სიახლეები

უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს ახალარჩეულმა წევრმა საბჭოს წევრობაზე უარი თქვა

23.02.2015 • 1585
უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს ახალარჩეულმა  წევრმა საბჭოს წევრობაზე უარი თქვა

 

როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, არჩევმებში მონაწილე კანდიდატმა ვლადიმერ ბალაძემ საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა და არჩევნების შედეგები გააპროტესტა. საბჭოს უკვე არჩეულმა წევრმა კი აღნიშნული საჩივრის გამო აკადემიური საბჭოს წევრობაზე უარი განაცხადა.  

 

„საჩივარი რას შეეხებოდა, დაკონკრეტებით ვერ გეტყვით. ზოგადად, ითხოვდა არჩევნების შედეგების ბათილობას. მიაჩნდა, რომ არჩევნები ჩატარდა უსამართლოდ და ამის გამო ითხოვდა შედეგების ბათილობას. მოგვიანებით ვლადიმერ ბალაძემ დაწერა განცხადება და გაიხმო საჩივარი. ამიტომ საქმის წარმოება შეწყდა და  ჩვენ არსებითად საკითხი არ შეგვისწავლია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბსუ-ს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი დიასამიძემ.

 

თავად ზაზა დავითაძეც, რომელმაც აკადემიური საბჭოს წევრობაზე უარი განაცხადა, მიზეზად საჩივარს ასახელებს.

 

„ჩემმა მოწინააღმდეგემ, ვლადიმერ ბალაძემ შემოიტანა საჩივარი და დააყენა ისეთი პრობლემა, რომელიც ცოტა ადრიდან მოდის და ეხება სტუდენტების თვითმმართველობის არჩევნებს. აღოჩნდა, რომ თვითმმართველობაში გარკვეული რაოდენობის სტუდენტები ითვლებიან არალეგიტიმურად, იმიტომ, რომ დოკუმენტები მათი არჩევის შესახებ არაა სრულყოფილი. მე შემეძლო უარი არ მეთქვა აკადემიური საბჭოს წევრობაზე, მაგრამ ეს იქნებოდა საფუძველი იმის, რომ უნივერსიტეტში  სხვადასხვა პრობლემა გაჩენილიყო. პრობლემები ხელს შეუშლიდა უნივერსიტეტის გამართულ მუშაობას. აქედან გამომდინარე, ჩემი, ერთი კაცის ინტერესებს ვარჩიე, რომ უნივერსიტეტში პრობლემები არ წარმოშობილიყო,“ -ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ზაზა დავითაძე.

 

ზაზა დავითაძემ არჩევნებში 16 ხმით გაიმარჯვა, 14 ხმა მიიღო მისმა კონკურენტმა ვლადიმერ ბალაძემ, საბჭოს წევრობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, იაშა დიასამიძემ კი საკუთარი კანდიდატურა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მოხსნა.

 

უნივერსიტეტის 9 ფაკულტეტიდან აკადემიურ საბჭოში თითო წარმომადგენელია. საბჭო უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა, რომლის წევრებსაც ფაკულტეტების აკადემიური პერსონალი და ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტები ირჩევენ ფარული კენჭისყრით. საბჭო ოთხი წლის ვადით ირჩევა და ირჩევს უნივერსიტეტის რექტორს, ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, მონაწილეობს ბიუჯეტის დაგეგმვაში და ასე შემდეგ.

 

გაიმართება თუ არა ახალი არჩევნები აკადემიური საბჭოს ახალი წევრის ასარჩევად? გიორგი დიასამიძის თქმით, ახალი არჩევნების გამოცხადება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პრეროგატივაა და, შესაბამისად, მასზეა დამოკიდებული დაინიშნება თუ არა არჩევნები. ამასთან, აკადემიურ საბჭოს ჯერ არ გადაუწყვეტია, დააკმაყოფილებს თუ არა ზაზა დავითაძის განცხადებას. 

გადაბეჭდვის წესი