Batumelebi | რა ღირს ბათუმის განათება რა ღირს ბათუმის განათება – Batumelebi
RU | GE  

რა ღირს ბათუმის განათება

 

ბათუმის ქუჩების, შენობების, ეზოების, ძეგლებისა და ბულვარის განათებაზე ყოველწლიურად, დაახლოებით, 3 626 218 ლარი იხარჯება.

 

2015 წელს ბათუმის ქუჩებისა და შენობების განათებაზე კომპანია „აჭარგანათება“ ზრუნავს. 1 049 926  ლარისა და 90 თეთრის ღირებულების ტენდერი „აჭარგანათებამ“ ჯერ კიდევ 2014 წლის ბოლოს მოიგო, კომპანია ამ ტენდერში ერთადერთი მონაწილე იყო.

მერიასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, „აჭარგანათებამ“ ბათუმში გარე განათების 17 082 წერტის მოვლა-პატრონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის შენობების ფასადების განათებებისაც. როგორც ბათუმის მერიის ტექნიკური ზედამხედველობის უფროსი, დავით ბახტაძე „ბათუმელებთან“ განმარტავს, ამ ფასში შედის ერთი წლის მანძილზე გარე განათების წერტების მოვლა-პატრონობა და ქუჩების, ეზოებისა და შენობების განათების უზრუნველყოფა – ყველა ხარჯი, გარდა ელექტროენერგიის ღირებულებისა.

ბათუმის ქუჩების, ეზოების, ძეგლებისა და შენობების განათებისთვის მერია ენერგოკომპანიას ყოველწლიურად დაახლოებით ორ მილიონ ლარს უხდის, თუმცა ამ თანხაში არ შედის, მაგალითად, ბათუმის ბულვარის განათების ხარჯი. ბათუმის ბულვარი არა მერიიდან, არამედ აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ბულვარის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი ზირაქაშვილი ამბობს, რომ ბულვარის განათებისთვის გადახდილი თანხა ყოველწლიურად თითქმის ერთი და იგივე რაოდენობისაა და დაახლოებით 300 ათას ლარს შეადგენს: „ბულვარის ზოლი მთლიანად შვიდი კილომეტრია, ალი და ნინოს ქანდაკებიდან – ახალ ბულვარში, ამფითეატრამდე. ამ ტერიტორიის განათების ხარჯებს ვიღებთ ჩვენ. 296 ათასი ლარი იყო შარშან ბულვარის განათებისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის თანხა. წინა წლის მონაცემების მიხედვით ხდება დაანგარიშება, 300 ათასი ლარი ჯდება რეალურად. რაც შეეხება ნათურის შეცვლას და ასე შემდეგ, ამას აკეთებს „აჭარგანათება“, რომელმაც გაიმარჯვა ტენდერში“.

რაც შეეხება ბულვარის ტერიტორიაზე მდებარე კაფე-ბარებს, გიორგი ზირაქაშვილის თქმით, ისინი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფენ შენობის განათებას.

გასულ წელს 22 292 ლარი გადაიხადა მხოლოდ ანბანის კოშკის განათებისთვის ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტომ, რომელსაც ქალაქში ანბანის კოშკის, პირსისა და ცენტრალურ ქუჩებში სარეკლამო მონიტორების მართვა ევალება. სააგენტოს ეკონომისტი, ვაჟა მეგრელიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ელექტროენერგიის მოხმარება სეზონზეა დამოკიდებული: „ეს არის სენსორული განათება, რომელიც ირთვება თავისით [დამოკიდებულია დღის შუქზე], ამიტომ ყოველ თვეში ელექტროენერგიის გადასახადი ერთი და იგივე თანხა არ მოდის,  საშუალოდ 2100 ლარია თვეში. კოშკის მომსახურება კი მთლიანობაში, თავისი ელექტროენერგიითა და კომუნალური ხარჯებით, 70 ათასი ლარი ჯდება წელიწადში.“

სააგენტო თანხას იხდის სარეკლამო მონიტორების შენახვასა და განათებაშიც. გასულ წელს სარეკლამო მონიტორების გაქირავებით სააგენტოში 37 ათასი ლარი შევიდა, თუმცა ამ თანხით სარეკლამო მონიტორებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაც კი ვერ მოხერხდა, იმის გათვალისწინებით, რომ მონიტორების მხოლოდ ელექტროენერგიით მომარაგებაში სააგენტო დაახლოებით 4 500 ლარს იხდის თვეში, ანუ გასულ წელს დაახლოებით 54 ათასი ლარი დაიხარჯა ხუთი სარეკლამო მონიტორის განათებისთვის. მონიტორზე ერთი წუთით რეკლამის განთავსება 1 ლარი და 45 თეთრი ღირს.

რაც შეეხება ბათუმის პირსს, იგი იჯარითაა გაცემული და მის განათებაზე სააგენტო არ ზრუნავს, იგი ობიექტს მხოლოდ ზედამხედველობას უწევს.

რუსთაველის ქუჩა

ბათუმის განათებისთვის ცალკე ხარჯებია გათვალისწინებული შობა-ახალი წლის დღეებში. ქალაქის ქუჩებისა და შენობების საახალწლოდ მორთვისათვის ტენდერს მერია ყოველწლიურად აცხადებს. შარშან ტენდერში გამარჯვებული „აჭარგანათება“ იყო, რომელსაც მერიამ ქალაქის მორთვისათვის 200 ათასი ლარი გადაუხადა.

წლის დასაწყისში „ბათუმელებმა“ ვებგვერდზე გამოკითხვაც ჩაატარა თემაზე – მოგეწონათ თუ არა საახალწლოდ მორთული ბათუმი, რომელშიც 108 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათგან უმრავლესობამ, 68 პროცენტმა, უპასუხა, რომ „არა“, გამოკითხულთა 15 პროცენტს საახალწოდ მორთული ბათუმი მოეწონა, 12-მა პროცენტმა მიიჩნია, რომ „ადრე უკეთესი იყო“; სამ პროცენტს კი ამ საკითხთან მიმართებაში პოზიცია არ ჰქონდა.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნანა კვაჭაძე