ნეტგაზეთი • RU

რატომ გახდნენ იძულებული ბრიტანელი სპორტსმენები რაგბის მოედანი დაელაგებინათ ბათუმში

 

ქვიშის რაგბის ფესტივალი ბათუმში მერიის პატრონაჟით უნდა ჩატარებულიყო, ამისთვის ბიუჯეტში 40 000 ლარი გაითვალისწინეს. ფესტივალის ფარგლებში მოწვეული სტუმრების ჩამოსვლის დღეებში კი გაირკვა, რომ თანხა შესყიდვების დოკუმეტში არ ასახულა, შესაბამისად ვერც მომსახურების შესყიდვაზე გამოცხადდა ტენდერი. უკვე დაფინანსებული ტურნირისთვის  და  იმისთვის, რომ ჩამოსული სტუმრები დაებინავებინათ, საქართველოს ქვიშის რაგბის ეროვნული ფედერაცია იძულებული გახდა ხარჯები საკუთარ თავზე აეღო. 

 

ქვიშის რაგბის ტურნირის ფარგლებში მოწვეული ბრიტანელი სტუმრები როცა მიხვდნენ, რომ არც მათი ჩამოსვლისთვის და არც ფესტივალისთვის ბათუმში მზადება არავის დაუწყია, რაგბის მოედნის დალაგება თავად დაიწყეს.

 

 „ამის დანახვას მიწა გამხეთქოდა მერჩივნა“, – უთხრა „ბათუმელებს“ საქართველოს ქვიშის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ დუგლაძემ.

 

ზურაბ დუგლაძის ინფორმაციით, სტუმრები გონიოში ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს რაგბის კავშირის ეროვნული ფედერაციის ხარჯებით დააბინავეს.

 

ბათუმის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის თქმით, მერია უპასუხიმგებლოდ მოიქცა, უპასუხიმგებლოდ მოიქცა ასვე საკრებულოც.

 

„როგორც ვიცი, მერიამ მიმართა არჩილ ხაბაძეს ტენდერის გამარტივებულად გამოცხადებასთან დაკავშირებით და დადებითი პასუხი მიიღო. მაგრამ ეს თანხა ჯერ არ ასახულა შესყიდვების დოკუმენტში, შესაბამისად, არც საკრებულოს დაუმტკიცებია ის. გამომდინარე აქედან, ვერც ტენდერი გამოცხადდებოდა. მერიას რომ მოენდომებინა, საკრებულოს სხდომა მაინც ვერ ჩატარდებოდა, რადგან ქვორუმი ვერ შედგებოდა. საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილე და რესპუბლიკელების ფრაქცია ერთად წავიდნენ მივლინებაში საფრანგეთში. გარდა ამისა, არის ის, რომ საკრებულომ დაარღვია რეგლამენტი, რომლის თანახმადაც საკრებულოს სხდომა უნდა გაიმართოთ ყოველ თვეში ერთხელ მაინც“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

 

რაგბის ფედერაციის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილია. მერიის პრესსმასახურის ინფორმაციით, ამ საკითხზე განმარტებას მერის მოადგილე დღეს, ოთხ საათზე გააკეთებს. 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე