დაუბრუნებენ თუ არა იძულებით ჩამორთმეულ ქონებას მოსახლეობას

სწორედ ამიტომ, 2011 წელს, ფონდის – „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, დაიწყო პროექტი „საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში“. პროექტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ და „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“ ახორციელებდნენ.

პროექტის მიზანი საკუთრების უფლების დაცვის, ამ უფლების დაცვის გარანტიების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა, ასევე, საკუთრების ხელყოფის საფრთხეების შემცირება და უკვე დაზარალებული მოსახლეობისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევა, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და განსახლების პოლიტიკის შემუშავება გახლდათ.

2004-2012 წლებში ქონების იძულებით დათმობის, სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემისა და ჩუქების ასეულობით ფაქტია გამოვლენილი, რომლებსაც პროექტის ფარგლებში თავი მოეყარა, გაანალიზდა და შესაბამისი რეკომენდაციებიც შემუშავდა.

2004-2012 წლებში საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამორთმეული ქონებების საკითხი კვლავ ბუნდოვანია. დაზარალებულ მოსახლეობას ამ დრომდე არ აქვს კითხვაზე პასუხი – დაუბრუნებს თუ არა სახელმწიფო იძულებით დათმობილ ქონებას, ან რა სახით მოხდება მათი უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია, რას აკეთებს სახელმწიფო შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინების და შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიების შექმნის თვალსაზრისით.

საერთაშორისო გამჭვირვალობა  – საქართველოს“  პროექტის მენეჯერი გია გვილავა:

ჩვენ, ამ პროექტის ფარგლებში, გამოვითხოვეთ ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროდან იმის შესახებ, ვინ, რა ქონება და დროის რა მონაკვეთში გადასცა სახელმწიფოს სიმბოლურ თანხად ან საერთოდ უსასყიდლოდ. ყველა ეს ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროში ინახება. მონაცემები მოიცავს 2004 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში განხორციელებულ ტრანზაქციებს.

აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის უძრავ-მოძრავი ქონება და წილები, ასევე, მოთხოვნის უფლებები უსასყიდლოდ იყო სახელმწიფოსთვის გადაცემული, რომლის საერთო ღირებულება 100 მილიონ ლარზე და ათეულობით მილიონ დოლარზე მეტია. თუმცა, ეს არის ამ ქონების ოფიციალური საბაზრო ღირებულება, მაგრამ რეალურად შესაძლებელია, გაცილებით მეტი თანხა ყოფილიყო.

არის შემთხვევები, როდესაც ერთი ფიზიკური პირი გადასცემს 12-15 მიწის ნაკვეთს სახელმწიფოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, უსასყიდლოდ. გვაქვს შემთხვევები, როდესაც ასეულობით ავტომობილია სახელმწიფოსთვის გადაცემული ასევე უსასყიდლოდ, ან როდესაც დედაქალაქში არის დაფიქსირებული უძრავი ქონების გადაცემის ფაქტები. მაგალითად, დედაენის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა ერთ-ერთმა პირმა, ასევე, რამდენიმე კომერციული ფართობი რუსთაველის გამზირზე და ცენტრალურ ადგილებში. არის შემთხვევები რეგიონებშიც, სადაც სახელმწიფოს მიწის ნაკვეთები გადაეცემოდა.

დარღვევა ყველა ზემოთ აღნიშნულ საკითხში იკვეთება თუ არის გამონაკლისებიც?

ხშირ შემთხვევაში, ჩვენ გვქონდა ეჭვი, რომ ეს იყო ზუსტად ის შემთხვევები, რომლებიც გარკვეულ ზეწოლასთან იყო დაკავშირებული ფიზიკურ პირზე ან ბიზნესზე. თუმცა, ჩვენს კვლევებში ასეულობით ტრანზაქციაა მოცემული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემაა. იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც თავისი სურვილით გადასცემდნენ პირები სახელმწიფოს მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში დადასტურდა, რომ ქონება პირებს იძულებით დაათმობინეს. ჩვენი კვლევის მიზანი პრობლემების აღმოჩენა იყო და ვფიქრობთ, ამას მივაღწიეთ. გამოვიტანეთ სააშკარაოზე იმ ქონების მოცულობა, რომელიც ძალიან დიდი ღირებულებისაა და უსასყიდლოდ არის გადაცემული სახელმწიფოსთვის.

მიმართეს თუ არა ამ პირებმა სახელმწიფოს ქონების დაბრუნების მოთხოვნით 2012 წლის შემდეგ?

ჩვენ ცალკე დაგვიკავშირდა რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც მიმართეს პროკურატურას განცხადებით, თუმცა, რა შედეგი დადგა, ეს ინფორმაცია აღარ გვაქვს. ასევე, ჩვენც გვქონდა რამდენიმე ფაქტზე განცხადება პროკურატურაში შეტანილი – ეს ეხება ანაკლიის, საირმისა და გონიოს ტერიტორიებზე განხორციელებულ ტრანზაქციებს. გამოვაქვეყნეთ კიდეც პატარა ვიდეოკლიპი, სადაც დაზარალებულები პირდაპირ საუბრობენ ზეწოლაზე, რომ მათ მუქარით აიძულეს სახელმწიფოსთვის ქონების ჩუქება, თუმცა, არც ერთ ამ ფაქტზე პროკურატურის მხრიდან რეაგირება არ გვინახავს. არც კი ვიცით, დღეს გამოძიების რა ეტაპზეა ეს საქმეები.

 აღნიშნული საკითხით მთავარ პროკურატურაში შექმნილი დეპარტამენტი არ დაინტერესდა?

 სანამ მთავარ პროკურატურაში ახალი დეპარტამენტი შეიქმნებოდა, აქტიური კომუნიკაცია გვქონდა პროკურატურასთან. მაშინ ოფიციალურადაც აცხადებდნენ, რომ მიმდინარეობდა საქმეების გამოძიება, თუმცა, საქმეების სიმრავლიდან გამომდინარე, ის დროში ჭიანურდებოდა. ახალ დეპარტამენტსაც, დაახლოებით, იგივე პასუხი აქვს, რადგან ძალიან ბევრი საქმეა მათ წინაშე. როდის მიენიჭება ამ საქმეებს პრიორიტეტი ან როდის მოუწევს გამოძიება, არ ვიცით. მათ მიერ რამდენიმე საქმეზე საჯაროდ გაკეთებული განცხადება ძალიან ცოტაა, რადგან პრობლემა რეალურად გაცილებით მეტია.

 დაზარალებული მოსახლეობის ნაწილი სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას აპირებდა. თუ არის საქმე წარმოებაში მიღებული და რა ეტაპზეა ის?

 რამდენიმე საქმე არის წარმოებაში მიღებული, ერთ-ერთი ანაკლიის საქმეზე, სადაც პირს 48 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ჩამოართვეს. ქონების ჩამორთმევა ამ შემთხვევაში განსხვავებული ფორმით მოხდა. საკუთრების უფლება ნამდვილად შეიზღუდა და ამ ადამიანმა ეს საქმე ორი წლის წინ სტრასბურგში გაასაჩივრა. ეს პროცესი ჯერ არ მიმდინარეობს. კიდევ არის რამდენიმე საქმე, რომელიც საია-მ გააგზავნა ევროსასამართლოში. ხშირად იყო ის პრობლემებიც, რომ სასამართლო სისტემის გავლით ვერ ხერხდებოდა დარღვეული უფლების აღდგენა. ბევრმა არ იცოდა პროცედურები, არ ჰქონდათ გასაჩივრების რესურსი და ვადები გაუშვეს, რის გამოც პროცესები წაგებული აქვთ. მათ ამის შემდეგ ვერ ან არ გაასაჩივრეს სტრასბურგში. თუმცა, ეს ადამიანები რეალურად დაზარალდნენ. ეს პრობლემა განსაკუთრებით რეგიონის მოსახლეობას ეხება.

 რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ამ პროექტის ფარგლებში და შემდგომ გაცემულ რეკომენდაციებს, რამდენად ითვალისწინებს მათ ახალი ხელისუფლება?

 ამ კუთხით ბევრი რეკომენდაცია არსებობს, მათი დიდი ნაწილი ექსპროპრიაციას ეხება. ამ მხრივ კანონზე რეალურად მუშაობა, რამდენადაც ვიცი, არ მიმდინარეობს და ისევ ის კანონი გვაქვს, რაც წლების განმავლობაში იყო. რაც შეეხება სხვა რეკომენდაციებს, ძირითადად, ჩვენი მოთხოვნა იყო დაწყებულიყო გამოძიება და აღდგენილიყო ხალხის უფლებები. თითქოს გადაიდგა ნაბიჯები მთავარ პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნით, მაგრამ, ჯერჯერობით, შედეგი არ გვაქვს. გასაგებია, რომ ბევრი საქმეა, მაგრამ ამ დეპარტამენტის შემთხვევაში, არ ვიცით, როგორ და რა საქმეებს ანიჭებენ პრიორიტეტს, ვინ წყვეტს ამას და რატომ არის ეს საქმეები ნაკლებმნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, რეკომენდაციების დიდი ნაწილი ძალაში არ არის.

 პრობლემების ნაწილი ეხება ექსპროპრიაციას, ნაწილი – განსახლების პრობლემას, საჯარო რეესტრში რეგისტრაციას და ა. შ. ამ კუთხით უზენაეს სასამართლოს აქვს კარგი პრაქტიკა და ნაწილობრივ ეს მოგვარებულია, თუმცა, საკანონმდებლო დონეზეც უნდა მოგვარდეს. ეს პრობლემა ყოველთვის იქნება, თუ კანონმა არ გაითვალისწინა და მიწის კადასტრი და საჯარო რეესტრის მუშაობის პრინციპი ამ კუთხით არ გაუმჯობესდა.

 რეალურად რამდენად არის შესაძლებელი, დაზარალებულ პირებს სახელმწიფომ ზიანი აუნაზღაუროს?

 ამაზე საუბარი ახლა ძალიან რთულია. ჩვენ ჯერ ის პრობლემა გვაქვს, რომ რეალურად არ ვიცით, რამდენი ადამიანია დაზარალებული – ეს არავის დაუთვლია. შესაბამისად, არ ვიცით, რა თანხაა საერთო ჯამში კომპენსაციის სახით გაცემული. ის, რაც ჩამოერთვათ, გასაგებია, მაგრამ მარტო უძრავი ქონებაც არ არის პრობლემა. თუ დადასტურდა სახელმწიფოს, პროკურატურის, სამართალდამცავების ჩარევა, მაშინ გამოდის, რომ ეს ზიანი უნდა აანაზღაურონ. თუ დიდ თანხაზეა საუბარი, მაშინ რამდენად არის სახელმწიფო ამ ზიანის ანაზღაურებისთვის მზად? თეორიულად, შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება, თუმცა, პრაქტიკულად რამდენად განხორციელდება ეს ყველაფერი, ძალიან ძნელი სათქმელია.

მასალა მომზადებულია პროექტის – „საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში“ – ფარგლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“. პუბლიკაციაში გამოქვეყნებული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ფონდის შეხედულებებს.

შსს: აჭარაში სამართალდამცავებმა ბუპრენორფინის შემცველი 52 აბი ამოიღეს

 

სამართალდამცველებმა, ჯემალ მ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის ჩხრეკისას 49 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,392 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. დავით ზ-ს პირადი ჩხრეკისას 3 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,008 გრ ბუპრენორფინს შეიცავს.


შს სამინისტროს ცნობით, დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.


გამოძიება ჯემალ მ-ს მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ( საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 3-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის 4-ე „ა“ ქვეპუნქტით), ხოლო დავით ზ-ს მიმართ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 2-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის 2-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). 

ქვიშის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი: „კაცი კომედიას გადაიღებდა“



ბატონო ზურაბ, მართალია, რომ ქვიშის ფესტივალი დაფინანსების გარეშე დარჩა იმის გამო, რომ მერიამ ტენდერი ვერ გამოცხადა?

დიახ, ზუსტად ასეა. მათი სასტუმროში დაბინავების და გადადგილების თანხები გადაიხადა საქართველოს რაგბის კავშირმა. ასევე ქვიშის რაგბის კავშირმა. მცირედი თანხმები გვქონდა, რომელიც ვერ დაიხარჯა. ძირითადად გათვალისწინებული იყო ბრიტანელი სტუმრებისთვის და უმაღლესი ლიგის გუნდებისთვის. ეს იყო 40 000 ლარი.

 

და რატომ ვერ მოხერხდა შესაბამისი პროცედურების მოგვარება და ტენდერის გამოცხადება?


ეს მეც მაინტერესებს. ამ თანხის გამოყოფა თავის დროზე მერის მონდომებით მოხერხდა. შემდეგ ვინ არ შეასრულა ეს საქმე, ესაა საინტერსო. ფაქტია, რომ ასე მოხდა.

 

როდესაც მოახლოვდა სტუმრების ჩამოსვლის დღე არ გადაამოწმეთ მერიასთან თუ როგორ მიდიოდა სამუშაოების შესყიდვის საქმე, გამოცხადდებოდა თუ არა ტენდერი?


მე დამირეკა  საკრებულოს წევრმა ირაკლი ჩავლეიშვილმა და გახარებულმა მითხრა, რომ მერიამ გამოყო თანხა და უნდა განხოციელებულიყო შესაბამისი პროცედურები ტენდერის ჩასატარებლად.  თვითონაც დავიბენი, რა მოხდა. დოკუმენტებში არ ჩავძიებულვარ. მითხრეს დაჩქარებული ტენდერია საჭიროო.

 

რამდენი მონაწილეა ჩამოსული და საიდან?

ბრიტანეთიდან ჩამოსულია 13 მონაწილე. სხვა ქვეყნებიდანაც არიან.  


ახლა როცა აღმოჩნდით პრობლემების წინაშე და არ გაქვთ დაფინანსება, მერიას არ შეეხმიანეთ ან თავად შეგეხმიანენ?


ერთადერთი ვინც შეწუხდა, ხაზზე იყო, მირეკავდა და ბოდიშიც მომიხადა ეს იყო რაგბის კავშირის თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი.  მეხმარებოდა, სასწრაფოც მოიყვანა. როგორც იცით, იქ სასწრაფო დახმარების მანქანა უნდა მორიგეობდეს. ელემენტარული მოედნის ტუალეტის დალაგება ვთხოვე, ამასაც ტენდერი ხომ არ სჭირდებოდა. ბოლოს ჩვენ სტუმრებთან ერთად დავიწყეთ დალაგება და ნახევარ საათში ორი ქალბატონი მოიყვანეს. ისინიც დაგვეხმარნენ.

 

ისინი ჩავლეიშვილმა გამოაგზავნა?

ალბათ. არ ვიცი. მან მითხრა ვიღაცებს გამოვუშვებ და დაგეხმარებიო. წარმოგიდგენიათ, ბრიტანელმა სტუმრებმა თავად დაიწყეს მოედნების დალაგება. მე, ჩემი ცოლი, ორგანიზატორების დახმარებით ვალაგებდით და ბრიტანელი სტუმრებიც დაგვეხმარნენ.  იმ ქალბატონებმა მხოლოდ გარეპერიმეტრი დაალაგეს, ტუალეტები და საშხაპეები ჩვენი საქმე არ არისო.

 

ანუ თვენ როგორც ორგანიზატორს, იმედი გქონდათ რომ ამ ყველაფერს მერია მოაგვარებდა?


დიახ, ამ დრომდე სულ ასე იყო. ამას მერია აგვარებდა.

 

 

 

 

რატომ გახდნენ იძულებული ბრიტანელი სპორტსმენები რაგბის მოედანი დაელაგებინათ ბათუმში

 

ქვიშის რაგბის ტურნირის ფარგლებში მოწვეული ბრიტანელი სტუმრები როცა მიხვდნენ, რომ არც მათი ჩამოსვლისთვის და არც ფესტივალისთვის ბათუმში მზადება არავის დაუწყია, რაგბის მოედნის დალაგება თავად დაიწყეს.

 

 „ამის დანახვას მიწა გამხეთქოდა მერჩივნა“, – უთხრა „ბათუმელებს“ საქართველოს ქვიშის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ დუგლაძემ.

 

ზურაბ დუგლაძის ინფორმაციით, სტუმრები გონიოში ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს რაგბის კავშირის ეროვნული ფედერაციის ხარჯებით დააბინავეს.

 

ბათუმის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის თქმით, მერია უპასუხიმგებლოდ მოიქცა, უპასუხიმგებლოდ მოიქცა ასვე საკრებულოც.

 

„როგორც ვიცი, მერიამ მიმართა არჩილ ხაბაძეს ტენდერის გამარტივებულად გამოცხადებასთან დაკავშირებით და დადებითი პასუხი მიიღო. მაგრამ ეს თანხა ჯერ არ ასახულა შესყიდვების დოკუმენტში, შესაბამისად, არც საკრებულოს დაუმტკიცებია ის. გამომდინარე აქედან, ვერც ტენდერი გამოცხადდებოდა. მერიას რომ მოენდომებინა, საკრებულოს სხდომა მაინც ვერ ჩატარდებოდა, რადგან ქვორუმი ვერ შედგებოდა. საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილე და რესპუბლიკელების ფრაქცია ერთად წავიდნენ მივლინებაში საფრანგეთში. გარდა ამისა, არის ის, რომ საკრებულომ დაარღვია რეგლამენტი, რომლის თანახმადაც საკრებულოს სხდომა უნდა გაიმართოთ ყოველ თვეში ერთხელ მაინც“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

 

რაგბის ფედერაციის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილია. მერიის პრესსმასახურის ინფორმაციით, ამ საკითხზე განმარტებას მერის მოადგილე დღეს, ოთხ საათზე გააკეთებს. 

 

 

როგორ შეიქმნა „თანამედროვე ხელოვნების სივრცე“

თანამედროვე ხელოვნების სივრცე ბათუმში მესამე წელია არსებობს. იდეა ხელოვანთა ჯგუფს ეკუთვნოდა, თუმცა ოფიციალური ფორმის მიღების შემდეგ, წრე შევიწროვდა და დღეს თანამედროვე ხელოვნების სივრცე, ადმინისტრაციული თვალსაზრისით, ხუთი ადამიანითაა წარმოდგენილი.
თანამედროვე ხელოვნების სივრცეში კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა ანა რიაბოშენკოს ევალება, რომელიც ასევე ხელოვანია. მასთან საუბარი ვერ მოვახერხეთ, რადგან ინტერვიუს ჩაწერის დროს ის ბათუმში არ იმყოფებოდა. ანას მოვალეობებზე მისი მეგობრები გვესაუბრებიან.


ირაკლი ძნელაძე

„ხელოვანებთან კავშირებს ძირითადად ანა აგვარებს, ის წყვეტს რა გამოფენა უნდა გაიმართოს და როდის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებს, იდეებს ვისმენთ, ვხვეწთ და ვუზიარებთ ერთმანეთს“, – ამბობს ირაკლი ძნელაძე. ის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში დირექტორის ანუ მენეჯერის ფუნქციას ასრულებს:

„ბევრი ფიქრობს, რომ აქ კაკომ ანუ მამაჩემმა დამსვა, რადგან დეპუტატია, მაგრამ ასე არ არის“, – ამბობს ირაკლი.  „მე დემოკრატი ვარ აზროვნებაში და ბევრჯერ ისეთი რამეც დამიწერია ან გამიკეთებია, რაც „დეპუტატის შვილს არ შეეფერება“. ამ სივრცის შექმნა ჩვენი, ხელოვანების იდეა იყო და ეს მამის გადეპუტატებამდე დავგეგმეთ“. მას მიაჩნია, რომ დირექტორობა არ უნდა იყოს „მარადიული“ და ერთი-ორი წლის შემდეგ ეს პოზიცია ხელოვნების სივრცეში სხვამ უნდა დაიკავოს.

ჯგუფის კიდევ ერთი წევრი, ფოტოგრაფი ამიკო ქავთარაძე ტელევიზიაში მუშაობს რეჟისორად და მაგისტრატურაზე სწავლობს. ჰქონდა არაერთი ფოტოგამოფენა როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის, ასევე ევროპის ქვეყნებშიც. „ვმეგობრობ ირაკლისთან, პირველი საჩვენებელი გამოფენის დროს ჩართული ვიყავი მომზადების პროცესში და შემდეგ ბუნებრივად დავრჩი“, –  გვეუბნება ამიკო. ის საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორია. მის ფუნქციებში შედის გამოფენის ტექნიკური მხარის მოგვარება და კინოჩვენებების ორგანიზება, რომელიც თანამედროვე ხელოვნების სივრცეში შაბათობით იმართება. ამიკოს თქმით, „ფილმი შეიძლება სახლშიც ნახო, ან კინოდარბაზში, მაგრამ იქ არ გაქვს შესაძლებლობა სხვას გაუზიარო შენი აზრები, ელაპარაკო რა განიცადე, რა როგორ გაიგე და ა.შ. ეს სივრცე კი ამის შესაძლებლობას გაძლევს.“

ფილმის შეთავაზება ყველა მსურველს შეუძლია, მათ შორის მოყვარულსაც. „მთავარია, ახლოს იყოს კინოსამყაროსთან“.

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ძირითადად საავტორო ფილმებს აჩვენებენ, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი ინტერნეტსივრცეში. ყველა ჩვენებას სხვადასხვა მასპინძელი ჰყავს. ისინი თავად არჩევენ ფილმებს და მოაქვთ. მასპინძლები უკვე იყვნენ რეჟისორები: შოთა გუჯაბიძე, ზაზა ხალვაში და პაატა ციკოლია.

„თანამედროვე ხელოვნების სივრცის“ პიარი ფსიქოთერაპევტი თამარ შაშიკაძეა. ის მესამე თვეა, რაც აქ მუშაობს. განათლება პეტერბურგში მიიღო და როგორც ამბობს, ცოტა ხანი პროფესიითაც იმუშავა: „თუმცა აქ ყოველთვის ვიყავი. მე თვითონაც ვაკეთებ ხოლმე პერფორმანსებს, ამიტომ ეს სამყარო ჩემთვის ახლობელია“. თამარი თანამედროვე ხელოვნების სივრცის პოპულარიზებას ძირითადად ონლაინსივრცეში ეწევა.


თამარ შაშიკაძე

„სოციალურ ქსელებში ბევრი ადამიანია ჩართული, ამიტომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის ინტერნეტსივრცე კარგი საშუალებაა. ვიყენებთ ტელევიზიასაც“, – ამბობს თამარი.

მოახერხა თუ არა „თანამედროვე ხელოვნების სივრცემ“ ბათუმში შეექმნა გარემო, რომელიც ყოველთვის დააინტერესებს მნახველს? თანამედროვე ხელოვნების სივრცის ჯგუფი მიიჩნევს რომ – კი.

თამარის აზრით, ინტერესთა ჯგუფების სეგმენტირება აუცილებელიც კია, რადგან თანამედროვე სახელოვნებო სივრცე განსხვავდება კლასიკური ხელოვნებისგან, რომელსაც უფრო მეტად იცნობს საზოგადოება.

„ზოგი მოდის და გვეუბნება –  „აბა, სად არის ნახატები? – რადგან გამოფენა ჰქვია, ბევრი ფიქრობს, რომ აუცილებლად ფერწერული ტილოები უნდა იყოს კედლებზე. თანამედროვე ხელოვნების დანიშნულებაც სწორედ ეს არის, რომ შეიძლება ნახო ის, რაც აქამდე არ გინახავს. შეიძლება დაეთანხმო ამ შემოთავაზებას, შეიძლება არა“, – ამბობს თამარი.

თანამედროვე ხელოვნების სივრცე ყველა ასაკის ადამიანზეა ორიენტირებული. მათ შორის ბავშვებზეც. წელს გოეთეს ინსტიტუტმა მოაწყო გერმანული ზღაპრების გამოფენა, რომელიც ორი ათასამდე მოსწავლემ ნახა. როგორც ირაკლი ამბობს, ეს არ იყო მხოლოდ სურათების გამოფენა. გამოყენებული იყო თანამედროვე ტექნიკური საშუალებები ზღაპრის გმირების გასაცოცხლებლად, გახმოვანებული იყო მუსიკალურად.

საგამოფენო სივრცე მასპინძლობდა ფარაჯანოვის ნამუშევრების გამოფენას ერევნის მუზეუმიდან, რომელსაც ასევე ბევრი მნახველი ჰყავდა. თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გამოხატვის ბევრი კომპონენტი – მუსიკა, ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, სამსახიობო ოსტატობა – ხშირად ერთადაა გამოყენებული.

არის შემთხვევები, როცა მაყურებელი თვითონაც ჩართულია შემოქმედებით პროცესში. ამ მხრივ საინტერესო იყო პერფორმანსი – „მე ვარ მედეა“.
ამ დროისთვის „თანამედროვე ხელოვნების სივრცე“ უკრაინულ ჯგუფ „რეპის“ მასპინძლობს. როგორც თამარი ამბობს, ჯგუფი 2004 წელს, ნარინჯისფერი რევოლუციის დროს შეიქმნა, რევოლუციური ჯგუფია და აქციების თემაზე მუშაობს. ხშირად მიაქვთ ნამუშევრები „ბიენალეზე“, ბათუმში კი მათი ათი წლის შემოქმედებაა ნაჩვენები.

ამიკო ქავთარაძე

„აქ ძირითადად ვიდეოინსტალაციებია წარმოდგენილი, რადგან ნამუშევრების ტრანსპორტირება და დაზღვევა ძვირი ჯდება“, – ამბობს ამიკო. ზოგი ნამუშევარი კი კონკრეტულ სივრცეზეა გათვლილი და ის სწორედ იქ უნდა ნახო.

ირაკლის აზრით, თანამედროვე ხელოვნების სივრცის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ის განსხვავებულს სთავაზობს ქალაქს: „აქ მხოლოდ გამოფენა ან კონცერტი არ იმართება. გამოფენას ახლავს ხოლმე მასტერკლასები, დისკუსიები და ბევრი საინტერესო ელემენტი. ბევრი ისეთი ხელოვანი გვყავდა, ვისი სემინარების მოსმენა ევროპაში ფასიანია“.

აგვისტოს დასაწყისში ხელოვნების სივრცე გეგმავს საერთაშორისო ფოტოგამოფენას – „ოდესა-ბათუმი“, რომელშიც ხელოვანები ხუთი ქვეყნიდან მიიღებენ მონაწილეობას. ირაკლი ძნელაძის თქმით, ეს იქნება ყველაზე მასშტაბური პროექტი. გამოფენას ოთხი ლოკაციის ადგილი ექნება – თანამედროვე ხელოვნების სივრცე, ხელოვნების მუზეუმი, გალერეა 41/41 და „თი ბი სი“ ბანკის საგამოფენო სივრცე. იქნება ღამის ჩვენებები „კემპინსკის“ ტერიტორიაზეც.

ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ თანამედროვე ხელოვნების სივრცე ცნობადი გახდა ბათუმის გარეთაც. „ერთი თურქი ფოტოგრაფის დამსახურება იყო საერთაშორისო გამოფენაზე ჩემი მიწვევა თურქეთში. ის ტურისტად იყო ჩამოსული ბათუმში და სწორედ ამ სივრცეში გამიცნო“, – ამბობს ირაკლი. გოეთეს ინსტიტუტის მიწვევით კი ფოტოგრაფი ლაშა ფალავანდიშვილი იმყოფებოდა ერთი კვირით ბერლინში.

„ეს ყველაფერი ამ სივრცის პოპულარობის შედეგია“,-  ამბობს ირაკლი და გეგმებზე საუბარს აგრძელებს. –  „სექტემბერში იგეგმება ახალი პროექტი ბავშვებისთვის. კედლებზე გაეკვრება თეთრი ფურცლები და ერთ წელს გადაცილებული ასაკის ბავშვებს შეეძლებათ თეთრი კედლები გააფერადონ, შეუძლიათ დახატონ ხელით, ფუნჯით, ყველაფრით. კვირაში ერთი-ორი საათი იქნება ამისთვის გამოყოფილი“.

ზაფხულში ჯგუფის წევრებს დაგეგმილი აქვთ თანამედროვე ხელოვნების სივრცის გარეფასადის მოხატვაც.

ა(ა)იპ „თანამედროვე ხელოვნების სივრცე“ აჭარის კულტურის სამინისტროს მიერაა დაფუძნებული და მისი წლიური ბიუჯეტი 120 ათასი ლარია.

სად გაიმართება საბავშვო დღეები ბათუმში – ღონისძიებების პროგრამა

 

 27 ივლისი

 

19:00 – თოჯინების მსვლელობა 

19:00 – სახეზე მოხატვა   

19:00-22:00 – ქუჩის მუსიკა (გახსნა) – ქუჩები/ბულვარი

20:00 – მიუზიკლი: ზეიმი ჯადოსნურ სასახლეში

20:00 – პლატინა და დისნეი ლენდი 

ღონისძიებები გაიმართება, ბულვარში ბათუმის კოლონადებთან.


თარიღი: 28 ივლისი

13:00-17:00 – ფანტა ლავ ლენდი – ბათუმი პირსსთან  

19:00 – თოჯინების მსვლელობა 

19:00 – სახეზე მოხატვა 

19:00-22:00 – ქუჩის მუსიკა

20:00 – მიუზიკლი მაუგლი

21:00 – ფანტა ლავ ლენდი – ბათუმი პირსსთან

21:00 – “ჰარმონია” მუსიკალური ნომრები 

 

აღნიშნული ღონისძიებებიც. გარდა ერთისა,  კოლონადებთან გაიმართება.

 

 

 

 

 

 

 

 

შშმ პირმა ატესტატი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მიიღო

 

აჭარის განათლების სამინისტრო, დღეს 27 ივლისს ავრცელებს ინფორმაციას რომ აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ხელვაჩაურის რესურსცენტრი დაეხმარა გიორგი გურგენიძეს საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის მიღებაში.
 
 
გიორგი გურგენიძემ 2007 წელს ს.ს.ი.პ. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლის საბაზო საფეხური დაამთავრა. 
 
 
„საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი გიორგი გურგენიძეს აძლევს საშუალებას სწავლა გააგრძელოს პროფესიულ სასწავლებელში და დაეუფლოს მისთვის სასურველ პროფესიას“- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  
 
 
გიორგი გურგენიძე დედასთან ერთად

მარწყვის წარმოებით მეგრული კოოპერატივები დაინტერესდნენ

 

 აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ოფისში სტუმრებმა მარწყვის სადემონსტრაციო სათბური და ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა დაათვალიერეს. შეხვედრაზე მარწყვის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, საქართველოში წარმოებული მარწყვის განვითარების პერსპექტივებსა და რეალიზაციაზე ისაუბრეს.

 

ასევე განიხილეს, მარწყვის მწარმოებლების გაერთიანების საკითხიც ბაზარზე მარწყვის სტაბილური მიწოდების პრობლემის მოგვარების მიზნით. კოოპერატივ „შამათია“-სა და „ქოლგა“- ს მარწყვის სათბურები სამეგრელოში პროექტ “თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისთვის“ ფარგლებში არის დაფინანსებული, რომელსაც ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE ), რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ ფარგლებში ერთობლივად ახორციელებენ.

 

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ გეგმები აჭარის მთის მხარდაჭერაზე

ზვიად დიასამიძე

„აჭარისწყალი ჯორჯია“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანიაა. ჩვენი პრიორიტეტია ხელი შევუწყოთ მთიანი აჭარის გრძელვადიან განვითარებას. ყოველდღიურად ვცდილობთ, ჩვენი პროექტებით რეალური სარგებელი მოვუტანოთ მთის რეგიონს, პროექტის არეალში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს.

კომპანიამ სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით სამი მიმართულება აირჩია: განათლება და ცნობიერების ამაღლება, თემების განვითარების ინიციატივები და ინფრასტრუქტურული პროექტები. ეს მიმართულებები შევარჩიეთ კომპანიის მიერ ჩატარებული სოციალურ-ეკონიმიკური კვლევის, ადგილობრივი ხელისუფლების მიზნობრივი პროგრამებისა და მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგად.

ბატონო ზვიად, რატომ აიღო კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ სოციალური პროექტები საკუთარ თავზე, მას ხომ ამის ვალდებულება არ ჰქონდა?

ნებისმიერი პროექტი სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში არის ყოველი კომპანიის ნებაყოფლობითი აქტივობა. თანამედროვე ბიზნესსამყაროში კარგად არის გააზრებული, რომ კომპანიის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ორგანიზაციის, არამედ გარშემო მყოფი ნებისმიერი დაინტერესებული ჯგუფის მხარდაჭერა. ამ მხრივ ნაბიჯები უკვე საქართველოშიც იდგმება. „აჭარისწყალი ჯორჯია“ ცდილობს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მხრივაც წარმატებული კომპანია იყოს. ჩვენ ვიცით, რომ მნიშვნელოვანია მიღებული მოგების უკან გაცემა, ჯანსაღი ურთიერთობის ქონა საჯარო სამსასურებსა თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. ჩვენ გვსურს რეგიონში ვიყოთ ლიდერი კომპანია, სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით.

შეიძლება კონკრეტულად ჩამოთვალოთ განათლების მიმართულებით რა გაქვთ დაგეგმილი?

„აჭარისწყალი ჯორჯიასთვის“ განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენი კომპანია ცდილობს მაღალმთიანი აჭარის ახალგაზრდობის განათლების მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ ჩვენ დავაწესეთ სტიპენდიების პროგრამა. პროგრამა განხორციელდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად. კონკურსის შედეგად შეირჩა 8 ადგილობრივი სტუდენტი შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებიდან. ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს ბაკალავრის საფეხურზე სწავლის დაფინანსებას. პროგრამის განხორციელებას წელსაც ვაპირებთ. აქცენტი ტექნიკურ მიმართულებებზე გვინდა ავიღოთ – ინჟინერია, გეოლოგია, ელექტრომექანიკა და ა.შ. მეტიც, ჩვენ ვცდილობთ სკოლების განსაკუთრებულ მხარდაჭერას. ჩემი აზრით, ადგილობრივ მასწავლებლებს, რომლებიც კარგ სამუშაოს ასრულებენ, მხარი უნდა დავუჭიროთ. არ ვსაუბრობ მხოლოდ სკოლების კეთილმოწყობის პროექტებზე, რასაც მუნიციპალიტეტებთან ერთად ვახორციელებთ, არამედ საგანმანათლებლო კუთხით: სულ ახლახან ინგლისური ენის პედაგოგებისთვის გვქონდა პროექტი, რომელიც ენაში განათლების გაღრმავებასა და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების გაძლიერებას ისახავდა მიზნად. პროექტში ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებიდან 40-ზე მეტმა პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა. ასევე მოსწავლეებისთვის ტარდება შეხვედრები ინგლისურ ენაზე – მოსწავლეები არაფორმალურ გარემოში ავითარებენ თავიანთ უნარებს; ჩავატარეთ ინგლისურენოვანი ესეის კონკურსი, სადაც სხვადასხვა სკოლის 44-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. პირველი ადგილის მფლობელი გახდა ქეთევან თავდგირიძე, ხიჭაურის საჯარო სკოლის მოსწავლე, არაჩვეულებრივი გოგონა, რომელსაც დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთი წარმატება ელის წინ. ამ პროგრამის გაგრძელებას მომავალ წელსაც ვაპირებთ. და ბოლოს, აგვისტოდან „აჭარისწყალი ჯორჯია“ იწყებს სტუდენტთა სტაჟირების პროგრამას.

ქეთევან თავდგირიძე

ქეთევან თავდგირიძე

თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად შეირჩა სამი სტუდენტი, რომლებიც ორი თვის განმავლობაში გაივლიან სტაჟირებას ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, „შუახევი ჰესის“ პროექტის ფარგლებში. სტაჟირების პერიოდი ანაზღაურებადი იქნება. ერთ-ერთი სტაჟიორი მერაბ ბოლქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პაქსაძეების მკვიდრია. იმედია, ეს ახალგაზრდები მომავალი ჰიდროელექტროსადგურის პროფესიონალი გუნდის შემადგენლობაში იქნებიან. ჩვენ მომავალშიც ვაპირებთ სტაჟირების პროგრამების განხორციელებას.

რა სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებთ?

საკმაოდ დიდი ჩამონათვალი გვაქვს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების, რომელსაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად ვახორციელებთ: გზის ინფრასტრუქტურა, სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება, მოსახლეობის უზრუნველყოფა მუდმივი წყლით… ეს მცირე ჩამონათვალია იმ პროექტების, რომლებიც უკვე დასრულდა ან მიმდინარეობს. ასევე სკოლების სპორტული მოედნების, ეზოების მოწესრიგება, ბიბლიოთეკების რეაბილიტაცია… როგორც უკვე აღვნიშნე, ამ პროცესში ჩართულია ყველა – კომპანია, ადგილობრივი ხელისუფლება, მოსახლეობა. ახლახან დასრულდა სოფელ ვაშლოვანის საჯარო სკოლის ეზოს რეაბილიტაცია; სოფელ მახალაკიძეებში ახლაც მიმდინარეობს წყლის რეაბილიტაციის  პროექტი; სოფელ ახალდაბაში, რეგიონის ხელისუფლებასთან ერთად, ვიწყებთ წყლის სისტემის რეაბილიტაციის დიდ პროექტს. მხოლოდ 2015 წელს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ ინიცირებულ ინფრასტრუქტრულ პროექტებში 150-მდე ადგილობრივი დასაქმდა.

თქვენი კომპანიის წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ ადგილობრივი თემების გაძლიერების აუცილებლობაზე, ამ მხრივ რას აკეთებთ?

ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის, შესაბამისად, ჩვენი კომპანიისთვისაც პრიორიტეტია. ახლახან დავიწყეთ მცირე ბიზნესინიციატივების დაფინანსება, რომელიც ითვალისწინებს გრანტების გაცემას. მასში ჩვენი პროექტის არეალში მოხვედრილი 10 სოფელია ჩართული. პროექტი ხორციელდება პარტნიორი ორგანიზაციის – „დემოკრატიის ინსტიტუტის“ მონაწილეობით. დღეისათვის უკვე შემოტანილია 88 განაცხადი, რაც ადგილობრივების აქტიურ ჩართულობაზე მიუთითებს.

ჩვენ მიერ ინიცირებულ პროექტებში ასევე არიან ჩაბმულები სხვა არასამთავრობოებიც – ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანასთან“ ერთად მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობაზე ვმუშაობთ. პროექტი ითვალისწინებს მეფუტკრეთათვის სკების, ფუტკრის ოჯახებისა და სხვა საჭიროებების შეძენას.

ვგეგმავთ ახალი პროგრამების ინიცირებას ჯანმრთელობის სფეროს გაუმჯობესებისთვის. კომპანიამ დააფინანსა არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომას“ მიერ ორგანიზებული ტრენინგები, რომლებიც ცნობიერების ამაღლებას ემსახურება ჯანმრთელობის მიმართულებით. პროგრამა საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს. ჩვენი კომპანია აქტიურად მუშაობს საგზაო უსაფრთხოების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზეც. საგზაო უსაფრთხოება – ეს სერიოზული  პრობლემაა საქართველოში და გამონაკლისი არც აჭარის მთაა. ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან ერთად ჩავატარეთ ტრენინგები საგზაო უსაფრთხოების  ძირითად  რისკ-ფაქტორებზე, როგორიცაა:  უსაფრთხოების ღვედების გამოუყენებლობა,  მაღალი  სიჩქარით  ავტომობილის  მართვა  და ა.შ. და ბოლოს, სულ ახლახან, კომპანიამ გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს ხულოში საფეხბურთო გუნდის შექნას.

რა ფორმით ახორციელებთ კომუნიკაციას მოსახლეობასთან?

პირველი, რაც პროექტის დაწყებისთანავე შევქმენით, საინფორმაციო ცენტრებია. შუახევსა და ხულოში მოქმედი საინფორმაციო ცენტრების მთავარი ფუნქცია სოციალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაა. ამ ცენტრებში ადგილობრივ მოსახლეობასთან ყოველდღიურად არაერთი შეხვედრა იმართება.

მოსახლეობის მოსმენა, რეგიონის განვითარების მხარდაჭერა, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია. მჯერა, აჭარის მთის გრძელვადიანი განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი როლის შესრულებას შევძლებთ.

აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ განხორციელებული და მიმდინარე სოციალური

პროექტები აჭარის მაღალმთიანეთში

განათლება და ცნობიერების ამაღლება

•  სტუდენტების სტაჟირების პროგრამა „შუახევიჰესის“ პროექტში

•  სტუდენტების დაფინანსების პროგრამა

•  ინგლისური ენის საპილოტე პროგრამა – ტრენინგი მასწავლებლებისთვის ინგლისურ ენასა და პედაგოგიურ უნარებში

•  ინგლისური ენის საპილოტე პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვის

•  ინგლისური ენის საპილოტე  პროგრამა – ინგლისურენოვანი ესეის კონკურსი

•  ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში

• ცნობიერების ამაღლება გზებზე უსაფრთხოების ნორმების შესახებ

•  ხე-ტყის და ენერგოეფექტური შეშის ღუმელის მდგრადი გამოყენება.

თემების გაძლიერება

•  მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პრო¬ექტი

•  მეფუტკრეობის განვითარების პრ¬ოექტი

ინფრასტრუქტურული პროექტები

•  სოფელი დიდაჭარა, მიმდინარეობს საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა

•  სოფელი მახალაკიძეები, მიმდინარეობს წყალსადენი სისტემის მოწყობა

•  სოფელი მახალაკიძეები, დასრულდა სოფლის გზაზე გაბიონის მშენებლობა

•  სოფელი წაბლანა,  დასრულდა სოფლის გზის რეაბილიტაცია

•  სოფელი წაბლანა,  დასრულდა სანიაღვრე სისტემის მოწყობა

•  სოფელი წაბლიანი, დასრულდა საჯარო სკოლის სპორტული მოედნის რეაბილიტაცია

•  სოფელი წაბლანა,  დასრულდა საჯარო სკოლისათვის დამხმარე სათავსოს მშენებლობა

•  სოფელი ყინჩაური, დასრულდა სკოლის ბიბლიოთეკისა და საკლასო ოთახების რეაბილიტაცია

•  სოფელი წაბლანა, დასრულდა სკოლის ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია

•  სოფელი წაბლიანი (ყიშლა), დასრულდა სკოლის ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია

•  სოფელი ჭერი, სკოლისთვის შეძენილ იქნა ინვენტარი

•  სოფელი ფაჩხა, დასრულდა სკოლის სპორტული მოედნის რეაბილიტაცია

•  სოფელი ახალდაბა, დასრულდა საყრდენი კედლის მშენებლობა ცენტრალურ გზაზე

•  სოფელი ვაშლოვანი, დასრულდა საჯარო სკოლის ეზოს კეთილმოწყობა

•  სოფელი დიაკონიძეები, მიმდინარეობს სარწყავი არხის რეაბილიტაცია

•  სოფელი ოქრუაშვილები, მიმდინარეობს სარწყავი არხის რეაბილიტაცია

•  სოფელი ღურტა, მიმდინარეობს სარწყავი არხის რეაბილიტაცია

•  სოფელი ფაჩხა, დასრულდა სოფლის წისქვილის მშენებლობა

•  სოფელი ახალდაბა, დასრულდა სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია

•  სოფელი ვაშლოვანი,  დასრულდა გზის რეაბილიტაცია

•  სოფელი მახალაკიძეები,  დასრულდა გზის რეაბილიტაცია.

აჭარაში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი იწყება

 

ყოველი წლის 28 ივლისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს ჰეპატიტის მსოფლიო დღეს. ეს დღე შეირჩა ნობელის პრემიის ლაურიატის ბარუჰს ამუელ ბლუმბერგისთვის პატივისცემის ნიშნად, რომელმაც აღმოაჩინა B ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსი.
ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს 9 რეგიონში, მათ შორის აჭარაში აცხადებს მოსახლეობის ნებაყოფლობით უფასო სკრინინგის ორკვირეულს. ორკვირეული დაიწყება 27 ივლისს და გაგრძელდება ათი სამუშაო დღის განმავლობაში.

27 ივლისიდან, კვირეულის ფარგლებში, ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება ჩაიტაროს უფასო სკრინინგი შემდეგ მისამართებზე:

1). აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
ბათუმი, გორგასალის ქ. 141/14

2). დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, აჭარის სამმართველო
ბათუმი, ჯ. ქათამაძისჩიხი 4 (ბარცხანის დასახლება)

3). საინფორმაციო, სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი ”თანადგომა” 
ქ.ბათუმი, გორგასალის ქ.113 

28 ივლისს სასტუმრო ,,შერატონში“ მოეწყობა მრგვალი მაგიდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, სამედიცინო სფეროსა და მედია საშუალებების მონაწილეობით.
29–30 ივლისს ბათუმის ბულვარში ჩატარდება საინფორმაციო აქცია ,,ცოტა C” და ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება ადგილზევე ჩაიტაროს ტესტიტება და მიიღოს კვალიფიცირებულუ კონსულტაცია. 
30 ივლისს მობილური ლაბორატორია განთავსდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ცენტრში (სარფი–საბაჟოს მიმდებარე ტერიტორია).
31 ივლისი მობილური ლაბორატორია განთავსდება ხულოს, შუახევის, ქედის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში
6 აგვისტოს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გაიმართება შეხვედრა სტომატოლოგიური სერვისის მიმწოდებლებთან.
2015 წელს ჰეპატიტის მსოფლიო დღის სლოგანია
იმოქმედე ახლავე, აიცილე ჰეპატიტი!
და მიმდინარეობს ოთხი ძირითადი გზავნილით
• აიცილე ჰეპატიტი: იცოდე რისკების შესახებ;
• აიცილე ჰეპატიტი: მოითხოვე უსაფრთხო ინექციები;
• აიცილე ჰეპატიტი: ჩაუტარეთ ბავშვებს ვაქცინაცია;
• აიცილე ჰეპატიტი: ჩაიტარე ტესტირება, იმკურნალე.

 

 

შსს: პოლიციამ ბულვარში დაკარგული 3 წლის ბავშვი იპოვა

 

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიმდებარე ქუჩები გადაამოწმეს და დაკარგული ბიჭუნა სასტუმრო „ინტურისტის“ მიმდებარედ რამდენიმე წუთში იპოვეს. მცირეწლოვან ბავშვს არანაირი დაზიანება მიღებული არ ჰქონდა და ის ოჯახს უვნებელი დაუბრუნდა.

 

კადრი შს სამინისტროს ვიდეომასალიდან
კადრი შს სამინისტროს ვიდეომასალიდან

რენტგენის გადაღება ბინაზე გამოძახებით

 

გამოიძახეთ ბინაზე პროფესიონალი რენტგენ-ლაბორანტი, რომელიც გამოძახებიდან რამდენიმე წუთში (ბათუმის შემთხვევაში) მოგაკითხავთ სახლში და თანამედროვე პორტატული აპარატით გადაგიღებთ რენტგენის სურათს სხეულის შემდეგ მონაკვეთებზე: ფილტვები, მენჯბარძაყი, ზედა და ქვედა კიდურები.

 

დარეკეთ დასავლეთ საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან და იკითხეთ პროფესიონალი რენტგენ-ლაბორანტი მაია დიასამიძე. ტელეფონის ნომერი.: (599) 43 16 43. 




გამოიწერე ,,გაზეთი ბათუმელები”და საჩუქრად მიიღე წიგნი – ბათომი

 

„ბათომი“ გაზეთ „ბათუმელების“ მიერ გამოცემული მეორე წიგნია, რომელიც ძველი ქალაქის ამბებს მოგვითხრობს. დღეს, როცა ბათუმში მიმდინარე პროცესები სამუდამოდ ცვლის ძველი ქალაქის იერსახეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმედ მიგვაჩნია ამ წიგნის გამოცემა და საზოგადოებისთვის ქალაქის ისტორიისა და იმ ადამიანების შეხსენება, რომლებიც ბათომში ცხოვრობდნენ.

 

აქციის პირობები

travelinoldbatumi@gmail.com მოგვწერეთ ამ ელფოსტაზე თქვენი სახელი, გვარი და მისამართი, სადაც გსურთ, რომ გაზეთი ოგაწოდოთ

წინასწარ გადაიხადეთ გაზეთის  ხელმოწერის საფასური – 50 ლარი

 

 

საბანკო რეკვიზიტები
მიმღები: შპს გაზეთი ბათუმელები 
ბანკი: სს პროკრედიტ ბანკი 
ბანკის კოდი: MIBGGE22 
ანგარიშის #: GE45PC0033600100047778 
დანიშნულება: ბათუმელების ხელმოწერა

თანხა: 50 ლარი 

 

გაზეთის გამოწერის შემდეგ სახლში მიიღებთ წიგნს „ბათომი“, ხოლო 2015 წლის ბოლომდე, ყოველ ორშაბათს სახლში მოგაწვდით „გაზეთ ბათუმელებს“, რომელიც თქვენთვის ინფორმაციის სანდო წყარო იქნება.   

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 
ბათუმი, მ. აბაშიძის გამზირი #48; თბილისი, ლ. პასტერის #7
ტელ: (0422) 27 99 12 ; (032) 296 08 30
მობ: 599745605; 599 29 93 13
ელფოსტა: travelinoldbatumi@gmail.com

წიგნი ქალაქზე, რომელიც შეიძლება ძალიან გიყვარდეს და მაინც ყოველდღე კარგავდე

 

სულხან სალაძე
სულხან სალაძე

ეს არის წიგნი იმ ქალაქის შესახებ, სადაც ყველა ერთიანად ცდილობდა გამდიდრებას და მთელი იმპერიიდან აწყდებოდნენ აქაურობას. აწყდებოდნენ და თანაც როგორ. დარბოდნენ, ყვიროდნენ, ეძებდნენ, პოულობდნენ, ქირაობდნენ და ყიდულობდნენ ყველაფერს. ბათუმი, ქალაქი პორტო-ფრანკოს სტატუსით.

 

„ბათომი“ ერთადერთი წიგნია იმ ქალაქის შესახებ, რომელიც 1883 წელს ორჯერ დაიბადა. ერთხელ როგორც „ნავთის ქალაქი“ და მეორეჯერ, როგორც ქალაქი, რომელშიც ორთქმავალი პირველად შევიდა. 

 

ეს წიგნი იმ ქალაქის შესახებაც არის, 1901-ში აკაკი რომ ჩამოვიდა ბათუმში და გიმნაზიელებმა ზედ სადგურზე გამოხსნეს ცხენები ეტლიდან. მერე მისცვივდნენ პოეტს, ჩასვეს ეტლში, თავად შეებნენ ცხენების მაგივრად და ასე მიიყვანეს ქალაქის მაშინდელ საკრებულოში.

 

ეს არის წიგნი დაუჯერებელი ამბით, თუ როგორ გახდა ლუკა ასათიანი ქალაქის პირველი არჩეული თავი და როგორ დატოვა ამ საქმეში ილია ჭავჭავაძისა და გრიგოლ ვოლსკის მონდომებამ წინასწარ მოზეიმე რუსები პირდაღებული.

 

მხოლოდ აქ, ამ წიგნში ნახავთ ამბავს პირველი კლასის სასტუმროს შესახებ, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში ბათუმში განვითარებული პოლიტიკური პროცესების უმთავრესი ეპიცენტრი იყო. სასტუმრო, რომელში გამართულ მოლაპარაკებებზეც ბათუმის საქართველოს შემადგენლობაში დარჩენის საკითხი გადაწყდა და დღეს ამ სასტუმროს შენობისგან აღარაფერია დარჩენილი.

 

კიდევ ამბავი სახლისა, რომელშიც ერთმანეთის მონაცვლეობით ცხოვრობდნენ ჯერ ბათუმის გენერალ-გუბერნატორი, მერე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი და ერთ-ერთი ვერსიით, 1921 წლის 21 თებერვალს სულაც ამ  სახლში მიიღეს დემოკრატიული საქართველოს პირველი კონსტიტუცია.

 

ამბავი კაცისა, ივანე მესხი რომ იყო და გრიგოლ ვოლსკისა და დავით კლდიაშვილთან ერთად იმაზე მეტი გააკეთა ბათუმის ქალაქად გადაქცევისთვის, ვიდრე ჩვენ ვიცით. ასევე ამბავი გენერალი მაზნიაშვილისა, იმ მაზნიაშვილისა, 1921-ში ქიაზიმ-ბეის კუდით ქვა რომ ასროლინა და ბათუმი საქართველოს შემადგენლობაში დატოვა.

 

და განა მარტო ეს ამბები? უცნობი და გულისამაჩუყებელი ისტორიები, რომლებიც შეიძლება მხოლოდ ბათუმში მომხდარიყო. მაგალითად, ისეთი, ქართულ-გერმანული სიყვარულის ისტორია რომ ჰქვია და კინოთეატრისა და ღვინის უცნაური ნაზავია. იმ ღვინისა, რომელმაც გერმანიაში გადახვეწილ შვილებს, მრავალი წლის შემდეგ, მამის საფლავი აპოვნინა სოუქსუზე, ბათუმში.

 

ამბები ადგილისა, სადაც ახალი პრესა პირველი მიჰქონდათ ბათუმში და საათი, რომლის ქვეშაც პაემნები ინიშნებოდა. შაქრო ლომთათიძის ცნობილი საპარიკმახერო. აი, იმ შაქროსი, კაცი რომ არ დარჩენია გაუკრეჭავი. „ღიმილის ბიჭებში“ რომ გადაიღეს და იქაც პარიკმახერი იყო. სციპიონ ბათუმელის ისტორია და მსოფლიოში ყველაზე მაგარი ბიჭიკოს ამბავი, ბათუმში რომ ცხოვრობდა. უცნობი ადგილები ქალაქიდან, სადაც ფაეტონის სადგომები იყო და თითქმის ერთწინადადებიანი საკამათო ჩანაწერი, თუ ვინ გაიარა პირველად  ბათუმში ავტომობილით.

 

უამრავი სხვა სევდიანი ამბავი ქალაქზე, რომელიც  დროსა და სივრცეში გაქრა. ძველი ბათუმის ორასამდე ფოტო, რომელთა დიდი ნაწილი სრულიად უნიკალურია და ასე ერთად თავმყორილს ვერსად ნახავთ. ფოტოისტორიები, რომლებიც სულ სხვა თვალით დაგანახებთ ქალაქს. ქალაქს, რომელიც შეიძლება ძალიან გიყვარდეს და მაინც ყოველდღე კარგავდე.

 

ახლა მხოლოდ ისღა დამრჩენია გითხრათ, რომ კარგად მოკალათდით, გადაშალეთ „ბათომი“ და დაიწყეთ მოგზაურობა ქალაქში. ქალაქში, რომელსაც, ვერასოდეს დაივიწყებთ.

იყო და არა იყო რა. იყო ბათომი…

 

ბათუმის ფასიანი პლაჟი

 

 

ბათუმის ზღვის სანაპიროზე, პლაჟზე არსებობს მონაკვეთები, რომლებიც მერიის განცხადებით, ფასიანია. სანაპირო ზოლის იჯარით გაცემის გამო, მოიჯარეები როგორც დამსვენებლებს, ასევე ადგილობრივ მცხოვრებლებს პლაჟის წინ ზღვაში შესვლასაც უზღუდავენ. როგორ არეგულირებს კანონი პლაჟის სარგებლობის წესებს და რისი უფლება აქვთ მოიჯარეებს?

 

ბათუმელი თიკო აბაშიძე ამბობს, რომ „ივერია ბიჩის“  მიმდებარედ, ზღვასთან ახლოს, მას კაფეს მენეჯერმა ზღვაში შესვლის უფლება არ მისცა:  „ ასლარიანი ადგილების წინ პირსახოცს არ დაგადებინებთო, მითხრა. მე არ ვყოფილვარ მათ ტერიტორიაზე, თითქმის ზღვასთან მეწყო ნივთები და ამის მიუხედავად, სანაპიროზე დაჯდომის უფლება არ მოგვცეს“. 

 

თიკოს აზრით, სანაპირო საზოგადოებრივი ადგილია და მერია ამ სივრცის შეზღუდვით მოქალაქეების უფლებას არღვევს. 

 

ბულვარის ხელმძღვანელი გიორგი ზირაქიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პლაჟზე არსებობს გარკვეული მონაკვეთები, რომლებიც ბულვარის დაქვემდებარებაში არ შედის.

 

„ასეთი ადგილებია „ივერია ბიჩის“ მიმდებარედ სანაპირო ზოლი; პლაჟი სასტუმრო „კემპინსკის“  წინ – ესეც არ გადმოუცია მერიას ჩვენთვის და ალბათ ეს მონაკვეთიც აღებული აქვთ სასტუმროს მფლობელებს სარგებლობაში. იგივე მდგომარეობაა საცხოვრებელ კომპლექს „მაგნოლიასთან“ მიმართებაშიც; პლაჟი გაცემულია კერძო მფლობელზე სასტუმრო „შერატონისა“ და „აკვაპარკის“  წინაც. „აკვაპარკს“ დაახლოებით ხუთი სექტორი აქვს აღებული“, – ამბობს გიორგი ზირაქიშვილი.   

როგორც ბათუმის ბულვარის ხელმძღვანელმა თქვა, პლაჟი ფასიანია კაფე-ბარ  „პიერ -ბათუმის“  წინაც.  

 

ბათუმის მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის, ქონების მართვისა და განკარგვის განყოფილების უფროსი რეზო ხახვა ამბობს, რომ მოიჯარეებს პლაჟზე ან სანაპიროს წინ ადამიანებისთვის გადაადგილების ან ზღვაში ჩასვლის შეზღუდვის უფლება არ აქვთ:

 

„ხელშეკრულებაში წერია, რომ მათ უნდა მოაწესრიგონ პლაჟი, დადგან ქოლგები, შეზლონგები, მოაწყონ ინფრასტრუქტურა, მაგრამ არსად წერია, რომ პლაჟზე დაჯდომის უფლება შეუზღუდონ მოქალაქეებს. ასე არ უნდა იყოს“.

 

რეზო ხახვას თქმით, ბუნებრივია, მოქალაქეები იჯარით გაცემულ ტერიტორიაზე თავიანთ შეზლონგებს ვერ დადგამენ, თუმცა ნაპირზე დაჯდომის ან მიმდებარედ ზღვაში ცურვის უფლებას ვერ აუკრძალავენ.  მისივე თქმით, თუ მოიჯარეები მოქალაქეებს პლაჟზე გადააგილებას შეუზღუდავენ, ამის თაობაზე მათ მერიას წერილობით უნდა აცნობონ: `წერილობით უნდა მოგვმართონ და ჩვენ მივცემთ გაფრთხილებას კაფე-ბარების მფლობელებს, რომ დაიცვან ხელშეკრულების პირობები“.

 

რეზო ხახვას ინფორმაციით, ექვს მოიჯარეზე სულ პლაჟის 11 სექტორია გაცემული, წლიური საიჯარო თანხა კი 129 690 ლარს შეადგენს.

 

 

ჰედერ რეჯერსის წიგნის თარგმანის პრეზენტაცია ბათუმში

 

 

ბათუმში წიგნს ემზარ ნაგერვაძე წარადგენს.

პრეზენტაციაზე  დამსწრე სტუმრებს წიგნი უფასოდ გადაეცემა.  დასწრება თავისუფალია.

 

ნაწარმოები ორგანიზაცია „რადარამმა“ თარგმნა.

 

 “რადარამი” ქართულად თარგმნის, გამოსცემს და ავრცელებს მსოფლიო მასშტაბით აღიარებულ, პოპულარულ ენაზე დაწერილ სამეცნიერო, შემეცნებით, ბიოგრაფიულ და სხვა ჟანრის წიგნებს, რომლებიც ბოლო დროს სხვადასხვა ქვეყანაში გამოქვეყნდა.

 

„ჩვენი სურვილია შევუქმნათ ქართველ მკითხველს პირობები, რათა მშობლიურ ენაზე გაეცნოს იმ წიგნებს, რომლებიც თანამედროვე აქტუალურ პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ საკითხებს ეხება, შეიძინოს ისინი ხელმისაწვდომ ფასად და მსოფლიოში მიმდინარე დისკუსიაში ჩაებას.“

წიგნი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმანის პროგრამის ფარგლებში.

წიგნის და ავტორის შესახებ: 

„ეს წიგნი იმიტომ დავწერე, რომ მინდოდა, გამეგო, სად ქრება ჩემი ნაგავი“.

ჰედერ როჯერსი ახალგაზრდა ამერიკელი ჟურნალისტი და რეჟისორია. წიგნის დაწერამდე მან ამავე სახელწოდების დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომელმაც არაერთი კინოფესტივალის ყურადღება მიიქცია.

დღეს წყნარ ოკეანეში ექვსჯერ მეტი პლასტმასაა, ვიდრე პლანქტონი. ჰედერ როჯერსის აზრით, ეს პრობლემა ხელოვნურია. ახალგაზრდა მწერალი ცდილობს, ნაგვის საშუალებით ჩვენს საზოგადოებაზე მრავალი საინტერესო რამ გვითხრას. თქვენ წინაშე ერთდროულად ნაგვის მოვლის ისტორიული მიმოხილვაცაა და კრიტიკული ანალიზიც. წიგნში დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ და რის გამო წარმოვქმნით უფრო და უფრო მეტ ნაგავს. ეს მონაცემები დაგაფიქრებთ არა მხოლოდ ეკოლოგიურ, არამედ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე, რომელთა წინაშეც თანამედროვე ცივილიზაცია დგას. წიგნის კითხვისას გაგიჩნდებათ კითხვები: რატომ აღარ ვიყენებთ შუშის ბოთლებს? რა საჭიროა ერთჯერადი საპარსები? რატომ არ შეგვიძლია, მოვიხმაროთ ნაკლები? რაც მთავარია, კიდევ ერთხელ დაფიქრდებით იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენი ეკოსისტემის გადასარჩენად.

ტენდერში გამარჯვებისთვის დაბალი ფასი შესაძლოა გადამწყვეტი აღარ იყოს

 

მოქმედი კანონმდებლობით, 5 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვას საბიუჯეტო ორგანიზაციები გამარტივებული წესით ახორციელებენ.

 

კანონით გათვალისწინებულია ასევე „გადაუდებელი აუცილებლობა“, რომლის არსებობისას გამარტივებული შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რაც წერილობით უნდა შეთანხმდეს შემსყიდველის ზემდგომ ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოსთან/თანამდებობის პირთან. შემსყიდველი ასევე ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს.

 

გამარტივებული შესყიდვა ხორციელდება, ასევე, თუ საქართველოს პრეზიდენტის ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგინდა შესყიდვების განხორციელება, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით. ასეთი მიზნის არსებობის  შემთხვევაში გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეც იძლევა. გადაწყვეტილების მიღებისა და თანხმობის მოპოვების პროცესი კი არაგამჭვირვალეა იმ კუთხით, რომ ის არ აისახება შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

 

კანონპროექტის მიღების მიზეზი, როგორც საქართველოს მთავრობაში განმარტავენ, ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაა. კერძოდ, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მე-2 ფაზის იმპლემენტაციის შეფასების შედეგად, ევროკომისიამ მოამზადა ანგარიში, რომლის მიხედვით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული რეკომენდაციები საქართველოს მიერ ნაწილობრივ დაკმაყოფილებულად მიიჩნევა და არსებობს შემდგომი პროგრესის პერსპექტივა.

 

ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, „საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს, რომ წესები, რომლებშიც განსაზღვრულია კრიტერიუმები სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო პროცესის გარეშე ჩატარებისთვის, გარკვევით განსაზღვრავდეს იმ კონკრეტულ გარემოებებს, როდესაც შესაძლებელია ტენდერის გარეშე შესყიდვის ჩატარება, ასევე იმ პროცედურებს, რომლებიც უნდა შესრულდეს. ეს პროცედურები უნდა მოიცავდეს საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებას, მოსაზრებების წარდგენისა და მათი განხილვის შესაძლებლობას. შესყიდვის სატენდერო პროცედურების გარეშე ჩასატარებლად აუცილებელი უნდა იყოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დამოუკიდებელი თანხმობა“, _ აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

 

თანხმობის მოსაპოვებელი მიმართვა შემსყიდველმა ორგანიზაციამ სააგენტოს უნდა წარუდგინოს ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რითაც ეს მიმართვა ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

 

მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაცია წარადგენს მიმართვას, სააგენტოს მიერ თანხმობის გაცემამდე ან მის უარყოფამდე, დაინტერესებულ პირებს ეძლევათ საშუალება, წარადგინონ პოზიცია ამ მიმართვაზე. გადაწყვეტილების მიღებისას კი სააგენტომ უნდა განიხილოს როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვა, ასევე დაინტერესებული პირების მიერ მასზე დაფიქსირებული მოსაზრებები.

 

სააგენტოსთან გამარტივებული შესყიდვის შეთანხმების კონკრეტული წესი და პირობები კი სააგენტოს თავმჯდომარის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განისაზღვრება.

 

მთავრობის პროგნოზით, ახალი კანონი სრულად უნდა ამოქმედდეს 2015 წლის პირველი ნოემბრიდან, რითაც „უზრუნველყოფილი იქნება სახსრების საჯაროდ, რაციონალური ხარჯვა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე სხვა შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ. სააგენტოს მიერ თანხმობის გაცემის მექანიზმის დამკვიდრებით კი შემცირდება დაუსაბუთებელი შესყიდვები, რომლებიც სატენდერო პროცედურების გარეშე ჩატარდება“.

 

საკითხი _ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ – პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 2 სექტემბრამდე უნდა განიხილოს.

 

რაც შეეხება ინიციატივას, რომ ტენდერში გამარჯვებულის გამოსავლენად, პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული დაბალი ფასი გადამწყვეტი აღარ იქნება – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამუშაო პროცესი და კომენტარს მას შემდეგ გააკეთებენ, რაც ეს ინიციატივა კანონპროექტის სახით პარლამენტში შევა.

 

 

მოქმედი კანონმდებლობით, სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტთა [ორი და მეტის არსებობისას] ფასდება შემდეგი თანმიმდევრობით _ წინადადების ფასის, მათ მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით. ამასთან, ელექტრონული ტენდერის დროს სისტემა ავტომატურად ახდენს პრეტენდენტების დაჯგუფებას წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის მიერ სისტემაში მითითებულია თანაბარი ფასი, სისტემა ავტომატურად ანიჭებს უპირატესობას იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა აღნიშნული ფასი.

 

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს აღწერენ

 

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით გამარჯვებულმა კომპანიამ  ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტარიზაციისა და არსებული მდგომარეობის შეფასების ელექტრონულად მართვის პროგრამული უზრუნველყოფა; კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლების დამცავი ზონებისათვის დასაშვები ქმედებების რეკომენდაციების შემუშავება, ქმედებების პრიორიტეტულობის, თავისუფალი სივრცეების გამოყენების პირობების, რეაბილიტაციის მეთოდოლოგიის საკითხების დადგენისათვის 3D ფორმატში მოცულობითი ლაქების შექმნა და ელექტრონულად მართვის პროგრამული უზრუნველყოფა უნდა შეძლოს.

 

ფოსტის შენობა ბათუმში
ფოსტის შენობა ბათუმში

 დოკუმენტის მიხედვით მომსახურება, რომელსაც ბათუმის მერიის განვითარების ფონდი შეისყიდის, უნდა იყოს ინტერდისციპლინარული ჯგუფის მიერ განხორციელებული, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ კონსტრუქტორი, არქიტექტორ-რესტავრატორი,ხელოვნებათმცოდნე, იურისტი, ფოტოგრაფი და საჭიროების შემთხვევაში, ძეგლის დაზიანების სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაბამისი დარგის სპეციალისტები.

 

პრეტენდენტს (სამუშაო ჯგუფს) განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ სამი  პროექტი შემდეგი რომელიმე მიმართულებით: • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტარიზაცია; • კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მუშაობისა და ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმების შემუშავება;   ისტორიული ურბანული დასახლებების კვლევა;  კულტურული მემკვიდრეობისა და ქალაქმშენებლობით სფეროებში კონცეფციებისა და მეთოდური ინსტრუქციების შემუშავება;  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე საინჟინრო-კონსტრუქციული სამუშაოების წარმოების გამოცდილება.  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა-გამაგრება და რეაბილიტაცია;

 

პრეტენდენტი უნდა იცნობდეს კულტურული ლანდშაფტების ისტორიული ურბანული ქსოვილის კვლევის საერთაშორისო გამოცდილებას და გააჩნდეს სათანადო კვლევის მეთოდების საფუძვლიანი ცოდნა;

 

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს როგორც საკუთარი რეზიუმე და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შესრულებული სამუშაოები-პროექტების ჩამონათვალი და მათი ხელშეკრულებები მიღება-ჩაბარების აქტებთან ერთად ზემოთ მითითებული მიმართულებით, ასევე ჯგუფის (ორგანიზაციის)  შემთხვევაში სპეციალისტების რეზიუმეები შესაბამისი გამოცდილების ჩვენებით და მსგავს პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები – საკუთარი პოზიციის მითითებით. პრეტენდენტს ასევე მოეთხოვება სპეციალისტთა ჯგუფის მართვის გამოცდილება;

 

პრეტენდენტის მიერ ქვეკონტრაქტორის დაქირავების შემთხვევაში მის (ქვეკონტრაქტორის) მიმართ მოქმედებს ისეთივე საკვალიფიკაციო მოთხოვნები, როგორიც თვით პრედენდენტის მიმართ. სამუშაოს შესრულების პროცესში, მეთოდოლოგიის შერჩევისას გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოში ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმების შემუშავების გამოცდილება.

 

შესაბამისად, აუცილებელი პირობაა: მოცემული სამუშაოს შესრულებისათვის თანამედროვე გეო-საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინფორმაციის შეგროვების, სისტემატიზაციის, შენახვისა და გაცვლის ინსტრუმენტების გამოყენება.

 

ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებამ უნდა უზრუნველყოს  ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების ფიქსაცია და სააღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა, დამცავ ზონებში დასაშვები ქმედებების რეკომენდაციების, ქმედებების პრიორიტეტულობის, თავისუფალი სივრცეების გამოყენების პირობების, რეაბილიტაციის მეთოდოლოგიის საკითხების დადგენასა და სხვა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების ფოტოფიქსაცია (საერთო ხედები, ფასადისა და ინტერიერის ფოტოები, მხატვრულ-არქიტექტურული დეტალები).  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების სააღრიცხვო ბარათების შედგენა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების კონსტრუქციული მდგომარეობის შეფასება.  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლა- შეფასება: ა) უშუალოდ ძეგლზე არსებული საკადასტრო ერთეულის მოძიება, მისი არსებულ რეალობასთან შედარება და ფიქსაცია; ძეგლის ტერიტორიაზე და მის ინდივიდუალურ დამცავ ზონაში არსებული ობიექტების საკუთრების თაობაზე ინფორმაციის მოძიება და დამუშავება.  თანამედროვე გეო-საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინფორმაციის შეგროვების, სისტემატიზაციის, შენახვისა და გაცვლის ინსტრუმენტების გამოყენებით ინვენტარიზაციისა და ძეგლების დამცავ ზონებში დასაშვები ქმედებების რეკომენდაციების, ქმედებების პრიორიტეტულობის, თავისუფალი სივრცეების გამოყენების პირობების, რეაბილიტაციის მეთოდოლოგიის საკითხების დამუშავებას.

დოპინგკონტროლი კონტროლის გარეშე

 

 

 

„თუმცა არც კატასტროფული“, –  დასძენს თეიმურაზ უკლება, რადგან 2011-2012 წლებში ცხრა სპორტსმენს აღმოუჩნდა ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი. დოპინგი არის ნივთიერება, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში სიმხნევესა და მეტ ენერგიას მატებს სპორტსმენს. მისი გამოყენება აკრძალულია საერთაშორისო და სახელმწიფო სპორტული ორგანიზაციების მიერ. ხოლო მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო დევიზით – „Play True“ სპორტსმენებს მოუწოდებს რეალურად ითამაშონ.

 

მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს მონაცემებით (World Anti-Doping Agency), რომელიც სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი ორგანოა, რომელიც შეიმუშავებს და ადგენს ანტიდოპინგურ ღონისძიებებს, ასევე რეგულაციებს, აკრძალულია 6500-ზე მეტი დასახელების პრეპარატი. პრეპარატები სხვადასხვა კატეგორიად იყოფა. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ექიმის, ზურაბ კახაბრიშვილის თქმით, „აკრძალულ სიაში“ შედის პრეპარატები, რომელთა გამოყენებაც დაშვებულია თერაპიული მიზნისთვის და პრეპარატები, რომლებიც საერთოდ დაუშვებელია.

 

„2500 დასახელების პრეპარატი საერთოდ არ უნდა მიიღოს სპორტსმენმა, რაც არ უნდა ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდეს, ესენია ჰორმონებზე დამზადებული სინთეზური პრეპარატები“. ევროსაბჭოსა და იუნესკოს კონვენციები, რითაც სახელმწიფო დონეზე რეგულირდება სპორტში დოპინგის მოხმარება, სახელმწიფოებს ავალდებულებს გაატარონ ღონისძიებები და აღმოფხვრან დოპინგის გამოყენება სპორტში. ევროსაბჭოს კონვენცია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია 2004 წელს, ხოლო იუნესკოს კონვენციას საქართველო 2009 წლიდან შეუერთდა.

 

ქვეყანაში ანტიდოპინგური ღონისძიებების გატარება საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს პრეროგატივაა. სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით, 2014 წელს 251 სპორტსმენს ჩაუტარა დოპინგტესტირება, აქედან 124 ტესტი განხორციელდა ეროვნული ტესტირების პროგრამის ფარგლებში, 127 ტესტი კი – სხვადასხვა საერთაშორისო ფედერაციის, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოსა და სხვა სპორტული ორგანიზაციების შეკვეთების საფუძველზე.

 

2014 წელს აკრძალული ნივთიერება აღმოაჩნდა გურამ ფაშურიშვილს (მკლავჭიდელი, დისკვალიფიკაცია 2 წელი); ოთარ თავართქილაძეს (მკლავჭიდელი, დისკვალიფიკაცია 2 წელი); ალექსანდრე გილედანს (ძალოსანი, დისკვალიფიკაცია 2 წელი); ლევან ჯომარდაშვილს (ბოქსიორი, დისკვალიფიკაცია 2 წელი); გენო პეტრიაშვილს (თავისუფალი სტილით მოჭიდავე, დისკვალიფიკაცია 6 თვე).

 

თეიმურაზ უკლება ამბობს, რომ არსებობს სპორტის დისციპლინები, რომლებიც დოპინგის გამოყენების მაღალ რისკებს შეიცავენ, მაგალითად, ველოსპორტი, ძალოსნობა, მძლეოსნობა. აკრძალული ნივთიერების გამოყენება ძალოსნობაში წელსაც დადასტურდა. მიმდინარე წელს დოპინგტესტირება 193 სპორტსმენს ჩაუტარდა, 91 – ეროვნული ტესტირების პროგრამის ფარგლებში, ხოლო 102 ტესტი – საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების შეკვეთის საფუძველზე. აკრძალული ნივთიერება ორგანიზმში აღმოაჩნდა ძალოსან დავით გოგიას. „ფედერაცია დაბნეულია გოგიას ჩავარდნაზე“, – გვითხრა აჭარის ძალოსნობის ფედერაციის მთავარმა მწვრთნელმა აბესალომ ბასილიამ, რადგან დავით გოგიამ ორწლიანი დისკვალიფიკაცია ახლახან მოიხადა და შეჯიბრებისთვის ემზადებოდა.

 

„დავით გოგიას ორგანიზმში სტანაზოლოლი, იგივე პრეპარატი აღმოჩნდა, რაც გასულ წელს. მე, როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა, არ ვიცი, არც ნაკრების მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ და არც თვითონ სპორტსმენმა არ იცის როგორ აღმოჩნდა ეს ნივთიერება მის ორგანიზმში. აუცილებლად გამოსაძიებელია. საქმის კურსში ჩავაყენე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და რამდენიმე დღეში დაიწყება გამოძიების პროცესი. ერთი კვირაა რაც ფედერაციის პრეზიდენტი ვარ, აუცილებლად გავარკვევ ამ ამბავს და ინფორმაციას მივაწვდი საზოგადოებას“, – გვითხრა საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა. ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ სპორტის სამინისტროსთან დადებული მემორანდუმის ფარგლებში დავით გოგიას საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიძიებს. „დავით გოგია პოლონეთში იმისთვის იყო გასაუბრებაზე, რომ თავისი სიმართლე აეხსნა, ალბათ, რაღაც გავლენა მოახდინა მისმა საუბარმა, და იქ, სადაც ველოდებოდით სამუდამო დისკვალიფიკაციას, სიტყვიერად უთხრეს, რომ ხუთ წელზე იქნება საუბარი. ჯერ არ მიგვიღია წერილი სანქციების შესახებ და ველოდებით ოფიციალურ დასკვნებს“, – ამბობს ის.

 

ყოფილა შემთხვევები, როცა სპორტსმენს ჩემპიონობის ტიტული ჩამორთმევია. მაგალითად, 2015 წლის მაისში +105 კილოგრამ წონით კატეგორიში ევროპის ჩემპიონ ოლეგ პროშაკს ეს ტიტული მას შემდედ ჩამოართვეს, რაც დოპინგის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა და მის ორგანიზმში აკრძალული ნივთიერების, კონკრეტულად დეჰიდროქლორმეთილტესტოსტერონის არსებობა დადასტურდა. ასეთ შემთხვევებში ტიტული ავტომატურად ვიცე-ჩემპიონს გადაეცემა.

 

26 წლის ლევან ჯომარდაშვილი ამბობს, რომ შეჯიბრებისთვის ემზადებოდა და წონის დაკლების გამო შარდმდენი პრეპარატი „ფურასემიდი“ მიიღო, რის გამოც ორწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. „ეს ინფორმაცია უნდა მქონოდა, მაგრამ არ ვიცოდი თუ ფურასემიდი აკრძალულ ნივთიერებებს შეიცავდა. მე ვიტამინებსაც არ ვხმარობდი, რადგან არ მქონდა სურვილი და არც შესაძლებლობა. დოპინგკონტროლი რომ გავიარე, მკითხეს წამალი, ვიტამინი ხომ არ გაქვს მიღებულიო. „ფურასემიდი“ იმდენად არარეალურად მიმაჩნდა, წონის დაკლების გამო რომ დავლიე, არ დამისახელებია. მერე მომივიდა ფოსტით წერილი, რომ მქონდა დისკვალიფიკაცია“. ლევანი ამბობს, რომ დისკვალიფიკაციის შემდეგ სპორტს დაანება თავი. საკუთარი გამოცდილებიდან ის სპორტსმენებს მიმართავს, მეტი ყურადღებით იყვნენ ვიტამინებისა და პრეპარატების მიღების დროს, არ აქვს მნიშვნელობა რა მიზნით აკეთებენ ამას – წონის დაკლებისა თუ სხვა პროფილაქტიკური დანიშნულებისთვის.

 

როგორ იბრძვის სახელმწიფო დოპინგის წინააღმდეგ მაშინ, როცა არ არსებობს დოპინგის ამკრძალავი კანონი? სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც სპორტსმენისთვის შეიძლება აკრძალული იყოს, თავისუფლად შემოდის ქვეყანაში. გარდა ამისა, ოლიმპიური ნაკრების ექიმის, ზურაბ კახაბრიშვილის თქმით, სპორტსმენის დოპინგზე ჩავარდნის ერთ-ერთი რისკ-ფაქტორი ექიმის მიერ დანიშნული წამალიც არის. „მქონდა ასეთი შემთხვევა, სპორტსმენს რენტაბოლინი დაუნიშნა ექიმმა, მან არ იცოდა, რომ აკრძალულ პრეპარატებში შედიოდა ეს წამალი. ექიმმა აუცილებლად უნდა გაარკვიოს პაციენტი არის თუ არა სპორტსმენი და მას ჩვენ გარეშე არ დაუნიშნოს წამალი“, – თქვა მან „ბათუმელებთან“. თეიმურაზ უკლება ამბობს, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ინიციატივით აპრილში ევროკავშირის ექსპერტები იმყოფებოდნენ საქართველოში, რომლებმაც ორდღიანი სემინარი გამართეს. „თვის ბოლომდე ალბათ გვექნება სტრატეგია შემუშავებული დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, რომელიც საფუძვლად დაედება კანონს დოპინგის შესახებ“.




ვინ ააშენებს ანგისის სპორტულ ბაზას

 

მერიის სატენდერო კომისია „ენერგოსექტორმშენისგან“ დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას ელოდება, რომელიც კომპანიამ 2-3 დღეში უნდა წარადგინოს. კომისია მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტს გამოაცხადებს თუ არა ამ კომპანიას ტენდერში გამარჯვებულად.

 

„თანხა და შესყიდვის საგანი, ფაქტობრივად, იგივეა, უბრალოდ ტექნიკურ დოკუმენტაციაში მოთხოვნები ოდნავ გამარტივდა, დიდი სხვაობა არ არის. გამოცდილებასთან დაკავშირებითაც დავწიეთ კრიტერიუმები, იმ კუთხით, რომ მეტმა პრეტენდენტმა მიიღოს მონაწილეობა.“ – განაცხადა ტენდერის მიმდინარეობისას „ბათუმელებთან“ მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსმა ბაგრატ ხალვაშმა.

 

ახალი სპორტული ბაზა ანგისაში, არსებული სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე აშენდება. დაპროექტებულია 1575-ადგილიანი სამაყურებლო ტრიბუნა, ბუნებრივსაფარიანი ძირითადი საფეხბურთო მოედანი [ზომით 68×105 მ] და ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო საფეხბურთო მოედანი [ზომით 63×105მ]. მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 420 დღეში უნდა დასრულდეს.

 

ანგისაში სპორტული ბაზის მშენებლობაზე ბათუმის მერიის მიერ 2015 წლის 4 მაისს გამოცხადებული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია „კონვენტ ჯორჯია“ მონაწილეობდა, რომელიც მერიას ბაზის აშენებას 5 მილიონ 99 ათას 997 ლარად სთავაზობდა. მიმდინარე წლის 5 ივნისს მერიის სატენდერო კომისიამ კომპანიას ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მისცა.

 

„კონვენტ ჯორჯიაში“ მაშინ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ერთ-ერთი სატენდერო პირობით „ისეთი რაღაცა იყო მოთხოვნილი, რაც ბუნებაში არ არსებობს, კერძოდ, ბუნებრივ საფარზე სერტიფიკატი. ჩვენგან გაკეთდა აქცენტი ამაზე, მაგრამ არ იქნა გათვალისწინებული.“

ბათუმის მერის მოადგილის თანამდებობობა ჯერ კიდევ ვაკანტურია

 

ვიცე-მერის  ბაგრატ მანველიძის ინფორმაციით მან ამ დროისთვის არ იცის თუ ვინ განიხილება  ვაკანტურ თანამდებობაზე.

თვითმმართველობის კოდექსით მოადგილის თანამდებობა კონკურსს არ ითვალისწინებს და მისი დანიშვნის ექსლუზიური უფლება აჩეულ მერს აქვს.

იტალიელი სტუმრების შესრულება ბათუმის ქუჩის პიანინოსთან {video}

 

 

 

 

ათი ფერადი პიანონი ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, სხვადასხვა ადგილზე „ჰიტ ბათუმის“ ფარგლებში ორი კვირის წინ განათვსეს.

პიანინოები ქუჩებში ორი თვის განმავლობაში იქნება განთავსებული და ნებისმიერ მსურველს შეეძლება დაკვრა.

 

ბათუმში განთავსებული პიანინოები სამართალდამცავების ყურადღების ობიეტტიც გახდა.

 

რამდენიმე დღის წინ ბათუმის ბულვარში, ბარბარეს ეკლესიასთან ახლოს განთავსებული პიანინო ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა წააქცია.

დაცვის პოლიციამ გამოიძახა პოლიცია, რის შემდეგაც მამაკაცი დააკავეს. 

 

როგორც “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაცვის პოლიციამ დაკავებული პოლიციის მე-6 განყოფილებას  გადასცა. უწყების ცნობით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო, აღიარა ბრალდება და აიღი ვალდებულება, რომ დაზიანებული პიანინოს შეაკეთებს. ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

 

რაც შეეხება პასუხისმგებლობის,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას. “რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.”

 

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, პიანინოები განთავსებულია შემდეგ მისამართებზე:

– ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორია

– პიაცა

– ერას მოედანი – რესტორან BK-ის მიმდებარე ტერიტორია

– სექტორი 36-37 – რესტორანი სანრემოსკენ

– კოლონადების უკან, პალმასთან

– „თეიქ 5“-ის მიმდებარე მოედანი

– გრილთაუნის ტერასა – მიმდებარე ტერიტორია

– შოთა რუსთაველის სკვერში გარდენის მიმდებარე ტერიტორია

– კაფე ფან-ფანის მიმდებარე ტერიტორიაზე ბულვარის სკვერში, ქანდაკება გულთან

– სექტორი 22-23 – საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორია

პიანინოები მოხატეს ბათუმის სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა. 

 

 

ქუჩაში გამოფენილი ქოლგები და იდეის ავტორები

„იდეა გაჩნდა და გავაკეთეთ. ხალხი მოდის , მოსწონთ. ფოტოს იღებენ. ეს ჩვენც გვახარებს. უფრო მეტი ფერადი ქოლგა გვინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა. თუ მოგწონთ მთელ ქუჩაზე გამოვფინოთ, ზღვამდე.“

იდეის ავტორებმა ქოლგები საკუთარი სახსრებით შეიძინეს, მათ განთავსებაზე კი თანხმობა ბათუმის მერიისგან მიიღეს.

ნაკლებად მწვანე ბათუმი და სკვერების გაყიდვის სამთავრობო პოლიტიკა

აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთა ერთ-ერთი ის ადგილია, რომელიც ბოლოს ბათუმის მერიამ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადასცა, ხოლო ამ უკანასკნელმა გაყიდა.

აქ გამწვანებული ზოლის ნაცვლად ქალაქი მრავალსართულიან კორპუსს, მერია კი – რამდენიმე ბინას მიიღებს. მოსახლეობისა და საზოგადოების პროტესტმა ვერ გაჭრა. სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია.

არსებობს ინფორმაცია, რომ ბათუმის მერია კვლავაც აპირებს გააგრძელოს ფინანსთა სამინისტროსთვის სკვერების გადაცემის პოლიტიკა, რომელიც თავის მხრივ, ამ სკვერებს ინვესტორს მიჰყიდის. ბათუმის საკრებულოს წევრების, მათ შორის უმრავლესობის წარმომადგენლების არაოფიციალური ინფორმაციით, ამის თაობაზე დოკუმენტები მზადების პროცესშია. შესაბამისად, „ბათუმელები“ ამ ინფორმაციის დაზუსტებაზე მუშაობას აგრძელებს.

რამდენი სკვერია ბათუმში

და მაინც, რამდენი სკვერია ბათუმში? – ამ მონაცემების მოწოდების თხოვნით მერიას „ბათუმელებმა“ მისწერა. „გთხოვთ, დაუყოვნებლივ მოგვაწოდოთ ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე არსებული სკვერების, პარკების, გამწვანებისა და რეკრეაციული ზონების [მწვანე საფარის] სრული ნუსხა, – აი, ამ ინფორმაციის მოსაწოდებლად მერიას 10 სამუშაო დღე არ ეყო.

ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის დირექტორის ეთერ მაჭუტაძის თქმით, ისინი 134 სკვერს უვლიან, რომლის ფართობიც ჯამში 3846 კვ/მ-ია [ანუ 0,4 ჰექტარი. აქედან რამდენს აქვს ოფიციალურად სკვერის სტატუსი – მერიის აღნიშნულ სამსახურში არ იციან. ცალკეა გზაგამყოფი გაზონები და ბალახით დაფარული მწვანე საფარი].

მერიისგან გამოცალკევებულია ბულვარიც, სადაც მცენარეების მოვლა-პატრონობას „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“ არ ახორციელებს. ბულვარის ადმინისტრაციის ვებგვერდის მონაცემებით, ბულვარის მთლიანი ფართობი 103,1 ჰა-ია, აქედან, მწვანე გაზონებს – 34,8 ჰა, ბაღებსა და მოედნებს კი 27 ჰა უკავია.

ცალკეა „6 მაისის პარკიც“, რომლის ტერიტორიაც 15,7 ჰექტარია [უშუალოდ სკვერის, ნურიგელის ტბის, დელფინარიუმის, აკვარიუმის, ზოოკუთხისა და ატრაქციონების ჩათვლით].

„არსებული მონაცემების გათვალისწინებით (ბათუმში სკვერებსა და გაზონებს 80 ჰა-მდე ფართობი თუ უკავია, ანუ ბულვარის, 6 მაისის პარკისა და გაზონების ჩათვლით 4,4 კვ/მ ერთ სულ მოსახლეზე, ეს ძალიან ცოტაა, რადგან სტანდარტით  უნდა იყოს 15 კვ/მ), ბათუმში მწვანე საფარი მინიმუმ 200 ჰექტარზეა მოსაწყობი, ევროპულ სტანდარტს რომ მივუახლოვდეთ.

რამდენი უნდა იყოს გამწვანება ქალაქში ერთ ადამიანზე

„როცა ბათუმში ჩამოვდივარ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ არის მწვანე და ბიბინა ქალაქი, თუმცა, როგორც მითხრეს, არც ბათუმშია ევროპული სტანდარტები, ანუ ერთ სულ მოსახლეზე არანაკლებ 15 კვადრატული მეტრი გამწვანება. ბათუმში, როგორც მითხრეს, არის 5-6 კვ/მ, რაც არ არის კარგი“, _ ამბობს „პარტიზანი მებაღე“ ნატა ფერაძე.

„პარტიზან მებაღეს“ ეთანხმება ეთერ მაჭუტაძეც: „საქართველოს დანარჩენ ქალაქებთან შედარებით ბათუმი ყველაზე უფროა გამწვანებული, თუმცა ბევრია გასაკეთებელი, რომ ერთ სულ მოსახლეზე 12-15 კვ/მ გამწვანება გვქონდეს. ამას ითხოვს საყოველთაოდ მიღებული სტანდარტები. “

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს ბათუმში 180 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო ქალაქის ტერიტორია 6494 ჰექტარია. თუ ზემოთ აღნიშნულ სტანდარტს გავითვალისწინებთ, ბათუმში 270 ჰექტარი რეკრეაციული ზონა უნდა იყოს.

ეთერ მაჭუტაძის აზრით, ბათუმში ჰაერის დაბინძურება მინიმუმამდე რომ დავიდეს, 100 ათასი ხე-მცენარის დარგვაა საჭირო, რის მიღწევასაც ის 2-3 წელში აპირებს. თუმცა, მისი სამსახურის მოვალეობა მხოლოდ დარგვა და მოვლა-პატრონობაა და არა ქალაქის გამწვანების [სკვერების, პარკების, რეკრეაციული ზონების] დაგეგმარება, თუ სად რა მოეწყოს.

ბეტონების უბანი“

„ჩვენს ქალაქებში ინვესტორი და არქიტექტორი სადაც თითს დაადებენ, იქ იწყებენ მშენებლობას. დაგეგმარების გარეშე აშენებული ქალაქი კი პერსპექტივაში ეკონომიკურადაც წამგებიანი ხდება“, – ამბობს ნატა ფერაძე. – „ქალაქის გამწვანება მეცნიერებაა, რომელიც ევროპაში ძალიან კარგადაა შესწავლილი. არის გარკვეული ფორმულები და წესებიც კი, თუმცა არ არის აუცილებელი სპეციალისტი იყო. საკმარისია აიღო წიგნი, ინტერნეტრესურსი და ჩაიხედო… ქალაქში, ყოველ 5 წუთში, ფეხით მოსიარულეს უნდა ხვდებოდეს სკვერი ან მწვანე სივრცე, სადაც შეძლებს დასვენებას. კონკრეტულად ბათუმზე ვერ გეტყვით, მაგრამ თბილისში მთელი საათი შეიძლება ისე იარო, ბეტონის გარდა ვერაფერი ნახო“.

„ბეტონების უბანი“ ბათუმშიც გაჩნდა _ იქ, სადაც ახალი მშენებლობებია. ერთ-ერთ ასეთ ადგილად ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელი, ეთერ მაჭუტაძე ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიას ასახელებს: „ხიმშიაშვილზე ხეს ვეღარ დარგავ… პირადად, რომ მაჩუქონ მაქ ბინა, არ შევალ… თუმცა, რამდენადაც ვიცი, მერიის დამოკიდებულებაა, არ გავიდეს არც ერთი ისეთი პროექტი, თუ გამწვანება და პარკინგი არ ჩაიდება~.

რატომ არის აუცილებელი გამწვანება

ნატა ფერაძის თქმით, ცოტამ თუ იცის, რომ ქალაქში სწორად დარგული ურბანული ხეები გვიმცირებს კომუნალურ გადასახადებს: „ზამთარში აკავებს ცივი ჰაერის ნაკადებს და ქარს, ზაფხულში კი მეტი ჩრდილი აქვს და კონდიცირებაზე ნაკლები გვეხარჯება. სწორად დარგული ურბანული ხეები აკავებს წვიმას, ნიადაგიდან იწოვს წყალს და ფუნდამენტს იცავს ნესტისგან. ამასთან, სტატისტიკურად, რაც უფრო გამწვანებულია ქალაქი, მით ნაკლებია კრიმინალი. პაციენტები კი, როცა საავადმყოფოს ფანჯრიდან მწვანე საფარს ხედავენ, გაცილებით მალე გამოდიან მდგომარეობიდან. ადამიანის ფსიქიკაზე დიდი გავლენა აქვს მწვანე საფარს. ის, რომ ჟანგბადს გამოყოფს, ეს ყველამ ვიცით“.

რას ვრგავთ

„ეკოლოგიური სარგებელი რომ მიიღონ, ევროპასა და ამერიკაში სპეციალური ხის ჯიშებია შერჩეული ქალაქში დასარგავად“, – ამბობს ნატა ფერაძე. – „თბილისში უგულვებელყოფილია ყველა წესი, ჩეხავენ ხეებს და თუ რგავენ, არასწორი ხეები ირგვება. ზღვისპირა ქალაქს, ალბათ, სხვა სტანდარტებიც აქვს, სუბტროპიკული ზოლია და მეტი ხე ხარობს. პალმა არაჩვეულებრივი ხეა ზღვისპირისთვის, თუმცა ბათუმში მაინც მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაა, გამონაბოლქვს ვგულისხმობ, ამიტომ სწორად შერჩეული ხეები სჭირდება ბათუმს, მიუხედავად იმისა, რომ აქვს ძალიან კარგი ფილტრი – ზღვა. ბათუმს ზღვა ეხმარება ჰაერთან მიმართებაში და ამიტომ თბილისისგან განსხვავებით, აქ  სუნთქვა არ ჭირს“.

ეთერ მაჭუტაძის თქმით, ის ცდილობს ისეთი ხეები შეარჩიოს, რომლებიც ბათუმის გარემოპირობებთანაა ადაპტირებული: „ვცდილობ, მცენარეები იმ კუთხითაც შევარჩიო, რომ ისინი იმ დიდი გამონაბოლქვის წინააღმდეგ გამოიყენებოდეს, რაც ქალაქში გვაქვს ავტომანქანების გამო. ასეთი ხეებია, მაგალითად, ირმის რქა, მაგნოლიები – მარადმწვანეც და ფოთოლთმცვენიც“.

ეთერ მაჭუტაძის ინფორმაციით, ბათუმში მოწყობილია 199 ე.წ. კლუმბა, ანუ ნაკვეთები, სადაც ყოველწლიურად ჯამში 1 200 000 სეზონური და დეკორატიული ერთწლოვანი ყვავილი ირგვება. 2012 წლიდან დღემდე კი ქალაქში 12 814 დეკორატიული ხე-მცენარე და ბუჩქი დაირგო.

ნატა ფერაძე ამბობს, რომ თბილისში პრობლემაა სპეციალისტების: „მრჩება შთაბეჭდილება, რომ იგივე მდგომარეობაა ბათუმშიც. თბილისში მთის ფერდობზე მშენებარე მაღლივი კორპუსები გვიკეტავს მთის ჰაერს და იგივე იქნება ზღვასთან მიმართებაშიც, მთელ ზოლში არ უნდა აშენდეს ისეთი შენობები, რომ ქალაქში ზღვიდან ჰაერის ნაკადის შემოდინება დააკავოს… ქალაქგეგმარებისა და ურბანისტის გარეშე მიმდინარე მშენებლობების დროს არა მარტო ჰაერის, არამედ გზების ინფრასტრუქტურა და სხვა კომუნიკაციებიც არა მგონია სრულად პასუხობდეს სტანდარტებს“.

ჯაზ-ფესტივალის მეორე დღე – ენერგიული Liv Warfield და NPG Hornz

 ლივ ვორფილდი, შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი 2015; © ნეტგაზეთი

 34 წლის ვორფილდი კონცერტის დაწყებამდე ჟურნალისტებს ენერგიულ გამოსვლას დაპირდა და შეასრულა კიდეც – მისმა ძლიერმა ხმამ და ემოციურმა პერფორმანსმა, ასევე ბენდის NPG Hornz ენერგიულმა შესრულებამ მსმენელი გულგრილი არ დატოვა.

-მაგარია, ფანტასტიურია – ისმოდა შეფასებები.

 

სცენაზე გამოსული ამერიკელი მუსიკოსი მსმენელს ქართულად მიესალმა და შოუს დასრულებისას მადლობაც ქართულად გადაუხადა. ბისზე გამოსულმა მუსიკოსებმა სცენაზე ფესტივალზე მისული ბავშვები აიყვენეს და ბოლო კომპოზიცია მათი ცეკვის ფონზე შეასრულეს.

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი 2015, Liv Warfield feat NPG Hornz © ნეტგაზეთი

 

წინა დღის კონცერტისგან განსხვავებით, რომელიც დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა, ვორფილდისა და ჯგუფი NPG Hornz გამოსვლა საათნახევრიანი იყო. სწორედ შოუს ხანგძლივობის გამო, მსმენელთა ნაწილი იმედგაცრუებული დარჩა.

“იხალტურა, ცოტა იმღერა. ისე ფანტასტიური კონცერტი იყო, ძალიან კმაყოფილი ვარ, პირველად მოვუსმინე ამ მუსიკოსს და ძალიან მომეწონა”.

“საოცარი ენერგეტიკა მოდიოდა, მაგრამ გუშინდელთან შედარებით მალე დამთავრდა”,- აღნიშნეს მსმენელებმა ნეტგაზეთთან საუბარში.

ლივ ვორფილდმა და ბენდმა NPG Hornz საქართველო კმაყოფილებმა დატოვეს. როგორც ვორფილდმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ის ქართველების თბილმა მიღებამ აღაფრთოვანა.

მინდა, რომ ისევ ჩამოვიდე, გთხოვთ, დამპატიჟეთ – უთხრა ჟურნალისტებს ამერიკელმა მისიკოსმა.

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი 2015, Liv Warfield feat NPG Hornz © ნეტგაზეთი

ვორფილდის მუსიკალურ გემოვნებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინეს შემსრულებლებმა Nina Simone, Etta James, Tina Turner, Sade, Mary J. Blige. მისი პირველი ალბომი “Embrace Me” 2006 წელს გამოვიდა. მოგვიანებით, ლივ ვორფილდი პრინცის ჯგუფის „New Power Generation“ წევრი გახდა და მონაწილეობა მიიღო მის ელექტრონულ ლაივ შოუში “NPG Hornz’’. ბოლო რამდენიმე წელია,  მუსიკოსი სცენაზე პრინცთან და მის ბენდთან ერთად გამოდის. პრინცი ვორფილდის ყველაზე დიდი მხარდამჭერია.

2014 წელს გამოცემული მისი მეორე ალბომის პროდიუსერი სწორედ პრინცი იყო. 2014 წელს ლივ ვორფილდმა მუსიკალური შოუს „Soul Train“-ის ჯილდო მიიღო ნომინაციაში „წლის საუკეთესო ახალი მუსიკოსი“.

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის შემდეგი შემსრულებელი, 25 ივლისს,  LISA STANSFIELD იქნება.

შავი ზღვის 2015 წლის რიგით IX ჯაზ-ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია “ისთერნ პრომოუშენი”. ფესტივალის წარმდგენია “თი ბი სი სტატუსი”, ხოლო ძირითადი მხარდამჭერები – კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

პრივილეგირებული და დაჯარიმებული ინვესტორები – აჭარის მთავრობის ორმაგი სტანდარტი

 

შპს „ქროსვეისი“ ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც აჭარის მთავრობასთან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 2013 წელს 442 500 აშშ დოლარით, ხოლო 2014 წელს 32 500 აშშ დოლარით დააჯარიმეს. საბოლოოდ კი, სულ ჯარიმის სახით კომპანიამ ბიუჯეტის სასარგებლოდ 415 000 აშშ დოლარი გადაიხადა. დარჩენილი თანხისგან ინვესტორი აჭარის მთავრობამ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით გაათავისუფლა.

 

 

 

კომპანიას ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩის #10-ში სასტუმროს აშენების ვალდებულება აქვს. ამ მისამართზე მდებარე შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 2522,27 კვ/მ მიწის ნაკვეთი 2008 წელს აჭარის მთავრობამ პირობადებული აუქციონით შპს  „არაი ჯორჯიას“ სამი მილიონ დოლარად, 60-ნომრიანი სასტუმროს და სამორინეს მშენებლობის პირობით მიჰყიდა. კომპანიას მშენებლობა 2010 წელს უნდა დაესრულებინა. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებად ინვესტორს ვადა რამდენჯერმე გაუგრძელეს. 2013 წლიდან კი ამ პროექტის განხორციელების ვალებულება კომპანია „ქროსვეისს“ გადააბარეს. ამ დროისთვის არსებული შეთანხმებით კომპანიამ პროექტი 2015 წლის მაისამდე უნდა დაასრულოს.

 

„ქროსვეისი“ 2010 წელსაა დაფუძნებული და დაარსებიდან დღემდე კომპანიის  ერთპიროვნული მფლობელი თეიმურაზ უგულავაა. „ბათუმელები“ მასთან დაკავშირებას ცდილობდა, ინვესტორმა არც ზარებს უპასუხა და არც ელექტრონულ წერილებს.

 

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები რამდენჯერმე გაუგრძელეს, ხოლო მისი შეუსრულებლობის გამო 2015 წელს 340 000 აშშ დოლარის ჯარიმის გადახდა დაევალა შპს „აქტივ ბათუმსაც.“ ამ დრომდე კომპანიას ჯარიმით დაკისრებული თანხა ბიუჯეტში არ შეუტანია. „აქტივ ბათუმს“ აჭარის მთავრობამ 2010 წლის მარტში ბათუმში, მ.აბაშიძის #33-ში მდებარე 3 448კვ/მ შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 2 255 კვ/მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მიასხვისა (ყოფილი ფოსტის შენობა). შეთანხმების თანახმად, მყიდველს 2 500 000 დოლარის ექვივალენტი ლარში 2011 წლის 15 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა, ხოლო 100-ნომრიანი სასტუმრო ხელშეკრულების დადებიდან 48 თვის ვადაში, 2014 წლის გაზაფხულზე უნდა გაეხსნა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აიღო ასევე ვალდებულება, რომ სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ სამორინეს სანებართვო მოსაკრებელისგან 10 წლის განმავლობაში გაათავისუფლებდა. მშენებლობა დათქმულ ვადაში ვერ დასრულდა. ხელშეკრულებაში ბოლო ცვლილება 2014 წლის 30 მარტს შევიდა და სასტუმროს ექსპლოატაციაში შესვლის თარიღად 2016 წლის 30 იანვარი განისაზღვრა. შპს „აქთივ ბათუმის“ 100% წილის მფლობელი სააქციო საზოგადოება – „ირადა“ ლიხტენშტეინშია რეგისტრირებული.

 

 

ფოსტის შენობა ბათუმში
ფოსტის შენობა ბათუმში

 

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 2013 წელს 2 მილიონ 910 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს შპს „ჟასმინსაც,“ თუმცა მოგვიანებით ინვესტორს ყველა ჯარიმა აპატიეს, შესაბამისად, მას ბიუჯეტში ერთი თეთრიც არ გადაუხდია. ინვესტორს ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ყოფილი  #1 აფთიაქის შენობის ხარჯზე ახალი სასტუმროს მშენებლობის ვალდებულება აქვს აღებული. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

 

 

 

 

ახალი ხელშეკრულებით „ჟასმინს“ მშენებლობის ნებართვის აღებიდან 2 თვის განმავლობაში სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა უნდა დაეწყო და 24 თვის ვადაში დაესრულებინა. ამ ეტაპზე სამუშაოები ისევ არ მიმდინარეობს. 2015 წლის მარტში ახალ საინვესტიციო პროექტებზე გამართულ პრეზენტაციაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ ეს პროექტი განსახორციელებელ პროექტებში მოიხსენია.

 

„ჟასმინის“ 10% წილის მფლობელი თურქეთის მოქალაქე მეჰმეთ ქოჩარსლაია, ხოლო 90%-ის შპს „მელს თურიზმ გიდა ვე ინშაათ სანაია“, რომელიც ასევე თურქეთშია რეგისტრირებული.

 

ყოფილი პირველი აფთიაქის შენობა ბათუმში
ყოფილი პირველი აფთიაქის შენობა ბათუმში

2014 წელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის აჭარის მთავრობამ მაია სამადაშვილს 213 271 აშშ დოლარი ჯარიმა დააკისრა. ამ თანხიდან მას მხოლოდ 10 000 აშშ დოლარი აქვს გადახდილი. 2009 წელს პირობადებული აუქციონით მაია სამადაშვილმა ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, #30-ში მდებარე ყოფილი მეზღვაურთა საავადმყოფოს შენობა (1799,4 კვ/მ)  და მასზე მიმაგრებული 1362 კვ/მ მიწის ნაკვეთი შეისყიდა. გასულ წელს ამ მისამართზე ინვესტორმა „რედიქსის“ ჯგუფის აპარტოტელი „ლე პორტი“ გახსნა. „რედიქსის“ ჯგუფის დამფუძნებელი ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილია. 

შპს  „GEORGIA INN “- ზე დარიცხული პირგასამტეხლო კი 297 840 ლარია, აქედან ამ დროისთვის კომპანიას მხოლოდ 5 000 ლარი აქვს გადახდილი. შპს  „GEORGIA INN“ – ის მფლობელმა ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე დაუმთავრებელი შენობა და მასზე მიმაგრებული 22 666 კვ/მ მიწის ნაკვეთი 2009 წელს შეისყიდა.

 

შპს  „V&T Agro“ -ს აჭარის მთავრობამ ხელ¬შეკრ¬ულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის ბოლო ორი წლის განმავლობაში 219 703 ლარისა და 24 292 აშშ დოლარის ჯარიმა დააკისრა. კომპანიამ ბიუჯეტის სასარგებლოდ 15 071 ლარი გადაიხადა, დარჩენილი თანხის გადახდისგან კი გაათავისუფლეს „ვალდებულების შესრულების პირობით.“ აღნიშნული ვალდებულებები აჭარის მთავრობასთან კომპანია „V&P“-მა აიღო. რეესტრის მონაცემებით, ეს კომპანია „V&T Agro -ს შეერწყა და მთავრობასთან აღებული ვადებულებებიც ამ კომპანიაზე გადავიდა.

 

„V&P“-ს 2011 წლის 6 იანვარს პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადასცეს ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში მდებარე 10 000 კვ/მ და 1001 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას  2014 წლის პირველ ივნისამდე საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთიდან არანაკლებ 6200 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე თანამედროვე სტანდარტის  სასათბურე მეურნეობა და მასთან დაკავშირებული სერვისზონა უნდა მოეწყო, რაშიც არანაკლებ 400 000 აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.

 

შპს „ცენტრომედი“ იგივე „პრემიუმ რეზიდენსია“. კომპანიამ სახელი 2014 წელს შეიცვალა. აჭარის მთავრობასთან დადებული შეთანხმების თანახმად, ინვესტორს ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩის #48-ში პოლიკლინიკის გახსნის ვალდებულება ჰქონდა აღებული, თუმცა მოგვიანებით შეთანხმება შეიცვალა და კომპანია მთავრობას შენობაში აპარტოტელის გახსნაზე შეუთანხმდა. შენობამ ძეგლის სტატუსი შეინარჩუნა. ვადების დარღვევის გამო დაჯარიმებულმა ინვესტორმა ბიუჯეტის სასარგებლოდ 40 000 ლარი გადაიხადა. კომპანიამ აპარტოტელი გასული წლის ნოემბერში გახსნა. გახსნას არჩილ ხაბაძეც ესწრებოდა.

 

ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 391 500 ლარი ჯარიმა დაეკისრა შპს „ავანტე ჰოსპიტალების მართვის ჯგუფს,“ კომპანიამ ბიუჯეტის სასარგებლოდ 70 000 ლარი გადაიხადა, დარჩენილი თანხა კი ვალდებულების შესრულების პირობით აპატიეს. შპს „აგროდეკორსერვისს“ 18 886 ლარი დააკისრეს და 4281 ლარი გადაახდევინეს, დარჩენილი თანხა აპატიეს. 61 642 ლარი დაეკისრა შპს „TECNO SERVIS“ -ს. კომპანიამ ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარი გადაიხადა დარჩენილი თანხა აპატიეს. ჯარიმის სახით 57 000 ლარი დაეკისრა „ავრასია ჯორჯიას“ კომპანიამ 4 000 ლარი გადაიხადა.

 

ჯარიმა ნაწილობრივ ან სრულად კიდევ რამდენიმე კომპანიას გადაახდევინეს.

ოფიციალური დოკუმენტაციის შესწავლის გზით ცხადი ხდება, რომ სახელმწიფოსთან ნაკისრი ვალდებულებების გამო 863 850 ლარი დაეკისრა ირის ბორჩაშვილს. თანხა არც მას გადაუხდია.

 

ინვესტორებს, რომლებსაც მთავრობამ ჯარიმები სრულად ან ნაწილობრივ გადაახდევინა, მედიასთან საუბარი არ სურთ. ძირითადად ზარებს მათი თანამშრომლები პასუხობენ; ვინც პასუხობს, იმითაც კმაყოფილია, რომ ჯარიმა გაუნახევრეს და საქმის გაგრძელების საშუალება მისცეს. მათ შორისაა შპს „მაჭახელა 25“ -ის დამფუძნებელი ლევან მსხალაძე: „კმაყოფილი ვარ, რომ ვადა გამიგრძელეს, ახლა აქტიურად ვმუშაობ და დათქმულ ვადაში დავასრულებ მშენებლობას,“  –  ამბობს ბიზნესმენი.

 

შპს „მაჭახელა 25“ 2014 წელს 55 134 ლარით დააჯარიმეს. კომპანიას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედში რესტორნისა და გასართობი კომპლექსის აშენების ვალდებულება აქვს აღებული. დაკისრებული ჯარიმიდან ლევან მსხალაძემ ბიუჯეტის სასარგებლოდ 7 000 ლარი გადაიხადა.

 

გასულ წელს ფინანსთა სამინისტროს მიერ მთავრობისადმი წარდგენილი წინადადებების  საფუძველზე სანქციებისგან მთლიანად გათავისუფლდნენ: შპს „ADOG – GEOღGIA“ (დარიცხული ჯარიმა 257 700 ლარი), შპს „გლორია“ (დარიცხული ჯარიმა 108 300 ათასი ლარი), შპს „თEM-GEO“ (დარიცხული ჯარიმა 221,200).

 

დარიცხული ჯარიმა შეუმცირდათ: შპს „ცენტრომედს“ (4009 ათას ლარამდე); შპს „ბაკარას“ (2383,4 ათასი ლარით), რზა თალიბოვს (შემცირდა 10, 0 ათას ლარამდე).

 

დოკუმენტების შესწავლით ასევე ცხადი ხდება, რომ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ზოგ ინვესტორს თუ ჯარიმას საერთოდ არ ახდევინებს, ზოგს დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით სასამართლოშიც კი უჩივის.

 

საერთო ჯამში პირდაპირი მიყიდვის და პირობიანი აუქციონის ფორმით 2014-2015 წლებში პრივატიზების მიზნით გაფორმდა 24 ნასყიდობის ხელშეკრულება. ხოლო უპირობო აუქციონის ფორმით – 33 ნასყიდობის ხელშეკრულება. სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში 74 050 000 ლარისა და 96 530 000 აშშ დოლარის ინვესტიციაა განსახორციელებელი.

 

დროებით სარგებლობაში გადაცემის მიზნით გაფორმებულია 45 ხელშეკრულება. სახელშეკრულებო  პირობების შეუსრულებლობის გამო მოიშალა 21 ხელშეკრულება. მოშლილ ხელშეკრულებათა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე წარმოება სასამართლოებში 14 საქმეზე მიმდინარეობს.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კონტრაქტორზე თანხის ჩამოწერისა და ინვესტორზე შეღავათების გაწევის გადაწყვეტილებას ხშირად საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მოტივით ხსნის. ამ მიზნით შეღავათის გაწევის მიზანშეწონილობაზე კანონმდებლობაშიც არის საუბარი. აჭარის ქონების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს აჭარის ქონების მართვის შესახებ კანონი არეგულირებს. ამ კანონის 29-ე მუხლის მიხედვით, იმ უძრავი ქონების მყიდველების მიმართ, რომლებიც მიმართავენ სამინისტროს ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლების ან ვალდებულებების შეცვლა-გადახედვის თხოვნით, სამინისტრო უფლებამოსილია საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით, დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, აჭარის მთავრობის თანხმობით გადაწყვიტოს პრივატიზებულ ქონებაზე გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შეცვლის ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლების შესახებ.

 

და მაინც ვინ და როგორ წყვეტს ვის რა უნდა ეპატიოს? – ამ საკითხზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ წერილობით განუმარტეს, რომ  „კონკრეტული კომპანიების მიერ ნაკისრი ვალდებულებების დროულად ვერ შესრულებისას, როდესაც ისინი გარკვეულ შეღავათებს ითხოვენ პირობის შესასრულებლად, გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით მიიღება. აღნიშნულ საკითხს სპეციალური სამთავრობო კომისია განიხილავს. პროცესი ინდივიდუალურია და სხვადასხვა კომპანიის საკითხზე მუშაობა მისივე სპეციფიკის გათვალისწინებით მიმდინარეობს. ყურადღება ექცევა ინვესტიციის მოცულობას, ასევე თუ რა თანხა აქვს უკვე დახარჯული ინვესტორს მოცემულ მომენტში, მნიშვნელოვანია ასევე პროექტის მასშტაბურობა და მისი ღირებულება რეგიონის განვითარებისთვის. საბოლოო გადაწყვეტილება შესაბამისი კვლევისა და მსჯელობის შედეგად სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის გათვალისწინებით მიიღება.“

 

მოგვიანებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა „ბათუმელებთან“ განმარტა, რომ, თუ კომპანიები ახალ ვადებშიც ვერ შეასრულებენ ვალდებულებებს, „მათ ძველი ჯარიმებიც გაუცოცხლდებათ.“

 

რა კრიტერიუმით ხელმძღვანელობს ფინანსთა სამინისტროს ზემდგომი – აჭარის მთავრობა, როცა ზოგიერთ ინვესტორს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ათასობით დოლარით აჯარიმებს, ზოგს კი პატიობს და რას ითვალისწინებს კანონმდებლობა? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ აჭარის მთავრობასაც მიმართა. მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავით გაბაიძის თქმით, ამ შემთხვევაში პირდაპირი ადრესატი ის არ არის, რადგან ვის შეიძლება აპატიო  -მთავრობის თავმჯდომარესთან თავისი არგუმენტებით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო შედის.

 

„კანონმდებლობით, აჭარის მთავრობას შეუძლია განსაზღვროს, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის გათვალისწინებით ხელშეკრულების პირობების მიზანშეწონილობა, ერთი მხრივ, საჯარო ინტერესისთვის და მეორე მხრივ, იმ ინვესტორისთვის, რომელმაც გადაწყვიტა კონკრეტულ პროექტში ფულის დაბანდება. აქ სამართლებრივი პრობლემა არ დგას, რადგან მიზანშეწონილობა სწორედ მთავრობის დისკრეციის საკითხია, ანუ ერთსა და იმავე საკითხს შეიძლება მთავრობა სხვადასხვაგვარად უყურებდეს – საჯარო და კერძო ინტერესების ზღვარი სად გადის, ეს არსად არ არის დადგენილი. მთავრობა არის პოლიტიკური ორგანო და თუ რომელი პროექტია რეგიონისთვის უკეთესი, ამას ის წყვეტს.“

 

იურისტ დათო ჭყონიას მოსაზრებით კი, ერთი ინვესტორისთვის ჯარიმის პატიება, ხოლო მეორის დაჯარიმება აჩენს კითხვებს. თუმცა `ზოგჯერ კანონიერმა გადაწყვეტილებებმაც კი შეიძლება გააჩინოს უსამართლობის შეგრძნება. ამიტომ უჯობესია, თუ კონკრეტულად იქნება კანონში გაწერილი, რამდენჯერ, რა შემთხვევაში და ვის უნდა აპატიოს მთავრობამ ჯარიმის გადახდა.“

 

საქართველოს აუდიტის სამსახურის მიერ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2014 წლის საქმიანობის შესახებ მომზადებულ დასკვნაში პრობლემად და ბუნდოვანებად განიხილება ბიზნესის მიმართ ამ სამინისტროს არაერთგვაროვანი მიდგომა. აუდიტი ამ საკითხს აფასებს, როგორც პრობლემას.

 

პრესკაფე აქციას გამართავს

 

 

„პრესკაფე“ მსგავსი აქციების გამართვას ბათუმის სხვადასხვა დასახლებაში გეგმავს.

 

აქციის მიზანია გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. საინფორმაციო აქცია  პროექტის „ჩემი გარემო ჩემი სიამაყეა” ფარგლებში  ბათუმის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

 

ჯაზის დღეები ბათუმში გრძელდება

 

ხვალ 26 ივლისს კი მაყურებლის წინაშე Snoop Dogg  წარსგდება.

გუშინდელ კონცერტზე Liv Warfield – ს მოუმინეს. 

დისკომფორტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უშუქობის გამო

 

პაციენტის თავმდგურმა ზეინაბ ნაკაშიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ შუქის გამორთვის მიზეზების გარკვევას თავად პაციენტები ცდილობდნენ და ისინი რამდენჯერმე დაუკავშირდნენ „ენერგო პრო ჯორჯიას“, თუმცა უშედეგოდ: „შუქი ჩაირთო რამდენიმე წუთით და ისევ გამორთო“.

 

საავადყოფოში მისულმა რამდენიმე პაციენტმა კი  უშუქობის გამო კარდიოლოგიური გამოკველევა ვერ ჩაიტარა.  ამის შესახებ მათ საჩივარი ჯანცდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის მეშვებით დააფიქსირეს.

 

საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის გია კიკაბიძის განმარტებით, საავადმყოფოში შუქი მართლაც რამდენჯერმე გამოირთო:

 

 „ დიახ შუქის გამორთვა ჩვენ არ გვიკვირს, სამწუხაროდ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ამიტომ გვაქვს გენერატორი. როცა შუქი ქრება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი განყოფილებები და აპარატურა გენერატორზე გადაგვყავს. სპეციალისტები ღამითაც მორიგეობენ, რომ შუქის გამორთვიდან მცირე დროში გადავიდეთ გენერატორზე. ის მხოლოდ რენტგენის და ტომოგრაფიის აპარატის მუშაობას ვერ უზრუნველყოფს, სიმძლავრე არ ყოფნის. სხვა მხვრივ პაციენტს პრობლემას არ შევუქმნით უშუქობის გამო.“ – განაცხადა გია კიკაბიძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში.

 

ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის ბათუმში ვიზიტის შესახებ არ ადასტურებენ

 

პრესსამსახურის ინფორმაციით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ამ დროისთვის შუახევში იმყოფება. ის სახალხო დღესასწაულს „სელიმობას“ დაესწრება და მოსახლეობას შეხვდება.

აჭარის მთავრობის იურისტი: ყველაფერი არც შავია და არც თეთრი

 

დათო გაბაიძე
დათო გაბაიძე

ნებისმიერი დოკუმენტი, განსაკუთრებით  სამართლებრივი აქტი, რომელსაც თავმჯდომარე აწერს ხელს, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, ჩვენს დეპარტამენტში გადის ვიზირებას. წერილები, რომლებიც მთავრობის თავმჯდომარის მიერ იგზავნება სხვადასხვა უწყებაში და ასევე აპარატის წერილები, საჭიროებს იურიდიული დეპარტამენტის ვიზირებას. დღეში ათეულობით კორესპონდენციის წაკითხვა მიწევს, შეიძლება ასეულიც იყოს. ვარკვევ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში ხომ არ არის რომელიმე და შემდგომ ვაკეთებ ვიზირებას. ჩვენი როლი მხოლოდ კანონთან შესაბამისობის დადგენით შემოიფარგლება, იშვიათია მიზანშეწონილობაში შევიდეთ. გვქონია შენიშვნები  მიზანშეწონილობასთან დაკავშირებითაც, მაგრამ ამ ნაწილში ჩვენი პოზიცია ხისტი არ არის, რადგან მიზანშეწონილობა კონკრეტული თანამდებობის პირის დისკრეციაა, ვინც უნდა გადაწყვიტოს საკითხი.

 

კვირაში სამ-ოთხჯერ ვიხილავთ იმ ადმინისტრაციულ საჩივრებს, რომლებიც შემოდის თავმჯდომარის ან მთავრობის სახელზე. ეს, ძირითადად, სამინისტროების მიერ გამოცემული აქტების კანონიერებას ეხება. ვთქვათ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა გამოსცა აქტი, შეუწყვიტა ხელშეკრულება ინვესტორს, ეს აქტი საჩივრდება ჩვენთან და შემდგომ ტარდება ადმინისტრაციული წარმოება საკითხის ირგვლივ. ზეპირ მოსმენაზე ვიბარებთ ორივე მხარეს. მოსმენას მე ვატარებ. შემდგომ საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტს ვამზადებთ მთავრობის თავმჯდომარის სახელზე. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაჩნდა ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილების პრეცედენტები.

 

თქვენ ამბობთ, რომ სამინისტროს მიერ გამოცემული აქტი მთავრობამ გააბათილა?

რასაკვირველია. იმ თვის დასაწყისში ორი ასეთი შემთხვევა გვქონდა. რამდენიმე ათეულს აჭარბებს ასეთი საქმეების ოდენობა ბოლო ორი წლის განმავლობაში. წელს გვქონდა ოცამდე საჩივარი და აქედან მესამედი გაუქმებით დასრულდა. როცა ადვოკატი ვიყავი, ხშირად მქონდა ადმინისტრაციული საჩივრები, მაგრამ არ მახსოვს მსგავსი პრაქტიკა – მთავრობას მისი მინისტრის აქტი გაეუქმებინოს. ვცდილობთ, თუკი რაიმე შეცდომაა, კარგად შევისწავლოთ ის და მხარე სასამართლოში აღარ წავიდეს.

 

ხომ არ გამხდარა ეს მთავრობის წევრებს შორის პიროვნული  წყენის მიზეზი?

არა. შესაძლებელია დასაწყისში უხერხულობა იყოს, მაგრამ შევეჩვიეთ, რომ ეს არის მოცემულობა. ეს იურისტებს არ მოგვიგონია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი პროცედურაა.

 

უფრო ხშირად რაზე უჩივიან აჭარის მთავრობას?

ჩვენ უფრო თანამოპასუხე, ან მესამე პირი ვართ იმ ნაწილში, სადაც ადმინისტრაციული საჩივარი გვაქვს განხილული. პირობითად, თუკი გაასაჩივრეს ფინანსთა სამინისტროს აქტი და ჩვენ ძალაში დავტოვეთ, ასეთი დავების მონაწილე ვხდებით. ძირითადად გვაქვს შრომითი დავები, თუმცა არც ერთ შრომით დავაზე ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის. იყო შეემთხვევები, როცა დავის პროცესში აღმოჩენილა, რომ არასწორად გვქონდა კანონი განმარტებული. გვქონია მცდელობა დავის გარეშე გადაგვეჭრა ეს, ამაში არაფერია კანონსაწინააღმდეგო. თუ მორიგების რესურსი არის, ყოველთვის ჯობია საქმე მორიგებით დაასრულო.

 

უფრო ხშირად რომელ უწყებას ედავებიან?

დავა არის იქ, სადაც ქონებაა. ქონების მართვა და განკარგვა კი ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციაა. ყველაზე მეტი საჩივარი მოდის ამ უწყებაზე. საჩივრების ორი კატეგორიაა – ავადხსენებული ე.წ. გადაფარვები, რაც ალბათ რამდენიმე წელი კიდევ გაგრძელდება. ვთქვათ, ეკონომიკის სამინისტრომ დაირეგისტრირა ქონება, რაც თურმე ვიღაცის საკუთრებაა… მეორეა – ინვესტიციებთან დაკავშირებული ხელშეკრულებიდან გასვლის დამდგენი აქტები, რაც საჩივრდება ჩვენთან და შემდეგ სასამართლოში. ადმინისტრაციულ საჩივარს თავმჯდომარე იღებს წარმოებაში, მაგრამ მოსმენებს მე ვატარებ. მერე ვამზადებ ოქმს და ხელს ვაწერ. შემდეგ მასალები წარედგინება მთავრობის თავმჯდომარეს. მიზანშეწონილობის ნაწილში თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას, რადგან ის განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკისთვის რა უფრო მნიშვნელოვანია – დარჩენა სახელშეკრულებო ურთიერთობაში თუ გასვლა. თუ მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით უნდა განვიხილოთ საჩივარი, ბუნებრივია, იურისტების პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

 

როგორ მოვიქცეთ ამ კითხვას არჩილ ხაბაძე რამდენად ხშირად სვამს?

ასე არ სვამს კითხვას. თუ როგორ უნდა მოიქცეს აპარატი ნებისმიერ აქტთან დაკავშირებით, კეთდება მოხსენება, თუ როგორ ჯობია. ამას ვაკეთებთ სიტყვიერად. ბოლო დროს დავიწყეთ ანოტაციების მომზადება წერილობით. აქტი რომ შედის მთავრობის თავმჯდომარესთან, მას მიყვება ანოტაცია. მაგალითად, შევიდა 30 ბრძანება ხელმოსაწერად, შედის მოკლე დასაბუთება, თუ რას ეხება და რატომ ჩავთვალეთ საჭიროდ საკითხის გადაწყვეტა ასე. თუ დამატებითი კითხვა გაუჩნდება, დაგვიბარებს და მიეცემა შესაბამისი განმარტება.

 

ალბათ თქვენც გაგიგიათ, როცა ამბობენ, რომ მთავრობა ბევრ უკანონო გადაწყვეტილებას იღებს და ეს საქმეები მომავალში გადაიხედება. ამაზე გიფიქრიათ?

რა თქმა უნდა, მიფიქრია. შიშის მომენტი არ მაქვს, ვცდილობ ყოველი  გადაწყვეტილების უკან იდგეს კანონი. ამას გულწრფელად ვამბობ. თუ გადაწყვეტილების უკან კანონი არ იდგება, ვერ ვიმუშავებ. არ გამიჭირდება, ვიყავი ადვოკატი, მაშინ გაცილებით მეტი მქონდა ანაზღაურება.

 

წარმატებული კარიერა და მაღალი ხელფასი გქონდათ, იყავით ადვოკატი, კომპანიის დირექტორი და მაინც საჯარო სამსახური არჩიეთ. რატომ?

საჯარო მოხელეობა ჩემთვის თვითმიზანი არ ყოფილა. იმისთვის, რომ იურისტად გიცნობდნენ, არ არის აუცილებელი მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. მგონი, გაცილებით მეტი მიცნობდა როგორც ადვოკატს. იქ გაცილებით თავისუფალი ხარ, მეტ ემოციას ატან საქმეს. ემოცია მოსწონს მაყურებელს, ჟურნალისტსაც. აქ, ბუნებრივია, ემოციის კონტროლი გიწევს. არის შემთხვევა, როცა ემოცია აქაც მომეძალება, ერთ კვამლს გამოვუშვებ და დამთავრდება.

 

ანუ საჯარო მოხელის პოზიცია ემოციის გამოხატვის საშუალებას გიზღუდავთ?

რასაკვირველია. აქ შეიძლება მოვიდეს ბაბუა და მთელი დღე ერთ რამეზე გელაპარაკოს, მაგრამ ხელს ხომ ვერ მოკიდებ და ვერ გააგდებ. თვითონ უნდა მიხვდეს, რომ საუბრის დრო ამოიწურა. როცა საჯარო მოხელე ხარ, შენი ემოცია არავის სჭირდება, აქ მოთმინება უნდა ისწავლო.

 

თქვენ წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდით თანამდებობაზე. რატომ წახვედით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან?

2007 წლის 7 ნოემბერს დავწერე განცხადება და წამოვედი ისე, რომ ეს არ გამიხმაურებია. ეს მხოლოდ ადამიანური ნაბიჯი იყო. რაღაცით უნდა გამომეხატა პროტესტი იმის მიმართ, როცა სცემდნენ წაქცეულ ადამიანებს. რატომ უნდა გითხრან ამისთვის მადლობა?

 

იქნებ უფრო კონკრეტულად ახსნათ, რატომ არჩიეთ ადვოკატობას საჯარო სამსახური?

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მეგობრები წამოვიდნენ საჯარო სამსახურში. იყო დეპარტამენტის მოადგილის ვაკანსია და მეგობრის თხოვნით მოვედი სამი თვით, სიტუაციის დალაგებაში უნდა დავხმარებოდი. ახალი წლის დღეები იყო. მთავრობის აპარატში კონკურსი არ ჰქონდათ ჩატარებული და გადავწყვიტეთ კონკურსის წესით მიგვეღო თანამშრომლები, კონკურსს ითვალისწინებდა ჩემი პოზიციაც… ჩემი წასვლა აღიქმებოდა, თითქოს არ მომეწონა კონკურსს რომ დავექვემდებარე. ამას იტყოდნენ… ადმინისტრაციულ სამართალში ლექციებს ვკითხულობდი და იმდენი ვიცოდი, რომ ვერ ჩავეჭარი გამომცდელებს, რომელთაგან ბევრი არაიურისტი იყო. კონკურსის შემდეგ, ნახეთ, რა მაგარი ბიჭი ვარ, გავედი და ახლა წავედიო, არ გამოდიოდა. შემდეგ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სხვაგან გადაიყვანეს და დავრჩი უფროსის თანამდებობაზე.

 

თითქოს თავს იმართლებთ, რომ აქ ხართ

მე არ ვამბობ, რომ კარგი ვარ, საშუალო ან ცუდი, მაგრამ ერთი ჯოხით ვიდევნებით ყველა. ფაქტია, როგორც ყველა ჟურნალისტზე, ასევე ყველა მოხელეზე შეხედულება ერთნაირია. ვცდილობ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში შევცვალო რაიმე უკეთესობისკენ, მაგალითად, ინფორმაციის გაცემაზე მე თავად ავიღე პასუხისმგებლობა. თუ იყო სტანდარტი, რომ ამას 10 დღეში აკეთებდნენ, მე ვცდილობ ეს გავაკეთო ნაკლებ დროში. მე ინფორამაციას გავცემ კანონის შესაბამისად და ყველა ხედავს, რომ ეს შეიძლება.

ტყვედ გაყიდული ქართველების ისტორიები

ტყვეთა სყიდვას ქართველთა ისტორიაში სამარცხვინო ფურცელს უწოდებენ ისტორიკოსები. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოტაცებული ქალები, ახალგაზრდა გოგო-ბიჭები წლების მანძილზე აჭარის გავლით გაჰყავდათ საქართველოდან. ეს პროცესი ვერც იმერეთის მეფის სოლომონ I-ის 1759 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ (ოფიციალურად აკრძალულიყო ტყვეთა  სყიდვა) და ვერც დასავლეთ საქართველოს საეკლესიო კრებაზე შედგენილ კათალიკოსთა სამართალმა ვერ შეაჩერა.

„ჯვარზე გაეცვას ის, რომელიც კაცს მოიპარავს, დიდი იქნება, მცირე იქნება ეკლესიაში უზიარებლობით დაისაჯოს“, – კათალიკოსთა სამართალში ცალკე პუნქტად ჩაწერილმა ტყვის გაყიდვაზე აკრძალვამ შედეგი ვერ გამოიღო.

ისტორიული ცნობებით, ერთ-ერთი ადგილი, სადაც მოტაცებული ადამიანები მიჰყავდათ და შემდგომ ტყვეებად ყიდდნენ, სოფელ მუხაესტატეს ცენტრი იყო. ოსმალეთის იმპერიის ვაჭრები ჩადიოდნენ, სასურველ ტყვეს არჩევდნენ და შემდეგ გემით იმპერიის გზას უყენებდნენ.

ასევე მსგავსი ვაჭრობა იმართებოდა სოფელ ხუცუბანში, ჩაქვის ისტორიულ ცენტრში, სახალვაშოში, ქობულეთის ზღვისპირა ზოლში, ბათუმის შემოსასვლელში ე.წ. თამარის ციხესთან და გონიოს ციხის მიმდებარედ.

„ტყვეებით ვაჭრობდა ყველა – დაწყებული მეფეებით, დამთავრებული გლეხებით. ქართველებს ჰყიდდნენ  ოსმალეთის იმპერიაში, სპარსეთსა და არაბეთში. ეს უფრო გამოკვეთილი გახდა ოსმალთა ბატონობის პერიოდში. აჭარიდან გადადიოდნენ გურიის ტერიტორიაზე, იტაცებდნენ ხალხს, გადაჰყავდათ აჭარაში და ყიდდნენ. ასევე იტაცებდნენ სამეგრელოში, იმერეთსა და აფხაზეთში.

ტყვეების ფასი სხვადასხვა იყო.

ბავშვებს თუ ისინი ფიზიკურად კარგად გამოიყურებოდნენ, უფრო დიდი ფასი ჰქონდათ. ტყვეების გატაცება სპეციალობად ჰქონდათ ქცეული. ამას ხელს ადგილობრივი ფეოდალებიც უწყობდნენ. იყვნენ თავადები, რომლებიც კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ ამგვარი საქმიანობის, მაგრამ თავადთა ნაწილი ამ საქმეში იყვნენ დახელოვნებულები. ალი ფაშა თავდგირიძე, ხასან ბეგ თავდგირიძე – ცნობილები იყვნენ აჭარაში ტყვეთა ყიდვა-გაყიდვით.

მას შემდეგ, რაც მოტაცებულებს აჭარაში გადმოიყვანდნენ, ორი გზა იყო აქედან წასაყვანად – ან სახმელეთო გზით გონიოდან გაჰყავდათ, ან გემით, საზღვაო გზით. ტრაპიზონში იყო დიდი შემკრები პუნქტი ტყვეებით მოვაჭრეების. გოგონები, ძირითადად, თურქეთის ჰარამხანებში მიჰყავდათ, ბიჭები ძლიერი აგებულების იყვნენ, მაშინ იანიჩრები ხდებოდნენ.

ინგლისის კონსული ტრაპიზონში პალგრევი თავის ჩანაწერებში წერს: „ტრაპიზონში მე ყოველდღე ვხედავდი ათასობით ტყვეს, რომელიც საქართველოდან ჩამოჰყავდათო“, – ამბობს ისტორიკოსი, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმის დირექტორი ოთარ გოგოლიშვილი.

ტყვეების გასაყიდი ერთ-ერთი პუნქტი გონიოს ციხის მიმდებარედ იყო

მისივე თქმით, ტყვეების ყიდვა-გაყიდვა ღიად ხდებოდა აჭარის მთელ ტერიტორიაზე. ჩინოვნიკები, ვისაც ამის აღკვეთა შეეძლო, ხელსაც არ ანძრევდნენ გასაყიდად განწირული ადამიანების დასახმარებლად. რაც შეეხება მოსახლეობას, აჭარის მცხოვრებნი ამის კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ და როგორც შეეძლოთ ეხმარებოდნენ გატაცებულებს.

ოთარ გოგოლიშვილის თქმით, ისტორიამ შემოინახა ფაქტი, ბათუმში მოქალაქეების მიერ დიდი რაოდენობის ტყვეების გამოხსნის შესახებ:

„1846 წელი იდგა. ერთ დღეს ბათუმში ტრადიციულად თავი მოუყარეს დიდი რაოდენობის ტყვეებს, რომლებიც უნდა გაეყვანათ თურქეთში გასაყიდად. გემმა დააგვიანა. საღამოს აჭარის მოსახლეობა დაესხა თავს იმ ადგილს, სადაც ტყვეები ჰყავდათ და  ყველანი გაათავისუფლეს. ზოგი ბათუმში შეიფარეს დროებით, ზოგიც მაშინვე გურიაში გადაიყვანეს.

ტყვეებს ათავისუფლებდნენ ადგილობრივი ბეგებიც, რომლებიც ამ საქმიანობის წინააღმდეგნი იყვნენ. მაგალითად, ცნობილია, რომ 1804 წელს ბათუმში ჩამოსულმა სელიმ ბეგ ხიმშიაშვილმა რამდენიმე ტყვე გაათავისუფლა, წაიყვანა და თავის საკუთარ ჯარში ჩარიცხა. გათავისუფლებულთაგან ერთ-ერთი ოზურგეთელი ურუშაძე, სელიმის მარჯვენა ხელი გახდა და დიდი დახმარება გაუწია მას, როდესაც ახალციხის ფაშა იყო.

ტყვეთა სყიდვაში ადგილობრივ ჩინოვნიკთა ჩართულობაზე წერს თედო სახოკია, რომელმაც აჭარაში მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს იმოგზაურა და წარსულის ფურცლები გააცოცხლა.

„გურია იმთავითვე განთქმული იყო ლამაზი ქალებით, რომელთაც ოსმალეთის წარჩინებულთა ჰარამხანაში დიდი ფასი ჰქონდათ. მეზობელ აჭარლებს გურიიდან ქალებისა და ბავშვების მოტაცება ხელობათ ჰქონდათ გადაქცეული. მოიტაცებდნენ თავიანთ მსხვერპლს გურიაში, ამ გზით შემოჰყავდათ აჭარაში, აჭარიდან ბათუმში მიჰყავდათ, სადაც ბაზარზე, სხვა საქონელთან ერთად, კრავებივით გურიის სოფლების „ცოცხალი საქონელიც” იყიდებოდა.

მყიდველები იყვნენ სტამბოლისა და ტრაპიზონის ფაშების აგენტები. და ყოველივე ეს უშიშრად ხდებოდა, კანონი არ სდევნიდა ასეთი საქონლის გამყიდველ-მყიდველებს. ოცი წელიწადი არც კი იქნება  მას შემდეგ, რაც ასეთი სამარცხვინო ვაჭრობა არსებობდა.

ბავშვებს სხვა აზრითაც იტაცებდნენ გურიიდან.

მომტაცებელს იმედი ჰქონდა, პატრონი გამომყვება და მოტაცებულის შვილის დახსნას მოინდომებსო. ამ დახსნის დროს მომტაცებლის ჯიბეში ჩადიოდა გამოსახსნელი ფული. ამ შემთხვევაში უფრო შეძლებული დედ-მამის შვილებს იტაცებდნენ იმ იმედით, რომ ფულს მეტს ავიღებთ, როცა თავიანთ შვილებს დაიხსნიანო.

ჩემმა თანამგზავრმა, სხვათა შორის, ერთი მაგალითი მიამბო ასეთი აზრით მოტაცებისა, რომელიც ამტკიცებს, რომ მოტაცებული ბავშვის მამისაგან აღებული ფულით, მომტაცებლის გარდა, აჭარელი მოხელეებიც ითბობდნენ ხელებს. ამ 20 ან 25 წლის წინათ, სოფელ ჭვანის მცხოვრებმა ვინმე ქათამაძემ გურიიდან ორი ვაჟი მოიტაცა ათი წლისა. რა თქმა უნდა, მამა გამოედევნა და აჭარაში დაუწყო შვილებს ძებნა. მშობლები სოფელ ხულოში მივიდნენ ბოქაულის მოადგილესთან, ინჯაყად ბერიძესთან და შესჩივლეს, ასე და ასე დაგვემართაო. ბოქაულის მოადგილემ შეიტყო მომტაცებლის გვარი და დაიბარა. მერე დაიბარა ჩაუში (ჩაფრების უფროსი) დავითაძე თავისი ზაფთიებით (ჩაფრებით). მომტაცებელ ქათამაძეს ბავშვები გამოაყვანინა და თვალის ასახვევად ჩხუბი გაუმართა. მამა ყოველივე ამას უყურებდა. ქათამაძე ვითომ დამარცხდა და გაიქცა, ბავშვები კი იქ დატოვა. მამას შვილები ჩააბარეს და ფული მაინც დაატოვებინეს „გასამრჯელოდ“, რომელიც მუდირის მოადგილემ და მომტაცებელმა ქათამაძემ გაიყვეს.

ეს ამბები 1878 წლამდე ხდებოდა,“ – წერს სახოკია.

ოსმალეთის სულთნების ქართველი დედები 

დადასტურებული ფაქტია, რომ ოსმალეთის სულთნის – სელიმ III-ის დედა, მიჰრიშაჰ სულთანი ქართველი იყო. ქართველი მღვდლის ოჯახში დაბადებული გოგონა, მისი ათასობით თანამემამულის მსგავსად მოიტაცეს და ოსმალეთში გაყიდეს ტყვედ. სულთნის დედის ქართული სახელი შემორჩენილი არაა, მიჰრიშაჰი (ანუ გიშრისთვალება) კი მას შემდეგ შეარქვეს, რაც ის სულთან მუსტაფა მესამეს ჰარამხანაში მოხვდა.

მუსტაფა მესამე ოსმალეთის იმპერიას 1757-1774 წლებში მართავდა. სულთნის მრავალრიცხოვან ცოლებს შორის მიჰრიშაჰი გამორჩეული იყო. იგი უფროსი ცოლის სტატუსს ატარებდა და სულთანს განსაკუთრებულად უყვარდა. მუსტაფა მესამის გარდაცვალების შემდეგ მიჰრიშაჰ სულთანს თოფქაფის სასახლის დატოვება მოუწია. მას შემდეგ რაც მისი შვილი სელიმ მესამე ოსმალეთის იმპერიას ჩაუდგა სათავეში, მიჰრიშაჰი ვალიდე სულთანი (დედა დედოფალი) გახდა.

მკვლევარები ასევე ვარაუდობენ, რომ ქართველი იყო ოსმალეთის იმპერიის 32-ე სულთნის, აბდულ აზიზის დედაც – ფერთევნიალ სულთანი, რომელიც აბდულ აზიზის ოსმალეთის იმპერიის ტახტზე ასვლის შემდეგ ვალიდე სულთანი გახდა. თუმცა ოფიციალურ წყაროებში ფერთევნიალ სულთნის დაბადების ადგილად ვლახეთია მითითებული და არა საქართველო.

მიუხედავად დიდი მცდელობისა, ტყვეთა სყიდვა აჭარაში 1878 წლამდე, აჭარის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებამდე გაგრძელდა.

ტურიზმი წვიმაში

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რეგიონის სტუმრებს ტოპ ათ მიზეზს სთავაზობს, თუ რატომ უნდა ჩამოვიდნენ აჭარაში, ამინდის მიუხედავად.

„ამ ათ მიზეზში, თუ რატომ უნდა ჩამოვიდნენ აჭარაში, ქალაქის სტუმრებისთვის პირველ მიზეზშია მითითებული მხოლოდ შავი ზღვა, ზღვისპირა კურორტებით, პლაჟებითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით. დანარჩენი მიზეზები, მაგალითად, განტვირთვა მთიან აჭარაში სრულიად შესაძლებელია განხორციელდეს წვიმიან ამინდშიც. ამაში შედის ისტორიულ-კულტურული ძეგლების აღმოჩენა, ეკოტურისტული მარშრუტები, დაცული ტერიტორიების მონახულება და ა.შ. ჩვენი ეკოტურისტული რუკა ძალიან ეხმარება ტურისტებს დამოუკიდებლად დაგეგმონ სათავგადასავლო,  საფეხმავლო და კულტურული ტურები მთიან აჭარაში“, – ამბობს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე სოფო გუჯაბიძე.

სპეციალური პროგრამა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს წვიმაში ტურიზმისთვის არ აქვს, თუმცა სოფო გუჯაბიძე ამბობს, რომ თუ ტურისტი მოინდომებს, ამინდი დასვენებასა და განტვირთვაში ხელს ვერ შეუშლის.

მაშ ასე, რა შეგიძლიათ გააკეთოთ მაშინ, როცა ბათუმში წვიმს?

 

შეგიძლიათ ისეირნოთ ბათუმის ბულვარში ველოსიპედით, თავი ქალაქში სოკოებივით ამოსულ პატარ-პატარა კაფეებს შეაფაროთ, იშოპინგოთ ან ბოტანიკური ბაღის მოსანახულებლად წახვიდეთ. ბათუმის ბოტანიკური ბაღი უნიკალურია ამიერკავკასიაში და იქ ცხრა კლიმატური ზონის მცენარის სახეობის ნახვა შეგიძლიათ.  ბოტანიკურ ბაღში გადასაადგილებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ელექტრომობილი, რაც წვიმაში სიარულს უფრო კომფორტულს გახდის. ასევე შეგიძლიათ ესტუმროთ ბათუმის დელფინარიუმს და ნახოთ შოუპროგრამა დელფინების მონაწილეობით. დელფინების შოუ ყოველდღე, დღეში სამჯერ – 14:00, 17:00 და 21:00 საათზე იმართება. დელფინარიუმის გვერდით მდებარეობს ასევე აკვარიუმი, სადაც სხვადასხვა ჯიშის თევზი ბინადრობს. 6 მაისის პარკშივეა განთავსებული ბათუმის ზოოპარკი.

თუ კულტურული ტურიზმი გაინტერესებთ, შეგიძლიათ ეწვიოთ ბათუმში მდებარე მუზეუმებს – გამორჩეულია ძმები ნობელების ტექნოლოგიური მუზეუმი. ბათუმში პორტის მშენებლობა სწორედ ძმები ნობელების სახელს უკავშირდება. ამავე მუზეუმშია ებრაული წარმოშობის ფრანგი ნავთობმაგნატის როტშილდისა და თბილისელი სომეხის მანთაშევის, ასევე აჭარაში ჩაის კულტურის შემომტანი ჩინელი ლაო ჯინ-ჯაოს საექსპოზიციო კუთხეები. ასევე შეგიძლიათ ესტუმროთ ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს, სადაც უნიკალური ექსპოზიციების ნახვაა შესაძლებელი. აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ ულამაზესი სამკაულები, რომლებიც საუკუნეების წინ აღმოჩენილი ნივთების კოპირებით არის წარმოებული.

ცალკე აღნიშვნის ღირსია გონიოს ციხე, მუზეუმ-ნაკრძალი. ბათუმიდან გონიოში ჩასვლა 20 წუთზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი. უძველესი არქიტექტურული ნაგებობა მნახველის გაოცებას დღემდე ახერხებს. ეს არის ერთ-ერთი წინარექრისტიანული ძეგლი, სადაც რომაული გარნიზონები იდგა.

ღვინის ტურიზმით დაინტერესებულებმა შეგიძლიათ ქედას მიაშუროთ და ცნობილი ღვინო – ქედის ჩხავერი დააგემოვნოთ.

„სხვადასხვა  ღვინის საოჯახო მარნების ბაზა არსებობს ჩვენს საიტზე – გობატუმი.ცომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია დამოუკიდებლად დაგეგმოს ტური, ეწვიოს აჭარულ ოჯახს და დააგემოვნოს სახლში დამზადებული ჩხავერი“, – ამბობს სოფო გუჯაბიძე.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ამასთან 2015 წლის ტურისტული სეზონი ბათუმში ფესტივალებითაა დახუნძლული. მათ შორის „შავი ზღვის ჯაზფესტივალი“, ლიანა ისაკაძის „ღამის სერენადები“  კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის და ელექტრონული მუსიკის ფესტივალი მელომანებისთვის. 10 აგვისტოდან ბათუმში ქუჩის თეატრის დღეებია დაგეგმილი. ხოლო სექტემბერში ფესტივალებს ბათუმის მე-3 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი და ბიაფი – ბათუმის საავტორო კინოს მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალი  დახურავს.   ამასთან ქალაქში უკვე დაიდგა 10 ფერადი პიანინო. თუ მუსიკალური ნიჭით ხართ დაჯილდოებული, შეგიძლიათ თავადაც გაერთოთ და სხვებიც გაართოთ.

ბათუმის მერია წელს 3 მილიონ ლარს ხარჯავს იმისათვის, რომ ქალაქში ყოველდღე რაღაც მოხდეს და ტურისტებმა ისიამოვნონ. „ჰით ბათუმის“ ფარგლებში 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე თითქმის ყველა დღე სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. კონცერტებისა და მუსიკალური საღამოების უმრავლესობა ღია ცის ქვეშ, ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან იმართება, წვიმის შემთხვევაში კი ბათუმის საზაფხულო თეატრში გადაინაცვლებს.

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის პირველი დღე – George Clinton & Parliament Funkadelic

ოცი მუსიკოსისგან შემდგარი ბენდი ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე დამონტაჟებულ სცენაზე საღამოს ცხრა საათზე ავიდა და დაახლოებით სამი საათის განმავლობაში უკრავდა.

შოუს განმავლობაში ჯაზის მოყვარულთა ნაწილი სცენის წინ იყო შეკრებილი და ყოველ მორიგ კომპოზიციას ოვაციებით ხვდებოდა.

“ძალიან კარგი კონცერტი იყო, ძალიან ხარისხიანი მუსიკა და სიტუაციაც მთლიანად. ყველას ძალიან მოეწონა და ყველა კმაყოფილია. ყველა კარგ ხასიათზეა, ვხალისობთ, ვცეკვავთ,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” მარიამ მარღულიამ, რომლიც პირველად დაესწრო ჯაზ-ფესტივალს.

პირველი დღით კმაყოფილი იყო ელენე ჯგერენაიაც, რომელიც ჯაზ-ფესტივალის მუდმივი სტუმარია.

“ძალიან კარგი კონცერტია და, როგორ ყოველთვის, ყოველ წელს, ახლაც კარგად ჩაიარა. ყველა კმაყოფილია”, – აღნიშნა ელენემ კონცერტის დასასრულს.

კონცერტის დასაწყისში, ბენდის Parliament Funkadelic კლავიში დანიელ ბედროსიანი მსმენელს ქართულად მიესალმა და სცენიდან განაცხადა, რომ წინაპარი ქართველი ჰყავდა, რასაც აუდიტორიის აპლოდისმენტები მოჰყვა.

– მოხარული ვარ, რომ საქართველოში დაკვრის შესაძლებლობა მომეცა – აღნიშნა მუსიკოსმა.

George Clinton & Parliament Funkadeliс-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთი 70 ლარი ღირდა.

ჯორჯ კლინტონი საქართველოში კონცერტამდე ორი დღით ადრე ჩამოვიდა. 22 ივლისს თავისი დაბადების დღე ბათუმში აღნიშნა, მანამდე კი კაზინოში ვიზიტი და მაჭახელას ხეობაში თევზაობაც მოასწრო.

ჯორჯ კლინტონი ცნობილი ამერიკელი ფანკ-მუსიკოსია, რომელმაც მუსიკალური კარიერა ბენდთან The Parliaments ერთად დაიწყო. მათი ყველაზე ცნობილი ჰიტი „I Wanna Testify“ 1967 წელს ჩაიწერა. კლინტონი იყო ასევე ბენდების, P-Funk-ისა და Funkadelic ლიდერი. 80-იანი წლებიდან ჯორჯ კლინტონმა სოლოკარიერა  დაიწყო.

ჯეიმს ბრაუნთან და სლაი სთოუნთან ერთად მას ფანკ-მუსიკის ერთ-ერთ დამაარსებლად მიიჩნევენ.

 

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი 23-26 ივლისს, ტრადიციულად, ბათუმის ჩოგბურთის კორტების ტერიტორიაზე ტარდება.

George Clinton & Parliament Funkadeliс გარდა წლევანდელი ფესტივალის მონაწილე მუსიკოსები არიან  LIV WARFIELD &  NPG HORNZLISA STANSFIELD და SNOOP DOGG.

გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში, ყოველ საღამოს კლუბში “Take Five” ბენდთან ერთად კონცერტებს გამართავს ქართველი ჯაზ-პიანისტი გიორგი მიქაძე, რომელიც ახალ, მულტიჟანრულ პროექტს წარადგენს სახელწოდებით „GIORGI MIKADZE & NYC GROOVE ALIENS Feat. DJ RAYDAR ELLIS“.

შავი ზღვის 2015 წლის რიგით IX ჯაზ-ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია “ისთერნ პრომოუშენი”. ფესტივალის წარმდგენია “თი ბი სი სტატუსი”, ხოლო ძირითადი მხარდამჭერები – კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

ადგილი, სადაც ტურისტებს „ქალები იტაცებენ“

 

ბათუმიდან ყაზბეგამდე რომ ააღწიო, საკმაოდ გრძელი გზა უნდა გაიარო. რა თქმა უნდა, ჯერ თბილისში უნდა ჩახვიდე, რასაც 5-6 საათი სჭირდება, შემდეგ კი, ყაზბეგისკენ შეგიძლია გაეშურო, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რაც 10 ლარი ღირს, ისე ტუროპერატორის დახმარებით. სამარშრუტო ტაქსები ყაზბეგისკენ დიდუბიდან გადის, ტუროპერატორების მანქანები – სხვადასხვა მისამართიდან. ერთი მიმართულებით გზას სტეფანწმინდამდე 2,3 საათი სჭირდება. ცხადია, ფასები იმაზეა დამოკიდებული, რამდენი დღით მიდიხარ და რისი ნახვა გინდა.

 

ყაზბეგის ადმინისტრაციულ ცენტრში – სტეფანწმინდაში ფეხს დაადგამ თუ არა, როგორც აქაური ჯულიეტა ბუჩუკური ამბობს, „ეგრევე ქალი გაგიტაცებს“. ნუ წარმოიდგენთ, რომ თქვენი გამტაცებელი ამ მთების „ნომერ პირველი ქალი“, ოქროსთმიანი დალია, რომელიც ქართული მითოლოგიის მიხედვით დრამატული ქარლღმერთია… ისინი უბრალო ყაზბეგელი ქალები არიან, რომლებიც ტურისტებს „ეხმარებიან დაბინავებაში“. თუმცა ნურც იმას გამორიცხავთ, რომ ყაზბეგში მოგზაურობის დროს შეიძლება თავად ქალღმერთსაც გადაეყაროთ. როგორც „სანდო წყაროები ამბობენ“, თუ მყინვარწვერს გულითადად დააკვირდები, უთუოდ შენიშნავ ისეთ რამეს, რაც მანამდე არასოდეს გინახია – წარმოგიდგება გველეშაპი ან ბუმბერაზი კაცი, რომელიც შენკენ უზარმაზარი ნაბიჯებით მოეშურება… კიდევ რა აღარ. ცხადია, დალიც იქვეა, მაგრამ ქალღმერთის დანახვა მარტო შენზე აღარ არის დამოკიდებული, ეს უპირველესად თავად ოქროსთმიანმა უნდა მოინდომოს.

 

„ჭიუხებში თუ გადიან ტურისტები? – გადიან, მაგრამ ძალიან ცოტა“, – ამბობს ბატონი ავთანდილი, რომელიც სტეფანწმინდაში გამგებლის წარმომადგენელია. ჭიუხებში რომ გადაწყვიტო წასვლა, მუხლი უნდა გქონდეს მაგარი. თუ ამ კატეგორიას მიაკუთვნებ თავს, წინ ნამდვილი საოცრება გელის – იქ აუცილებლად გადაეყრები ჯიხვს, რომელიც სალ კლდეზე შეიძლება მართლა რქით იყოს ჩამოკიდებული. ნახავ მთის არწივებს… და უზარმაზარ კლდეებს, რომლებიც ფერს იმის მიხედვით იცვლიან, თუ რომელი კუთხიდან ეცემა მზის სხივი.

 

ჭიუხებში აუცილებლად გადაეყრები პატარა სალოცავებს, სადაც ნანადირევი რქებიც აწყვია. როგორც წესი, სანადიროდ წასული კაცები ლოცულობენ ხოლმე. ტურისტი ამ რქებს ხელით არ უნდა შეეხოს, თუ უნდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის კეთილგანწყობა არ დაკარგოს. ეს ერთგვარი ტრადიციას ქრისტიანული და წარმართული კულტურის ნაზავია და მის დაცვას ყველა ცდილობს, როგორც ადგილობრივი, ისე ჩასული სტუმარი.

 

ჭიუხების ნახვის შემდეგ თუ მაინც დააპირებ გზის გაგრძელებას მყინვარწვერისკენ, ცხადია იცი, რომ იქ თოვლი და სიცივე დაგვხდება. აქ გულისცემაც სხვაგვარად აჩქარებულია, სხეული აქამდე განუცდელ სიმსუბუქეს გრძნობს. შენ 3000-4000 მეტრის სიმაღლეზე ხარ ზღვის დონიდან და თავს არ განებებს შეგრძნება, რომ თუ ხელს ააწვდენ, ცას შეეხები, ღრუბელს მაინც.

 

როგორც უკვე ვთქვი, ამ ყველაფრის განცდა ჩვეულებრივი ტურისტული მარშრუტით შეუძლებელია.

 

და რა ელის „ჩვეულებრივ ტურისტს“ ყაზბეგში? – სტეფანწმინდიდან ტურისტები ძირითადად ორ სოფელში – გერგეტსა და სტეფანწმინდაში მიდიან. ანანო არაბული ამბობს, რომ სოფელ გერგეთში ქართველი ტურისტები ძირითადად სამების სანახავად ჩადიან. გერგეტი სწორედ ის სოფელია, რომელიც ტაძართან ყველაზე ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტია – პირდაპირ იმ მთის ძირში მდებარეობს, სადაც სამების კომპლექსია განთავსებული. ტაძარში ასვლა ფეხითაც შეიძლება, მაგრამ ეს საკმაოდ დამღლელი აღმართია, ამიტომ შეგიძლიათ ტრანსპორტი დაიქირავოთ.

 

„ჯიპტური“ გერგეტის სამებაში მინიმუმ შვიდი ადამიანის ერთად გადაყვანას ითვალისწინებს. ერთ პერსონას ეს მგზავრობა დაახლოებით 50 ლარი უჯდება. გერგეტის მონასტერში – იქ, სადაც მართლმადიდებელი ბერები ცხოვრობენ, ტურისტის შესვლა დაუშვებელია, ხოლო ტაძარში შესვლაზე ერთადერთი შეზღუდვა მოქმედებს – არც კაცს და არც ქალს ეგრეთ წოდებული შორტი არ უნდა ეცვას.

 

გერგეტიდან უკანდაბრუნებულს ძალიან მოგშივდება. შეგიძლია ამ დროს მოითხოვო მოხევური ხინკალი ან ხაჭაპური. აქაური კერძები განსაკუთრებით გემრიელია. ერთი წუთითაც ნუ გაიფიქრებ, რომ ეს ნოყიერი საჭმელი შენი წონისთვის საფრთხეს შეიცავს – ყველა კალორიის გახარჯვა იქვე შეიძლება: ეს უფრო მარტივად მაშინ ხდება, თუ ცხენით გასეირნებას გადაწყვეტ. ამ შემთხვევაშიც ფასი იმაზეა დამოკიდებული, რამდენი კილომეტრის გავლა გინდა ცხენით. ეს სიამოვნება დაახლოებით 50-60 ლარი ღირს.

 

მოკლედ, თუ ხარ ყაზბეგში, ცხოვრობ სასტუმრო ტიპის ისეთ სახლში, სადაც სხვასთან იყოფ საძინებელ ოთახს, გაქვს სუფთა, მაგრამ საერთო აბაზანა ცხელი წყლით და იქვე იკვებები, მაშინ ღამეში 50-60 ლარის გადახდა მოგიწევს. თუ მხოლოდ ღამისთევისთვის მიაკითხავ სასტუმრო სახლს, მაშინ 20-25 ლარზე მეტი არ დაგჭირდება ერთ ღამეში.

 

როგორც უკვე ვთქვი, ქართველი ტურისტები ძირითადად გერგეტის სამების მონახულებით კმაყოფილდებიან, მაგრამ უცხოელები ყაზბეგს უფრო დიდი ხნით სტუმრობენ. გერგეტის საპირისპირო მიმართულებით, დარიალის ხეობისკენ თუ წახვალ, ბოლო დასახლებული პუნქტი, ვიდრე საქართველო-რუსეთის საზღვარს მიადგები, სოფელი ჯუთაა – საზღვრიდან 4 კილომეტრში. ჯუთას გზაზე აუცილებლად უნდა გქონდეს პასპორტი, თორემ მესაზღვრეები არ გაგატარებენ.

 

ჯუთადან 4 კილომეტრში სასაზღვრო პოლიციის საგუშაგოა, სადაც აუცილებელია პასპორტის წარდგენა, სხვაგვარად გზის გაგრძელების უფლებას არ მოგცემენ. აქ გადის საზღვარი რუსეთთან, შესაბამისად, ხეობას ყოველთვის განსაკუთრებული სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა. აქ ისეთ „სოფლებსაც“ კი შეხვდებით, სადაც მხოლოდ 2-3 ადამიანი იმ მოტივით ცხოვრობს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას ემსახურება. ეს ისტორიულადაც ასე იყო – ყაზბეგის გზებზე საცეცხლურებს ყველგან გადაეყრები.

 

სწორედ ამ გზასთან არის დაკავშირებული საქართველოში ევროპული განათლების იმპულსების შემოსვლა – პეტერბურგისკენ და უკან, ამ გზით იმოგზაურეს ილიამ და სხვებმა, რომლებსაც შემდეგში ლიბერალები, თერგდალეულები უწოდეს. არაგვის ხეობა გაუვლიათ კლასიკოს მწერლებს – კნუტ ჰამსუნს, ალექსნდრე დიუმას, პუშკინს… უცხოელებზე რომ არაფერი ვთქვათ, რა გავლენა მოახდინა ხეობის სილამაზემ თავად ილიაზე, მეტ-ნაკლებად ყველას გაგვიგია, როცა სასკოლო ასაკში მისი „განდეგილი“ წავიკითხეთ ან წაგვიკითხეს.

 

თუ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ გადაწყვეტთ ჩანთის ჩალაგებას და ყაზბეგისკენ წასვლას, უნდა გახსოვდეთ, რომ ლაშქრობისას, გზების უმეტესობაზე ვერც მაშველი მოგწვდებათ, ბევრგან არც მობილური კავშირგაბმულობის ქსელი მუშაობს და ვერც გამვლელ ადამიანს შეხვდებით. თუ გადაადგილების დროს ორიენტაციას დაკარგავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ხმის გამცემი არ შემოგვხვდებათ. ამიტომ თუ პირველად მიდიხართ ყაზბეგში, უმჯობესია სტეფანწმინდაში დაუკავშირდეთ რომელიმე სასტუმრო სახლის მეპატრონეს – ისინი მიგიღებენ და სურვილის მიხედვით ტურსაც დაგიგეგმავენ.

 

კიდევ რამდენიმე დეტალიც იმათთვის, ვისაც გეზი ყაზბეგისკენ აქვს – გამგზავრების წინ უნდა შეამოწმოთ ამინდის პროგნოზი. აქაურები ამბობენ, რომ წვიმიან ამინდში არ ღირს ყაზბეგში წასვლა, რადგან „ვერაფერს დაინახავ“. მზეში კი სასურველია თან იქონიო მზის სათვალე და კრემი, რომელიც კანს დაიცავს დამწვრობისგან, რადგან არ არის გამორიცხული, რამდენიმე საათის განმავლობაში მზის გულზე ყოფნით კანის დამწვრობა მიიღო.

 

კიდევ ერთი ნიუანსიც და გასამგზავრებლად მზად ხართ – აუცილებელია თან წაიღოთ წვიმაგაუმტარი ქურთუკი და რეზინის ფეხსაცმელი, რომელშიც წყალი არ ჩადგება, თორემ ყაზბეგში ხშირად იცვლება ამინდი და ფეხი თუ დაგისველდა, აუცილებლად უნდა გქონდეს სათადარიგო ფეხსაცმელი, თორემ დროს დაკარგავ.

 

და მაინც, პირველ ჯერზე მაინც ჯობია მოგზაურობა ხეობის მცოდნე ადამიანთან დაგეგმო. თუ გუგლის საძიებო სისტემაში ჩაწერ – „ტური ყაზბეგში“, ასობით სასტუმრო სახლი და ტურისტული კომპანიის მისამართი გამოჩნდება. მათ შორის ნახავთ ისეთ ტუროპერატორებსაც, რომლებიც ყაზბეგში ერთდღიანი ტურის მოწყობას 30 ლარად გთავაზობენ. ტურში შედის მჟავე წყლების, გერგეთის სამებისა და გველეთის ჩანჩქერის მონახულება. ასევე ერთჯერადი კვება ფასანაურში.

Exit mobile version