სიახლეები

ირინე გივიაშვილი იშხანის რეაბილიტაციაზე, რვაფეხასა და ბათუმზე

24.02.2015 • 2539
ირინე გივიაშვილი იშხანის რეაბილიტაციაზე, რვაფეხასა და ბათუმზე


ირინე გივიაშვილი
ირინე გივიაშვილი

ქალბატონო ირინე, რამდენი ხანია რაც ანკარაში ცხოვრობთ და რა საქმიანობით ხართ დაკავებული? თუ გაქვთ ურთიერთობა ქართულ სათვისტომოებთან, თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენი ასეთი ორგანიზაციაა, რამდენ ადამიანს აერთიანებს, თუ ემატებათ ახალი წევრები და რა საქმიანობით არიან დაკავებული ძირითადად?

ანკარაში წელიწად-ნახევარია რაც დავბრუნდით, რადგან 2006-2010 წლებშიც აქ ვცხოვრობდით მთელი ოჯახი, ირაკლის თურქეთში პირველი მისიის დროს. ჩემი თურქეთში ცხოვრების რეჟიმი ნამდვილად არ არის ერთფეროვანი. ოცი წელია თურქეთის საზღვრებში არსებული ქართული შუა საუკუნეების არქიტექტურას ვიკვლევდი, მერე კი ისე მოხდა, რომ „ჩემს“ მემკვიდრეობასთან ერთად ერთ, საერთო საზღვრებში მოვხვდი. გარდა სამეცნიერო კვლევისა, ეს წლები ვცდილობდი ამემაღლებინა საზოგადოებებისა და მთავრობების ყურადღება ამ ობიექტების დაცვასა და პოპულარიზაციის მისაღწევად.

ელჩის მეუღლის სტატუსი ცალკე დიდი ჯაფაა, თუ ამ პასუხისმგებლობას გაიაზრებ და იტვირთებ. ანკარაში საქართველოს დიდი და ლამაზი საელჩო აქვს, ასევე გვაქვს რეზიდენცია, რომელიც თავისთავად არა ელჩის კომფორტული ცხოვრებისათვის შეიქმნა, არამედ იმისთვის, რომ ქვეყნის სრულფასოვანი წარმოჩინება მოხდეს. ამიტომ ჩვენს საელჩოსა და რეზიდენციაში ხშირად ვუკეთებთ ორგანიზებას სხვადასხვა სახის მიღებას, გამოფენას, შეხვედრას, ოფიციალურ ვახშამს. ვმეგობრობთ ქართველ სტუდენტებთან, ასევე ჩვენს ისტორიულ დიასპორასთან. ასეთი გაერთიანება არაერთია და გამიჭირდება იმის თქმა, თუ რამდენ წევრს აერთიანებს. ერთი კი ცხადია, რომ სადაც არ წავალთ, ქართველთა შთამომავალი ყველგან გვხვდებიან, და დღეს ისინი ამას სიამაყით აღიარებენ, არ მალავენ.

რამდენადაც ვიცით, თვალყურს ადევნებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც ოშკსა და იშხანში მიდის. როგორც ვიცით, კომპანია „ANFORA MIMARLIK RESTORASYON“ იყო ამით დაკავებული. საქართველოში იყო გარკვეული შიში იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ვერ მოხდეს ამ ძეგლების შესაბამისი რეაბილიტაცია, რა ხდება იქ ამჟამად, როგორ მიმდინარეობს სამუშაოები და როდის უნდა დასრულდეს?

თქვენ მიერ ნახსენები ფირმა მხოლოდ პროექტირებას ახორციელებს, სარეაბილიტაციო სამუშაოებს კი თურქული კანონმდებლობით სხვა, ტენდერით გამოვლენილი ფირმა აწარმოებს. იშხანში ეს პასუხისმგებლობა იკისრა ფირმამ „OSMAN GULSUM“-მ. იშხანში პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა, მეორე ეტაპი გაზაფხულზე უნდა დაიწყოს. ვერ გეტყვით, რომ იდეალურად ჩატარდა, თავდაპირველად მუშების ამარა იყო მიშვებული. არქეოლოგია, ვფიქრობ, რომ ასევე ნაჩქარევად გაკეთდა, ყოველ შემთხვევაში სანამ მასალა არ გამომზეურდება და არ დაიბეჭდება, ეს ეჭვი იარსებებს. ასევე შეუხამებელია ქვა, რომელიც რესტავრაციის დროს იქნა გამოყენებული, სრულიად შეუფერებელია შეფერილობა, ვფიქრობ, რომ ქვის სტუქტურაც სხვაობის გამო შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს მომავალში შენობის მთლიანობას. ჩვენ ამ პროცესს ვაკვირდებოდით და ჩვენს რეკომენდაციებსაც ვუგზავნიდით ჩვენს თურქ კოლეგებს. ჩვენი ეჭვი, რომ 400 დღეში ამხელა სამუშაოების ჩატარება შეუძლებელი იყო, გამართლდა და მადლობა უნდა ვუთხრათ მათ, რომ მეორე ეტაპი დაგეგმეს და ტენდერიც ჩაატარეს. იმედია ის ხარვეზები მეტ-ნაკლებად გამოსწორდება და ახალი ეტაპის სამუშაოები მეტი სიფრთხილით დაიგეგმება და განხორციელდება.

ოშკში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, დასრულდა პროექტირება. შეძლებისდაგვარად თვალს ვადევნებდი ამ პროცესს, რომელიც დროში ორჯერ გაიწელა, ერზრუმის ძეგლთა დაცვის სამსახური დიდი პასუხისმგებლობით ექცევა ოშკის რესტავრაციის პროექტს და ასევე პროექტორი ფირმა. მომზადდა სხვადასხვა სახის კვლევა, პროექტი, მოიძებნა ის ქვის საბადო, საიდანაც ოშკის სამშენებლო ქვა იჭრებოდა თავის დროზე. საქართველოს მხარემ უანგაროდ გადასცა ყველა საარქივო ფოტო და ასევე ბატონი ივანე გრემელაშვილის ხელმძღვანელობით მომზადებული ოშკის ხარაჩოს პროექტი. მე, ჩემდათავად, უანგაროდ დავწერე სახელოვნებათმცოდნეო კვლევა, იმ იდეით, რომ ის ცოდნა, რაც საქართველოშია აკუმულირებული, თურქეთისთვისაც ხელმისაწვდომი გამეხადა. აქვე მინდა დავძინო, რომ საპროექტო ფირმის, „ANFORA MIMARLIK RESTORASYON“-ის არქიტექტორების ცოდნა ტაო-კლარჯეთის ქართული არქიტექტურისა, სამაგალითოდ მაღალია.

ზოგადად, თურქეთში არსებული შუა საუკუნეების ქართული ძეგლების მიმართ ინტერესი დიდია. სიძველეებით უმდიდრესი თურქეთისათვის იშხნისა და ოშკის სარეაბილიტაციო ძეგლთა სიაში ჩასმა ამის დასტურია. გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტის პირველი სახელმწიფო ვიზიტი ტაო-კლარჯეთში მოგზაურობით დასრულდა, ხოლო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ანკარიდან ასევე ოშკისა და იშხნის მოსალოცად გაემგზავრა. ეს უნიკალური მოვლენა იყო, რადგან პატრიარქი მუფთების თანხლებით ატარებდა პარაკლისს და ტაძრები სავსე იყო ქართველი მომლოცველებითა და ადგილობრივი თურქი მოსახლეობით. ჩემთვის დიდი პატივი იყო, როგორც ელჩის მეუღლეს და როგორც ამ მემკვიდრეობის მკვლევარს პრეზიდენტისთვის და პატრიარქისთვის ოშკსა და იშხანში მეგზურობა და გიდობა გამეწია.

სოციალურ ქსელებში კულტურულ მემკვიდრეობას აქტიურად იცავთ. ბათუმის „რვაფეხაზე“ როგორც ვიცი ვიკიპედიაში თქვენ განათავსეთ ინფორმაცია. რამდენად ხშირად ჩამოდიხართ ბათუმში და ამ თვალსაზრისით, ვგულისხობ კულტურულ მემკვიდრეობას და თანამედროვე არქიტექტურას, რა ცვლილებებია თქვენთვის ყველაზე მიუღებელი ან პირიქით, მისაღები?

ბათუმი ჩემთვის გამორჩეულად ახლობელი ქალაქია, მთელი ბავშვობა ყოველ ზაფხულს ბათუმში ვისვენებდით, ჩემი მეუღლეც ბათუმელია, ჩემი მამამთილი კი, ადერკინ კოპლატაძე ბათუმის თავი იყო 20 წელი. ბათუმს ხშირად ვსტუმრობთ ხოლმე, სულ სხვადასხვა მიზეზით, ბოლოს ანკარის ამერიკული არქეოლოგიის ინსტიტუტის წევრებისა და მეგობრების ტურის ფარგლებში ჩამოვედი.
ბათუმი ჩემს წარმოსახვაში თეთრი ქალაქი იყო, არ მომწონს, რომ ძალიან ააჭრელეს, ძალიან სასაცილოდ გამოიყურება იტალიური სკულპტურის ჩინური რეპლიკა, არ მესმის რატომ ააშენეს „იზმირის საათის კოშკი“, არ მომწონს დისნეილენდის სტილის კოშკურები ძველ სახლებზე და ოქროსფერი გუმბათები, არ მომწონს ქვაღორღითა და ფლეთილი კლდებით შემკული და გამოქვაბულებად ქცეული კვების ობიექტები (ეს ზოგადქართული მოდაა), გრანდიოზული საცხოვრებელი სახლები სანაპიროზე, ოსმალურ სტილში მიშენებული ფასადები ორთაჯამეს უბანში, ეს ყველაფერი ძალიან ხელოვნურია. მომწონს ახალი ბულვარი, შადრევნები, ველოსიპედით სასიარულო ტრასა, იუსტიციის სახლი, შუქურის არქიტექტურის მქონე შერატონი, ძალიან მომწონს კვესიტაძის `ალი და ნინო~, პირდაპირ სხეულში ატანს… საერთოდ, კი მგონია, რომ ძველი ქალაქები ღირებულია თავისი თვითმყოფადობით და ხელოვნური და უგემოვნებო კიტჩის სანახავად ტურისტები არსად არ დადიან.

რაც შეეხება „რვაფეხას“, შეიძლება ბავშვობიდან გამოყოლილი მოგონებებითაც იყო ძვირფასი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ის ძვირფასია როგორც ხელოვნების გამორჩეული ნიმუში, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. ამიტომ ნებისმიერ კულტურულ მემკვიდრეობაზე საუბრის უფლებას ჩემი პროფესია – ხელოვნების ისტორიკოსობა და პროფესიული გამოცდილება მაძლევს.

როდესაც „რვაფეხას“ საფრთხე შეექმნა, ვიფიქრე, რომ ეს ინფორმაციის არარსებობითაც იყო გამოწვეული. ამიტომ პირველი რიგის საქმედ სტატიების ისეთ მედიუმში განთავსება გადავწყვიტე, რომელზეც ყველაზე ხშირი და დიდია წვდომა. ვიკიპედიაზე სტატიები სამ ენაზე გამოვაქვეყნე, ქართულად, ინგლისურად და რუსულად. რვაფეხა მართალია საბჭოთა ეპოქის ნამუშევარია, მაგრამ თავისი ბუნებითა ეს ანტისაბჭოური ხელოვნებაა, მეტიც ეს ტიპიური ჰიპური ხელოვნების ნიმუშია, თავისი პოზიტიური არააგრესიულობით, თავისუფლების მანიფესტაციითა და სიცოცხლის სიხალასის გადმოცემით. 

გასულ წელს თურქეთში საჯარო სკოლებში, მსურველთა გარკვეული რაოდენობის შემთხვევაში, დაიშვა ქართული ენის სწავლება პროგრამით. ვიცით, რომ ერთ სკოლაში დაიწყო სწავლა, ახლა რა ხდება, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია?

დიახ, ქართული ენის სასკოლო პროგრამაში შეტანა დაშვებული იქნა თურქეთის განათლების სამინისტროს მიერ. ეს პროექტი ქართული ისტორიული დიასპორის მიერ იქნა მომზადებული და საქართველომ მადლიერების ნიშნად ამ ინიციატივის ორი ლიდერი, ქალბატონი ქევსერ რუხი და ბატონი ერდალ ქუჩუქი ოქროს საწმისის ორდენებით დააჯილდოვა. კლასი ერთ სკოლაში გაიხსნა. სოფელ ნურიოსმანიეში. კლასის გახსნა ბატონი მუსტაფა კოლატის ინიციატივით მოხდა და ის არის ამ კლასის პედაგოგიც. ბატონი მუსტაფა ღირსების ორდენით იქნა დაჯილდოვებული, რადგან მისი მცდელობით რეალობად იქცა და ხორცი შეესხა იმ დიდ პროექტს, რაც ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლობის 400-წლიანი ოცნება ყოფილა.

ირინე გივიაშვილი მეუღლესთან, ირაკლი კოპლატაძესთან ერთად
ირინე გივიაშვილი მეუღლესთან, ირაკლი კოპლატაძესთან ერთად

თქვენი, როგორც ელჩის მეუღლის აქტივობაზე მინდა გკითხოთ. რას ითვალისწინებს დიპლომატის მეუღლის საქმიანობა? არის თუ არა გარკვეული ჩარჩოები, რაც გზღუდავთ?  თუ პირიქით, ეს გეხმარებათ საქმიანობაში?

ელჩის მეუღლეობა დიდი პასუხისმგებლობა და შრომაა, თუმცა ძლიერია განცდა იმისა, რომ შენ შენს ქვეყანას, შენს კულტურას წარმოადგენ. ამდენად, სადაც არ უნდა ვიყო, იქნება ეს თურქი თუ უცხოელ დიპლომატთა საზოგადოება, კოლეგების გარემო თუ უბრალოდ მეგობარ-ნაცნობების წრე, ყოველთვის გვახსოვს, რომ შენ ხარ სახე შენი ქვეყნის. თურქეთი ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყანაა, ამიტომ აქ განსაკუთრებული პატივით გიღებენ და გხვდებიან.

ელჩის, და ზოგადად დიპლომატის მეუღლის, სტატუსი არ შეიძლება განიხილო ცალმხრივად, როგროც მედალს, მასაც ორი მხარე აქვს. რა თქმა უნდა, ის ბევრ რამეში გზღუდავს. პირველ რიგში გწყვეტს შენს მშობლიურ მხარეს, სახლს, ოჯახს, სამეგობროს, სამსახურს. ეს ადვილი ნამდვილად არ არის, მით უფრო, რომ სანაცვლოდ მეორე მხარეს ძალიან ცოტა გხვდება. სანაცვლო შენ თავად უნდა შექმნა, მოიპოვო. საკუთარი სტატუსი კეთილი და სასარგებლო საქმეების ინსტრუმენტად უნდა აქციო.

როგორც ვიცით, გიცხოვრიათ სხვა ქვეყნებშიც, სად და ყველაზე კარგად სად გრძნობდით თავს?

სამი წელი ვიცხოვრეთ ირლანდიაში, დუბლინში, ხშირად მიწევდა ჩასვლა ინგლისსშიც. კომუნიკაციებისა და ინფორმაციის გაცვლის პირობებში თვითრეალიზება შეგიძლია გააკეთო ყველგან და ყოველთვის შეგიძლია თავი საჭიროდ ჩათვალო. თავს კი კარგად იქ იგრძნობ, სადაც შენი სახლია, სახლად კი უნდა ჩათვალო ყველა ის ადგილი, სადაც შენ ნებსით თუ უნებლიეთ ცხოვრობ. სამშობლოს გარდა ყველა ადგილი უცხოა, მაგრამ ყველა ადგილი საინტერესოა, ყველგან არიან კეთილი ადამიანები, ყველგან მოდის გაზაფხული და ყველგან არის ნადვილი კულტურული მემკვიდრეობა, რომელთა ძიებაში მოგზაურობა ჩემს პროფესიასთან ერთად ჩემი და ირაკლის ერთ-ერთი დიდი გატაცებაცაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: