სიახლეები

”ხოფის ბაზრობის” აღსადგენად ტენდერი გამოცხადდა

23.02.2015 • 2506
”ხოფის ბაზრობის” აღსადგენად ტენდერი გამოცხადდა

 

ხანძარი ხოფის ბაზრობაზე | ბათუმი 07-12-2014 | ფოტო ”ბათუმელების” არქივიდან

 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ელქტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტ კომპანიას უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში (2013, 2014) შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის,სირთულისა და შინაარსის სამუშაოები, საერთო ღირებულებით არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობისა. შემსყიდველი შემსრულებელ კომპანიისგან ასევე მოითხოვს, შესრულებულ სამუშაოებზე ხუთ წლიან საგარანტიო ვადას.

 

ობიექტი მიღებულად ჩაითვლება სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო

ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო“-ს დადებითი დასკვნის საფუძველზე, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

 

პრეტენდენტ კომპანიებისგან წინადადების მიღება მიმდინარე წლის 11 მარტს დაიწყება და 16 მარტს დასრულდება.

 

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან სამი თვის განმავლობაში უნდა განახორციელოს.

 

ის კომპანია, რომელთანაც შპს „სავაჭრო ცენტრი 2009“ გააფორმებს ხელშეკრულებას, ამავე დოკუმენტის მიხედვით, ვალდებული იქნება საქართველოში ტექნიკური უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით მოქმედი კანონებისა და ნორმების შესაბამისად, მშენებლობის ზონაში ხანძრის გაჩენისა და აფეთქების თავიდან ასაცილებლად   უსაფრთხოების აუცილებელი ზომები მიიღოს.

 

აღდგენითი სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს „სავაჭრო ცენტრ 2009“-ის  დაკვეთის საფუძველზე, საპროექტო-არქიტექტურული კომპანია „არტ-სალონის“ მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით უნდა შეასრულოს. ამ პროექტის განმარტებით ბარათის მიხედვით აღსადგენი საერთო ფართი 690 კვადრატული მეტრია, აღსადგენი სახურავის ფართი – 924 კვ.მ.; შენობის კონსტრუქციული სიმაღლე არ აღემატება 5 მეტრს. აღსადგენი ტერიტორია შედგება ორი რიგი მცირე ზომის პავილიონისაგან დახურული ერთი საერთო სახურავით. მცირე ზომის სავაჭრო პავილიონების საერთო ფართობია 522.95  კვადრატული მეტრია (მათ შორის ერთი რიგი 262.17 კვ.მ და მეორე რიგი 260.78 კვ.მ). ამავე სექციაში არის არსებული ნაგებობები, რომელიც არ დაზიანებულა ხანძრის დროს, მაგრამ დაზიანდა გადახურვის კონსტრუქცია. პროექტში გათვალისწინებულია არსებული ნაგებობების გადახურვაც.

 

ხოფის ბაზრობა ბათუმში, აღმაშენბლის #21-ში 1233 კვადრატულ მეტრზე მდებარეობს. ტერიტორია „სავაჭრო ცენტრ 2009“-ს ეკუთვნის. თავის მხრივ ამ კომპანიის მესაკუთრე (100%-ით) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა.

 

შპს „სავაჭრო ცენტრ 2009“-ის შესყიდვების მენეჯერის ედუარდ ბალაძის თქმით, ხანძრის დროს დაზიანებული ხოფის ბაზრობის აღდგენით სამუშაობზე ტენდერი პირველად, ახლა 20 თებერვალს გამოცხადდა და 40-მდე მაღაზია აღდგება.

 

„ზარალი მაღაზიის მეპატრონეებს უნდა დაეთვალათ, ამიტომ ზუსტი ზარალი დღეისთვის უცნობია“- ამბობს ედუარდ ბალაძე.

 

„სავაჭრო ცენტრი 2009“-ის (იგივე ხოფის ბაზრობის) მე-5 სექცია 2014 წლის 7 დეკემბერს დაიწვა. ხანძრის გაჩენის მიზეზი პიროტექნიკის მაღაზიის მიმდებარედ ელექტროშედუღება, ე.წ. „სვარკა“გახდა. ხანძარს სამი ადამიანი ემსხვერპლა. მათგან ორი ბაზრობაზე დაიწვა ერთი კი, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ხანძრის დროს მიღებული დაზიანებები შედეგად. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: