დღეს, 23 ივლისს, ქედის მუნიციპალიტეტის ოქტომბრის თემის ამბულატორიის სამედიცინო პერსონალმა, სოფელ მეძიბნის მთა ნაკონაღვარზე მყოფი მოიალაღე ქრონიკული პაციენტები მოინახულა და სამედიცინო მომსახურება გაუწია.
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის სოფიო ხაბაზის ინფორმაციით, სოფლის ექიმი ქედის ყველა მთაზე მცხოვრებ მოიალაღეს სამედიცინო კონსულტაციას თვეში ერთხელ გაუწევს:
„ქედაში ექვსი მთაა, სადაც ქედელი ოჯახები მემთეურ ცხოვრებას ეწევიან. ამ ოჯახებს ამბულატორიის ექიმი თვეში ერთხელ, ექთანი კი ყველა კვირაში მოინახულებს და საჭირო სამედიცინო მომსახურებას გაუწევს“.
ამ დროისთვის ნაკონაღვარზე 44 მემთეური ოჯახი ცხოვრობს. სამედიცინო პერსონალთან ერთად ქედელი მემთეურები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მოინახულეს.