სიახლეები

ადგილი, სადაც ტურისტებს „ქალები იტაცებენ“

24.07.2015 • 2121
ადგილი, სადაც ტურისტებს „ქალები იტაცებენ“

 

ბათუმიდან ყაზბეგამდე რომ ააღწიო, საკმაოდ გრძელი გზა უნდა გაიარო. რა თქმა უნდა, ჯერ თბილისში უნდა ჩახვიდე, რასაც 5-6 საათი სჭირდება, შემდეგ კი, ყაზბეგისკენ შეგიძლია გაეშურო, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რაც 10 ლარი ღირს, ისე ტუროპერატორის დახმარებით. სამარშრუტო ტაქსები ყაზბეგისკენ დიდუბიდან გადის, ტუროპერატორების მანქანები – სხვადასხვა მისამართიდან. ერთი მიმართულებით გზას სტეფანწმინდამდე 2,3 საათი სჭირდება. ცხადია, ფასები იმაზეა დამოკიდებული, რამდენი დღით მიდიხარ და რისი ნახვა გინდა.

 

ყაზბეგის ადმინისტრაციულ ცენტრში – სტეფანწმინდაში ფეხს დაადგამ თუ არა, როგორც აქაური ჯულიეტა ბუჩუკური ამბობს, „ეგრევე ქალი გაგიტაცებს“. ნუ წარმოიდგენთ, რომ თქვენი გამტაცებელი ამ მთების „ნომერ პირველი ქალი“, ოქროსთმიანი დალია, რომელიც ქართული მითოლოგიის მიხედვით დრამატული ქარლღმერთია… ისინი უბრალო ყაზბეგელი ქალები არიან, რომლებიც ტურისტებს „ეხმარებიან დაბინავებაში“. თუმცა ნურც იმას გამორიცხავთ, რომ ყაზბეგში მოგზაურობის დროს შეიძლება თავად ქალღმერთსაც გადაეყაროთ. როგორც „სანდო წყაროები ამბობენ“, თუ მყინვარწვერს გულითადად დააკვირდები, უთუოდ შენიშნავ ისეთ რამეს, რაც მანამდე არასოდეს გინახია – წარმოგიდგება გველეშაპი ან ბუმბერაზი კაცი, რომელიც შენკენ უზარმაზარი ნაბიჯებით მოეშურება… კიდევ რა აღარ. ცხადია, დალიც იქვეა, მაგრამ ქალღმერთის დანახვა მარტო შენზე აღარ არის დამოკიდებული, ეს უპირველესად თავად ოქროსთმიანმა უნდა მოინდომოს.

 

„ჭიუხებში თუ გადიან ტურისტები? – გადიან, მაგრამ ძალიან ცოტა“, – ამბობს ბატონი ავთანდილი, რომელიც სტეფანწმინდაში გამგებლის წარმომადგენელია. ჭიუხებში რომ გადაწყვიტო წასვლა, მუხლი უნდა გქონდეს მაგარი. თუ ამ კატეგორიას მიაკუთვნებ თავს, წინ ნამდვილი საოცრება გელის – იქ აუცილებლად გადაეყრები ჯიხვს, რომელიც სალ კლდეზე შეიძლება მართლა რქით იყოს ჩამოკიდებული. ნახავ მთის არწივებს… და უზარმაზარ კლდეებს, რომლებიც ფერს იმის მიხედვით იცვლიან, თუ რომელი კუთხიდან ეცემა მზის სხივი.

 

ჭიუხებში აუცილებლად გადაეყრები პატარა სალოცავებს, სადაც ნანადირევი რქებიც აწყვია. როგორც წესი, სანადიროდ წასული კაცები ლოცულობენ ხოლმე. ტურისტი ამ რქებს ხელით არ უნდა შეეხოს, თუ უნდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის კეთილგანწყობა არ დაკარგოს. ეს ერთგვარი ტრადიციას ქრისტიანული და წარმართული კულტურის ნაზავია და მის დაცვას ყველა ცდილობს, როგორც ადგილობრივი, ისე ჩასული სტუმარი.

 

ჭიუხების ნახვის შემდეგ თუ მაინც დააპირებ გზის გაგრძელებას მყინვარწვერისკენ, ცხადია იცი, რომ იქ თოვლი და სიცივე დაგვხდება. აქ გულისცემაც სხვაგვარად აჩქარებულია, სხეული აქამდე განუცდელ სიმსუბუქეს გრძნობს. შენ 3000-4000 მეტრის სიმაღლეზე ხარ ზღვის დონიდან და თავს არ განებებს შეგრძნება, რომ თუ ხელს ააწვდენ, ცას შეეხები, ღრუბელს მაინც.

 

როგორც უკვე ვთქვი, ამ ყველაფრის განცდა ჩვეულებრივი ტურისტული მარშრუტით შეუძლებელია.

 

და რა ელის „ჩვეულებრივ ტურისტს“ ყაზბეგში? – სტეფანწმინდიდან ტურისტები ძირითადად ორ სოფელში – გერგეტსა და სტეფანწმინდაში მიდიან. ანანო არაბული ამბობს, რომ სოფელ გერგეთში ქართველი ტურისტები ძირითადად სამების სანახავად ჩადიან. გერგეტი სწორედ ის სოფელია, რომელიც ტაძართან ყველაზე ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტია – პირდაპირ იმ მთის ძირში მდებარეობს, სადაც სამების კომპლექსია განთავსებული. ტაძარში ასვლა ფეხითაც შეიძლება, მაგრამ ეს საკმაოდ დამღლელი აღმართია, ამიტომ შეგიძლიათ ტრანსპორტი დაიქირავოთ.

 

„ჯიპტური“ გერგეტის სამებაში მინიმუმ შვიდი ადამიანის ერთად გადაყვანას ითვალისწინებს. ერთ პერსონას ეს მგზავრობა დაახლოებით 50 ლარი უჯდება. გერგეტის მონასტერში – იქ, სადაც მართლმადიდებელი ბერები ცხოვრობენ, ტურისტის შესვლა დაუშვებელია, ხოლო ტაძარში შესვლაზე ერთადერთი შეზღუდვა მოქმედებს – არც კაცს და არც ქალს ეგრეთ წოდებული შორტი არ უნდა ეცვას.

 

გერგეტიდან უკანდაბრუნებულს ძალიან მოგშივდება. შეგიძლია ამ დროს მოითხოვო მოხევური ხინკალი ან ხაჭაპური. აქაური კერძები განსაკუთრებით გემრიელია. ერთი წუთითაც ნუ გაიფიქრებ, რომ ეს ნოყიერი საჭმელი შენი წონისთვის საფრთხეს შეიცავს – ყველა კალორიის გახარჯვა იქვე შეიძლება: ეს უფრო მარტივად მაშინ ხდება, თუ ცხენით გასეირნებას გადაწყვეტ. ამ შემთხვევაშიც ფასი იმაზეა დამოკიდებული, რამდენი კილომეტრის გავლა გინდა ცხენით. ეს სიამოვნება დაახლოებით 50-60 ლარი ღირს.

 

მოკლედ, თუ ხარ ყაზბეგში, ცხოვრობ სასტუმრო ტიპის ისეთ სახლში, სადაც სხვასთან იყოფ საძინებელ ოთახს, გაქვს სუფთა, მაგრამ საერთო აბაზანა ცხელი წყლით და იქვე იკვებები, მაშინ ღამეში 50-60 ლარის გადახდა მოგიწევს. თუ მხოლოდ ღამისთევისთვის მიაკითხავ სასტუმრო სახლს, მაშინ 20-25 ლარზე მეტი არ დაგჭირდება ერთ ღამეში.

 

როგორც უკვე ვთქვი, ქართველი ტურისტები ძირითადად გერგეტის სამების მონახულებით კმაყოფილდებიან, მაგრამ უცხოელები ყაზბეგს უფრო დიდი ხნით სტუმრობენ. გერგეტის საპირისპირო მიმართულებით, დარიალის ხეობისკენ თუ წახვალ, ბოლო დასახლებული პუნქტი, ვიდრე საქართველო-რუსეთის საზღვარს მიადგები, სოფელი ჯუთაა – საზღვრიდან 4 კილომეტრში. ჯუთას გზაზე აუცილებლად უნდა გქონდეს პასპორტი, თორემ მესაზღვრეები არ გაგატარებენ.

 

ჯუთადან 4 კილომეტრში სასაზღვრო პოლიციის საგუშაგოა, სადაც აუცილებელია პასპორტის წარდგენა, სხვაგვარად გზის გაგრძელების უფლებას არ მოგცემენ. აქ გადის საზღვარი რუსეთთან, შესაბამისად, ხეობას ყოველთვის განსაკუთრებული სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა. აქ ისეთ „სოფლებსაც“ კი შეხვდებით, სადაც მხოლოდ 2-3 ადამიანი იმ მოტივით ცხოვრობს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას ემსახურება. ეს ისტორიულადაც ასე იყო – ყაზბეგის გზებზე საცეცხლურებს ყველგან გადაეყრები.

 

სწორედ ამ გზასთან არის დაკავშირებული საქართველოში ევროპული განათლების იმპულსების შემოსვლა – პეტერბურგისკენ და უკან, ამ გზით იმოგზაურეს ილიამ და სხვებმა, რომლებსაც შემდეგში ლიბერალები, თერგდალეულები უწოდეს. არაგვის ხეობა გაუვლიათ კლასიკოს მწერლებს – კნუტ ჰამსუნს, ალექსნდრე დიუმას, პუშკინს… უცხოელებზე რომ არაფერი ვთქვათ, რა გავლენა მოახდინა ხეობის სილამაზემ თავად ილიაზე, მეტ-ნაკლებად ყველას გაგვიგია, როცა სასკოლო ასაკში მისი „განდეგილი“ წავიკითხეთ ან წაგვიკითხეს.

 

თუ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ გადაწყვეტთ ჩანთის ჩალაგებას და ყაზბეგისკენ წასვლას, უნდა გახსოვდეთ, რომ ლაშქრობისას, გზების უმეტესობაზე ვერც მაშველი მოგწვდებათ, ბევრგან არც მობილური კავშირგაბმულობის ქსელი მუშაობს და ვერც გამვლელ ადამიანს შეხვდებით. თუ გადაადგილების დროს ორიენტაციას დაკარგავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ხმის გამცემი არ შემოგვხვდებათ. ამიტომ თუ პირველად მიდიხართ ყაზბეგში, უმჯობესია სტეფანწმინდაში დაუკავშირდეთ რომელიმე სასტუმრო სახლის მეპატრონეს – ისინი მიგიღებენ და სურვილის მიხედვით ტურსაც დაგიგეგმავენ.

 

კიდევ რამდენიმე დეტალიც იმათთვის, ვისაც გეზი ყაზბეგისკენ აქვს – გამგზავრების წინ უნდა შეამოწმოთ ამინდის პროგნოზი. აქაურები ამბობენ, რომ წვიმიან ამინდში არ ღირს ყაზბეგში წასვლა, რადგან „ვერაფერს დაინახავ“. მზეში კი სასურველია თან იქონიო მზის სათვალე და კრემი, რომელიც კანს დაიცავს დამწვრობისგან, რადგან არ არის გამორიცხული, რამდენიმე საათის განმავლობაში მზის გულზე ყოფნით კანის დამწვრობა მიიღო.

 

კიდევ ერთი ნიუანსიც და გასამგზავრებლად მზად ხართ – აუცილებელია თან წაიღოთ წვიმაგაუმტარი ქურთუკი და რეზინის ფეხსაცმელი, რომელშიც წყალი არ ჩადგება, თორემ ყაზბეგში ხშირად იცვლება ამინდი და ფეხი თუ დაგისველდა, აუცილებლად უნდა გქონდეს სათადარიგო ფეხსაცმელი, თორემ დროს დაკარგავ.

 

და მაინც, პირველ ჯერზე მაინც ჯობია მოგზაურობა ხეობის მცოდნე ადამიანთან დაგეგმო. თუ გუგლის საძიებო სისტემაში ჩაწერ – „ტური ყაზბეგში“, ასობით სასტუმრო სახლი და ტურისტული კომპანიის მისამართი გამოჩნდება. მათ შორის ნახავთ ისეთ ტუროპერატორებსაც, რომლებიც ყაზბეგში ერთდღიანი ტურის მოწყობას 30 ლარად გთავაზობენ. ტურში შედის მჟავე წყლების, გერგეთის სამებისა და გველეთის ჩანჩქერის მონახულება. ასევე ერთჯერადი კვება ფასანაურში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: