მთავარი,სიახლეები

ნაკლებად მწვანე ბათუმი და სკვერების გაყიდვის სამთავრობო პოლიტიკა

25.07.2015 • 2845
ნაკლებად მწვანე ბათუმი და სკვერების გაყიდვის სამთავრობო პოლიტიკა

აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთა ერთ-ერთი ის ადგილია, რომელიც ბოლოს ბათუმის მერიამ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადასცა, ხოლო ამ უკანასკნელმა გაყიდა.

აქ გამწვანებული ზოლის ნაცვლად ქალაქი მრავალსართულიან კორპუსს, მერია კი – რამდენიმე ბინას მიიღებს. მოსახლეობისა და საზოგადოების პროტესტმა ვერ გაჭრა. სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია.

არსებობს ინფორმაცია, რომ ბათუმის მერია კვლავაც აპირებს გააგრძელოს ფინანსთა სამინისტროსთვის სკვერების გადაცემის პოლიტიკა, რომელიც თავის მხრივ, ამ სკვერებს ინვესტორს მიჰყიდის. ბათუმის საკრებულოს წევრების, მათ შორის უმრავლესობის წარმომადგენლების არაოფიციალური ინფორმაციით, ამის თაობაზე დოკუმენტები მზადების პროცესშია. შესაბამისად, „ბათუმელები“ ამ ინფორმაციის დაზუსტებაზე მუშაობას აგრძელებს.

რამდენი სკვერია ბათუმში

და მაინც, რამდენი სკვერია ბათუმში? – ამ მონაცემების მოწოდების თხოვნით მერიას „ბათუმელებმა“ მისწერა. „გთხოვთ, დაუყოვნებლივ მოგვაწოდოთ ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე არსებული სკვერების, პარკების, გამწვანებისა და რეკრეაციული ზონების [მწვანე საფარის] სრული ნუსხა, – აი, ამ ინფორმაციის მოსაწოდებლად მერიას 10 სამუშაო დღე არ ეყო.

ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის დირექტორის ეთერ მაჭუტაძის თქმით, ისინი 134 სკვერს უვლიან, რომლის ფართობიც ჯამში 3846 კვ/მ-ია [ანუ 0,4 ჰექტარი. აქედან რამდენს აქვს ოფიციალურად სკვერის სტატუსი – მერიის აღნიშნულ სამსახურში არ იციან. ცალკეა გზაგამყოფი გაზონები და ბალახით დაფარული მწვანე საფარი].

მერიისგან გამოცალკევებულია ბულვარიც, სადაც მცენარეების მოვლა-პატრონობას „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“ არ ახორციელებს. ბულვარის ადმინისტრაციის ვებგვერდის მონაცემებით, ბულვარის მთლიანი ფართობი 103,1 ჰა-ია, აქედან, მწვანე გაზონებს – 34,8 ჰა, ბაღებსა და მოედნებს კი 27 ჰა უკავია.

ცალკეა „6 მაისის პარკიც“, რომლის ტერიტორიაც 15,7 ჰექტარია [უშუალოდ სკვერის, ნურიგელის ტბის, დელფინარიუმის, აკვარიუმის, ზოოკუთხისა და ატრაქციონების ჩათვლით].

„არსებული მონაცემების გათვალისწინებით (ბათუმში სკვერებსა და გაზონებს 80 ჰა-მდე ფართობი თუ უკავია, ანუ ბულვარის, 6 მაისის პარკისა და გაზონების ჩათვლით 4,4 კვ/მ ერთ სულ მოსახლეზე, ეს ძალიან ცოტაა, რადგან სტანდარტით  უნდა იყოს 15 კვ/მ), ბათუმში მწვანე საფარი მინიმუმ 200 ჰექტარზეა მოსაწყობი, ევროპულ სტანდარტს რომ მივუახლოვდეთ.

რამდენი უნდა იყოს გამწვანება ქალაქში ერთ ადამიანზე

„როცა ბათუმში ჩამოვდივარ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ არის მწვანე და ბიბინა ქალაქი, თუმცა, როგორც მითხრეს, არც ბათუმშია ევროპული სტანდარტები, ანუ ერთ სულ მოსახლეზე არანაკლებ 15 კვადრატული მეტრი გამწვანება. ბათუმში, როგორც მითხრეს, არის 5-6 კვ/მ, რაც არ არის კარგი“, _ ამბობს „პარტიზანი მებაღე“ ნატა ფერაძე.

„პარტიზან მებაღეს“ ეთანხმება ეთერ მაჭუტაძეც: „საქართველოს დანარჩენ ქალაქებთან შედარებით ბათუმი ყველაზე უფროა გამწვანებული, თუმცა ბევრია გასაკეთებელი, რომ ერთ სულ მოსახლეზე 12-15 კვ/მ გამწვანება გვქონდეს. ამას ითხოვს საყოველთაოდ მიღებული სტანდარტები. “

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს ბათუმში 180 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო ქალაქის ტერიტორია 6494 ჰექტარია. თუ ზემოთ აღნიშნულ სტანდარტს გავითვალისწინებთ, ბათუმში 270 ჰექტარი რეკრეაციული ზონა უნდა იყოს.

ეთერ მაჭუტაძის აზრით, ბათუმში ჰაერის დაბინძურება მინიმუმამდე რომ დავიდეს, 100 ათასი ხე-მცენარის დარგვაა საჭირო, რის მიღწევასაც ის 2-3 წელში აპირებს. თუმცა, მისი სამსახურის მოვალეობა მხოლოდ დარგვა და მოვლა-პატრონობაა და არა ქალაქის გამწვანების [სკვერების, პარკების, რეკრეაციული ზონების] დაგეგმარება, თუ სად რა მოეწყოს.

ბეტონების უბანი“

„ჩვენს ქალაქებში ინვესტორი და არქიტექტორი სადაც თითს დაადებენ, იქ იწყებენ მშენებლობას. დაგეგმარების გარეშე აშენებული ქალაქი კი პერსპექტივაში ეკონომიკურადაც წამგებიანი ხდება“, – ამბობს ნატა ფერაძე. – „ქალაქის გამწვანება მეცნიერებაა, რომელიც ევროპაში ძალიან კარგადაა შესწავლილი. არის გარკვეული ფორმულები და წესებიც კი, თუმცა არ არის აუცილებელი სპეციალისტი იყო. საკმარისია აიღო წიგნი, ინტერნეტრესურსი და ჩაიხედო… ქალაქში, ყოველ 5 წუთში, ფეხით მოსიარულეს უნდა ხვდებოდეს სკვერი ან მწვანე სივრცე, სადაც შეძლებს დასვენებას. კონკრეტულად ბათუმზე ვერ გეტყვით, მაგრამ თბილისში მთელი საათი შეიძლება ისე იარო, ბეტონის გარდა ვერაფერი ნახო“.

„ბეტონების უბანი“ ბათუმშიც გაჩნდა _ იქ, სადაც ახალი მშენებლობებია. ერთ-ერთ ასეთ ადგილად ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელი, ეთერ მაჭუტაძე ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიას ასახელებს: „ხიმშიაშვილზე ხეს ვეღარ დარგავ… პირადად, რომ მაჩუქონ მაქ ბინა, არ შევალ… თუმცა, რამდენადაც ვიცი, მერიის დამოკიდებულებაა, არ გავიდეს არც ერთი ისეთი პროექტი, თუ გამწვანება და პარკინგი არ ჩაიდება~.

რატომ არის აუცილებელი გამწვანება

ნატა ფერაძის თქმით, ცოტამ თუ იცის, რომ ქალაქში სწორად დარგული ურბანული ხეები გვიმცირებს კომუნალურ გადასახადებს: „ზამთარში აკავებს ცივი ჰაერის ნაკადებს და ქარს, ზაფხულში კი მეტი ჩრდილი აქვს და კონდიცირებაზე ნაკლები გვეხარჯება. სწორად დარგული ურბანული ხეები აკავებს წვიმას, ნიადაგიდან იწოვს წყალს და ფუნდამენტს იცავს ნესტისგან. ამასთან, სტატისტიკურად, რაც უფრო გამწვანებულია ქალაქი, მით ნაკლებია კრიმინალი. პაციენტები კი, როცა საავადმყოფოს ფანჯრიდან მწვანე საფარს ხედავენ, გაცილებით მალე გამოდიან მდგომარეობიდან. ადამიანის ფსიქიკაზე დიდი გავლენა აქვს მწვანე საფარს. ის, რომ ჟანგბადს გამოყოფს, ეს ყველამ ვიცით“.

რას ვრგავთ

„ეკოლოგიური სარგებელი რომ მიიღონ, ევროპასა და ამერიკაში სპეციალური ხის ჯიშებია შერჩეული ქალაქში დასარგავად“, – ამბობს ნატა ფერაძე. – „თბილისში უგულვებელყოფილია ყველა წესი, ჩეხავენ ხეებს და თუ რგავენ, არასწორი ხეები ირგვება. ზღვისპირა ქალაქს, ალბათ, სხვა სტანდარტებიც აქვს, სუბტროპიკული ზოლია და მეტი ხე ხარობს. პალმა არაჩვეულებრივი ხეა ზღვისპირისთვის, თუმცა ბათუმში მაინც მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაა, გამონაბოლქვს ვგულისხმობ, ამიტომ სწორად შერჩეული ხეები სჭირდება ბათუმს, მიუხედავად იმისა, რომ აქვს ძალიან კარგი ფილტრი – ზღვა. ბათუმს ზღვა ეხმარება ჰაერთან მიმართებაში და ამიტომ თბილისისგან განსხვავებით, აქ  სუნთქვა არ ჭირს“.

ეთერ მაჭუტაძის თქმით, ის ცდილობს ისეთი ხეები შეარჩიოს, რომლებიც ბათუმის გარემოპირობებთანაა ადაპტირებული: „ვცდილობ, მცენარეები იმ კუთხითაც შევარჩიო, რომ ისინი იმ დიდი გამონაბოლქვის წინააღმდეგ გამოიყენებოდეს, რაც ქალაქში გვაქვს ავტომანქანების გამო. ასეთი ხეებია, მაგალითად, ირმის რქა, მაგნოლიები – მარადმწვანეც და ფოთოლთმცვენიც“.

ეთერ მაჭუტაძის ინფორმაციით, ბათუმში მოწყობილია 199 ე.წ. კლუმბა, ანუ ნაკვეთები, სადაც ყოველწლიურად ჯამში 1 200 000 სეზონური და დეკორატიული ერთწლოვანი ყვავილი ირგვება. 2012 წლიდან დღემდე კი ქალაქში 12 814 დეკორატიული ხე-მცენარე და ბუჩქი დაირგო.

ნატა ფერაძე ამბობს, რომ თბილისში პრობლემაა სპეციალისტების: „მრჩება შთაბეჭდილება, რომ იგივე მდგომარეობაა ბათუმშიც. თბილისში მთის ფერდობზე მშენებარე მაღლივი კორპუსები გვიკეტავს მთის ჰაერს და იგივე იქნება ზღვასთან მიმართებაშიც, მთელ ზოლში არ უნდა აშენდეს ისეთი შენობები, რომ ქალაქში ზღვიდან ჰაერის ნაკადის შემოდინება დააკავოს… ქალაქგეგმარებისა და ურბანისტის გარეშე მიმდინარე მშენებლობების დროს არა მარტო ჰაერის, არამედ გზების ინფრასტრუქტურა და სხვა კომუნიკაციებიც არა მგონია სრულად პასუხობდეს სტანდარტებს“.

გადაბეჭდვის წესი