იტალიელი სტუმრების შესრულება ბათუმის ქუჩის პიანინოსთან {video}

 

 

 

 

ათი ფერადი პიანონი ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, სხვადასხვა ადგილზე „ჰიტ ბათუმის“ ფარგლებში ორი კვირის წინ განათვსეს.

პიანინოები ქუჩებში ორი თვის განმავლობაში იქნება განთავსებული და ნებისმიერ მსურველს შეეძლება დაკვრა.

 

ბათუმში განთავსებული პიანინოები სამართალდამცავების ყურადღების ობიეტტიც გახდა.

 

რამდენიმე დღის წინ ბათუმის ბულვარში, ბარბარეს ეკლესიასთან ახლოს განთავსებული პიანინო ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა წააქცია.

დაცვის პოლიციამ გამოიძახა პოლიცია, რის შემდეგაც მამაკაცი დააკავეს. 

 

როგორც “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაცვის პოლიციამ დაკავებული პოლიციის მე-6 განყოფილებას  გადასცა. უწყების ცნობით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო, აღიარა ბრალდება და აიღი ვალდებულება, რომ დაზიანებული პიანინოს შეაკეთებს. ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

 

რაც შეეხება პასუხისმგებლობის,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას. “რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.”

 

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, პიანინოები განთავსებულია შემდეგ მისამართებზე:

– ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორია

– პიაცა

– ერას მოედანი – რესტორან BK-ის მიმდებარე ტერიტორია

– სექტორი 36-37 – რესტორანი სანრემოსკენ

– კოლონადების უკან, პალმასთან

– „თეიქ 5“-ის მიმდებარე მოედანი

– გრილთაუნის ტერასა – მიმდებარე ტერიტორია

– შოთა რუსთაველის სკვერში გარდენის მიმდებარე ტერიტორია

– კაფე ფან-ფანის მიმდებარე ტერიტორიაზე ბულვარის სკვერში, ქანდაკება გულთან

– სექტორი 22-23 – საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორია

პიანინოები მოხატეს ბათუმის სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა. 

 

 

ქუჩაში გამოფენილი ქოლგები და იდეის ავტორები

„იდეა გაჩნდა და გავაკეთეთ. ხალხი მოდის , მოსწონთ. ფოტოს იღებენ. ეს ჩვენც გვახარებს. უფრო მეტი ფერადი ქოლგა გვინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა. თუ მოგწონთ მთელ ქუჩაზე გამოვფინოთ, ზღვამდე.“

იდეის ავტორებმა ქოლგები საკუთარი სახსრებით შეიძინეს, მათ განთავსებაზე კი თანხმობა ბათუმის მერიისგან მიიღეს.

ნაკლებად მწვანე ბათუმი და სკვერების გაყიდვის სამთავრობო პოლიტიკა

აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთა ერთ-ერთი ის ადგილია, რომელიც ბოლოს ბათუმის მერიამ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადასცა, ხოლო ამ უკანასკნელმა გაყიდა.

აქ გამწვანებული ზოლის ნაცვლად ქალაქი მრავალსართულიან კორპუსს, მერია კი – რამდენიმე ბინას მიიღებს. მოსახლეობისა და საზოგადოების პროტესტმა ვერ გაჭრა. სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია.

არსებობს ინფორმაცია, რომ ბათუმის მერია კვლავაც აპირებს გააგრძელოს ფინანსთა სამინისტროსთვის სკვერების გადაცემის პოლიტიკა, რომელიც თავის მხრივ, ამ სკვერებს ინვესტორს მიჰყიდის. ბათუმის საკრებულოს წევრების, მათ შორის უმრავლესობის წარმომადგენლების არაოფიციალური ინფორმაციით, ამის თაობაზე დოკუმენტები მზადების პროცესშია. შესაბამისად, „ბათუმელები“ ამ ინფორმაციის დაზუსტებაზე მუშაობას აგრძელებს.

რამდენი სკვერია ბათუმში

და მაინც, რამდენი სკვერია ბათუმში? – ამ მონაცემების მოწოდების თხოვნით მერიას „ბათუმელებმა“ მისწერა. „გთხოვთ, დაუყოვნებლივ მოგვაწოდოთ ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე არსებული სკვერების, პარკების, გამწვანებისა და რეკრეაციული ზონების [მწვანე საფარის] სრული ნუსხა, – აი, ამ ინფორმაციის მოსაწოდებლად მერიას 10 სამუშაო დღე არ ეყო.

ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის დირექტორის ეთერ მაჭუტაძის თქმით, ისინი 134 სკვერს უვლიან, რომლის ფართობიც ჯამში 3846 კვ/მ-ია [ანუ 0,4 ჰექტარი. აქედან რამდენს აქვს ოფიციალურად სკვერის სტატუსი – მერიის აღნიშნულ სამსახურში არ იციან. ცალკეა გზაგამყოფი გაზონები და ბალახით დაფარული მწვანე საფარი].

მერიისგან გამოცალკევებულია ბულვარიც, სადაც მცენარეების მოვლა-პატრონობას „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“ არ ახორციელებს. ბულვარის ადმინისტრაციის ვებგვერდის მონაცემებით, ბულვარის მთლიანი ფართობი 103,1 ჰა-ია, აქედან, მწვანე გაზონებს – 34,8 ჰა, ბაღებსა და მოედნებს კი 27 ჰა უკავია.

ცალკეა „6 მაისის პარკიც“, რომლის ტერიტორიაც 15,7 ჰექტარია [უშუალოდ სკვერის, ნურიგელის ტბის, დელფინარიუმის, აკვარიუმის, ზოოკუთხისა და ატრაქციონების ჩათვლით].

„არსებული მონაცემების გათვალისწინებით (ბათუმში სკვერებსა და გაზონებს 80 ჰა-მდე ფართობი თუ უკავია, ანუ ბულვარის, 6 მაისის პარკისა და გაზონების ჩათვლით 4,4 კვ/მ ერთ სულ მოსახლეზე, ეს ძალიან ცოტაა, რადგან სტანდარტით  უნდა იყოს 15 კვ/მ), ბათუმში მწვანე საფარი მინიმუმ 200 ჰექტარზეა მოსაწყობი, ევროპულ სტანდარტს რომ მივუახლოვდეთ.

რამდენი უნდა იყოს გამწვანება ქალაქში ერთ ადამიანზე

„როცა ბათუმში ჩამოვდივარ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ არის მწვანე და ბიბინა ქალაქი, თუმცა, როგორც მითხრეს, არც ბათუმშია ევროპული სტანდარტები, ანუ ერთ სულ მოსახლეზე არანაკლებ 15 კვადრატული მეტრი გამწვანება. ბათუმში, როგორც მითხრეს, არის 5-6 კვ/მ, რაც არ არის კარგი“, _ ამბობს „პარტიზანი მებაღე“ ნატა ფერაძე.

„პარტიზან მებაღეს“ ეთანხმება ეთერ მაჭუტაძეც: „საქართველოს დანარჩენ ქალაქებთან შედარებით ბათუმი ყველაზე უფროა გამწვანებული, თუმცა ბევრია გასაკეთებელი, რომ ერთ სულ მოსახლეზე 12-15 კვ/მ გამწვანება გვქონდეს. ამას ითხოვს საყოველთაოდ მიღებული სტანდარტები. “

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს ბათუმში 180 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო ქალაქის ტერიტორია 6494 ჰექტარია. თუ ზემოთ აღნიშნულ სტანდარტს გავითვალისწინებთ, ბათუმში 270 ჰექტარი რეკრეაციული ზონა უნდა იყოს.

ეთერ მაჭუტაძის აზრით, ბათუმში ჰაერის დაბინძურება მინიმუმამდე რომ დავიდეს, 100 ათასი ხე-მცენარის დარგვაა საჭირო, რის მიღწევასაც ის 2-3 წელში აპირებს. თუმცა, მისი სამსახურის მოვალეობა მხოლოდ დარგვა და მოვლა-პატრონობაა და არა ქალაქის გამწვანების [სკვერების, პარკების, რეკრეაციული ზონების] დაგეგმარება, თუ სად რა მოეწყოს.

ბეტონების უბანი“

„ჩვენს ქალაქებში ინვესტორი და არქიტექტორი სადაც თითს დაადებენ, იქ იწყებენ მშენებლობას. დაგეგმარების გარეშე აშენებული ქალაქი კი პერსპექტივაში ეკონომიკურადაც წამგებიანი ხდება“, – ამბობს ნატა ფერაძე. – „ქალაქის გამწვანება მეცნიერებაა, რომელიც ევროპაში ძალიან კარგადაა შესწავლილი. არის გარკვეული ფორმულები და წესებიც კი, თუმცა არ არის აუცილებელი სპეციალისტი იყო. საკმარისია აიღო წიგნი, ინტერნეტრესურსი და ჩაიხედო… ქალაქში, ყოველ 5 წუთში, ფეხით მოსიარულეს უნდა ხვდებოდეს სკვერი ან მწვანე სივრცე, სადაც შეძლებს დასვენებას. კონკრეტულად ბათუმზე ვერ გეტყვით, მაგრამ თბილისში მთელი საათი შეიძლება ისე იარო, ბეტონის გარდა ვერაფერი ნახო“.

„ბეტონების უბანი“ ბათუმშიც გაჩნდა _ იქ, სადაც ახალი მშენებლობებია. ერთ-ერთ ასეთ ადგილად ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელი, ეთერ მაჭუტაძე ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიას ასახელებს: „ხიმშიაშვილზე ხეს ვეღარ დარგავ… პირადად, რომ მაჩუქონ მაქ ბინა, არ შევალ… თუმცა, რამდენადაც ვიცი, მერიის დამოკიდებულებაა, არ გავიდეს არც ერთი ისეთი პროექტი, თუ გამწვანება და პარკინგი არ ჩაიდება~.

რატომ არის აუცილებელი გამწვანება

ნატა ფერაძის თქმით, ცოტამ თუ იცის, რომ ქალაქში სწორად დარგული ურბანული ხეები გვიმცირებს კომუნალურ გადასახადებს: „ზამთარში აკავებს ცივი ჰაერის ნაკადებს და ქარს, ზაფხულში კი მეტი ჩრდილი აქვს და კონდიცირებაზე ნაკლები გვეხარჯება. სწორად დარგული ურბანული ხეები აკავებს წვიმას, ნიადაგიდან იწოვს წყალს და ფუნდამენტს იცავს ნესტისგან. ამასთან, სტატისტიკურად, რაც უფრო გამწვანებულია ქალაქი, მით ნაკლებია კრიმინალი. პაციენტები კი, როცა საავადმყოფოს ფანჯრიდან მწვანე საფარს ხედავენ, გაცილებით მალე გამოდიან მდგომარეობიდან. ადამიანის ფსიქიკაზე დიდი გავლენა აქვს მწვანე საფარს. ის, რომ ჟანგბადს გამოყოფს, ეს ყველამ ვიცით“.

რას ვრგავთ

„ეკოლოგიური სარგებელი რომ მიიღონ, ევროპასა და ამერიკაში სპეციალური ხის ჯიშებია შერჩეული ქალაქში დასარგავად“, – ამბობს ნატა ფერაძე. – „თბილისში უგულვებელყოფილია ყველა წესი, ჩეხავენ ხეებს და თუ რგავენ, არასწორი ხეები ირგვება. ზღვისპირა ქალაქს, ალბათ, სხვა სტანდარტებიც აქვს, სუბტროპიკული ზოლია და მეტი ხე ხარობს. პალმა არაჩვეულებრივი ხეა ზღვისპირისთვის, თუმცა ბათუმში მაინც მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაა, გამონაბოლქვს ვგულისხმობ, ამიტომ სწორად შერჩეული ხეები სჭირდება ბათუმს, მიუხედავად იმისა, რომ აქვს ძალიან კარგი ფილტრი – ზღვა. ბათუმს ზღვა ეხმარება ჰაერთან მიმართებაში და ამიტომ თბილისისგან განსხვავებით, აქ  სუნთქვა არ ჭირს“.

ეთერ მაჭუტაძის თქმით, ის ცდილობს ისეთი ხეები შეარჩიოს, რომლებიც ბათუმის გარემოპირობებთანაა ადაპტირებული: „ვცდილობ, მცენარეები იმ კუთხითაც შევარჩიო, რომ ისინი იმ დიდი გამონაბოლქვის წინააღმდეგ გამოიყენებოდეს, რაც ქალაქში გვაქვს ავტომანქანების გამო. ასეთი ხეებია, მაგალითად, ირმის რქა, მაგნოლიები – მარადმწვანეც და ფოთოლთმცვენიც“.

ეთერ მაჭუტაძის ინფორმაციით, ბათუმში მოწყობილია 199 ე.წ. კლუმბა, ანუ ნაკვეთები, სადაც ყოველწლიურად ჯამში 1 200 000 სეზონური და დეკორატიული ერთწლოვანი ყვავილი ირგვება. 2012 წლიდან დღემდე კი ქალაქში 12 814 დეკორატიული ხე-მცენარე და ბუჩქი დაირგო.

ნატა ფერაძე ამბობს, რომ თბილისში პრობლემაა სპეციალისტების: „მრჩება შთაბეჭდილება, რომ იგივე მდგომარეობაა ბათუმშიც. თბილისში მთის ფერდობზე მშენებარე მაღლივი კორპუსები გვიკეტავს მთის ჰაერს და იგივე იქნება ზღვასთან მიმართებაშიც, მთელ ზოლში არ უნდა აშენდეს ისეთი შენობები, რომ ქალაქში ზღვიდან ჰაერის ნაკადის შემოდინება დააკავოს… ქალაქგეგმარებისა და ურბანისტის გარეშე მიმდინარე მშენებლობების დროს არა მარტო ჰაერის, არამედ გზების ინფრასტრუქტურა და სხვა კომუნიკაციებიც არა მგონია სრულად პასუხობდეს სტანდარტებს“.

ჯაზ-ფესტივალის მეორე დღე – ენერგიული Liv Warfield და NPG Hornz

 ლივ ვორფილდი, შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი 2015; © ნეტგაზეთი

 34 წლის ვორფილდი კონცერტის დაწყებამდე ჟურნალისტებს ენერგიულ გამოსვლას დაპირდა და შეასრულა კიდეც – მისმა ძლიერმა ხმამ და ემოციურმა პერფორმანსმა, ასევე ბენდის NPG Hornz ენერგიულმა შესრულებამ მსმენელი გულგრილი არ დატოვა.

-მაგარია, ფანტასტიურია – ისმოდა შეფასებები.

 

სცენაზე გამოსული ამერიკელი მუსიკოსი მსმენელს ქართულად მიესალმა და შოუს დასრულებისას მადლობაც ქართულად გადაუხადა. ბისზე გამოსულმა მუსიკოსებმა სცენაზე ფესტივალზე მისული ბავშვები აიყვენეს და ბოლო კომპოზიცია მათი ცეკვის ფონზე შეასრულეს.

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი 2015, Liv Warfield feat NPG Hornz © ნეტგაზეთი

 

წინა დღის კონცერტისგან განსხვავებით, რომელიც დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა, ვორფილდისა და ჯგუფი NPG Hornz გამოსვლა საათნახევრიანი იყო. სწორედ შოუს ხანგძლივობის გამო, მსმენელთა ნაწილი იმედგაცრუებული დარჩა.

“იხალტურა, ცოტა იმღერა. ისე ფანტასტიური კონცერტი იყო, ძალიან კმაყოფილი ვარ, პირველად მოვუსმინე ამ მუსიკოსს და ძალიან მომეწონა”.

“საოცარი ენერგეტიკა მოდიოდა, მაგრამ გუშინდელთან შედარებით მალე დამთავრდა”,- აღნიშნეს მსმენელებმა ნეტგაზეთთან საუბარში.

ლივ ვორფილდმა და ბენდმა NPG Hornz საქართველო კმაყოფილებმა დატოვეს. როგორც ვორფილდმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ის ქართველების თბილმა მიღებამ აღაფრთოვანა.

მინდა, რომ ისევ ჩამოვიდე, გთხოვთ, დამპატიჟეთ – უთხრა ჟურნალისტებს ამერიკელმა მისიკოსმა.

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი 2015, Liv Warfield feat NPG Hornz © ნეტგაზეთი

ვორფილდის მუსიკალურ გემოვნებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინეს შემსრულებლებმა Nina Simone, Etta James, Tina Turner, Sade, Mary J. Blige. მისი პირველი ალბომი “Embrace Me” 2006 წელს გამოვიდა. მოგვიანებით, ლივ ვორფილდი პრინცის ჯგუფის „New Power Generation“ წევრი გახდა და მონაწილეობა მიიღო მის ელექტრონულ ლაივ შოუში “NPG Hornz’’. ბოლო რამდენიმე წელია,  მუსიკოსი სცენაზე პრინცთან და მის ბენდთან ერთად გამოდის. პრინცი ვორფილდის ყველაზე დიდი მხარდამჭერია.

2014 წელს გამოცემული მისი მეორე ალბომის პროდიუსერი სწორედ პრინცი იყო. 2014 წელს ლივ ვორფილდმა მუსიკალური შოუს „Soul Train“-ის ჯილდო მიიღო ნომინაციაში „წლის საუკეთესო ახალი მუსიკოსი“.

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის შემდეგი შემსრულებელი, 25 ივლისს,  LISA STANSFIELD იქნება.

შავი ზღვის 2015 წლის რიგით IX ჯაზ-ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია “ისთერნ პრომოუშენი”. ფესტივალის წარმდგენია “თი ბი სი სტატუსი”, ხოლო ძირითადი მხარდამჭერები – კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

პრივილეგირებული და დაჯარიმებული ინვესტორები – აჭარის მთავრობის ორმაგი სტანდარტი

 

შპს „ქროსვეისი“ ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც აჭარის მთავრობასთან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 2013 წელს 442 500 აშშ დოლარით, ხოლო 2014 წელს 32 500 აშშ დოლარით დააჯარიმეს. საბოლოოდ კი, სულ ჯარიმის სახით კომპანიამ ბიუჯეტის სასარგებლოდ 415 000 აშშ დოლარი გადაიხადა. დარჩენილი თანხისგან ინვესტორი აჭარის მთავრობამ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით გაათავისუფლა.

 

 

 

კომპანიას ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩის #10-ში სასტუმროს აშენების ვალდებულება აქვს. ამ მისამართზე მდებარე შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 2522,27 კვ/მ მიწის ნაკვეთი 2008 წელს აჭარის მთავრობამ პირობადებული აუქციონით შპს  „არაი ჯორჯიას“ სამი მილიონ დოლარად, 60-ნომრიანი სასტუმროს და სამორინეს მშენებლობის პირობით მიჰყიდა. კომპანიას მშენებლობა 2010 წელს უნდა დაესრულებინა. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებად ინვესტორს ვადა რამდენჯერმე გაუგრძელეს. 2013 წლიდან კი ამ პროექტის განხორციელების ვალებულება კომპანია „ქროსვეისს“ გადააბარეს. ამ დროისთვის არსებული შეთანხმებით კომპანიამ პროექტი 2015 წლის მაისამდე უნდა დაასრულოს.

 

„ქროსვეისი“ 2010 წელსაა დაფუძნებული და დაარსებიდან დღემდე კომპანიის  ერთპიროვნული მფლობელი თეიმურაზ უგულავაა. „ბათუმელები“ მასთან დაკავშირებას ცდილობდა, ინვესტორმა არც ზარებს უპასუხა და არც ელექტრონულ წერილებს.

 

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები რამდენჯერმე გაუგრძელეს, ხოლო მისი შეუსრულებლობის გამო 2015 წელს 340 000 აშშ დოლარის ჯარიმის გადახდა დაევალა შპს „აქტივ ბათუმსაც.“ ამ დრომდე კომპანიას ჯარიმით დაკისრებული თანხა ბიუჯეტში არ შეუტანია. „აქტივ ბათუმს“ აჭარის მთავრობამ 2010 წლის მარტში ბათუმში, მ.აბაშიძის #33-ში მდებარე 3 448კვ/მ შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 2 255 კვ/მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მიასხვისა (ყოფილი ფოსტის შენობა). შეთანხმების თანახმად, მყიდველს 2 500 000 დოლარის ექვივალენტი ლარში 2011 წლის 15 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა, ხოლო 100-ნომრიანი სასტუმრო ხელშეკრულების დადებიდან 48 თვის ვადაში, 2014 წლის გაზაფხულზე უნდა გაეხსნა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აიღო ასევე ვალდებულება, რომ სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ სამორინეს სანებართვო მოსაკრებელისგან 10 წლის განმავლობაში გაათავისუფლებდა. მშენებლობა დათქმულ ვადაში ვერ დასრულდა. ხელშეკრულებაში ბოლო ცვლილება 2014 წლის 30 მარტს შევიდა და სასტუმროს ექსპლოატაციაში შესვლის თარიღად 2016 წლის 30 იანვარი განისაზღვრა. შპს „აქთივ ბათუმის“ 100% წილის მფლობელი სააქციო საზოგადოება – „ირადა“ ლიხტენშტეინშია რეგისტრირებული.

 

 

ფოსტის შენობა ბათუმში
ფოსტის შენობა ბათუმში

 

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 2013 წელს 2 მილიონ 910 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს შპს „ჟასმინსაც,“ თუმცა მოგვიანებით ინვესტორს ყველა ჯარიმა აპატიეს, შესაბამისად, მას ბიუჯეტში ერთი თეთრიც არ გადაუხდია. ინვესტორს ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ყოფილი  #1 აფთიაქის შენობის ხარჯზე ახალი სასტუმროს მშენებლობის ვალდებულება აქვს აღებული. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

 

 

 

 

ახალი ხელშეკრულებით „ჟასმინს“ მშენებლობის ნებართვის აღებიდან 2 თვის განმავლობაში სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა უნდა დაეწყო და 24 თვის ვადაში დაესრულებინა. ამ ეტაპზე სამუშაოები ისევ არ მიმდინარეობს. 2015 წლის მარტში ახალ საინვესტიციო პროექტებზე გამართულ პრეზენტაციაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ ეს პროექტი განსახორციელებელ პროექტებში მოიხსენია.

 

„ჟასმინის“ 10% წილის მფლობელი თურქეთის მოქალაქე მეჰმეთ ქოჩარსლაია, ხოლო 90%-ის შპს „მელს თურიზმ გიდა ვე ინშაათ სანაია“, რომელიც ასევე თურქეთშია რეგისტრირებული.

 

ყოფილი პირველი აფთიაქის შენობა ბათუმში
ყოფილი პირველი აფთიაქის შენობა ბათუმში

2014 წელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის აჭარის მთავრობამ მაია სამადაშვილს 213 271 აშშ დოლარი ჯარიმა დააკისრა. ამ თანხიდან მას მხოლოდ 10 000 აშშ დოლარი აქვს გადახდილი. 2009 წელს პირობადებული აუქციონით მაია სამადაშვილმა ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, #30-ში მდებარე ყოფილი მეზღვაურთა საავადმყოფოს შენობა (1799,4 კვ/მ)  და მასზე მიმაგრებული 1362 კვ/მ მიწის ნაკვეთი შეისყიდა. გასულ წელს ამ მისამართზე ინვესტორმა „რედიქსის“ ჯგუფის აპარტოტელი „ლე პორტი“ გახსნა. „რედიქსის“ ჯგუფის დამფუძნებელი ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილია. 

შპს  „GEORGIA INN “- ზე დარიცხული პირგასამტეხლო კი 297 840 ლარია, აქედან ამ დროისთვის კომპანიას მხოლოდ 5 000 ლარი აქვს გადახდილი. შპს  „GEORGIA INN“ – ის მფლობელმა ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე დაუმთავრებელი შენობა და მასზე მიმაგრებული 22 666 კვ/მ მიწის ნაკვეთი 2009 წელს შეისყიდა.

 

შპს  „V&T Agro“ -ს აჭარის მთავრობამ ხელ¬შეკრ¬ულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის ბოლო ორი წლის განმავლობაში 219 703 ლარისა და 24 292 აშშ დოლარის ჯარიმა დააკისრა. კომპანიამ ბიუჯეტის სასარგებლოდ 15 071 ლარი გადაიხადა, დარჩენილი თანხის გადახდისგან კი გაათავისუფლეს „ვალდებულების შესრულების პირობით.“ აღნიშნული ვალდებულებები აჭარის მთავრობასთან კომპანია „V&P“-მა აიღო. რეესტრის მონაცემებით, ეს კომპანია „V&T Agro -ს შეერწყა და მთავრობასთან აღებული ვადებულებებიც ამ კომპანიაზე გადავიდა.

 

„V&P“-ს 2011 წლის 6 იანვარს პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადასცეს ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში მდებარე 10 000 კვ/მ და 1001 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას  2014 წლის პირველ ივნისამდე საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთიდან არანაკლებ 6200 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე თანამედროვე სტანდარტის  სასათბურე მეურნეობა და მასთან დაკავშირებული სერვისზონა უნდა მოეწყო, რაშიც არანაკლებ 400 000 აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.

 

შპს „ცენტრომედი“ იგივე „პრემიუმ რეზიდენსია“. კომპანიამ სახელი 2014 წელს შეიცვალა. აჭარის მთავრობასთან დადებული შეთანხმების თანახმად, ინვესტორს ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩის #48-ში პოლიკლინიკის გახსნის ვალდებულება ჰქონდა აღებული, თუმცა მოგვიანებით შეთანხმება შეიცვალა და კომპანია მთავრობას შენობაში აპარტოტელის გახსნაზე შეუთანხმდა. შენობამ ძეგლის სტატუსი შეინარჩუნა. ვადების დარღვევის გამო დაჯარიმებულმა ინვესტორმა ბიუჯეტის სასარგებლოდ 40 000 ლარი გადაიხადა. კომპანიამ აპარტოტელი გასული წლის ნოემბერში გახსნა. გახსნას არჩილ ხაბაძეც ესწრებოდა.

 

ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 391 500 ლარი ჯარიმა დაეკისრა შპს „ავანტე ჰოსპიტალების მართვის ჯგუფს,“ კომპანიამ ბიუჯეტის სასარგებლოდ 70 000 ლარი გადაიხადა, დარჩენილი თანხა კი ვალდებულების შესრულების პირობით აპატიეს. შპს „აგროდეკორსერვისს“ 18 886 ლარი დააკისრეს და 4281 ლარი გადაახდევინეს, დარჩენილი თანხა აპატიეს. 61 642 ლარი დაეკისრა შპს „TECNO SERVIS“ -ს. კომპანიამ ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარი გადაიხადა დარჩენილი თანხა აპატიეს. ჯარიმის სახით 57 000 ლარი დაეკისრა „ავრასია ჯორჯიას“ კომპანიამ 4 000 ლარი გადაიხადა.

 

ჯარიმა ნაწილობრივ ან სრულად კიდევ რამდენიმე კომპანიას გადაახდევინეს.

ოფიციალური დოკუმენტაციის შესწავლის გზით ცხადი ხდება, რომ სახელმწიფოსთან ნაკისრი ვალდებულებების გამო 863 850 ლარი დაეკისრა ირის ბორჩაშვილს. თანხა არც მას გადაუხდია.

 

ინვესტორებს, რომლებსაც მთავრობამ ჯარიმები სრულად ან ნაწილობრივ გადაახდევინა, მედიასთან საუბარი არ სურთ. ძირითადად ზარებს მათი თანამშრომლები პასუხობენ; ვინც პასუხობს, იმითაც კმაყოფილია, რომ ჯარიმა გაუნახევრეს და საქმის გაგრძელების საშუალება მისცეს. მათ შორისაა შპს „მაჭახელა 25“ -ის დამფუძნებელი ლევან მსხალაძე: „კმაყოფილი ვარ, რომ ვადა გამიგრძელეს, ახლა აქტიურად ვმუშაობ და დათქმულ ვადაში დავასრულებ მშენებლობას,“  –  ამბობს ბიზნესმენი.

 

შპს „მაჭახელა 25“ 2014 წელს 55 134 ლარით დააჯარიმეს. კომპანიას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედში რესტორნისა და გასართობი კომპლექსის აშენების ვალდებულება აქვს აღებული. დაკისრებული ჯარიმიდან ლევან მსხალაძემ ბიუჯეტის სასარგებლოდ 7 000 ლარი გადაიხადა.

 

გასულ წელს ფინანსთა სამინისტროს მიერ მთავრობისადმი წარდგენილი წინადადებების  საფუძველზე სანქციებისგან მთლიანად გათავისუფლდნენ: შპს „ADOG – GEOღGIA“ (დარიცხული ჯარიმა 257 700 ლარი), შპს „გლორია“ (დარიცხული ჯარიმა 108 300 ათასი ლარი), შპს „თEM-GEO“ (დარიცხული ჯარიმა 221,200).

 

დარიცხული ჯარიმა შეუმცირდათ: შპს „ცენტრომედს“ (4009 ათას ლარამდე); შპს „ბაკარას“ (2383,4 ათასი ლარით), რზა თალიბოვს (შემცირდა 10, 0 ათას ლარამდე).

 

დოკუმენტების შესწავლით ასევე ცხადი ხდება, რომ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ზოგ ინვესტორს თუ ჯარიმას საერთოდ არ ახდევინებს, ზოგს დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით სასამართლოშიც კი უჩივის.

 

საერთო ჯამში პირდაპირი მიყიდვის და პირობიანი აუქციონის ფორმით 2014-2015 წლებში პრივატიზების მიზნით გაფორმდა 24 ნასყიდობის ხელშეკრულება. ხოლო უპირობო აუქციონის ფორმით – 33 ნასყიდობის ხელშეკრულება. სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში 74 050 000 ლარისა და 96 530 000 აშშ დოლარის ინვესტიციაა განსახორციელებელი.

 

დროებით სარგებლობაში გადაცემის მიზნით გაფორმებულია 45 ხელშეკრულება. სახელშეკრულებო  პირობების შეუსრულებლობის გამო მოიშალა 21 ხელშეკრულება. მოშლილ ხელშეკრულებათა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე წარმოება სასამართლოებში 14 საქმეზე მიმდინარეობს.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კონტრაქტორზე თანხის ჩამოწერისა და ინვესტორზე შეღავათების გაწევის გადაწყვეტილებას ხშირად საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მოტივით ხსნის. ამ მიზნით შეღავათის გაწევის მიზანშეწონილობაზე კანონმდებლობაშიც არის საუბარი. აჭარის ქონების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს აჭარის ქონების მართვის შესახებ კანონი არეგულირებს. ამ კანონის 29-ე მუხლის მიხედვით, იმ უძრავი ქონების მყიდველების მიმართ, რომლებიც მიმართავენ სამინისტროს ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლების ან ვალდებულებების შეცვლა-გადახედვის თხოვნით, სამინისტრო უფლებამოსილია საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით, დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, აჭარის მთავრობის თანხმობით გადაწყვიტოს პრივატიზებულ ქონებაზე გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შეცვლის ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლების შესახებ.

 

და მაინც ვინ და როგორ წყვეტს ვის რა უნდა ეპატიოს? – ამ საკითხზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ წერილობით განუმარტეს, რომ  „კონკრეტული კომპანიების მიერ ნაკისრი ვალდებულებების დროულად ვერ შესრულებისას, როდესაც ისინი გარკვეულ შეღავათებს ითხოვენ პირობის შესასრულებლად, გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით მიიღება. აღნიშნულ საკითხს სპეციალური სამთავრობო კომისია განიხილავს. პროცესი ინდივიდუალურია და სხვადასხვა კომპანიის საკითხზე მუშაობა მისივე სპეციფიკის გათვალისწინებით მიმდინარეობს. ყურადღება ექცევა ინვესტიციის მოცულობას, ასევე თუ რა თანხა აქვს უკვე დახარჯული ინვესტორს მოცემულ მომენტში, მნიშვნელოვანია ასევე პროექტის მასშტაბურობა და მისი ღირებულება რეგიონის განვითარებისთვის. საბოლოო გადაწყვეტილება შესაბამისი კვლევისა და მსჯელობის შედეგად სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის გათვალისწინებით მიიღება.“

 

მოგვიანებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა „ბათუმელებთან“ განმარტა, რომ, თუ კომპანიები ახალ ვადებშიც ვერ შეასრულებენ ვალდებულებებს, „მათ ძველი ჯარიმებიც გაუცოცხლდებათ.“

 

რა კრიტერიუმით ხელმძღვანელობს ფინანსთა სამინისტროს ზემდგომი – აჭარის მთავრობა, როცა ზოგიერთ ინვესტორს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ათასობით დოლარით აჯარიმებს, ზოგს კი პატიობს და რას ითვალისწინებს კანონმდებლობა? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ აჭარის მთავრობასაც მიმართა. მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავით გაბაიძის თქმით, ამ შემთხვევაში პირდაპირი ადრესატი ის არ არის, რადგან ვის შეიძლება აპატიო  -მთავრობის თავმჯდომარესთან თავისი არგუმენტებით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო შედის.

 

„კანონმდებლობით, აჭარის მთავრობას შეუძლია განსაზღვროს, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის გათვალისწინებით ხელშეკრულების პირობების მიზანშეწონილობა, ერთი მხრივ, საჯარო ინტერესისთვის და მეორე მხრივ, იმ ინვესტორისთვის, რომელმაც გადაწყვიტა კონკრეტულ პროექტში ფულის დაბანდება. აქ სამართლებრივი პრობლემა არ დგას, რადგან მიზანშეწონილობა სწორედ მთავრობის დისკრეციის საკითხია, ანუ ერთსა და იმავე საკითხს შეიძლება მთავრობა სხვადასხვაგვარად უყურებდეს – საჯარო და კერძო ინტერესების ზღვარი სად გადის, ეს არსად არ არის დადგენილი. მთავრობა არის პოლიტიკური ორგანო და თუ რომელი პროექტია რეგიონისთვის უკეთესი, ამას ის წყვეტს.“

 

იურისტ დათო ჭყონიას მოსაზრებით კი, ერთი ინვესტორისთვის ჯარიმის პატიება, ხოლო მეორის დაჯარიმება აჩენს კითხვებს. თუმცა `ზოგჯერ კანონიერმა გადაწყვეტილებებმაც კი შეიძლება გააჩინოს უსამართლობის შეგრძნება. ამიტომ უჯობესია, თუ კონკრეტულად იქნება კანონში გაწერილი, რამდენჯერ, რა შემთხვევაში და ვის უნდა აპატიოს მთავრობამ ჯარიმის გადახდა.“

 

საქართველოს აუდიტის სამსახურის მიერ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2014 წლის საქმიანობის შესახებ მომზადებულ დასკვნაში პრობლემად და ბუნდოვანებად განიხილება ბიზნესის მიმართ ამ სამინისტროს არაერთგვაროვანი მიდგომა. აუდიტი ამ საკითხს აფასებს, როგორც პრობლემას.

 

პრესკაფე აქციას გამართავს

 

 

„პრესკაფე“ მსგავსი აქციების გამართვას ბათუმის სხვადასხვა დასახლებაში გეგმავს.

 

აქციის მიზანია გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. საინფორმაციო აქცია  პროექტის „ჩემი გარემო ჩემი სიამაყეა” ფარგლებში  ბათუმის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

 

ჯაზის დღეები ბათუმში გრძელდება

 

ხვალ 26 ივლისს კი მაყურებლის წინაშე Snoop Dogg  წარსგდება.

გუშინდელ კონცერტზე Liv Warfield – ს მოუმინეს. 

დისკომფორტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უშუქობის გამო

 

პაციენტის თავმდგურმა ზეინაბ ნაკაშიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ შუქის გამორთვის მიზეზების გარკვევას თავად პაციენტები ცდილობდნენ და ისინი რამდენჯერმე დაუკავშირდნენ „ენერგო პრო ჯორჯიას“, თუმცა უშედეგოდ: „შუქი ჩაირთო რამდენიმე წუთით და ისევ გამორთო“.

 

საავადყოფოში მისულმა რამდენიმე პაციენტმა კი  უშუქობის გამო კარდიოლოგიური გამოკველევა ვერ ჩაიტარა.  ამის შესახებ მათ საჩივარი ჯანცდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის მეშვებით დააფიქსირეს.

 

საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის გია კიკაბიძის განმარტებით, საავადმყოფოში შუქი მართლაც რამდენჯერმე გამოირთო:

 

 „ დიახ შუქის გამორთვა ჩვენ არ გვიკვირს, სამწუხაროდ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ამიტომ გვაქვს გენერატორი. როცა შუქი ქრება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი განყოფილებები და აპარატურა გენერატორზე გადაგვყავს. სპეციალისტები ღამითაც მორიგეობენ, რომ შუქის გამორთვიდან მცირე დროში გადავიდეთ გენერატორზე. ის მხოლოდ რენტგენის და ტომოგრაფიის აპარატის მუშაობას ვერ უზრუნველყოფს, სიმძლავრე არ ყოფნის. სხვა მხვრივ პაციენტს პრობლემას არ შევუქმნით უშუქობის გამო.“ – განაცხადა გია კიკაბიძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში.

 

ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის ბათუმში ვიზიტის შესახებ არ ადასტურებენ

 

პრესსამსახურის ინფორმაციით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ამ დროისთვის შუახევში იმყოფება. ის სახალხო დღესასწაულს „სელიმობას“ დაესწრება და მოსახლეობას შეხვდება.

აჭარის მთავრობის იურისტი: ყველაფერი არც შავია და არც თეთრი

 

დათო გაბაიძე
დათო გაბაიძე

ნებისმიერი დოკუმენტი, განსაკუთრებით  სამართლებრივი აქტი, რომელსაც თავმჯდომარე აწერს ხელს, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, ჩვენს დეპარტამენტში გადის ვიზირებას. წერილები, რომლებიც მთავრობის თავმჯდომარის მიერ იგზავნება სხვადასხვა უწყებაში და ასევე აპარატის წერილები, საჭიროებს იურიდიული დეპარტამენტის ვიზირებას. დღეში ათეულობით კორესპონდენციის წაკითხვა მიწევს, შეიძლება ასეულიც იყოს. ვარკვევ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში ხომ არ არის რომელიმე და შემდგომ ვაკეთებ ვიზირებას. ჩვენი როლი მხოლოდ კანონთან შესაბამისობის დადგენით შემოიფარგლება, იშვიათია მიზანშეწონილობაში შევიდეთ. გვქონია შენიშვნები  მიზანშეწონილობასთან დაკავშირებითაც, მაგრამ ამ ნაწილში ჩვენი პოზიცია ხისტი არ არის, რადგან მიზანშეწონილობა კონკრეტული თანამდებობის პირის დისკრეციაა, ვინც უნდა გადაწყვიტოს საკითხი.

 

კვირაში სამ-ოთხჯერ ვიხილავთ იმ ადმინისტრაციულ საჩივრებს, რომლებიც შემოდის თავმჯდომარის ან მთავრობის სახელზე. ეს, ძირითადად, სამინისტროების მიერ გამოცემული აქტების კანონიერებას ეხება. ვთქვათ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა გამოსცა აქტი, შეუწყვიტა ხელშეკრულება ინვესტორს, ეს აქტი საჩივრდება ჩვენთან და შემდგომ ტარდება ადმინისტრაციული წარმოება საკითხის ირგვლივ. ზეპირ მოსმენაზე ვიბარებთ ორივე მხარეს. მოსმენას მე ვატარებ. შემდგომ საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტს ვამზადებთ მთავრობის თავმჯდომარის სახელზე. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაჩნდა ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილების პრეცედენტები.

 

თქვენ ამბობთ, რომ სამინისტროს მიერ გამოცემული აქტი მთავრობამ გააბათილა?

რასაკვირველია. იმ თვის დასაწყისში ორი ასეთი შემთხვევა გვქონდა. რამდენიმე ათეულს აჭარბებს ასეთი საქმეების ოდენობა ბოლო ორი წლის განმავლობაში. წელს გვქონდა ოცამდე საჩივარი და აქედან მესამედი გაუქმებით დასრულდა. როცა ადვოკატი ვიყავი, ხშირად მქონდა ადმინისტრაციული საჩივრები, მაგრამ არ მახსოვს მსგავსი პრაქტიკა – მთავრობას მისი მინისტრის აქტი გაეუქმებინოს. ვცდილობთ, თუკი რაიმე შეცდომაა, კარგად შევისწავლოთ ის და მხარე სასამართლოში აღარ წავიდეს.

 

ხომ არ გამხდარა ეს მთავრობის წევრებს შორის პიროვნული  წყენის მიზეზი?

არა. შესაძლებელია დასაწყისში უხერხულობა იყოს, მაგრამ შევეჩვიეთ, რომ ეს არის მოცემულობა. ეს იურისტებს არ მოგვიგონია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი პროცედურაა.

 

უფრო ხშირად რაზე უჩივიან აჭარის მთავრობას?

ჩვენ უფრო თანამოპასუხე, ან მესამე პირი ვართ იმ ნაწილში, სადაც ადმინისტრაციული საჩივარი გვაქვს განხილული. პირობითად, თუკი გაასაჩივრეს ფინანსთა სამინისტროს აქტი და ჩვენ ძალაში დავტოვეთ, ასეთი დავების მონაწილე ვხდებით. ძირითადად გვაქვს შრომითი დავები, თუმცა არც ერთ შრომით დავაზე ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის. იყო შეემთხვევები, როცა დავის პროცესში აღმოჩენილა, რომ არასწორად გვქონდა კანონი განმარტებული. გვქონია მცდელობა დავის გარეშე გადაგვეჭრა ეს, ამაში არაფერია კანონსაწინააღმდეგო. თუ მორიგების რესურსი არის, ყოველთვის ჯობია საქმე მორიგებით დაასრულო.

 

უფრო ხშირად რომელ უწყებას ედავებიან?

დავა არის იქ, სადაც ქონებაა. ქონების მართვა და განკარგვა კი ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციაა. ყველაზე მეტი საჩივარი მოდის ამ უწყებაზე. საჩივრების ორი კატეგორიაა – ავადხსენებული ე.წ. გადაფარვები, რაც ალბათ რამდენიმე წელი კიდევ გაგრძელდება. ვთქვათ, ეკონომიკის სამინისტრომ დაირეგისტრირა ქონება, რაც თურმე ვიღაცის საკუთრებაა… მეორეა – ინვესტიციებთან დაკავშირებული ხელშეკრულებიდან გასვლის დამდგენი აქტები, რაც საჩივრდება ჩვენთან და შემდეგ სასამართლოში. ადმინისტრაციულ საჩივარს თავმჯდომარე იღებს წარმოებაში, მაგრამ მოსმენებს მე ვატარებ. მერე ვამზადებ ოქმს და ხელს ვაწერ. შემდეგ მასალები წარედგინება მთავრობის თავმჯდომარეს. მიზანშეწონილობის ნაწილში თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას, რადგან ის განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკისთვის რა უფრო მნიშვნელოვანია – დარჩენა სახელშეკრულებო ურთიერთობაში თუ გასვლა. თუ მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით უნდა განვიხილოთ საჩივარი, ბუნებრივია, იურისტების პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

 

როგორ მოვიქცეთ ამ კითხვას არჩილ ხაბაძე რამდენად ხშირად სვამს?

ასე არ სვამს კითხვას. თუ როგორ უნდა მოიქცეს აპარატი ნებისმიერ აქტთან დაკავშირებით, კეთდება მოხსენება, თუ როგორ ჯობია. ამას ვაკეთებთ სიტყვიერად. ბოლო დროს დავიწყეთ ანოტაციების მომზადება წერილობით. აქტი რომ შედის მთავრობის თავმჯდომარესთან, მას მიყვება ანოტაცია. მაგალითად, შევიდა 30 ბრძანება ხელმოსაწერად, შედის მოკლე დასაბუთება, თუ რას ეხება და რატომ ჩავთვალეთ საჭიროდ საკითხის გადაწყვეტა ასე. თუ დამატებითი კითხვა გაუჩნდება, დაგვიბარებს და მიეცემა შესაბამისი განმარტება.

 

ალბათ თქვენც გაგიგიათ, როცა ამბობენ, რომ მთავრობა ბევრ უკანონო გადაწყვეტილებას იღებს და ეს საქმეები მომავალში გადაიხედება. ამაზე გიფიქრიათ?

რა თქმა უნდა, მიფიქრია. შიშის მომენტი არ მაქვს, ვცდილობ ყოველი  გადაწყვეტილების უკან იდგეს კანონი. ამას გულწრფელად ვამბობ. თუ გადაწყვეტილების უკან კანონი არ იდგება, ვერ ვიმუშავებ. არ გამიჭირდება, ვიყავი ადვოკატი, მაშინ გაცილებით მეტი მქონდა ანაზღაურება.

 

წარმატებული კარიერა და მაღალი ხელფასი გქონდათ, იყავით ადვოკატი, კომპანიის დირექტორი და მაინც საჯარო სამსახური არჩიეთ. რატომ?

საჯარო მოხელეობა ჩემთვის თვითმიზანი არ ყოფილა. იმისთვის, რომ იურისტად გიცნობდნენ, არ არის აუცილებელი მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. მგონი, გაცილებით მეტი მიცნობდა როგორც ადვოკატს. იქ გაცილებით თავისუფალი ხარ, მეტ ემოციას ატან საქმეს. ემოცია მოსწონს მაყურებელს, ჟურნალისტსაც. აქ, ბუნებრივია, ემოციის კონტროლი გიწევს. არის შემთხვევა, როცა ემოცია აქაც მომეძალება, ერთ კვამლს გამოვუშვებ და დამთავრდება.

 

ანუ საჯარო მოხელის პოზიცია ემოციის გამოხატვის საშუალებას გიზღუდავთ?

რასაკვირველია. აქ შეიძლება მოვიდეს ბაბუა და მთელი დღე ერთ რამეზე გელაპარაკოს, მაგრამ ხელს ხომ ვერ მოკიდებ და ვერ გააგდებ. თვითონ უნდა მიხვდეს, რომ საუბრის დრო ამოიწურა. როცა საჯარო მოხელე ხარ, შენი ემოცია არავის სჭირდება, აქ მოთმინება უნდა ისწავლო.

 

თქვენ წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდით თანამდებობაზე. რატომ წახვედით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან?

2007 წლის 7 ნოემბერს დავწერე განცხადება და წამოვედი ისე, რომ ეს არ გამიხმაურებია. ეს მხოლოდ ადამიანური ნაბიჯი იყო. რაღაცით უნდა გამომეხატა პროტესტი იმის მიმართ, როცა სცემდნენ წაქცეულ ადამიანებს. რატომ უნდა გითხრან ამისთვის მადლობა?

 

იქნებ უფრო კონკრეტულად ახსნათ, რატომ არჩიეთ ადვოკატობას საჯარო სამსახური?

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მეგობრები წამოვიდნენ საჯარო სამსახურში. იყო დეპარტამენტის მოადგილის ვაკანსია და მეგობრის თხოვნით მოვედი სამი თვით, სიტუაციის დალაგებაში უნდა დავხმარებოდი. ახალი წლის დღეები იყო. მთავრობის აპარატში კონკურსი არ ჰქონდათ ჩატარებული და გადავწყვიტეთ კონკურსის წესით მიგვეღო თანამშრომლები, კონკურსს ითვალისწინებდა ჩემი პოზიციაც… ჩემი წასვლა აღიქმებოდა, თითქოს არ მომეწონა კონკურსს რომ დავექვემდებარე. ამას იტყოდნენ… ადმინისტრაციულ სამართალში ლექციებს ვკითხულობდი და იმდენი ვიცოდი, რომ ვერ ჩავეჭარი გამომცდელებს, რომელთაგან ბევრი არაიურისტი იყო. კონკურსის შემდეგ, ნახეთ, რა მაგარი ბიჭი ვარ, გავედი და ახლა წავედიო, არ გამოდიოდა. შემდეგ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სხვაგან გადაიყვანეს და დავრჩი უფროსის თანამდებობაზე.

 

თითქოს თავს იმართლებთ, რომ აქ ხართ

მე არ ვამბობ, რომ კარგი ვარ, საშუალო ან ცუდი, მაგრამ ერთი ჯოხით ვიდევნებით ყველა. ფაქტია, როგორც ყველა ჟურნალისტზე, ასევე ყველა მოხელეზე შეხედულება ერთნაირია. ვცდილობ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში შევცვალო რაიმე უკეთესობისკენ, მაგალითად, ინფორმაციის გაცემაზე მე თავად ავიღე პასუხისმგებლობა. თუ იყო სტანდარტი, რომ ამას 10 დღეში აკეთებდნენ, მე ვცდილობ ეს გავაკეთო ნაკლებ დროში. მე ინფორამაციას გავცემ კანონის შესაბამისად და ყველა ხედავს, რომ ეს შეიძლება.

ტყვედ გაყიდული ქართველების ისტორიები

ტყვეთა სყიდვას ქართველთა ისტორიაში სამარცხვინო ფურცელს უწოდებენ ისტორიკოსები. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოტაცებული ქალები, ახალგაზრდა გოგო-ბიჭები წლების მანძილზე აჭარის გავლით გაჰყავდათ საქართველოდან. ეს პროცესი ვერც იმერეთის მეფის სოლომონ I-ის 1759 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ (ოფიციალურად აკრძალულიყო ტყვეთა  სყიდვა) და ვერც დასავლეთ საქართველოს საეკლესიო კრებაზე შედგენილ კათალიკოსთა სამართალმა ვერ შეაჩერა.

„ჯვარზე გაეცვას ის, რომელიც კაცს მოიპარავს, დიდი იქნება, მცირე იქნება ეკლესიაში უზიარებლობით დაისაჯოს“, – კათალიკოსთა სამართალში ცალკე პუნქტად ჩაწერილმა ტყვის გაყიდვაზე აკრძალვამ შედეგი ვერ გამოიღო.

ისტორიული ცნობებით, ერთ-ერთი ადგილი, სადაც მოტაცებული ადამიანები მიჰყავდათ და შემდგომ ტყვეებად ყიდდნენ, სოფელ მუხაესტატეს ცენტრი იყო. ოსმალეთის იმპერიის ვაჭრები ჩადიოდნენ, სასურველ ტყვეს არჩევდნენ და შემდეგ გემით იმპერიის გზას უყენებდნენ.

ასევე მსგავსი ვაჭრობა იმართებოდა სოფელ ხუცუბანში, ჩაქვის ისტორიულ ცენტრში, სახალვაშოში, ქობულეთის ზღვისპირა ზოლში, ბათუმის შემოსასვლელში ე.წ. თამარის ციხესთან და გონიოს ციხის მიმდებარედ.

„ტყვეებით ვაჭრობდა ყველა – დაწყებული მეფეებით, დამთავრებული გლეხებით. ქართველებს ჰყიდდნენ  ოსმალეთის იმპერიაში, სპარსეთსა და არაბეთში. ეს უფრო გამოკვეთილი გახდა ოსმალთა ბატონობის პერიოდში. აჭარიდან გადადიოდნენ გურიის ტერიტორიაზე, იტაცებდნენ ხალხს, გადაჰყავდათ აჭარაში და ყიდდნენ. ასევე იტაცებდნენ სამეგრელოში, იმერეთსა და აფხაზეთში.

ტყვეების ფასი სხვადასხვა იყო.

ბავშვებს თუ ისინი ფიზიკურად კარგად გამოიყურებოდნენ, უფრო დიდი ფასი ჰქონდათ. ტყვეების გატაცება სპეციალობად ჰქონდათ ქცეული. ამას ხელს ადგილობრივი ფეოდალებიც უწყობდნენ. იყვნენ თავადები, რომლებიც კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ ამგვარი საქმიანობის, მაგრამ თავადთა ნაწილი ამ საქმეში იყვნენ დახელოვნებულები. ალი ფაშა თავდგირიძე, ხასან ბეგ თავდგირიძე – ცნობილები იყვნენ აჭარაში ტყვეთა ყიდვა-გაყიდვით.

მას შემდეგ, რაც მოტაცებულებს აჭარაში გადმოიყვანდნენ, ორი გზა იყო აქედან წასაყვანად – ან სახმელეთო გზით გონიოდან გაჰყავდათ, ან გემით, საზღვაო გზით. ტრაპიზონში იყო დიდი შემკრები პუნქტი ტყვეებით მოვაჭრეების. გოგონები, ძირითადად, თურქეთის ჰარამხანებში მიჰყავდათ, ბიჭები ძლიერი აგებულების იყვნენ, მაშინ იანიჩრები ხდებოდნენ.

ინგლისის კონსული ტრაპიზონში პალგრევი თავის ჩანაწერებში წერს: „ტრაპიზონში მე ყოველდღე ვხედავდი ათასობით ტყვეს, რომელიც საქართველოდან ჩამოჰყავდათო“, – ამბობს ისტორიკოსი, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმის დირექტორი ოთარ გოგოლიშვილი.

ტყვეების გასაყიდი ერთ-ერთი პუნქტი გონიოს ციხის მიმდებარედ იყო

მისივე თქმით, ტყვეების ყიდვა-გაყიდვა ღიად ხდებოდა აჭარის მთელ ტერიტორიაზე. ჩინოვნიკები, ვისაც ამის აღკვეთა შეეძლო, ხელსაც არ ანძრევდნენ გასაყიდად განწირული ადამიანების დასახმარებლად. რაც შეეხება მოსახლეობას, აჭარის მცხოვრებნი ამის კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ და როგორც შეეძლოთ ეხმარებოდნენ გატაცებულებს.

ოთარ გოგოლიშვილის თქმით, ისტორიამ შემოინახა ფაქტი, ბათუმში მოქალაქეების მიერ დიდი რაოდენობის ტყვეების გამოხსნის შესახებ:

„1846 წელი იდგა. ერთ დღეს ბათუმში ტრადიციულად თავი მოუყარეს დიდი რაოდენობის ტყვეებს, რომლებიც უნდა გაეყვანათ თურქეთში გასაყიდად. გემმა დააგვიანა. საღამოს აჭარის მოსახლეობა დაესხა თავს იმ ადგილს, სადაც ტყვეები ჰყავდათ და  ყველანი გაათავისუფლეს. ზოგი ბათუმში შეიფარეს დროებით, ზოგიც მაშინვე გურიაში გადაიყვანეს.

ტყვეებს ათავისუფლებდნენ ადგილობრივი ბეგებიც, რომლებიც ამ საქმიანობის წინააღმდეგნი იყვნენ. მაგალითად, ცნობილია, რომ 1804 წელს ბათუმში ჩამოსულმა სელიმ ბეგ ხიმშიაშვილმა რამდენიმე ტყვე გაათავისუფლა, წაიყვანა და თავის საკუთარ ჯარში ჩარიცხა. გათავისუფლებულთაგან ერთ-ერთი ოზურგეთელი ურუშაძე, სელიმის მარჯვენა ხელი გახდა და დიდი დახმარება გაუწია მას, როდესაც ახალციხის ფაშა იყო.

ტყვეთა სყიდვაში ადგილობრივ ჩინოვნიკთა ჩართულობაზე წერს თედო სახოკია, რომელმაც აჭარაში მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს იმოგზაურა და წარსულის ფურცლები გააცოცხლა.

„გურია იმთავითვე განთქმული იყო ლამაზი ქალებით, რომელთაც ოსმალეთის წარჩინებულთა ჰარამხანაში დიდი ფასი ჰქონდათ. მეზობელ აჭარლებს გურიიდან ქალებისა და ბავშვების მოტაცება ხელობათ ჰქონდათ გადაქცეული. მოიტაცებდნენ თავიანთ მსხვერპლს გურიაში, ამ გზით შემოჰყავდათ აჭარაში, აჭარიდან ბათუმში მიჰყავდათ, სადაც ბაზარზე, სხვა საქონელთან ერთად, კრავებივით გურიის სოფლების „ცოცხალი საქონელიც” იყიდებოდა.

მყიდველები იყვნენ სტამბოლისა და ტრაპიზონის ფაშების აგენტები. და ყოველივე ეს უშიშრად ხდებოდა, კანონი არ სდევნიდა ასეთი საქონლის გამყიდველ-მყიდველებს. ოცი წელიწადი არც კი იქნება  მას შემდეგ, რაც ასეთი სამარცხვინო ვაჭრობა არსებობდა.

ბავშვებს სხვა აზრითაც იტაცებდნენ გურიიდან.

მომტაცებელს იმედი ჰქონდა, პატრონი გამომყვება და მოტაცებულის შვილის დახსნას მოინდომებსო. ამ დახსნის დროს მომტაცებლის ჯიბეში ჩადიოდა გამოსახსნელი ფული. ამ შემთხვევაში უფრო შეძლებული დედ-მამის შვილებს იტაცებდნენ იმ იმედით, რომ ფულს მეტს ავიღებთ, როცა თავიანთ შვილებს დაიხსნიანო.

ჩემმა თანამგზავრმა, სხვათა შორის, ერთი მაგალითი მიამბო ასეთი აზრით მოტაცებისა, რომელიც ამტკიცებს, რომ მოტაცებული ბავშვის მამისაგან აღებული ფულით, მომტაცებლის გარდა, აჭარელი მოხელეებიც ითბობდნენ ხელებს. ამ 20 ან 25 წლის წინათ, სოფელ ჭვანის მცხოვრებმა ვინმე ქათამაძემ გურიიდან ორი ვაჟი მოიტაცა ათი წლისა. რა თქმა უნდა, მამა გამოედევნა და აჭარაში დაუწყო შვილებს ძებნა. მშობლები სოფელ ხულოში მივიდნენ ბოქაულის მოადგილესთან, ინჯაყად ბერიძესთან და შესჩივლეს, ასე და ასე დაგვემართაო. ბოქაულის მოადგილემ შეიტყო მომტაცებლის გვარი და დაიბარა. მერე დაიბარა ჩაუში (ჩაფრების უფროსი) დავითაძე თავისი ზაფთიებით (ჩაფრებით). მომტაცებელ ქათამაძეს ბავშვები გამოაყვანინა და თვალის ასახვევად ჩხუბი გაუმართა. მამა ყოველივე ამას უყურებდა. ქათამაძე ვითომ დამარცხდა და გაიქცა, ბავშვები კი იქ დატოვა. მამას შვილები ჩააბარეს და ფული მაინც დაატოვებინეს „გასამრჯელოდ“, რომელიც მუდირის მოადგილემ და მომტაცებელმა ქათამაძემ გაიყვეს.

ეს ამბები 1878 წლამდე ხდებოდა,“ – წერს სახოკია.

ოსმალეთის სულთნების ქართველი დედები 

დადასტურებული ფაქტია, რომ ოსმალეთის სულთნის – სელიმ III-ის დედა, მიჰრიშაჰ სულთანი ქართველი იყო. ქართველი მღვდლის ოჯახში დაბადებული გოგონა, მისი ათასობით თანამემამულის მსგავსად მოიტაცეს და ოსმალეთში გაყიდეს ტყვედ. სულთნის დედის ქართული სახელი შემორჩენილი არაა, მიჰრიშაჰი (ანუ გიშრისთვალება) კი მას შემდეგ შეარქვეს, რაც ის სულთან მუსტაფა მესამეს ჰარამხანაში მოხვდა.

მუსტაფა მესამე ოსმალეთის იმპერიას 1757-1774 წლებში მართავდა. სულთნის მრავალრიცხოვან ცოლებს შორის მიჰრიშაჰი გამორჩეული იყო. იგი უფროსი ცოლის სტატუსს ატარებდა და სულთანს განსაკუთრებულად უყვარდა. მუსტაფა მესამის გარდაცვალების შემდეგ მიჰრიშაჰ სულთანს თოფქაფის სასახლის დატოვება მოუწია. მას შემდეგ რაც მისი შვილი სელიმ მესამე ოსმალეთის იმპერიას ჩაუდგა სათავეში, მიჰრიშაჰი ვალიდე სულთანი (დედა დედოფალი) გახდა.

მკვლევარები ასევე ვარაუდობენ, რომ ქართველი იყო ოსმალეთის იმპერიის 32-ე სულთნის, აბდულ აზიზის დედაც – ფერთევნიალ სულთანი, რომელიც აბდულ აზიზის ოსმალეთის იმპერიის ტახტზე ასვლის შემდეგ ვალიდე სულთანი გახდა. თუმცა ოფიციალურ წყაროებში ფერთევნიალ სულთნის დაბადების ადგილად ვლახეთია მითითებული და არა საქართველო.

მიუხედავად დიდი მცდელობისა, ტყვეთა სყიდვა აჭარაში 1878 წლამდე, აჭარის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებამდე გაგრძელდა.

ტურიზმი წვიმაში

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რეგიონის სტუმრებს ტოპ ათ მიზეზს სთავაზობს, თუ რატომ უნდა ჩამოვიდნენ აჭარაში, ამინდის მიუხედავად.

„ამ ათ მიზეზში, თუ რატომ უნდა ჩამოვიდნენ აჭარაში, ქალაქის სტუმრებისთვის პირველ მიზეზშია მითითებული მხოლოდ შავი ზღვა, ზღვისპირა კურორტებით, პლაჟებითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით. დანარჩენი მიზეზები, მაგალითად, განტვირთვა მთიან აჭარაში სრულიად შესაძლებელია განხორციელდეს წვიმიან ამინდშიც. ამაში შედის ისტორიულ-კულტურული ძეგლების აღმოჩენა, ეკოტურისტული მარშრუტები, დაცული ტერიტორიების მონახულება და ა.შ. ჩვენი ეკოტურისტული რუკა ძალიან ეხმარება ტურისტებს დამოუკიდებლად დაგეგმონ სათავგადასავლო,  საფეხმავლო და კულტურული ტურები მთიან აჭარაში“, – ამბობს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე სოფო გუჯაბიძე.

სპეციალური პროგრამა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს წვიმაში ტურიზმისთვის არ აქვს, თუმცა სოფო გუჯაბიძე ამბობს, რომ თუ ტურისტი მოინდომებს, ამინდი დასვენებასა და განტვირთვაში ხელს ვერ შეუშლის.

მაშ ასე, რა შეგიძლიათ გააკეთოთ მაშინ, როცა ბათუმში წვიმს?

 

შეგიძლიათ ისეირნოთ ბათუმის ბულვარში ველოსიპედით, თავი ქალაქში სოკოებივით ამოსულ პატარ-პატარა კაფეებს შეაფაროთ, იშოპინგოთ ან ბოტანიკური ბაღის მოსანახულებლად წახვიდეთ. ბათუმის ბოტანიკური ბაღი უნიკალურია ამიერკავკასიაში და იქ ცხრა კლიმატური ზონის მცენარის სახეობის ნახვა შეგიძლიათ.  ბოტანიკურ ბაღში გადასაადგილებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ელექტრომობილი, რაც წვიმაში სიარულს უფრო კომფორტულს გახდის. ასევე შეგიძლიათ ესტუმროთ ბათუმის დელფინარიუმს და ნახოთ შოუპროგრამა დელფინების მონაწილეობით. დელფინების შოუ ყოველდღე, დღეში სამჯერ – 14:00, 17:00 და 21:00 საათზე იმართება. დელფინარიუმის გვერდით მდებარეობს ასევე აკვარიუმი, სადაც სხვადასხვა ჯიშის თევზი ბინადრობს. 6 მაისის პარკშივეა განთავსებული ბათუმის ზოოპარკი.

თუ კულტურული ტურიზმი გაინტერესებთ, შეგიძლიათ ეწვიოთ ბათუმში მდებარე მუზეუმებს – გამორჩეულია ძმები ნობელების ტექნოლოგიური მუზეუმი. ბათუმში პორტის მშენებლობა სწორედ ძმები ნობელების სახელს უკავშირდება. ამავე მუზეუმშია ებრაული წარმოშობის ფრანგი ნავთობმაგნატის როტშილდისა და თბილისელი სომეხის მანთაშევის, ასევე აჭარაში ჩაის კულტურის შემომტანი ჩინელი ლაო ჯინ-ჯაოს საექსპოზიციო კუთხეები. ასევე შეგიძლიათ ესტუმროთ ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს, სადაც უნიკალური ექსპოზიციების ნახვაა შესაძლებელი. აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ ულამაზესი სამკაულები, რომლებიც საუკუნეების წინ აღმოჩენილი ნივთების კოპირებით არის წარმოებული.

ცალკე აღნიშვნის ღირსია გონიოს ციხე, მუზეუმ-ნაკრძალი. ბათუმიდან გონიოში ჩასვლა 20 წუთზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი. უძველესი არქიტექტურული ნაგებობა მნახველის გაოცებას დღემდე ახერხებს. ეს არის ერთ-ერთი წინარექრისტიანული ძეგლი, სადაც რომაული გარნიზონები იდგა.

ღვინის ტურიზმით დაინტერესებულებმა შეგიძლიათ ქედას მიაშუროთ და ცნობილი ღვინო – ქედის ჩხავერი დააგემოვნოთ.

„სხვადასხვა  ღვინის საოჯახო მარნების ბაზა არსებობს ჩვენს საიტზე – გობატუმი.ცომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია დამოუკიდებლად დაგეგმოს ტური, ეწვიოს აჭარულ ოჯახს და დააგემოვნოს სახლში დამზადებული ჩხავერი“, – ამბობს სოფო გუჯაბიძე.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ამასთან 2015 წლის ტურისტული სეზონი ბათუმში ფესტივალებითაა დახუნძლული. მათ შორის „შავი ზღვის ჯაზფესტივალი“, ლიანა ისაკაძის „ღამის სერენადები“  კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის და ელექტრონული მუსიკის ფესტივალი მელომანებისთვის. 10 აგვისტოდან ბათუმში ქუჩის თეატრის დღეებია დაგეგმილი. ხოლო სექტემბერში ფესტივალებს ბათუმის მე-3 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი და ბიაფი – ბათუმის საავტორო კინოს მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალი  დახურავს.   ამასთან ქალაქში უკვე დაიდგა 10 ფერადი პიანინო. თუ მუსიკალური ნიჭით ხართ დაჯილდოებული, შეგიძლიათ თავადაც გაერთოთ და სხვებიც გაართოთ.

ბათუმის მერია წელს 3 მილიონ ლარს ხარჯავს იმისათვის, რომ ქალაქში ყოველდღე რაღაც მოხდეს და ტურისტებმა ისიამოვნონ. „ჰით ბათუმის“ ფარგლებში 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე თითქმის ყველა დღე სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. კონცერტებისა და მუსიკალური საღამოების უმრავლესობა ღია ცის ქვეშ, ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან იმართება, წვიმის შემთხვევაში კი ბათუმის საზაფხულო თეატრში გადაინაცვლებს.

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის პირველი დღე – George Clinton & Parliament Funkadelic

ოცი მუსიკოსისგან შემდგარი ბენდი ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე დამონტაჟებულ სცენაზე საღამოს ცხრა საათზე ავიდა და დაახლოებით სამი საათის განმავლობაში უკრავდა.

შოუს განმავლობაში ჯაზის მოყვარულთა ნაწილი სცენის წინ იყო შეკრებილი და ყოველ მორიგ კომპოზიციას ოვაციებით ხვდებოდა.

“ძალიან კარგი კონცერტი იყო, ძალიან ხარისხიანი მუსიკა და სიტუაციაც მთლიანად. ყველას ძალიან მოეწონა და ყველა კმაყოფილია. ყველა კარგ ხასიათზეა, ვხალისობთ, ვცეკვავთ,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” მარიამ მარღულიამ, რომლიც პირველად დაესწრო ჯაზ-ფესტივალს.

პირველი დღით კმაყოფილი იყო ელენე ჯგერენაიაც, რომელიც ჯაზ-ფესტივალის მუდმივი სტუმარია.

“ძალიან კარგი კონცერტია და, როგორ ყოველთვის, ყოველ წელს, ახლაც კარგად ჩაიარა. ყველა კმაყოფილია”, – აღნიშნა ელენემ კონცერტის დასასრულს.

კონცერტის დასაწყისში, ბენდის Parliament Funkadelic კლავიში დანიელ ბედროსიანი მსმენელს ქართულად მიესალმა და სცენიდან განაცხადა, რომ წინაპარი ქართველი ჰყავდა, რასაც აუდიტორიის აპლოდისმენტები მოჰყვა.

– მოხარული ვარ, რომ საქართველოში დაკვრის შესაძლებლობა მომეცა – აღნიშნა მუსიკოსმა.

George Clinton & Parliament Funkadeliс-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთი 70 ლარი ღირდა.

ჯორჯ კლინტონი საქართველოში კონცერტამდე ორი დღით ადრე ჩამოვიდა. 22 ივლისს თავისი დაბადების დღე ბათუმში აღნიშნა, მანამდე კი კაზინოში ვიზიტი და მაჭახელას ხეობაში თევზაობაც მოასწრო.

ჯორჯ კლინტონი ცნობილი ამერიკელი ფანკ-მუსიკოსია, რომელმაც მუსიკალური კარიერა ბენდთან The Parliaments ერთად დაიწყო. მათი ყველაზე ცნობილი ჰიტი „I Wanna Testify“ 1967 წელს ჩაიწერა. კლინტონი იყო ასევე ბენდების, P-Funk-ისა და Funkadelic ლიდერი. 80-იანი წლებიდან ჯორჯ კლინტონმა სოლოკარიერა  დაიწყო.

ჯეიმს ბრაუნთან და სლაი სთოუნთან ერთად მას ფანკ-მუსიკის ერთ-ერთ დამაარსებლად მიიჩნევენ.

 

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი 23-26 ივლისს, ტრადიციულად, ბათუმის ჩოგბურთის კორტების ტერიტორიაზე ტარდება.

George Clinton & Parliament Funkadeliс გარდა წლევანდელი ფესტივალის მონაწილე მუსიკოსები არიან  LIV WARFIELD &  NPG HORNZLISA STANSFIELD და SNOOP DOGG.

გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში, ყოველ საღამოს კლუბში “Take Five” ბენდთან ერთად კონცერტებს გამართავს ქართველი ჯაზ-პიანისტი გიორგი მიქაძე, რომელიც ახალ, მულტიჟანრულ პროექტს წარადგენს სახელწოდებით „GIORGI MIKADZE & NYC GROOVE ALIENS Feat. DJ RAYDAR ELLIS“.

შავი ზღვის 2015 წლის რიგით IX ჯაზ-ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია “ისთერნ პრომოუშენი”. ფესტივალის წარმდგენია “თი ბი სი სტატუსი”, ხოლო ძირითადი მხარდამჭერები – კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

ადგილი, სადაც ტურისტებს „ქალები იტაცებენ“

 

ბათუმიდან ყაზბეგამდე რომ ააღწიო, საკმაოდ გრძელი გზა უნდა გაიარო. რა თქმა უნდა, ჯერ თბილისში უნდა ჩახვიდე, რასაც 5-6 საათი სჭირდება, შემდეგ კი, ყაზბეგისკენ შეგიძლია გაეშურო, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რაც 10 ლარი ღირს, ისე ტუროპერატორის დახმარებით. სამარშრუტო ტაქსები ყაზბეგისკენ დიდუბიდან გადის, ტუროპერატორების მანქანები – სხვადასხვა მისამართიდან. ერთი მიმართულებით გზას სტეფანწმინდამდე 2,3 საათი სჭირდება. ცხადია, ფასები იმაზეა დამოკიდებული, რამდენი დღით მიდიხარ და რისი ნახვა გინდა.

 

ყაზბეგის ადმინისტრაციულ ცენტრში – სტეფანწმინდაში ფეხს დაადგამ თუ არა, როგორც აქაური ჯულიეტა ბუჩუკური ამბობს, „ეგრევე ქალი გაგიტაცებს“. ნუ წარმოიდგენთ, რომ თქვენი გამტაცებელი ამ მთების „ნომერ პირველი ქალი“, ოქროსთმიანი დალია, რომელიც ქართული მითოლოგიის მიხედვით დრამატული ქარლღმერთია… ისინი უბრალო ყაზბეგელი ქალები არიან, რომლებიც ტურისტებს „ეხმარებიან დაბინავებაში“. თუმცა ნურც იმას გამორიცხავთ, რომ ყაზბეგში მოგზაურობის დროს შეიძლება თავად ქალღმერთსაც გადაეყაროთ. როგორც „სანდო წყაროები ამბობენ“, თუ მყინვარწვერს გულითადად დააკვირდები, უთუოდ შენიშნავ ისეთ რამეს, რაც მანამდე არასოდეს გინახია – წარმოგიდგება გველეშაპი ან ბუმბერაზი კაცი, რომელიც შენკენ უზარმაზარი ნაბიჯებით მოეშურება… კიდევ რა აღარ. ცხადია, დალიც იქვეა, მაგრამ ქალღმერთის დანახვა მარტო შენზე აღარ არის დამოკიდებული, ეს უპირველესად თავად ოქროსთმიანმა უნდა მოინდომოს.

 

„ჭიუხებში თუ გადიან ტურისტები? – გადიან, მაგრამ ძალიან ცოტა“, – ამბობს ბატონი ავთანდილი, რომელიც სტეფანწმინდაში გამგებლის წარმომადგენელია. ჭიუხებში რომ გადაწყვიტო წასვლა, მუხლი უნდა გქონდეს მაგარი. თუ ამ კატეგორიას მიაკუთვნებ თავს, წინ ნამდვილი საოცრება გელის – იქ აუცილებლად გადაეყრები ჯიხვს, რომელიც სალ კლდეზე შეიძლება მართლა რქით იყოს ჩამოკიდებული. ნახავ მთის არწივებს… და უზარმაზარ კლდეებს, რომლებიც ფერს იმის მიხედვით იცვლიან, თუ რომელი კუთხიდან ეცემა მზის სხივი.

 

ჭიუხებში აუცილებლად გადაეყრები პატარა სალოცავებს, სადაც ნანადირევი რქებიც აწყვია. როგორც წესი, სანადიროდ წასული კაცები ლოცულობენ ხოლმე. ტურისტი ამ რქებს ხელით არ უნდა შეეხოს, თუ უნდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის კეთილგანწყობა არ დაკარგოს. ეს ერთგვარი ტრადიციას ქრისტიანული და წარმართული კულტურის ნაზავია და მის დაცვას ყველა ცდილობს, როგორც ადგილობრივი, ისე ჩასული სტუმარი.

 

ჭიუხების ნახვის შემდეგ თუ მაინც დააპირებ გზის გაგრძელებას მყინვარწვერისკენ, ცხადია იცი, რომ იქ თოვლი და სიცივე დაგვხდება. აქ გულისცემაც სხვაგვარად აჩქარებულია, სხეული აქამდე განუცდელ სიმსუბუქეს გრძნობს. შენ 3000-4000 მეტრის სიმაღლეზე ხარ ზღვის დონიდან და თავს არ განებებს შეგრძნება, რომ თუ ხელს ააწვდენ, ცას შეეხები, ღრუბელს მაინც.

 

როგორც უკვე ვთქვი, ამ ყველაფრის განცდა ჩვეულებრივი ტურისტული მარშრუტით შეუძლებელია.

 

და რა ელის „ჩვეულებრივ ტურისტს“ ყაზბეგში? – სტეფანწმინდიდან ტურისტები ძირითადად ორ სოფელში – გერგეტსა და სტეფანწმინდაში მიდიან. ანანო არაბული ამბობს, რომ სოფელ გერგეთში ქართველი ტურისტები ძირითადად სამების სანახავად ჩადიან. გერგეტი სწორედ ის სოფელია, რომელიც ტაძართან ყველაზე ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტია – პირდაპირ იმ მთის ძირში მდებარეობს, სადაც სამების კომპლექსია განთავსებული. ტაძარში ასვლა ფეხითაც შეიძლება, მაგრამ ეს საკმაოდ დამღლელი აღმართია, ამიტომ შეგიძლიათ ტრანსპორტი დაიქირავოთ.

 

„ჯიპტური“ გერგეტის სამებაში მინიმუმ შვიდი ადამიანის ერთად გადაყვანას ითვალისწინებს. ერთ პერსონას ეს მგზავრობა დაახლოებით 50 ლარი უჯდება. გერგეტის მონასტერში – იქ, სადაც მართლმადიდებელი ბერები ცხოვრობენ, ტურისტის შესვლა დაუშვებელია, ხოლო ტაძარში შესვლაზე ერთადერთი შეზღუდვა მოქმედებს – არც კაცს და არც ქალს ეგრეთ წოდებული შორტი არ უნდა ეცვას.

 

გერგეტიდან უკანდაბრუნებულს ძალიან მოგშივდება. შეგიძლია ამ დროს მოითხოვო მოხევური ხინკალი ან ხაჭაპური. აქაური კერძები განსაკუთრებით გემრიელია. ერთი წუთითაც ნუ გაიფიქრებ, რომ ეს ნოყიერი საჭმელი შენი წონისთვის საფრთხეს შეიცავს – ყველა კალორიის გახარჯვა იქვე შეიძლება: ეს უფრო მარტივად მაშინ ხდება, თუ ცხენით გასეირნებას გადაწყვეტ. ამ შემთხვევაშიც ფასი იმაზეა დამოკიდებული, რამდენი კილომეტრის გავლა გინდა ცხენით. ეს სიამოვნება დაახლოებით 50-60 ლარი ღირს.

 

მოკლედ, თუ ხარ ყაზბეგში, ცხოვრობ სასტუმრო ტიპის ისეთ სახლში, სადაც სხვასთან იყოფ საძინებელ ოთახს, გაქვს სუფთა, მაგრამ საერთო აბაზანა ცხელი წყლით და იქვე იკვებები, მაშინ ღამეში 50-60 ლარის გადახდა მოგიწევს. თუ მხოლოდ ღამისთევისთვის მიაკითხავ სასტუმრო სახლს, მაშინ 20-25 ლარზე მეტი არ დაგჭირდება ერთ ღამეში.

 

როგორც უკვე ვთქვი, ქართველი ტურისტები ძირითადად გერგეტის სამების მონახულებით კმაყოფილდებიან, მაგრამ უცხოელები ყაზბეგს უფრო დიდი ხნით სტუმრობენ. გერგეტის საპირისპირო მიმართულებით, დარიალის ხეობისკენ თუ წახვალ, ბოლო დასახლებული პუნქტი, ვიდრე საქართველო-რუსეთის საზღვარს მიადგები, სოფელი ჯუთაა – საზღვრიდან 4 კილომეტრში. ჯუთას გზაზე აუცილებლად უნდა გქონდეს პასპორტი, თორემ მესაზღვრეები არ გაგატარებენ.

 

ჯუთადან 4 კილომეტრში სასაზღვრო პოლიციის საგუშაგოა, სადაც აუცილებელია პასპორტის წარდგენა, სხვაგვარად გზის გაგრძელების უფლებას არ მოგცემენ. აქ გადის საზღვარი რუსეთთან, შესაბამისად, ხეობას ყოველთვის განსაკუთრებული სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა. აქ ისეთ „სოფლებსაც“ კი შეხვდებით, სადაც მხოლოდ 2-3 ადამიანი იმ მოტივით ცხოვრობს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას ემსახურება. ეს ისტორიულადაც ასე იყო – ყაზბეგის გზებზე საცეცხლურებს ყველგან გადაეყრები.

 

სწორედ ამ გზასთან არის დაკავშირებული საქართველოში ევროპული განათლების იმპულსების შემოსვლა – პეტერბურგისკენ და უკან, ამ გზით იმოგზაურეს ილიამ და სხვებმა, რომლებსაც შემდეგში ლიბერალები, თერგდალეულები უწოდეს. არაგვის ხეობა გაუვლიათ კლასიკოს მწერლებს – კნუტ ჰამსუნს, ალექსნდრე დიუმას, პუშკინს… უცხოელებზე რომ არაფერი ვთქვათ, რა გავლენა მოახდინა ხეობის სილამაზემ თავად ილიაზე, მეტ-ნაკლებად ყველას გაგვიგია, როცა სასკოლო ასაკში მისი „განდეგილი“ წავიკითხეთ ან წაგვიკითხეს.

 

თუ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ გადაწყვეტთ ჩანთის ჩალაგებას და ყაზბეგისკენ წასვლას, უნდა გახსოვდეთ, რომ ლაშქრობისას, გზების უმეტესობაზე ვერც მაშველი მოგწვდებათ, ბევრგან არც მობილური კავშირგაბმულობის ქსელი მუშაობს და ვერც გამვლელ ადამიანს შეხვდებით. თუ გადაადგილების დროს ორიენტაციას დაკარგავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ხმის გამცემი არ შემოგვხვდებათ. ამიტომ თუ პირველად მიდიხართ ყაზბეგში, უმჯობესია სტეფანწმინდაში დაუკავშირდეთ რომელიმე სასტუმრო სახლის მეპატრონეს – ისინი მიგიღებენ და სურვილის მიხედვით ტურსაც დაგიგეგმავენ.

 

კიდევ რამდენიმე დეტალიც იმათთვის, ვისაც გეზი ყაზბეგისკენ აქვს – გამგზავრების წინ უნდა შეამოწმოთ ამინდის პროგნოზი. აქაურები ამბობენ, რომ წვიმიან ამინდში არ ღირს ყაზბეგში წასვლა, რადგან „ვერაფერს დაინახავ“. მზეში კი სასურველია თან იქონიო მზის სათვალე და კრემი, რომელიც კანს დაიცავს დამწვრობისგან, რადგან არ არის გამორიცხული, რამდენიმე საათის განმავლობაში მზის გულზე ყოფნით კანის დამწვრობა მიიღო.

 

კიდევ ერთი ნიუანსიც და გასამგზავრებლად მზად ხართ – აუცილებელია თან წაიღოთ წვიმაგაუმტარი ქურთუკი და რეზინის ფეხსაცმელი, რომელშიც წყალი არ ჩადგება, თორემ ყაზბეგში ხშირად იცვლება ამინდი და ფეხი თუ დაგისველდა, აუცილებლად უნდა გქონდეს სათადარიგო ფეხსაცმელი, თორემ დროს დაკარგავ.

 

და მაინც, პირველ ჯერზე მაინც ჯობია მოგზაურობა ხეობის მცოდნე ადამიანთან დაგეგმო. თუ გუგლის საძიებო სისტემაში ჩაწერ – „ტური ყაზბეგში“, ასობით სასტუმრო სახლი და ტურისტული კომპანიის მისამართი გამოჩნდება. მათ შორის ნახავთ ისეთ ტუროპერატორებსაც, რომლებიც ყაზბეგში ერთდღიანი ტურის მოწყობას 30 ლარად გთავაზობენ. ტურში შედის მჟავე წყლების, გერგეთის სამებისა და გველეთის ჩანჩქერის მონახულება. ასევე ერთჯერადი კვება ფასანაურში.

ბოტანიკურ ბაღში მცხოვრები ოჯახებისთვის ბათუმში ახალი სახლი აშენდა

 

 

სახლის ზედა ნაწილში კეთდება მანსარდა, რომელსაც მოსახლეობა საჭიროებისამებრ გამოიყენებს საერთო მოხმარებისთვის.

 

სახლს გააჩნია 2000 კვ/მ კეთილმოწყობილი ეზო, სადაც გაკეთებულია გამწვანება და ავტოსადგომები.

 

 

”ერთ კვირაში დასრულდება პროცედურული საკითხები და აგვისტოში უკვე ბარის ტერიტორიაზე მცხოვრებლებს კეთილმოწყობილ სახლში შევასახლებთ. ამ პროცესს მოსდევს ბაღის რეაბილიტაცია. უსახური სახლების დემონტაჟის შემდეგ ბაღის განვითარების ახალი პროექტი შემუშავდება. ბოტანიკური ბაღი არის სამეცნიერო კვლევებისთვის აუცილებელი ტერიტორია, სადაც მოსახლეობა არ უნდა ცხოვრობდეს. მთავარი იყო მშენებლობის დასრულება. სახლში, რომელიც მოსახლეობისთვის აშენდა, გათვალისწინებულია მათთვის სასურველი ფართი და კომფორტი,“ – აღნიშნა არჩილ ხაბაძემ, რომელმაც ახალი საცხოვრებელი კორპუსი დღეს მოინახულა

 

ორ, სამ და ოთხ ოთახიანი ბინების მფლობელები უკვე ცნობილია.

მოსახლეობასთან შეთანხმება წინასწარ შედგა და ფართები მათი მოთხოვნის შესაბამისად გადანაწილდა. 

ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების რაგბის მოედანი შენდება

 


სტადიონის მშენებლობა ქართუ ჯგუფმა 2014 წლის მარტში დაიწყო და მისი დასრულება წლის ბოლომდეა გათვლილი.


ამ დროისთვის მიმდინარეობს ტრიბუნის, ღობის, მოედნების, სადრენაჟო სისტემების მოწყობა-მოპირკეთება და გადახურვის სამუშაოები. პარალელურად მიმდინარეობს შიდა ელექტრო და სანტექნიკური სამუშაოები.


სტადიონის ირგვლივ შენობაში განთავსდება ადმინისტრაციული ნაწილი, საშხაპეები და აუზები. მოედნები იქნება განათებული ევროპული ხარისხის განათებებით, სადაც ღამითაც კი ნებისმიერი დონის თამაში ჩატარდება.


მიმდებარე ტერიტორიაზე ეწყობა ავტოსადგომი 220 მანქანისთვის, კეთილმოწყობილი ბორდიურებითა და გამწვანებით.


სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულია 60 ადგილობრივი ადამიანი. ორ კვირაში დაიწყება შიდა და გარე ფასადების მოპირკეთება, რომლის დროსაც დასაქმებულთა რაოდენობა გაორმაგდება.



დღეს ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე გაეცნო.


„ქალაქში შენდება ევროსტანდარტების რაგბის სტადიონი, როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ 2016 წლის ბოლომდე ობიექტი ჩაბარდება. მობილიზებულია მთავარი ძალები და მშენებლობის ტემპი ნორმალურია. ბაზა სამომავლოდ ითვალისწინებს სასტუმრო კომპლექსის მოწყობასაც. ეს პროექტი სპორტის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ სპორტის სახეობას, ბათუმს ექნება ღირსეული მოედანი და ბაზა სპორტსმენებისთვის“ – თქვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ.


მთავრობის თავმჯდომარეს რაგბის მოედანზე მიმდინარე პროცესები სამუშაოების ხელმძღვანელმა სოსო ბოლქვაძემ და ასოციაცია „ატუ“-ს წარმომადგენელმა ნუკრი ღლონტმა გააცნეს.


პროექტის მთლიანი ღირებულება 7 775 988 ლარს შეადგენს. ამ ეტაპისთვის შესრულებულია 1 800 00 ლარის ღირებულების სამუშაოები.



’’ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი’’ სტუდენტებისთვის

 

 

 

ბანაკის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული, გასართობ-შემეცნებითი და კულტურული ხასიათის აქტივობები. არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით ჩატარდება შემდეგი სახის ტრენინგ-სემინარები:

პროექტის წერა; დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა; პრეზენტაბელურობა; კომუნიკაბელურობა; მოხალისეობა; ლიდერობა; ახალგაზრდები და სამოქალაქო აქტივიზმი.


კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა (რომლებიც სწავლობენ აჭარაში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში), სამოტივაციო წერილი და განაცხადი საცხოვრებელი მისამართის, უმაღლესი სასწავლებელისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით უნდა გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: banaki2015@dsy.gov.ge.

 

რეგისტრაცია გრძელდება 2 აგვისტოს ჩათვლით.

აჭარის რეგიონული განვითარების სტრატეგიაზე მუშაობის პირველი სამუშაო შეხვედრა



სამინისტროს ცნობით, ახალი ხუთწლიანი სტრატეგია 2016-2020 წლებზე იქნება გათვლილი. რეგიონული განვითარების სტრატეგიის დოკუმენტზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სპეციალისტები დონორი ორგანიზაცია GIZ-ს ფინანსური მხარდაჭერით იმუშავებენ, კონსულტაციას კი მათ საკონსულტაციო კომპანია PMCG-ი გაუწევს.


სტრატეგიაზე მუშაობის პირველი ეტაპი (სიტუაციის ანალიზი) ოქტომბერში დასრულდება და როგორც სამინისტრო იუწყება, სტრატეგიის დოკუმენტი ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების სწორად განსაზღვრას. საბოლოო დოკუმენტი 2016 წლის თბერვალში მომზადდება. დღემდე არსებული სტრატეგია 2009-2014 წლებს მოიცავდა.



შეხვედრას ესწრებოდნენ: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი.

ოჩხამურში ახალი წყალსადენი სისტემა მოეწყობა

 

 

 

ოჩხამურის წყალსადენი სისტემის მოწესრიგების მიზნით, სათავე ნაგებობის კეთილმოწყობითი სამუშაოები მუშაობის პროცესშია. პროექტის ფარგლებში კაშხლის, წყალშემკრები ნაგებობისა და ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.


ინფრასტრუქტურული ღონისძიებისთვის 224 450 ლარია გათვალისწინებული, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მარიამი ო.ბ. 2006“ აწარმოებს.


დაბაში ახალი წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია მრავალწლიანი ინფრასტრუქტურლი პროექტია, რომლის ფარგლებშიც მოეწყო რეზერვუარები, ცენტრალური მაგისტრალი, შიდა ქსელი და მოხდა აბონენტთა გამრიცხველიანობა, რომლისთვისაც ჯამში 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.


პროექტის დასრულება ოქტომბრის თვეში იგეგმება.

’’უსაფრთხოება იწყება ბაღიდან’’ – სადემონსტრაციო ღონისძიება ბათუმის საბავშვო ბაღში

 

 

 

ღონისძიების მიზანია სკოლამდელი ასაკის ბავშვების, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისა და მათი აღმზრდელების დაცულობა და ინფორმირებულობის გაზრდა.



პროგრამა –  „ჩვენ მზად ვართ! კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში“, გერმანული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ASB-ის ორგანიზებით ხორციელდება.


კინოჩვენება თანამედროვე ხელოვნების ცენტრში – ’’ტაშკენტი პურის ქალაქი’’

 

 

 

ფილმი გადაღებულია 1968 წელს ალექსანდრე ნევეროვის მოთხრობის მიხედვით. კინოჩვენების მასპინძელია ხელოვანი ლადო დარახველიძე.

 

დასწრება თავისუფალია.

 

აჭარის საპატრულო პოლიციის 150-მდე თანამშრომელმა სამგზავრო დოკუმენტების გამოსავლენად სწავლება გაიარა



სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით მამულაშვილი დაესწრნენ.



ოთხდღიანი სწავლება აშშ-ს საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული და იგი აშშ-ს საელჩოს სახელმწიფო დიპლომატიური უსაფრთხოების ბიუროს სპეციალურმა აგენტმა ჯეისონ ფისტნერმა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური უსაფრთხოების ბიუროს სპეციალურ საქმეთა გამომძიებელმა დავით ქაჯაიამ ჩაატარეს.

 

 

სწავლება სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში ჩატარდა და მასში მონაწილეობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბათუმის პორტში და სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში მომსახურე საპატრულო პოლიციის 150-მდე თანამშრომელმა მიიღო. სწავლება თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან შედგებოდა, რომლის ფარგლებში ყალბი სამგზავრო დოკუმენტების გამოვლენის, მეორადი ინსპექტირების და პიროვნების იდენტიფიცირების კუთხით ქართველმა სამართალდამცველებმა კვალიფიკაცია აიმაღლეს.

 

ხელვაჩაურში გზების დაბეტონება ორ თვეში დასრულდება

 

 

წელს „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამისთვის  მილიონ  316 880 ლარია გამოყოფილი, რომლითაც მოსახლეობის გადაწყვეტილებით უკვე გამოიცვალა სასმელი წყლის მილები, დამონტაჟდა გარეგანათებები და იგეგმება მოსაცდელების მოწყობა. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი 11 პროექტის განხორციელება  2 თვეში უნდა დასრულდეს.

 

გაქვთ თუ არა მზის ალერგია

მიზეზები – ამერიკული კლინიკა Mayo-ს სამედიცინო კვლევითი ჯგუფის ცნობით, მზეზე ალერგია სხვადასხვა გარემოებისას ჩნდება, ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს მცხუნვარე მზის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედებით კანზე, ან ისეთი გარეფაქტორების ზემოქმედებით, როგორიცაა: ტანის კრემები, დეოდორანტები, მედიკამენტები და სხვა. ექიმის განმარტებით, მზის ალერგია შესაძლოა სოლარიუმში ხშირმა ვიზიტმა, სხვადასხვა ლოსიონისა და ზეთის არასწორმა და ჭარბი რაოდენიბით მოხმარებამაც გამოიწვიოს.

ია ბაბილაშვილის თქმით, არსებობს მზის ალერგიის გენეტიკური ან შეძენილი ფორმა. გენეტიკური ფორმის დროს, ხშირად შვილებსაც იგივე რეაქცია უვითარდებათ, რაც აქვთ მათ მშობლებს. შეძენილი ფორმა კი სხვადასხვა ასაკში ვლინდება. `შეძენილ ფორმას ახასიათებს სეზონურობა. იგი შეიძლება ზამთრშიც განვითარდეს, მაგალითად, სახეზე, რადგან მზის ულტრაიისფერი სხივები სახის კანზე ყოველდღიურად ზემოქმედებს. შეძენილი ფორმა ხშირად უვითარდებათ რუჯის მოყვარულებს, რადგან მზეზე დიდხანს ყოფნა განსაკუთრებით საზიანოა გაურუჯავი კანისთვის“, – ამბობს ექიმი.

როგორ ვლინდება მზის ალერგია – ალერგია ვლინდება მზეზე ყოფნისა თუ პირველივე გარუჯვის შემდეგ. „ალერგიის ყველაზე ხშირი გამოვლინება ქავილია. თუ მზეზე ყოფნის შემდეგ გაქვთ გამონაყარი და რაიმე ტიპის ქავილი, ეს სწორედ ალერგიული რეაქციაა. მაგრამ ტკივილი, ან წვის შეგრძნება დამწვრობას მოასწავებს“, – ამბობს ია ბაბილაშვილი. მისივე თქმით, ამ დაავადების კონტროლი საკმაოდ ადვილია, თუ პაციენტი ყურადღებით დაიცავს წესებს და ზომიერად მიიღებს მზის სხივებს.

როგორ ვმართოთ მზის ალერგია – ია ბაბილაშვილის რეკომენდაციით, მათ, ვისაც ეს პრობლემა აქვთ, აუცილებლად უნდა გაიარონ ექიმთან კონსულტაცია, რადგან მზის ალერგიის თანდაყოლილი ფორმის დროს, გარდა იმისა, რომ მზეს ერიდება პაციენტი, სპეციალური რეჟიმის დაცვაც უხდება. მისივე თქმით, შედარებით ადვილი სამართავია მზის ალერგიის შეძენილი ფორმა: „ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი სწორად გაირუჯება, მაგალითად, ზაფხულში დღის პერიოდში მზის დამცავი კრემის მაღალი SPF-ფილტრის გარეშე არ გამოვა გარეთ”.

ექიმის რეკომენდაციით, იმ ადამიანებმა, რომლებსაც აწუხებს მზის ალერგია, დამცავი კრემის გარდა უნდა ატარონ ფართოფარფლიანი ქუდი, მოერიდონ მცხუნვარე მზეს და იარონ ჩრდილში.

თვითმკურნალობა – კანზე გამონაყარს ადამიანები ხშირად მხოლოდ კოსმეტიკურ დეფექტად მიიჩნევენ და თავისით შერჩეული მალამოებითა და ხალხური საშუალებებით ცდილობენ მათ მოშორებას. ია ბაბილაშვილი ამბობს, რომ ამ დაავადების იგნორირება და თვითმკურნალობა დაუშვებელია: „სამწუხაროდ, ხშირად პაციენტები ამ დაავადებას, კანზე პათოლოგიური ცვლილებების არსებობას არ აქცევენ სათანადო ყურადღებას, აგრძელებენ მზესთან კონტაქტს და იქამდე არ მიდიან ექიმთან, სანამ სავალალო სიტუაციაში არ აღმოჩნდებიან“.

დერმატოლოგ-ვენეროლოგის თქმით, კანზე სიწითლის, გამონაყარის, შეშუპების ან ნებისმიერი სხვა ცვლილების შემჩნევისას აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი რისკია იმისა, რომ მიიღოთ კანის I, II და III ხარისხის დამწვრობა, რაც იწვევს კანის მთლიანობის დარღვევას და ტოვებს დეპიგმენტაციებსა და ნაწიბურებს.

 

AltConvention – ფინანსური ტექნოლოგიების კონფერენცია ბათუმში

 

 

“მას შემდეგ, რაც მივიღეთ ჩვენი პირველი შთაბეჭდილებები ბიზნესის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ფინანსური ტექნოლოგიების კლიმატის შესახებ საქართველოში, გადავწყვიტეთ გვემასპინძლა ოლთქონვენშენისთვის. საკანონმდებლო და საბანკო კლიმატი, მზარდი შესაძლებლობები ამ განვითარებად ბაზარზე გასაოცარია“ – ამბობს Global Bitbillions Group Incorporated-ის  აღმასრულებელი დირექტორი დეივიდ რუბუში.

”სფიქერების წინასწარი სია მოიცავს ანდრეას ანტონოპოლოსს, ბითქოინის მისიონერი, ავტორი და მეწარმე; ჩარლზ ჰოსკინსონს, დეველოპერი და მათემატიკოსი; იონას კილსბერგი, სკაიპისა და Gear Up Ventures-ის თანადამაარსებელი; ადამ კრელენსტაინსა და ივან ვაგნერს Counterparty-დან; ჯონ მატონისს, Bitcoin Foundation და Chief Forex Dealer VISA-ში დამაარსებელი ბორდის წევრი; პამელა მორგანს Empowered Law და Third Key Solutions-დან; ური ლევინს, Waze-ის თანადამაარსებელი; ტატიანა მოროზს Tatiana Coin და Crypto Media Hub-დან, ლილია ვერშინინა Kraken-დან და სხვები”.

 

ღონისძიება ორიენტირებულია ბიზნესის მფლობელებზე, ინოვატორებზე, მეწარმეებზე, დეველოპერებზე, მთავრობის პირებზე, სარისკო კაპიტალისტებსა და ნებისმიერ სხვაზე, ვისაც აინტერესებს ფინანსური ტექნოლოგიები. ღონისძიებაზე წარმოგიდგენილი იქნება ვორქშოფები, საკონფერენციო სესიები, დისკუსიები მრგვალ მაგიდასთან, საგამოფენო დარბაზი, ქსელური მოვლენები, იქნება ასევე კულტურული წარმოდგენები.

 

 

 

ორგანიზატორთა ცნობით, საპრეზენტაციო და სადისკუსიო თემები მიმართული იქნება გამოცდილ პროგრამისტებზე, დიდი ხნის ენთუზიასტებსა და მათზე, ვინც ახალია ციფრული ვალუტის სფეროში. მათივე ინფორმაციით კონფერენციას დაესწრებიან ოფიციალური პირები მთავრობიდან, მათ შორის საქართველოსა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების  წარმომადგენლები და რამდენიმე რეგიონალური ბანკის აღმასრულებელი დირექტორი.   

 

ოლთქონვენშენზე დასასწრებად უკვე გაყიდულია 500-მდე ბილეთი, მათი შეძენა შესაძლებელია  ღონისძიების ვებგვერდზე, ბითქოინისა და მსხვილი საკრედიტო ბარათების საშუალებით. დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

 

 

ყაჩაღობაში ბრალდებულები

 

30 წლის თორნიკეს, 22 წლის ილიას და 25 წლის მამუკას [სახელები შეცვლილია] ბრალად ჯგუფური ყაჩაღობა ედებათ. ბრალდების მტკიცებით, გასული წლის აპრილში, ღამით, დაახლოებით 22:30 საათზე ისინი თავს დაესხნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებულ ჩინეთის ორ მოქალაქეს. თავდამსხმელებს ეკეთათ ნიღბები. დაზარალებულებს თავდამსხმელებმა დაშინების გზით წაართვეს 1600 ჩინური იენი, 200 ამერიკული დოლარი, 300 ლარი, მობილური ტელეფონი, პერსონალური კომპიუტერი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები.

პროკურორმა დავით კირჩხელმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ ბრალდებულებმა დაზარალებულებს მწებავი ლენტით შეუკრეს ხელები და აუხვიეს თვალები… ამის მიუხედავად, ადვოკატებმა მოსამართლეს სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. მოსამართლემ თქვა, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილებას შემდეგ სასამართლო პროცესზე მიიღებს, რომელიც 4 აგვისტოს გაიმართება.

ადვოკატების მტკიცებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ადასტურებს დაკავებულების ბრალეულობას. `ბათუმელების~ ინფორმაციით კი, რომელიც საქმეში არსებულ დოკუმენტებს ეყრდნობა, ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ მწებავ ლენტზე აღმოჩენილი თითის ანაბეჭდები ემთხვევა ერთ-ერთი ბრალდებულის თითის ანაბეჭდს. ექსპერტიზა ჯერ კიდევ ბრალდებულების დაკავებამდე ჩატარდა.

გამოძიება სადგომში ან სხვა საცავში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით).

ბათუმის ”დინამოში” პორტუგალიელი ლუის ალბერტო ვიერია მედინა ითამაშებს

 

ლუის ალბერტო ვიერია მედინა და ბათუმის ”დინამოს” პრეზიდენტი ოთარ ფედიჩკინი

 

 

ის 2014-15 წლების სეზონში ბოლნისის „სიონში“ თამაშობდა, სადაც 12 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა, ერთ-ერთი ბათუმის „დინამოს“ კარში (სიონი 1 – 0 დინამო).

 

23 წლის ლუის ალბერტო ვიერია მედინა მადრიდის „ატლეტიკოს“ სკოლის აღზრდილია. ასპარეზობდა პორტუგალიასა და ესპანეთში სხვადასხვა ლიგის გუნდებში.

 

 

უფასო სამედიცინო კონსულტაცია მემთეურებს

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის სოფიო ხაბაზის ინფორმაციით, სოფლის ექიმი ქედის ყველა მთაზე მცხოვრებ მოიალაღეს სამედიცინო კონსულტაციას თვეში ერთხელ გაუწევს:

„ქედაში ექვსი მთაა, სადაც ქედელი ოჯახები მემთეურ ცხოვრებას ეწევიან. ამ ოჯახებს ამბულატორიის ექიმი თვეში ერთხელ, ექთანი კი ყველა კვირაში მოინახულებს და საჭირო სამედიცინო მომსახურებას გაუწევს“.

 

ამ დროისთვის ნაკონაღვარზე 44 მემთეური ოჯახი ცხოვრობს. სამედიცინო პერსონალთან ერთად ქედელი მემთეურები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მოინახულეს.

პიანინოს დაზიანების ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო

 

 როგორც “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს,  მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო, აღიარებს ბრალდებას და იღებს  დაზიანებული პიანინოს შეკეთების ვალდებულებას.  

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ეს დამოკიდებულია ექსპერტიზის დასკვნაზე. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რა   ზიანი მიადგა პიანინოს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას. “რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.”

 
ბათუმის ბულვარში, ბარბარეს ეკლესიასთან ახლოს განთავსებული პიანინო გუშინ, 22 ივნისს, საღამოს საათებში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა წააქცია.  

ბათუმის ქუჩებში,  პროექტ „ჰიტ ბათუმის“ ფარგლებში, 10 ფერადი პიანინო დადგეს. პიანინოები ქუჩებში ორი თვის განმავლობაში იქნება განთავსებული და ნებისმიერ მსურველს შეეძლება მასზე დაკვრა.

ბათუმის მერია სტუდენტების დასაქმებას იწყებს

 

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბათუმში რეგისტრირებულ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ აკრედიტებულ პროფესიულ ან უმაღლეს სასწავლებლებში.

მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უპირატესობა მიენიჭებათ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს:

•             სოციალურად დაუცველი

•             მრავალშვილიანი ოჯახის წევრი

•             მზრუნველობამოკლებული

•             შშმ სტატუსის მქონე

•             საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულის შვილი

•             მერიის მიერ ინიცირებულ პროგრამებში აქტიურად ჩართული სტუდენტები

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი და შევსებული სააპლიკაციო ფორმა უნდა წარადგინონ   ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილებაში 20-დან 27 ივლისის ჩათვლით. მის: ლერმონტოვის ქ. #90.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ – 24 63 12

სასტუმროს ნომრები, ახალი სცენა და ლიტერატურული კაფე დრამატულ თეატრში

აჭარის განათლების სამინისტროს ცნობით, ილია ჭავჭავაძის დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო პროექტი ითვალისწინებს შენობის სრულ რეკონსტრუქციას. თეატრის შენობის ფასადს ჩაუტარდება რესტავრაცია და შენობას დაუბრუნდება ავთენტური სახე. პროექტის თანახმად რესტავრაცია, ასევე, ჩაუტარდება თეატრის ჭაღს, სკამებს; მოეწყობა შემოქმედებითი დასისა და ადმინისტრაციის წევრებისთვის ოთახები; შეიცვლება გათბობა – ვენტილაციის სისტემა; დამონტაჟდება ახალი განათების და გახმოვანების აპარატურა. პროექტის თანახმად თეატრის მუზეუმი განთავსდება პირველ სართულზე. ასევე, პირველ სართულზე, ფოიეში მოეწყობა ლიტერატურული კაფე.

შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია,ამიტომაც სარეაბილიტაციო პროექტი შეთანხმებულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვიის საგენტოსთან.  მოწვეული რეჟისორისთვის, მხატრისთვის, მსახიობებისთვის თეატრში სამი სასტუმრო ნომერი მოეწყობა. ასევე, სიახლეა ის, რომ შენობაში დამატებით მცირე სცენას მოაწყობენ.

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ თეატრს ექნება სამი სცენა, დამონტაჟდება სინქრონული თარგმნის აპარატი, რაც თეატრს საშუალებას მისცემს უმასპინძლოს საერთაშორისო ფესტივალებს. თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს. „ბურჯი“.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ეს იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თეატრი, მისივე ინორმაციით სარემონტო სამუშაოებისთვის დაახლოებით 8 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება.

ბათუმში დასრულდა ახალი სცენის მოწყობა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოიყო თანხა თეატრის ცალკე მდგომი მცირე სცენის მშენებლობისთვის. პროექტის თანახმად აშენდა ერთსართულიანი შენობა დაახლოებით 100 მაყურებელზე გათვლილი დარბაზით.

მშენებლობისთვის დაიხარჯა 240 000 ლარი. სამშენებლო სამუშაოები აწარმოვა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შ.პ.ს. „ჯი თი აი 2007“-მა. უახლოეს პერიოდში იგეგმება თეატრის მცირე სცენის გახსნა ორი პრემიერით: „ბონდოს ღამე“- რეჟისორი ანდრო ენუქიძე, „ღამის პორტიე“- რეჟისორი ზაზა სიხარულიძე.

აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინასებით ხორციელდება პროექტი- „თეატრი კედელთან“. პროექტის ფარგლებში დამუშავდა და წინასწარ შექმნილი ესკიზის მიხედვით მიმდინარეობს ახალი თეატრალური სივრცის – გვერდითი კედლის მოხატვა. პროექტში ჩართულია ორი ბათუმელი მხატვარი – ლუკა ბესელია და ირინა ტორონჯაძე, რომლებიც 75 კვ.მ. მოცულობის უსახურ კედელზე ქმნიან ესთეტიკურად მიმზიდველ ახალ სტრიტ არტ პროდუქტს. პროექტის ღირებულება 11 000 ლარია.

ჯორჯ ქლინტონმა მაჭახელას ხეობაში ითევზავა

George Clinton – მა მაჭახელას ხეობაში ითევზავა

 წელს შავი ზღვის ჯაზფესტივალის პირველ დღეს ფესტივალის სტუმრებისთვის ფანქ, სოულ და როკმუსიკალური კოლექტივი Parliament Funkadelic-ი და ცნობილი ამერიკელი ფანკმუსიკოსი ჯორჯ ქლინტონი დაუკრავს, რომელსაც თანამედროვე ურბანული მუსიკის ნათლიმამად მოიხსენიებენ.

 

თევზაობის შესახებ ფოტო და ინფორმაცია  Black Sea Jazz Festival -ის ფეისბუქ გვერდზე განთავსდა. 

ბათუმის დელფინარიუმში ორი სელაპი დაიბადა

 

ახალშობილი სელაპი

 

22 ივლისს, 23:00 საათზე სამხრეთ ამერიკული ზღვის ლომების ოჯახში  მეორე სელაპი დაიბადა. პირველი სელაპი პატარა კონის შეეძინა. ხოლო 19 ივლისს, გამთენიისას, დედა მეორე სელაპი – „მარი“ გახდა. მამა ორივე შემთხვევაში საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი „პედროა“.

 

დელფინარიუმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პატარები თავს კარგად გრძნობენ. ორივე სრულიად ჯანმრთელია. იკვებებიან დედის რძით. დაიბადნენ მუქი ყავისფერი ბეწვით. ახალდაბადებულთა სავარაუდო წონა 11-15 კგ-ია.

 

„მართალია, ზღვის ძუძუმწოვართა ცენტრში ეს ნამატის პირველი შემთხვევა არ არის, მაგრამ ნებისმიერ მატებას სიხარულის ისეთი შეგრძნება სდევს თან, თითქოს ეს პირველია. ეს წარმატება იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ბინადრები, მოვლისა და შენახვის თვალსაზრისით, იდეალურ გარემოში იმყოფებიან, ყველა პრევენციული ზომების გათვალისწინებით კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ. დელფინარიუმის მესვეურნი ყურადღებასა და ალერსს არ აკლებენ ახალ ბინადრებს“.

 

 

სამხრეთ ამერიკის ზღვის ლომები ფართოდ არიან გავრცელებული პერუს ჩრდილოეთიდან სამხრეთ ბრაზილიამდე, ფოლკლენდის კუნძულების ჩათვლით. ბინადრობენ ატლანტიკისა და წყნარი ოკეანის სანაპიროებზე. ცხოვრობენ ნაპირთან ახლოს, იშვიათად გვხდებიან ღრმა წყლებში. იკვებებიან თევზებითა და ზღვის სხვა ორგანიზმებით, საკვების რაოდენობა შეესაბამება სხეულის წონის 5-8%-ს დღეში (6.8-18.2კგ). დაწყვილების დრო აგვისტოდან დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. ერთი მამრი 18-მდე მდედრთან წყვილდება, ფეხმძიმობა 11-11,5 თვეს გრძელდება. სამხრეთ ამერიკის ზღვის ლომებს ახასიათებთ მკვეთრად გამოხატული სქესობრივი დიმორფიზმი. როგორც წესი, წონით მამრი ორჯერ აღემატება მდედრს. ბეწვის შეფერილობა მოყავისფრო-ოქროსფერია. ზრდასრულ მამრს გააჩნია ფაფარი, რომელიც შედარებით ღია ფერისაა, ვიდრე ბეწვი. სამხრეთ ამერიკის ზღვის ლომების ზომები ძლიერ ვარირებს. მამრის ზომა 2.73 მ-ზე მეტია, ხოლო წონა 350 კგ. აღწევს. მდედრის ზომა 1.8-2 მ-ა, წონა კი მამრების წონის ნახევარია, დაახლოებით 150 კგ.

შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის „წითელ ნუსხაში“(IUCN), მინიჭებული აქვს LR (დაბალი რისკი) კატეგორია.

Exit mobile version