სოფელ დიაკონიძეებში ამბობენ, რომ საცხოვრებელ სახლებზე გაჩენილი ბზარები შუახევი ჰესის სამშენებლო სამუშაოებს უკავშირდება
სოფელ დიაკონიძეებში მცხოვრები თამაზ ანანიძის საცხოვრებელი სახლის შესასვლელი ნაწილი 29 დეკემბერს ჩაინგრა, ნახევრად ჩანგრეულ იატაკზე მორყეული თარო და მწყობრიდან გამოსული მაცივარი იქვე აგდია. პირველადი საჭიროების ნივთები ოჯახმა მაშველების დახმარებით იმავე დღეს გამოიტანა, დარჩენილი ნივთების გამოტანას ოჯახი სახლის ჩამონგრევის შიშით ვერ ახერხებს.
უსახლკაროდ დარჩენილი ანანიძეები ადგილობრივმა ხელისუფლებამ მეზობლის სახლში დააბინავა.
„დღის პირველი საათი იქნებოდა, როცა სახლი გაექანა. მიწისძვრა მეგონა. სამზარეულოდან ნგრევის ხმა შემომესმა, უცებ შევიხედე, დავინახე ჩანგრეულ იატაკში თაროები ცვიოდა, სარეცხი მანქანა გახსნილ იატაკში რომ არ ჩავარდნილიყო, ხელით ჩავებღაუჭე, მინდოდა გადამერჩინა, თურქეთში ნაგროვები ფულით მქონდა ნაყიდი და შემენანა. უცებ მაღალ ხმაზე გაიტკაცუნა, ვიყვირე დამეხმარეთ-მეთქი და გარეთ გამოვვარდი. სარეცხი მანქანა დამიზიანდა, სამზარეულოს ავეჯი დაიმტვრა, მაგრამ არ ვჩივი, მთავარია მე გადავრჩი“, – ყვება დიასახლისი მაგული ანანიძე და დასძენს, რომ „სახლში ცხოვრება შეუძლებელია“. `ხელისუფლებამ მეზობლის სახლში გადამიყვანა და ქირას – 200 ლარს მიხდის, მაგრამ სხვის სახლში რამდენ ხანს ვიყო? ეს ჩემი მიწაა, 34 წელია აქ ვცხოვრობ, გლეხი ვარ, თავს მიწაზე შრომით ვირჩენ, შეიძლება სხვისთვის არაფერია ჩემი ხის სახლი, მაგრამ ჩემთვის სასახლე იყო“, – ამბობს ატირებული ქალი.
ანანიძეების გარდა სახლის მიტოვება სოლომონიძის ხუთსულიან ოჯახსაც მოუწია. თემურ სოლომონიძემ მამაპაპისეული საცხოვრებელი სახლი ოჯახთან ერთად ერთი თვის წინ დატოვა და საკუთარი საცხოვრებლიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში, მიქელაძეების ოჯახში გადაბარგდა, ამ ოჯახსაც ხელისუფლება უხდის საცხოვრებლის ქირას. სოლომონიძეები საკუთარი სახლს დღეში სამჯერ სტუმრობენ – მთავარი მიზეზი ოჯახის მარჩენალი მეწველი ძროხაა, რომლის მოსავლელად თემური ცოლთან ერთად ყოველ დღეს მინიმუმ 5 კილომეტრს გადის.
როგორც თემური გვიყვება, დახმარებისთვის ხელისუფლებასა და გვირაბის მშენებელ კომპანიას წერილობით მიმართა.
„გვირაბის მშენებლობა დაიწყეს თუ არა, სახლმა ფორმა შეიცვალა, არც კარები იხურებოდა, არც ფანჯრები, ბოლოს ისე გადაიხარა, რომ სახლში ყოფნა გვეშინოდა. ყველას მივმართე, რომ ენახათ რა მდგომარეობაში გვიწევდა ცხოვრება. კომპანიიდან მოვიდნენ, აპარატი დააყენეს და აფეთქების სიმძლავრე გაზომეს, იმ დროს ისეთი დაბალი აფეთქება იყო, ვერც ვიგრძენი. მითხრეს, რომ ეს მათი ბრალი არ იყო და პასუხისმგებლობაც არ აიღეს. შემდეგ გამგეობიდან მოვიდნენ და გვითხრეს, რომ აქ ცხოვრება საშიშია, მსხვერპლი რომ არ გვქონდეს, სხვაგან გადადით, ქირას ჩვენ გადაგიხდითო. წასასვლელი რომ არ მქონდა, სამ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მეზობელთან გადავედი. სახლი, სადაც ახლა ვცხოვრობთ პატარაა, ორ ოჯახს არ გვყოფნის, არ ვიცი, რამდენ ხანს ვიქნებით ასე. ჩვენ გადავედით, მაგრამ საქონელი სად წამეყვანა“, – ამბობს თემური და მიტოვებულ სახლს მაჩვენებს.
თემურის ყოფილ საცხოვრებელ სახლთან მისვლამდე, სოფლის გზაზე თამაზ სოლომონიძის ოჯახი ცხოვრობს, თამაზის ოჯახსაც პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, როცა სოფელში აფეთქებები დაიწყეს. თამაზი ამბობს, რომ სახლის საძირკველი მოირყა, სასმელი წყალი მოუწყდა და წყალი კასრებით დააქვს.
„ერთ თვეზე მეტია აღარ გვაქვს წყალი, გარდა სახლისა, წყალი ბოსელში მჭირდება, 5 ძროხა მყავს და მხოლოდ პირუტყვისთვის მინიმუმ 10 ვედრო წყალი უნდა მოვზიდო. წყალი სახლს ქვემოთ, 300 მეტრში გამოდის, მაგრამ იქედან ვერ ამოიყვან. კომპანიას მივმართე მოსულიყვნენ და ენახათ რა მდგომარეობაში ვიყავით, მოვიდნენ, შეამოწმეს, წყალზე პასუხისმგებლობა აიღეს, მოვიყვანთო გვითხრეს. თუმცა დღემდე ველოდებით“, – ამბობს თამაზი.
თამაზის მეუღლე, მაყვალა ყვება, რომ აფეთქების სიმძლავრის გამო სამზარეულოში დალაგებული ჭურჭელი გადმოცვივდა. „ადრე აფეთქებისას სახლში ვერ ვჩერდებოდი, მეშინოდა. მერე შევეჩვიე“, იგონებს მაყვალა.
სასმელი წყლისა და საძირკველმორყეული სახლის გარდა ამ ოჯახის მთავარი საფიქრალი სახლთან ახლოს გაჩენილი უზარმაზარი ნაპრალია.
„სახლიდან 50 მეტრში ნაპრალი გაჩნდა, მეშინია არ ჩამოიშალოს და არ წაგვლეკოს, გეოლოგებიც მოვიდნენ და კომპანიის წარმომადგენლებიც. მითხრეს კიდევ მოვალთო, მაგრამ მერე აღარავინ მინახავს“, – ამბობს თამაზი.
დიაკონიძეებში მცხოვრები ნაზი ანანიძეც მათ პრობლემას გვირაბის მშენებლობას უკავშირებს. მისი თქმით, სახლის გვერდით მეწყერი ყველა გაწვიმებისას ვითარდება.
„სახლს მცირე ბზარები გაუჩნდა, თუ გაგრძელდება აფეთქებები, ბზარები გაიზრდება და ჩვენც ანალოგიურ მდგომარეობაში ჩავვარდებით, როგორშიც მეზობლები აღმოჩნდნენ. ვინმემ მოგვხედოს. სახლის გვერდით კედელია მომდგარი, წელს ბევრჯერ ჩამოიშალა, გავიტან ჩამოსულ მასას, ისევ ჩამოიშლება. გაწვიმდება თუ არა, შიშისგან ვეღარ გვძინავს,“ – ამბობს ნაზი ანანიძე.
თემურ ანანიძე, რომელიც სოფლის რწმუნებული იყო, სოფლის გეოლოგიურ მდგრადობაზე საუბრობს: „გვირაბის მშენებლობის პროცესში ანანიძეების უბანში მცხოვრებ 14 ოჯახს წყალი შეგვიწყდა. სოფლის მეორე ნაწილში დროებით მცხოვრები ოჯახებიდან წყალი გადმოვიყვანეთ, მაგრამ როცა გაზაფხულზე ხვნა-თესვის დროს დროებითი მცხოვრებლები სოფელს დაუბრუნდებიან, მერე რა ვქნათ? წყალი, რომელსაც ვსარგებლობდით, ადგილზე გამოდიოდა, იქვე ავზი გვქონდა მოწყობილი, სასმელადაც და სარწყავადაც ვიყენებდით, მაგრამ ახლა წყალი დაიკარგა. მოსახლეობამ გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე მშენებელ კომპანია „აჭარისწყალ ჯორჯიასთან“ მემორანდუმი გავაფორმეთ, რომლის თანახმად კომპანია ვალდებულია წყლის პრობლემა მოგვიგვაროს“, – ამბობს თემური.
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე აცხადებს, რომ კომპანია სოფელში განვითარებულ პროცესებს გვირაბის მშენებლობას არ უკავშირებს. გამგებლის თქმით, გეოლოგები შეისწავლიან ვითარებას, მანამდე კი დაზარალებული ოჯახების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას მუნიციპალიტეტი იღებს:
„კომპანიას აქვს დოკუმენტები, სადაც სწერია, რომ სოფელში განვითარებული პროცესები ჰესების მშენებლობას არ უკავშირდება. თუ გეოლოგიური დასკვნით გამოვლინდება, რომ ეს ბუნებრივი პროცესია, მაშინ სახელმწიფო აიღებს ვალდებულებას, უსაფრთხო გარემო შეუქმნას ამ ორ ოჯახს, მაგრამ თუ სოფელში განვითარებული პროცესები დაუკავშირდება ჰესების მშენებლობას, კომპანია ვალდებულია შესაბამისი რეაგირება მყისიერად მოახდინოს“.
სოფელ დიაკონიძეებში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით „აჭარისწყალი ჯორჯიას“ პოზიციის გაგება „ბათუმელებმა“ ჯერჯერობით ვერ მოახერხა.