კვირის ამბები

რა არის ქსენოფობია

23.02.2015 • 11352
რა არის ქსენოფობია

 

დისკუსია პრესკაფეში

 

გიორგი ბერაია, საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი მრჩეველი: პირველი კითხვა, რომელიც გვიჩნდება ქსენოფობიაზე, არის: რატომ არის ასეთი მიუღებელი ქსენოფობია ცივილიზებული ადამიანებისთვის? ჩვენ არ შეგვიძლია ვაკონტროლოთ რა ეთნიკური წარმომავლობა გვაქვს, რა კანის ფერი გვაქვს და ა.შ. შესაბამისად, ჩვენი ქსენოფობიური დამოკიდებულებით, პასუხს ვთხოვთ ადამიანს იმაზე, რაც მის კონტროლს გარეთაა. ყველაზე ხშირად ჰომოფობიური დამოკიდებულება პოლიტიკურ განცხადებებშია, განსაკუთრებით მომგებიანი ფრაზაა წინასაარჩევნოდ – „ქართველობას გვართმევენ!~ ეს იმ დროს, როცა ქვეყანაში კამათი უნდა მიმდინარეობდეს სამართლებრივ სისტემაზე, პოლიტიკოსის ეკონომიკურ ხედვებზე. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხები, მაგრამ ხშირად პოლიტიკოსებს განათლება არ აძლევს საშუალებას, ასეთ თემებზე ისაუბრონ და ისინი ცდილობენ მოსახლეობაზე პრიმიტიული თემებით ზეგავლენას.

 

რა იწვევს ქსენოფობიას? ეს ჩვენი საზოგადოების ჩაკეტილობის ბრალია, რაც ზოგადად მცირე ერების პრობლემაა. მცირე ერებს ყოველთვის აქვთ თვითგადარჩენის ინსტიქტი. ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა, საფრანგეთშიც მოიმატა ქსენოფობიური შეხედულებების მქონე პოლიტიკოსების რეიტინგმა, მარი ლეპენმა არჩევნებში მაღალი შედეგით გაიმარჯვა და მკვეთრად გამოხატული ქსენოფობიური დამოკიდებულებით გამოირჩევა. რა შეიძლება იყოს გამოსავალი? ზოგჯერ ამბობენ, რომ სიძულვილის ენის კრიმინალიზება შეიძლება მივიჩნიოთ გამოსავლად. ჩვენს ქვეყანაში ქსენოფობიური შეხედულებები არ ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად, როცა საფრანგეთში ასეთი ქმედებები არის დასჯადი. მაგალითად, ლეპენის მამა რამდენიმეჯერ გაასამართლეს იმის გამო, რომ მან რამდენიმეჯერ გამოიყენა ჰომოფობიური ფრაზები მუსლიმებისა და ემიგრანტების წინააღმდგ. მე არ ვემხრობი ამ იდეას და ეს მიდგომა ხელოვნური მგონია. ჩვენი კანონმდებლობა ამ კუთხით არის სრულიად თავისუფალი, სიტყვის თავისუფლება არის მაქსიმალურად უზრუნველყოფილი.

 

საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება არის ერთ-ერთი გამოსავალი პრობლემის მოსაგვარებლად. ცოტა ხნის წინ ჩატარდა კვლევა, რომლის ფარგლებში გამოკითხეს მასწავლებლები და შედეგი იყო ძალიან ცუდი, საუბარია რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებზე. სახელმწიფომ უნდა შეძლოს სკოლაში ქსენოფობიური დამოკიდებულებების შეცვლა, რადგან სწორედ აქ უყალიბდებათ ადამიანებს შეხედულებები და ისტორიაში ნასწავლმა დაპირისპირებებმა საქართველო-თურქეთს შორის თურქებზე დამოკიდებულება არ უნდა შეგვიცვალოს, უნდა მოხდეს ამის სწორად მიწოდება.
შევეხები საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას. ერთ-ერთი საქმე შეეხებოდა უცხოელი მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენას. სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ნორმა, რომელიც კრძალავდა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენას. ამ საქმეს ზოგიერთი პოლიტიკოსისგან მოჰყვა პოლიტიკური განცხადება, რომ ეს არის „არაეროვნული~, რომ `ქართველმა გლეხმა დაკარგა მიწა~, სინამდვილეში კი ამ ნორმით ქართველს საშუალება მიეცა მიწა გაყიდოს როგორც ქართველზე, ასევე უცხოელზე და ამაში თავისუფალია. მეორე საქმე ეხება ჰომოსექსუალებისთვის დონორობის აკრძალვას-  მეორე მხარის არგუმენტი იყო ის, რომ ისინი წარმოადგენენ შიდსის მაღალ რისკჯგუფს. ეს ნორმაც გააუქმა სასამართლომ.

 

ირაკლი ლომაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტი, მომხსენებელი: არის თუ არა ჩვენი ერი დაავადებული ქსენოფობიით და საიდან იწყებს ათვლას ქსენოფობია ჩვენში? შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დაიწყო ოქროს საწმისთან დაკავშირებული მოვლენის დროს, როდესაც მივხვდით, რომ შეიძლება ჩამოვიდეს უცხო და რაღაც წაიღოს. პირადად მე ძალიან გამიხარდებოდა საქართველო ისეთი ქვეყანა რომ იყოს, სადაც სახელმწიფო ყოველთვის გაემიჯნებოდა და მყისიერად დაგმობდა ადამიანის ან ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ღირსების დამაკნინებელ განცხადებებს თუ ქმედებებს, მაგრამ ჩვენს რეალობაში ყოველივე სხვაგვარად არის. დღეს ჩვენ ქსენოფობიური გამოვლინებები აბსოლუტურად ყველა ნაბიჯზე გვხვდება. დააკვირდით ჩვენს ლექსიკას, სადაც ბევრია სხვა ერის დამამცირებელი შედარებები: “მუნიანი თურქები”, “ეშმაკი სომხები”, “ბინძური ჩინელები” და ასე შემდეგ.
ალბათ სწორი იქნება თუ აღვნიშნავთ, რომ უცხოს მიმართ შიში ჩნდება ჩაკეტილ საზოგადოებაში, როგორსაც, ფაქტობრივად, ჩვენ წარმოვადგენთ, რადგან სულ რაღაც 20 წელია, რაც დამოუკიდებლად ვიკიდებთ ფეხს. ეს არ არის საკმარისი დრო იმისათვის, რომ მინიმუმ 80-წლიანი ჩაკეტილობა გადაფაროს და ცნობიერებიდან წაშალოს.
ქსენოფობია ასევე წარმოიქმნება იდენტობის ძიებისას, იდენტობის კრიზისულ პირობებში, როცა ძველი დაიმსხვრა, ახალი კი არ არის შემქნილი. ყველა ასეთ ქვეყანაში ნაციონალიზმის აღზევების პროცესი მიდის, რაც შეიძლება უარყოფით მოვლენად შეფასდეს. ასე მოხდა იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, როდესაც მასში შემავალ ქვეყნებს მტრული დამოკიდებულება გაუჩნდათ ერთმანეთის მიმართ, რადგან მანამდე მათ აიძულებდნენ ერთმანეთთან თანაცხოვრებას. ახალი სახელმწიფოს შექმნა-აღორძინება მოითხოვს მთელი რიგი სახელმწიფოებრივი ნიშნების შეძენას, სხვისგან გამოცალკევებას, საზღვრების გავლებას.

 

დღეს ქსენოფობიური განცხადებები გვხვდება პოლიტიკაში, ეკლესიაში, საზოგადოებასა და მედიაში, სადაც ხშირად ქსენოფობია პატრიოტიზმთან არის გაიგივებული. ქსენოფობიური განცხადებები და ქმედებები პრაქტიკულად დაუსჯელი რჩება სახელმწიფოს მხრიდან და, რაც უფრო აღმაშფოთებელია, ეს მხარდაჭერილია ჩვენი საზოგადოების მიერ.
უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტიანობის ქვაკუთხედს შემწყნარებლობა და სხვა ადამიანის პატივისცემა წარმოადგენს და თუ შენ არღვევ ამ ცნებებს, ამით პირდაპირ შეურაცხყოფ ღმერთს, რადგან შენ მიერ შეურაცხყოფილი ყოველი ადამიანი ღმერთის ქმნილებაა. ერთ გერმანელ მწერალს უთხრეს, შენ არ გიყვარს ებრაელები, მან კი უპასუხა, დიახ მე არ მიყვარს ებრაელები, ისევე, როგორც არ მიყვარს გერმანელები, ფრანგები და ა.შ. მე მხოლოდ გარკვეული ადამიანები მიყვარსო. ამიტომაც ალბათ მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ უნდა გვიყვარდეს და პატივს ვცემდეთ კონკრეტულ ინდივიდს, ადამიანს როგორც ასეთს, თავისი თავიდან გამომდინარე და არა ეროვნული თუ რელიგიური შეხედულებების გამო.
მიქაელ მახარაძე, სტუდენტი: იქ, სადაც არსებობს ქსენოფობია, შეუძლებელია ვისაუბროთ თავისუფლებაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ სახელმწიფო არ არის რაღაც განზოგადებული თემა, სახელმწიფო იწყება თითოეული ადამიანისგან, თითოეული ინდივიდისგან და ერი, ეს არის საერთო ბედის განცდით დაკავშირებული ადამიანები. სხვა არის ეროვნება და სხვა – ერი. რაც შეეხება ქსენოფობიას, ეს არ არის მხოლოდ ქართველების პრობლემა. იგივე პრობლემები ჩანს სხვა ერებშიც. მაგალითისთვის, მე მოვიყვან რუსეთს, სადაც დღესაც გრძელდება მტრის ხატის ძიება, რომ  “დამნაშავე არის ყოველთვის სხვა”.

 

ქეთი კაპანაძე, სტუდენტი: სახელმწიფო განვითარების ერთსა და იმავე ეტაპზე რჩება, თუ ის არ შეიცნობს რაიმე ახალს. ჩვენში ქსენოფობია სწორედ მაგაში გამოიხატება, რომ უცხოსი გვეშინია. ხშირად იძახიან „არ წაგვართვან ტრადიციები, როცა შევალთ ევროკავშირში”.
ზურაბ ზოიძე, სტუდენტი: ქსენოფობიასთან ერთად ჩვენ ვახსენეთ პოლიტიკა და არჩევნები. უმრავლესობა ადვილად იმარჯვებს უმცირესობაზე, უმრავლესობის მხრიდან გაკეთებული განცხადება უმცირესობის შევიწროებაზე უმცირესობის მხრიდან აღიქმება ქსენოფობიად, მაგრამ უმრავლესობის მხრიდან ნაკლებად აღიქმება დანაშაულად.
მარიტა გორგილაძე, მოსწავლე: დიდი პრობლემაა ქსენოფობია სკოლაში, თუ გამოხატავ საკუთარ აზრს ქართულისა და ისტორიის ყველა მასწავლებელი გეტყვის, რომ ხარ ტუტუცი, ვერ გაგზარდეს სახლში და ა.შ.

 

ანა პატარაია, სტუდენტი: მარიტას ვეთანხმები იმაში, რომ ისტორიისა და ქართულის მასწავლებლებს გააჩნიათ თავიანთი ინტერპრეტაციები საკითხების მიმართ და თავისუფალი აზრის გამოხატვა იჩაგრება. ჩვენ არ გვაქვს უფლება ისტორია დავამახინჯოთ. ქსენოფობია დღეს დიდი პრობლემაა და ამის დაძლევაში დაგვეხმარება საკუთარი თავის შეცნობა. ამ საკითხში სახელმწიფოს აქვს დიდი როლი და განათლებაში დიდი ძალისხმევა უნდა დახარჯოს. მაგალითად, თბილისში ჰგონიათ, რომ ბათუმში ქართულს გაუმართავად ლაპარაკობენ, ღორის ხორცს არ ჭამენ. ეს გაუნათლებლობის პრობლემაა ჩემი აზრით. მართლმადიდებლობას მინდა შევეხო. ჩვენ თუ გვინდა განათლებულები ვიყოთ, ქსენოფობია დავძლიოთ და პრობლემა გადავწყვიტოთ, პირველ რიგში, ამისკენ რელიგიამ უნდა მოგვიწოდოს.

 

 

მარიამ მაკია, ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის წევრი: მაქვს ბევრი სკოლა გამოცვლილი და ბევრი საცხოვრებელი ადგილი, ყველგან ერთნაირი იყო ქართულისა და ისტორიის მასწავლებელი, მაგრამ ახლა სადაც ვარ, მყავს იდეალური ისტორიის მასწავლებელი და ინტერპრეტაციებისგან თავს იკავებს. ამ მასწავლებელს ჩემი კლასელები ურწმუნოს ეძახიან, და ამბობენ, რომ არ უნდა იყოს მასწავლებელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: