ქედაში, დღეს, 21 თებერვალს, მოსახლეობის მიერ გამართული აქციის საპასუხოდ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ განაცხადა, რომ 2014 წლის მარტში მოყინული მოსავლის სანაცვლოდ კომპენსაცია ქედის არც ერთ სოფელში არ გაცემულა და იგი მხოლოდ 2014 წლის მაისში მოსული სეტყვით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად გასცეს.

„ჯერ ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ბიუჯეტმა გაითვალისწინოს საგაზაფხულო ყინვით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება. ჩემი კომენტარი იქნება ქართული ანდაზა – „როცა მარტი წინ გიდევს, ზამთარს ნურც აქებ და ნურც აძაგებო“. კომპენსაცია მიიღეს 2014 წლის მაისში სეტყვის შედეგად დაზარალებულებმა, რომელთაც გაუფუჭდათ დარგული ჩითილები, ნერგები – ბადრიჯანი, კიტრი, პომიდორი, თამბაქო და ვენახი. მათ საკომპენსაციოდ, 258 კომლზე 183 500 ლარი გადანაწილდა“ – განაცხადა დავით დუმბაძემ.
გამგებლის თქმით, გასული წლის მაისში მიყენებული ზარალის შესასწავლად შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელშიც შედიოდნენ ორი წარმომადგენელი ქედის მუნიციპალიტეტიდან და სხვა წევრები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. ამ კომისიას კი ქედის გამგებლის იმდროინდელი მოადგილე გურამ ლომინაძე ხელმძღვანელობდა.
თუკი კომპენსაცია გაიცა სეტყვით მიყენებულ ზარალზე, რატომ არ გაიცა კომპენსაცია მოსავლის მოყინვაზე? – გურამ ლომინაძის თქმით, მან მარტში გამოწვეულ ზარალზე დავით დუმბაძეს შესთავაზა შექმნილიყო კომისია, თუმცა გამგებელმა ეს არ გაითვალისწინა: „ვუთხარი ბატონ დავითს, რომ მარტში მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხი აჭარისა და საქართველოს მთავრობის წინაშე დააეყენებინა და შექმნილიყო ზარალის შემსწავლელი კომისია, მაგრამ ჩემი ნათქვამი არაფრად ჩააგდო. თუმცა, იმის გამო, რომ მაისში სეტყვის დროს ზარალი დიდი იყო და მოსახლეობაც ხშირად აწუხებდა და ზარალის ანაზღაურებას მოითხოვდა, გამგებელმა კომისიის შექმნა ჩათვალა საჭიროდ“.
რაც შეეხება აქციის წევრების მუქარას, რომ თუკი მთავრობა მათ ყურადღებას არ მიაქცევს გამგებლის კარებს აჭედავენ, დავით დუმბაძე აცხადებს: „ეს მათი უფლებაა, რაც უნდათ ის გააკეთონ, დემოკრატიაა, ოღონდ კანონი არ დაარღვიონ. კარების აჭედვაზე კი, არსებობს სანქციები.“