სიახლეები

როგორ ცხოვრობს სამშობიარო სახლში გარდაცვლილი 28 წლის ქალის ოჯახი

23.02.2015 • 1681
როგორ ცხოვრობს სამშობიარო სახლში გარდაცვლილი 28 წლის ქალის ოჯახი

ნადიმ ცეცხლაძე შვილებთან და დედასთან ერთად
ნადიმ ცეცხლაძე შვილებთან და დედასთან ერთად

ანრის და-ძმები, 9 წლის ნინო, 4 წლის ლიზი და წლის და ოთხი თვის გეგა მამასთან ერთად ბათუმში, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობენ. ნაქირავებ ბინაში შეშის ღუმელი, ერთი საწოლი, ტახტი, მუშამბაგადაფარებული მაგიდა და ვიწრო კარადა დგას. ოთხი შვილის მამა და ოჯახის უფროსი ნადიმ ცეცხლაძე 30 წლისაა. ხელში გეგა ჰყავს და მის დაწყნარებას ცდილობს. საღამო ახლოვდება, ნადიმი სამსახურში უნდა წავიდეს, საიდანაც სახლში გამთენიისას დაბრუნდება, ბავშვები კი ბებიასთან, ნადიმის დედასთან დარჩებიან. ჯერჯერობით ასეა, რა იქნება შემდეგ, არ იციან, ბებია სოფელში უნდა დაბრუნდეს, თაგოში, სადაც ცეცხლაძეების ოთხოთახიან სახლში ნადიმის ძმები ცხოვრობენ ოჯახებით.

 

ნადიმის მეუღლე, 28 წლის ნათია ერთი კვირის წინ დაკრძალეს სოფელ თაგოში. ნათია ბათუმის სამშობიარო სახლში გარდაიცვალა მშობიარობის შემდეგ. გარდაცვალების ერთ-ერთი მიზეზი ანემია იყო, რომლის მკურნალობა დროულად ვერ მოხდა. ნადიმს მეუღლეზე საუბარი უჭირს. „გვირჩევდნენ ექიმები ჰემატოლოგთან წასვლას. საავადმყოფოში ხელი მოვაწერე საბუთს, რომ სამშაბათს წავიდოდი, 19-20 თებერვალს იყო მშობიარობის დრო. ხელფასს ველოდებოდი. ვერ წახვალ უფულოდ, მიხვალ – ფული გინდა, მერე წამლებს გამოგიწერენ – იქაც ფული გინდა. თანხის გამოც იყო, რა მაქვს დასამალი. დახმარება მე არ მქონდა და სხვა, მას არა აქვს და შენ როგორ დაგეხმარება. დღეს მივიდეთ, ვნახავ ფულს, ხვალ მივიდეთ… და მარტო ეს ხომ არ არის, ბავშვებია, ჭამაა საჭირო, ჩაცმა, ყველაფერი თანხაზეა დამოკიდებული. დამხმარება მე არ მქონდა და ჩემი შრომით რასაც ვნახულობდი, ეს იყო“, – ამბობს ნადიმი.

 

რამდენიმე წლის წინ ნადიმს შვიდი თვის ტყუპი ბავშვები დაეღუპა. „შვიდი თვის ასაკში გამომაკლდნენ. ერთისთვის 8 თვის ასაკში უნდა გაეკეთებინათ ოპერაცია სწორ ნაწლავზე, მეორე წელქვემოთ მოწყვეტილი იყო, ჯერ ერთი გარდაიცვალა, ათი დღის მერე – მეორე. ჩემი დღე და მოსწრება, სულ ექიმებთან ვარ, სულ საავადმყოფოში“, – ხელებს დაჰყურებს ნადიმი.

 

დაახლოებით ორი წლის წინ ნადიმი თავადაც იწვა ტუბსაავადმყოფოში. იმკურნალა, თუმცა მას შემდეგ ექიმთან არ მისულა: „სიმართლე გითხრათ, არც მინდა მისვლა, ცუდი რამე რომ მითხრან, უნდა დავწვე და შვილებს მერე ვინ უნდა მიხედოს?!“

 

ნადიმი 21 წლის დაქორწინდა, თანასოფლელი გოგონა შეირთო ცოლად. თაგოში, ხულოში მდებარე სოფელში, რომელიც გარესამყაროს ძირითადად საბაგირო გზით უკავშირდება, ნადიმის მშობლები და ოთხი ძმა პატარა სახლში ცხოვრობენ, საყანე ნაკვეთმა ყველა უნდა არჩინოს, ამიტომ ნადიმი სოფლიდან წამოვიდა. ჯერ წალკაში ცხოვრობდა, თუმცა ბერძენი მეპატრონისგან სახლის შესყიდვა ვერც მან შეძლო, არც სახელმწიფო დაეხმარა და ბათუმში ჩამოვიდა. იქედან მოყოლებული მუშაობს და ქირით ინახავს ოჯახს. ხან თურქეთში დადიოდა სამუშაოდ, ხან ბათუმში მუშაობდა დროებით სამუშაოებზე, მშენებლობებზე. ჯარში უნდოდა სამუშაოდ წასვლა, თუმცა გორში უარი უთხრეს, ფილტვის პრობლემა გაქვსო: „გაციებული ვიყავი, თურქეთში გავცივდი თუ სხვაგან არ ვიცი, 24 წლის ვიყავი მაშინ. მინდოდა წასვლა ჯარში, ჩემი ოჯახისთვის მივდიოდი იქ პირველ რიგში.“

 

სიდუხჭირის მიუხედავად, ცეცხლაძეების ოჯახი სოციალურ დახმარებას არ იღებს. ნადიმი ამბობს, რომ სახელმწიფოსთვის დახმარების სათხოვნელად არ მიუმართავს, თავისი შრომით ცდილობდა გამკლავებოდა პრობლემებს. ყველაზე ძვირადღირებული ნივთი ოჯახში სარეცხი მანქანაა, რომელიც ოჯახმა განვადებით შეიძინა და ჯერ ისევ იხდიან კრედიტს.

 

რა იქნება ახლა, ნადიმმა არ იცის. არ იცის როგორ მოუვლის ბავშვებს, როგორ უზრუნველყოფს სოფელში პატარა ანრის კვებას, რა იქნება მას შემდეგ, რაც აპრილში სამსახურში კონტრაქტის ვადა ამოეწურება და თავიდან უნდა დაიწყოს სამუშაოს ძებნა. „მივყვები ცხოვრების დინებას. ხედავთ, რომ ნაქირავებში ვცხოვრობ, ბინა მე არ მაქვს. ფიზიკურად მძიმე სამუშაოზე არ შემიძლია რომ ვიმუშაო, მძიმეს აწევა არ შეიძლება, გადატვირთვა, მაგრამ რა ვქნა. შვილებსაც რაღაც მომავალი უნდა მისცე, ხომ?! რა ვიცი, ღმერთია ზემოდან!“

 

 

ცეცხლაძეების ოჯახის დახმარების მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გაზეთ „ბათუმელების“ რედაქციას.

გადაბეჭდვის წესი