სიახლეები

ტყვედ გაყიდული ქართველების ისტორიები

24.07.2015 • 7009
ტყვედ გაყიდული ქართველების ისტორიები

ტყვეთა სყიდვას ქართველთა ისტორიაში სამარცხვინო ფურცელს უწოდებენ ისტორიკოსები. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოტაცებული ქალები, ახალგაზრდა გოგო-ბიჭები წლების მანძილზე აჭარის გავლით გაჰყავდათ საქართველოდან. ეს პროცესი ვერც იმერეთის მეფის სოლომონ I-ის 1759 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ (ოფიციალურად აკრძალულიყო ტყვეთა  სყიდვა) და ვერც დასავლეთ საქართველოს საეკლესიო კრებაზე შედგენილ კათალიკოსთა სამართალმა ვერ შეაჩერა.

„ჯვარზე გაეცვას ის, რომელიც კაცს მოიპარავს, დიდი იქნება, მცირე იქნება ეკლესიაში უზიარებლობით დაისაჯოს“, – კათალიკოსთა სამართალში ცალკე პუნქტად ჩაწერილმა ტყვის გაყიდვაზე აკრძალვამ შედეგი ვერ გამოიღო.

ისტორიული ცნობებით, ერთ-ერთი ადგილი, სადაც მოტაცებული ადამიანები მიჰყავდათ და შემდგომ ტყვეებად ყიდდნენ, სოფელ მუხაესტატეს ცენტრი იყო. ოსმალეთის იმპერიის ვაჭრები ჩადიოდნენ, სასურველ ტყვეს არჩევდნენ და შემდეგ გემით იმპერიის გზას უყენებდნენ.

ასევე მსგავსი ვაჭრობა იმართებოდა სოფელ ხუცუბანში, ჩაქვის ისტორიულ ცენტრში, სახალვაშოში, ქობულეთის ზღვისპირა ზოლში, ბათუმის შემოსასვლელში ე.წ. თამარის ციხესთან და გონიოს ციხის მიმდებარედ.

„ტყვეებით ვაჭრობდა ყველა – დაწყებული მეფეებით, დამთავრებული გლეხებით. ქართველებს ჰყიდდნენ  ოსმალეთის იმპერიაში, სპარსეთსა და არაბეთში. ეს უფრო გამოკვეთილი გახდა ოსმალთა ბატონობის პერიოდში. აჭარიდან გადადიოდნენ გურიის ტერიტორიაზე, იტაცებდნენ ხალხს, გადაჰყავდათ აჭარაში და ყიდდნენ. ასევე იტაცებდნენ სამეგრელოში, იმერეთსა და აფხაზეთში.

ტყვეების ფასი სხვადასხვა იყო.

ბავშვებს თუ ისინი ფიზიკურად კარგად გამოიყურებოდნენ, უფრო დიდი ფასი ჰქონდათ. ტყვეების გატაცება სპეციალობად ჰქონდათ ქცეული. ამას ხელს ადგილობრივი ფეოდალებიც უწყობდნენ. იყვნენ თავადები, რომლებიც კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ ამგვარი საქმიანობის, მაგრამ თავადთა ნაწილი ამ საქმეში იყვნენ დახელოვნებულები. ალი ფაშა თავდგირიძე, ხასან ბეგ თავდგირიძე – ცნობილები იყვნენ აჭარაში ტყვეთა ყიდვა-გაყიდვით.

მას შემდეგ, რაც მოტაცებულებს აჭარაში გადმოიყვანდნენ, ორი გზა იყო აქედან წასაყვანად – ან სახმელეთო გზით გონიოდან გაჰყავდათ, ან გემით, საზღვაო გზით. ტრაპიზონში იყო დიდი შემკრები პუნქტი ტყვეებით მოვაჭრეების. გოგონები, ძირითადად, თურქეთის ჰარამხანებში მიჰყავდათ, ბიჭები ძლიერი აგებულების იყვნენ, მაშინ იანიჩრები ხდებოდნენ.

ინგლისის კონსული ტრაპიზონში პალგრევი თავის ჩანაწერებში წერს: „ტრაპიზონში მე ყოველდღე ვხედავდი ათასობით ტყვეს, რომელიც საქართველოდან ჩამოჰყავდათო“, – ამბობს ისტორიკოსი, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმის დირექტორი ოთარ გოგოლიშვილი.

ტყვეების გასაყიდი ერთ-ერთი პუნქტი გონიოს ციხის მიმდებარედ იყო

მისივე თქმით, ტყვეების ყიდვა-გაყიდვა ღიად ხდებოდა აჭარის მთელ ტერიტორიაზე. ჩინოვნიკები, ვისაც ამის აღკვეთა შეეძლო, ხელსაც არ ანძრევდნენ გასაყიდად განწირული ადამიანების დასახმარებლად. რაც შეეხება მოსახლეობას, აჭარის მცხოვრებნი ამის კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ და როგორც შეეძლოთ ეხმარებოდნენ გატაცებულებს.

ოთარ გოგოლიშვილის თქმით, ისტორიამ შემოინახა ფაქტი, ბათუმში მოქალაქეების მიერ დიდი რაოდენობის ტყვეების გამოხსნის შესახებ:

„1846 წელი იდგა. ერთ დღეს ბათუმში ტრადიციულად თავი მოუყარეს დიდი რაოდენობის ტყვეებს, რომლებიც უნდა გაეყვანათ თურქეთში გასაყიდად. გემმა დააგვიანა. საღამოს აჭარის მოსახლეობა დაესხა თავს იმ ადგილს, სადაც ტყვეები ჰყავდათ და  ყველანი გაათავისუფლეს. ზოგი ბათუმში შეიფარეს დროებით, ზოგიც მაშინვე გურიაში გადაიყვანეს.

ტყვეებს ათავისუფლებდნენ ადგილობრივი ბეგებიც, რომლებიც ამ საქმიანობის წინააღმდეგნი იყვნენ. მაგალითად, ცნობილია, რომ 1804 წელს ბათუმში ჩამოსულმა სელიმ ბეგ ხიმშიაშვილმა რამდენიმე ტყვე გაათავისუფლა, წაიყვანა და თავის საკუთარ ჯარში ჩარიცხა. გათავისუფლებულთაგან ერთ-ერთი ოზურგეთელი ურუშაძე, სელიმის მარჯვენა ხელი გახდა და დიდი დახმარება გაუწია მას, როდესაც ახალციხის ფაშა იყო.

ტყვეთა სყიდვაში ადგილობრივ ჩინოვნიკთა ჩართულობაზე წერს თედო სახოკია, რომელმაც აჭარაში მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს იმოგზაურა და წარსულის ფურცლები გააცოცხლა.

„გურია იმთავითვე განთქმული იყო ლამაზი ქალებით, რომელთაც ოსმალეთის წარჩინებულთა ჰარამხანაში დიდი ფასი ჰქონდათ. მეზობელ აჭარლებს გურიიდან ქალებისა და ბავშვების მოტაცება ხელობათ ჰქონდათ გადაქცეული. მოიტაცებდნენ თავიანთ მსხვერპლს გურიაში, ამ გზით შემოჰყავდათ აჭარაში, აჭარიდან ბათუმში მიჰყავდათ, სადაც ბაზარზე, სხვა საქონელთან ერთად, კრავებივით გურიის სოფლების „ცოცხალი საქონელიც” იყიდებოდა.

მყიდველები იყვნენ სტამბოლისა და ტრაპიზონის ფაშების აგენტები. და ყოველივე ეს უშიშრად ხდებოდა, კანონი არ სდევნიდა ასეთი საქონლის გამყიდველ-მყიდველებს. ოცი წელიწადი არც კი იქნება  მას შემდეგ, რაც ასეთი სამარცხვინო ვაჭრობა არსებობდა.

ბავშვებს სხვა აზრითაც იტაცებდნენ გურიიდან.

მომტაცებელს იმედი ჰქონდა, პატრონი გამომყვება და მოტაცებულის შვილის დახსნას მოინდომებსო. ამ დახსნის დროს მომტაცებლის ჯიბეში ჩადიოდა გამოსახსნელი ფული. ამ შემთხვევაში უფრო შეძლებული დედ-მამის შვილებს იტაცებდნენ იმ იმედით, რომ ფულს მეტს ავიღებთ, როცა თავიანთ შვილებს დაიხსნიანო.

ჩემმა თანამგზავრმა, სხვათა შორის, ერთი მაგალითი მიამბო ასეთი აზრით მოტაცებისა, რომელიც ამტკიცებს, რომ მოტაცებული ბავშვის მამისაგან აღებული ფულით, მომტაცებლის გარდა, აჭარელი მოხელეებიც ითბობდნენ ხელებს. ამ 20 ან 25 წლის წინათ, სოფელ ჭვანის მცხოვრებმა ვინმე ქათამაძემ გურიიდან ორი ვაჟი მოიტაცა ათი წლისა. რა თქმა უნდა, მამა გამოედევნა და აჭარაში დაუწყო შვილებს ძებნა. მშობლები სოფელ ხულოში მივიდნენ ბოქაულის მოადგილესთან, ინჯაყად ბერიძესთან და შესჩივლეს, ასე და ასე დაგვემართაო. ბოქაულის მოადგილემ შეიტყო მომტაცებლის გვარი და დაიბარა. მერე დაიბარა ჩაუში (ჩაფრების უფროსი) დავითაძე თავისი ზაფთიებით (ჩაფრებით). მომტაცებელ ქათამაძეს ბავშვები გამოაყვანინა და თვალის ასახვევად ჩხუბი გაუმართა. მამა ყოველივე ამას უყურებდა. ქათამაძე ვითომ დამარცხდა და გაიქცა, ბავშვები კი იქ დატოვა. მამას შვილები ჩააბარეს და ფული მაინც დაატოვებინეს „გასამრჯელოდ“, რომელიც მუდირის მოადგილემ და მომტაცებელმა ქათამაძემ გაიყვეს.

ეს ამბები 1878 წლამდე ხდებოდა,“ – წერს სახოკია.

ოსმალეთის სულთნების ქართველი დედები 

დადასტურებული ფაქტია, რომ ოსმალეთის სულთნის – სელიმ III-ის დედა, მიჰრიშაჰ სულთანი ქართველი იყო. ქართველი მღვდლის ოჯახში დაბადებული გოგონა, მისი ათასობით თანამემამულის მსგავსად მოიტაცეს და ოსმალეთში გაყიდეს ტყვედ. სულთნის დედის ქართული სახელი შემორჩენილი არაა, მიჰრიშაჰი (ანუ გიშრისთვალება) კი მას შემდეგ შეარქვეს, რაც ის სულთან მუსტაფა მესამეს ჰარამხანაში მოხვდა.

მუსტაფა მესამე ოსმალეთის იმპერიას 1757-1774 წლებში მართავდა. სულთნის მრავალრიცხოვან ცოლებს შორის მიჰრიშაჰი გამორჩეული იყო. იგი უფროსი ცოლის სტატუსს ატარებდა და სულთანს განსაკუთრებულად უყვარდა. მუსტაფა მესამის გარდაცვალების შემდეგ მიჰრიშაჰ სულთანს თოფქაფის სასახლის დატოვება მოუწია. მას შემდეგ რაც მისი შვილი სელიმ მესამე ოსმალეთის იმპერიას ჩაუდგა სათავეში, მიჰრიშაჰი ვალიდე სულთანი (დედა დედოფალი) გახდა.

მკვლევარები ასევე ვარაუდობენ, რომ ქართველი იყო ოსმალეთის იმპერიის 32-ე სულთნის, აბდულ აზიზის დედაც – ფერთევნიალ სულთანი, რომელიც აბდულ აზიზის ოსმალეთის იმპერიის ტახტზე ასვლის შემდეგ ვალიდე სულთანი გახდა. თუმცა ოფიციალურ წყაროებში ფერთევნიალ სულთნის დაბადების ადგილად ვლახეთია მითითებული და არა საქართველო.

მიუხედავად დიდი მცდელობისა, ტყვეთა სყიდვა აჭარაში 1878 წლამდე, აჭარის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებამდე გაგრძელდა.

გადაბეჭდვის წესი