სიახლეები

პრივილეგირებული და დაჯარიმებული ინვესტორები – აჭარის მთავრობის ორმაგი სტანდარტი

25.07.2015 • 1627
პრივილეგირებული და დაჯარიმებული ინვესტორები – აჭარის მთავრობის ორმაგი სტანდარტი

 

შპს „ქროსვეისი“ ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც აჭარის მთავრობასთან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 2013 წელს 442 500 აშშ დოლარით, ხოლო 2014 წელს 32 500 აშშ დოლარით დააჯარიმეს. საბოლოოდ კი, სულ ჯარიმის სახით კომპანიამ ბიუჯეტის სასარგებლოდ 415 000 აშშ დოლარი გადაიხადა. დარჩენილი თანხისგან ინვესტორი აჭარის მთავრობამ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით გაათავისუფლა.

 

 

 

კომპანიას ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩის #10-ში სასტუმროს აშენების ვალდებულება აქვს. ამ მისამართზე მდებარე შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 2522,27 კვ/მ მიწის ნაკვეთი 2008 წელს აჭარის მთავრობამ პირობადებული აუქციონით შპს  „არაი ჯორჯიას“ სამი მილიონ დოლარად, 60-ნომრიანი სასტუმროს და სამორინეს მშენებლობის პირობით მიჰყიდა. კომპანიას მშენებლობა 2010 წელს უნდა დაესრულებინა. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებად ინვესტორს ვადა რამდენჯერმე გაუგრძელეს. 2013 წლიდან კი ამ პროექტის განხორციელების ვალებულება კომპანია „ქროსვეისს“ გადააბარეს. ამ დროისთვის არსებული შეთანხმებით კომპანიამ პროექტი 2015 წლის მაისამდე უნდა დაასრულოს.

 

„ქროსვეისი“ 2010 წელსაა დაფუძნებული და დაარსებიდან დღემდე კომპანიის  ერთპიროვნული მფლობელი თეიმურაზ უგულავაა. „ბათუმელები“ მასთან დაკავშირებას ცდილობდა, ინვესტორმა არც ზარებს უპასუხა და არც ელექტრონულ წერილებს.

 

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები რამდენჯერმე გაუგრძელეს, ხოლო მისი შეუსრულებლობის გამო 2015 წელს 340 000 აშშ დოლარის ჯარიმის გადახდა დაევალა შპს „აქტივ ბათუმსაც.“ ამ დრომდე კომპანიას ჯარიმით დაკისრებული თანხა ბიუჯეტში არ შეუტანია. „აქტივ ბათუმს“ აჭარის მთავრობამ 2010 წლის მარტში ბათუმში, მ.აბაშიძის #33-ში მდებარე 3 448კვ/მ შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 2 255 კვ/მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მიასხვისა (ყოფილი ფოსტის შენობა). შეთანხმების თანახმად, მყიდველს 2 500 000 დოლარის ექვივალენტი ლარში 2011 წლის 15 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა, ხოლო 100-ნომრიანი სასტუმრო ხელშეკრულების დადებიდან 48 თვის ვადაში, 2014 წლის გაზაფხულზე უნდა გაეხსნა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აიღო ასევე ვალდებულება, რომ სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ სამორინეს სანებართვო მოსაკრებელისგან 10 წლის განმავლობაში გაათავისუფლებდა. მშენებლობა დათქმულ ვადაში ვერ დასრულდა. ხელშეკრულებაში ბოლო ცვლილება 2014 წლის 30 მარტს შევიდა და სასტუმროს ექსპლოატაციაში შესვლის თარიღად 2016 წლის 30 იანვარი განისაზღვრა. შპს „აქთივ ბათუმის“ 100% წილის მფლობელი სააქციო საზოგადოება – „ირადა“ ლიხტენშტეინშია რეგისტრირებული.

 

 

ფოსტის შენობა ბათუმში
ფოსტის შენობა ბათუმში

 

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 2013 წელს 2 მილიონ 910 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს შპს „ჟასმინსაც,“ თუმცა მოგვიანებით ინვესტორს ყველა ჯარიმა აპატიეს, შესაბამისად, მას ბიუჯეტში ერთი თეთრიც არ გადაუხდია. ინვესტორს ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ყოფილი  #1 აფთიაქის შენობის ხარჯზე ახალი სასტუმროს მშენებლობის ვალდებულება აქვს აღებული. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

 

 

 

 

ახალი ხელშეკრულებით „ჟასმინს“ მშენებლობის ნებართვის აღებიდან 2 თვის განმავლობაში სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა უნდა დაეწყო და 24 თვის ვადაში დაესრულებინა. ამ ეტაპზე სამუშაოები ისევ არ მიმდინარეობს. 2015 წლის მარტში ახალ საინვესტიციო პროექტებზე გამართულ პრეზენტაციაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ ეს პროექტი განსახორციელებელ პროექტებში მოიხსენია.

 

„ჟასმინის“ 10% წილის მფლობელი თურქეთის მოქალაქე მეჰმეთ ქოჩარსლაია, ხოლო 90%-ის შპს „მელს თურიზმ გიდა ვე ინშაათ სანაია“, რომელიც ასევე თურქეთშია რეგისტრირებული.

 

ყოფილი პირველი აფთიაქის შენობა ბათუმში
ყოფილი პირველი აფთიაქის შენობა ბათუმში

2014 წელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის აჭარის მთავრობამ მაია სამადაშვილს 213 271 აშშ დოლარი ჯარიმა დააკისრა. ამ თანხიდან მას მხოლოდ 10 000 აშშ დოლარი აქვს გადახდილი. 2009 წელს პირობადებული აუქციონით მაია სამადაშვილმა ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, #30-ში მდებარე ყოფილი მეზღვაურთა საავადმყოფოს შენობა (1799,4 კვ/მ)  და მასზე მიმაგრებული 1362 კვ/მ მიწის ნაკვეთი შეისყიდა. გასულ წელს ამ მისამართზე ინვესტორმა „რედიქსის“ ჯგუფის აპარტოტელი „ლე პორტი“ გახსნა. „რედიქსის“ ჯგუფის დამფუძნებელი ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილია. 

შპს  „GEORGIA INN “- ზე დარიცხული პირგასამტეხლო კი 297 840 ლარია, აქედან ამ დროისთვის კომპანიას მხოლოდ 5 000 ლარი აქვს გადახდილი. შპს  „GEORGIA INN“ – ის მფლობელმა ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე დაუმთავრებელი შენობა და მასზე მიმაგრებული 22 666 კვ/მ მიწის ნაკვეთი 2009 წელს შეისყიდა.

 

შპს  „V&T Agro“ -ს აჭარის მთავრობამ ხელ¬შეკრ¬ულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის ბოლო ორი წლის განმავლობაში 219 703 ლარისა და 24 292 აშშ დოლარის ჯარიმა დააკისრა. კომპანიამ ბიუჯეტის სასარგებლოდ 15 071 ლარი გადაიხადა, დარჩენილი თანხის გადახდისგან კი გაათავისუფლეს „ვალდებულების შესრულების პირობით.“ აღნიშნული ვალდებულებები აჭარის მთავრობასთან კომპანია „V&P“-მა აიღო. რეესტრის მონაცემებით, ეს კომპანია „V&T Agro -ს შეერწყა და მთავრობასთან აღებული ვადებულებებიც ამ კომპანიაზე გადავიდა.

 

„V&P“-ს 2011 წლის 6 იანვარს პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადასცეს ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში მდებარე 10 000 კვ/მ და 1001 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას  2014 წლის პირველ ივნისამდე საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთიდან არანაკლებ 6200 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე თანამედროვე სტანდარტის  სასათბურე მეურნეობა და მასთან დაკავშირებული სერვისზონა უნდა მოეწყო, რაშიც არანაკლებ 400 000 აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.

 

შპს „ცენტრომედი“ იგივე „პრემიუმ რეზიდენსია“. კომპანიამ სახელი 2014 წელს შეიცვალა. აჭარის მთავრობასთან დადებული შეთანხმების თანახმად, ინვესტორს ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩის #48-ში პოლიკლინიკის გახსნის ვალდებულება ჰქონდა აღებული, თუმცა მოგვიანებით შეთანხმება შეიცვალა და კომპანია მთავრობას შენობაში აპარტოტელის გახსნაზე შეუთანხმდა. შენობამ ძეგლის სტატუსი შეინარჩუნა. ვადების დარღვევის გამო დაჯარიმებულმა ინვესტორმა ბიუჯეტის სასარგებლოდ 40 000 ლარი გადაიხადა. კომპანიამ აპარტოტელი გასული წლის ნოემბერში გახსნა. გახსნას არჩილ ხაბაძეც ესწრებოდა.

 

ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 391 500 ლარი ჯარიმა დაეკისრა შპს „ავანტე ჰოსპიტალების მართვის ჯგუფს,“ კომპანიამ ბიუჯეტის სასარგებლოდ 70 000 ლარი გადაიხადა, დარჩენილი თანხა კი ვალდებულების შესრულების პირობით აპატიეს. შპს „აგროდეკორსერვისს“ 18 886 ლარი დააკისრეს და 4281 ლარი გადაახდევინეს, დარჩენილი თანხა აპატიეს. 61 642 ლარი დაეკისრა შპს „TECNO SERVIS“ -ს. კომპანიამ ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარი გადაიხადა დარჩენილი თანხა აპატიეს. ჯარიმის სახით 57 000 ლარი დაეკისრა „ავრასია ჯორჯიას“ კომპანიამ 4 000 ლარი გადაიხადა.

 

ჯარიმა ნაწილობრივ ან სრულად კიდევ რამდენიმე კომპანიას გადაახდევინეს.

ოფიციალური დოკუმენტაციის შესწავლის გზით ცხადი ხდება, რომ სახელმწიფოსთან ნაკისრი ვალდებულებების გამო 863 850 ლარი დაეკისრა ირის ბორჩაშვილს. თანხა არც მას გადაუხდია.

 

ინვესტორებს, რომლებსაც მთავრობამ ჯარიმები სრულად ან ნაწილობრივ გადაახდევინა, მედიასთან საუბარი არ სურთ. ძირითადად ზარებს მათი თანამშრომლები პასუხობენ; ვინც პასუხობს, იმითაც კმაყოფილია, რომ ჯარიმა გაუნახევრეს და საქმის გაგრძელების საშუალება მისცეს. მათ შორისაა შპს „მაჭახელა 25“ -ის დამფუძნებელი ლევან მსხალაძე: „კმაყოფილი ვარ, რომ ვადა გამიგრძელეს, ახლა აქტიურად ვმუშაობ და დათქმულ ვადაში დავასრულებ მშენებლობას,“  –  ამბობს ბიზნესმენი.

 

შპს „მაჭახელა 25“ 2014 წელს 55 134 ლარით დააჯარიმეს. კომპანიას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედში რესტორნისა და გასართობი კომპლექსის აშენების ვალდებულება აქვს აღებული. დაკისრებული ჯარიმიდან ლევან მსხალაძემ ბიუჯეტის სასარგებლოდ 7 000 ლარი გადაიხადა.

 

გასულ წელს ფინანსთა სამინისტროს მიერ მთავრობისადმი წარდგენილი წინადადებების  საფუძველზე სანქციებისგან მთლიანად გათავისუფლდნენ: შპს „ADOG – GEOღGIA“ (დარიცხული ჯარიმა 257 700 ლარი), შპს „გლორია“ (დარიცხული ჯარიმა 108 300 ათასი ლარი), შპს „თEM-GEO“ (დარიცხული ჯარიმა 221,200).

 

დარიცხული ჯარიმა შეუმცირდათ: შპს „ცენტრომედს“ (4009 ათას ლარამდე); შპს „ბაკარას“ (2383,4 ათასი ლარით), რზა თალიბოვს (შემცირდა 10, 0 ათას ლარამდე).

 

დოკუმენტების შესწავლით ასევე ცხადი ხდება, რომ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ზოგ ინვესტორს თუ ჯარიმას საერთოდ არ ახდევინებს, ზოგს დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით სასამართლოშიც კი უჩივის.

 

საერთო ჯამში პირდაპირი მიყიდვის და პირობიანი აუქციონის ფორმით 2014-2015 წლებში პრივატიზების მიზნით გაფორმდა 24 ნასყიდობის ხელშეკრულება. ხოლო უპირობო აუქციონის ფორმით – 33 ნასყიდობის ხელშეკრულება. სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში 74 050 000 ლარისა და 96 530 000 აშშ დოლარის ინვესტიციაა განსახორციელებელი.

 

დროებით სარგებლობაში გადაცემის მიზნით გაფორმებულია 45 ხელშეკრულება. სახელშეკრულებო  პირობების შეუსრულებლობის გამო მოიშალა 21 ხელშეკრულება. მოშლილ ხელშეკრულებათა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე წარმოება სასამართლოებში 14 საქმეზე მიმდინარეობს.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კონტრაქტორზე თანხის ჩამოწერისა და ინვესტორზე შეღავათების გაწევის გადაწყვეტილებას ხშირად საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მოტივით ხსნის. ამ მიზნით შეღავათის გაწევის მიზანშეწონილობაზე კანონმდებლობაშიც არის საუბარი. აჭარის ქონების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს აჭარის ქონების მართვის შესახებ კანონი არეგულირებს. ამ კანონის 29-ე მუხლის მიხედვით, იმ უძრავი ქონების მყიდველების მიმართ, რომლებიც მიმართავენ სამინისტროს ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლების ან ვალდებულებების შეცვლა-გადახედვის თხოვნით, სამინისტრო უფლებამოსილია საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით, დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, აჭარის მთავრობის თანხმობით გადაწყვიტოს პრივატიზებულ ქონებაზე გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შეცვლის ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლების შესახებ.

 

და მაინც ვინ და როგორ წყვეტს ვის რა უნდა ეპატიოს? – ამ საკითხზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ წერილობით განუმარტეს, რომ  „კონკრეტული კომპანიების მიერ ნაკისრი ვალდებულებების დროულად ვერ შესრულებისას, როდესაც ისინი გარკვეულ შეღავათებს ითხოვენ პირობის შესასრულებლად, გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით მიიღება. აღნიშნულ საკითხს სპეციალური სამთავრობო კომისია განიხილავს. პროცესი ინდივიდუალურია და სხვადასხვა კომპანიის საკითხზე მუშაობა მისივე სპეციფიკის გათვალისწინებით მიმდინარეობს. ყურადღება ექცევა ინვესტიციის მოცულობას, ასევე თუ რა თანხა აქვს უკვე დახარჯული ინვესტორს მოცემულ მომენტში, მნიშვნელოვანია ასევე პროექტის მასშტაბურობა და მისი ღირებულება რეგიონის განვითარებისთვის. საბოლოო გადაწყვეტილება შესაბამისი კვლევისა და მსჯელობის შედეგად სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის გათვალისწინებით მიიღება.“

 

მოგვიანებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა „ბათუმელებთან“ განმარტა, რომ, თუ კომპანიები ახალ ვადებშიც ვერ შეასრულებენ ვალდებულებებს, „მათ ძველი ჯარიმებიც გაუცოცხლდებათ.“

 

რა კრიტერიუმით ხელმძღვანელობს ფინანსთა სამინისტროს ზემდგომი – აჭარის მთავრობა, როცა ზოგიერთ ინვესტორს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ათასობით დოლარით აჯარიმებს, ზოგს კი პატიობს და რას ითვალისწინებს კანონმდებლობა? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ აჭარის მთავრობასაც მიმართა. მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავით გაბაიძის თქმით, ამ შემთხვევაში პირდაპირი ადრესატი ის არ არის, რადგან ვის შეიძლება აპატიო  -მთავრობის თავმჯდომარესთან თავისი არგუმენტებით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო შედის.

 

„კანონმდებლობით, აჭარის მთავრობას შეუძლია განსაზღვროს, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის გათვალისწინებით ხელშეკრულების პირობების მიზანშეწონილობა, ერთი მხრივ, საჯარო ინტერესისთვის და მეორე მხრივ, იმ ინვესტორისთვის, რომელმაც გადაწყვიტა კონკრეტულ პროექტში ფულის დაბანდება. აქ სამართლებრივი პრობლემა არ დგას, რადგან მიზანშეწონილობა სწორედ მთავრობის დისკრეციის საკითხია, ანუ ერთსა და იმავე საკითხს შეიძლება მთავრობა სხვადასხვაგვარად უყურებდეს – საჯარო და კერძო ინტერესების ზღვარი სად გადის, ეს არსად არ არის დადგენილი. მთავრობა არის პოლიტიკური ორგანო და თუ რომელი პროექტია რეგიონისთვის უკეთესი, ამას ის წყვეტს.“

 

იურისტ დათო ჭყონიას მოსაზრებით კი, ერთი ინვესტორისთვის ჯარიმის პატიება, ხოლო მეორის დაჯარიმება აჩენს კითხვებს. თუმცა `ზოგჯერ კანონიერმა გადაწყვეტილებებმაც კი შეიძლება გააჩინოს უსამართლობის შეგრძნება. ამიტომ უჯობესია, თუ კონკრეტულად იქნება კანონში გაწერილი, რამდენჯერ, რა შემთხვევაში და ვის უნდა აპატიოს მთავრობამ ჯარიმის გადახდა.“

 

საქართველოს აუდიტის სამსახურის მიერ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2014 წლის საქმიანობის შესახებ მომზადებულ დასკვნაში პრობლემად და ბუნდოვანებად განიხილება ბიზნესის მიმართ ამ სამინისტროს არაერთგვაროვანი მიდგომა. აუდიტი ამ საკითხს აფასებს, როგორც პრობლემას.

 

გადაბეჭდვის წესი