Batumelebi | 11 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულის განაჩენი 11 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულის განაჩენი – Batumelebi
RU | GE  

11 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულის განაჩენი

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 11  წლის  მოზარდთან სქესობრივი კავშირის ძალადობით დამყარების გამო 25 წლის მამაკაცს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 16 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა. 

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სახელმწიფოს სახელით განაჩენი მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღეს, 24  თებერვალს გამოაცხადა. დარბაზში ბრალდებულის ნათესავები იმყოფებოდნენ. მოსამართლემ მსჯავრდებულს უთხრა, რომ მას აქვს უფლება, შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართოს.


ფაქტი ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ძალადობის მსხვერპლი გოგონა ბრალდებულის მეზობლად ცხოვრობს. 

 

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გოგონას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა და ნაცხის ანალიზის შედეგად ბრალდებულის სპერმა მცირეწლოვანის ორგანიზმში აღმოჩნდა. მტკიცებულებები, რომელიც საქმის ირგვლივ გამოძიებამ შეაგროვა, მოსამართლის ინფორმაციით, სადავო არც დაცვის მხარეს გაუხდია. ექსპერტიზა ჩაუტარდა ბრალდებულსაც, ის ფსიქიკურად ჯანმრთელია. ბრალდებული ადრე ნასამართლევი არ არის, მას არ ჰყავს ცოლ-შვილი, იყო უმუშევარი.


მის უფლებებს სასამართლოში ადვოკატი რამინ გვარიშვილი იცავდა, ხოლო ბრალდების მხარეს პროკურორი რამაზ შავაძე წარმოადგენდა.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-3 მუხლით მიმდინარეობდა, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით  მოქმედებას ნიშნავს.  „ჩადენილი დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით  ჩადენილი იმ პირის მიმართ, რომელსაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი.“ ეს დანაშუალი 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია როყვა