ბათუმი ტურისტული სეზონის სამზადისში

ბათუმის ბულვარი

ქობულეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს გაგრძელება ბათუმში მოჰყვა. 12 მაისს გორგილაძის ქუჩაზე კაფე „მალიბუ“ აფეთქდა. აფეთქება ღამით მოხდა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. ფაქტზე გამოძიება იმ მუხლითაა დაწყებული, რაც ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საშიში საშუალებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. შემთხვევას დღისით შესაძლოა იქ მყოფი ადამიანების დაშავება ან სიცოცხლის მოსპობაც კი გამოეწვია (ვინ იღებს ქალაქში პასუხისმგებლობას ტურისტული ობიექტების უსაფრთხოებაზე? – ამის შესახებ სტატია „ბათუმელების“ ამავე ნომრის მე-7 გვერდზეა განთავსებული).

ტურისტს ბათუმში გადათხრილი ქუჩები ისევ დახვდება, რაც კიდევ უფრო მეტ საცობს და შესაბამისად დისკომფორტსაც გულისხმობს. მერიის ინფორმაციით, არა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, თუმცა გზების, სანიაღვრე არხებისა და კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაფხულის ტურისტულ სეზონზეც გაგრძელდება. ქალაქის ერთ-ერთი სტრატეგიული ქუჩა – ჯავახიშვილისა და გრიბოედოვის ქუჩების მონაკვეთი უკვე გადაკეტილია. სხვადასხვა პერიოდულობით ტურისტს ბათუმში ჩაკეტილი ან გადათხრილი დახვდება პუშკინის ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთიც.

„სამუშაოები იბიარდის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და სეზონის გამო ვერ შეფერხდება. თუ მოწესრიგებული ქალაქი გვინდა, უნდა დავიცადოთ. ამ სამუშაოებს უფრო ადრე ვერ დავიწყებდით, რადგან პროექტი რამდენიმეწლიანია და ეტაპებადაა გაწერილი. გარდა ამისა, ბათუმში სანიაღვრე სისტემის შეკეთება ისედაც პრობლემურია. დაწყებულ სამუშაოს თუ ხანგრძლივმა წვიმამ მიუსწრო, ხარისხიანი შედეგის მიღება ჭირს“, – განმარტა ბათუმის მერის მრჩეველმა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საკითხებში ჯაბა ტუღუშმა. მისივე თქმით, ტურისტულ სეზონს სხვა ქუჩებზე სამუშაოები შეიძლება დაემთხვეს, თუმცა პუშკინის ქუჩის გარდა სხვა ადგილებზე მოძრაობა არ ჩაიკეტება.
პრობლემების მიუხედავად, სატრანსპორტო ინსფრასტრუქტურაში განხორციელებულ პროექტებს წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში. თუმცა, როგორც ჩანს, ტურისტს არც მუნიციპალური ტრანსპორტი დახვდება მოწესრიგებული.

ბათუმში ყოველდღიურად 107 ავტობუსი გადის სამარშრუტო ხაზებზე. მათგან ბევრის სალონი მოუწესრიგებელი, სკამები – დაზიანებული და ჭუჭყიანია, ავტობუსის სახურავიდან კი წვიმის დროს წყალი ჩამოდის.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელის პაატა დუმბაძის თქმით, ავტობუსების სალონი ირეცხება, თუმცა არა ყოველდღიურად, რადგან ამისთვის დამატებით 50-მდე თანამშრომელი იქნება საჭირო. არც რეცხვის კონკრეტული გეგმა-გრაფიკია დადგენილი.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში კიდევ ერთ პრობლემაზე გაამახვილეს ყურადღება. დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ ქალაქში ჩამოსული ტურისტისთვის პრობლემატურია „გადაადგილების დაწყებისა და დასრულების წერტილების ინფრასტრუქტურის არარსებობა.“

„არამარტო ბათუმში, საქართველოს არც ერთ ქალაქში, დაბასა თუ კურორტზე არ არის განვითარებული ავტოსადგურების ინფრასტრუქტურა. მაგალითად, თუ ხარ ტურისტი და გინდა ახვიდე ხულოში, ხარ უცხოელი და არ ფლობ ქართულ ან რუსულ ენას, გაგიჭირდება ამ მარშრუტის დამოუკიდებლად გავლა. ქალაქში გაგვაჩნია ათი სხვადასხვა ავტოსადგურის ტიპის გაჩერება. შესაბამისად, უცხოელი ტურისტისთვის რთულია კონკრეტული ადგილის მოძებნა, მისი მიგნება. ეს საკითხები მოსაგვარებელია. ახალი ავტოსადგური გოგოლის ქუჩის #1-ში არის. ამას სეზონამდე ახალი რკინიგზის სადგურის გახსნაც დაემატება. კარგი იქნება ასევე, თუ მუნიციპალიტეტებში გზები იქნება უფრო მოწესრიგებული, ვიდრე დღეს არის“, – ამბობს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

მამუკა ბერძენიშვილი „ბათუმელებს“ ქალაქში ტურისტული მანიშნებლების არარსებობის პრობლემაზეც ესაუბრა: „საინფორმაციო-საორიენტაციო ნიშნულები ქალაქში და მთლიანად რეგიონში ნაკლებად გვაქვს. ჩვენ ვახდენთ ამ მარშრუტების მარკირებას, მაგრამ მათი განთავსების კომპეტენცია არ გაგვაჩნია. ჩვენი რეკომენდაციით ბათუმის მერია ამ პროექტის განხორციელებას გეგმავს, როგორც ვიცი, შესაბამისი თანხა ბიუჯეტში უკვე დაამტკიცეს“.

ტურისტული ნიშნულებისთვის 2015 წლის ბათუმის ბიუჯეტში 60 ათასი ლარია გათვალისწინებული. შესაბამის სამუშაოებს მერია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. ტენდერი ჯერ გამოცხადებული არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი ტურისტული ნიშნულებით სარგებლობას ტურისტები ბათუმში მხოლოდ მომავალ სეზონზე შეძლებენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის კვლევის თანახმად (იდუმალი სტუმრის პროექტი) არსებობს პრობლემები მომსახურების სფეროში – კაფეებსა და სასტუმროებშიც: „ფასები მაღალია, ხოლო ხარისხი – დაბალი“.

მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს დეპარტამენტი პერიოდულად ტრენინგებს სთავაზობს.

რაც შეეხება ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს, მისი ხელმძღვანელის დავით მიქაძის თქმით, მას მხოლოდ „ანბანის კოშკი და სარეკლამო ბანერები აბარია“.

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, საკურორტო სეზონისთვის წელს ყველაზე კარგად ბულვარის ადმინისტრაცია მოემზადა.

რა დახვდება წელს ახალი ტურისტს ბათუმის ბულვარში? – კითხვაზე ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ზირაქაშვილი პასუხობს: „შეიცვალა ამორტიზებული გამყოფი ზოლი, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმებთ გრანიტით გავაკეთეთ, რადგან ბულვარში ყველაფერი გრანიტითაა გაკეთებული. ზოოკუთხე გავაფართოვეთ, ძველი პლასტმასის მოაჯირი ახალი, ჭედური მოაჯირით შევცვალეთ. შევცვალეთ ვოლიერები, რომლებშიც ფარშევანგები ცხოვრობენ. მოვაპირკეთეთ ტბის ფსკერი, შევცვალეთ ასვე თუთიყუშების სახლები, ზამთარში პლასტმასის შენობებში ფრინველებს სციოდათ და იღუპებოდნენ. მალე შევიძენთ ახალ ფრინველებს მრავალფეროვნებისთვის. უნივერსიტეტიდან კაფე `ტყუპებამდე~ ასფალტის გამოცვლა ვერ მოვასწარით და ეს სამუშაოები საკურორტო სეზონის შემდეგ გვაქვს დაგეგმილი. შევაკეთეთ ძველი და განვათავსეთ ასევე ახალი სკამები ბულვარში. ვგეგმავთ საკანალიზაციო სისტემის გამოცვლასაც, მაგრამ ამას არ დავიწყებთ სეზონის წინ. დაახლოებით ივლისის შუა რიცხვებში მზად იქნება და მისი განთავსება ხელს არ შეუშლის სეზონს. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის უკან ვაპირებთ გავაკეთოთ შშმ პირებისთვის ადაპტირებული საპირფარეშო“.

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმს გასულ წელს 380-ათასამდე ტურისტი სტუმრობდა. ამ მონაცემებში მხოლოდ იმ ტურისტების მაჩვენებელია, რომლებიც სასტუმროებში გაჩერდნენ. დეპარტამენტს კერძო სექტორიდან მონაცემები არ აქვს.

რატომ ვერ ცვლის უმაღლესი საბჭო რეგლამენტს

 

სხდომა უმაღლეს საბჭოში
სხდომა უმაღლეს საბჭოში

რეგლამენტში არსებული ჩანაწერის გამო უხერხულობა აჭარის უმაღლეს საბჭოს მხოლოდ ვიცე-სპიკერის ვაკანტურ თანამდებობაზე დეპუტატ ჯემალ ფუტკარაძის არჩევის საკითხის კენჭისყრის შემდეგ არ შექმნია. მანამდე უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო აღმოჩნდა საზოგადოებრივ მაუწყებელში აჭარის კვოტით კანდიდატის წარდგენის ვადებთან დაკავშირებული ჩანაწერი. აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი კანდიდატის წარსადგენად 15-დღიან ვადას, საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ კი, 10-დღიან ვადას ითვალისწინებდა. ჩანაწერი იურისტებმა ტექნიკურ შეცდომად შეაფასეს, თუმცა მათივე განმარტებით ამ საკითხსაც შეეძლო პრობლემების შექმნა. 

 

მეორე შემთხვევაზე, რაც ვიცე-სპიკერის არჩევა-არ არჩევისთვის საჭირო ხმათა რაოდენობას და სხდომაზე დამსწრეთა ოდენობას, ანუ ე.წ. კვორუმის საკითხს უკავშირდებოდა, ბევრჯერ დაიწერა.

„დღის წესრიგში დადგა რეგლამენტის მუხლებს შორის შეუსაბამობაც. საინტერესო თემა იყო ისიც, თუ რატომ დაუშვეს მოადგილის არჩევის მესამე კენჭისყრა მას შემდეგ, რაც თავმჯდომარემ კანონიერად არ ცნო პროცედურა. ასევე, ჰქონდა თუ არა საბჭოს თავმჯდომარეს უფლება დადგენილებაზე ხელი არ მოეწერა, რადგან მან მისცა უმაღლეს საბჭოს ხელის აწევის საშუალება. დადგენილება არის წერილობით ფორმაში გამოხატული ნება“, – განმარტავს არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ დირექტორი, იურისტი არჩილ ხახუტაიშვილი. მისივე თქმით, შესაძლებელია რეგლამენტში ხარვეზები ისევ დაფიქსირდეს: „ეს პრტაქტიკაში გამოჩნდება. თუმცა, მთავარია, იყოს ამ ხარვეზების გასწორების ნება და ისინი პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის არ გამოიყენონ.“

 

რეგლამენტის ხარვეზებზე საუბრისას სახელისუფლებო გუნდი ხელს „ნაციონალური მოძრაობისკენ“ იშვერს. რას აკეთებს ამ მოწვევის უმაღლესი საბჭო იმისთვის, რომ რეგლამენტი აჭარის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიდეს და უმაღლესი საბჭო ხვალ ისევ ამ გაურკვევლობაში არ აღმოჩნდეს? – იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, თემურ კახიძის ინფორმაციით, რეგლამენტის შეცვლაზე, ცვლილების მომზადებასა და დახვეწაზე სპეციალური კომისია მუშაობდა.

 

„კომისიამ მუშაობა დაასრულა და დოკუმენტები გადმოგვეცა იურიდიულ კომისიას. სავარაუდოდ, ივნისში დავიწყებთ ცვლილებების ინიცირებას. რაც რეგლამენტს აჭარის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოიყვანს. ახალი რეგლამენტი დაინტერესებულ პირს თავის სასარგებლოდ ინტერპრეტირებისა და მისი გამოყენების საშუალებას არ მისცემს“, – ამბობს თემურ კახიძე.

 

რეგლამენტი არჩეული საკანონმდებლო ორგანოს პროცედურული დოკუმენტია, რომელიც კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში პროცედურების ქრონოლოგიასა და მათი განხორციელების წესებს ადგენს. რეგლამენტს იღებს და მასში ცვლილები შეაქვს იმავე ორგანოს, რომლითაც ის ხელმძღვანელობს. რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურის შეუსრულებლობა ან მისი უგულებელყოფა ისეთივე მნიშვნელობის დარღვევაა, როგორიც სხვა კანონით გათვალისწინებული წესების დარღვევა. რეგლამენტის დარღვევით მიღებული დოკუმენტი კი შეიძლება გაბათილდეს. აჭარის უმაღლესი საბჭოს შემთხვევაში რეგლამენტი აჭარის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში ადგენს უმაღლესი საბჭოს საქმიანობის წარმმართველ პროცედურებს. რეგლამენტი ავსებს კონსტიტუციას და მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს.

 

ამ შესაბამისობების დასადგენად ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭოს მუშაობის დაწყებიდან თითქმის სამი წელი დასჭირდა, რაც კონსტიტუციონალისტ მალხაზ ნაკაშიძისთვის იმის მანიშნებელია, რომ უმაღლესი საბჭო თავის ფუნქციას ვერ ასრულებს.

 

„სამი წლის განმავლობაში რეგლამენტის შეცვლა ვერ მოახერხეს. რა არის უმაღლესი საბჭო? – საკანონმდებლო ორგანო, რომელიც რეგიონის პარლამენტია. ის არის კანონმდებელი და პირველ რიგში, მისი ფუნქციაა მიიღოს კანონები, რომლებიც ქვეყნის კანონმდებლობასთან იქნება შესაბამისი. პირველი და უმთავრესი დოკუმენტი კი არის რეგლამენტი, რომლითაც უმაღლესი საბჭო მუშაობს. რეგლამენტი ადგენს მნიშვნელოვან პროცედურებს და ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს უმაღლესმა საბჭომ, ამ რეგლამენტის შესაბამისად რეგულირდება. კონსტიტუცია დეტალებს არ განსაზღვრავს, ამიტომ რეგლამენტი მნიშვნელოვანი დოკუმენტია. მიკვირს ამ მოწვევის უმაღლესმა საბჭომ ახალი რეგლამენტი რატომ ვერ მიიღო სამი წლის განმავლობაში, მითუმეტეს, თუ არსებული რეგლამენტი სრულყოფილი არ იყო. ასეთ პირობებში ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს“, – განმარტავს კონსტიტუციონალისტი მალხაზ ნაკაშიძე.

 

თემურ კახიძის ინფორმაციით, უმაღლეს საბჭოს რეგლამენტზე მუშაობისას დიდი დრო დასჭირდა, რადგან დიდი მოცულობის პაკეტია, ცვლილებებს ივნისში დაარეგისტრირებენ, ხოლო მის განხილვას სექტემბერში დაიწყებენ. უმაღლესი საბჭო საშემოდგომო სესიას ახალი რეგლამენტით შეხვდება.

 

აჭარის უმაღლეს საბჭოს წევრთაგან ორი იურისტია – პეტრე ზამბახიძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეული მედეა ვასაძე.

ოლიმპიადის ხუთი გამარჯვებული აჭარიდან

ხატია ზუხუბაია
ხატია ზუხუბაია

 „სახელმწიფო იწყება შენით“ – ასე დაასათაურა ბათუმის #16 საჯარო სკოლის მოსწავლემ ხატია ზუხუბაიამ თავისი ესეი. ხატია ესეიში საუბრობს იმაზე, რომ სახელმწიფოს მართვა მხოლოდ აღმასრულებელ და საკანონმდებლო სტრუქტურებზე არ არის დამოკიდებული, რომ სახელმწიფოს თითოეული მოქალაქე უნდა მართავდეს:

„თუ ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს მოწესრიგებული ქუჩა, ადაპტირებული გარემო ან ხარისხიანი განათლება, პირველ რიგში, ამისთვის ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. სამოქალაქო საზოგადოება ვართ ჩვენ და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ საკუთარი უფლებებისთვის, იმისთვის, რომ სახელმწიფოსთვის ყველა მოქალაქე თანაბრად პრიორიტეტული გახდეს“ –  ამბობს ხატია.

ხატია მიიჩნევს, რომ სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების მხრივ ჯერ კიდევ ხარვეზებია, რადგან სწავლების დროს აქცენტი კეთდება მხოლოდ ფაქტებზე და არა აზროვნებაზე: „სააზროვნო საკითხებს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს, ანალიტიკურ აზროვნებას სკოლა ნაკლებად ავითარებს და ეს არის პრობლემა. მსჯელობის გარეშე ამ საგნის სწავლა შეუძლებელია“ – ამბობს ხატია.

თამაზ კირტავა
თამაზ კირტავა

თამაზ კირტავა ბათუმის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეა. მისი ესეის სახელწოდება იყო – „აქტიური მოქალაქე დემოკრატიის საფუძველი“.

„მე ვისაუბრე საზოგადოების როლზე დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია მაღალი სამოქალაქო ცნობიერება, ის, რომ მოქალაქეებმა კარგად უნდა იცოდნენ თავიანთი უფლებები და დაიცვან ის. პატივი სცენ სამოქალაქო ღირებულებებს, იყვნენ ტოლერანტები და სოლიდარულები, იაქტიურონ და თავად შექმნან კეთილდღეობა სახელმწიფოში“.

საკუთარ სამოქალაქო პასუხისმგებლობას, როგორც თამაზი გვეუბნება, სხვა ადამიანების მიმართ თანადგომაში გამოხატავს: „ჩვენი სკოლის თვითმმართველობის აქციაში ვიყავი ჩართული, მოვინახულეთ სოციალურად დაუცველი მოხუცები და ეს აქცია არ ყოფილა ერთჯერადი, თითოეულს გვყავდა თითო ოჯახი არჩეული, მივდიოდით და ვზრუნავდით მათზე. ასევე ჩართული ვიყავი გამწვანების აქციაშიც“.

თამთა კახაბერიძე
თამთა კახაბერიძე

თამთა კახაბერიძე კირნათის საჯარო სკოლის მოსწავლეა. მისი ესეი იყო – „მე ვარ მოქალაქე, სახელმწიფოს ვმართავ მე“. თამთა ამბობს, რომ ესეი საკუთარ ისტორიასა და გამოცდილებაზე ააგო:


„მე როგორ მივედი სამოქალაქო ცნობიერებამდე და რა შემიძლია ამისთვის გავაკეთო, ამაზე გავამახვილე ყურადღება. ვსაუბრობდი იმაზე, რომ სოფელში, სადაც ვცხოვრობ, სამოქალაქო ცნობიერება არის საკმაოდ დაბალი და ცვლილებებისთვის თავად მე როგორ დავიწყე სამოქალაქო აქტიურობა. მაგალითად, თუ არ მოგწონს შენი სოფლის გზა, ამისთვის უნდა შეხვდე გამგებელს ან უნდა დაწერო განცხადება, რომ უკეთესი გზა დაგიგონ. უნდა დაესწრო საკრებულოში სხდომებს, შეხვედრებს, გამოხატო საკუთარი აზრი და ა.შ“.

თამთას აზრით, მსგავსი ტიპის ოლიმპიადები ხელს უწყობს მოსწავლეებში სამოქალაქო აქტივობის ზრდას და განათლების დონის ამაღლებას.

„სამოქალაქო განათლების საგანი ახალია სკოლებში და ჯერ ნაკლებია მის მიმართ ინტერესი, ამიტომ ეს გამარჯვებაც იქნება გარკვეული სტიმული იმისთვის, რომ ამ საგნის მიმართ მოსწავლეების ინტერესი გაიზარდოს“ – ამბობს თამთა.

ლიკა ცინცაძე
ლიკა ცინცაძე

ლიკა ცინცაძე სკოლა „მასტერ კლასის“ მოსწავლეა. მან ესეი დაწერა თემაზე – „მოქალაქეობა – გრაფა პირადობის მოწმობაში, თუ პასუხისმგებლობა სამშობლოს წინაშე“. „მთავარი ყურადღება გავამახვილე საკუთარ გამოცდილებაზე. ერთ-ერთ ტრენინგზე გვკითხეს: რა არის მოქალაქეობა და როდის იგრძენით თავი მოქალაქედ? ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა უპასუხა, რომ მოქალაქედ თავი მაშინ იგრძნო, როცა დაიბადა ან პასპორტი როცა აიღო და იქ ჩაუწერეს – მოქალაქე. აქედან გამომდინარე, ვსაუბრობდი იმაზე, რომ საზოგადოებამ კარგად არ იცის რა არის მოქალაქეობის ძალა და ის უფლებები, რაც ჩვენ კონსტიტუციამ მოგვანიჭა“.

ლიკა ამბობს, რომ განვითარებული სახელმწიფოების მთავარი საყრდენი სწორედ აქტიური, სამოქალაქო საზოგადოებაა: „მიმაჩნია, რომ სახელმწიფოში მმართველი ძალა არის აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და მთავრობა – ეს არის მოვალეობა, რომელიც ასრულებს ხალხის ნებას. თუ დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს პრობლემები, მხოლოდ მთავრობას არ უნდა დავაბრალოთ, რადგან პასიურმა საზოგადოებამ არ მოითხოვა მაქსიმუმი სახელმწიფოსგან“.

ლიკას აზრით, სამოქალაქო საზოგადოება არის არა დამკვირვებლის როლში მყოფი საზოგადოება, არამედ აქტიური მოქალაქეები, რომლებსაც შეუძლიათ აიძულონ ხელისუფლება იყოს პასუხისმგებლიანი საკუთარი მოქალაქეების მიმართ.

გიორგი ჩავლეიშვილი
გიორგი ჩავლეიშვილი

გიორგი ჩავლეიშვილი #15 საჯარო სკოლის მოსწავლეა. მან ესეის სათაურად აირჩია „დემოკრატია და მოქალაქის როლი მის ჩამოყალიბებაში“.

„ზოგადად ვისაუბრე იმაზე, თუ რას ნიშნავს დემოკრატია, როგორ ვითარდებოდა ის დროთა განმავლობაში და როგორია მისი ისტორია. ასევე ვისაუბრე ადამიანის უფლებებზე და იმაზე, თუ რამდენად არის დაცული დღეს ადამიანის უფლებები. გავაკეთე კავშირი მოქალაქესა და დემოკრატიას შორის და იმაზე, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მოქალაქის აქტიურობას დემოკრატიის განვითარებაში“.

მემორანდუმი ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების რეაბილიტაციისთვის

 

  დოკუმენტის მიხედვით, „მხარეები  ადასტურებენ დანაშაულის პრევენციის პრიორიტეტულობას, გამოთქვამენ სრულ მზადყოფნას ხელი შეუწყონ დანაშაულის პრევენციას და განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილებას ქვეყანაში“. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის ჯონი კვინიკაძის განცხადებით, ამ მემორანდუმის გათვალისწინებით დაიგეგმება ერთობლივი ღონისძიებები: „დანაშაულის პრევენციის ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიულ ორგანოებთან. აჭარის    სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტთან  ერთად სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების გარდა ვიმუშავებთ ახალგაზრდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნითაც.  დაიგეგმება ერთობლივი  ბანაკები, ტრენინგები, სპორტული აქტივობები, საგანმანათლებლო სემინარები“-  განაცხადა ჯონი კვინიკაძემ.


მემორანდუმს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორთან ერთად ხელი მოაწერა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  „სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის” უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დავით მიქელაძემ.  იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ფილიალი განთავსებულია ბათუმის იუსტიციის სახლში. ცენტრი აჭარაში  „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ გარდა, ახალგაზრდულ პროექტებს ახორციელებს.

ბსუ-ის სტატისტიკა: კურსდამთავრებულთა უმრავლესობა დასაქმებულია

 

სამი წლის მონაცემებით (2011-2013) უნივერსიტეტი სტომატოლოგის კვალიფიკაციით 98-მა სტუდენტმა დაამთავრა. აქედან 80% დასაქმდა. ფინანსისტის სპეციალობით უნივერსიტეტი სამი წლის მანძილზე 243-მა სტუდენტმა დაამთავრა, აქედან 90% დასაქმდა, ტურიზმის სპეციალობა 83-მა სტუდენტმა დაამთავრა, 80% დასაქმდა, ცხრა სტუდენტმა კი სწავლა შემდგომ საფეხურზე გააგრძელა.

 

რამდენად რეალურია კურსდამთავრებულთა დასაქმების სტატისტიკა და რა მეთოდით ხდება კვლევა? – ამ კითხვით ბსუ-ის ხარისხის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ინგა შამილიშვილს მივმართეთ. როგორც ის ამბობს, მონაცემები ზუსტია და ის რეალობას ასახავს.

 

„თუ მიმოვიხედავთ ჩვენს რეგიონში, დასაქმების კუთხით სადაც წავსულვართ, ყველგან ჩვენი სტუდენტი, ჩვენი კურსდამთავრებულია. ხშირ შემთხვევაში ეს შეიძლება არ იყოს პროფილით დასაქმება, მაგრამ ციფრები ნამდვილად რეალურია“, – ამბობს ინგა შამილიშვილი.

 

მისივე თქმით, უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტია, კურსდამთავრებული თავისი პროფილით დასაქმდეს.
„მაგრამ იცით რა მდგომარეობაცაა დღეს შრომის ბაზარზე და არამარტო ჩვენს რეგიონში, ზოგადად, საქართველოში. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როცა პირდაპირი მიმართულებით ვერ საქმდებიან. იგივე უცხო ენის კურსდამთავრებული ძალიან ბევრი მიდის ბანკში ან საბაჟოზე“.

 

კითხვაზე – თუ რა მეთოდოლოგიით აწარმოებენ სტატისტიკას, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი პასუხობს: „სტატისტიკას ვაწარმოებთ პროგრამების საფუძველზე. პროგრამების ხელმძღვანელებს აქვთ მონაცემები, თავიანთი პროგრამის კურსდამთავრებულები რამდენად არიან დასაქმებული. მაგალითად, ქართული ფილოლოგიის კურსდამთავრებულთა მონაცემები აქვს ამ პროგრამის ხელმძღვანელს. ამის შემდეგ ხდება ფაკულტეტის მონაცემების შეჯერება და საბოლოოდ ჯამდება უნივერსიტეტის მონაცემები იმ სახით, რა სახითაც არის ახლა მოცემული“.
ინგა შამილიშვილის თქმით, ერთიანი პროგრამა ან ბაზა, რომლის მიხედვითაც დაითვლებოდა დასაქმებულთა სტატისტიკა, ამ დროისთვის უნივერსიტეტს არ აქვს:

 

„ამ ეტაპზე ერთიანი ბაზა არ გვაქვს, მონაცემები გვაქვს ცალკეული ფაკულტეტებისა და პროგრამების მიხედვით. თუმცა, ამის გარეშე უნივერსიტეტის ვერც ერთი პროგრამა ვერ გაივლის აკრედიტაციას, რადგან აკრედიტაციის პროცესში ჩართული არიან როგორც კურსდამთავრებულები, ასევე დამსაქმებლები და სტუდენტები. ეს სამი სეგმენტი არის აუცილებელი პირობა პროგრამული აკრედიტაციისთვის. ჩვენ ახლა ვემზადებით ახალი აკრედიტაციისთვის. შესაბამისად, უკვე ვმუშაობთ დამსაქმებლებთან. უახლოეს მომავალში სრულიად ახალი, გასული წლის კურსდამთავრებულების მონაცემები გვექნება. ჩვენ მიერ მომზადებული კითხვარები ეგზავნება დამსაქმებლებს, მონაცემებს კი პირადად დამსაქმებლებიდან ვიღებთ. ახლა ზუსტად ამ პროცესში ვართ, ანუ ვმუშაობთ მომავალი აკრედიტაციისათვის“.

ტრეფიკინგი – ვიზა ლიბერალიზაციის ხელშემშლელი მიზეზი

 

სარა (სახელი პირობითია) 24 წლისაა, ის თურქეთში სამუშაოდ ორი წლის წინ წავიდა – ხელფასს შეჰპირდნენ ათას დოლარს. ამბობს, რომ თურქეთში წასასვლელად ვიზა არ ჰქონდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია – საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი ყალბი ID ბარათი დაახვედრეს „მეგობრებმა“. თურქეთში კი მისმა თანამემამულემ წაართვა პასპორტი. სარამ რამდენიმე თვე იმუშავა სექსმუშაკად ისე, რომ მხოლოდ საჭმელს აძლევდნენ და დედასთან 100 ან 200 დოლარს აგზავნინებდნენ. ერთ დღესაც, როცა პოლიციამ მათი „მამა როზა“ დააპატიმრა, სარამ თავის პასპორტი 2000 დოლარად გამოისყიდა კიდევ ერთი „ზედამხედველი“ მამაკაცისგან და ასე მოიპოვა თავისუფლება.

 

სარა ამის შემდეგ 6 თვეს დარჩა თურქეთში იმავე მიზნით – გარკვეული თანხა გამოიმუშავა და ბინა იყიდა თავის მშობლიურ ქალაქში. ბათუმში ისევ ქართული ID ბარათით ჩამოვიდა, მაგრამ ის მაშინ დააკავეს ბათუმის აეროპორტში, როდესაც უზბეკეთში აპირებდა გაფრენას.

 

„2014 წლის 28 აგვისტოს დამაკავეს ბათუმში. სასამართლომ 3 ათასი ლარის ჯარიმა გადამახდევინა საზღვრის უკანონო კვეთისთვის. 600 დოლარი მქონდა ბილეთში გადახდილი, არც ის დამიბრუნეს, სამ დღეში ციხიდან გამომიშვეს და სასტუმროში განმათავსეს, სადაც ასევე ფულს მე ვიხდიდი. ამასობაში ჩემს პასპორტს გაუვიდა ვადა და ასე დავრჩი დღემდე ბათუმში უპასპორტოდ და უფულოდ“, – ყვება სარა.

 

დღეს უკვე შეიძლება სარა ტაშკენტშიც იყოს, ის ცოტა ხნის წინ იპოვა ნანა ნაზაროვამ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოების“ ხელმძღვანელმა და უზბეკეთის საკონსულოს დააკავშირა. სარას ახალი პასპორტი სწორედ საკონსულომ გაუმზადა.

 

სარა ამბობს, რომ მისთვის, როგორც მსხვერპლისთვის, არც თავშესაფარი შეუთავაზებიათ ბათუმში და არც იმით დაინტერესებულა სახელმწიფო, როგორ უნდა ეცხოვრა უპასპორტოდ მას სრულიად უცხო ქალაქში.
ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც 8 მაისს გამოქვეყნდა, წერია, რომ საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია ადამიანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა, ანგარიშშივე აღნიშნულია, რომ სახეზეა მნიშვნელოვანი სისუსტეები, როდესაც საქმე ეხება დაუცველი მსხვერპლის, განსაკუთრებით ბავშვების საჭიროებების დაკმაყოფილებას. „შეშფოთებას იწვევს შემთხვევების მცირე, მაგრამ მზარდი რაოდენობა. შეშფოთების საგანია ასევე ის, რომ ვერ ხერხდება ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სერვისებით სარგებლობა“, – წერია ანგარიშში.

 

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში მარკ ჰულსი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სრულად ეთანხმება ანგარიშში გამოქვეყნებულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს. მისი შეფასებით, უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობას რაც შეეხება, ევროკავშირის ეს მოთხოვნა ნაწილობრივ უკვე სრულდება. მისი ინფორმაციით, ბოლო დროს საქართველომ ე.წ. პოლიციის მოკავშირეები დანიშნა სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით.

 

მარკ ჰულსის ორგანიზაცია იმ საბჭოს წევრიც არის, რომელიც საქართველოში მსხვერპლებს სტატუსს ანიჭებს. ამიტომაც მას „შიდა სამზარეულოს“ შესახებ მეტი დეტალი აქვს: „მსხვერპლებისთვის ცხელი ხაზი არსებობს, თუმცა ბევრი ზარი არ შედის, მიზეზი უნდობლობაა. ადამიანებს უცხო ადამიანებთან საკუთარ პრობლემაზე საუბარი არ სურთ. სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებასა და ტრეფიკინგის მსხვერპლებს შორის არის დიდი დისტანცია. მსხვერპლების მხრიდან მაინცადამაინც დიდი მზაობა არ არის, რომ ითანამშრომლონ პოლიციასთან ან თუნდაც ე.წ. ფონდთან“, – ამბობს მარკ ჰულსი, რომელიც მნიშვნელოვნად მიიჩნევს საზოგადოების ინფორმირებულობას ადამიანებით ვაჭრობის საფრთხეებზე, განსაკუთრებით აჭარაში. მისი თქმით, საზღვრისპირა რეგიონში ტრეფიკინგის „კერა“ ყოველთვის დიდია.

 

ბექა ძამაშვილი იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა. ის „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ევროკომისიის პირველი ეტაპის დასკვნა გულისხმობდა სამართლებრივი და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას, რომელიც საქართველომ უკვე შეასრულა წარმატებით. მეორე ფაზის ანგარიში, რომელიც 8 მაისს გამოქვეყნდა, ეხება სამართლებრივი აქტების პრაქტიკულ იმპლემენტაციას, ანუ რამდენად ხდება პრაქტიკაში მისი რეალიზება-შესრულება. ბექა ძამაშვილი პოზიტიურად აფასებს ევროკომისიის ანგარიშს, რადგან მეორე ფაზის შესრულება მიმდინარეობს 2014 წლის ნოემბრიდან და ანგარშში ასახულია, რომ ამ მცირე მონაკვეთში საქართველომ სრულად შეასრულა 7 მოთხოვნა, თითქმის შესრულებულია 4 მოთხოვნა, ხოლო დანარჩენი 4 მოთხოვნა ნაწილობრივ შესრულებულია, „შემდგომი პროგრესის კარგი პერსპექტივით“. რაც შეეხება უშუალოდ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას: „ადამიანთა ვაჭრობასთან, ტრეფიკინგთან ბრძოლა, საქართველოში ხორციელდება საყოველთაოდ აღიარებული ოთხი მიმართულებით – პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა, სისხლის სამართლებრივი დევნა და თანამშრომლობა. ეს აქტივობები საჭიროებს სხვადასხვა უწყების მხრიდან კოორდინირებულ მუშაობას.


სწორედ ამიტომ საქართველოში 2006 წლიდან ფუნქციონირებს ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. ამ საბჭოს ფარგლებში მუშავდება სამოქმედო გეგმები და ხდება მათი პრაქტიკაში შესრულების მონიტორინგი. ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლასთან მიმართებით ანგარიშში ასახულია, რომ საკმაოდ ბევრი მიმართულებით არის მნიშვნელოვანი პროგრესი, ხოლო რაც შეეხება რეკომენდაციებს, უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში გრძელდება აქტიური მუშაობა, რომ ყველა რეკომენდაცია, რომელიც ამ კომისიის ანგარიშში აისახა, სრულად შესრულდეს“. 

 

ბექა ძამაშვილი ამბობს, რომ უწყებათაშორისი საბჭო დაამუშავებს ყველა რეკომენდაციას. მისი ინფორმაციით, ყველა უწყება მზად არის ბოლომდე შესრულდეს რეკომენდაციები. რაც შეეხება მსხვერპლის დაცვას, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ამბობს, რომ ამ კუთხით საქართველოში მოქმედებს „გამართული რეფერალური სისტემა, მსხვერპლთან კონტაქტიდან დაწყებული, უშუალოდ მისთვის სტატუსის მინიჭებისა და სახელმწიფოს დახმარების ჩათვლით. არსებობს დეტალურად გაწერილი, ინდივიდუალურ საჭიროებებს მორგებული გეგმები – ტრეფიკინგის მსხვერპლს აქვს შესაძლებლობა ითანამშრომლოს ან არ ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიუხედავად იმისა, ის ითანამშრომლებს თუ არა გამოძიებასთან, თუ მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის წევრები დაადგენენ, რომ ის მსხვერპლია, მიენიჭება სტატუსი“, – ამბობს ბექა ძამაშვილი.

 

სტატუსს ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მუდმივმოქმედი ჯგუფი ანიჭებს. სტატუსის მინიჭების შემდეგ სახელმწიფო ფონდი ერთვება და სთავაზობს სერვისების ჩამონათვალს, როგორიცაა: იურიდიული, ფსიქოლოგიური კონსულტაცია. ასევე ერთჯერადი ფულადი დახმარება ათასი ლარის ოდენობით. საჭიროების შემთხვევაში მსხვერპლი განთავსდება თავშესაფარშიც.
ოფიციალური ინფორმაციით, თავშესაფარი საქართველოში სულ ორია – ერთი თბილისში, მეორე – ბათუმში. თითოეული თავშესაფარი გათვლილია 10-12 ბენეფიციარზე. ორივე თავშესაფრით გასულ წელს სულ 14-მა ადამიანმა ისარგებლა. თავშესაფარში ცხოვრების ხანგრძლივობა განისაზღვრება სამი თვით. შემდეგ ფასდება ბენეფიციარის მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში, თავშესაფრის უფროსი ბინადრობის ვადას აგრძელებს.


მსხვერპლის მიერ თავშესაფრის დატოვება შესაძლებელია ვადის ამოწურვამდეც, თავად მსხვერპლის სურვილითა და გადაწყვეტილებით. თავშესაფარში მიიღება პირი, რომელსაც აქვს ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი და სურვილი, განთავსდეს თავშესაფარში. ტრეფიკინგის მსხვერპლი არ მიიღება თავშესაფარში, თუ მისგან არსებობს პოტენციური რისკი სხვა ბენეფიციარებისთვის, მაგალითად, თუ დაავადებულია ტუბერკულოზით ან სიფილისით.
ბექა ძამაშვილი დარწმუნებულია, რომ მომდევნო ანგარიშის დროს, რომელიც სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოქვეყნდება, საქართველოს მთავრობას ყველა რეკომენდაცია შესრულებული ექნება და საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლითაც ისარგებლებენ.

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გასულ 2014 წელს საქართველოში სულ ტრეფიკინგის 13 ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა ამ სტატისტიკაში არაა ასახული 24 წლის სარა, რადგან ის მხოლოდ საზღვრის უკანონო კვეთისა და ყალბი პირადობის მოწმობის ბრალდებით გაასამართლეს. მის განაჩენში ნახსენები არაა ის, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლია.

 

რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას: გადახედოს ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურებას, კერძოდ, არსებული თავშესაფრების მოწყობასა და საქმიანობას. უზრუნველყოს, მათი საჭიროებების ადეკვატურად დაკმაყოფილება, ვისაც თან ახლავს ბავშვები. გადახედოს ფსიქოლოგიური, სამედიცინო და იურიდიული დახმარების უზრუნველყოფას, რომ ის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს ყველა იდენტიფიცირებული და შესაძლო მსხვერპლისთვის. გადახედოს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის სტატუსს, მანდატს და უფლებამოსილებას, რომ მან შეძლოს შრომითი ექსპლუატაციისა და იძულებითი შრომის იდენტიფიცირება და ჰქონდეს მსგავს დარღვევებზე რეაგირების უნარი. საქართველოს მთავრობას დაევალა გადადგას ნაბიჯები ყველა სახის ექსპლუატაციის პროაქტიული, დაზვერვის მასალებზე დაფუძნებული უფრო ინტენსიური გამოძიების საწარმოებლად. შეიმუშავოს მკაცრი მიდგომა მათ წინააღმდეგ, ვინც სარგებლობს კომერციული, სექსუალური და შრომითი ექსპლუატაციის მიზნით ქალების ტრეფიკინგით.


გადახედოს და გააუმჯობესოს ამ სფეროში ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ორგანიზაციებიდან მონაცემების შეგროვება და ანალიზი, რომ უკეთ განისაზღვროს ტრეფიკინგის მსხვეპლთა რაოდენობა, სქესი, ასაკი, ეროვნება და ექსპლუატაციის ტიპი. გადახედოს და გადაახალისოს სხვადასხვა ცხელი ხაზები იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი შეტყობინებების მიღება საზოგადოებისა და მსხვეპლების მხრიდან. გაიზარდოს კავშირები და პარტნიორობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც `ევროპოლის~ მიერ მიჩნეულნი არიან როგორც ტრეფიკინგის ძირითადი დანიშნულების ადგილები და წყაროები, ესენია: თურქეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, უზბეკეთი და სომხეთი.

2016 წელს ბათუმის მერია 78 მილიონ ლარს ქალაქის კეთილმოწყობისთვის დახარჯავს

 

კეთილმოწყობის სამსახურის მიერ განისაზღვრა შემდეგი პრიორიტეტები: ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია, ექსპლოატაცია, სატრანსპორტო, კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება და ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

2016 წლისათვის შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება ადგილობრივი ბიუჯეტიდან 78 116 021 ლარს შეადგენს, 2017 წლისათვის – 68 271 310 ლარს, 2018 წლისათვის – 90 404 855 ლარს, ხოლო 2019 წლისათვის – 62 400 500 ლარია გათვალისწინებული.

22 მაისს სტუდენტები ერთმანეთს ბოულინგში შეეჯიბრებიან

 

20 მაისს ბათუმის უნივერსიტეტში შეჯიბრება დარსტში ჩატარდა, სადაც აჭარაში არსებული ხუთი უნივერსიტეტის გუნდები მონაწილეობდნენ. გამარჯვება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა მოიპოვა.

,,სტუდენტური დღეები აჭარა 2015“-ის ფარგლებში 22 მაისს სტუდენტები ერთმანეთს ბოულინგში შეეჯიბრებიან.

სტუდენტური დღეების დასკვნითი ღონისძიება 23 მაისს ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართება, სადაც დასახელდება „მის სტუდენტი“, იქნება მუსიკალური ნომრები და მხიარულთა და საზრიანთა გუნდების შეჯიბრება.

აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოვლინდებიან როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ ნომინაციებში გამარჯვებული სტუდენტები, რომლებიც დაჯილდოვდებიან სიგელებით, ფასიანი საჩუქრებითა და ორიგინალური ნომრის ნომინაციისთვის შესაბამისი სპეციალურად დაწესებული პრიზებით.


‘თუ ვერ შეძლებთ დღეს საკუთრების დაბრუნებას, ხვალ ვერ შეძლებთ სახელმწიფოს დაცვას’ – აქცია ბათუმის მერიასთან

 

„დღეს იმართება სამიტი ევროპაში. ჩვენ ვდგევართ აქ, იმიტომ, რომ ჩვენც ვუჭერთ მხარს ინტეგრაციას ევროპაში. თუ თქვენ ვერ შეძლებთ დღეს საკუთრების დაბრუნებას, ხვალ ვერ შეძლებთ სახელმწიფოს დაცვას! ჩვენ თუ დავიცავთ ჩვენს მიწას, დავიცავთ დემოკრატიასაც” – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.  

 

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ უკვე ორწელიწადნახევარი ატყუებენ და „ქართული ოცნება“ არ ასრულებს დაპირებას, რომელიც მათ ხელისუფლების მოსვლამდე გასცეს. 

 

ბათუმი-ოდესა – ბიზნესფორუმი აჭარაში

 

ღონისძიებას  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და  ბიზნესის განვითარების ევროპული ასოციაციის პრეზიდენტი ანდრეი აზაროვი ესწრებიან.

 

 შეხვედრაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ  რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ინგლისურენოვანი კლიპის „ Invest in Batumi “ პრეზენტაცია გამართა.

 

შეხვედრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. 

ბათუმში შავი ზღვის ჯაზფესტივალზე ლიზა სტენფილდი და სნუპ დოგი იმღერებენ

 

წელს ჯაზფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ: George Clinton Parliament Funkadelic-ი, Liv Warfield feauturing the NGP Hornz-ი, Lisa Stansfield-ი და Snoop Dogg-ი.

 

კონცერტები 4 დღის განმავლობაში ყოველ საღამოს ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე ჩატარდება. ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს, ფასიანი კონცერტების გარდა, საშუალება ექნებათ უფასოდ დაესწრონ „NEW YORK BRASS BAND“ -ის კონცერტებს, რომელიც ბათუმის ბულვარში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება.

 

ფესტივალის ფარგლებში ღამის კლუბში ბენდთან ერთად კონცერტებს გამართავს წარმატებული ქართველი ჯაზ-პიანისტი გიორგი მიქაძე. ბენდის შემადგენლობაში შედის ამერიკის ერთ-ერთი ცნობილი და აღიარებული DJ, ჰიპ-ჰოპერი, Berklee College Of Music-ის პროფესორი და Okayplayer-ის არტისტი Brian “Raydar” Ellis-ი. გიორგი მიქაძე მსმენელს წარუდგენს  ახალ, მულტიჟანრულ პროექტს, სახელწოდებით: „GIORGI MIKADZE & NYC GROOVE ALIENS Feat. DJ RAYDAR ELLIS“-ი, რომელშიც გაერთიანებულია ჯაზის, ფანკის, სოულის, ფიუჟენისა და ჰიპ-ჰოპის ელემენტები.

 

აბონიმენტის ფასია 250 ლარი, ცალკეულ კონცერტებზე ბილეთების ფასი კი 50-იდან 140 ლარამდეა. 

 

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის მთავრობა.

 

სასტუმროები უსაფრთხოების ნორმების გარეშე

სასტუმრო ქობულეთში ხანძრის შემდეგ

თამაზ პატარაიას საოჯახო ტიპის სასტუმრო იმ სასტუმროს მეზობლადაა, რომელიც 10 მაისს ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა. სასტუმროს მფლობელი აღიარებს, რომ კანონით დადგენილი ნორმები შენობაში დაცული არ არის. „სახანძრო ბალონები არ გვაქვს, რადგან აქამდე არ დაგვჭირვებია. რაც შეეხება უსაფრთხოებას, ორი ადამიანი დილამდე მორიგეობს და ყველაფერს ამოწმებს“, – გვეუბნება ის. სასტუმროს მეპატრონე ამბობს, რომ ხანძარსაწინააღმდეგო გეგმას შენობის პროექტის დამტკიცების დროს უნდა მიექცეს ყურადღება, თუმცა არც ეს მოთხოვნებია ხშირად დაცული. „მე როგორც ვიცი, თუ სახანძრო სამსახურმა არ მოაწერა ხელი, სახლს ექსპლუატაციაში არ უშვებენ, მაგრამ როგორც ვხედავთ, მაინც შენდება ასეთი სახლები“, – ამბობს თამაზ პატარაია.

სასტუმრო „სავანეს“ მფლობელი თამილა ანთიძე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს, რადგან მისი აზრით, ამ ნორმების დაცვას სახელმწიფო უნდა უზრუნველყოფდეს. `საგადასახადო თუ შემოირბენს ათჯერ, ხომ შეიძლება სახანძრო სამსახურსაც შემოევლო და შეემოწმებინა, გვქონდა თუ არა ნორმის ფარგლებში ყველაფერი?“ – ამბობს ის.

თამილა ანთიძე ამბობს, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი ხშირად არაკონტროლირებადი დენია. „ძაბვა არის არასტაბილური. ნორმით განსაზღვრული დენი არ მოგვეწოდება. ზამთარში დალაგებულ, დაკეტილ ოთახში გაჩნდა ხანძარი ჩასართველში, მხოლოდ გამანაწილებელი იყო მიერთებული და იქედანაც კი ცეცხლი გაჩნდა. არასტაბილური დენის გარდა მასალებიც უხარისხოა და ხშირად იწვის“.

რაც შეეხება ხანძარსაწინააღმდეგო ნორმებს, 25-ადგილიან სასტუმროს ეზოში არსებული პატარა წყლის აუზი „იცავს“. „ბალონები მქონდა, მაგრამ რადგან არ ვიყენებდი, შენახული მაქვს. ახლა დავტენი და ჩამოვკიდებ კედელზე“, – ამბობს სასტუმროს მფლობელი.

სასტუმრო „რივიერას“ მფლობელი ლია ტაკიძეც ადასტურებს, რომ კანონით დადგენილი ხარძარსაწინააღმდეგო ნორმები შენობაში დაცული არ არის. შენობას არ აქვს საევაკუაციო გეგმა, არ არის აღჭურვილი სიგნალიზაციით და არც ხანძარსაწინააღმდეგო ბალონები აქვთ. „ერთი ბალონი მაქვს მხოლოდ სამზარეულოში. სისტემა არც ერთ სასტუმროში არ არის გაკეთებული და არც მე გამიკეთებია. აქამდე არაფერი მომხდარა და თუ მოთხოვნები არ იქნება, არაფრის შეცვლას არ ვაპირებ“, – გვეუბნება ლია ტაკიძე.

სასტუმრო ხშირად იღებს სტუმრებს, მათ შორის ბავშვების ჯგუფებსაც: `ტექნიკური დათვალიერება სეზონის წინ უტარდება შენობას. თუ სადმე არის დაზიანებული ან გამომწვარი ჩამრთველი ან სადენი, ვცვლით, სხვა რა უნდა გავაკეთო?!~
საოჯახო ტიპის სასტუმროს მფლობელია ნანი რომანაძეც. ის ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების დაცვაზე 10 მაისს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაფიქრდა: „აქამდე არავის გაუმახვილებია ნორმებზე ყურადღება და წელს ბალონებს ვიყიდი. სიგნალიზაციის გაკეთება არა მგონია მოხერხდეს“.

ბათუმის სახანძრო დაცვისა და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსის ხუსეინ სირაბიძის თქმით, სახანძრო სამსახურები ვალდებულნი არიან 100 და მეტადგილიანი სასტუმროები შეამოწმონ: „პატარა სასტუმროების მფლობელებმა კი თვითონ უნდა მოგვმართონ და რეკომენდაციებს ჩვენ მათ უსასყიდლოდ მივცემთ. შენობაში შესვლისა და დაჯარიმების უფლება ჩვენ არ გვაქვს.“

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მამუკა ბერძენიშვილი ამბობს, რომ სასტუმროებს რეკომენდაციის სახით უსაფრთოების ნორმების დაცვაზე რჩევას დეპარტამენტიც აძლევს, თუმცა ამ რჩევებს ხშირად არ ითვალისწინებენ: „არის შემთხვევები, როდესაც მიდიან ტურისტული ჯგუფები კონკრეტულ სასტუმროში და არ მოსწონთ სასტუმროს მდგომარეობა. პრობლემაა ის, რომ ასეთ დროს მათ სასტუმროს შეცვლის შესაძლებლობაც არ ეძლევათ, რადგან ტურისტული სააგენტო მათ უკან ფულს აღარ უბრუნებს, რაც ძალიან ცუდად აისახება ქვეყნის იმიჯზე, რადგან 10 ან 20 უკმაყოფილო ტურისტი ამაზე უფრო მეტი პოტენციური ტურისტის დაკარგვას და არასასურველი ინფორმაციის გავრცელებას ნიშნავს“.

მამუკა ბერძენიშვილი ამბობს, რომ ისინი სასტუმროების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების ლობირებას წელსაც გააგრძელებენ. ის მიიჩნევს, რომ თვითმმართველი ორგანოების მხრიდანაც უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ამ თემას: „როდესაც ტურისტულ ბიზნესში ერთვება პირი, იქნება ეს სასტუმრო, რესტორანი თუ სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, ლიცენზირების დროს აუცილებელია გამკაცრდეს მოთხოვნები უსაფრთხოების ნორმების დაცვაზეც. უსაფრთხოების დაცვა ბიზნესის მფლობელის კეთილ ნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, არამედ უნდა იყოს ვალდებულება, რომ ადამიანების სიცოცხლე იყოს დაცული“.

სასტუმრო ქობულეთში ხანძრის შემდეგ

სასტუმრო ქობულეთში ხანძრის შემდეგ

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით სახანძრო უსაფრთხოების დარღვევაზე პასუხისმგებელია ობიექტის მეპატრონე. თუმცა, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები ამავე კანონის მე-16 მუხლის მიხედვით, ვალდებულნი არიან, აწარმოონ სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კამპანია. გამოუშვან სპეციალური ლიტერატურა და სარეკლამო პროდუქცია მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით. განახორციელონ სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესების და ამ სიტუაციების მართვის ორგანიზების სწავლება.
კანონის მიხედვით, „სახანძრო უსაფრთხოების სფეროში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებული არიან, უზრუნველყონ მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულება და მოსახლეობისთვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლება“. მოსახლეობა კი, ვალდებულია შეასრულოს სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონით დადგენილი ნორმები.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სულხან ევგენიძის განცხადებით, შეიქმნება კომისია, რომელიც კონკრეტულ რეკომენდაციებს მისცემს სასტუმროს მეპატრონეებს. „კომისიაში იქნება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომელიც. ზაფხულის პერიოდში, როცა ენერგოსისტემების გადატვირთა ხდება, შესაძლებელია გაჩნდეს საფრთხეები, რადგან სასტუმროებში არ არის შესაბამისი დატვირთვის დამცველები დაყენებული, ამიტომ გარკვეული ნორმების დაცვაზე იქნება მითითება, ასევე შენობებში უნდა განთავსდეს სახანძრო სტენდები და დამონტაჟდეს სიგნალიზაცია“.

ხანძარსაწინააღმდეგო კამპანიის გააქტიურებას აუცილებელად მიიჩნევს ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვიც: „სამაშველო სამსახურთან ვაპირებთ მემორანდუმის გაფორმებას და დავიწყებთ პოპულარიზაციას, რომ ყველა ნორმა, რომლის დაცვაც აუცილებელია, იყოს დაცული. გარდა ამისა, მზადდება სამშენებლო კოდექსიც, რომელიც მალე შემოვა განხილვაზე და ამ კოდექსით ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების დაცვაც გამკაცრდება“ – ამბობს ქალაქის მერი.

როგორი ტელევიზორით ვერ მივიღებთ ციფრულ სიგნალს

 

ნათია, ვინ ვერ შეძლებს ციფრული სიგნალის მიღებას?

 

 ვერ შეძლებს ის, ვის ტელევიზორსაც არ აქვს შესაბამისი ინტეგრირებული მოწყობილობა – DVB-T2, რომელიც უზრუნველყოფს ტელევიზორისთვის ციფრული სიგნალის მიღებას. ე.წ. ახალ ტელევიზორებს აქვს ეს მოწყობილობა, მაგრამ არ აქვს ზოგიერთ მოდელს, ამიტომ ეს წმინდა ტექნიკური საკითხია.

ფერად ტელევიზორს, რომელსაც არ აქვს DVB-T2 ფუნქციის მხარდაჭერა, ცალკე უერთდება სპეციალური მოწყობილობა _ „სეთ-თოფ ბოქსი“, რომლის საშუალებითაც ტელევიზორი ჩვეულებრივად მიიღებს ციფრულ სიგნალს. ერთადერთი, სიგნალს ვერ მიიღებს შავ-თეთრი ტელევიზორი, რომელსაც ეს „სეთ-თოფ ბოქსი“ არ უერთდება.

 

 კონკრეტულად ვის შეეხება ეს ცვლილება?

 

ტექნიკური ცვლილება შეეხება ყველას, ვინც სიგნალს იღებს ჩვეულებრივი ანტენით და არანაირად არ შეეხება მათ, ვინც საკაბელო, თანამგზავრული (სატელიტური) და ინტერნეტტელევიზიების მომხმარებლები არიან.

 

 ანუ ისინი, ვინც ანტენით იღებენ დღეს სიგნალს, 17 ივნისიდან ციფრულ სიგნალსაც ანტენით მიიღებენ?

 

დიახ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ტელევიზორს, რომელსაც არ აქვს DVB-T2 ფუნქცია, მიუერთებენ „სეთ-თოფ ბოქსის“. ეს არის სწორედ ის მოწყობილობა, რომლითაც შესაძლებელია ტელევიზორში მივიღოთ ციფრული სიგნალი ანტენით. რაც იქნება ციფრულ ღია გავრცელებაში, ყველა სიგნალს მიიღებენ ანტენით.

 

რისი გაკეთება მოუწევთ იმ ტელევიზორების შემთხვევაში, რომლებსაც DVB-T2 მხარდაჭერა აქვთ?

 

 იმ ტელევიზორების შემთხვევაში, რომლებსაც აქვთ ციფრული სიგნალის მიღების შესაძლებლობა, სავარაუდოდ საჭირო გახდება მენიუს გასწორება.

 

 ამას ნებისმიერი მომხმარებელი შეძლებს?

 

 მოქალაქეთა ინფორმირებულობას უზრუნველყოფს სპეციალურად შექმნილი ციფრული მაუწყებლობის სააგენტო. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებული რგოლებიდან ვიგებთ, ეს იმდენად მარტივი მეთოდი იქნება, რომ თავად მომხმარებელიც გაართმევს თავს. რაც შეეხება „სეთ-თოფ ბოქსებს“, მოქალაქეებს საჭიროებისამებრ მოუწევთ მათი შეძენა.

 

 სოციალურად დაუცველი ოჯახები, ვისაც ამ მოწყობილობის შეძენის საშუალება არ აქვს, სატელევიზიო გადაცემების გარეშე ხომ არ დარჩებიან?

 

 სოციალურად დაუცველი ოჯახების სუბსიდიებით უზრუნველყოფაც ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს დაევალა. ბაზაში მყოფი ოჯახების გარკვეულ კატეგორიას „სეთ-თოფ ბოქსებს“ სააგენტო გადასცემს.

 

ზოგადად რას ნიშნავს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა? რას შეცვლის ეს? 

 

 ძირითადად, როდესაც საუბრობენ ციფრულ მაუწყებლობაზე, ყურადღებას ამახვილებენ ბონუსებზე, რომელსაც მიიღებს მომხმარებელი. ეს იქნება შესაძლებლობა მომხმარებელმა მიიღოს უფრო მეტი არხი უფრო მეტი ხარისხით. სიხშირე არის შეზღუდული რესურსი და სახელმწიფო მას გასცემს სპეციალური რეგულირების საშუალებით. თუ ერთ სიხშირეს დღეს შეუძლია გაატაროს მხოლოდ ერთი არხი, ციფრულზე გადასვლისას შესაძლებელი იქნება 15 არხი გაატაროს. თუმცა, ბუნებრივია, უნდა მოხდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურის, ციფრული სიგნალის გადამცემების მოწყობაც – ე.წ. მულტიპლექსების აგება, რაც დაწყებულია.

ტელევიზიებს მიეცემათ შესაძლებლობა უფრო ფართოდ, უფრო კარგი ხარისხით გაავრცელონ მაუწყებლობა საქართველოს ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, ტექნიკური გადაიარაღება იქნება აუცილებელი, რაც ტელევიზიებს შესაძლებლობას მისცემს ახალი ხარისხით გაზარდონ თავიანთი მდგომარეობა ბაზარზე, რაც კონკურენციასაც აშკარად შეუწყობს ხელს.
ჩვენ გვაქვს სიახლე კანონმდებლობაში. შესაძლებელია ნებისმიერმა მაუწყებელმა იზრუნოს მხოლოდ კონტენტის წარმოებაზე (რაც ძალიან მნიშვნელოვანია მაყურებლისთვის), ხოლო გავრცელების ვალდებულება აიღოს სხვა კომპანიამ.

 

 რეგიონალურ ტელევიზიებს პრობლემები ხომ არ შეექმნებათ?

 

 საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიიღო კიდევ ერთი მხარდაჭერა სახელმწიფოსგან საკუთარი არხების გასავრცელებლად. ეს ეხება, რა თქმა უნდა, აჭარის ტელევიზიასაც – მათი გავრცელება უკვე უზრუნველყოფილია, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის თითქმის დასრულებულია მულტიპლექსის [სიგნალის გადამცემის] მშენებლობა. გვაქვს კომერციული მულტიპლექსიც, რომელსაც აშენებს კომპანია „სტერეო +“.

 

რაც შეეხება რეგიონულ მაუწყებლებს, ვისაც სურვილი ჰქონდა, თითქმის ყველა ზონაში აშენებენ საკუთარ მულტიპლექსებს. მარეგულირებელმა კომისიამ ტელევიზიებს უფასოდ მიანიჭა სიხშირეები, მულტიპლექსის ასაშენებლად. თუმცა ძირითადი პრობლემა ყველასთვის არის მათი ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ რამდენადაც ვიცი, უმრავლესობას შეკვეთილი აქვს შესაბამისი ტექნიკა. მთავარი ამ ეტაპზე მაუწყებლებისთვის არის ის, რომ დროულად მიიტანონ სიგნალი თავიანთ მომხმარებლებამდე.

 

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი 210 ათას 858 ოჯახისთვის უკვე შესყიდულია ამდენივე „სეთ-თოფ ბოქსი“. ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს მონაცემებით პირველ ეტაპზე მოწოდებული იქნა 65 000 „სეთ-თოფ ბოქსი“. ისინი ზემოაღნიშნულ ოჯახებს, სადაც შშმ პირები ცხოვრობენ, უკვე გადაეცათ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო რაც დარჩა, საქართველოს ფოსტის თბილისის სერვისცენტრებში გადანაწილდა და დანარჩენ ოჯახებს ურიგდებათ.

 

დამატებით უკვე განბაჟებულია 145 858 „სეთ-თოფ ბოქსი“, რომელიც გადაეცემა საქართველოს ფოსტას. ეს უკანასკნელი ვალდებულია ისინი გადაანაწილოს თავის სერვისცენტრებში რეგიონებში და შეატყობინოს შესაბამის ოჯახებს. „სეთ-თოფ ბოქსებს“ სოციალურად დაუცველი ოჯახები საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საქართველოს ფოსტის უახლოეს სერვისცენტრებში აიღებენ, პირადობის მოწმობის საფუძველზე.

 

210 858 „სეთ-თოფ ბოქსი“ სახელმწიფომ გასულ წელს შეიძინა, ერთ ცალში 19,85 აშშ დოლარი გადაიხადა. სავაჭრო ქსელში კი დღეს საქართველოში სხვადასხვა ტიპის მოდელია შემოტანილი და ფასი 54-60 ლარიდან იწყება. „ბათუმელების“ ინფორმაციით „სეთ-თოფ ბოქსების“ შემოტანას მაისის ბოლოდან არაერთი იმპორტიორი აპირებს.

ძველი დავალიანების ჩამოწერის პროცესი გრძელდება

 

გადასახადის გადამხდელთა გარკვეული კატეგორია საგადასახადო დავალიანებისგან გათავისუფლდა საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად. (ძალაში შესვლის თარიღი – 2014 წლის 25 დეკემბერი) საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად ჩამოწერას დაექვემდებარა:

 

ა) 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე  გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება;   

 

ბ) 2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2009 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე  აქტივობები არ უფიქსირდება;

 

გ) საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ნორმის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა.

 

 ზემოაღნიშნული 860 017 347 ლარიდან საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის თანახმად ა) ნაწილის შესაბამისად 2479 გადამხდელს ჩამოეწერა 852 376 849 ლარი,   ბ) ნაწილის მიხედვით  372 გადამხდელს ჩამოეწერა 2 679 607 ლარი, ხოლო  გ) ნაწილის თანახმად  6909 გადამხდელს ჩამოეწერა 4 960 890 ლარი.

 

შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ახორციელებს როგორც საკუთარი ინიციატივით (სსკ-ის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტითგათვალისწინებულ შემთხვევებში),  ასევე გადამხდელის მომართვის შემთხვევაში. ჩამოწერის პროცესი გრძელდება.

 

პოპულარული და მილევადი პროფესიები [ანონსი]

 

მომხსენებლები არიან მარიამ ბეზარაშვილი, დასაქმების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ნათია ლაბაძე, ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტი (გემწამყვანი) და თათია სინაურიძე შპს „არიესის“ მენეჯერი.

 

დისკუსიაზე დასწრება თავისუფალია. 

ვის შემოუჭირეს ქამრები

ნარინჯისფერმოსასხამიანები

 

– წელს პრემია მიიღეთ?
– ერთხელ, ხელფასის 25%-ი.
– წინა წლებში რამდენს იღებდით?
– ხელფასის 100%-ს კვარტალში.
– თქვენ ახლა შეგიძლიათ ბათუმის მთავრობას კითხვა დაუსვათ. რას ჰკითხავდით?
– თუ ღმერთი გწამს არ დაწერო რომელი ბრიგადა ვართ. რასაც გვაძლევენ, ისიც არ დაგვაკარგვინო.
– თქვენი ხელფასებისთვის ბრძოლას თქვენ თუ ვერ გაბედავთ, სხვა რატომ გააკეთებს ამას?
– ეგეც მართალია! … (პაუზის შემდეგ) არა, ჯობია არ დაწერო. ჩვენი უფროსი ყველა თათბირს ასე იწყებს _ ვისაც არ მოგწონთ წადით, სხვები გვეხვეწებიანო.

ეს დიალოგი ჩემ, ქუჩის დამლაგებლების 7-კაციან ჯგუფსა და მათ კოორდინატორს შორის ბათუმის ერთ-ერთ უბანში შედგა. მათი სახელები ამ სტატიაში არ მოხვდება, რადგან არ არის გამორიცხული ამის გამო მართლა დაკარგონ სამუშაო. პრინციპში, სახელები არც არის საჭირო – წელს პრემიები 75%-ით შეუმცირეს ბათუმის 300 დამლაგებელსა და მათ 22 კოორდინატორს.

მათი, ვის პრემიებსაც ყველაზე მეტად შემოუჭირეს „ქამრები“, ანუ ქალაქის დამლაგებლების სამუშაო დღე იწყება დილის 4 საათზე და მთავრდება 9-10 საათზე.

მერე არის 4-საათიანი შესვენება. 14:00 საათიდან ისევ ქუჩაში არიან ცოცხებით ხელში. სახლში წასვლის უფლება იქამდე არ აქვთ, სანამ თითოეული 12 ათას კვადრატულ მეტრს არ დაასუფთავებს.

მხოლოდ დილის ცვლაში ვინც მუშაობს, მათი ხელფასი 300 ლარია (დილაობით 12 ადამიანია ერთ ცვლაში. შუადღისთვის – 7), ვინც ძლებს და შუადღის ცვლაშიც მუშაობს, ის 500 ლარს იღებს. პრემიაც შესაბამისია – 300 ლარს ვინც იღებს, მათთვის სამ თვეში ერთხელ 75 ლარია, ვინც 500 ლარს – 125 ლარი.

ისინი კვირაში მხოლოდ ერთ დღეს ისვენებენ.

ჩვენი საუბრის დასასრულს ისინი კიდევ ერთ კითხვას სვამენ: მართალია, რომ მერმა წელს 105 ათასი ლარი პრემია აიღო? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი ვიცი და მათაც ვეუბნები, რომ მერს წელს პრემია საერთოდ არ აუღია.

წითელწინსაფრიანები

 

3042 ბენეფიციარს ბათუმის უფასო სასადილოებში ყოველდღიურად 60 ადამიანი ემსახურება. ამ დროისთვის ბათუმში სულ 5 უფასო სასადილო ფუნქციონირებს. სასადილოებში საჭმელს ამზადებენ: შეფმზარეული, მზარეული და მზარეულის დამხმარე. 

ტაბიძის ქუჩაზე არსებულმა სასადილომ გასულ პარასკევს 1694 ბენეფიციარი დააპურა. ტრადიციულად აქ 856 სოციალურად დაუცველი სადილობს, მაგრამ გასული პარასკევიდან აქ გადაამისამართეს ლერმონტოვის ქუჩაზე არსებული სასადილოს ბენეფიციარები. აიპის „ბათუმის მუნიციპალური სასადილოს“ ხელმძღვანელი – ბადრი გოგიძე ამბობს, რომ ამ სასადილოს გარემონტებას აპირებენ.

ტაბიძის ქუჩაზე არსებულ სასადილოში სულ 11 ადამიანი მუშაობს. წითელწინსაფრიანი ქალები და მამაკაცები ერთი წუთითაც კი ვერ ჩერდებიან, მათ წინ აღმართულ 50-კაციან რიგს ხალხი არ აკლდება. შეფმზარეული სახეზე ერთიანად გადაწითლებულია. ცალკე სიცხისგან და ცალკე საქმისგან. გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, აქ ყველა რაღაცნაირად აფორიაქებულიც ჩანს.

მოგვიანებით თავადვე ამბობენ, რომ ამის მიზეზი აქვთ – მათთან მისვლა “ბათუმელებს” აიპის დირექტორმა დაასწრო. ხედავენ, რომ რამდენიმე უცხო თვალი აკვირდება, მათ შორის დირექტორისაც, რომელიც დილიდან მათთან იმყოფება.

აქ ნაწყვეტ-ნაწყვეტ გეუბნებიან, რომ რთული სამუშაო აქვთ – 1700 ადამიანისთვის სადილის მომზადება, მერე ამ სადილის გაცემა, მერე სასადილოს დალაგება და მერე მეორე დღისთვის თადარიგის დაჭერა. “ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი დღის განმავლობაში შეუჩერებლად მუშაობ“, – ამბობს ერთი.

ხელფასი რამდენი გაქვთ? – 300 ლარს ვიღებ. ცოტაა, მაგრამ 300 ლარს სად ნახავ, თუ არ იმუშავე. აიპიმ ცოტა დაგვიმატა კიდეც ხელფასი – ამბობს ერთ-ერთი ქალი და მოშორებით მდგომი დირექტორისკენ თვალს აპარებს.
ბათუმის მერიამ აიპი „ბათუმის მუნიციპალური სასადილო“ 2014 წლის აპრილში შექმნა. მისი ხელმძღვანელის ბადრი გოგიძის თქმით, მათთან 66 ადამიანი მუშაობს – 6 ადმინისტრაციაში და სხვები – სასადილოებში.

 

შეფმზარეულის ხელფასი 450 ლარია, მზარეულის – 350, მზარეულის დამხმარის – 340. ყველაზე დაბალი ხელფასი – 260 ლარი დამლაგებელს აქვს. თავად აიპის ხელმძღვანელი ხელზე 1320 ლარს იღებს.

„წინა წლებში ყოველ სამ თვეში ერთხელ პრემიას გვაძლევდნენ. ახლაც მოგვცეს, მაგრამ მარტო 25%. ეს უსამართლობაა, დიდი უსამართლობა, მაგრამ ჩვენ ამ უსამართლობის შესაცვლელად ძალა არ გვაქვს. ამიტომაც სხვა გზა არაა – უნდა ვიმუშაოთ ასე მძიმე პირობებში და ასე დაბალ ხელფასზე“, – საკუთარი თავის მიმართ გამოტანილი „განაჩენი“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა გაუზიარა „ბათუმელებს“.

იმავეს იმეორებს თენგიზ ღოღელიანი, ტაბიძის ქუჩაზე არსებული სასადილოს კოორდინატორი: „სამწუხაროდ, მე არანაირი წონა არ მაქვს სამისოდ, რომ ეგ შევცვალო. ვინც კი ერთი საათი გაჩერდება სამზარეულოში ქურებთან, სულ სხვა შთაბეჭდილება შეექმნება იმ ხელფასებზე, რომელიც აქ გაიცემა. გადაიხედოს ხელფასების ამბები და სამომხმარებლო კალათაზე რომ არის ლაპარაკი, იმასთან შესაბამისობაში მოვიდეს ანაზღაურება, გამომდინარე შრომითი დატვირთვიდან“.

რას ამბობს აიპ-ის დირექტორი

 

ბადრი გოგიძე: რთული სამუშაო კი არის, მაგრამ 300-400 ლარიც არ არის ცოტა ფული. წელს პირველ კვარტალში 25% ავიღეთ. სხვა, არც პრემია და არც არაფერი არ აგვიღია. ჯერ ასე გადაწყვიტეს, მერე ვნახოთ. ყოველ დღეს მივმართავ მერიას იმაზე, რომ ხელფასები დაბალია.

3042 ბენეფიციარს ვკვებავთ ახალი წლიდან, ეს 950 ოჯახია. შარშან 1000 კაცი დავამატეთ. ყველა, ვისაც პროგრამით სარგებლობა ეკუთვნოდა, მოგვმართეს და დავაკმაყოფილეთ. მე რომ მოვედი, 2150 ბენეფიციარი დამხვდა.

როცა ვეუბნები 1000 კაცი დავამატეთ-მეთქი, წერენ, რომ 2014 წელს გაჭირვებულების რაოდენობა 1000 კაცით გაიზარდა, ადრე კი 500-ით იზრდებოდა. სინამდვილეში სხვა სურათი გვქონდა – აიპი შეიქმნა აპრილში და იმ დროისთვის 800 განცხადება მქონდა. ერთ თვეში დავამატეთ 400 ადამიანი და საახალწლოდ – დანარჩენი. ანუ გაჭირვებული ხალხი იყო, მაგრამ პროგრამაში არ სვამდნენ. გაჭირვებულს თუ ქულას არ მიანიჭებ, თუ პროგრამაში არ ჩართავ, არც გეყოლება, ანუ თვალებს დახუჭავ. სინამდვილეში კი ასეთი სურათია – ჩვენ ვკვებავთ იმ ხალხს, ვისაც 57 ათასი ქულა აქვს. ბათუმში 57 ათასი ქულით 5 300 ადამიანია დარეგისტრირებული.
რიგში ახლაც გვყავს ხალხი და რიგი სულ იქნება – 2015 წლის შემდეგ 159 განცხადებაა შემოსული, 290 ბენეფიციარს მოიცავს. აქედან ყველაზე მეტი – 235 „ოცნების ქალაქიდან“ არის, ხელვაჩაურში კომპაქტურად ჩასახლებულებს ანიჭებენ ქულებს. ბათუმიდან დაახლოებით 50 ბენეფიციარი, 15 ოჯახია. მერიაში კიდევ ერთი სასადილოს დამატების საკითხი განიხილება.

ბიუჯეტში ერთი ადამიანისთვის დღეში 1,70 ლარია გამოყოფილი. მთლიანი ბიუჯეტი 1 მილიონ 70 ათასი ლარია. რამდენი ადამიანიც დაემატება, იმდენ 1,70 ლარს დაგვიმატებენ. ახლა პრემიები მოგვიხსნეს და იმდენი ვეღარ მივიღეთ, მაგრამ ბენეფიციარებს შესყიდვებში მიღებული ეკონომიებით საჩუქრებს ვუკეთებთ. ახლა დარჩენილი გვაქვს 80 ათას ლარამდე ეკონომია. მარიამობაზე გვინდა გაყინული ქათამი და ზეთი დავურიგოთ, სადღაც 10 ლარი დაგვიჯდება ერთი ადამიანი. 15-ლარიანი საჩუქრები საახალწლო-საშობაოდ გავაკეთეთ თითო ბენეფიციარზე. სააღდგომოდ პასკა და კვერცხი დავარიგეთ.

ლარის კურსს ჩვენზე არ უმოქმედია – ტენდერები დამთავრებული გვაქვს. მომწოდებელი მოგებას ვერ იღებს, მაგრამ არც ზარალდება. ჯერჯერობით არავინ არაფერს ამბობს, 18-მდე მომწოდებელი გვყავს.

 

 

ბენეფიციარები. ტაბიძის სასადილო. პარასკევი

 

 

რამე პრაზდნიკია თუ რა ხდება?! – კითხულობს რიგში მამაკაცი. ის ტაბიძის ქუჩაზე არსებულ უფასო სასადილოს წინ, ხის ძირში ზის. ის ამ სასადილოს ბენეფიციარია. მამაკაცი კითხვას აზუსტებს – რიგი დიდია და რა ხდება ვერ გავიგე?!

ახალგაზრდა ქალს, რომელიც რიგიდან სავსე ჩანთებით გამოდის, ამ კითხვებზე პასუხი აქვს: „გადამღებს რომ დაინახავენ, საჭმელს ცხიმი ემჩნევა. წავა გადამღები და ისევ ისეთი საჭმელი იქნება“. გადამღები მისთვის „ბათუმელების“ ფოტოობიექტივია.

საჭმლის ხარისხზე საუბრის დროს ქალი რამდენად ობიექტურია, ძნელი სათქმელია. მას თავისი ოჯახის 7 წევრისთვის ყოველდღე ამ სასადილოდან მიაქვს საჭმელი.

რიგში 10 წლის ბიჭი დგას. ერთი სული აქვს, როდის დაელაპარაკები. პირველმა კითხვამ აშკარად იმედი გაუცრუა. კითხვაზე: „აქ რა გინდა, სკოლაში რატომ არ ხარ?“ პასუხობს, რომ მეორე ცვლაში სწავლობს. ბიჭი ამბობს, რომ სამი ძმა და ოთხი და ჰყავს. კიდევ რძალი და სიძეც. ამბობს, რომ სასადილოდან მხოლოდ პური მიაქვს და თუ იქნა – „სასისკებიც“. `დანარჩენი საჭმელი გასინჯული მაქვს, მაგრამ არ მომწონს. სახლში გაკეთებული მირჩევნია. არ მიყვარს აქაური საჭმელი“, – ასკვნის ბიჭი და რიგის სიღრმეში მიიწევს. 

 

ბათუმის მერია და საკრებულო

ბათუმის საკრებულოს წევრებზე გაცემული პრემიების ოდენობამ 2015 წლის პირველ კვარტალში 70 ათას 80 ლარი შეადგინა. საკრებულოს სულ 25 წევრი ჰყავს.

საკრებულოში ყველაზე მაღალი პრემია – 4 125 ლარი საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი ჭეიშვილს მიუღია. პრემია მისი სამი თვის ხელფასის ნახევარს შეადგენს.

2015 წლის პირველ კვარტალში 3 525 ლარი პრემია აქვს მიღებული ირაკლი ჩავლეიშვილს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს.

3 000 ლარის ოდენობით აქვთ მიღებული პრემია საფინანსო და ეკონომიკური რეფორმების კომისიის თავმჯდომარეს თენგიზ აფხაზავას, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა თავმჯდომარეს ლევან კინწურაშვილს, ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარეს ლაშა სირაბიძეს, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს დიმიტრი დარჩიას, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს ნინო ბერაძეს. ასევე ფრაქციების თავმჯდომარეებს: თამაზ თურმანიძეს, თეიმურაზ ყურაშვილს, კობა ჩხეიძეს, გიორგი კირთაძეს და გიორგი ცინცქილაძეს [თითოეულს, ცალკე, ხელფასის სახით, პირველ კვარტალში 6 000 ლარი აქვს მიღებული].

პრემიის სახით 2015 წლის პირველ კვარტალში საკრებულოს მაღალი თანამდებობის პირებზე გაცემულმა თანხამ სულ 37 650 ლარი შეადგინა.

პირველი იანვრიდან მარტის ჩათვლით საკრებულოს აპარატის 38 თანამშრომელს 32 430 ლარი აქვს მიღებული პრემიის სახით. მათგან ყველაზე მაღალი პრემია – 1650 ლარი – აპარატის უფროსს პარმენ მგელაძეს მიუღია, ყველაზე მცირე – 200 ლარი კი, მეორე კატეგორიის სპეციალისტს.

საერთო ჯამში, 2015 წლის პირველი იანვრიდან მარტის ჩათვლით ხელფასისა და პრემიების სახით ბათუმის საკრებულოში 243 ათას 106 ლარი და 36 თეთრი გაუციათ.

რაც შეეხება ბათუმის მერიას – მერს, გიორგი ერმაკოვს ამ წლის პირველ კვარტალში არც პრემია მიუღია და არც დანამატი. ვიცე-მერ ბაგრატ მანველიძეს 10 480 ლარი მიუღია, აქედან დანამატი 4030 ლარია. ზურაბ ბერიძესა და ალექსანდრე მითაიშვილს დანამატის სახით კვარტალურად 3842 ლარი მიუღიათ, მათი ხელფასი – 6150 ლარია.

ქალთა ევროპის ჩემპიონატის 10 წლის მონაწილე

დიანა ლომაია | ჩაქვი / ჭადრაკში ქალთა ევროპის ჩემპიონატი 2015

დიანა 19 მაისს ჩემპიონატის პირველ ტურში აზერბაიჯანელ ნარგიზ უმუდოვას (საერთაშორისო რეიტინგი 2275) შეხვდა. პარტია ნარგიზ უმუდოვამ მოიგო.


„ჭადრაკს ხუთი წლიდან ვთამაშობ. ქალებს შორის ევროპის ჩემპიონატზე პირველად ვმონაწილეობ. მინდა,  მსოფლიო ჩემპიონატზეც ვიასპარეზო. გუშინ წავაგე, მაგრამ ვეცდები, დღეს კარგად ვითამაშო“ – გვითხრა 10 წლის მოჭადრაკემ და დასძინა, რომ მისი მიზანია გახდეს მსოფლიო ჩემპიონი.

დიანა ლომაია ხობში ცხოვრობს და სწავლობს ფოთის საჭადრაკო სკოლაში, მისი მწვრთნელი დავით კოდუაა. დიანა არის საქართველოს სამგზის ჩემპიონი, შვიდ (2012 წელს), რვა (2012 წელს) და ათ წლიანებში (2015 წელს). თავის ასაკში არის ევროპის თასის ორგზის მფლობელი (2012, 2013) და საქართველოს ვიცე-ჩემპიონი 2014 წელს, ნანა ალექსანდრიას სახელობის, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის, მაია ჩიბურდანიძის სახელობის თასების მფლობელი, ასევე თემურ ლომაიას სახელობის ტურნირის ორგზის გამარჯვებული და ტიგრან პეტროსიანის თასის მფლობელი, რომელიც წელს პირველად მოიპოვა, 2013 წელს კი, რვაწლიანებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე.


დიანას დედის, რუსუდან ჭითავას თქმით, დიანა ოქტომბერში 10-წლიან გოგონათა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება, რომელც საბერძნეთში ჩატარდება.


ქალთა ევროპის ჩემპიონატი ჩაქვში გუშინ დაიწყო, დღევანდელი ტურის გარდა მოჭადრაკეები კიდევ ცხრა ტურს გამართავენ, რის შემდეგაც გახდება ცნობილი ჩემპიონის ვინაობა.



დიანა ლომაია | ჩაქვი / ჭადრაკში ქალთა ევროპის ჩემპიონატი 2015




ვაკანსია ახალგაზრდული პროგრამების კოორდინატორის პოზიციაზე

 

აუცილებელი მოთხოვნები: ახალგაზრდულ სფეროში მუშაობის გამოცდილება; უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული); დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 557 963 789

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლს ცული ჩაარტყა

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ქმარმა ცოლს თავში ცული ჩაარტყა.  ქალი ამ დროისათვის ქობულეთის საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც „ბათუმელებს“ სამედიცინო დაწესებულებაში უთხრეს, დაზარალებული დაახლოებით 60 წლისაა, იგი ამჟამად რეანიმაციაში იმყოფება.   

შს სამინისტროს ცნობით, ბრალდებული უკვე დაკავებულია განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის და მიმდინარეობს გამოძიება.   

ქობულეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები ივლისის ბოლოს დასრულდება

 

სარეაბილიტაციო სამუშაობისთვის   540 145 ლარია გათვალისწინებული.  სამუშაოები ივლისის ბოლოს  დასრულდება.   რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელვადიანი პროექტია, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება. რუსთაველის ქუჩაზე ასფალტის საფარის ორმული შეკეთება მიმდინარეობს, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 28 ათასი ლარია გათვალისწინებული.  

 

 

გუშინ, 19 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერა.

 

ქობულეთში უკვე დასრულდა კულტურის სახლის სამშენებლო სამუშაოები. პროექტის შესაბამისად აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი შენობა.

 

კულტურის სახლის ახალი შენობა 400 მაყურებელზეა გათვლილი, რომლის პირველ სართულზე ადმინისტრაციული ოთახები, სცენის დამხმარე ფართობი, საგრიმიოროები და გასახდელებია.  აქვეა განთავსებული საკონფერენციო დარბაზები, კვების ბლოკი, დამოუკიდებელი სველი წერტილები და რამდენიმე  შესასვლელი.

 

 

ახალი კულტურის ცენტრის  მეორე სართულზე სარეპეტიციო დარბაზები, სტუდიები და მცირე საგამოფენო კუთხე განთავსდა. შენობა ახალი ინვენტარითა და  შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობებით აღიჭურვება.

 

 

შენობის არქიტექტურულ დიზაინზე ქართველ არქიტექტორებთან ერთად ესპანელმა არქიტექტორებმაც იზრუნეს. სამშენებლო სამუშაოებს, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 2 300 000 ლარი დაიხარჯა, კომპანია „MTM”-ი აწარმოებდა.

 

 

მედეა ვასაძე არჩილ ხაბაძეს ფინანსთა მინისტრის მოადგილის გადაყენებას სთხოვს

 

მედეა ვასაძე დღეს სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბ.ნ.ქ“-ს ყოფილი დირექტორის ლევან ჯინჭარაძესა და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის სამინისტროს დაევალა ბათილად ცნოს ჯინჭარაძის სამუშაოდან დათხოვნის ბრძანების სამოტივაციო ნაწილი, რადგან მას არ დაუდასტურდა არც ერთი წარდგენილი ბრალდება. რაც შეეხება თანამდებობაზე მის აღდგენას, მედეა ვასაძის თქმით,  სასამართლომ ამ ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა იმ მოსაზრებით, რომ საზოგადოების 100%-იანი წილის დამფუძნებელია სახელმწიფო და რომ რისკებზე პასუხისმგებლობა მოდის დამფუძნებელზე. 

 

„იმ ვითარებაში, როცა ლევან ჯინჭარაძეს დაუდასტურდა საზოგადოების კეთილსინდისიერად მართვა, საზოგადოების ინტერესებისათვის ზრუნვა და თითქმის გაკოტრების რეჟიმიდან ქარხნის ფინანსურ მოგებაზე გაყვანა, ცალსახად და კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ლევან ჯინჭარაძის მიმართ აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის დავით ბალაძის და სამინისტროს საწარმოთა მართვის განყოფილების უფროსის თამაზ ხაბაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა მის დევნას, რადგან ამ მაღალი თანამდებობის პირებს ლევან ჯინჭარაძე ხელს უშლიდა ქარხანაში კორუფციული სქემების დანერგვაში და რეალიზაციაში, რომელიც დღეს წარმატებით ხორციელდება.

 

აღნიშნულის დასტურად ვასაჯაროებ კიდევ ერთ ფაქტს – 2013 წელს, ჩემი დაჟინებული თხოვნით, რომ შემოწმებულიყო „ბ.ნ.ქ.“, ოფიციალური წერილით მივმართე აჭარის სახ. აუდიტს. იმავე წელს ჩატარდა შემოწმება, თუმც აღმოჩნდა, რომ ყველა ის დანაშაული, რომლებზედაც გვქონდა ვარაუდი და რაზედაც ქარხანას ბუღალტრულ ოპერაციებზე აუდიტისათვის ინფორმაცია ჰქონდა მიწოდებული, აუდიტის დასკვნაში არ აისახა, ანუ დაიმალა. სანაცვლოდ ორთვენახევარში რიგითი აუდიტორი იონა წითელაძე დაწინაურებული იქნა ჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ.

მოვუწოდებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ იონა წითელაძის თანამდებობიდან გადაყენებისაკენ. აქვე მოვუწოდებ აჭარის უმაღლესი საბჭოს სახელისუფლებო გუნდს ამ საკითხის მიმართ მაინც პრინციპული პოზიციის დაჭერისაკენ“  – აცხადებს მედეა ვასაძე. დეპუტატის განცხადების ტექსტს უმაღლესი საბჭო ავრცელებს.  

 

„ბათუმელები“ აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროს პასუხს აღნიშნულ თემაზე მოკლე ხანში გამოაქვეყნებს. 

სოფელ ვერნებში საბავშვო ბაღი აშენდება

 

შესყიდვების სახელმწიფო ვებგვერდის მიხედვით საბავშვო ბაღის მშენებლობაზე გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი 9 ივნისს დასრულდება, შესაბამისად ამის შემდეგ  გახდება ცნობილი, ვინ ააშენებს საბავშვო ბაღს სოფელ ვერნებში.

 

ტენდერში გამარჯვებულმა კომპნიამ საბავშვო ბაღის შენობა შპს „ვეგა+“  პროექტის მიერ დამუშავებული პროექტით 120 დღის განმავლობაში უნდა ააშენოს.

 

ბაღის ასაშენებლად გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მშენებელ კომპანიებს მონაწილეობის მიღება  4 ივნისიდან შეეძლებათ.  სატენდერო პირობების მიხედვით მონაწილე  პრეტენდენტს 2012 წლიდან 2015 წლის განმავლობაში მინიმუმ 150 000 ლარის სამშენებლო–სამონტაჟო სამუშაოების შესრულების გამოცდილება უნდა გააჩნდეს და შესრულებული სამუშაოების შესაბამისი დოკუმენტაცია ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას უნდა წარუდგინოს.

 

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა სოფელ ვერნებში აშენებულ საბავშვო ბაღის შენობას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე ჩაიბარებს.

ბათუმში ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-8 საერთაშორისო გამოფენის გახსნის დღე ხალხმრავალი და ხმაურიანია. სასტუმრო „შერატონის“ მეორე სართულზე გამართულ პავილიონებში დამთვალიერებელს შეუძლია აჭარაში მოქმედი სასტუმროებისა და სხვადასხვა კომპანიების შეთავაზებებს გადაავლოს თვალი, ასევე გაეცნოს აჭარის მუნიციპალიტეტებიდან წარმოდგენილ პროდუქციას, კერძებს, მოისმინოს ხალხური მუსიკა და შეიძინოს გამოფენაზე წარმოდგენილი ნივთები. 

ტურისტული გამოფენის გახსნას აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წევრები და აჭარაში მყოფი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

დღეს ტურუსტული გამოფენა 18 საათამდე გაგრძელდება, ხვალ კი გამოფენის დათვალიერება დილის 10-დან საღამოს 18 საათამდეა შესაძლებელი. გამოფენა 22 მაისს დაიხურება. 

EXPO BATUMI 2015”-ში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიები. სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნებისა და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები. 

გამოფენაში მონაწილეობს ოთხმოცამდე კომპანია საქართველოდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, ლიტვადან, პოლონეთიდან, ბელორუსიადან და ყაზახეთიდან. 

გამოფენის მხარდამჭერები არიან: აჭარის მთავრობა, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო- სამრეწველო პალატა, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და ბათუმის ტურისტული სააგენტო.

ბათუმელი მოფარიკავეები საქართველოს ჩემპიონატზე მეორე ადგილებზე გავიდნენ

 

 

საქართველოს ჩემპიონატი ფარიკაობაში 2015

 

საქართველოს პირადი პირველობა ფარიკაობის სამ სახეობაში: რაპირაში, დაშნასა და ხმლით ასპარეზობაში, 15-17 მაისს თბილისში ჩატარდა.

 

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის გენერალური მდივნის დავით სახვაძის ინფორმაციით, ჩემპიონატში 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა თბილისიდან, ზესტაფონიდან, ქუთაისიდან, ოზურგეთიდან. ასევე ასპარეზობდნენ მოფრიკავეები აფხაზეთის სახელითაც.

 

გამარჯვებულებს მედლები და დიპლომები გადასცეს.

 

ქართველი მოფარიკავები სამომავლოდ ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან, რომელიც 5-11ივნისს შვეიცარიაში ჩატარდება.

 

 

2015 წლის საქართველოს ჩემპიონატი ფარიკაობაში – გამარჯვებულები:

 

 

 

ფარიაკაობა ხმლით

გოგოები:

I ადგილი – თეოდორა კახიანი (თბილისი)

II ადგილი – მარიამ ფხაკაძე – (ქუთაისი)

III ადგილი – ანა აფრასიძე (თბილისი)

III ადგილი – ელენე ნანობაშვილი (თბილისი)

 

ვაჟები:

I ადგილი – სანდრო ბაზაძე (ქუთაისი)

II ადგილი – ნიკა შენგელია (თბლისი)

III ადგილი – ბექა ბაზაძე (ქუთაისი)

III ადგილი – ლუკა ობოლაძე (ქუთაისი)

 

 

 

ფარიკაობა რაპირათი

გოგოები:

I ადგილი – მარიამ ცუხიშვილი (რუსთავი)

II ადგილი – თინათინ ბოლქვაძე (ბათუმი)

III ადგილი – ანა მელია (თბილისი )

III ადგილი – მარია ზაკრიჩენკო (ქუთაისი)

 

ვაჟები:

I ადგილი – ლუკა ღაღანიძე (თბილისი)

II ადგილი – არჩილ უგულავა (ბათუმი)

III ადგილი – გიორგი ჭუმბურიძე (ქუთაისი)

III ადგილი – ლაშა გალუაშვილი (თბილისი)

 

 

ფარიკაობა დაშნით

გოგოები:

I ადგილი – ანი ბიბიჩაძე (ქუთაისი)

II ადგილი – ნუცა იაგორაშვილი (თბილისი)

III ადგილი – მარია ზაკრიჩენკო (ქუთაისი)

III ადგილი – მარიამ ლომიძე (თბილისი)

 

ვაჟები:

I ადგილი – გიორგი ქაფიანიძე (რუსთავი)

II ადგილი – დავით ელბაქიძე (თბილისი)

III ადგილი – დაჩი გალდავაძე (თბილისი)

III ადგილი – დავით არველაძე (თბილისი)

 

 

 

 

ხვალ ბათუმში სამსახურში ველოსიპედით მისვლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

 

დათო ტრაპაიძის ფოტო
დათო ტრაპაიძის ფოტო

ღონისძიების მიზანია საზოგადოებაში ჯანსაღი ტრანსპორტის პოპულარიზაცია და იმ მოქალაქეების წახალისება, რომლებიც მუდმივად სარგებლობენ ველოსიპედით. 

 

ამ დღეებში “ბათუმველო“ “EXPO BATUMI”-ს ფარგლებში დარეგისტრირებულ მსურველებს ფასდაკლებასაც სთავაზობს. ერთწლიანი ბარათის სტანდარტული ფასი 20 ლარია, თუმცა „ექსპო ბათუმზე“ დარეგისტრირებული დამთვალიერებლები ბარათს 50-პროცენტიანი ფასდაკლებით, 10 ლარად შეიძენენ და ბარათის გამოყენებას მთელი წლის მანძილზე შეძლებენ. ერთი საათით „ბათუმველოს“ ველოსიპედით სარგებლობის ფასი 2 ლარია. ივნისიდან „ბათუმველოს“ ბარათის ფასი ივნისიდან ასეთი იქნება:   

 1-დღიანი პაკეტი – 4 ლარი; 10-დღიანი პაკეტი –  10 ლარი; ერთწლიანი პაკეტი – 20 ლარი 

 

„ბათუმველოს“ საკუთრებაში 370 ველოსიპედია, ბათუმში სულ 23 ველოტერმინალია.

 

 

 

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ წინააღმდეგ „ირინას აფთიაქის“ საჩივარი დაკმაყოფილდა

 

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ თავისივე აბონენტები არაკანონიერად დაჯარიმებასა და უსაფუძვლო გაფრთხილების გამო ედავებოდნენ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია [სემეკი] ენერგოკომპანიის წინააღმდეგ ბოლოს რამდენიმე საქმეს განიხილავდა. მოდავეები ძირითადად ბათუმიდან იყვნენ: შპს „ირინა შანიძე და კომპანია“ („ირინას აფთიაქი“), „ფრანგული  სკოლა“, „ოპტიმუმ რ“ და ი/მ „ირმა ინასარიძე“.

 

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ შპს „ირინა შანიძე და კომპანია“ 15 ათასი ლარით იყო  დაჯარიმებული, „ფრანგული სკოლა“ – 1200 ლარით, „ოპტიმუმ რ“-ი კი გაფრთხილებულია.

 

მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ბავშვების პრობლემები

გასულ კვირას სახალხო დამცველმა ორი სპეციალური ანგარიში – “საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა და `სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგის შედეგები”  წარმოადგინა. ანგარიშები სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრმა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მოამზადა. მონიტორინგის მიხედვით გამოიკვეთა, რომ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში არასათანადოდ ხორციელდება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სოციალური პროგრამები.

უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვებისთვის სათანადო საცხოვრებელი და სასწავლო სააღმზრდელო რესურსით უზრუნველყოფა, ბავშვთა მიმართ ძალადობისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობისგან დაცვის უფლებისთვის საჭირო რეფერირების პროცედურები, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, ჯანმრთელობის უფლების ხელმისაწვდომობა, ხარისხიანი, ეფექტიანი და ხელმისაწვდომი ზოგადი განათლების იმპლემენტაცია. პრობლემურია შეზღუდული შესაძლებლობების საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების დაცვის საკითხი და ინკლუზიური განათლების დანერგვის ხარისხი, მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის ქვეპროგრამების განხორციელება.

სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგის მიხედვით, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდის. შედარებით დაბალია ფიზიკური ძალადობის ფაქტები. ამასთან, საბავშვო ბაგა-ბაღების დიდი ნაწილი ფუნქციონირებს არასათანადო ინფრასტრუქტურული და სანიტარულ-ჰიგიენური გარემოს პირობებში.
ასევე გამოიკვეთა ადრეული და სკოლამდელი განათლების უფლების პრაქტიკაში დანერგვის პრობლემები, აღმზრდელ-პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროება; დისკრიმინაციული დამოკიდებულება შშმ აღსაზრდელთა მიმართ. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ნაწილში არასათანადოდ არის დაცული კვების ორგანიზაციული წესების სტანდარტი. გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, საშა გრაუმანმა მონიტორინგის მნიშვნელობაზე ისაუბრა და დასძინა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

ადრეული ქორწინება აჭარაში

1-3 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ორგანიზებით, აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში (ბათუმი, ხულო, შუახევი, ქედა) ადრეულ ასაკში ქორწინებასა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა. შეხვედრები მიზნად ისახავდა რეგიონში არსებული ქალთა მიმართ ძალადობისა და ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების განხილვას.

დისკუსიის მიმდინარეობისას ისაუბრეს რეგიონში არსებულ პრობლემებზე, მათ გამომწვევ ფაქტორებსა და თანმდევ შედეგებზე. შეხვედრებზე მონაწილეობა მიიღეს მასწავლებლებმა, სოციალურმა მუშაკებმა, გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, ახალგაზრდებმა და თემით დაინტერესებულმა სხვა პირებმა. როგორც სახალხო დამცველის ანგარიშში წერია, შეხვედრებზე გამოიკვეთა, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თემა კვლავ ტაბუდადებული საკითხია – მასზე არ საუბრობენ და, შესაბამისად, იდენტიფიცირებულ შემთხვევათა რაოდენობა კვლავ მცირეა. აღინიშნა, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით შემცირებულია. ხოლო იძულებითი ქორწინების შემთხვევებს საერთოდ არ აქვს ადგილი.

ათავისუფლებენ თუ არა ციხის დირექტორს ბათუმში

კახაბერ გველესიანია

კახაბერ გველესიანი ბათუმში ციხის დირექტორად გასული წლის დეკემბერში დაინიშნა, მან ალექსანდრე პეტროსიანი შეცვალა. გველესიანს მანამდე ქუთაისში ციხის დირექტორის თანამდებობა ეკავა.

რა შეცვალა სამოქალაქო აქტივიზმმა თვითმმართველობაში

ვახუშტი მენაბდემ აქცენტი გააკეთა იმ ხარვეზებზე, რომელიც თვითმმართველობის კანონს გააჩნია : „მე არ ვარ სამოქალაქო აქტივიზმის მკვლევარი, ამიტომ ჩემი პოზიციები არის, როგორც დამკვირვებლის პოზიციები და მეც ვცდილობ რომ, ის პრობლემები რაც საერთოა და აწუხებს საზოგადოებას ჩემი აქტივიზმის ნაწილიც იყოს.

თვითმმართველობის რეფორმა რომელიც დაიწყო 2013 წელს, გვპირდებოდა რომ ის არსებითაც შეცვლიდა ვითარებას, თუმცა პროცესმა აჩვენა რომ ის დაპირებები უფრო იყო ამბიციური, ვიდრე შედეგები, რომელიც თუნდაც შემოთავაზეწბული კანონის პირობებში გვაქვს. ჩვენ არ გვყავს თვითმმართველ ერთეულებში არცერთი ოპოზიციონერი ქალაქის მერი თუ გამგებელი, ყველაზე რევოლუციური ცვლილება რაც განხორციელდა, ეს იყო პირდაპირი არჩევითობა, ვიხილეთ მეორე ტურებიც, თუმცა ოპოზიციის ვერცერთი კანდიდატი ვერ გახდა გამგებელი“.

ვახუშტი მენაბდემ  ყურადღება გაამახვილა რეგიონალურ დონეზე თვითმმართველობების განვითარებაზე. რომელიც ვერ განხორციელდა.

„სამწუხაროდ რეფორმის პროცესში ჩვენ დავთმეთ ერთი ნაბიჯი და საბოლო ჯამში მივიღეთ ის რომ რეგიონის დონეზე არ გვყავს თვითმმართველობა. ამას ორი არსებითი მოწინააღმდეგე ჰყავდა, ძალოვანი უწყებების სახით და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელმაც უაყოფითი პოზიცია დააფიქსირა და ეს დაუკავშირა სეპარატიზმს, რაც ძალიან სიმპტომატურია და თვისობრივად ახალი განაცხადი იყო მათი მხრიდან.

კიდევ ერთი საკითხი არის, ადგილობრივი სათემო საბჭოები, რომელიც თვითმმართველობის კონცეფციის მიხედვით უნდა შექმნილიყო ადგილებზე და ადამიანებს ექნებოდათ შესაძლებლობა საკუთარი ინტერესები დაეცვათ. ის იძლეოდა კარგ საშუალებას იმისა, რომ ადგილობრივ დონეზე ჩამოყალიბებულიყვნენ თემის ლიდერები, პარტიული ვერტიკალის მიღმა და ეს საკითხიც დაიბლოკა, რისი მთავარი მიზეზიც ის იყო, რომ  ადგილობრივ დონეზე ცენტრალურ ხელისუფლებას არ აწყობდა თემის ლიდერების გაჩენა, რომელთაც ექნებოდათ საზოგადოებრივ აზრზე გავლენა  და ადგილობრივ დონეზე პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობა“.

ვახუშტი მენაბდეს თქმით, მიუხედავად იმისა რომ მოქალაქეები ირჩევენ თავიანთ წარმომადგენლებს,  ადგილობრივ დონეზე შექმნილი სათემოები ეს იქნებოდა უშუალო დემოკრატიის ფორმა, რომელიც არ განხორციელდა.

„ადგილობრივი თვითმმართველობა არის არა ადვოკატირების ადგილი, არამედ მოქალაქე თავად არის მექანიზმი, რომელსაც შეუძლია აქტივობა განახორციელოს. თვითმმართველობები  დღეს  ატარებენ არა მოქალაქეების ინტერესებს, არამედ პარტიულ ინტერსებს. თუ ადგილობრივ თვითმმართველობას დავინახავთ როგორც პოლიტიკური პრძოლებისთვის განკუთვნილ სახელმწიფო სტრუქტურას, მაშინ ჩვენ ამ ხედვაში დავკარგავთ ძალიან მნიშვნელოვანს. ჩვენ წარმომადგენლებს ვირჩევთა არა იმიტომ რომ პოლიტიკური ხედვები წარადგინონ თვითმმართველობების დონეზე და ეს ხედვები დაიცვან არამედ იმიტომ, რომ მათ როგორც რიგითმა აქტივისტებმა, დაიცვან მოქალაქეების ინტერესები“.

მენაბდეს აზრით, თვითმმართველობის კანონის ხარვეზია ისიც, რომ საინიციატივო ჯგუფებს   არ აქვთ მერების და გამგებლების კანდიდატების წარდგენის უფლება.

„ეს იმას ნიშნავს რომ კანონმდებლებსაც კი ადგილობრივი თვითმმართველობა ესმის არა როგორც მოქალაქეების უშუალო ჩართულობის ადგილი, არამედ მას უყურებენ როგორც პოლიტიკური გავლენის მექანიზმს. რაც საბოლო ჯამში აისახება კიდეც დღეს თვითმმართველობებზე“.

 

ლაშა სირაბიძის თქმით, არჩევნების შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობებში ცვლილება მიდის და ის არ წარმოადგენს პოლიტიკური ბრძოლის ველს.

„არის საზოგადოებრივი დარბაზი და მრჩეველთა საბჭოები და ისინი ყოველდღიურ რეჟიმში გვაწვდიან ინფორმაციას. ჩვენც გასული ვართ  მოსახლეობაში და ვიღებთ ინფორმაციას“.

ლაშა სირაბიძის განცხადებით, მრჩეველთა საბჭოში ადამიანები არ არიან პოლიტიკური ნიშნით შერჩეული და მათ შეუძლიათ განიხილონ პრიორიტეტები. „მათ აქვთ პრივილეგიები, შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილდნენ შენობაში, მოაწყონ შეხვედრები და გამართონ დისკუსიები“.

საკრებულოს სამოქალაქო საბჭოს წევრის, სოფო ჟღენტის თქმით, თვითმმართველი ხელისუფლება ნამდვილად ხვდება და უსმენს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს, თუმცა მათი რეკომენდაციების გათვალისწინება ხშირად არ ხდება:

„რა შედეგები მოგვიტანა ამ მოსმენებმა და შეიცვალა თუ არა რამე?  სამწუხაროდ, დიდი გავლენა არ აქვს“.

სოფო ჟღენტის აზრით, სამოქალაქო საბჭოს ბევრი კითხვა ჰქონდა თუნდაც ჰოკეის კლუბის გახსნასთან დაკავშირებით, რაზეც კონკრეტული პასუხები საბჭომ ვერ მიიღო:

„საკრებულოს წევრები კლუბის დაარსების აუცილებლობაზე როცა ვსვამდით კითხვებს, ამბობდნენ რომ „სულ რაღაც 200 ათასზეა საუბარი, რატომაც არა, ისრიალონ“.  მათ არ ჰქონადათღ კითხვებზე პასუხი იყო თუ არა წინასწარი გამოკითხვები მოსახლეობაში და რატომ იყო პრიორიტეტული ჰოკეის კლუბი, მაშინ როცა ბათუმზე შემოერთებულ კახაბრის ტერიტორიაზე არ არსებობს წყლის სისტემა და მოსახლეობა კუსტარულად გათხრილი ჭებიდან მოიპოვებენ წყალს.  ახლა იწყება 2016 წლის პრიორიტეტებზე მუშაობდა და იმედი მაქვს რომ მოხდება იმ პრიორიტეტების გათვალისწინება რაც სამოქალაქო საბჭოს აქვს“.

 

იურისტმა ლინდა ღვინიანიძემ აქცენტი გააკეთა სამოქალაქო აქტივიზმის გამოცდილებაზე.

„როცა კითხვა დგას ასე, – როგორ შეცვლა სამოქალაქო აქტივიზმმა თვითმმართველობა? ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, საერთოდ გვაქვს თუ არა აქტივიზმი ადგილობრივ დონეზე.   მე მგონია რომ ჩვენ ასეთი ტიპის გამოცდილებები რეგიონებში, მუნიციპალიტეტების დონეზე  არ გვაქვს“.

ლინდა ღვინიანიძის თქმით, სამოქალაქო აქტივიზმი არის ორგანიზებული ჯგუფების ინდივიდუალური ძალისხმევა რომ რაღაც ტიპის ცვლილება განხორციელდეს.

„აქტივიზმის ყველა მცდელობა იწყება თბილისში. რეალურად, პოლიტიკური ცენტრი არის თბილისი, ამდენად სამოქალაქო ჯგუფები უფრო მეტად ჩნდება ცენტრში, რადგან მიმართება და პოლიტიკური მესიჯის მიტანა შესაძლებელი არის მხოლოდ იქ“.

არჩილ ხაბაძე: დემურ დიასამიძის გადაყვანას სხვა პოზიციაზე ვაპირებთ

 

არჩილ ხაბაძე
არჩილ ხაბაძე

 „დემური ფიქრობს, რომ კერძო სექტორში წავიდეს, მაგრამ ჩემი დაჟინებულ ითხოვნაა და ვფიქრობ, გაითვალისწინებს, ის უნდა დარჩეს მთავრობაში. ის არის ჩემი გუნდის წევრი და ვფიქრობ, რომ მისი პოტენციალის გაშვება ხელიდან იქნება ჩემი მთავრობისთვის ძალიან დიდი დანაკარგი. მის გადაყვანას ვაპირებთ სხვა პოზიციაზე, იქ, სადაც უფრო მნიშვნელოვანია და მტკივნეული თემებია გასაკეთებელი და განსახორციელებელი, ვფიქრობ იქ უნდა ამოხდეს შესაბამისი კადრის გადაყვანა“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ ჟურნალისტებთან.

 

დემურ დიასამიძემ დღეს, 19 მაისს, ბათუმში საერთაშორისო ტურისტული გამოფენის გახსნამდე ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ საკუთარი სურვილით დაწერა განცხადება პოსტის დატოვების შესახებ. იგი უარყოფს ინფორმაციას, რომ მისი გადადგომა გუშინ, 18 მაისს ბათუმში პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ვიზიტს უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მუშაობით უკმაყოფილოა. 

ბათუმის ორ კაფეში ცხენის ხორცი აღმოაჩინეს

 

სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა აღნიშნული კაფე-ბარებიდან ხორცის სახეობრივი კვლევისთვის აიღეს მზა კულინარიული ნაწარმის ნიმუშები და გამოსაკვლევად აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს.

 

კვლევის შედეგად ი.მ „გელა ახალაძის” კაფე-ბარ „რონიკასა” და ი.მ „ვაჟა ქართველიშვილის” კაფე-ბარ „ქართველოში” იდენტიფიცირდა ცხენის ხორცი, რის გამოც, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბიზნესოპერატორები 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსმა თანამდებობა დატოვა

 

დემურ დიასამიძე
დემურ დიასამიძე

„რამდენიმე კერძო კომპანიისგან მაქვს შემოთავაზება, ჯერ ვერ გეტყვით სად ვიმუშავებ. ის, რომ პრემიერმა გამოთქვა უკმაყოფილება ჩემი მუშაობის გამო, არ შეესაბამება სიმართლეს, პირიქით საქებარი სიტყვები მოვისმინეთ გუშინ  სასტუმრო ჰილტონის გახსნაზე. მე დეპარტამენტში ძლიერი გუნდი დავტოვე, რაც ასევე იმას ნიშნავს, რომ კარგად ვიმუშავეთ. ჯერ მთავრობის თავმჯდომარეს განცხადება არ დაუკმაყოფილებია“ – განაცხადა დემურ დიასამიძემ „ბათუმელებთან“.

 

ხვალ, 20 მაისს, ბათუმში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა „ექსპო ბათუმი 2015″ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გარეშე გაიხსნება.  

 

Exit mobile version