სიახლეები

ვინ ააშენებს ანგისის სპორტულ ბაზას

26.07.2015 • 1841
ვინ ააშენებს ანგისის სპორტულ ბაზას

 

მერიის სატენდერო კომისია „ენერგოსექტორმშენისგან“ დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას ელოდება, რომელიც კომპანიამ 2-3 დღეში უნდა წარადგინოს. კომისია მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტს გამოაცხადებს თუ არა ამ კომპანიას ტენდერში გამარჯვებულად.

 

„თანხა და შესყიდვის საგანი, ფაქტობრივად, იგივეა, უბრალოდ ტექნიკურ დოკუმენტაციაში მოთხოვნები ოდნავ გამარტივდა, დიდი სხვაობა არ არის. გამოცდილებასთან დაკავშირებითაც დავწიეთ კრიტერიუმები, იმ კუთხით, რომ მეტმა პრეტენდენტმა მიიღოს მონაწილეობა.“ – განაცხადა ტენდერის მიმდინარეობისას „ბათუმელებთან“ მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსმა ბაგრატ ხალვაშმა.

 

ახალი სპორტული ბაზა ანგისაში, არსებული სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე აშენდება. დაპროექტებულია 1575-ადგილიანი სამაყურებლო ტრიბუნა, ბუნებრივსაფარიანი ძირითადი საფეხბურთო მოედანი [ზომით 68×105 მ] და ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო საფეხბურთო მოედანი [ზომით 63×105მ]. მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 420 დღეში უნდა დასრულდეს.

 

ანგისაში სპორტული ბაზის მშენებლობაზე ბათუმის მერიის მიერ 2015 წლის 4 მაისს გამოცხადებული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია „კონვენტ ჯორჯია“ მონაწილეობდა, რომელიც მერიას ბაზის აშენებას 5 მილიონ 99 ათას 997 ლარად სთავაზობდა. მიმდინარე წლის 5 ივნისს მერიის სატენდერო კომისიამ კომპანიას ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მისცა.

 

„კონვენტ ჯორჯიაში“ მაშინ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ერთ-ერთი სატენდერო პირობით „ისეთი რაღაცა იყო მოთხოვნილი, რაც ბუნებაში არ არსებობს, კერძოდ, ბუნებრივ საფარზე სერტიფიკატი. ჩვენგან გაკეთდა აქცენტი ამაზე, მაგრამ არ იქნა გათვალისწინებული.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: