სიახლეები

ტენდერში გამარჯვებისთვის დაბალი ფასი შესაძლოა გადამწყვეტი აღარ იყოს

26.07.2015 • 1414
ტენდერში გამარჯვებისთვის დაბალი ფასი შესაძლოა გადამწყვეტი აღარ იყოს

 

მოქმედი კანონმდებლობით, 5 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვას საბიუჯეტო ორგანიზაციები გამარტივებული წესით ახორციელებენ.

 

კანონით გათვალისწინებულია ასევე „გადაუდებელი აუცილებლობა“, რომლის არსებობისას გამარტივებული შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რაც წერილობით უნდა შეთანხმდეს შემსყიდველის ზემდგომ ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოსთან/თანამდებობის პირთან. შემსყიდველი ასევე ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს.

 

გამარტივებული შესყიდვა ხორციელდება, ასევე, თუ საქართველოს პრეზიდენტის ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგინდა შესყიდვების განხორციელება, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით. ასეთი მიზნის არსებობის  შემთხვევაში გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეც იძლევა. გადაწყვეტილების მიღებისა და თანხმობის მოპოვების პროცესი კი არაგამჭვირვალეა იმ კუთხით, რომ ის არ აისახება შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

 

კანონპროექტის მიღების მიზეზი, როგორც საქართველოს მთავრობაში განმარტავენ, ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაა. კერძოდ, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მე-2 ფაზის იმპლემენტაციის შეფასების შედეგად, ევროკომისიამ მოამზადა ანგარიში, რომლის მიხედვით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული რეკომენდაციები საქართველოს მიერ ნაწილობრივ დაკმაყოფილებულად მიიჩნევა და არსებობს შემდგომი პროგრესის პერსპექტივა.

 

ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, „საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს, რომ წესები, რომლებშიც განსაზღვრულია კრიტერიუმები სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო პროცესის გარეშე ჩატარებისთვის, გარკვევით განსაზღვრავდეს იმ კონკრეტულ გარემოებებს, როდესაც შესაძლებელია ტენდერის გარეშე შესყიდვის ჩატარება, ასევე იმ პროცედურებს, რომლებიც უნდა შესრულდეს. ეს პროცედურები უნდა მოიცავდეს საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებას, მოსაზრებების წარდგენისა და მათი განხილვის შესაძლებლობას. შესყიდვის სატენდერო პროცედურების გარეშე ჩასატარებლად აუცილებელი უნდა იყოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დამოუკიდებელი თანხმობა“, _ აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

 

თანხმობის მოსაპოვებელი მიმართვა შემსყიდველმა ორგანიზაციამ სააგენტოს უნდა წარუდგინოს ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რითაც ეს მიმართვა ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

 

მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაცია წარადგენს მიმართვას, სააგენტოს მიერ თანხმობის გაცემამდე ან მის უარყოფამდე, დაინტერესებულ პირებს ეძლევათ საშუალება, წარადგინონ პოზიცია ამ მიმართვაზე. გადაწყვეტილების მიღებისას კი სააგენტომ უნდა განიხილოს როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვა, ასევე დაინტერესებული პირების მიერ მასზე დაფიქსირებული მოსაზრებები.

 

სააგენტოსთან გამარტივებული შესყიდვის შეთანხმების კონკრეტული წესი და პირობები კი სააგენტოს თავმჯდომარის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განისაზღვრება.

 

მთავრობის პროგნოზით, ახალი კანონი სრულად უნდა ამოქმედდეს 2015 წლის პირველი ნოემბრიდან, რითაც „უზრუნველყოფილი იქნება სახსრების საჯაროდ, რაციონალური ხარჯვა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე სხვა შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ. სააგენტოს მიერ თანხმობის გაცემის მექანიზმის დამკვიდრებით კი შემცირდება დაუსაბუთებელი შესყიდვები, რომლებიც სატენდერო პროცედურების გარეშე ჩატარდება“.

 

საკითხი _ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ – პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 2 სექტემბრამდე უნდა განიხილოს.

 

რაც შეეხება ინიციატივას, რომ ტენდერში გამარჯვებულის გამოსავლენად, პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული დაბალი ფასი გადამწყვეტი აღარ იქნება – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამუშაო პროცესი და კომენტარს მას შემდეგ გააკეთებენ, რაც ეს ინიციატივა კანონპროექტის სახით პარლამენტში შევა.

 

 

მოქმედი კანონმდებლობით, სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტთა [ორი და მეტის არსებობისას] ფასდება შემდეგი თანმიმდევრობით _ წინადადების ფასის, მათ მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით. ამასთან, ელექტრონული ტენდერის დროს სისტემა ავტომატურად ახდენს პრეტენდენტების დაჯგუფებას წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის მიერ სისტემაში მითითებულია თანაბარი ფასი, სისტემა ავტომატურად ანიჭებს უპირატესობას იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა აღნიშნული ფასი.

 

გადაბეჭდვის წესი