სიახლეები

აჭარის მთავრობის იურისტი: ყველაფერი არც შავია და არც თეთრი

24.07.2015 • 1917
აჭარის მთავრობის იურისტი: ყველაფერი არც შავია და არც თეთრი

 

დათო გაბაიძე
დათო გაბაიძე

ნებისმიერი დოკუმენტი, განსაკუთრებით  სამართლებრივი აქტი, რომელსაც თავმჯდომარე აწერს ხელს, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, ჩვენს დეპარტამენტში გადის ვიზირებას. წერილები, რომლებიც მთავრობის თავმჯდომარის მიერ იგზავნება სხვადასხვა უწყებაში და ასევე აპარატის წერილები, საჭიროებს იურიდიული დეპარტამენტის ვიზირებას. დღეში ათეულობით კორესპონდენციის წაკითხვა მიწევს, შეიძლება ასეულიც იყოს. ვარკვევ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში ხომ არ არის რომელიმე და შემდგომ ვაკეთებ ვიზირებას. ჩვენი როლი მხოლოდ კანონთან შესაბამისობის დადგენით შემოიფარგლება, იშვიათია მიზანშეწონილობაში შევიდეთ. გვქონია შენიშვნები  მიზანშეწონილობასთან დაკავშირებითაც, მაგრამ ამ ნაწილში ჩვენი პოზიცია ხისტი არ არის, რადგან მიზანშეწონილობა კონკრეტული თანამდებობის პირის დისკრეციაა, ვინც უნდა გადაწყვიტოს საკითხი.

 

კვირაში სამ-ოთხჯერ ვიხილავთ იმ ადმინისტრაციულ საჩივრებს, რომლებიც შემოდის თავმჯდომარის ან მთავრობის სახელზე. ეს, ძირითადად, სამინისტროების მიერ გამოცემული აქტების კანონიერებას ეხება. ვთქვათ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა გამოსცა აქტი, შეუწყვიტა ხელშეკრულება ინვესტორს, ეს აქტი საჩივრდება ჩვენთან და შემდგომ ტარდება ადმინისტრაციული წარმოება საკითხის ირგვლივ. ზეპირ მოსმენაზე ვიბარებთ ორივე მხარეს. მოსმენას მე ვატარებ. შემდგომ საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტს ვამზადებთ მთავრობის თავმჯდომარის სახელზე. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაჩნდა ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილების პრეცედენტები.

 

თქვენ ამბობთ, რომ სამინისტროს მიერ გამოცემული აქტი მთავრობამ გააბათილა?

რასაკვირველია. იმ თვის დასაწყისში ორი ასეთი შემთხვევა გვქონდა. რამდენიმე ათეულს აჭარბებს ასეთი საქმეების ოდენობა ბოლო ორი წლის განმავლობაში. წელს გვქონდა ოცამდე საჩივარი და აქედან მესამედი გაუქმებით დასრულდა. როცა ადვოკატი ვიყავი, ხშირად მქონდა ადმინისტრაციული საჩივრები, მაგრამ არ მახსოვს მსგავსი პრაქტიკა – მთავრობას მისი მინისტრის აქტი გაეუქმებინოს. ვცდილობთ, თუკი რაიმე შეცდომაა, კარგად შევისწავლოთ ის და მხარე სასამართლოში აღარ წავიდეს.

 

ხომ არ გამხდარა ეს მთავრობის წევრებს შორის პიროვნული  წყენის მიზეზი?

არა. შესაძლებელია დასაწყისში უხერხულობა იყოს, მაგრამ შევეჩვიეთ, რომ ეს არის მოცემულობა. ეს იურისტებს არ მოგვიგონია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი პროცედურაა.

 

უფრო ხშირად რაზე უჩივიან აჭარის მთავრობას?

ჩვენ უფრო თანამოპასუხე, ან მესამე პირი ვართ იმ ნაწილში, სადაც ადმინისტრაციული საჩივარი გვაქვს განხილული. პირობითად, თუკი გაასაჩივრეს ფინანსთა სამინისტროს აქტი და ჩვენ ძალაში დავტოვეთ, ასეთი დავების მონაწილე ვხდებით. ძირითადად გვაქვს შრომითი დავები, თუმცა არც ერთ შრომით დავაზე ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის. იყო შეემთხვევები, როცა დავის პროცესში აღმოჩენილა, რომ არასწორად გვქონდა კანონი განმარტებული. გვქონია მცდელობა დავის გარეშე გადაგვეჭრა ეს, ამაში არაფერია კანონსაწინააღმდეგო. თუ მორიგების რესურსი არის, ყოველთვის ჯობია საქმე მორიგებით დაასრულო.

 

უფრო ხშირად რომელ უწყებას ედავებიან?

დავა არის იქ, სადაც ქონებაა. ქონების მართვა და განკარგვა კი ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციაა. ყველაზე მეტი საჩივარი მოდის ამ უწყებაზე. საჩივრების ორი კატეგორიაა – ავადხსენებული ე.წ. გადაფარვები, რაც ალბათ რამდენიმე წელი კიდევ გაგრძელდება. ვთქვათ, ეკონომიკის სამინისტრომ დაირეგისტრირა ქონება, რაც თურმე ვიღაცის საკუთრებაა… მეორეა – ინვესტიციებთან დაკავშირებული ხელშეკრულებიდან გასვლის დამდგენი აქტები, რაც საჩივრდება ჩვენთან და შემდეგ სასამართლოში. ადმინისტრაციულ საჩივარს თავმჯდომარე იღებს წარმოებაში, მაგრამ მოსმენებს მე ვატარებ. მერე ვამზადებ ოქმს და ხელს ვაწერ. შემდეგ მასალები წარედგინება მთავრობის თავმჯდომარეს. მიზანშეწონილობის ნაწილში თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას, რადგან ის განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკისთვის რა უფრო მნიშვნელოვანია – დარჩენა სახელშეკრულებო ურთიერთობაში თუ გასვლა. თუ მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით უნდა განვიხილოთ საჩივარი, ბუნებრივია, იურისტების პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

 

როგორ მოვიქცეთ ამ კითხვას არჩილ ხაბაძე რამდენად ხშირად სვამს?

ასე არ სვამს კითხვას. თუ როგორ უნდა მოიქცეს აპარატი ნებისმიერ აქტთან დაკავშირებით, კეთდება მოხსენება, თუ როგორ ჯობია. ამას ვაკეთებთ სიტყვიერად. ბოლო დროს დავიწყეთ ანოტაციების მომზადება წერილობით. აქტი რომ შედის მთავრობის თავმჯდომარესთან, მას მიყვება ანოტაცია. მაგალითად, შევიდა 30 ბრძანება ხელმოსაწერად, შედის მოკლე დასაბუთება, თუ რას ეხება და რატომ ჩავთვალეთ საჭიროდ საკითხის გადაწყვეტა ასე. თუ დამატებითი კითხვა გაუჩნდება, დაგვიბარებს და მიეცემა შესაბამისი განმარტება.

 

ალბათ თქვენც გაგიგიათ, როცა ამბობენ, რომ მთავრობა ბევრ უკანონო გადაწყვეტილებას იღებს და ეს საქმეები მომავალში გადაიხედება. ამაზე გიფიქრიათ?

რა თქმა უნდა, მიფიქრია. შიშის მომენტი არ მაქვს, ვცდილობ ყოველი  გადაწყვეტილების უკან იდგეს კანონი. ამას გულწრფელად ვამბობ. თუ გადაწყვეტილების უკან კანონი არ იდგება, ვერ ვიმუშავებ. არ გამიჭირდება, ვიყავი ადვოკატი, მაშინ გაცილებით მეტი მქონდა ანაზღაურება.

 

წარმატებული კარიერა და მაღალი ხელფასი გქონდათ, იყავით ადვოკატი, კომპანიის დირექტორი და მაინც საჯარო სამსახური არჩიეთ. რატომ?

საჯარო მოხელეობა ჩემთვის თვითმიზანი არ ყოფილა. იმისთვის, რომ იურისტად გიცნობდნენ, არ არის აუცილებელი მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. მგონი, გაცილებით მეტი მიცნობდა როგორც ადვოკატს. იქ გაცილებით თავისუფალი ხარ, მეტ ემოციას ატან საქმეს. ემოცია მოსწონს მაყურებელს, ჟურნალისტსაც. აქ, ბუნებრივია, ემოციის კონტროლი გიწევს. არის შემთხვევა, როცა ემოცია აქაც მომეძალება, ერთ კვამლს გამოვუშვებ და დამთავრდება.

 

ანუ საჯარო მოხელის პოზიცია ემოციის გამოხატვის საშუალებას გიზღუდავთ?

რასაკვირველია. აქ შეიძლება მოვიდეს ბაბუა და მთელი დღე ერთ რამეზე გელაპარაკოს, მაგრამ ხელს ხომ ვერ მოკიდებ და ვერ გააგდებ. თვითონ უნდა მიხვდეს, რომ საუბრის დრო ამოიწურა. როცა საჯარო მოხელე ხარ, შენი ემოცია არავის სჭირდება, აქ მოთმინება უნდა ისწავლო.

 

თქვენ წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდით თანამდებობაზე. რატომ წახვედით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან?

2007 წლის 7 ნოემბერს დავწერე განცხადება და წამოვედი ისე, რომ ეს არ გამიხმაურებია. ეს მხოლოდ ადამიანური ნაბიჯი იყო. რაღაცით უნდა გამომეხატა პროტესტი იმის მიმართ, როცა სცემდნენ წაქცეულ ადამიანებს. რატომ უნდა გითხრან ამისთვის მადლობა?

 

იქნებ უფრო კონკრეტულად ახსნათ, რატომ არჩიეთ ადვოკატობას საჯარო სამსახური?

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მეგობრები წამოვიდნენ საჯარო სამსახურში. იყო დეპარტამენტის მოადგილის ვაკანსია და მეგობრის თხოვნით მოვედი სამი თვით, სიტუაციის დალაგებაში უნდა დავხმარებოდი. ახალი წლის დღეები იყო. მთავრობის აპარატში კონკურსი არ ჰქონდათ ჩატარებული და გადავწყვიტეთ კონკურსის წესით მიგვეღო თანამშრომლები, კონკურსს ითვალისწინებდა ჩემი პოზიციაც… ჩემი წასვლა აღიქმებოდა, თითქოს არ მომეწონა კონკურსს რომ დავექვემდებარე. ამას იტყოდნენ… ადმინისტრაციულ სამართალში ლექციებს ვკითხულობდი და იმდენი ვიცოდი, რომ ვერ ჩავეჭარი გამომცდელებს, რომელთაგან ბევრი არაიურისტი იყო. კონკურსის შემდეგ, ნახეთ, რა მაგარი ბიჭი ვარ, გავედი და ახლა წავედიო, არ გამოდიოდა. შემდეგ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სხვაგან გადაიყვანეს და დავრჩი უფროსის თანამდებობაზე.

 

თითქოს თავს იმართლებთ, რომ აქ ხართ

მე არ ვამბობ, რომ კარგი ვარ, საშუალო ან ცუდი, მაგრამ ერთი ჯოხით ვიდევნებით ყველა. ფაქტია, როგორც ყველა ჟურნალისტზე, ასევე ყველა მოხელეზე შეხედულება ერთნაირია. ვცდილობ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში შევცვალო რაიმე უკეთესობისკენ, მაგალითად, ინფორმაციის გაცემაზე მე თავად ავიღე პასუხისმგებლობა. თუ იყო სტანდარტი, რომ ამას 10 დღეში აკეთებდნენ, მე ვცდილობ ეს გავაკეთო ნაკლებ დროში. მე ინფორამაციას გავცემ კანონის შესაბამისად და ყველა ხედავს, რომ ეს შეიძლება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: