სიახლეები

ჯაზ-ფესტივალის მეორე დღე – ენერგიული Liv Warfield და NPG Hornz

25.07.2015 • 2004
ჯაზ-ფესტივალის მეორე დღე – ენერგიული Liv Warfield და NPG Hornz

 ლივ ვორფილდი, შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი 2015; © ნეტგაზეთი

 34 წლის ვორფილდი კონცერტის დაწყებამდე ჟურნალისტებს ენერგიულ გამოსვლას დაპირდა და შეასრულა კიდეც – მისმა ძლიერმა ხმამ და ემოციურმა პერფორმანსმა, ასევე ბენდის NPG Hornz ენერგიულმა შესრულებამ მსმენელი გულგრილი არ დატოვა.

-მაგარია, ფანტასტიურია – ისმოდა შეფასებები.

 

სცენაზე გამოსული ამერიკელი მუსიკოსი მსმენელს ქართულად მიესალმა და შოუს დასრულებისას მადლობაც ქართულად გადაუხადა. ბისზე გამოსულმა მუსიკოსებმა სცენაზე ფესტივალზე მისული ბავშვები აიყვენეს და ბოლო კომპოზიცია მათი ცეკვის ფონზე შეასრულეს.

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი 2015, Liv Warfield feat NPG Hornz © ნეტგაზეთი

 

წინა დღის კონცერტისგან განსხვავებით, რომელიც დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა, ვორფილდისა და ჯგუფი NPG Hornz გამოსვლა საათნახევრიანი იყო. სწორედ შოუს ხანგძლივობის გამო, მსმენელთა ნაწილი იმედგაცრუებული დარჩა.

“იხალტურა, ცოტა იმღერა. ისე ფანტასტიური კონცერტი იყო, ძალიან კმაყოფილი ვარ, პირველად მოვუსმინე ამ მუსიკოსს და ძალიან მომეწონა”.

“საოცარი ენერგეტიკა მოდიოდა, მაგრამ გუშინდელთან შედარებით მალე დამთავრდა”,- აღნიშნეს მსმენელებმა ნეტგაზეთთან საუბარში.

ლივ ვორფილდმა და ბენდმა NPG Hornz საქართველო კმაყოფილებმა დატოვეს. როგორც ვორფილდმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ის ქართველების თბილმა მიღებამ აღაფრთოვანა.

მინდა, რომ ისევ ჩამოვიდე, გთხოვთ, დამპატიჟეთ – უთხრა ჟურნალისტებს ამერიკელმა მისიკოსმა.

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი 2015, Liv Warfield feat NPG Hornz © ნეტგაზეთი

ვორფილდის მუსიკალურ გემოვნებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინეს შემსრულებლებმა Nina Simone, Etta James, Tina Turner, Sade, Mary J. Blige. მისი პირველი ალბომი “Embrace Me” 2006 წელს გამოვიდა. მოგვიანებით, ლივ ვორფილდი პრინცის ჯგუფის „New Power Generation“ წევრი გახდა და მონაწილეობა მიიღო მის ელექტრონულ ლაივ შოუში “NPG Hornz’’. ბოლო რამდენიმე წელია,  მუსიკოსი სცენაზე პრინცთან და მის ბენდთან ერთად გამოდის. პრინცი ვორფილდის ყველაზე დიდი მხარდამჭერია.

2014 წელს გამოცემული მისი მეორე ალბომის პროდიუსერი სწორედ პრინცი იყო. 2014 წელს ლივ ვორფილდმა მუსიკალური შოუს „Soul Train“-ის ჯილდო მიიღო ნომინაციაში „წლის საუკეთესო ახალი მუსიკოსი“.

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის შემდეგი შემსრულებელი, 25 ივლისს,  LISA STANSFIELD იქნება.

შავი ზღვის 2015 წლის რიგით IX ჯაზ-ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია “ისთერნ პრომოუშენი”. ფესტივალის წარმდგენია “თი ბი სი სტატუსი”, ხოლო ძირითადი მხარდამჭერები – კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

გადაბეჭდვის წესი