სიახლეები

ბათუმის დელფინარიუმში ორი სელაპი დაიბადა

23.07.2015
ბათუმის დელფინარიუმში ორი სელაპი დაიბადა

 

ახალშობილი სელაპი

 

22 ივლისს, 23:00 საათზე სამხრეთ ამერიკული ზღვის ლომების ოჯახში  მეორე სელაპი დაიბადა. პირველი სელაპი პატარა კონის შეეძინა. ხოლო 19 ივლისს, გამთენიისას, დედა მეორე სელაპი – „მარი“ გახდა. მამა ორივე შემთხვევაში საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი „პედროა“.

 

დელფინარიუმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პატარები თავს კარგად გრძნობენ. ორივე სრულიად ჯანმრთელია. იკვებებიან დედის რძით. დაიბადნენ მუქი ყავისფერი ბეწვით. ახალდაბადებულთა სავარაუდო წონა 11-15 კგ-ია.

 

„მართალია, ზღვის ძუძუმწოვართა ცენტრში ეს ნამატის პირველი შემთხვევა არ არის, მაგრამ ნებისმიერ მატებას სიხარულის ისეთი შეგრძნება სდევს თან, თითქოს ეს პირველია. ეს წარმატება იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ბინადრები, მოვლისა და შენახვის თვალსაზრისით, იდეალურ გარემოში იმყოფებიან, ყველა პრევენციული ზომების გათვალისწინებით კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ. დელფინარიუმის მესვეურნი ყურადღებასა და ალერსს არ აკლებენ ახალ ბინადრებს“.

 

 

სამხრეთ ამერიკის ზღვის ლომები ფართოდ არიან გავრცელებული პერუს ჩრდილოეთიდან სამხრეთ ბრაზილიამდე, ფოლკლენდის კუნძულების ჩათვლით. ბინადრობენ ატლანტიკისა და წყნარი ოკეანის სანაპიროებზე. ცხოვრობენ ნაპირთან ახლოს, იშვიათად გვხდებიან ღრმა წყლებში. იკვებებიან თევზებითა და ზღვის სხვა ორგანიზმებით, საკვების რაოდენობა შეესაბამება სხეულის წონის 5-8%-ს დღეში (6.8-18.2კგ). დაწყვილების დრო აგვისტოდან დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. ერთი მამრი 18-მდე მდედრთან წყვილდება, ფეხმძიმობა 11-11,5 თვეს გრძელდება. სამხრეთ ამერიკის ზღვის ლომებს ახასიათებთ მკვეთრად გამოხატული სქესობრივი დიმორფიზმი. როგორც წესი, წონით მამრი ორჯერ აღემატება მდედრს. ბეწვის შეფერილობა მოყავისფრო-ოქროსფერია. ზრდასრულ მამრს გააჩნია ფაფარი, რომელიც შედარებით ღია ფერისაა, ვიდრე ბეწვი. სამხრეთ ამერიკის ზღვის ლომების ზომები ძლიერ ვარირებს. მამრის ზომა 2.73 მ-ზე მეტია, ხოლო წონა 350 კგ. აღწევს. მდედრის ზომა 1.8-2 მ-ა, წონა კი მამრების წონის ნახევარია, დაახლოებით 150 კგ.

შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის „წითელ ნუსხაში“(IUCN), მინიჭებული აქვს LR (დაბალი რისკი) კატეგორია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: