კვირის ამბები

თავისუფლების კლუბი-გამარჯვებული კონკურსანტები

23.02.2015 • 1618
თავისუფლების კლუბი-გამარჯვებული კონკურსანტები

 

თამთა კახაბერიძე

 

 

ანტიდისკრიმინაციული კანონი


თამთა კახაბერიძე

საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში თითქმის სულ იბრძოდა. იბრძოდა თავისუფლებისთვის, იბრძოდა ტერიტორიული მთლიანობისთვის, დამოუკიდებლობისთვის, რელიგიისთვის. ჩვენ მუდამ გვიწევდა წინააღმდეგობის გაწევა სხვა ქვეყნებისთვის, სხვა ერებისთვის, რომლებიც მუდამ ცდილობდნენ ჩვენ დაპყრობას, განადგურებას, ჩვენი რელიგიის, ენის წართმევას. ის, რომ საქართველომ ამ დრომდე მოაღწია და დღეს არსებობს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, მართლაც იმის დამსახურებაა, რომ ქართველი ერი ყოველთვის მტკიცედ იბრძოდა თავისი საკუთრების გადასარჩენად, რომელსაც რატომღაც ყოველთვის ვიღაც ეცილებოდა.
ასე გრძელდებოდა საუკუნეების მანძილზე. ამიტომაც არსებობს გავრცელებული შეხედულება, რომ ჩვენ, ქართველები, გადავრჩით ქართველობით _ რაშიც იგულისხმება ჩვენი ტრადიციები, ღირებულებები და ფასეულობები, ჩვენი რელიგია, რომელიც მუდამ სამშობლოსთან იყო გაიგივებული, ამიტომაც გვაქვს ასეთი გამძაფრებული ეროვნულობის შეგრძნება.

 

როგორც ყველა პატარა ერს, ჩვენც გვეშინია, რომ ვინმემ არ დაგვჩაგროს (როგორც ხდებოდა საუკუნეების განმავლობაში), გვეშინია, რომ კიდევ უფრო არ დავპატარავდეთ, არ დავკარგოთ ისიც, რაც გვაქვს. წარსულის ამ ცუდმა გამოცდილებამ, რომელიც მთლიანად ეროვნულობაზე, საკუთარის დაცვაზე, მუდამ ბრძოლისთვის ორიენტირებულობაზე იყო დამყარებული, განაპირობა ის სტერეოტიპული შეხედულებები, რომელიც გვაწუხებს ქართველებს და რაც სრულიად ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს და გვიშლის ხელს, რომ ფეხი ავუწყოთ თანამედროვე ცხოვრების რიტმს.

 

ერთ-ერთი ძვ. ბერძენი ფილოსოფოსი წერდა, ჩვენ გვეზარება ჭეშმარიტების ძიება, ამიტომ, მუდამ წინაპრებისგან მიღებული აზროვნებით ვცხოვრობთო. სწორედ იგივე გვჭირს ქართველებს. და, რა მივიღეთ წინაპრებისგან? ძლივს გადარჩენილი სამშობლო, ძლივს შენარჩუნებული ეროვნული თვითმყოფადობა, შეგრძნება იმისა, რომ შეიძლება გამოჩნდეს ვიღაც უცხო, რომელიც წაგვართმევს ჩვენს საკუთრებას, რომელიც დაემუქრება ჩვენს სიცოცხლეს. ამიტომაც გვიჭირს უფრო ლიბერალურად, უფრო დემოკრატიულად შევხედოთ ყველაფერს. ამიტომაც გვიჩნდება ქსენოფობიური დამოკიდებულებები განსხვავებულის მიმართ. ამიტომ გვგონია, რომ ჩვენგან განსხვავებული ადამიანი საფრთხეს უქმნის ჩვენს არსებობას.
მეორე მხრივ, როცა ვიაზრებთ, რომ ვცხოვრობთ XXI საუკუნეში, ცივილიზებულ სამყაროში, გვინდა ყოველივე საუკეთესოს მივაღწიოთ. გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, გვინდა, რომ ვიყოთ ევროპული სახელმწიფო და გვერქვას ევროპელები. ამიტომ, კვლავ ვიბრძვით. ვიბრძვით ძველი შემართებით, რაღაც ახლისკენ.

 

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენი ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი ევროპულ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდაქმნა და ევროკავშირში ინტეგრაცია გახდა. წლებია ვცდილობთ დავამტკიცოთ, რომ საქართველოც ღირსია გახდეს ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, მაგრამ, როცა პირისპირ ვეჯახებით წინააღმდეგობებს, ისევ ძველი მეთოდებით ვიწყებთ ბრძოლას. ევროპელობა გვინდა, მაგრამ არ გვინდა მოვერგოთ იმ სტანდარტებს, რაც ევროინტეგრაციისთვის არის აუცილებელი. დემოკრატია გვინდა, მაგრამ არ გვინდა დემოკრატიული ღირებულებების გაზიარება. ამ ყველაფრის გამო ატყდა აჟიოტაჟი ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან – ანტიდისკიმინაციული კანონის მიღებაზე საქართველოში. რომელიც გულისხმობს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და ყველა ადამიანს უნდა ვცეთ პატივი განურჩევლად მისი რელიგიის, ეროვნების, წარმომავლობის, კანის ფერის, პოლიტიკური შეხედულების, აზროვნების, სოციალური მდგომარეობის, გენდერული იდენტობის, სექსუალური ორიენტაციის, პროფესიის, ჯანმრთელობის მდგომარეობის და სხვა. დემოკრატილი ღირებულებების ამომავალი წერილი ხომ სწორედ ადამიანის უფლებების დაცვაა?! ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს ეს. შევიგნოთ, რომ სხვისი დისკრიმინაცია, სხვისი უფლების შელახვა, სხვის მიმართ ქსენოფობიის გამოხატვა ჩვენივე სისუსტეზე მიუთითებს, რომ კეთილდღეობას ვერ მივაღწევთ თუ სხვას დავამცირებთ და არ მიცემთ ნორმალურად არსებობის საშუალებას. ვერ განვვითარდებით მანამ, სანამ, სხვებს არ მოვექცევით ისე, როგორც გვინდა, რომ მოგვექცნენ ჩვენ. ევროპელობა თუ გვინდა, ხშირად უნდა გავუმეოროთ საკუთარ თავს ფრაზა, რომელიც ყველა ევროპელს აერთიანებს: ერთიანობა მრავალფეროვნებაშია!

 

ჩემი უახლოესი მეგობარი გერმანიში ცხოვრობს. საკმაოდ ბევრს მოგზაურობს და შთაბეჭდილებებით აღსავსე მიყვება, თუ როგორ იპოვა პიზას კოშკთან მონეტა, თუ როგორ დაუჯდა ციფრული ეიფელთან, თუ როგორ ეწვია პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს და როგორ გაახსენა ტრიუმფალურმა თაღმა რემარკი. იმისათვის, რომ მან იმოგზაუროს, არ სჭირდება ბევრი სირბილი დოკუმენტების გასაკეთებლად. ეს საკმაოდ მარტივია მისთვის. ამასთანავე ის თავს უსაფრთხოდ გრძნობს, რადგან ამის საშუალებას დოკუმენტები იძლევა. უსაფრთხოებაში მოიაზრება საზღვრის მართვა, მიგრაცია, გადაადგილება, თავშესაფარი და ა.შ. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა შევიტყვე, რომ ისეთი საკითხები, როგორიცაა: კორუფცია, ადამიანის უფლებები, უმცირესობების დაცვა და ანტიდისკრიმინაცია აუცილებელია მისი მოგზაურობისთვის, რათა მან თავი დაცულად იგრძნოს იმ გარემოში, სადაც იმოგზაურებს. ყველაფერი ეს კი იმიტომ, რომ მის ქვეყანაში ვიზების ლიბერალიზაცია მოქმედებს. მეც საკმაოდ ბევრს ვოცნებობ მოგზურობაზე. ვის არ უოცნებია? თუმცა ჩემს ოცნებებში ამას თან მთელი რიგი დოკუმენტების მზადება, ელჩთან შეხვედრა მოჰყვება, შემდეგ პასუხის ლოდინი. და ოცნებაც მბეზრდება ხოლმე, ისე რომ საოცნებო ქვეყნამდე ვერ ჩავაღწევ. რა იქნებოდა, საქართველოშიც რომ მოქმედებდეს ვიზების ლიბერალიზაცია. თუმცა აქამდე კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. ალაბთ მოვა დრო და მეც გავუზიარებ ჩემს მეგობრებს მოგზაურობის შთაბეჭდილებებს და მოგზაურობაც გაცილებით მარტივი და უსაფრთხო გახდება.


ანნა ტურიაშვილი



„ევროკავშირი, მითი და რეალობა”
ანნა ტურიაშვილი


ხშირად, როდესაც გეოგრაფიის მასწავლებელი მაიძულებდა მისთვის ევროკავშირის ოცდაშვიდივე ქვეყანა ჩემომეთვალა, ვფიქრობდი, რა იქნებოდა 28-ე საქართველო რომ ყოფილიყო-მეთქი.


რამდენი რამე შეიცვლებოდა არა? რამდენ კანონს მივიღებდით, რომელიც ჩვენს ცხოვრებას გააუმჯობესებდა, საზოგადაოებაც უფრო თანასწორუფლებიანი გახდებოდა და ჩემს იაჰოვას მოწმე მეგობარზეც, ალბათ, აღარ მოხდებოდა დისკრიმინაცია. თუმცა, სანამ მე ევროკავშირის გაფართოებაზე ვოცნებობ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ სურთ ევროინტეგრაცია. ამ ადამიანთა უმრავლესობას არგუმენტად მოჰყავს, რომ ჩვენ „ქართველობას~ დავკარგავთ, ვერ შევინარჩუნებთ რწმენას. ყველაფერი ცუდი ხომ ევროკავშირიდან მოდის?!
ისინი ევროპაში მხოლოდ განსხვავებულ ორიენტაციას, ათეიზმს, ტრადიციების დაკარგვას ხედავენ. არა და ალბათ არც იციან, რომ ევროკავშირის დევიზი: „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია”, ალბათ არც იმ კანონების შესახებ სმენიათ რამე, რაც ევროინტეგრაციას წინ უძღვის. ჩემი მეგობრისთვის, მაგალითად, ევროკავშირი სრულ თავისუფლებას ნიშნავს და ამიტომაც უჭერს მას მხარს. ალბათ არ იცის, თუ რამხელა პასუხისმგებლობას იღებს ადამიანი, როცა ის თავისუფალია.

 

ამ და სხვა მითებით ცხოვრობს დღევანდელი ქართული საზოგადოების ნაწილი, რომელიც ამბობს: „არ გვინდა ევროკავშირი!” ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს გვეპატიჟებიან დასავლეთისკენ, ჩვენ კი უარს ვაცხადებთ.
იყო ევროკავშირის წევრი, ნიშნავს იყო აქტიური მოქალაქე, დაიცვა სხვისი უფლებები და იცხოვრო უზენაესი კანონით. ეს არის რეალობა და ის უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს. და არა ის, რომ საქართველოს აიღებენ და სადმე ევროპაში დაუდებენ ადგილსამყოფს. თუმცა ამას ყველა ვერ ხვდება და ისევ გაიძახიან: „არ გვინდა ევროპა! არ წაგვართვათ „ქართველობა”.

 

მე კი მათ დასამშვიდებლად ვიტყოდი, რომ არ იდარდონ, თუ ასე გავაგრძელეთ, ევროკავშირი აღარ „დაგვემუქრება”.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: