სიახლეები

ტურიზმი წვიმაში

24.07.2015 • 3761
ტურიზმი წვიმაში

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რეგიონის სტუმრებს ტოპ ათ მიზეზს სთავაზობს, თუ რატომ უნდა ჩამოვიდნენ აჭარაში, ამინდის მიუხედავად.

„ამ ათ მიზეზში, თუ რატომ უნდა ჩამოვიდნენ აჭარაში, ქალაქის სტუმრებისთვის პირველ მიზეზშია მითითებული მხოლოდ შავი ზღვა, ზღვისპირა კურორტებით, პლაჟებითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით. დანარჩენი მიზეზები, მაგალითად, განტვირთვა მთიან აჭარაში სრულიად შესაძლებელია განხორციელდეს წვიმიან ამინდშიც. ამაში შედის ისტორიულ-კულტურული ძეგლების აღმოჩენა, ეკოტურისტული მარშრუტები, დაცული ტერიტორიების მონახულება და ა.შ. ჩვენი ეკოტურისტული რუკა ძალიან ეხმარება ტურისტებს დამოუკიდებლად დაგეგმონ სათავგადასავლო,  საფეხმავლო და კულტურული ტურები მთიან აჭარაში“, – ამბობს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე სოფო გუჯაბიძე.

სპეციალური პროგრამა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს წვიმაში ტურიზმისთვის არ აქვს, თუმცა სოფო გუჯაბიძე ამბობს, რომ თუ ტურისტი მოინდომებს, ამინდი დასვენებასა და განტვირთვაში ხელს ვერ შეუშლის.

მაშ ასე, რა შეგიძლიათ გააკეთოთ მაშინ, როცა ბათუმში წვიმს?

 

შეგიძლიათ ისეირნოთ ბათუმის ბულვარში ველოსიპედით, თავი ქალაქში სოკოებივით ამოსულ პატარ-პატარა კაფეებს შეაფაროთ, იშოპინგოთ ან ბოტანიკური ბაღის მოსანახულებლად წახვიდეთ. ბათუმის ბოტანიკური ბაღი უნიკალურია ამიერკავკასიაში და იქ ცხრა კლიმატური ზონის მცენარის სახეობის ნახვა შეგიძლიათ.  ბოტანიკურ ბაღში გადასაადგილებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ელექტრომობილი, რაც წვიმაში სიარულს უფრო კომფორტულს გახდის. ასევე შეგიძლიათ ესტუმროთ ბათუმის დელფინარიუმს და ნახოთ შოუპროგრამა დელფინების მონაწილეობით. დელფინების შოუ ყოველდღე, დღეში სამჯერ – 14:00, 17:00 და 21:00 საათზე იმართება. დელფინარიუმის გვერდით მდებარეობს ასევე აკვარიუმი, სადაც სხვადასხვა ჯიშის თევზი ბინადრობს. 6 მაისის პარკშივეა განთავსებული ბათუმის ზოოპარკი.

თუ კულტურული ტურიზმი გაინტერესებთ, შეგიძლიათ ეწვიოთ ბათუმში მდებარე მუზეუმებს – გამორჩეულია ძმები ნობელების ტექნოლოგიური მუზეუმი. ბათუმში პორტის მშენებლობა სწორედ ძმები ნობელების სახელს უკავშირდება. ამავე მუზეუმშია ებრაული წარმოშობის ფრანგი ნავთობმაგნატის როტშილდისა და თბილისელი სომეხის მანთაშევის, ასევე აჭარაში ჩაის კულტურის შემომტანი ჩინელი ლაო ჯინ-ჯაოს საექსპოზიციო კუთხეები. ასევე შეგიძლიათ ესტუმროთ ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს, სადაც უნიკალური ექსპოზიციების ნახვაა შესაძლებელი. აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ ულამაზესი სამკაულები, რომლებიც საუკუნეების წინ აღმოჩენილი ნივთების კოპირებით არის წარმოებული.

ცალკე აღნიშვნის ღირსია გონიოს ციხე, მუზეუმ-ნაკრძალი. ბათუმიდან გონიოში ჩასვლა 20 წუთზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი. უძველესი არქიტექტურული ნაგებობა მნახველის გაოცებას დღემდე ახერხებს. ეს არის ერთ-ერთი წინარექრისტიანული ძეგლი, სადაც რომაული გარნიზონები იდგა.

ღვინის ტურიზმით დაინტერესებულებმა შეგიძლიათ ქედას მიაშუროთ და ცნობილი ღვინო – ქედის ჩხავერი დააგემოვნოთ.

„სხვადასხვა  ღვინის საოჯახო მარნების ბაზა არსებობს ჩვენს საიტზე – გობატუმი.ცომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია დამოუკიდებლად დაგეგმოს ტური, ეწვიოს აჭარულ ოჯახს და დააგემოვნოს სახლში დამზადებული ჩხავერი“, – ამბობს სოფო გუჯაბიძე.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ამასთან 2015 წლის ტურისტული სეზონი ბათუმში ფესტივალებითაა დახუნძლული. მათ შორის „შავი ზღვის ჯაზფესტივალი“, ლიანა ისაკაძის „ღამის სერენადები“  კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის და ელექტრონული მუსიკის ფესტივალი მელომანებისთვის. 10 აგვისტოდან ბათუმში ქუჩის თეატრის დღეებია დაგეგმილი. ხოლო სექტემბერში ფესტივალებს ბათუმის მე-3 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი და ბიაფი – ბათუმის საავტორო კინოს მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალი  დახურავს.   ამასთან ქალაქში უკვე დაიდგა 10 ფერადი პიანინო. თუ მუსიკალური ნიჭით ხართ დაჯილდოებული, შეგიძლიათ თავადაც გაერთოთ და სხვებიც გაართოთ.

ბათუმის მერია წელს 3 მილიონ ლარს ხარჯავს იმისათვის, რომ ქალაქში ყოველდღე რაღაც მოხდეს და ტურისტებმა ისიამოვნონ. „ჰით ბათუმის“ ფარგლებში 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე თითქმის ყველა დღე სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. კონცერტებისა და მუსიკალური საღამოების უმრავლესობა ღია ცის ქვეშ, ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან იმართება, წვიმის შემთხვევაში კი ბათუმის საზაფხულო თეატრში გადაინაცვლებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: