოართვა. 

 

ფოტო: მანან ქველიაშვილი

უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს ახალარჩეულმა წევრმა საბჭოს წევრობაზე უარი თქვა

 

როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, არჩევმებში მონაწილე კანდიდატმა ვლადიმერ ბალაძემ საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა და არჩევნების შედეგები გააპროტესტა. საბჭოს უკვე არჩეულმა წევრმა კი აღნიშნული საჩივრის გამო აკადემიური საბჭოს წევრობაზე უარი განაცხადა.  

 

„საჩივარი რას შეეხებოდა, დაკონკრეტებით ვერ გეტყვით. ზოგადად, ითხოვდა არჩევნების შედეგების ბათილობას. მიაჩნდა, რომ არჩევნები ჩატარდა უსამართლოდ და ამის გამო ითხოვდა შედეგების ბათილობას. მოგვიანებით ვლადიმერ ბალაძემ დაწერა განცხადება და გაიხმო საჩივარი. ამიტომ საქმის წარმოება შეწყდა და  ჩვენ არსებითად საკითხი არ შეგვისწავლია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბსუ-ს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი დიასამიძემ.

 

თავად ზაზა დავითაძეც, რომელმაც აკადემიური საბჭოს წევრობაზე უარი განაცხადა, მიზეზად საჩივარს ასახელებს.

 

„ჩემმა მოწინააღმდეგემ, ვლადიმერ ბალაძემ შემოიტანა საჩივარი და დააყენა ისეთი პრობლემა, რომელიც ცოტა ადრიდან მოდის და ეხება სტუდენტების თვითმმართველობის არჩევნებს. აღოჩნდა, რომ თვითმმართველობაში გარკვეული რაოდენობის სტუდენტები ითვლებიან არალეგიტიმურად, იმიტომ, რომ დოკუმენტები მათი არჩევის შესახებ არაა სრულყოფილი. მე შემეძლო უარი არ მეთქვა აკადემიური საბჭოს წევრობაზე, მაგრამ ეს იქნებოდა საფუძველი იმის, რომ უნივერსიტეტში  სხვადასხვა პრობლემა გაჩენილიყო. პრობლემები ხელს შეუშლიდა უნივერსიტეტის გამართულ მუშაობას. აქედან გამომდინარე, ჩემი, ერთი კაცის ინტერესებს ვარჩიე, რომ უნივერსიტეტში პრობლემები არ წარმოშობილიყო,“ -ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ზაზა დავითაძე.

 

ზაზა დავითაძემ არჩევნებში 16 ხმით გაიმარჯვა, 14 ხმა მიიღო მისმა კონკურენტმა ვლადიმერ ბალაძემ, საბჭოს წევრობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, იაშა დიასამიძემ კი საკუთარი კანდიდატურა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მოხსნა.

 

უნივერსიტეტის 9 ფაკულტეტიდან აკადემიურ საბჭოში თითო წარმომადგენელია. საბჭო უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა, რომლის წევრებსაც ფაკულტეტების აკადემიური პერსონალი და ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტები ირჩევენ ფარული კენჭისყრით. საბჭო ოთხი წლის ვადით ირჩევა და ირჩევს უნივერსიტეტის რექტორს, ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, მონაწილეობს ბიუჯეტის დაგეგმვაში და ასე შემდეგ.

 

გაიმართება თუ არა ახალი არჩევნები აკადემიური საბჭოს ახალი წევრის ასარჩევად? გიორგი დიასამიძის თქმით, ახალი არჩევნების გამოცხადება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პრეროგატივაა და, შესაბამისად, მასზეა დამოკიდებული დაინიშნება თუ არა არჩევნები. ამასთან, აკადემიურ საბჭოს ჯერ არ გადაუწყვეტია, დააკმაყოფილებს თუ არა ზაზა დავითაძის განცხადებას. 

ვაკანსიები ბიზნესის სასწავლო ცენტრში



სასტუმრო საქმისმწარმოებელი – III, IV ,V საფეხური;

ბუღალტერი – III, IV ,V საფეხური;

გიდი (გეოტურიზმის და ა.შ.) – III საფეხური;

კორესპონდენტი – III საფეხური;

კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის (AutoCad) ოპერატორი – III საფეხური;

საბაჟო დეკლარირების სპეციალისტი – II საფეხური;

მცირე ბიზნესის მწარმოებლის IV საფეხური;

ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი) III, IV საფეხური;


საკონკურსო მოთხოვნები:

 

პროფესიული განათლების მასწავლებელი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV ან V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელი ან პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. IV საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელ პროფესიული განათლების მასწავლებელს უფლება არ აქვს, ასწავლოს V საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში. შესაბამისი პროფესიული სტანდარტით შეიძლება დადგინდეს დამატებითი მოთხოვნები. 

 

დამატებითი მოთხოვნები:

 

სასტუმრო საქმისმწარმოებლის III, IV და V საფეხურის პრაქტიკის მასწავლებლისადმი წაყენებული მოთხოვნებია: დიდ სასტუმროში პრაქტიკოს მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 5 წლის გამოცდილება;

 

ან/და სასტუმრო საქმისმწარმოებლის IV (I – III საფეხური) და V (IV – V საფეხური) საფეხურის პროფესიული დიპლომი;

 

კომპიუტერულისაინჟინრო გრაფიკის (AutoCad) ოპერატორის პრაქტიკის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

 


დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა:


2015 წლის 16 თებერვლიდან 2015 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, კვირის გარდა, 13:00-დან 17:00 სთ-მდე.

კონკურსი ჩატარდება საბუთების მიღებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში, კონკურსი ჩატარდება გასაუბრების წესით.

 

 

კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:


– განცხადება (ივსება ადგილზე);

– პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

– 2 ფოტო სურათი ¾-ზე;

– კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

– პროფესიული მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთვევაში);

– რეზიუმე (C.V.)

 

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:

ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა №116 ტელეფონი: 272479

ელექტრონული ფოსტა: businesseducenter@gmail.com 


ჯარიმა არადეკლარირებული ოქროსა და ავტონაწილების გამო

 

 შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 20 თებერვალს საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ ტერიტორიაზე შემოვიდა საქართველოს მოქალაქე მ. ხ., რომელსაც აღმოაჩნდა 9 ცალი არადეკლარირებული  ოქროს ყელსაბამი (62,05გრ), ასევე, მობილური ტელეფონი IPHONE – 2 ცალი და     SAMSUNG GALAXY win – 2 ცალი.

 

22 თებერვალს სგპ „წითელი ხიდის“ კონტროლის ზონაში აზერბაიჯანის მხრიდან შემოვიდა ავტობუსი, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე ს. ი. . ავტობუსის ინსპექტირების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა აღმოაჩინეს არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, ავტომანქანის ნაწილები. 

 

ორივე კანონდამრღვევს, სსკ-ის 289 მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა, შესამაბისად, 3798,55 და 3966,67 ლარის ოდენობით.

 

 

105 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაქვში

 

 Dreamland Oasis-ის მშენებლობის პროცესი დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის  მინისტრმა დავით ბალაძემ დაათვალიერა.  

პროექტის მიხედვით 8 ჰექტარზე ორი სასტუმრო კომპლექსი, აპარტოტელები, სხვადასხვა გასართობი ცენტრები, ბოულინგ ცენტრი, რესტორნები, ღია და დახურული კაფეები, აუზები და სხვა ობიექტები განთავსდება.

 

დღეისათვის ჩაქვში ორი 120 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. აქტიურ ფაზაშია ასევე 11 ოთხსართულიანი აპარტოტელის მშენებლობა. აპარტოტელებში სულ 232 აპარტამენტი განთავსდება.

 

პროექტის ფარგლებში 300 ადამიანია დასაქმებული. „Dreamland Oasis“- ის მშენებლობა 2019 წელს დასრულდება.

 

როგორ ცხოვრობს სამშობიარო სახლში გარდაცვლილი 28 წლის ქალის ოჯახი

ნადიმ ცეცხლაძე შვილებთან და დედასთან ერთად
ნადიმ ცეცხლაძე შვილებთან და დედასთან ერთად

ანრის და-ძმები, 9 წლის ნინო, 4 წლის ლიზი და წლის და ოთხი თვის გეგა მამასთან ერთად ბათუმში, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობენ. ნაქირავებ ბინაში შეშის ღუმელი, ერთი საწოლი, ტახტი, მუშამბაგადაფარებული მაგიდა და ვიწრო კარადა დგას. ოთხი შვილის მამა და ოჯახის უფროსი ნადიმ ცეცხლაძე 30 წლისაა. ხელში გეგა ჰყავს და მის დაწყნარებას ცდილობს. საღამო ახლოვდება, ნადიმი სამსახურში უნდა წავიდეს, საიდანაც სახლში გამთენიისას დაბრუნდება, ბავშვები კი ბებიასთან, ნადიმის დედასთან დარჩებიან. ჯერჯერობით ასეა, რა იქნება შემდეგ, არ იციან, ბებია სოფელში უნდა დაბრუნდეს, თაგოში, სადაც ცეცხლაძეების ოთხოთახიან სახლში ნადიმის ძმები ცხოვრობენ ოჯახებით.

 

ნადიმის მეუღლე, 28 წლის ნათია ერთი კვირის წინ დაკრძალეს სოფელ თაგოში. ნათია ბათუმის სამშობიარო სახლში გარდაიცვალა მშობიარობის შემდეგ. გარდაცვალების ერთ-ერთი მიზეზი ანემია იყო, რომლის მკურნალობა დროულად ვერ მოხდა. ნადიმს მეუღლეზე საუბარი უჭირს. „გვირჩევდნენ ექიმები ჰემატოლოგთან წასვლას. საავადმყოფოში ხელი მოვაწერე საბუთს, რომ სამშაბათს წავიდოდი, 19-20 თებერვალს იყო მშობიარობის დრო. ხელფასს ველოდებოდი. ვერ წახვალ უფულოდ, მიხვალ – ფული გინდა, მერე წამლებს გამოგიწერენ – იქაც ფული გინდა. თანხის გამოც იყო, რა მაქვს დასამალი. დახმარება მე არ მქონდა და სხვა, მას არა აქვს და შენ როგორ დაგეხმარება. დღეს მივიდეთ, ვნახავ ფულს, ხვალ მივიდეთ… და მარტო ეს ხომ არ არის, ბავშვებია, ჭამაა საჭირო, ჩაცმა, ყველაფერი თანხაზეა დამოკიდებული. დამხმარება მე არ მქონდა და ჩემი შრომით რასაც ვნახულობდი, ეს იყო“, – ამბობს ნადიმი.

 

რამდენიმე წლის წინ ნადიმს შვიდი თვის ტყუპი ბავშვები დაეღუპა. „შვიდი თვის ასაკში გამომაკლდნენ. ერთისთვის 8 თვის ასაკში უნდა გაეკეთებინათ ოპერაცია სწორ ნაწლავზე, მეორე წელქვემოთ მოწყვეტილი იყო, ჯერ ერთი გარდაიცვალა, ათი დღის მერე – მეორე. ჩემი დღე და მოსწრება, სულ ექიმებთან ვარ, სულ საავადმყოფოში“, – ხელებს დაჰყურებს ნადიმი.

 

დაახლოებით ორი წლის წინ ნადიმი თავადაც იწვა ტუბსაავადმყოფოში. იმკურნალა, თუმცა მას შემდეგ ექიმთან არ მისულა: „სიმართლე გითხრათ, არც მინდა მისვლა, ცუდი რამე რომ მითხრან, უნდა დავწვე და შვილებს მერე ვინ უნდა მიხედოს?!“

 

ნადიმი 21 წლის დაქორწინდა, თანასოფლელი გოგონა შეირთო ცოლად. თაგოში, ხულოში მდებარე სოფელში, რომელიც გარესამყაროს ძირითადად საბაგირო გზით უკავშირდება, ნადიმის მშობლები და ოთხი ძმა პატარა სახლში ცხოვრობენ, საყანე ნაკვეთმა ყველა უნდა არჩინოს, ამიტომ ნადიმი სოფლიდან წამოვიდა. ჯერ წალკაში ცხოვრობდა, თუმცა ბერძენი მეპატრონისგან სახლის შესყიდვა ვერც მან შეძლო, არც სახელმწიფო დაეხმარა და ბათუმში ჩამოვიდა. იქედან მოყოლებული მუშაობს და ქირით ინახავს ოჯახს. ხან თურქეთში დადიოდა სამუშაოდ, ხან ბათუმში მუშაობდა დროებით სამუშაოებზე, მშენებლობებზე. ჯარში უნდოდა სამუშაოდ წასვლა, თუმცა გორში უარი უთხრეს, ფილტვის პრობლემა გაქვსო: „გაციებული ვიყავი, თურქეთში გავცივდი თუ სხვაგან არ ვიცი, 24 წლის ვიყავი მაშინ. მინდოდა წასვლა ჯარში, ჩემი ოჯახისთვის მივდიოდი იქ პირველ რიგში.“

 

სიდუხჭირის მიუხედავად, ცეცხლაძეების ოჯახი სოციალურ დახმარებას არ იღებს. ნადიმი ამბობს, რომ სახელმწიფოსთვის დახმარების სათხოვნელად არ მიუმართავს, თავისი შრომით ცდილობდა გამკლავებოდა პრობლემებს. ყველაზე ძვირადღირებული ნივთი ოჯახში სარეცხი მანქანაა, რომელიც ოჯახმა განვადებით შეიძინა და ჯერ ისევ იხდიან კრედიტს.

 

რა იქნება ახლა, ნადიმმა არ იცის. არ იცის როგორ მოუვლის ბავშვებს, როგორ უზრუნველყოფს სოფელში პატარა ანრის კვებას, რა იქნება მას შემდეგ, რაც აპრილში სამსახურში კონტრაქტის ვადა ამოეწურება და თავიდან უნდა დაიწყოს სამუშაოს ძებნა. „მივყვები ცხოვრების დინებას. ხედავთ, რომ ნაქირავებში ვცხოვრობ, ბინა მე არ მაქვს. ფიზიკურად მძიმე სამუშაოზე არ შემიძლია რომ ვიმუშაო, მძიმეს აწევა არ შეიძლება, გადატვირთვა, მაგრამ რა ვქნა. შვილებსაც რაღაც მომავალი უნდა მისცე, ხომ?! რა ვიცი, ღმერთია ზემოდან!“

 

 

ცეცხლაძეების ოჯახის დახმარების მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გაზეთ „ბათუმელების“ რედაქციას.

აჭარის საავადმყოფოებმა 40 295 პაციენტი მიიღეს [ინფოგრაფიკა]

 

მთლიანობაში ბათუმის საავადმყოფოების სტაციონარს 36 383-მა პაციენტმა მიმართა, ქობულეთში – 2752-მა, ქედაში – 374-მა, შუახევში – 151-მა, ხულოში კი 595-მა პაციენტმა.

 

პაციენტების ყველაზე დიდი რაოდენობა, საწოლების პროფილების მიხედვით, ქირურგიული პროფილით დაფიქსირდა, სადაც პაციენტების რაოდენობა 7669-ს შეადგენს, აქედან 1226 ბავშვია;

 

რაოდენობით მეორე ადგილზეა მელოგინები და მშობიარეები (გარდა ორსულთა პათოლოგიისა) – 6413 პაციენტი; შემდეგ მოდის პაციენტები გინეკოლოგიური პათოლოგიებით – 3782; პედიატრიული (სომატური) – 3652 პაციენტი; თერაპიული – 3282 პაციენტი; კარდიოლოგიური – 2993 პაციენტი; სხვა დანარჩენი პაციენტები (მოზრდილები) – 2930; ონკოლოგიური პაციენტები – 1632 და რეანიმაციის პაციენტები (მოზრდილები) –1621.   

 

 

 

 

გაბიონი, რომელიც ვერ შენდება

 

ცენტრალური საავტომობილო გზის ხულოს მონაკვეთზე 65 მეტრი სიგრძისა და 10 მეტრი სიმაღლის გაბიონი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს საავტომობილო გზების დაკვეთით, კომპანია „იბერია-ჯ“-ს უნდა გაეკეთებინა. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კომპანიასთან გაბიონის მოწყობაზე ხელშეკრულება გასული წლის თებერვალში 480 000 ლარზე გააფორმა. მიუხედავად იმისა, რომ დამცავი კედლის მშენებლობა ხელშეკრულებით წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო, აქ სამშენებლო სამუშაოები 2014 წლის ზაფხულში შეჩერდა და მას შემდეგ აღარ განახლებულა.

 

რა გახდა დამცავი კედლის მშენებლობის შეჩერების რეალური მიზეზი ხულოში და როდის დასრულდება სამუშაოები? – ამ კითხვით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის უფროსს, ზურაბ სიხარულიძეს მივმართეთ. სატელეფონო საუბარში ზურაბ სიხარულიძემ გვითხრა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს გაბიონის მშენებელი კომპანიის დირექტორისგან მივიღებდით.

 

კომპანიის დირექტორის ჯუმბერ პაქსაძის განცხადებით, გაბიონის მშენებლობის შეჩერება მიწის მესაკუთრის მხრიდან შექმნილმა წინააღმდეგობამ განაპირობა. მისი თქმით, პროექტით გათვალისწინებულ 65 მეტრი სიგრძისა და 10 მეტრი სიმაღლის დამცავი კედლიდან ამ დროისთვის მხოლოდ 30 მეტრი სიგრძისა და 8 მეტრის სიმაღლის კედელია გაკეთებული. მშენებელი დასძენს, რომ სახელმწიფო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გამოსყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სასამართლო უახლოეს მომავალში გამოიტანს.

 

„მიწის ნაკვეთი, რომელზეც გაბიონი უნდა გაგვეკეთებინა, კერძო საკუთრებაა. მესაკუთრემ კი მშენებლობის გაგრძელების უფლება არ მოგვცა. მშენებლობის გაგრძელებისთვის 950 კვადრატული მეტრი მიწის გამოსყიდვაა საჭირო. საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ვიცი, სამართლოშია საქმე განსახილველად და გადაწყვეტილების გამოტანას ველოდებით. როგორც კი გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო, იმ დღიდან განვაახლებთ სამუშაოებს.

გაბიონს თანამედროვე ტექნოლოგიების მასალებით ვაკეთებთ, ყველა მასალა მზად გვაქვს, დასაწყობებულია. როგორც კი დავიწყებთ მუშაობას, თვენახევარში დასრულდება გაბიონის მშენებლობა“, – განაცხადა ჯუმბერ პაქსაძემ.

 

კითხვაზე, რატომ დაიწყო კომპანიამ გაბიონის მშენებლობა კერძო მესაკუთრის მიწაზე, ვიდრე მშენებლობის დამკვეთსა და მესაკუთრეს შორის ხელშეკრულება არ გაფორმდებოდა, ჯუმბერ პაქსაძე პასუხობს:

 

„ჯერ კიდევ მუშაობის დაწყებამდე მიწის მესაკუთრესთან სიტყვიერად შევთანხმდით, რომ მიწაში დეპარტამენტი 15 000 ლარს გადაუხდიდა. თანხა რომ ჩარიცხვოდა, ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო. ჩვენ მუშაობა ხელშეკრულების გაფორმებამდე დავიწყეთ, მიწის მფლობელმა კი შემდეგ სიტყვიერი შეთანხმება დაარღვია და  950 კვადრტულ მიწაში სამმაგი თანხა მოითხოვა. მის მოთხოვნაზე ვერ შევთანხმდით, სწორედ ეს გახდა მუშაობის შეწყვეტის მიზეზი“.

 

თავის მხრივ, კომპანიის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს მიწის მესაკუთრე ნელი დიასამიძე, ის ამბობს, რომ გაბიონის მშენებლობა მას არ შეუჩერებია, კომპანიამ კი შეთანხმება დაარღვია, კუთვნილი 15 000 ლარი არ ჩაურიცხა, მრავალწლოვანი ხეები გაჩეხა და საკარმიდამო ადგილი გაუნადგურა, რის სანაცვლოდაც ის კომპენსაციას ითხოვს.

 

„არანაირი თანხა არ მიმიღია, მიწა ჩემი კუთვნილებაა და ახლა აღარ ვაძლევ. თავდაპირველად მოლაპარაკება 15 000 ლარზე იყო, თუმცა არ მომცეს, მერე 13 000 ლარზე ჩამოვიდნენ. ახლა 45 000 ლარს ვითხოვ. ერთ წელზე მეტია რა დღეში ვარ, გადათხარეს საკარმიდამო ნაკვეთი და ეზო-კარი, გაჩეხეს ხეხილი, კომპენსაცია მხოლოდ ამისთვის მეკუთვნის, არ ვიცი ვინ რას ამბობს, მაგრამ რაც შეეხება სამუშაოებს, მე არ შემიჩერებია, არ ვიცი რატომ შეაჩერეს“, – ამბობს ნანული დიასამიძე.

 

„სამხარაულის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა არსებობს, თუ რამდენი ძირი ხე იყო იმ ადგილზე, ამასთან დაკავშირებით აქტია შედგენილი.  მესაკუთრეს, როგორც მიწის, ასევე ხეხილის ნარგავების კომპენსაცია აუნაზღაურდება“, – აცხადებს ჯამბულ პაქსაძე.

 

კომპანიის დირექტორი იმედოვნებს, რომ გაბიონზე სამუშაოებს მარტში განაახლებენ.

 

 

ჰესი, გახიზნულები და დაკარგული წყალი სოფელში

სოფელ დიაკონიძეებში ამბობენ, რომ საცხოვრებელ სახლებზე გაჩენილი ბზარები შუახევი ჰესის სამშენებლო სამუშაოებს უკავშირდება

სოფელ დიაკონიძეებში მცხოვრები თამაზ ანანიძის საცხოვრებელი სახლის შესასვლელი ნაწილი 29 დეკემბერს ჩაინგრა, ნახევრად ჩანგრეულ იატაკზე მორყეული თარო და მწყობრიდან გამოსული მაცივარი იქვე აგდია. პირველადი საჭიროების ნივთები ოჯახმა მაშველების დახმარებით იმავე დღეს გამოიტანა, დარჩენილი ნივთების გამოტანას ოჯახი სახლის ჩამონგრევის შიშით ვერ ახერხებს.

უსახლკაროდ დარჩენილი ანანიძეები ადგილობრივმა ხელისუფლებამ მეზობლის სახლში დააბინავა.

„დღის პირველი საათი იქნებოდა, როცა სახლი გაექანა. მიწისძვრა მეგონა. სამზარეულოდან ნგრევის ხმა შემომესმა, უცებ შევიხედე, დავინახე ჩანგრეულ იატაკში თაროები ცვიოდა, სარეცხი მანქანა გახსნილ იატაკში რომ არ ჩავარდნილიყო, ხელით ჩავებღაუჭე, მინდოდა გადამერჩინა, თურქეთში ნაგროვები ფულით მქონდა ნაყიდი და შემენანა. უცებ მაღალ ხმაზე გაიტკაცუნა, ვიყვირე დამეხმარეთ-მეთქი და გარეთ გამოვვარდი. სარეცხი მანქანა დამიზიანდა, სამზარეულოს ავეჯი დაიმტვრა, მაგრამ არ ვჩივი, მთავარია მე გადავრჩი“, – ყვება დიასახლისი მაგული ანანიძე და დასძენს, რომ „სახლში ცხოვრება შეუძლებელია“. `ხელისუფლებამ მეზობლის სახლში გადამიყვანა და ქირას – 200 ლარს მიხდის, მაგრამ სხვის სახლში რამდენ ხანს ვიყო? ეს ჩემი მიწაა, 34 წელია აქ ვცხოვრობ, გლეხი ვარ, თავს მიწაზე შრომით ვირჩენ, შეიძლება სხვისთვის არაფერია ჩემი ხის სახლი, მაგრამ ჩემთვის სასახლე იყო“, – ამბობს ატირებული ქალი.

ანანიძეების გარდა სახლის მიტოვება სოლომონიძის  ხუთსულიან ოჯახსაც მოუწია. თემურ სოლომონიძემ მამაპაპისეული საცხოვრებელი სახლი ოჯახთან ერთად ერთი თვის წინ დატოვა და საკუთარი საცხოვრებლიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში, მიქელაძეების ოჯახში გადაბარგდა, ამ ოჯახსაც ხელისუფლება უხდის საცხოვრებლის ქირას. სოლომონიძეები საკუთარი სახლს დღეში სამჯერ სტუმრობენ – მთავარი მიზეზი ოჯახის მარჩენალი მეწველი ძროხაა, რომლის მოსავლელად თემური ცოლთან ერთად ყოველ დღეს მინიმუმ 5 კილომეტრს გადის.

როგორც თემური გვიყვება, დახმარებისთვის ხელისუფლებასა და გვირაბის მშენებელ კომპანიას წერილობით მიმართა.

„გვირაბის მშენებლობა დაიწყეს თუ არა, სახლმა ფორმა შეიცვალა, არც კარები იხურებოდა, არც ფანჯრები, ბოლოს ისე გადაიხარა, რომ სახლში ყოფნა გვეშინოდა. ყველას მივმართე, რომ ენახათ რა მდგომარეობაში გვიწევდა ცხოვრება. კომპანიიდან მოვიდნენ, აპარატი დააყენეს და აფეთქების სიმძლავრე გაზომეს, იმ დროს ისეთი დაბალი აფეთქება იყო, ვერც ვიგრძენი. მითხრეს, რომ ეს მათი ბრალი არ იყო და პასუხისმგებლობაც არ აიღეს. შემდეგ გამგეობიდან მოვიდნენ და გვითხრეს, რომ აქ ცხოვრება საშიშია, მსხვერპლი რომ არ გვქონდეს, სხვაგან გადადით, ქირას ჩვენ გადაგიხდითო. წასასვლელი რომ არ მქონდა, სამ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მეზობელთან გადავედი. სახლი, სადაც ახლა ვცხოვრობთ პატარაა, ორ ოჯახს არ გვყოფნის, არ ვიცი, რამდენ ხანს ვიქნებით ასე. ჩვენ გადავედით, მაგრამ საქონელი სად წამეყვანა“, – ამბობს თემური და მიტოვებულ სახლს მაჩვენებს.

თემურის ყოფილ საცხოვრებელ სახლთან მისვლამდე, სოფლის გზაზე თამაზ სოლომონიძის ოჯახი ცხოვრობს, თამაზის ოჯახსაც პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, როცა სოფელში აფეთქებები დაიწყეს. თამაზი ამბობს, რომ სახლის საძირკველი მოირყა, სასმელი წყალი მოუწყდა და წყალი კასრებით დააქვს.

„ერთ თვეზე მეტია აღარ გვაქვს წყალი, გარდა სახლისა, წყალი ბოსელში მჭირდება, 5 ძროხა მყავს და მხოლოდ პირუტყვისთვის მინიმუმ 10 ვედრო წყალი უნდა მოვზიდო. წყალი სახლს ქვემოთ, 300 მეტრში გამოდის, მაგრამ იქედან ვერ ამოიყვან. კომპანიას მივმართე მოსულიყვნენ და ენახათ რა მდგომარეობაში ვიყავით, მოვიდნენ, შეამოწმეს, წყალზე პასუხისმგებლობა აიღეს, მოვიყვანთო გვითხრეს. თუმცა დღემდე ველოდებით“, – ამბობს თამაზი.

თამაზის მეუღლე, მაყვალა ყვება, რომ აფეთქების სიმძლავრის გამო სამზარეულოში დალაგებული ჭურჭელი გადმოცვივდა. „ადრე აფეთქებისას სახლში ვერ ვჩერდებოდი, მეშინოდა. მერე შევეჩვიე“,  იგონებს მაყვალა.

სასმელი წყლისა და საძირკველმორყეული სახლის გარდა ამ ოჯახის მთავარი საფიქრალი სახლთან ახლოს გაჩენილი უზარმაზარი ნაპრალია.

„სახლიდან 50 მეტრში ნაპრალი გაჩნდა, მეშინია არ ჩამოიშალოს და არ წაგვლეკოს, გეოლოგებიც მოვიდნენ და კომპანიის წარმომადგენლებიც. მითხრეს კიდევ მოვალთო, მაგრამ მერე აღარავინ მინახავს“, – ამბობს თამაზი.

დიაკონიძეებში მცხოვრები ნაზი ანანიძეც მათ პრობლემას გვირაბის მშენებლობას უკავშირებს. მისი თქმით, სახლის გვერდით მეწყერი ყველა გაწვიმებისას ვითარდება.

„სახლს მცირე ბზარები გაუჩნდა, თუ გაგრძელდება აფეთქებები, ბზარები გაიზრდება და ჩვენც ანალოგიურ მდგომარეობაში ჩავვარდებით, როგორშიც მეზობლები აღმოჩნდნენ. ვინმემ მოგვხედოს. სახლის გვერდით კედელია მომდგარი, წელს ბევრჯერ ჩამოიშალა, გავიტან ჩამოსულ მასას, ისევ ჩამოიშლება. გაწვიმდება თუ არა, შიშისგან ვეღარ გვძინავს,“ – ამბობს ნაზი ანანიძე.

თემურ ანანიძე, რომელიც სოფლის რწმუნებული იყო, სოფლის გეოლოგიურ მდგრადობაზე საუბრობს: „გვირაბის მშენებლობის პროცესში ანანიძეების უბანში მცხოვრებ 14 ოჯახს წყალი შეგვიწყდა. სოფლის მეორე ნაწილში დროებით მცხოვრები ოჯახებიდან წყალი გადმოვიყვანეთ, მაგრამ როცა გაზაფხულზე ხვნა-თესვის დროს დროებითი მცხოვრებლები სოფელს დაუბრუნდებიან, მერე რა ვქნათ? წყალი, რომელსაც ვსარგებლობდით, ადგილზე გამოდიოდა, იქვე ავზი გვქონდა მოწყობილი, სასმელადაც და სარწყავადაც ვიყენებდით, მაგრამ ახლა წყალი დაიკარგა. მოსახლეობამ გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე მშენებელ კომპანია „აჭარისწყალ ჯორჯიასთან“ მემორანდუმი გავაფორმეთ, რომლის თანახმად კომპანია ვალდებულია წყლის პრობლემა მოგვიგვაროს“, – ამბობს თემური.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე აცხადებს, რომ კომპანია სოფელში განვითარებულ პროცესებს გვირაბის მშენებლობას არ უკავშირებს. გამგებლის თქმით, გეოლოგები შეისწავლიან ვითარებას, მანამდე კი დაზარალებული ოჯახების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას მუნიციპალიტეტი იღებს:

„კომპანიას აქვს დოკუმენტები, სადაც სწერია, რომ სოფელში განვითარებული პროცესები ჰესების მშენებლობას არ უკავშირდება. თუ გეოლოგიური დასკვნით გამოვლინდება, რომ ეს ბუნებრივი პროცესია, მაშინ სახელმწიფო აიღებს ვალდებულებას, უსაფრთხო გარემო შეუქმნას ამ ორ ოჯახს, მაგრამ თუ სოფელში განვითარებული პროცესები დაუკავშირდება ჰესების მშენებლობას, კომპანია ვალდებულია შესაბამისი რეაგირება მყისიერად მოახდინოს“.

სოფელ დიაკონიძეებში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით „აჭარისწყალი ჯორჯიას“ პოზიციის გაგება „ბათუმელებმა“ ჯერჯერობით ვერ მოახერხა.

რა ღირს ბათუმის განათება

მერიასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, „აჭარგანათებამ“ ბათუმში გარე განათების 17 082 წერტის მოვლა-პატრონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის შენობების ფასადების განათებებისაც. როგორც ბათუმის მერიის ტექნიკური ზედამხედველობის უფროსი, დავით ბახტაძე „ბათუმელებთან“ განმარტავს, ამ ფასში შედის ერთი წლის მანძილზე გარე განათების წერტების მოვლა-პატრონობა და ქუჩების, ეზოებისა და შენობების განათების უზრუნველყოფა – ყველა ხარჯი, გარდა ელექტროენერგიის ღირებულებისა.

ბათუმის ქუჩების, ეზოების, ძეგლებისა და შენობების განათებისთვის მერია ენერგოკომპანიას ყოველწლიურად დაახლოებით ორ მილიონ ლარს უხდის, თუმცა ამ თანხაში არ შედის, მაგალითად, ბათუმის ბულვარის განათების ხარჯი. ბათუმის ბულვარი არა მერიიდან, არამედ აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ბულვარის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი ზირაქაშვილი ამბობს, რომ ბულვარის განათებისთვის გადახდილი თანხა ყოველწლიურად თითქმის ერთი და იგივე რაოდენობისაა და დაახლოებით 300 ათას ლარს შეადგენს: „ბულვარის ზოლი მთლიანად შვიდი კილომეტრია, ალი და ნინოს ქანდაკებიდან – ახალ ბულვარში, ამფითეატრამდე. ამ ტერიტორიის განათების ხარჯებს ვიღებთ ჩვენ. 296 ათასი ლარი იყო შარშან ბულვარის განათებისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის თანხა. წინა წლის მონაცემების მიხედვით ხდება დაანგარიშება, 300 ათასი ლარი ჯდება რეალურად. რაც შეეხება ნათურის შეცვლას და ასე შემდეგ, ამას აკეთებს „აჭარგანათება“, რომელმაც გაიმარჯვა ტენდერში“.

რაც შეეხება ბულვარის ტერიტორიაზე მდებარე კაფე-ბარებს, გიორგი ზირაქაშვილის თქმით, ისინი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფენ შენობის განათებას.

გასულ წელს 22 292 ლარი გადაიხადა მხოლოდ ანბანის კოშკის განათებისთვის ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტომ, რომელსაც ქალაქში ანბანის კოშკის, პირსისა და ცენტრალურ ქუჩებში სარეკლამო მონიტორების მართვა ევალება. სააგენტოს ეკონომისტი, ვაჟა მეგრელიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ელექტროენერგიის მოხმარება სეზონზეა დამოკიდებული: „ეს არის სენსორული განათება, რომელიც ირთვება თავისით [დამოკიდებულია დღის შუქზე], ამიტომ ყოველ თვეში ელექტროენერგიის გადასახადი ერთი და იგივე თანხა არ მოდის,  საშუალოდ 2100 ლარია თვეში. კოშკის მომსახურება კი მთლიანობაში, თავისი ელექტროენერგიითა და კომუნალური ხარჯებით, 70 ათასი ლარი ჯდება წელიწადში.“

სააგენტო თანხას იხდის სარეკლამო მონიტორების შენახვასა და განათებაშიც. გასულ წელს სარეკლამო მონიტორების გაქირავებით სააგენტოში 37 ათასი ლარი შევიდა, თუმცა ამ თანხით სარეკლამო მონიტორებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაც კი ვერ მოხერხდა, იმის გათვალისწინებით, რომ მონიტორების მხოლოდ ელექტროენერგიით მომარაგებაში სააგენტო დაახლოებით 4 500 ლარს იხდის თვეში, ანუ გასულ წელს დაახლოებით 54 ათასი ლარი დაიხარჯა ხუთი სარეკლამო მონიტორის განათებისთვის. მონიტორზე ერთი წუთით რეკლამის განთავსება 1 ლარი და 45 თეთრი ღირს.

რაც შეეხება ბათუმის პირსს, იგი იჯარითაა გაცემული და მის განათებაზე სააგენტო არ ზრუნავს, იგი ობიექტს მხოლოდ ზედამხედველობას უწევს.

რუსთაველის ქუჩა

ბათუმის განათებისთვის ცალკე ხარჯებია გათვალისწინებული შობა-ახალი წლის დღეებში. ქალაქის ქუჩებისა და შენობების საახალწლოდ მორთვისათვის ტენდერს მერია ყოველწლიურად აცხადებს. შარშან ტენდერში გამარჯვებული „აჭარგანათება“ იყო, რომელსაც მერიამ ქალაქის მორთვისათვის 200 ათასი ლარი გადაუხადა.

წლის დასაწყისში „ბათუმელებმა“ ვებგვერდზე გამოკითხვაც ჩაატარა თემაზე – მოგეწონათ თუ არა საახალწლოდ მორთული ბათუმი, რომელშიც 108 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათგან უმრავლესობამ, 68 პროცენტმა, უპასუხა, რომ „არა“, გამოკითხულთა 15 პროცენტს საახალწოდ მორთული ბათუმი მოეწონა, 12-მა პროცენტმა მიიჩნია, რომ „ადრე უკეთესი იყო“; სამ პროცენტს კი ამ საკითხთან მიმართებაში პოზიცია არ ჰქონდა.

 

 

რას ყიდიან ყოფილი ხელისუფლების წევრები

სპეციალური გაყიდვების გვერდზე თუ მიუთითებთ გასაყიდ ქონებას ბათუმში, რომლის ღირებულება არის 100 ათასიდან ხუთ მილიონამდე დოლარი, შვიდი გასაყიდი ობიექტის შესახებ მონაცემებს მიიღებთ. მათ შორის არის „ბათუმის საკურორტო პოლიკლინიკა“.

„ერთადერთი უნიკალური ადგილია დარჩენილი ბულვარის ტერიტორიაზე. არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს 1168 კვ.მ შენობა-ნაგებობა. მიწა მდებარეობს ბულვარში, კემპინსკისთან“, – ეს განცხადება ქონების ამჟამინდელ მეპატრონეს ეკუთვნის. ბულვარში მდებარე „ბათუმის საკურორტო პოლიკლინიკა“, ანუ პროფკავშირების ქონება, საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2009 წელს გაყიდა. მყიდველი იყო რუსეთის მოქალაქე, 19 წლის ვიოლეტა ბეჭვაია. „ბათუმელების“ ინფორმაციით კი, რომელსაც არაერთი ინფორმირებული ადამიანი, მათ შორის ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, ოფიციალურადაც ადასტურებს, ბულვარში ქონების რეალური მესაკუთრე გახდა დეპუტატი ლევან ქარდავა.

„ბათუმელებისთვის“ უცნობია რა ნათესაური კავშირი აქვს ვიოლეტა ბეჭვაიას დეპუტატ ლევან ქარდავასთან. ცესკოს ამომრჩევლების სიის მიხედვით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ვიოლეტა ბეჭვაია და ლევან ქარდავა ერთსა და იმავე მისამართზე არიან დარეგისტრირებულები (ლევან ქარდავა – საქართველოს პარლამენტის მოქმედი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კიდევ ერთ სკანდალურ გარიგებასთან ასოცირდება – სწორედ მან იყიდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „ტელეარხ 25-ის“ წილები. ამ ინფორმაციას დიდი ხნის განმავლობაში ასაიდუმლოებდნენ როგორც არხის ყოფილი მესაკუთრეები, ისე ლევან ქარდავა. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ლევან ქარდავამ ტელევიზიის წილები ისევ უკან დააბრუნა – ავტ.).

საჯარო რეესტრის მონაცემებით, „ბათუმის საკურორტო პოლიკლინიკა“ მესაკუთრემ 2013 წლის 18 თებერვალს ანუ ბოლო საპარლამეტო არჩევნებიდან ოთხ თვეში გაყიდა. უცნობია რა ფასად, რადგან დეპუტატთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს. ვიოლეტა ბეჭვაიას სახელზე დარეგისტრირებულ ტელეფონზე კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ მისამართზე ვიოლეტა ბეჭვაია არ ცხოვრობს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, „ბათუმის საკურორტო პოლიკლინიკის“ მფლობელი 2013 წელს ვიოლეტა ბეჭვაიასთან ერთად გახდა ნოდარ გეორგაძეც.

ასევე საჯარო რეესტრის მონაცემებით, ცოტა მოგვიანებით, 2014 წლის ივნისში, ვიოლეტა ბეჭვაიას დარჩენილი წილების მფლობელი უკვე ამირან გეორგაძე ხდება. სწორედ ეს ახალი მფლობელები ყიდიან „ბათუმის საკურორტო პოლიკლინიკას“ 5 000 000 დოლარად.

პირადი ნომრებით თუ ვიმსჯელებთ, ახალი მფლობელები საქართველოს მოქალაქეები არ უნდა იყვნენ. საჯარო რეესტრის დოკუმენტებით ირკვევა, რომ აღნიშნული ქონება იპოთეკითაც არის დატვირთული.

„ბათუმის საკურორტო პოლიკლინიკას“ პირველ გაყიდვამდე ჰყავდა აქციონერები. მაშინ აქციონერები ითხოვდნენ, რომ თვითონ იყიდდნენ ქონებას საბალანსო ღირებულებით. საპროტესტო აქციების მიუხედავად, მათ ამის უფლება არ მისცეს.

გაყიდვიდან დღემდე ქონებას უვლის ყოფილი დირექტორი ნუგზარ თედორაძე. ის ამბობს, რომ ლევან ქარდავას ადვოკატთან, სანდრო ექიზაშვილთან გასულ კვირასაც ჰქონდა კონსულტაციები იმის თაობაზე, რომ წლებია თვითონ იხდის ელექტროენერგიის გადასახადს და არც შენობის მოვლისთვის გადაუხდიათ მისთვის თანხა. „რატომ დაუკავშირდით ლევან ქარდავას ადვოკატს, თუ ქონება, რომელსაც თქვენ უვლით, არის არა ლევან ქარდავასი, არამედ სხვისი საკუთრება? – ამ კითხვის პასუხად ნუგზარ თედორაძე ამბობს, რომ მას ყოველთვის მხოლოდ ადვოკატთან ჰქონდა ურთიერთობა: „მე ვიცი, რომ ქონება იყიდა ლევან ქარდავამ. მერე ითქვა, რომ მან ეს პოლიკლინიკა გაყიდა, მაგრამ მე მანამდეც და ახლაც კავშირი მქონდა სანდროსთან. ახლაც რომ დავურეკე, მითხრა, რომ ეტყვის ბატონ ლევან ქარდავას ჩემ შესახებ“.

ნუგზარ თედორაძეს იმედი აქვს, რომ ლევან ქარდავა აუნაზღაურებს როგორც საკუთარი ჯიბიდან გადახდილ ელექტროენერგიის საფასურს, ასევე „ცოტა წილსაც მისცემს ამ ქონებიდან, რადგან ამდენი წელია სრულიად უანგაროდ უვლის ქონებას“.

რა პირობით და რა ფასად იყიდა ლევან ქარდავამ საკურორტო პოლიკლინიკა ბათუმის ბულვარში, რის გაკეთებას გეგმავდა ბულვარში საკურორტო პოლიკლინიკის ნაცვლად ან რატომ გადაწყვიტა ქონების გაყიდვა? – ამ კითხვებით „ბათუმელებმა“ როგორც ნუგზარ თედორაძე უწოდებს, ლევან ქარდავას იურისტს, ალექსანდრე ექიზაშვილს მიმართა. მან თქვა, რომ ამ ქონების ყიდვის შემდეგ დიდი დრო გავიდა და არ ახსოვს პირობების შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, დოკუმენტებში ჩახედვის გარეშე არ შეუძლია საუბარი. სანდრო ექიზაშვილი „ბათუმელებს“ დაჰპირდა, რომ ყველა კითხვას უპასუხებს წერილობით.

ბათუმის ბულვარში მდებარე ყოფილი პოლიკლინიკის შენობა 5 000 000 დოლარად იყიდება. ქონების არაოფიციალური მფლობელი პარლამენტარი ლევან ქარდავაა

იმავე ვებპორტალზე, სადაც ძვირადღირებული გასაყიდი ქონების ჩამონათვალია, წერია, რომ ბათუმის ბულვარში კიდევ ორი ქონება იყიდება.

„იყიდება კომერციული ფართი 300 კვ.მ ბათუმის ბულვარში. შენობა არის ბულვარის შუაგულში და ძალიან კარგი ადგილია მაღაზიის ან თუნდაც ოფისის გასახსნელად“, – წერია იმ ქონების გასწვრივ, რომლებსაც ბათუმელები და მისი სტუმრები იცნობდნენ, როგორც რესტორან „აკროპოლისს“. ეს რესტორანი, რომელიც ერთ-ერთი ძვირადღირებული სერვისით გამოირჩეოდა ბათუმში, უკვე დახურულია. ყოფილი რესტორნის შენობა 1 300 000 დოლარად იყიდება.

ტერიტორია ბულვარში ბათუმის მერიამ აღნაგობის უფლებით, 29 წლით, 2010 წელს გადასცა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებულ კომპანია „ნიუ ენერჯის“, რომელმაც ქონება, თავის მხრივ, „საქართველოს ბანკში“ იპოთეკით დატვირთა. „აკროპოლისის“ ყოფილი მენეჯერი ამბობს, რომ ქონებას სწორედ „საქართველოს ბანკი“ ყიდის: „იყიდება იმიტომ, რომ სეზონი დამთავრდა, იყიდება იმიტომ, რომ ვალები ჰქონდა, იყიდება იმიტომ, რომ წყალი შემოვიდა“.

კიდევ ერთი მენეჯერი ყვება, რომ „აკროპოლისში“ ყოველი შტორმის დროს შედის ზღვის წყალი. „ახლაც რომ მიხვიდეთ ადგილზე, ნახავთ, რომ სამზარეულოს ძვირადღირებული აღჭურვილობა წყალში დგას“, – უთხრა „ბათუმელებს“ „აკროპოლისის“ კიდევ ერთმა თანამშრომელმა, რომელიც დასძენს, რომ „აკროპოლისის“ პირველი მესაკუთრე ამჟამად რუსეთში იმყოფება.

ბოლო წლებამდე ბულვარში მიწა მხოლოდ სახელმწიფო საკუთრება იყო. გარდა ამისა, აქ მიწის გაყიდვა განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლებოდა. მიზეზი, თუ რატომ გაყიდა სახელმწიფომ კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი და რა ფასად ამჯერად ახალ ბულვარში, უცნობია. ცნობილი ისაა, რომ მესაკუთრე უკვე ყიდის სახელმწიფოსგან მიღებულ ამ ქონებას. ქონების გაყიდვასთან დაკავშირებით შედგენილ განცხადებაში ვკითხულობთ:

„გასაყიდი მიწა ახალ ბულვარში: მიწა მდებარეობს აეროპორტის ახალ გზაზე, სანაპიროდან 1500 მეტრში. შესაძლებელია ნაკვეთის მრავალმხრივი გამოყენება. ლოტის ზომა 1,843 მეტრ კვადრატი; ფასი – 220 000 დოლარი“.

„იყიდება კურორტი ურეკი“ – ამ სათაურით განთავსებული ინფორმაცია ურეკში 30 785  კვ/მ ფართობის გაყიდვაზე იუწყება. მიწაზე დამაგრებულია 1 739 კვადრატული მეტრი შენობა, მათ შორის კურორტის ცენტრალური ნაწილი – 899 კვ.მეტრია. უცნობია, რა პირობით და რა ფასად მიიღო მესაკუთრემ თავის დროზე აღნიშნული ქონება, რომელსაც 3 386 000 დოლარად ყიდის.

სემინარი „ერთიანი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის“ შესახებ

 

ხუთდღიანი უწყებათშორისი სემინარი, რომელიც აშშ-ს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებით ხორციელდება, ორ ეტაპად გაიმართება. პირველი დღის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან ერთიანი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის ფუნქციონირებას, ხოლო მომდევნო დღეების განმავლობაში, ამერიკელი ექსპერტების დახმარებით, სამუშაო ჯგუფების ფორმატში იმუშავებენ სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შექმნაზე.

 

ერთიანი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრი აშშ-ს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებით აშენდა და 2014 წლის ივნისში ოფიციალურად გაიხსნა. ცენტრის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საქართველოს საზღვაო სივრცეში ნებისმიერი სახის კანონდარღვევის, ინციდენტების, სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ფაქტების აღმოჩენა და პრევენცია, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნისა და რეგიონის უსაფრთხოებას.

 

ფინანსთა სამინისტრო 15 მილიონის ობლიგაციას გაყიდის

 

ბოლოს ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ვალდებულებების აუქციონი 2015 წლის 18 თებერვალს გამართა. აუქციონზე 50 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 122 მილიონი ლარი.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებულ ერთ-ერთ ბოლო სავალუტო აუქციონზე კი ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. აუქციონი 19 თებერვალს შედგა და საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2,1464 შეადგინა.

 

 

რა არის ქსენოფობია

 

დისკუსია პრესკაფეში

 

გიორგი ბერაია, საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი მრჩეველი: პირველი კითხვა, რომელიც გვიჩნდება ქსენოფობიაზე, არის: რატომ არის ასეთი მიუღებელი ქსენოფობია ცივილიზებული ადამიანებისთვის? ჩვენ არ შეგვიძლია ვაკონტროლოთ რა ეთნიკური წარმომავლობა გვაქვს, რა კანის ფერი გვაქვს და ა.შ. შესაბამისად, ჩვენი ქსენოფობიური დამოკიდებულებით, პასუხს ვთხოვთ ადამიანს იმაზე, რაც მის კონტროლს გარეთაა. ყველაზე ხშირად ჰომოფობიური დამოკიდებულება პოლიტიკურ განცხადებებშია, განსაკუთრებით მომგებიანი ფრაზაა წინასაარჩევნოდ – „ქართველობას გვართმევენ!~ ეს იმ დროს, როცა ქვეყანაში კამათი უნდა მიმდინარეობდეს სამართლებრივ სისტემაზე, პოლიტიკოსის ეკონომიკურ ხედვებზე. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხები, მაგრამ ხშირად პოლიტიკოსებს განათლება არ აძლევს საშუალებას, ასეთ თემებზე ისაუბრონ და ისინი ცდილობენ მოსახლეობაზე პრიმიტიული თემებით ზეგავლენას.

 

რა იწვევს ქსენოფობიას? ეს ჩვენი საზოგადოების ჩაკეტილობის ბრალია, რაც ზოგადად მცირე ერების პრობლემაა. მცირე ერებს ყოველთვის აქვთ თვითგადარჩენის ინსტიქტი. ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა, საფრანგეთშიც მოიმატა ქსენოფობიური შეხედულებების მქონე პოლიტიკოსების რეიტინგმა, მარი ლეპენმა არჩევნებში მაღალი შედეგით გაიმარჯვა და მკვეთრად გამოხატული ქსენოფობიური დამოკიდებულებით გამოირჩევა. რა შეიძლება იყოს გამოსავალი? ზოგჯერ ამბობენ, რომ სიძულვილის ენის კრიმინალიზება შეიძლება მივიჩნიოთ გამოსავლად. ჩვენს ქვეყანაში ქსენოფობიური შეხედულებები არ ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად, როცა საფრანგეთში ასეთი ქმედებები არის დასჯადი. მაგალითად, ლეპენის მამა რამდენიმეჯერ გაასამართლეს იმის გამო, რომ მან რამდენიმეჯერ გამოიყენა ჰომოფობიური ფრაზები მუსლიმებისა და ემიგრანტების წინააღმდგ. მე არ ვემხრობი ამ იდეას და ეს მიდგომა ხელოვნური მგონია. ჩვენი კანონმდებლობა ამ კუთხით არის სრულიად თავისუფალი, სიტყვის თავისუფლება არის მაქსიმალურად უზრუნველყოფილი.

 

საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება არის ერთ-ერთი გამოსავალი პრობლემის მოსაგვარებლად. ცოტა ხნის წინ ჩატარდა კვლევა, რომლის ფარგლებში გამოკითხეს მასწავლებლები და შედეგი იყო ძალიან ცუდი, საუბარია რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებზე. სახელმწიფომ უნდა შეძლოს სკოლაში ქსენოფობიური დამოკიდებულებების შეცვლა, რადგან სწორედ აქ უყალიბდებათ ადამიანებს შეხედულებები და ისტორიაში ნასწავლმა დაპირისპირებებმა საქართველო-თურქეთს შორის თურქებზე დამოკიდებულება არ უნდა შეგვიცვალოს, უნდა მოხდეს ამის სწორად მიწოდება.
შევეხები საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას. ერთ-ერთი საქმე შეეხებოდა უცხოელი მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენას. სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ნორმა, რომელიც კრძალავდა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენას. ამ საქმეს ზოგიერთი პოლიტიკოსისგან მოჰყვა პოლიტიკური განცხადება, რომ ეს არის „არაეროვნული~, რომ `ქართველმა გლეხმა დაკარგა მიწა~, სინამდვილეში კი ამ ნორმით ქართველს საშუალება მიეცა მიწა გაყიდოს როგორც ქართველზე, ასევე უცხოელზე და ამაში თავისუფალია. მეორე საქმე ეხება ჰომოსექსუალებისთვის დონორობის აკრძალვას-  მეორე მხარის არგუმენტი იყო ის, რომ ისინი წარმოადგენენ შიდსის მაღალ რისკჯგუფს. ეს ნორმაც გააუქმა სასამართლომ.

 

ირაკლი ლომაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტი, მომხსენებელი: არის თუ არა ჩვენი ერი დაავადებული ქსენოფობიით და საიდან იწყებს ათვლას ქსენოფობია ჩვენში? შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დაიწყო ოქროს საწმისთან დაკავშირებული მოვლენის დროს, როდესაც მივხვდით, რომ შეიძლება ჩამოვიდეს უცხო და რაღაც წაიღოს. პირადად მე ძალიან გამიხარდებოდა საქართველო ისეთი ქვეყანა რომ იყოს, სადაც სახელმწიფო ყოველთვის გაემიჯნებოდა და მყისიერად დაგმობდა ადამიანის ან ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ღირსების დამაკნინებელ განცხადებებს თუ ქმედებებს, მაგრამ ჩვენს რეალობაში ყოველივე სხვაგვარად არის. დღეს ჩვენ ქსენოფობიური გამოვლინებები აბსოლუტურად ყველა ნაბიჯზე გვხვდება. დააკვირდით ჩვენს ლექსიკას, სადაც ბევრია სხვა ერის დამამცირებელი შედარებები: “მუნიანი თურქები”, “ეშმაკი სომხები”, “ბინძური ჩინელები” და ასე შემდეგ.
ალბათ სწორი იქნება თუ აღვნიშნავთ, რომ უცხოს მიმართ შიში ჩნდება ჩაკეტილ საზოგადოებაში, როგორსაც, ფაქტობრივად, ჩვენ წარმოვადგენთ, რადგან სულ რაღაც 20 წელია, რაც დამოუკიდებლად ვიკიდებთ ფეხს. ეს არ არის საკმარისი დრო იმისათვის, რომ მინიმუმ 80-წლიანი ჩაკეტილობა გადაფაროს და ცნობიერებიდან წაშალოს.
ქსენოფობია ასევე წარმოიქმნება იდენტობის ძიებისას, იდენტობის კრიზისულ პირობებში, როცა ძველი დაიმსხვრა, ახალი კი არ არის შემქნილი. ყველა ასეთ ქვეყანაში ნაციონალიზმის აღზევების პროცესი მიდის, რაც შეიძლება უარყოფით მოვლენად შეფასდეს. ასე მოხდა იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, როდესაც მასში შემავალ ქვეყნებს მტრული დამოკიდებულება გაუჩნდათ ერთმანეთის მიმართ, რადგან მანამდე მათ აიძულებდნენ ერთმანეთთან თანაცხოვრებას. ახალი სახელმწიფოს შექმნა-აღორძინება მოითხოვს მთელი რიგი სახელმწიფოებრივი ნიშნების შეძენას, სხვისგან გამოცალკევებას, საზღვრების გავლებას.

 

დღეს ქსენოფობიური განცხადებები გვხვდება პოლიტიკაში, ეკლესიაში, საზოგადოებასა და მედიაში, სადაც ხშირად ქსენოფობია პატრიოტიზმთან არის გაიგივებული. ქსენოფობიური განცხადებები და ქმედებები პრაქტიკულად დაუსჯელი რჩება სახელმწიფოს მხრიდან და, რაც უფრო აღმაშფოთებელია, ეს მხარდაჭერილია ჩვენი საზოგადოების მიერ.
უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტიანობის ქვაკუთხედს შემწყნარებლობა და სხვა ადამიანის პატივისცემა წარმოადგენს და თუ შენ არღვევ ამ ცნებებს, ამით პირდაპირ შეურაცხყოფ ღმერთს, რადგან შენ მიერ შეურაცხყოფილი ყოველი ადამიანი ღმერთის ქმნილებაა. ერთ გერმანელ მწერალს უთხრეს, შენ არ გიყვარს ებრაელები, მან კი უპასუხა, დიახ მე არ მიყვარს ებრაელები, ისევე, როგორც არ მიყვარს გერმანელები, ფრანგები და ა.შ. მე მხოლოდ გარკვეული ადამიანები მიყვარსო. ამიტომაც ალბათ მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ უნდა გვიყვარდეს და პატივს ვცემდეთ კონკრეტულ ინდივიდს, ადამიანს როგორც ასეთს, თავისი თავიდან გამომდინარე და არა ეროვნული თუ რელიგიური შეხედულებების გამო.
მიქაელ მახარაძე, სტუდენტი: იქ, სადაც არსებობს ქსენოფობია, შეუძლებელია ვისაუბროთ თავისუფლებაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ სახელმწიფო არ არის რაღაც განზოგადებული თემა, სახელმწიფო იწყება თითოეული ადამიანისგან, თითოეული ინდივიდისგან და ერი, ეს არის საერთო ბედის განცდით დაკავშირებული ადამიანები. სხვა არის ეროვნება და სხვა – ერი. რაც შეეხება ქსენოფობიას, ეს არ არის მხოლოდ ქართველების პრობლემა. იგივე პრობლემები ჩანს სხვა ერებშიც. მაგალითისთვის, მე მოვიყვან რუსეთს, სადაც დღესაც გრძელდება მტრის ხატის ძიება, რომ  “დამნაშავე არის ყოველთვის სხვა”.

 

ქეთი კაპანაძე, სტუდენტი: სახელმწიფო განვითარების ერთსა და იმავე ეტაპზე რჩება, თუ ის არ შეიცნობს რაიმე ახალს. ჩვენში ქსენოფობია სწორედ მაგაში გამოიხატება, რომ უცხოსი გვეშინია. ხშირად იძახიან „არ წაგვართვან ტრადიციები, როცა შევალთ ევროკავშირში”.
ზურაბ ზოიძე, სტუდენტი: ქსენოფობიასთან ერთად ჩვენ ვახსენეთ პოლიტიკა და არჩევნები. უმრავლესობა ადვილად იმარჯვებს უმცირესობაზე, უმრავლესობის მხრიდან გაკეთებული განცხადება უმცირესობის შევიწროებაზე უმცირესობის მხრიდან აღიქმება ქსენოფობიად, მაგრამ უმრავლესობის მხრიდან ნაკლებად აღიქმება დანაშაულად.
მარიტა გორგილაძე, მოსწავლე: დიდი პრობლემაა ქსენოფობია სკოლაში, თუ გამოხატავ საკუთარ აზრს ქართულისა და ისტორიის ყველა მასწავლებელი გეტყვის, რომ ხარ ტუტუცი, ვერ გაგზარდეს სახლში და ა.შ.

 

ანა პატარაია, სტუდენტი: მარიტას ვეთანხმები იმაში, რომ ისტორიისა და ქართულის მასწავლებლებს გააჩნიათ თავიანთი ინტერპრეტაციები საკითხების მიმართ და თავისუფალი აზრის გამოხატვა იჩაგრება. ჩვენ არ გვაქვს უფლება ისტორია დავამახინჯოთ. ქსენოფობია დღეს დიდი პრობლემაა და ამის დაძლევაში დაგვეხმარება საკუთარი თავის შეცნობა. ამ საკითხში სახელმწიფოს აქვს დიდი როლი და განათლებაში დიდი ძალისხმევა უნდა დახარჯოს. მაგალითად, თბილისში ჰგონიათ, რომ ბათუმში ქართულს გაუმართავად ლაპარაკობენ, ღორის ხორცს არ ჭამენ. ეს გაუნათლებლობის პრობლემაა ჩემი აზრით. მართლმადიდებლობას მინდა შევეხო. ჩვენ თუ გვინდა განათლებულები ვიყოთ, ქსენოფობია დავძლიოთ და პრობლემა გადავწყვიტოთ, პირველ რიგში, ამისკენ რელიგიამ უნდა მოგვიწოდოს.

 

 

მარიამ მაკია, ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის წევრი: მაქვს ბევრი სკოლა გამოცვლილი და ბევრი საცხოვრებელი ადგილი, ყველგან ერთნაირი იყო ქართულისა და ისტორიის მასწავლებელი, მაგრამ ახლა სადაც ვარ, მყავს იდეალური ისტორიის მასწავლებელი და ინტერპრეტაციებისგან თავს იკავებს. ამ მასწავლებელს ჩემი კლასელები ურწმუნოს ეძახიან, და ამბობენ, რომ არ უნდა იყოს მასწავლებელი.

თავისუფლების კლუბი-გამარჯვებული კონკურსანტები

 

თამთა კახაბერიძე

 

 

ანტიდისკრიმინაციული კანონი


თამთა კახაბერიძე

საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში თითქმის სულ იბრძოდა. იბრძოდა თავისუფლებისთვის, იბრძოდა ტერიტორიული მთლიანობისთვის, დამოუკიდებლობისთვის, რელიგიისთვის. ჩვენ მუდამ გვიწევდა წინააღმდეგობის გაწევა სხვა ქვეყნებისთვის, სხვა ერებისთვის, რომლებიც მუდამ ცდილობდნენ ჩვენ დაპყრობას, განადგურებას, ჩვენი რელიგიის, ენის წართმევას. ის, რომ საქართველომ ამ დრომდე მოაღწია და დღეს არსებობს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, მართლაც იმის დამსახურებაა, რომ ქართველი ერი ყოველთვის მტკიცედ იბრძოდა თავისი საკუთრების გადასარჩენად, რომელსაც რატომღაც ყოველთვის ვიღაც ეცილებოდა.
ასე გრძელდებოდა საუკუნეების მანძილზე. ამიტომაც არსებობს გავრცელებული შეხედულება, რომ ჩვენ, ქართველები, გადავრჩით ქართველობით _ რაშიც იგულისხმება ჩვენი ტრადიციები, ღირებულებები და ფასეულობები, ჩვენი რელიგია, რომელიც მუდამ სამშობლოსთან იყო გაიგივებული, ამიტომაც გვაქვს ასეთი გამძაფრებული ეროვნულობის შეგრძნება.

 

როგორც ყველა პატარა ერს, ჩვენც გვეშინია, რომ ვინმემ არ დაგვჩაგროს (როგორც ხდებოდა საუკუნეების განმავლობაში), გვეშინია, რომ კიდევ უფრო არ დავპატარავდეთ, არ დავკარგოთ ისიც, რაც გვაქვს. წარსულის ამ ცუდმა გამოცდილებამ, რომელიც მთლიანად ეროვნულობაზე, საკუთარის დაცვაზე, მუდამ ბრძოლისთვის ორიენტირებულობაზე იყო დამყარებული, განაპირობა ის სტერეოტიპული შეხედულებები, რომელიც გვაწუხებს ქართველებს და რაც სრულიად ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს და გვიშლის ხელს, რომ ფეხი ავუწყოთ თანამედროვე ცხოვრების რიტმს.

 

ერთ-ერთი ძვ. ბერძენი ფილოსოფოსი წერდა, ჩვენ გვეზარება ჭეშმარიტების ძიება, ამიტომ, მუდამ წინაპრებისგან მიღებული აზროვნებით ვცხოვრობთო. სწორედ იგივე გვჭირს ქართველებს. და, რა მივიღეთ წინაპრებისგან? ძლივს გადარჩენილი სამშობლო, ძლივს შენარჩუნებული ეროვნული თვითმყოფადობა, შეგრძნება იმისა, რომ შეიძლება გამოჩნდეს ვიღაც უცხო, რომელიც წაგვართმევს ჩვენს საკუთრებას, რომელიც დაემუქრება ჩვენს სიცოცხლეს. ამიტომაც გვიჭირს უფრო ლიბერალურად, უფრო დემოკრატიულად შევხედოთ ყველაფერს. ამიტომაც გვიჩნდება ქსენოფობიური დამოკიდებულებები განსხვავებულის მიმართ. ამიტომ გვგონია, რომ ჩვენგან განსხვავებული ადამიანი საფრთხეს უქმნის ჩვენს არსებობას.
მეორე მხრივ, როცა ვიაზრებთ, რომ ვცხოვრობთ XXI საუკუნეში, ცივილიზებულ სამყაროში, გვინდა ყოველივე საუკეთესოს მივაღწიოთ. გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, გვინდა, რომ ვიყოთ ევროპული სახელმწიფო და გვერქვას ევროპელები. ამიტომ, კვლავ ვიბრძვით. ვიბრძვით ძველი შემართებით, რაღაც ახლისკენ.

 

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენი ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი ევროპულ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდაქმნა და ევროკავშირში ინტეგრაცია გახდა. წლებია ვცდილობთ დავამტკიცოთ, რომ საქართველოც ღირსია გახდეს ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, მაგრამ, როცა პირისპირ ვეჯახებით წინააღმდეგობებს, ისევ ძველი მეთოდებით ვიწყებთ ბრძოლას. ევროპელობა გვინდა, მაგრამ არ გვინდა მოვერგოთ იმ სტანდარტებს, რაც ევროინტეგრაციისთვის არის აუცილებელი. დემოკრატია გვინდა, მაგრამ არ გვინდა დემოკრატიული ღირებულებების გაზიარება. ამ ყველაფრის გამო ატყდა აჟიოტაჟი ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან – ანტიდისკიმინაციული კანონის მიღებაზე საქართველოში. რომელიც გულისხმობს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და ყველა ადამიანს უნდა ვცეთ პატივი განურჩევლად მისი რელიგიის, ეროვნების, წარმომავლობის, კანის ფერის, პოლიტიკური შეხედულების, აზროვნების, სოციალური მდგომარეობის, გენდერული იდენტობის, სექსუალური ორიენტაციის, პროფესიის, ჯანმრთელობის მდგომარეობის და სხვა. დემოკრატილი ღირებულებების ამომავალი წერილი ხომ სწორედ ადამიანის უფლებების დაცვაა?! ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს ეს. შევიგნოთ, რომ სხვისი დისკრიმინაცია, სხვისი უფლების შელახვა, სხვის მიმართ ქსენოფობიის გამოხატვა ჩვენივე სისუსტეზე მიუთითებს, რომ კეთილდღეობას ვერ მივაღწევთ თუ სხვას დავამცირებთ და არ მიცემთ ნორმალურად არსებობის საშუალებას. ვერ განვვითარდებით მანამ, სანამ, სხვებს არ მოვექცევით ისე, როგორც გვინდა, რომ მოგვექცნენ ჩვენ. ევროპელობა თუ გვინდა, ხშირად უნდა გავუმეოროთ საკუთარ თავს ფრაზა, რომელიც ყველა ევროპელს აერთიანებს: ერთიანობა მრავალფეროვნებაშია!

 

ჩემი უახლოესი მეგობარი გერმანიში ცხოვრობს. საკმაოდ ბევრს მოგზაურობს და შთაბეჭდილებებით აღსავსე მიყვება, თუ როგორ იპოვა პიზას კოშკთან მონეტა, თუ როგორ დაუჯდა ციფრული ეიფელთან, თუ როგორ ეწვია პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს და როგორ გაახსენა ტრიუმფალურმა თაღმა რემარკი. იმისათვის, რომ მან იმოგზაუროს, არ სჭირდება ბევრი სირბილი დოკუმენტების გასაკეთებლად. ეს საკმაოდ მარტივია მისთვის. ამასთანავე ის თავს უსაფრთხოდ გრძნობს, რადგან ამის საშუალებას დოკუმენტები იძლევა. უსაფრთხოებაში მოიაზრება საზღვრის მართვა, მიგრაცია, გადაადგილება, თავშესაფარი და ა.შ. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა შევიტყვე, რომ ისეთი საკითხები, როგორიცაა: კორუფცია, ადამიანის უფლებები, უმცირესობების დაცვა და ანტიდისკრიმინაცია აუცილებელია მისი მოგზაურობისთვის, რათა მან თავი დაცულად იგრძნოს იმ გარემოში, სადაც იმოგზაურებს. ყველაფერი ეს კი იმიტომ, რომ მის ქვეყანაში ვიზების ლიბერალიზაცია მოქმედებს. მეც საკმაოდ ბევრს ვოცნებობ მოგზურობაზე. ვის არ უოცნებია? თუმცა ჩემს ოცნებებში ამას თან მთელი რიგი დოკუმენტების მზადება, ელჩთან შეხვედრა მოჰყვება, შემდეგ პასუხის ლოდინი. და ოცნებაც მბეზრდება ხოლმე, ისე რომ საოცნებო ქვეყნამდე ვერ ჩავაღწევ. რა იქნებოდა, საქართველოშიც რომ მოქმედებდეს ვიზების ლიბერალიზაცია. თუმცა აქამდე კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. ალაბთ მოვა დრო და მეც გავუზიარებ ჩემს მეგობრებს მოგზაურობის შთაბეჭდილებებს და მოგზაურობაც გაცილებით მარტივი და უსაფრთხო გახდება.


ანნა ტურიაშვილი



„ევროკავშირი, მითი და რეალობა”
ანნა ტურიაშვილი


ხშირად, როდესაც გეოგრაფიის მასწავლებელი მაიძულებდა მისთვის ევროკავშირის ოცდაშვიდივე ქვეყანა ჩემომეთვალა, ვფიქრობდი, რა იქნებოდა 28-ე საქართველო რომ ყოფილიყო-მეთქი.


რამდენი რამე შეიცვლებოდა არა? რამდენ კანონს მივიღებდით, რომელიც ჩვენს ცხოვრებას გააუმჯობესებდა, საზოგადაოებაც უფრო თანასწორუფლებიანი გახდებოდა და ჩემს იაჰოვას მოწმე მეგობარზეც, ალბათ, აღარ მოხდებოდა დისკრიმინაცია. თუმცა, სანამ მე ევროკავშირის გაფართოებაზე ვოცნებობ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ სურთ ევროინტეგრაცია. ამ ადამიანთა უმრავლესობას არგუმენტად მოჰყავს, რომ ჩვენ „ქართველობას~ დავკარგავთ, ვერ შევინარჩუნებთ რწმენას. ყველაფერი ცუდი ხომ ევროკავშირიდან მოდის?!
ისინი ევროპაში მხოლოდ განსხვავებულ ორიენტაციას, ათეიზმს, ტრადიციების დაკარგვას ხედავენ. არა და ალბათ არც იციან, რომ ევროკავშირის დევიზი: „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია”, ალბათ არც იმ კანონების შესახებ სმენიათ რამე, რაც ევროინტეგრაციას წინ უძღვის. ჩემი მეგობრისთვის, მაგალითად, ევროკავშირი სრულ თავისუფლებას ნიშნავს და ამიტომაც უჭერს მას მხარს. ალბათ არ იცის, თუ რამხელა პასუხისმგებლობას იღებს ადამიანი, როცა ის თავისუფალია.

 

ამ და სხვა მითებით ცხოვრობს დღევანდელი ქართული საზოგადოების ნაწილი, რომელიც ამბობს: „არ გვინდა ევროკავშირი!” ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს გვეპატიჟებიან დასავლეთისკენ, ჩვენ კი უარს ვაცხადებთ.
იყო ევროკავშირის წევრი, ნიშნავს იყო აქტიური მოქალაქე, დაიცვა სხვისი უფლებები და იცხოვრო უზენაესი კანონით. ეს არის რეალობა და ის უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს. და არა ის, რომ საქართველოს აიღებენ და სადმე ევროპაში დაუდებენ ადგილსამყოფს. თუმცა ამას ყველა ვერ ხვდება და ისევ გაიძახიან: „არ გვინდა ევროპა! არ წაგვართვათ „ქართველობა”.

 

მე კი მათ დასამშვიდებლად ვიტყოდი, რომ არ იდარდონ, თუ ასე გავაგრძელეთ, ევროკავშირი აღარ „დაგვემუქრება”.

 

”ხოფის ბაზრობის” აღსადგენად ტენდერი გამოცხადდა

 

ხანძარი ხოფის ბაზრობაზე | ბათუმი 07-12-2014 | ფოტო ”ბათუმელების” არქივიდან

 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ელქტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტ კომპანიას უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში (2013, 2014) შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის,სირთულისა და შინაარსის სამუშაოები, საერთო ღირებულებით არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობისა. შემსყიდველი შემსრულებელ კომპანიისგან ასევე მოითხოვს, შესრულებულ სამუშაოებზე ხუთ წლიან საგარანტიო ვადას.

 

ობიექტი მიღებულად ჩაითვლება სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო

ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო“-ს დადებითი დასკვნის საფუძველზე, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

 

პრეტენდენტ კომპანიებისგან წინადადების მიღება მიმდინარე წლის 11 მარტს დაიწყება და 16 მარტს დასრულდება.

 

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან სამი თვის განმავლობაში უნდა განახორციელოს.

 

ის კომპანია, რომელთანაც შპს „სავაჭრო ცენტრი 2009“ გააფორმებს ხელშეკრულებას, ამავე დოკუმენტის მიხედვით, ვალდებული იქნება საქართველოში ტექნიკური უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით მოქმედი კანონებისა და ნორმების შესაბამისად, მშენებლობის ზონაში ხანძრის გაჩენისა და აფეთქების თავიდან ასაცილებლად   უსაფრთხოების აუცილებელი ზომები მიიღოს.

 

აღდგენითი სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს „სავაჭრო ცენტრ 2009“-ის  დაკვეთის საფუძველზე, საპროექტო-არქიტექტურული კომპანია „არტ-სალონის“ მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით უნდა შეასრულოს. ამ პროექტის განმარტებით ბარათის მიხედვით აღსადგენი საერთო ფართი 690 კვადრატული მეტრია, აღსადგენი სახურავის ფართი – 924 კვ.მ.; შენობის კონსტრუქციული სიმაღლე არ აღემატება 5 მეტრს. აღსადგენი ტერიტორია შედგება ორი რიგი მცირე ზომის პავილიონისაგან დახურული ერთი საერთო სახურავით. მცირე ზომის სავაჭრო პავილიონების საერთო ფართობია 522.95  კვადრატული მეტრია (მათ შორის ერთი რიგი 262.17 კვ.მ და მეორე რიგი 260.78 კვ.მ). ამავე სექციაში არის არსებული ნაგებობები, რომელიც არ დაზიანებულა ხანძრის დროს, მაგრამ დაზიანდა გადახურვის კონსტრუქცია. პროექტში გათვალისწინებულია არსებული ნაგებობების გადახურვაც.

 

ხოფის ბაზრობა ბათუმში, აღმაშენბლის #21-ში 1233 კვადრატულ მეტრზე მდებარეობს. ტერიტორია „სავაჭრო ცენტრ 2009“-ს ეკუთვნის. თავის მხრივ ამ კომპანიის მესაკუთრე (100%-ით) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა.

 

შპს „სავაჭრო ცენტრ 2009“-ის შესყიდვების მენეჯერის ედუარდ ბალაძის თქმით, ხანძრის დროს დაზიანებული ხოფის ბაზრობის აღდგენით სამუშაობზე ტენდერი პირველად, ახლა 20 თებერვალს გამოცხადდა და 40-მდე მაღაზია აღდგება.

 

„ზარალი მაღაზიის მეპატრონეებს უნდა დაეთვალათ, ამიტომ ზუსტი ზარალი დღეისთვის უცნობია“- ამბობს ედუარდ ბალაძე.

 

„სავაჭრო ცენტრი 2009“-ის (იგივე ხოფის ბაზრობის) მე-5 სექცია 2014 წლის 7 დეკემბერს დაიწვა. ხანძრის გაჩენის მიზეზი პიროტექნიკის მაღაზიის მიმდებარედ ელექტროშედუღება, ე.წ. „სვარკა“გახდა. ხანძარს სამი ადამიანი ემსხვერპლა. მათგან ორი ბაზრობაზე დაიწვა ერთი კი, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ხანძრის დროს მიღებული დაზიანებები შედეგად. 

აკაკი ძნელაძე: პოლიტიკური ბრძოლა გაგრძელდება

 

 

აკაკი ძნელაძე
აკაკი ძნელაძე

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ალექსანდრე ჩიტიშვილის განცხადებით, რომელიც 20 თებერვალს საფინანსო-ეკონომიკური კომისიის თანამდებობიდან გადააყენეს,  კოალიცია უმაღლეს საბჭოში ბრძოლას გააგრძელებს:

 

„ეს არის პოლიტიკური ბრძოლა და ამ ბრძოლას ჩვენ გავაგრძელებთ. თუმცა, არ გავალთ კანონის გარეთ და შევეცდებით რომ პასუხი გავცეთ მათ (ოპოზიციის)  ქმედებებს. ამჯერად პოლიტსაბჭოს გავაცანით შექმნილი ვითარება, რამდენი კაცია დარჩენილი „ქართულ ოცნებაში“, რამდენია ოპოზიციაშია და ა.შ. პრობლემა დგას, მაგრამ უნდა მოვერიოთ“.

 

„ბათუმელები“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს აკაკი ძნელაძესაც დაუკავშირდა. მისი განცხადებით, სიტუაცია უმაღლეს საბჭოში კონტროლს ექვემდებარება:

 

„ეს არის სამუშაო პროცესი და მე არ დავარქმევდი კრიზისულს, უბრალოდ, ყველანაირი პასუხი გაეცემა „ნაციონალური მოძრაობის“ ხრიკებს.   იქნება საკონსტიტუციო, რეგლამენტით განსაზღვრული მოქმედებები, რასაც საზოგადოება დაინახავს. არავითარი პრობლემა არ არის თანამდებობების დაკარგვის ან მეორე შემთხვევაში მისი დაკავების. ყველაფერი დალაგდება და ამ უახლოეს დღეებში გაიგებს საზოგადოება.

 

რაც შეეხება „ქართული ოცნებიდან“ გამიჯნულ დეპუტატებს, აკაკი ძნელაძის თქმით, შესაძლებელია ისინი ფრაქციაში დარჩნენ:

 

„რაღაც მომენტში ისინი წავიდნენ ფრაქციის წინააღმდეგ, მაგრამ ამაშიც ტრაგედია არ არის, ფრაქცია გადაწყვეტს რა უყონ, გარიცხონ თუ დატოვონ. ამაზე ვიმსჯელებთ ალბათ ზეგ. იყო ერთი მომენტი როცა „ნაციონალებმა“ „მოიგეს“, ხვალ მოვიგებთ ჩვენ“. 

 

 

პოლიტსაბჭოზე აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრებს მოუსმინეს

 

კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს, 22 თებერვალს, თბილისში გაიმართა.
მთავრობის მეთაურმა აჭარის წარმომადგენლებს კოალიციის სამოქმედო გეგმა და უახლოეს მომავალში გასატარებელი ღონისძიებები გააცნო.
პოლიტსაბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო კონსტიტუციურ ჩარჩოებში გააგრძელებს საქმიანობას.

 

ავთანდილ ჭრიკიშვილი ბელგიელ იოაკიმ ბოტიეაუსთან დამარცხდა

 

 

ნაკრების შემადგენლობაში 13 ძიუდოისტია, მათ შორის მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი, რომელმაც -81 კილობრამ წონით კატეგორიაში, 21 თებერვალს გამართულ საფინალო შეხვედრით მეორე ადგილი აიღო. ჭრიკიშვილმა დასაწყისში დაამარცხა იტალიელი ანტონიო ჩანო, მონღოლი უუგანბაატარ ოტგონბაატარი, ნახევარფინალში უნგრელ ლასლო ცსოკნიალს იპონით აჯობა, ფინალამდე სძლია ევროპის მესამე პრიზიორს, გერმანელ სვენ მარეშს, ხოლო ფინალურ შეხვედრაში ბელგიელ იოაკიმ ბოტიეაუსთან დამარცხდა.

 

 

21 თებერვალს საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში

ნუგზარ ტატალაშვილმაც მოუტანა. ტატალაშვილმა კუბელი მაგდიელ ესტრადა, ბელგიელი სამი ჩოუჩი, იტალიელი ანდრეა რეჯისი, საემიროების წარმომადგენელი ვიქტორ სკვორტოვი დაამარცხა. ნახევარფინალში ასევე სძლია  ბრაზილიელ მარსელო კონტინის. ფინალური შეხვედრა კი, იაპონელ შოჰეი ონოსთან წააგო.

 

გრან-პრი 20 თებერვალს გაიხსნა და ხვალ დასრულდება. ჩემპიონები 300 სარეიტინგო ქულას მიიღებენ, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორები კი -180 და 120 ქულას.

 

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დიუსელდორფის გრან-პრიზე:

60კგ – ამირან პაპინაშვილი, ლაშა გიუნაშვილი
66კგ – ვაჟა მარგველაშვილი, თორნიკე თათარაშვილი
73კგ – ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი
81კგ – ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი
90კგ – ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი
100კგ – ალექსანდრე ზაალიშვილი
+100კგ – ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ირაკლი უზნაძე

უვადო სასჯელ მისჯილი პატიმრების ახლობლები ქობულეთში აქციას მართავენ

 

 

„მოვითხოვთ ყველა უვადო პატიმარს შეეხოს ხარვეზების განხილვა. მათ არასწორად აქვთ უვადო პატიმრობა მისჯილი. მთავრობა გვპირდებოდა, რომ საქართველოში მყოფ 81 უვადო პატიმრის ხარვეზებს გადახედავდა, არაერთხელ დაგვპირდნენ, რომ ამ საკითხს პარლამენტშიც განიხილავდნენ. მაგრამ არაფერი გაუკეთებიათ“ – გვეუბნება ერთ-ერთი უვადო პატიმრის ძმა გოჩა კონცელიძე.

 

უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძის თქმით, რომელიც აქციაზე იმყოფება, გარდა ქობულეთიდან და ბათუმიდან, საპროტესტო აქციას უერთდებიან პატიმართა ნათესავები ქუთაისიდან, სამტრედიიდან, ბაღდათიდან, ოზურგეთიდან.

 

აქციაზე ასევე იმყოფებიან სახალხო დამცელის წარმომადგენელი აჭარაში გიორგი ჩარკვიანი და ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე.

ახალი შტატები და ხელფასები პროკურატურაში

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრს უფლება – ცვლილება შეიტანოს საქართველოს მთავარი პროკურატურის, რაიონული პროკურატურებისა და ქ. თბილისისა და საოლქო პროკურატურების საშტატო ნუსხებში, მთავრობის მიმდინარე წლის 30 მარტის განკარგულებით მიეცა.

 

ამასთან, იცვლება „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება და პროკურატურაში ხელფასები შემდეგნაირად განისაზღვრება:

 

მთავარი პროკურორი – 3910 ლარი;

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე – 3520 ლარი;

მთავარი პროკურორის მოადგილე – 3400 ლარი;

დეპარტამენტის უფროსი – 2930 ლარი;

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – სამმართველოს უფროსი – 2450 ლარი;

I კატეგორია – სამმართველოს უფროსი – 2345 ლარი;

II კატეგორია – სამმართველოს უფროსი –  2000 ლარი;

სამმართველოს უფროსი – მთავარი ბუღალტერი – 2345 ლარი;

უფროსი პროკურორი (საგამოძიებო ნაწილი (დეპარტამენტი), გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი), სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი ) – 2370 ლარი;

პროკურორი (საგამოძიებო ნაწილი (დეპარტამენტი), გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი), სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი ) – 2310 ლარი;

უფროსი პროკურორი -1900 ლარი;

პროკურორი – 1870 ლარი;

განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი – 2430 ლარი;

განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი – 2310 ლარი;

საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების, ანალიზისა და კონტროლის განყოფილების უფროსი – 1870 ლარი;

ხოლო დანარჩენ საშტატო ერთეულებზე ხელფასი 500-დან (მძღოლი) 1050 ლარამდე განისაზღვრა.

 

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, საქართველოს პროკურატურაში მომუშავეთა რიცხვი 830 ადამიანითაა განსაზღრული, რომელთა შრომის ანაზღაურებისთვის 24 მილიონ 791 ათასი ლარია გამოყოფილი [პროკურატურის მიმდინარე წლის მთლიანი ხარჯის 74,3%]

 

2013 წლის 22 დეკემბრის მდგომარეობით (შარშანდელი მონაცემები პროკურატურის ვებგვერდზე არ დევს)  პროკურატურის სისტემაში დასაქმებული იყო 839 ადამიანი, მათ შორის 279 ქალი (33,4%). კერძოდ:

430 პროკურორი, მათ შორის, 104 ქალი (24,2%);

85 გამომძიებელი, მათ შორის 9 ქალი (10,6%);

98 მრჩეველი, მათ შორის 79 ქალი (80,6%);

50 სტაჟიორი, მათ შორის 21 ქალი (42%);

131 დამხმარე მოსამსახურე, მათ შორის 46  ქალი (35,1%);

45 შტატგარეშე მოსამსახურე, მათ შორის 20 ქალი (44%).

პროკურატურაში დასაქმებულ პირთა საშუალო ასაკი 39 წელი იყო.

 

სტუმარ-მასპინძელი აჭარაში

ცოტა მოგვიანებით, ორი მთის გადავლის შემდეგ, მოგზაურები ერთ სახლთან შეისვენებენ. წყალს ითხოვენ. წაბლის ხით ნაშენით სახლიდან, რომელიც აჭარაში, სარიჩაირის საზაფხულო იაილაზე დგას, სხვა ქალი გამოვა, თავზე ყვავილებიან თავსაფარწაკრული. გრძელი გზით დაღლილ მგზავრებს წყალსაც დაალევინებს და სახლშიც შეიპატიჟებს. ოთხი მგზავრი ხის ჭრაჭუნა კიბეებს აივლის, სასტუმრო ოთახში შევა და პატარა ჯორკოებზე ჩამოჯდება. ქალი თვალისდახამხამებაში ოთხ სხვადასხვა ზომისა და ფერის ყავის ჭიქას ღუმელზე დადგამს, რომელშიც ყავასა და შაქარს თვალზომით ჩაყრის. სანამ ყავა იხარშება, სარკესავით პრიალა ალუმინის ტაფაზე ერბოს დააგდებს, დაწნულ ყველს დაფლეთს და ერბოიან ტაფაში ჩაამატებს. ამასობაში ყავა დუღდება. დაღლილი მგზავრები გონს მოსვლას ვერ მოასწრებენ, ისე გაჩნდება მაგიდაზე ყავა, ბორანო და კაიმაღში მოზელილი სქლად გამომცხვარი მჭადი.

თვეების შემდეგ მოგზაურები იტყვიან, რომ ის ყავა იყო საუკეთესო მათ შორის, რაც კი ოდესმე დაულევიათ, ხოლო იმ მჭადზე უკეთესი არასდროს არაფერი გაუსინჯავთ. აჭარაში ძველი გამოთქმა „სტუმარი ღვთისაა“ იმდენად ორგანულად აქვთ გათავისებული, თუ მიპატიჟებაზე უარს იტყვით, შეურაცხყოფად მიიღებენ.

თუ იაკობ გოგებაშვილს დავუჯერებთ, ან კი რატომ არ უნდა დავუჯეროთ, ძველად აჭარლების საუკეთესო თვისება მოხუცების პატივისცემა, სტუმრის მიგებება, ღირსეულად თავის დაჭერა, თავაზიანობა, ცნობისმოყვარეობა და დაუღალავი მუშაობა ყოფილა. ამ თვისებებიდან განსაკუთრებული მაინც სტუმართმოყვარეობაა.

მეიდან ოდა

მთიან აჭარაში ძნელად მოიძებნება ოჯახი, რომელსაც რაც არ უნდა უჭირდეს და რაც არ უნდა პატარა ზომის სახლი ჰქონდეს, სტუმრის მიღება ვერ შეძლოს. ახლა ნაკლებად, მაგრამ ამ ერთი საუკუნის წინ თითქმის ყველა სახლს ჰქონდა სტუმრისთვის განკუთვნილი სასტუმრო ოთახი, რომელსაც „მეიდან ოდას“ ეძახდნენ. „მეიდან ოდაში“ ოჯახის ქალები მხოლოდ დასალაგებლად შედიოდნენ. ზოგიერთ სახლს „მეიდან ოდას“ შესასვლელი ძირითადი სახლისგან გამოყოფილი ჰქონდა. სტუმარს შეეძლო შესვლა და დარჩენა, საკვებს კი ოჯახის მეპატრონე უმზადებდა.

ქედაში, სოფელ ზუნდაგაში გარდა იმისა, რომ სასტუმრო ოთახი, ანუ „მეიდან ოდა“ თითქმის ყველა სახლს აქვს, დგას ორ საუკუნეზე მეტი ხნის ორსართულიანი სახლი. პირველი სართული ქვითკირითაა ნაგები, მეორე – ხით. ამ სახლს ზუნდაგაში „მეიდან ოდის“, ანუ სასტუმრო სახლის სახელით იცნობენ.

ზუნდაგაში „მეიდან ოდის“ გაჩენა საქარავნე გზას უკავშირდება. შავშეთის ქედგადმოვლილი, მერისიდან ქედაში ჩამოსული მექარავნეები გურიისკენ გზას სოფელ ზუნდაგის გავლით იმოკლებდნენ. ზუნდაგის ზემოთ მტირალას მთაა. სწორედ ამ მთაზე გადადიოდა საქარავნე გზა.

„დაახლოებით 250 წლის წინ ააშენა ეს სახლი ჩემი ბაბუის პაპამ. იშიყ ეფენდი ერქვა. ძმა ჰყავდა ოსმან ეფენდი. იმასთან ერთად აშენებდა თურმე. იდეა გაჩნდა იქიდან, რომ ზუნდაგა მდებარეობს ჩაქვი გორის ერთ-ერთ უღელტეხილზე. ამ გზაზე მექარავნეები დადიოდნენ ცხენებით, ჯორებით და სასაპალნე ვირებით. სახლი განკუთვნილი იყო სოფლის უცხო სტუმრისათვის. იმ პერიოდში ყველამ იცოდა მეიდან ოდის არსებობა და სტუმრებიც ხშირად გვყავდა“, – იხსენებს ზუნდაგის მცხოვრები ბადრი ვერძაძე.

„მეიდან ოდა“ დღემდე დგას ზუნდაგაში. მისი მეორე სართული, ორი ოთახისგან შედგება. ერთი ვიწრო შუშაბანდია, რომლითაც დიდ ოთახში შედიხარ. კარის პირდაპირ ძველებური, ორ საუკუნეზე მეტი ხნის ბუხარია. ბუხრის გვერდით ვიწრო სარკმელია. როგორც უხუცესები ჰყვებიან, როცა „მეიდან ოდას“ სტუმარი ეწვეოდა, სარკმელში ლამპას ანთებდა. ამით სოფელი იგებდა, რომ ვიღაც უცხო ეწვია. მოსახლეობას, ვისაც რისი საშუალება ექნებოდა, სტუმრისთვის საჭმელი მიჰქონდა.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ზამთრობით დიდი თოვლის გამო ხეობა იკეტებოდა. ამ დროს ზუნდაგა ყაჩაღებისა და კონტრაბანდისტების თავშესაფარი ხდებოდა. ერთხანს თურმე აქ აფარებდა თავს აჭარაში ცნობილი ყაჩაღი მევლუდ დიასამიძე. დიასამიძე ისე მოხიბლულა ზუნდაგელების მასპინძლობით, ერთ-ერთი ოჯახისათვის თოფიც კი უჩუქებია.

ზუნდაგაში მდგარი სახლების უმეტესობაში ასევე შემორჩენილია სასტუმრო ოთახი. ორასი წლის ლაზური სტილით ნაგები ერთ-ერთი სახლის ბანზე დიასახლისს ქვეშაგები აქვს გამოტანილი. მზევინარ ქობულაძე სახლში გვპატიჟებს და სტუმრის ოთახისკენ მივყავართ. ერთ პატარა ოთახში ოთხი საწოლი დგას. თითოეული საწოლი გულდასმით დაუთოებული გახამებული თეთრეულითაა გაწყობილი.
„რაც თავი მახსოვს, სულ გვქონდა სასტუმრო ოთახი. მეიდან ოდას ვეძახდით. ეს ჩვენი ტრადიციაა. ასე გაგვზარდეს, ასე გვასწავლეს. შეიძლება ხანი გავიდეს, სტუმარი არ მეწვიოს, მაგრამ მე მაინც ყოველ მზიან ამინდში გამაქვს ქვეშაგები მზეზე. ყველაზე მეტი სტუმარი ომიანობის დროს მყავდა, 2008 წლის აგვისტოში. ჩემი ოჯახის წევრების გარდა 25 სული იყვნენ, ყველას კარგად ვუმასპინძლე“, – იხსენებს მზევინარი.

ძველად აჭარაში სახლებს, ძირითადად, წაბლის ხისგან აგებდნენ. პირველ სართულზე საქონლის სადგომი, იგივე ბოსელი იყო განთავსებული, მეორე სართული კი საცხოვრებლად გამოიყენებოდა.

ძველ აჭარულ სახლში ოთახები სხვადასხვა დანიშნულებით იყო განაწილებული. სტანდარტულად იყო საქალებო და სასტუმრო ოთახები. რაც უფრო შეძლებული იყო გლეხი, მის სახლს მით უფრო მეტი ოთახი ჰქონდა.

მზევინარ ქობულაძის სახლის პირველი სართული ძველი აჭარული სახლის წყობისგან განსხვავებულია. სახლი და საქონლის სადგომი გამოცალკევებულია. სახლის პირველ სართულზე ვიწრო ჰოლით დიდ სასტუმრო ოთახში შედიხარ, ოთახის ცენტრში ბუხარია. ჰოლის მარცხნივ და მარჯვნივ ორი ოთახია. ახლა საძინებლად იყენებენ, ადრე კი ეს ოთახები საქალებო ყოფილა. ადრე სტუმრად ძირითადად მამაკაცები დადიოდნენ. თუ ისე მოხდებოდა, რომ ოჯახში მასპინძელი მამაკაცი არ აღმოჩნდებოდა, სტუმარს სასტუმრო ოთახში შესვლა დაუბრკოლებლად შეეძლო. შესვლის შემდეგ ქალები ე.წ. საქალებოში მოამზადებდნენ სადილს და კარებში დატანებულ სპეციალური მბრუნავი ტაბლის მეშვეობით მიაწვდიდნენ. სტუმრები, მას შემდეგ, რაც საჭმელს შეჭამდნენ, ცარიელ ჭურჭელს ისევ მბრუნავ ტაბლაზე დააწყობდნენ და დიასახლისი მათ აიღებდა.


მზევინარ ქობულაძე

ქალები უცხო მამაკაცებთან იმ შემთხვევაშიც კი არ გამოჩნდებოდნენ, თუ სახლში მამაკაცი იყო. მთაში მცხოვრებ ქალთა ცხოვრების წესი მეტად მკაცრი იყო. აი რას წერს დიმიტრი ბაქრაძე აჭარულ სტუმართმოყვარეობაზე:

„რა ეროვნებისა და რჯულისაც არ უნდა იყოს სტუმარი, საიდანაც უნდა მოდიოდეს და როდესაც უნდა მივიდეს, დღისით თუ ღამით, უფლება აქვს პირველსავე შემხვედრ სახლში გაჩერდეს.

ოჯახის უფროსიც რომ არ იყოს შინ, მარტო ქალებიც რომ იყვნენ, ვალდებულნი არიან მიიღონ, გაუმასპინძლდნენ, სუფთა ლოგინი გაუშალონ, რომელსაც საგანგებოდ ინახავენ ასეთი შემთხვევისათვის. დიასახლისი თავის ნახევარში ფუსფუსებს და ამზადებს საჭმელს, თქვენ გესმით მისი ლაპარაკი, მაგრამ სახით ვერ ხედავთ, თუმცა თვითონ ყურადღებით გითვალთვალებთ ჭუჭრუტანიდან. სუფრაზე ოჯახის პატრონი, ან ვინმე უფროსთაგანი გემსახურებათ. კერძები ერთფეროვანია, მაგრამ საკმაოდ სუფთა და გემრიელი. მჭადი, ერბოკვერცხი, რძეში მოხარშული ყველი, არაჟანი, ცხვრის ხორცი სხვადასხვა საკაზმითა და წიწაკით ცხარედ შეზავებული“.

დღეს აჭარაში ასე მკაცრად წესებს აღარ იცავენ.

 

 

ძველი ბუხარი მეიდან ოდაში
ძველი ბუხარი მეიდან ოდაში

 

რა შეცვალა “აინშტაინმა“ სკოლაში


„ბამბის ქსოვილისგან დამზადებული ცხვირსახორცი დაასველე წყალში, შემდეგ – აცეტონში. დაიკავე ცხვირსახოცი ქვიშიანი კრისტალიზატორის ზემოთ და მოუკიდე ცეცხლი, – დააკვირდი რა მოხდება“, –მსგავსი და უფრო რთული ცდების ჩატარებას, პროცესზე დაკვირვებას და მის ანალიზს, სასკოლო პროგრამა მოსწავლეებს ხშირად ავალდებულებს. თუმცა, როგორც მოსწავლეები აცხადებენ, არც სახლში და სკოლაში ცდების ჩატარების შესაძლებლობა მათ თითქმის არ აქვთ. 

რა ხდება ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის გაკვეთილებზე სკოლაში და რა ინტენსივობით იყენებენ „აინშტაინის“ ფარგლებში გადაცემული ლაბორატორიებს საბუნებისმეტყველო გაკვეთილზე?

ნანა პაპუნაიშვილი #2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელია. იგი მიიჩნევს, რომ ქიმიის გაკვეთილების მეტი ეფექტურობისთვის აუცილებელია სკოლაში ლაბორანტის ყოლა.


„ხშირად რამდენიმე ისეთი გაკვეთილი მაქვს სხვადასხვა კლასში, სადაც ცდებია მოსამზადებელი. როცა მე-10 კლასში, ვთქვათ, ასახსნელი მაქვს იონური მიმოცვლის რეაქციები, სამი-ოთხი სახეობის ხსნარის გამზადებაა საჭირო. ცდის შემთხვევაში, ხსნარი სწრაფად უნდა დაამზადო, რომ იქ სხვა სახის რეაქცია არ მოხდეს და ცდას ეფექტი ჰქონდეს. ამის გაკეთება კი მარტო ძალიან რთულია“, – გვეუბნება ის.

რამდენად შესაძლებელია ცდის პროცესში მოსწავლეების ჩართვა? პედაგოგის თქმით, დღევანდელი კლასები ამის შესაძლებლობას არ იძლევა: „კლასები ვერ პასუხობს სტანდარტებს, რადგან თანამედროვე ტიპის ლაბორატორიაში ყველა ბავშვს თავისი ინდივიდუალური მაგიდა უნდა ჰქონდეს, სადაც იქნება წყლის ონკანი და მოსწავლეს ინდივიდუალურად შეეძლება ექსპერიმენტის ჩატარება, ლაბორანტის დახმარებით, რომელიც, ბუნებრივია, პროფესიონალი უნდა იყოს“.

პედაგოგის აზრით, კლასკაბინეტების არარსებობა ყველა მოსწავლის ჩართვა ცდის პროცესში შეუძლებელს ხდის. „35 ბავშვი ერთდროულად რომ ამუშაო, ძალიან რთულია. ამიტომ, ეს სიყალბე რომ არ გამოვიდეს, მხოლოდ სადემონსტრაციო ცდას ვატარებ, რომელსაც მოსწავლე უნდა დააკვირდეს და დაიმახსოვროს“.

მასწავლებელი ამბობს, რომ მოსწავლემ კვლევის უნარ-ჩვევები უნდა გამოიმუშაოს, თუმცა, რამდენად შესაძლებელია ამ უნარების გამომუშავება თეორიულად, პედაგოგი პასუხობს: „ქიმია იმდენად საინტერესო საგანია, რომ ელემენტარული კვლევის უნარს მაინც გამოიმუშავებენ. სერიოზული ცდების ჩატარებას სპეციალური კლასის გარეშე მაინც ვერ შევძლებთ, რადგან კლასში უნდა იყოს გამწოვიც, რომ სხვადასხვა გაზის მიღებისას ბავშვები არ მოიწამლონ“.

#13 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი მზიური წინწკილაძე ამბობს, რომ „ყველაფრის ჩვენება და გაკეთება შეუძლებელია“.
„თუმცა ვაკვირდებით სითბურ მოვლენებს, გვაქვს კოლბები, ელექტროობაში გვაქვს ამპერიმეტრები, ვოლტმეტრები, უმარტივესი წრედების აწყობა შეგვიძლია“.

პედაგოგი მიიჩნევს, რომ მოსწავლეებისთვის სკოლაში მიღებული ცოდნა ეროვნული გამოცდებისთვის საკმარისი მაინც არ არის: „უფრო მეტად ფორმულების გაგება და ამოცანების გაკეთება უჭირთ, რადგან მაღალ კლასებში ფორმულები მზამზარეულად მიეწოდებათ და მათი გააზრება ცდების საფუძველზე შეუძლებელია. ეროვნულ გამოცდებში კი ბევრი ისეთი საკითხია შეტანილი, რაც სასკოლო წიგნებიდან ამოღებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეს, ნებისმიერ შემთხვევაში, დამოუკიდებლად მომზადება მოუწევს“.

როგორც გავარკვიეთ პედაგოგები და მოსწავლეები არც ინტერნეტლაბორატორიებით სარგებლობენ: „მე არ მაქვს კომპიუტერი და ინტერნეტი. როცა ღია გაკვეთილი გვაქვს, მაშინ მოაქვთ ხოლმე ნოუთბუქი და ეკრანზე ვაჩვენებ საილუსტრაციოდ“, – გვეუბნება ნანა პაპუნაიშვილი.

ციცინო მიქელაძეც #2 საჯარო სკოლის პედაგოგია, ის ბიოლოგიას ასწავლის. მისი თქმით, „აინშტაინის“ ფარგლებში მიღებული მასალები არასაკმარისია, თუმცა ხშირად ვერც მათ იყენებენ ეფექტურად:

„ჩვენ მივიღეთ ტაბულები ნაწილობრივ, ორი მიკროსკოპი, მულაჟები და ჩონჩხი. რადგან კაბინეტური სისტემა არ გვაქვს და სხვადასხვა კლასში დავდივართ. ცოტა უხერხულობა იქმნება, მაგრამ შესაძლებისდაგვარად ვიყენებთ“.

ციცინო მიქელაძე „ბათუმელებთან“ შეხვედრის დროს გაკვეთილს მერვეკლასელებთან ატარებდა. როგორც მოსწავლეებმა გვითხრეს, მათ არასდროს უმუშავიათ მიკროსკოპთან. მასწავლებელი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ „მათ ჯერ მიკროსკოპზე მასალა არ უსწავლიათ“.
„მიკროსკოპი მოსწავლეებს მე-7 კლასში უნდა ესწავლათ და იმ ეტაპზე ისწავლება ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია ინტეგრირებულად. დამატებით ისწავლიან მე-9-10 კლასებში. თუმცა, მოსწავლეები ამბობენ, რომ მათ არც გასულ წელს ჰქონიათ მიკროსკოპთან შეხება. `რადგან სახელმძღვანელო ინტეგრირებულია, მასწავლებელს ხშირად არ რჩება დრო და შეიძლება ამიტომ“, – გვეუნება ციცინო მიქელაძე.

როგორც პედაგოგი გვეუბნება, წელს გრანტი მიიღო, რომელიც ცდებზე მუშაობის მეტ შესაძლებლობას მისცემს: „თემაა ნიკოტინის ზემოქმედება ცოცხალ ორგანიზმებზე. ცდები ჩატარდება შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში მცენარეებსა და თაგვებზე“.

როგორც საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები გვეუბნებიან, მასწავლებლებისთვის არ არსებობს პრაქტიკაზე ორიენტირებული ტრენინგები, რაც გააუმჯობესებდა პედაგოგთა კვალიფიკაციას.

განხორციელდა თუ არა პროგრამის მონიტორინგი და როგორ შეფასდა მისი ეფექტურობა, ამის თაობაზე განათლების სამინისტროსგან ინფორმაცია ვერ მივიღეთ. სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით კი, 2010 წლის მონაცემებით, ლაბორატორია საქართველოს მასშტაბით 150 სკოლისთვის შეიძინეს, რაც მისი ერთეული ფასიდან გამომდინარე, ორი მილიონ 70 ათასი ლარი უნდა იყოს.

გადადებული ჩემპიონატი კრივში დღეს დაიწყება

ფოტო ”ბათუმელების” არქივიდან

აჭარის ნაკრები შვიდი შემადგენლობით ახალქალაქში გუშინ გაემზავრა. ჩემპიონატი სამ დღეს გაგრძელდება და ფინალი 25 თებერვალს ჩატარდება. აჭარის ნაკრების შემადგენლობაში ერთ წონით კატეგორიაში – 64 კგ-ში, ორი ახალგაზრდა იასპარეზებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბექა ბოლქვაძეს და მირზა მიქელაძეს პირველობისთვის  ერთმანეთთან ბრძოლა მოუწევთ.

აჭარის ნაკრების მთავარი მწვთნელი გოჩა აბაშიძე იმედოვნებს, რომ ბათუმში თავისი გუნდი საპრიზო ადგილებით დაბრუნდება: „დიდი კონკურენციაა. ყველაზე მეტი წარმომადგენელი თბილისს ჰყავს. ვფიქრობ, რომ სამ მედალს მაინც მოვიპოვებთ, მათგან ერთ ოქროს“.

საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ დაკომპლექტდება საქართველოს ეროვნული ახალგაზრული ნაკრები, რომელიც ზაფხულში ბულგარეთში, ევროპის პირველობაზე გაემგზავრება.

აჭარის ახალგაზრდული ნაკრები კრივში:

  1. გოჩა დემურაძე 56 კგ
  2. თომა მამულაძე 60 კგ
  3. ბექა ბოლქვაძე 64 კგ
  4. მირზა მიქელაძე 64 კგ
  5. ლაშა ნარაკიძე 69 კგ
  6. დავით სილპაქსიანი 75 კგ
  7. გიორგი შუშაძე 81 კგ

შსს-მ დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

 

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 5,5179 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,887 გრ ჰეროინს შეიცავს.

 

ნარკოლოგიური შემოწმებით დადგინდა, რომ გოჩა ც. დაკავებისას ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით). ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

გამომცემლობამ “წიგნები ბათუმში” ფანტასტიკის ჟანრის წიგნების თარგმანები გამოსცა

 

 

ეს წიგნებია: ბორის და არკადი სტრუგაცკების “ძნელი ღმერთობა” ,  ფილიპ დიკის “კაცი მაღალ კოშკში”, რეი ბრედბერის “ტანმოხატული კაცი”, დენიელ კიზის “ყვავილები ელჯერნონისთვის” და ქეთრინ პეტერსონის “ხიდი ტერაბითიაში”.  

 

წიგნები სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს განეკუთვნება.

 

„ეს ჟანრები ძალიან პოპულარულია მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, თუმცა ქართულ ენაზე თარგმანი თითქმის არ არსებობს. ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეწყო “ფანტასტიკური ბიბლიოთეკის” გამოცემა,“ – ამბობს გამომცემლობა „წიგნები ბათუმშის“ ხელმძღვანელი ირაკლი ბაკურიძე.

 

 

 

ბათუმის იახტკლუბში გაჩერებული გემი ჩაიძირა

ბათუმის იახტკლუბში ნახევრადჩაძირული გემი STRANNIK | 21-02-2015

საქართველოს საზღვაო სანაპიროებს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კურირებს. სააგენტოს საზღვაო-სამაშველოს საკოორდინაციო ცენტრის უფროსის, ავთანდილ გეგენავას თქმით, გემის ჩაძირვას ეკოლოგიური დაბინძურება არ გამოუწვევია.

„გემი შემოვზღუდეთ სპეციალური ბონური ზღუდეებით, რომელიც წყალთან ნარევი ნავთობის მასის ზღვაში გადენისგან დაიცავს. ეს არის სამრეწველო ტიპის გემი, რომელსაც თევზის გადასატანად ან მსგავსი ტიპის სამუშაოებისთვის იყენებენ. ჩაძირვის ორ მიზეზზე შეიძლება ვარაუდი, შეიძლება გემის წყალქვეშა კორპუსი დაზიანდა, ან ვიღაცამ შიგნით რაღაც გახსნა და იმ ადგილიდან დაიწყო წყალმა შესვლა. ადგილი არ ჰქონდა ნავთობის დაღვრას. არ არის გემის გადატრიალების საშიშროებაც. ამის შემდეგ გემის მფლობელი ვალდებულია მოძებნოს კომპანია, რომელიც ამოწევს გემს, მოიყვანს მყვინთავებს და შეამოწმებს გემის წყალქვედა კორპუსს“.

ავთანდილ გეგენავას ინფორმაციით, გემი ნახევრადჩაძირულ მდგომარეობაში გრუნტზე იმყოფება.

გემის მესაკუთრე გელა გაბუნია გვეუბნება, რომ მიზეზები უცნობია მისთვისაც, რადგან გემს ორშაბათისთვის ტვირთის გადასატანად ამზადებდა:

„გუშინ წინ გემი მუშაობდა. უნდა გადამეყვანა სხვა ნაპირზე დასატვირთად. ამ დილით დამირეკეს, რომ გემი ჩაიძირაო. გემი ცარიელი იყო, არ იყო ზედ საწვავი. ორშაბათს უნდა დავიწყოთ გემის ამოტანა და ძიება, თუ საიდან შევიდა წყალი“.

მესაკუთრის ინფორმაციით STRANNIK-ი 1957 წელსაა აშენებული. მან გემი 2014 წლის ივლისში 30 000 დოლარად შეიძინა.

 

50 მილიონი ლარი სოფლების მხარდასაჭერად

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოსახლეობის რაოდენობის თაობაზე მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე (გარდა, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების მოსახლეობისა), ახორციელებს თითოეული მუნიციპალიტეტისათვის გამოსაყოფი თანხის გაანგარიშებას.

თანხის გაანგარიშება ხდება შემდეგი პრინციპის დაცვით:

ა) 1-დან 200 სულის ჩათვლით დასახლებისათვის – 4 000 ლარი;

ბ) 201-დან 400 სულის ჩათვლით დასახლებისათვის – 5 000 ლარი;

გ) 401-დან 1 000 სულის ჩათვლით დასახლებისათვის – 8 000 ლარი;

დ) 1 000-ზე მეტსულიანი დასახლებისათვის – 12 000 ლარი.

სამინისტრო მუნიციპალიტეტისათვის გამოსაყოფი თანხის გაანგარიშების შემდეგ, ამზადებს შესაბამის ინფორმაციას, რომელშიც აისახება მუნიციპალიტეტების მიხედვით, გამოსაყოფი თანხის რაოდენობა და უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოყოფილი თანხის ოდენობის თაობაზე მოსახლეობის ინფორმირებას, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში, გამგებლის წარმომადგენლის ან სხვა უფლებამოსილი პირის მეშვეობით, ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

წარმომადგენელი ან სხვა უფლებამოსილი პირი ორგანიზებას უწევს სოფლის მოსახლეობის კრების გამართვას, აწყობს საჯარო განხილვას და სოფლის მოსახლეობის კრების მონაწილეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სოფლისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობის გათვალისწინებით, ადგენს პროგრამით სოფლისათვის გამოყოფილი თანხის გამოყენების მიზნობრიობას, რაც აისახება სოფლის მოსახლეობის კრების ოქმში. სოფლის მოსახლეობის კრების ოქმს წარმომადგენელი ან სხვა უფლებამოსილი პირი წარუდგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს.

მუნიციპალიტეტის გამგებელი ამზადებს ინფორმაციას, დასახლებების მიხედვით, შესაბამისი პროექტების დასახელებებისა და თითოეულ პროექტზე საორიენტაციო თანხის შესახებ, რომელსაც უთანხმებს სამინისტროს.

საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის წინადადებით, ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შეთანხმებულ ინფორმაციაში ცვლილება ხორციელდება სამინისტროს თანხმობით, ამ პროგრამით განსაზღვრული წესის დაცვით.

პროგრამით გამოყოფილი თანხა უნდა მოხმარდეს ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას, რეაბილიტაციას ან/და კეთილმოწყობას, საერთო სარგებლობის შენობების აღჭურვას, ან/და გრძელვადიანი სარგებლობის ტექნიკის შესყიდვა-აღჭურვას.

სამუშაოთა შესასრულებლად, მაქსიმალურად უნდა დასაქმდეს შესაბამისი სოფლის (სოფლების) მოსახლეობა.

საერთო ინტერესების გათვალისწინებით, დასაშვებია, რამდენიმე სოფლისათვის გამოყოფილი თანხის გაერთიანება ამ სოფლების საერთო პრობლემის (მაგალითად, სასმელი ან სარწყავი წყლის სისტემები და სხვა) გადასაწყვეტად.

პროგრამის მიმდინარეობისა და შესრულების საერთო კოორდინაციასა და მონიტორინგს ახორციელებს სამინისტრო, რომელიც უფლებამოსილია, საჭიროების მიხედვით, პერიოდულად მოითხოვოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტებიდან პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. სამინისტრო ახდენს ინფორმაციის შესწავლას, ანალიზს და შესაბამის ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს მთავრობას ორჯერ – არა უგვიანეს 2015 წლის 20 ივლისისა და 2015 წლის 31 დეკემბრისა.

ქედის გამგებლის პასუხი მოსახლეობას

 

 

დავით დუმბაძე | ფოტო: ”ბათუმელების” არქივიდან

 

„ჯერ ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ბიუჯეტმა გაითვალისწინოს საგაზაფხულო ყინვით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება. ჩემი კომენტარი იქნება ქართული ანდაზა – „როცა მარტი წინ გიდევს, ზამთარს ნურც აქებ და ნურც აძაგებო“. კომპენსაცია მიიღეს 2014 წლის მაისში სეტყვის შედეგად დაზარალებულებმა, რომელთაც გაუფუჭდათ დარგული ჩითილები, ნერგები – ბადრიჯანი, კიტრი, პომიდორი, თამბაქო და ვენახი. მათ საკომპენსაციოდ, 258 კომლზე 183 500 ლარი გადანაწილდა“ – განაცხადა დავით დუმბაძემ.

 

გამგებლის თქმით, გასული წლის მაისში მიყენებული ზარალის შესასწავლად შეიქმნა  სამთავრობო კომისია, რომელშიც შედიოდნენ ორი წარმომადგენელი ქედის მუნიციპალიტეტიდან და სხვა წევრები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. ამ კომისიას კი ქედის გამგებლის იმდროინდელი მოადგილე გურამ ლომინაძე ხელმძღვანელობდა.

 

თუკი კომპენსაცია გაიცა სეტყვით მიყენებულ ზარალზე, რატომ არ გაიცა კომპენსაცია მოსავლის მოყინვაზე? – გურამ ლომინაძის თქმით, მან მარტში გამოწვეულ ზარალზე დავით დუმბაძეს შესთავაზა შექმნილიყო კომისია, თუმცა გამგებელმა ეს არ გაითვალისწინა: „ვუთხარი ბატონ დავითს, რომ მარტში მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხი აჭარისა და საქართველოს მთავრობის წინაშე დააეყენებინა და შექმნილიყო ზარალის შემსწავლელი კომისია, მაგრამ ჩემი ნათქვამი არაფრად ჩააგდო. თუმცა, იმის გამო, რომ მაისში სეტყვის დროს ზარალი დიდი იყო და მოსახლეობაც ხშირად აწუხებდა და ზარალის ანაზღაურებას მოითხოვდა, გამგებელმა კომისიის შექმნა ჩათვალა საჭიროდ“.

 

რაც შეეხება აქციის წევრების მუქარას, რომ თუკი მთავრობა მათ ყურადღებას არ მიაქცევს გამგებლის კარებს აჭედავენ, დავით დუმბაძე აცხადებს: „ეს მათი უფლებაა, რაც უნდათ ის გააკეთონ, დემოკრატიაა, ოღონდ კანონი არ დაარღვიონ. კარების აჭედვაზე კი, არსებობს სანქციები.“

 

Exit mobile version